Thursday, December 20, 2012

ღია წერილი Geocell-ს

ასეც ხდება და ისეც ხდება - ვინ იცის და ვინმე მადლიანმა ეს პოსტი, რომელიმე ადამიანს მიუთაგოს, ვისთანაც ერთ დროს ნამყოფიც კი ვარ, როგორც ჩემი კომპანიის წარმომადგენელი ან კიდევ უფრო ადრე - როგორც მათი კოლეგა - პროდუქტების განვითარების მენეჯერი, ერთერთი ბანკიდან.

ანუ, შესავალი "მე ლონდონში ვსწავლობდის" სტილში, რადგან "ვინმე მესხი მელექსე" კი არა, დისტანციური საბანკო პროდუქტების სპეციალისტი, დეველოპერული კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და User friendly ინტერფეისების (ქართული რეალობისთვის) არც თუ ისე ცუდი მცოდნე გეხმიანებათ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს დავპორტირდი მაგთიდან (ბანიდან), ქსელში რომელიც სტუდენტობისას მქონდა. რატომ? - მრავალი მიზეზის გამო: ნეგატიური განწყობა იყო მაგთის მიმართ, რომელიც სტუდენტობიდანვე აღქმული იყო ჩემთვის როგორც "ძვირი" ოპერატორი, რომელსაც ქონდა ხარისხი და ამ ხარისხის სანაცვლოდ უდიერად  და უხეშად (ხისტად) ეპყრობოდა თავის მომხმარებლებს. ამასთან 1000 სმს პაკეტის შეძენამ მომხიბლა, რადგან სმს კომუნიკაციას ხშირად მივმართავ.

მოდით, სხვა გულისწყენებზე პოსტის ბოლოს ვისაუბრებ, მანამდე შევეცდები ჩემი პროფესიონალური მოსაზრება გაგიზიაროთ, უცხო თვალით დანახულ ჯეოსელს:

1. ყველაზე დიდი კატასტროფა - ათას ნომრად დაშლილი USSD მენიუ. ინტერნეტ პაკეტის შეძენა აქტივაცია ცალკე ნომერზეა. სმს პაკეტები ცალკე, დავალიანების გაგება სულ სხვაგან და ა.შ. თუ თქვენი მომხმარებლები იდეალური მეხსიერებისანი არიან, ღმერთმა გიმრავლოთ - მაგრამ მე ერთი გონებაგადაღლილი ახალგაზრდა ვარ, რომელიც რამდენიმე რემაინდერს იშველიებს რომ დილით ჭამა, შუადღისას შეხვედრა და საღამოს დედის დაბადების დღე არ დაავიწყდეს.

მართალია ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე *180# გამიზიარა და ის იყო თვალები ამენთო, აღმოჩნდა რომ აქ უბრალოდ "შევახსენებ" ჩემ თავს, ამა თუ იმ კოდს.

კარგი იქნება ერთიანი, ცენტრალიზებული მენიუ იყოს, საიდანაც პირდაპირ აქტიურ ოპერაციებს შევასრულებ, ამასთან ვგონებ საჭირო არ არის, ამდენი დამოწმება (ანუ დამატებით კითხვა უნდა თუ არა შეძენა) გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად. მომხმარებელმა თუ 4 დონე გაიარა, რომელიღაც სერვისამდე ჩასასვლელად, მას ნამდვილად უნდა ე.ი. პაკეტის შეძენა.

2. sms.ge - მომიტევეთ მაგრამ აქ კონკურენტი ნამდვილად გჯაბნით.

  • sms ნებისმიერი მიმართულებით
  • არანაირი ქაფჩა გაგზავნის წინ (იდენტიფიკაცია გავლილ მომხმარებელს ჯობია რომ შეზღუდული ლიმიტი ქონდეს სმს-ების და ქაფჩა მოხსნათ)
ამასთან, პაროლის შესაცვლელად ზედა პანელში ინსტიქტურად "პარამეტრებს" დავაჭირე. ოოპს 404 გვერდი. იქნებ შეამოწმოთ აღნიშნული გვერდი.

3. http://www.issa.ge  - ვებ პანელი მხოლოდ 77 აბონენტებისთვის. რატომ? ლაილაი ახალგაზრდებზე გათვლილი სერვისია და მათ არააქვთ წვდომა ინტერნეტზე თუ რაიმე უფრო აფსურდული არგუმენტი არსებობს ნეტა? 

4. თქვენთვის ცნობილია ისეთი ცნება როგორიც არის კონკურენტული უპირატესობა. გიფიქრიათ იმაზე რომ iPhone-ს და ანდროიდის მომხმარებლებს ცალკე ჯეოსელის აპლიკაცია შესთავაზოთ, რომლიდანაც იოლად მოახერხებს კლიენტი იდენტიფიკაციას ცენტრალიზებული (ანუ SSO) ავტორიზაციის სქემაზე დაყრდნობით და საიდანაც მარტივად შეძლებს თავისი ანგარიშების მართვას? (სხვათა შორის ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ ჩვენი კომპანია მსგავს სერვის გაგიწევთ სურვილისამებრ)


რაც შეეხება სხვა - მცირე გულისწყრომებს:

[მოცემული აბზაცი დაექვემდებარა ცენზურას - არ მინდა ჩემი პოსტის გამო, კონკრეტულმა თანამშრომლებმა აგოს პასუხი]


აი, ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარია რა საჭიროა ამდენი პაკეტი, ასეთი ჩახლართული.  ყოველი შემთხვევისთვის ერთ ძალიან საინტერესო სტატიას გაგიზიარებთ, სადაც საუბარია იმაზე, როგორ იღლება ადამიანი არჩევანის გაკეთებისას.

დასასრულს, იმედია თქვენ (როგორც არაერთხელ მომხდარა) მაინც არ გეგონებით, კონკურენტის "დაფინანსებული ბლოგერი", რომელიც მიზნად თქვენს დისკრედიტაციას ისახავს (კრიტიკული შენიშვნები გამოსავალითურთ და ახალი იდეები, კონკურენტის ხელწერას არ უნდა გავდეს - არა?) . ავღნიშნავ, რომ  ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც თქვენი სერვისით სარგებლობს და ძალიან კმაყოფილია!

მე კი მომდევნო ერთი თვე, პორტირების პირობებიდანვე გამომდინარე დავაკვირდები "ჩემს ქსელს" - დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ პოზიტივს აღმოვაჩენ. მანამდე კი ყოველი შემთხვევისთვის, ერთ სახარებისეულ იგავს - "უძღები შვილის დაბრუნება"-ს გადავიკითხავ.

Saturday, December 15, 2012

ასტროლოგიურად დადასტურებული

როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის
როგორც ცაზე ღრუბელი
როგორც ჩრდილი ხის
და გადაუღებელი
თქეში - როცა წვიმს

ნაკვერჩხლებზე ჩაკმევა
ამოზილვა ღომის
მონა-ტრებებ-თან ბრძოლა
და წაგება ომის

როგორც დილის ჰაერი
შენი სოფლის ბოლოს
და წვეთი - სხვანაირი
ჯერ არ დამდნარ ლოლოს...

როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის

მე არაფერს ველი და
არც არაფერს გპირდები
არაფერი...უბრალოდ
ჰაერივით მჭირდები




Sunday, December 9, 2012

ჩვენ ასე გვგონია

ბოლო დროს მივხვდი რომ ქართველები ცუდები სულაც არ ვართ, უბრალოდ რაღაცეები განსხვავებულად მიგვაჩნია, წარმოგვიდგენია და გვგონია ვიდრე დანარჩენ სამყაროს.

დიახ, აი ასე მარტივად არის საქმე - არანაირი დეგრადირებული ქართული გენი და კულტურა.

ასე მაგალითად:

  • ქართველებს გვგონია რომ ნოკიას ზარი ძალიან უხდება საკვირაო წირვას ან ბეთჰოვნის კლასიკურ კონცერტს - წინააღმდეგ შემთხვევაში მობილურს ხმას აუცილებლად გავუთიშავდით
  • საავარიო სიტუაციების რისკი,  მანქანაზე დაკრული ჯვრებისა და უფალო შეგვიწყალენის პირდაპირპროპორციულად იკლებს.
  • გზებზე დატანილი თეთრი ხაზები თამაშის ნაწილია, რომლის თანახმად უნდა შეეცადო, რაც შეიძლება დიდხანს მოიქციო ზოლი ბორბლების შუაში.
  • მიწისქვეშა გადასასვლელები ოდესღაც ააგეს, მარიოს თამაშის მსგავსად, ზემოდან გადასვლისას კი მძღოლს შანსი აქვს დაგეჯახოს და აიღოს ბონუსქულა (აღებული ბონუსქულები საქარე მინის ზედა მარჯევნა კუთხეში იწერება).
  • მძღოლებს გონიათ რომ ტროტუარები, ეს უბრალოდ ვიწრო გზებია, რომლებიც შვიდმა ჯუჯამ ააგო ოდესღაც პატარა მანქანებისთვის (მაშინ ჯიპები არ იყო, ასე რომ ახლა შეიძლება)
  • რომ შუქნიშანზე ანთებული ფერებიდან, შენთვის სასურველი უნდა აირჩიო გზის გადასაკვეთად
  • რომ კიბორჩხალა მცენარეა! (როგორმე ფეისბუქზე განმიმარტეს - თურმე სისხლი არ ქონია და "შეიძლება")


  • რომ ფეისბუქი ერთადერთი სოციალური ქსელია (რა თქმა უნდა "ოდნოკლასნიკის" შემდეგ)
  • რომ "იმპორტული" ყველაფერი ჯობია _ მათ შორის ფონტი!
  • რომ მისი სტუდენტი შვილი საოცრად ნიჭიერი  და წარმატებულია ცხოვრებაში, მაგრამ "ბავშვს მაინც მარტო ვერ გაუშვებს უცხო ქალაქში" _ დრაკულას არ სძინავს!
  • რომ მილიონ ხინკალს თუ შეჭამ ცხოვრება თავიდან იწყება
  • რომ დიდი ღიპი ერთადერთი საშუალებაა ვერ დაინახო პატარა პენისი
  • რომ სისულელეს დაწერ, ფეისბუქზე დააშეარებ და აუცილებლად დაგილაიკებენ

Monday, November 26, 2012

ნარკომანის ბალადა

მზიანი დილა და უშენოდ ბალიში
შენი ხალათი და მხარი შიშველი
იცოდე, უცებ შეკრულ თმებს თუკი გაიშლი
მეც ვეღარ გიშველი

სხივებმა ფანჯრები ოქროსფრად შეღება
კედლებზე ირწევიან ფოთლების ლანდები
მიყვარხააააააააააააააააააააააააააააააააააარ
ისეთ ხმაზე ვიყვირებ ამ სიტყვას
რომ ამოვიგლიჯო ყელიდან გლანდები

შენ თმებს შევისუნთქავ და ვიფრენ ღრუბლებში
თითქოს და შენი თმები, ქათქათა ფხვნილია
უსაფრთხო კაიფი? სხვების არ ვიცი და
ჩემთვის კარგა ხნის წინ გამოგონილია


მზიანი დილა და უშენოდ ბალიში
შენი სამი ხალი და მკერდი შიშველი
იცოდე, უცებ შეკრულ თმებს თუკი გაიშლი
იმდენს გაკოცებ რომ , მეც ვეღარ გიშველი


Sunday, November 25, 2012

ნავი

ჩემი სისავსე,
ნადები ფენებად...
ოცნება _
ღრუბლიან ცაზე.
შენ ხარ ფოთოლი
გაყოლილი ჰაერს
ფრენებად.
გადაუვლი დიუნებს და
გაყინულ სტეპებს.
შენ ხარ სამყარო _
ჩამომჯდარი მზის არილი
ნიჩბიან ნავზე
მე კი შენში ვარ
უშენობით ... და მაინც სავსე

Wednesday, November 21, 2012

მე შენთან ვიქნები

მე და შენ მოვივლით თოვლიან მთებს
მოხდება ასე მალე
მე დაგილაგებ გადაღლილ ფრთებს
ხვალე

ამოვა მზე და ბრჭყვიალა სხივები
დაეფინება შენს ტანს
დაგეწაფები
როგორც ქაჯეთის ციხიდან
გამოხსნილს
ტარიელი ნესტანს

შენ თმებში, როგორც სილიან ნაპირზე
შემწვარი სიმინდის ტარო
მინდა რომ ცხოვრება
ხის თმისსამაგრივით
შენს თმებში გავატარო

Sunday, November 18, 2012

სერი ალი

დრო შეიცვალა... სერიალები ადრე იყო თუ იყო: рабиния изаура, просто мария, богатые тоже плачут, дикая роза ... აღარაფერს ვამბობ "ეშმაკ ხუანზე", რომელიც პირველი სერიალი იყო ქართული გახმოვანებით.






Saturday, November 17, 2012

უახლოესი მომავლის ქრონიკა

მოვაწყოთ სახლი, ვიცხოვროთ ერთად
შორს ქალაქიდან და ახლოს ღმერთთან.
ვისუნთქოთ ნისლი, სურნელი თმებში...
წამოდი, ერთად ვიცხოვროთ მთებში

დედას

თავიდან გულით დიდი სიყვარული, ბოლომდე
ერთი დღით თეთრი კაბა
ოქროს ბეჭედი - პერიოდულად
ცხრა თვით მე - მუცლით
და ცოტა ნაკლებით  და
უამრავი წვრილმანი სევდა
რამდენიმე დიდი დარდი
ერთი ტკივილი - უზომო
ცალფად დარჩენილმა შავი კაბა
შვილიშვილი ბაღში
და ისევ თავიდან
გულით დიდი სიყვარული, ბოლომდე...

Friday, November 16, 2012

ექსკურსია

დავიძარით მოტორით და მუხრუჭით და ძარით
ხუმრობით და ღიმილით და სტვენით დავიძარით

დავიძარით და ჩვენს შორის გაიზრდება მანძილი
შენს თავს უფრო მომანატრებს, დაშორება გაზრდილი

დავიძარით ხმაურით და სიგნალით და ზარით
ღიმილით და ას ორმოცდა ხუთი ცხენის ძალით

Saturday, November 10, 2012

DREAMING KILLS!


კეთილი იყოს ჩემი ფეხი ლაშარელას ბლოგზე :)

ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი "უკან დაბრუნების" თემის მიმართ და იგივე პათოსით აგრძელებს:


 არ ვიცი, შენ "უკან დაბრუნება" როგორ წარმოგედგინა, ალბათ ერთ დღეს უნდა გამორთულიყო შუქი, გაზი, აეყარათ ასფალტი, დაენგრიათ შენობები, გამოეშვათ ციხიდან ყველა, ქუჩაში ავტომატიანებს ერბინათ, სახლში პარკეტი აგვეყარა და დაგვეწვა გასათბობად, რუსული გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად და ოფიციალურად გავმხდარიყავით რუსეთის გუბერნია და ა.შ.

მაგრამ:

  • ციხიდან "პოლიტპატიმრების", მმკ-ს ბოსის, ღარიბაშვილის და სუბარის ნათესავების გამოშვება (მაშინ, როცა ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრის მოადგილის ძმა ციხეში იჯდა და ზის და არავის პოლიტპატიმრად არ ჩაუთვლია)
  • გაჩეჩილაძის ვაჟის 5000 ლარიანი გირაოთი გამოშვება, როცა ადამიანი დაჭრა (შეგიძლია გადახედო სისხლის სამართლის კოდექსს, რა მუხლს ითვალისწინებს ეს ქმედება), მაშინ როცა გენ.შტაბის უფროსს და მეოთხე ბრიგადის უფროსს (ახალაიას შეგნებულად არ ვახსენებ) 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება), ვაშლის გათლის დროს თანამშრომლის გინებისთვის, მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე, ასამართლებ,
  •  ზემოთ ნახსენები მიზეზის ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება (გაუკვეველი ვადით),
  • მოროშკინას (მის გარეგნულ იმიჯზე არაფერს ვამბობ, მხოლოდ ჩანგლის და არტილერიის ნაწილზე ვსვამ აქცენტს) სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად ნიშნავენ,
  • სახელმწიფო ორგანიზაციებიდან დეპ.უფროსების, სამმართველოს უფროსების, რიგითი კადრების უარგუმენტი გაყრა, მაშინ როცა ბატონი პრემიერი გასცემდა დაპირებებს, რომ პოლიტიკური თანამდებობების გარდა სამსახურიდან არავის გაუშვებდნენ (შეგახსენებ "პოლიტიკურ თანამდებობად" განიხილება მინისტრი და მისი მოადგილეები და არა პოლიტიკური სიმპატიის მქონეები )
  • "ქართული ოცნების" აქტივისტების (კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვან, თუ დაინტერესდები), შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების, კორუმპირებულობის და არაპროფესიონალიზმის გამო სამსახურიდან გაშვებულების მასიური დაბრუნება სახელმწიფო ორგანიზაციებში,
  • რელიგიური კონფლიქტის დროს იუსტიციის მინისტრის მიერ "დედა ეკლესიის" გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ინსტიტუციად გამოცხადება და ბესელიას მიერ (ამის თანამდებობა არ მახსოვს) "არამართლმადიდებლებმა სახლებში ილოცეთ" პათოსით ორივე მხარის პარლამენტში საქმის გასარჩევად დაპატიჟება (აქვე ზეობიექტური მეცხრე არხის მიერ აშკარა ტყუილის გავრცელება იმ თემაზე, თითქოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლოცვები აღარ გაიმართება)
  • ფინანსთა მინისტრის მიერ 200 მილიონიანად გამოცხადებული ბიუჯეტიდან პრემიერ მინისტრის მიერ 80 მილიონის ჯიბეში ჩადება,
  • ქვეყნის პირველი პირისთვის დაფინანსების შემცირება, ჯერ გადადგომის მოწოდება, მერე რეზიდენციიდან გამოსახლების, პარლამენტში არაკოლეგიალური დამოკიდებულება (უმცირესობის კანდიდატურის ჩაგდება, მაგალითად), საქართველოს მიღწევების უგულვებელყოფა, თითქოს ეს მხოლოდ მიშას მიღწევა იყოს, ქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე არ დაშვება "როცა საჭიროდ ჩავთვლით დაგიძახებთ" მოტივით, მაშინ, როცვა 60 000 ცოსიალურად დაუცველი ადამიანის საკითხია გადაწყვეტი და შესათანხმებელი (მერიისთვის დაფინანსების შემცირებაზე არაფერს ვამბობ ზუსტად ვერ გავერკვიე რა და როგორ მოხდა), კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მასიური არცოდნა ("პირველი პირი მე ვარ და სასახლე ჩემია", "სუბორდინაცია დაიცავით" და ა.შ.)
  • კანცელარიისთვის დაფინანსების გაზრდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 50-დან 10 მილიონამდე შემცირების ფონზე,
  • საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდა ბოდიშის მოხდით, რომ ამ ეტაპზე მეტი ვერ შევძელით,
  • იუსტიციის სახლების, საბაჟოების და თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება, "ხიდს დავანგრევთ, პარლამენტში საკონცერტო დარბაზს გავაკეთებთ, რიყეზე "დედა ზოიას" დავაბრუნებთ" პათოსით,
  • მინისტრად კახა კალაძის (ნიჭიერი ბიჭია) და ლევან ყიფიანის (ჯერ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ კაი მამის შვილია) დანიშვნა - სხვა საკამათო სუბიექტებს შეგნებულად არ ვასახელებ.
  •  სახალხო დამცველად ნინა ხატისკაცის, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ქართული ოცნების ერთ-ერთი შტაბის უფროსის ცოლია, ერთპიროვნულად, "სამოქალაქო საზოგადოების" ჩართულობის გარეშე, დასახელება,
  • კრიმინალის, ნეპოტიზმის და კორუფციის დონის მკვეთრი მატება - ამის კონკრეტული ფაქტებიც მაქვს, მაგრამ დაიდება იმ კვლევების შედეგები, რომელსაც "მოტყუებული ევროპა" ატარებს ხოლმე და გამოჩნდება უფრო ზუსტად.
  • რუსეთთან ბაზრის გახსნაზე, ჟენევის ფორმატის ალტერნატიული მოლაპარაკების ფორმატის შექმნაზე, რკინიგზის გაყვანაზე აფხაზეთთან და სხვა საკამათო თემებზე არ დავწვრილმანდები, დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება.
  • არც ბიუჯეტის პროექტს ჩავუღრმავდები, სადაც არ არის გათვალისწინებული არცერთი დაპირების შესასრულებელი თანხა - როგორც მინისტრმა თქვა, საიდანღაც კიდევ გამოიწურავენ ამ ფულს, ვნახოთ. 


 თუ:

  • 3 კვირაში ეს ყველაფერი უკან გადადგმულ ნაბიჯებად არ გეჩვენება, 
  • რამე არგუმენტაციას ხედავ, ან ლოგიკას, ამ ქმედებებში, 
  • არგუმენტად იმის მოყვანას აპირებ, რომ მიშაც ეგრე შვებოდა (ეგრე რომ შვებოდა და უკეთესი რომ გვინდა, იმიტომ შევცვალეთ, ხო?) 
  • ან იმის, რომ მე სუბიექტური ვარ და ამიტომ მეჩვენება რაღაცეები, და სინამდვილეში სულ სხვანაირად არის, ანუ ისე, როგორც შენ გგონია სწორი, 
  • გგონია, რომ ნატოს კომიტეტის გადადება არაფერს ნიშნავს და იმ ადამიანების დაკავება, ალასანიას პირადი ამბიციის გარდა, ამ მიზანს არ ემსახურებოდა, 
  • აპირებ მითხრა, რომ ამდენს არ წაიკითხავ, იმიტომ რომ მაინც ყლეობა იქნება, 


 მაშინ:
ჩვენს კამათს აზრი არ აქვს ამ თემაზე არც ეხლა და არც უახლოეს მომავალში, და ჯობია, ერთმანეთის დროს მოვუფრთხილდეთ :)

Friday, November 9, 2012

***

ცხოვრება სიურპრიზებს ერთადერთი მიზეზით გვიწყობს _ უნდა რომ გვასიამოვნოს.

უბრალოდ წარმოდგენა არააქვს, რა გვწყინს და რა გვიხარია

***

თვკთმკვლელი თუ ცოდვილია, "რუსული რულეტკა" ვისაც უთამაშია, ისიც ცოდვილია, ალბათობით ერთი მერვედი

Sunday, November 4, 2012

დილის ჰაიკუ

როგორც ეს მთის ტბა ვერ გაივსება
მდინარით და მოსული წვიმით.
მჭირდები რომ არ დავცარიელდე

***
შენი ტუჩები.
დილის ბაღში დანამული
ჟოლოს ნაყოფი

***
მე ყოველ ღამით ვაკვირდები
შენს თეთრ კანზე როგორ კრავენ
შავი ხალები
თანავარსკვლავედს

***
შენი თითები
ჩემს თითებს შუა
ავსებენ სივრცეს

***
ჩვენ ყოველ დილით
ვაღვიძებდით
ერთმანეთის მძინარ უჯრედებს

დილის საუზმე

კისრის სუნი და თხელი კრეპები
შენი მუცელი, მურაბა ჟოლოს
ტუჩებს ტუჩებით მივეწებები
ოღონდაც ტუჩებს, გავსინჯავ ბოლოს

Friday, November 2, 2012

სსსსს...

სხვისი სახლი
ბინა
სუსხი სისხამ
დილის
მწვანე ჩაის
ისხამ
ჭიქა თხელი
მინის

ბინა
სახლი სხვისი
დილა
სუსხი სისხამს
გადახრილი ის ხე
კარალიოკს ისხამს

მინა
თხელი ჭიქა
შენ - სუსხიან სისხამს
ელვამ დაიჭექა
თითქოს ჭედავს ხის სკამს

სხვისი სახლი
ბინა
სუსხი სისხამ
დილის
მწვანე ჩაის
ისხამ
ჭიქა თხელი
მინის


მაცივარზე მიწერილი

შენ მკოცნი და შენ მაღვიძებ
მეფერები უთენია
"მიყვარხარო" მაცივარზე
ღრუბელს არ დაუწერია?

შენ გესმის და შენ განიცდი
ჩემ მოყოლილ ისტორიებს
ზღვაა, ასე რომ ვუყვარვარ
და შვილს ჩემგან იყოლიებს?

შენ მჩუქნი და შენ მეხები
ხმები ღია კარებიდან
სურნელება მოტანილი
დასავლეთის ქარებიდან

შენ მკოცნი და შენ მაღვიძებ
მეფერები უთენია
"მიყვარხარო" მაცივარზე
ღრუბელს არ დაუწერია?

Monday, October 29, 2012

რაღაც მეტი

ყვავილების მორწყვამდე
ცამდე დილის
შენ ყოველთვის რომ გწამდე
სუნი ბინის
გრძელ ეზოში დარგული
ხეხილი
აივანს მოხვეული
ვაზი
გადაგრეხილი
შენს მკლავებთან შეზრდილი
ბალახი
კადრი, სადღაც დიდი ხნის წინ
ნანახი
მთების იქეთ, შორეული სივრცე
ნისლი
და ამ ტყეებს აღარ ვიცი რაღა მივცე
მისი

გრძელ ეზოში გაკვირტული ხეხილი
და შპალერი _ ძველი, გადაქექილი

Sunday, October 28, 2012

დილის სურნელი

შენ ერთადერთი
შენ დენთი
შენ მონატრება
ღმერთი
შენ ფეერვერკი
ღამე
კრუასანები ჭამე?
შენ ჩემი სუნთქვა
ორთქლი
წერილიანი ბოთლი
შენ ერთადერთი
დენთი
შენ მონატრება
ღმერთი


მიყვარხარ საიდან

თმის ღერებიდან
ძირიდან
მკრთალი ვარდისფრიდან ლოყებზე
ჯერ არ გათენებულ დილიდან
მოყოლილ ამბებიდან - სოფელზე

თხელი ტუჩებიდან
კანიდან
ფეხის თითებიდან, კოჭამდე
ყოველ სისხამ დილით - თავიდან
სანამდე ჩემს დროს მოვჭამდე

მუხლთან ამოხეულ ჯინსიდან
ყურში მუსიკა გაყრილი
უცებ დამთბარ ივლისიდან
შენგან გადმოღრილი აპრილი

თმის ღერებიდან
ძირიდან
მკრთალი ვარდისფრიდან ლოყებზე
ჯერ არ გათენებულ დილიდან
სადღაც მთაში ნაქსოვ ნოხებზე


რა იქნება ახალ წელს

არ ვიცი იცით თუ არა, გაგიგონიათ თუ არა, მაგრამ იყო ასეთი, მე ვიტყოდი, ეპიკური გამონათქვამი: ავადმყოფი საწოლშივე უნდა ქმ...ქმ...

რა სისასტიკეა არ ვიცი და უკეთესი ალეგორიის მოფიქრება რატომ გაუჭირდა "მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა"-ს შემქნელ ერს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ სადღაც ერის წიაღში მგავსი გამონათქვამი იშვა.

რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი და უცებ მომინდა დამეწერა პოსტი "ახალ წელზე" და გამახსენდა, გასულ წელს, აპრილში, ზემფირას საახალწლო სიმღერა რომ დავდე "კედელზე", კომენტარებმაც არ დააყოვნა "ეგ ჯერ ადრეაო".

აი ასე, ადამიანებს ყველაფერი თავის დროზე გვიყვარს - უდროო არააფერი ვარგა! (ჩემი სამტრედიელი მეზობლის  ხმით _ მკვეთრად გამოთქმული თანხმოვნებითა და სკეპტიკური ჟღერადობით).



მოკლედ მომინდა და ვინ მიშლის _ აგერ ბლოგი და აგერ კომენტრი. უნდა დავწერო ჩემი ბანალური საახალწლო წინასწარმეტყველების შესახებ _ რა იქნება ახალ წელს?


  • რაღა თქმა უნდა... იქნება უამრავი პოსტი და სტატუსი მათი ვინც ვერ იტანს ახალ წელს
  • იქნება ბეეევრი პოსტერი, საყვარლობა კატები, კნუტები და კურდღლებით _ წარწერით 2013 წელი
  • იმისათვის, რომ ჩემს რამდენიმე მეგობარს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს, ახალი წლის ღამეს, თორმეტს რომ დააკლდება ხუთი წუთი, პრემიერ მინისტრის სიტყვით მიმართვის დროს, მთელს საქართველოში ჩაქრება შუქი.
  • რამდენიმე ტელეარხზე ერთდროულად (ხაზს ვუსვამ ერთდროულად) პირდაპირ ეთერში (ხაზს ვუსვამ აქაც) მიწვეულ სტუმრად იქნება ცაგარელი, რომელიც გვეტყვის რომ უნდა შევძვრეთ მაგიდის ქვეშ, მუცლით ვიხოხოთ იატაკზე (და იქვე განმარტავს რომ სასურველია იატაკი იყოს "ლამინირებული"), სუფრაზე დავდოთ ვაშლი ნიშნად სამოთხის ვაშლისა და შეძლებისდაგვარად გამოვიცვალოთ კანი - რადგან 2013 გველის წელია და გველს უყვარს კანის გამოცვლა (ვგიჟდები ჰოროსკოპებზე)
  • და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის აღსასრულად 2012-ის ახალი წლის ღამე არ სახელდებოდა, იქნება უამრავი "ხუმრობიან-სმაილებიანი" მაგრამ გულის სიღრმეში "გადავრჩით მგონი ამის დედავატირე" შინაარსის მატარებელი სტატუსი.
  • ჰეჰ.... ახლა გამახსენდა... ოცნების ქალაქის ნაცვლად, ააააააუცილებლად იქნება "სლიოგკიმ პარომ". ნუ პრინციპში ეგ ისედაც იყო. ანუ უბრალოდ "ოცნების ქალაქი" აღარ იქნება.
  • რიყეზე შაკირას კონცერტისა და თავისუფლებაზე ნაძვისხედ ქცეულ წმინდა გიორგის ქვემოთ, ნასვამი "ფეისების" და მათი დრომოჭმული ხუმრობების ნაცვლად (თუ მართლა წარსულში გვაბრუნებს) იმღერებს ალა პუგაჩოვა... რაღა თქმა უნდა დუეტში ბერასთან ერთად.




დასასრულს კი მაინც ჩემს რამდენიმე მეგობარზე მეფიქრება და მათი გულის მოსაგებად ერთსაც ვიტყვი - აივნებიდან ფეერვერკების გარდა, ქურდები ("ბეეევრი ქურები" რადგან მთავრობა კონსტიტუციურად გაამარტივებს ქურდად კურთხევის პროცედურას და გარდა ახალი იუსტიციის სახლებისა,  ID ბარათს და Online რეგისტრაციას გამოიყენებს)  ისვრიან ავტომატებს და შეგვახსენებენ კარგად მონატრებული კალაშნიკოვის კაკანს. უბანში კი "ობშიაკში" აკრეფილი ფულით გაიშლება სუფრა, იქნება გრიალი და მოლხენა _ როგორც ადრე, ძველი და კეთილი სსრკს დროს.

ხო და რა შუაში იყო ახალი წელი? ეგრეა ძმაოო, ახლა უნდა დაწერო ამაზე თორე მერე გვიანი იქნება _ ძველი ქართული სიბრძნის არ იყოს "ავადმყოფი საწოლში უნდა მოი@ნას."

Saturday, October 27, 2012

ღრუბელი

დარწმუნებული ვარ იმაში
რომ შენთან ერთად წვიმაში
სველი თმებით და კისრით
წყვილი საათის ისრით
შენს წვეთებიან ლოყებს
ვთხოვ რამე ძველი მოყვეს.
დარწმუნებული ვარ იმაში,
რომ შენთან ერთად წვიმამში...

Thursday, October 25, 2012

ჰელიუმი

შენ თუ სამჯერ მაკოცებ
ერთხელ გაგეღიმება
ნეტავი ამ ბუშტებზე
შენი თმებიც მიმება

თბილი, დილის კოცნები
ჯერ მძინარე ხელებზე
ნამდვილი საოცრება _
თოვლი შიშველ ხეებზე

სითბო, სითბო ბუხართან
ძველი ტახტი, დაბალი
გვახურავს ერთმანეთი
და საერთო საბანი

შენ თუ სამჯერ მაკოცებ
სამჯერ გამეღიმება
ნეტავი ამ ბუშტებზე
შენი თმებიც მიმება

მაღვიძებს

მე დილით მაღვიძებს შენი თხელი თითები
ცხელი სუნთქვა ყურთან
და ენის წვერით ყურის ბიბილოსთან
ღიტინი

საბანში ვერ დატეული შენი სითბო
ტოსტერზე გახუხული პური და
ბავშვების ოთახიდან გამოსული
ცელქი ტიტინი

მე დილით მაღვიძებს
შენი ენის კისერში
ღიტინი

მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
ავიღოთ ბევრი ბამბა, თითქოს თოვლია და ქუჩაში დავაფინოთ
იქნებ ჭკუაში დაგიჯდეთ
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
წავიდეთ ამ ღამით, სავსე მთვარის მკაფიო შუქზე
და ვიბანავოთ
იქნებ კალთაში ჩამიჯდეთ
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
ავიღოთ ძველი წერილები და ქალაქის მთავარ მოედანზე
დიდი კოცონი ავანთოთ
იქნებ ბოლოს და ბოლოს გამანდოთ
თქვენი მკერდის ზომა
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
ავიღოთ ორი კბილა ნიორი, მჟავე კიტრი და ორნახადი
ტყემლის არაყი
სადმე ვიშოვოთ გვირილა, ან მე წამწამებს დაგაცლით
და ვითამაშოთ "ვუყვარვარ? არა...კი..."
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
და არავისთვის მოულოდნელად, მხოლოდ ერთი მცირე ხელჩანთით
ტიბეტში წავიდეთ
ჯომოლუნგმაზე არა მაგრამ
ჯოხანგში აუცილებლად ფეხით ავიდეთ

მოდი გავგიჟდეთ

Saturday, October 20, 2012

საბანში ბამბის

მე შენ სულს დაგითმობ.
გაჩუქებ სუნთქვას ზაფხულის მიწის.
თოვლისგან გაყინულ თხელ თითებს გაგითბობ
მიყვარხარ _ ამ მთებმა, ეს უკვე იცის

რა მშვიდი სუნთქვა გაქვს... საწოლზე მძინარე,
თბილად გახვეული ბამბიან საბანში.
ხის ძველი რიკული და ცივი მდინარე
თითქოს შენც იქ ზიხარ, ზაფხულის კაბაში

ყინვისგან გაყინულ თხელ თითებს გაგითბობ
გაჩუქებ ნაზ სურნელს, აპრილის მიწის
მიყვარხარ და მინდა ეს შენც რომ იცოდე
ამ მთებმა? ამ მთებმა, ეს უკვე იცის

Wednesday, October 17, 2012

H20

მე შენი თავი მჭირდება O2-ივით
მჭირდება ოზონის შრესავით
მჭირდება შენ რომ გაჩუქო
მუსიკა მშვიდი შესავლით

მე შენი თავი მჭირდება ჰაერივით
შენთან ყოფნა კი დროსავით
შენი ვარდისფერი ტუჩები
მჭირდება H2O-სავით

მე შენს თმებს სხეულზე ვიფარებ
როგორც დედამიწა ოზონს
ჩემს სხეულს წყალივით ჭირდები
სულს კი შენი სითბო მოწონს

მე შენი თავი მჭირდება O2-ივით
მჭირდება ოზონის შრესავით
მჭირდება შენ რომ გაჩუქო
მუსიკა მშვიდი შესავლით

Monday, October 15, 2012

მმმმმმმმმმმინდა

მმმმმმმმმმმინდა ყავა
შენი სუნი
ყავა მინდა ნაღებით
მინდა ლავა
სახლთან ახლოს
სახლი ძველი თაღებით
მმმმმმმმმმმინდა შენი
გემო მუცლის
გემო მინდა ალუბლის
შემოდგომა ხეებს უცვლის
ფერს და ფოთლებს დაუვლის
მმმმმმმმმმმინდა თმების გადაწევა
რომ გიფარავს საფეთქლებს
შენი პიროტექნიკური ხალი _
მთებს რომ აფეთქებს
მმმმმმმმმმმინდა შენთან
ერთად მინდა
ყავა მინდა ნაღებით...
მინდა ლავა
სახლთან ახლოს
სახლი _ ძველი თაღებით

Sunday, October 14, 2012

საღამო ხის აივანზე


მე რომ ახლა შემოგხვიო
ხელი წელზე
მერე თბილად დაგიკოცნო ყელი
შენ რომ თეთრი გამიშალო სუფრა
კეცის მჭადი და ახალი ყველი

ჩვენ რომ ვიყოთ ერთად ხის ძველ
აივანზე
ზამთრის უხმოდ მოხვეული სუსხი
მე მოგადე ლოყა და შენ
გაინაზე
მოსულ სტუმრებს ღვინო ჩამოვუსხი

შენ რომ ახლა ლექსებით და მარტოობით
მოწყენილი მიეფიცხო ბუხარს
შიშველ ფეხზე ჩვენი კატა მოგიწვება
შენი კანი, მას ჩემსავით უყვარს

მე რომ ახლა შემოგხვიო
წელზე ხელი
ძველი ლექსი რომ მოგიყვე
მთხოვ და...
სურნელი და შენი თბილი ყელი
ერთად ხის ძველ აივანზე _
თოვდა


Wednesday, October 10, 2012

დილის მენიუ

ჩაი ლიმნით, ტირამისუ, ბლითები
თუ ყავა რძით?!
თბილი კოცნა?!.. გეფერები თითებით...
და ყავარჯნით
გავუყვებით ჩვენს ძველ ბილიკს
სოფლის ძველი სახლიდან
ტილოსაფენიას იქით
შეგიყვარებ ახლიდან...

ჩაი ლიმნით, ტირამისუ, ბლითები თუ
ყავა რძით?!

Sunday, October 7, 2012

***

გთხოვ არ მომაკლო თავი
როგორც ზვინს ხმელი თივა
მკიდია საკუთარი...
მე უშენობა მტკივა

Saturday, October 6, 2012

საყვარელი შოკოლადი

აიღე საყვარელი შოკოლადი და
მყუდროდ ჩემს გვერდით მოკალათდი
ჩემი ამბების მოყოლამდე
უნდა გწამდე

მოიცვი შენი თბილი პულოვერი
ანდა სულაც პლედი მოიხვიე
აიღე წუხილი და ბოლო ღერი,
კალენდრის ფურცლებივით მოიხიე

აიღე ყავა და შოკოლადი
და პუფზე გვერდით მომიჯექი
დილით სადმე ერთად ვისეირნოთ...
ჯერ კი...


Thursday, October 4, 2012

გასაუბრება

ფეისბუქზე ერთ პოსტს წავაწყდი _ გასაუბრებაზე მიმავალ სტუდენტს გული უფრიალებს და ღელავს. სტანდარტული სიტუაციაა არა? განსაკუთრებით თუ გასაუბრებაზე სადმე "მაკდონალდსში" ოპერატორის ვაკანსიაზე კიარა, თვით რომელიმე "ვეებერთელაა" ბანკში მიდიხარ.

მე თავად არაერთხელ ჩამიტარებია გასაუბრება. ოდესღაც მეც მივსულვარ გასაუბრებაზე _ ერთი წვერგაუპარსავი, "კლეჩატსაროჩკიანი" და ჯინსებიანი სტუდენტი. შესაბამისად მრავალი წლის განმავლობაში რამდენიმე დასკვნა გავაკეთე გასაუბრებებთან დაკავშირებით.

ვეცდები რჩევების სახით გაგიზიაროთ:

1. იყავით აბსოლუტურად თავისუფალი. დაძაბულობა რომ მოიხსნათ წარმოიდგინეთ, რომ არ აგიყვანეს - დაიქცა ქვეყანა?


2. იყავით აბსოლუტურად გულწფელნი. ნუ ეცდები ფაქტების შელამაზებას. თუ რაიმე არ იცი, თქვი რომ არ იცი. თუ ისეთ სტანდარტულ გასაუბრებისეულ სისულელეს გკითხავენ, როგორიც არის "შენი ყველაზე კარგი და ცუდი თვისება მითხარიო" გულწფელად, გაპრანჭვის და ზედმეტი ფიქრის გარეშე უპასუხეთ რაც ენაზე მოგადგებათ (მაგალითად მე ვუთხარი დილით ძილი მიყვარს და ვიცი ხშირად დავიგვიანებ, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და კიდე შემოქმედებითად მივუდგები ყველაფერსთქო)

3. არავის არ ახსოვს კონკრეტულად რა ილაპარაკე... პირველი რაც ამახსოვრდებათ, არის გაჩენილი შეგრძნება _ სიმპათია: თამამი, ცოცხალი, გახსნილი... "სმართ" - რასაც ქვია.

აი, ეს გახსენდება ხოლმე, როცა გასაუბრების შემდეგ მაგიდაზე დაგროვილ CV-ებს დახედავ.ძალიან დაღლილს დიდად არ გახსოვს კონკრეტული არაფერი _ უბრალოდ შეგრძნებები რჩება.

გარდა იმისა, რომ დალიოთ სპრაიტი და იყოთ ის ვინც ხართ _ ანუ თავისუფალი, არის კიდევ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა. მაგალითად არ დაისხათ მძაფრი სუნამო (შეგახსენებთ 70% ადამიანების ყავას მაშინ ყიდულობს თუ მის სურნელს გრძნობს, 20% თუ ხედავს მას ვიზუალურად ხოლო 10% წარწერის ამოკითხვის შემდეგ). ეცადეთ არ ჩაიცვად ლეოპარდისტყავისფაქტურიანი ელასტიკები და ზედა (ვიცი, რომ ძალიან მაგარია მაგრამ რიავიცი _ მაინც მოვერიდებოდი) და სხვა მრავალი.


დაბოლოს, რომელ დიდ კომპანიაშიც არ უნდა მიდიოდეთ გასაუბრებაზე, როგორ შორეულად და მისტიურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ამ შენობის ვრცელი დერეფნები და პროექტორიანი შეხვედრის ოთახები, გახსოვდეთ რომ იქ სრულიად ჩვეულებრივი ხალხი მუშაობს, რომლებსაც ერთი სული აქვთ როდის მოიხსნიან ყელზე მოჭერილ ჰალსტუხს, შეიხსნიან კორპორატიული კაბის სარტყელს და პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად მააააააააგრად გამოთვრებიან.

Wednesday, October 3, 2012

სტოპ-კადრი

ხინკალი ცხელი უნდა ჭამოო
(c) ლაშარელა

ერთი ფილმი მახსოვს, ვიღაც ტიპს აბსბოლუტური ამნეზია ჭირს და შესაბამისად ტანზე ტატუირებები აქვს გაკეთებული, რომლის მიხედვითაც პერიოდულ ფრაგმენტებს აღიდგენს ხოლმე რათა დაადგინოს ვინ არის და საიდან მოსულა.

ორი დღის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო. დიდი მღელვარებისა და ვნებათაღელვის შემდეგ, ქვეყანა ჯერ კიდევ ისე ტოკავს, როგორც ძლიერი ორგაზმის შემდეგ მუცელი.

სხვების სახელით არ ვისაუბრებ და მე, როგორც აბსოლუტურამნეზიიან ტიპს მინდა ტანზე რამდენიმე ტატუ დავიტანო და ქვეყანაში არსებული ვითარება მოცემული მომენტისთვის ფოტოკადრად ავსახო, რადგან როდესაც დრო გავა, ადეკვატურად შევძლო ანალიზი. დავინახო ცვლილებები, დავაფიქსირო პროგრეს-რეგრესულობის თანაფარდობა სხვადასხვა მიმართულებით.

მაშ ასე, 2012 წელი, 3 ოქტომბერი, არჩევნებიდან მესამე დღე.

რა არის - პოზიტივი:


  • ქვეყანაში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია რიგით დონეზე
  • ქვეყანაში ძირითადად მოწესრიგებულია ელექტროენერგიით მომარაგება (სასაცილო ამ ფაქტის ჩანიშვნა 21 საუკუნეში მაგრამ ჯანდაბას)
  • ქვეყანაში მოწესრიგდა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები (გზები, წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემები)
  • ქვეყანაში შეიძლება ითქვას რომ აბსოლუტურ ნულამდეა დაყვანილი კრიმინალი (ასე ვთქვათ "რითეილ კრიმინალი")
  • არის მცდელობა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის
  • ქვეყანაში კონცერტები გამართეს ისეთმა მომღერლებმა როგორებიც არიან შაკირა, სტინგი, კუტუნიო და ბოჩელი (სხვებს ვერ ვიხსენებ)

რა არის - ნეგატივი
  • ქვეყანაში მთლიანად მონოპოლიზირებულია ბიზნესი ხელისუფლების ან მათთან დაახლოვებული პირების მიერ. ხდება დამოუკიდებელი ბიზნეს მოთამაშეების დევნა ან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა. ხდება ბიზნესების ხელოვნური გამსხვილება რაც სპობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივას და ჯანმრთელი ბიზნეს გარემოს შექმნას.
  • ქვეყანაში სრულიად მოშლილია სასამართლო სისტემა. დავების უმრავლესობა წყდება საპროცესო გარიგებით. დავების 99.9% სრულდება სახელმწიფოს სასარგებლოდ.
  • ქვეყანაში არის მართული მედია. პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია საშუალებები. 
  • ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (თუ არ ვცდები 1.2 მილიონი ოფიციალური მონაცემებით) ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (რეალობა გაცილებით მძიმეა). უამრავი ადამიანი იმყოფება ემიგრაციაში რათა არჩინონ თავი და არჩინონ აქ მყოფი ახლობლები.
  • პენიტენციალურ სისტემაში (და არამხოლოდ) სისტემატიურად ხდება ადამიანთა უფლებების დარღვევა. შსს იქცა პოლიტიკური დევნის მანქანად. ხდება უკანონო მოსმენები. 
  • ქვეყანას დაუგროვდა ძალიან დიდი საგარეო ვალი, რომლის დიდი ნაწილი გაიხარჯა საგადასახადო, შსს, სასაზღვრო ინფრასტრუქტურების, კომუნიკაციების, ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაზე. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი ჯერჯერობით უცნობია რაში გაიხარჯა.
  • ქვეყანამ დამატებით დაკარგა ტერიტორიები, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, რამაც გაზარდა დევნილთა რიცხვი.
  • ნებისმიერი სფერო არის პოლიტიზირებული (განათლება, კულტურა და ა.შ)
  • ქვეყნის მართვა დიდი დოზით ეფუძნება PR მანქანას. ქვეყანაში შენდება 21 საუკუნის "შუშის" შენობები, ხიდები, ძეგლები, მტკიცდება ჭაობზე აშენებული ცათამბრჯენებიანი ქალაქების პროექტები, წარმოებაშია ჩაშვებული ქართული "ჯავშნოსნები", ბოლომდე ათვისებულია 3D -ში დაპროექტებული შენობები, ხალხი იკვებება "ნანუკას შოუთი" და "მოდელირებული ქრონიკით"
  • ყველაფერ-ზემოთჩამოთვლილის გამო ქვეყანაში არის სრულიად არასასურველი გარემო ინვესტიციებისთვის. ხდება ქვეყანაში უკვე შემოსული ინვესტიციების უკან გახმობა ან დაწყებული პროექტების შეჩერება (ჰაიატი, რაკიინი და ა.შ.)
  • ქვეყანაში კონცერტები გამართეს ისეთმა მომღერლებმა როგორებიც არიან შაკირა, სტინგი, კუტუნიო და ბოჩელი (სხვებს ვერ ვიხსენებ)


შესაძლოა პოზიტივში რაიმე გამომრჩა ან არც ისე მოვინდომე, მეტნაკლები სუბიექტურობის გამო, მაგრამ აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი არჩევანი და ორიოდე სურვილი, რომელიც ფეისბუქზე სტატუსების სახით დავაფიქსირე:


41 - Done!

და ვიცი, რომ ამ არჩევანს არ ვინანებ. არა იმიტომ, რომ ვინმეს იმედი განსაკუთრებულად მაქვს და ზედმეტად ვენდობი.

არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი მაქვს და თუ რაიმე არ მომეწონება, აუცილებლად ხმამაღლა გავაკრიტიკებ და ვიტყვი რაც არ მომწონს

ცვლილებების დროა :)

პატივისცემით და დიდი სიყვარულით
Lasharela.com
=======================================================
მე პირადად ვულოცავ ყველა ქართული ოცნების მხარდაჭერს - გამარჯვებას,
ვულოცავ - ყველა ქართველს, მშვიდობიან არჩევნებს

გისურვებთ მშვიდობას, გონიერებას, სიფხიზლეს პირველივე წამიდან, ნაკლებ ეიფორიას და მეტ პრაგმატულობას, უფრო მეტ კატეგორიულობას ხელისუფლების (ახალი რა თქმა უნდა) მიმართ :)


ვნახოთ რა იქნება ხვალ. მე ჩემის მხრივ, როგორც საზოგადოების წევრი (მიუხედავად მრავალჯერადი კრიტიკისა და "შეეშვი პოლიტიკას" მოწოდებისა) ყოველთვის შევეცდები დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება და ვიყო კრიტიკული ახალი ხელისუფლების მიმართ _ მიუხედავად კი არა... სწორედ მათდამი მხარდაჭერისა და კეთილი სურვილების გამო.

Friday, September 28, 2012

უფროსის მზერა (მოკლე მოთხრობა)

რამდენ რამეს ვერ ხვდება ჯერ _ ფიქრობდა შვილზე მამა, რომელსაც ღმერთი აკვირდებოდა.

Sunday, September 23, 2012

Хлопья

მას უყვარს რძე და ფანტელები
და უყვარს მოსმენა ზღვის
სახლებზე ძველი ანტენები
რომელზეც ჩიტი ზის

მას უყვარს მოსმენა წვიმის ხმის
და უყვარს უჩემოდ ყოფნა
უყვარს საღამო ივლისის
და ყვავილების მორწყვა

დიდი ქვა, ძველი სახლის უკან
მდინარე ეზოს წინ
და სეირნობა უბანუბან
როცა იქ არავინ...

დილით როდესაც რიჟრაჟია
მოსმენა წვიმის ხმის...
მას უყვარს მთელი სამყარო
მე კი უბრალოდ ის

Saturday, September 22, 2012

10 უხერხული შეკითხვა ნაბახუსევზე

ინტერნეტში საინტერესო პოსტს გადავაწყდი. ამასთან ჩემი მეგობრის, (როგორც თვითონ დაარქვა)  "ხელისმოწერის აfტერფართი" (სიტყვა "ქორწილი" აღიზიანებს) იყო, სადაც გვარიანად დავლიეთ, ხოლო მეორე დილით ნაბახუსევს, ვიხსენებდით "ამბებს", რომელთა გახსენებისას რბილად რომ ვთქვათ სინდის გვქენჯნის :)

ზემოაღნიშნული პოსტით და ერთერთი მეგობრის ისტორიიდან შეკითხვით "ვისი კაბა მაცვია?" შთაგონებულმა, შევეცადე ნაუცფათევად შემედგინა შეკითხვათა ათეული, რომელთა დასმა ნაბახუსევზე განსაკუთრებულად არ იქნებოდა სასურველი.

მაშ ასე:

  1. ვისი შარვალი/კაბა მაცვია?
  2. წუხელ მიშა თავხელიძის სადღეგრძელოს მართლა ვამბობდი?
  3. მათრახი ჰიპოდრომიდან გამოგვყვა?
  4. მაია მულატკა ლექსად წავიკითხე?
  5. სუხიშვილები პარლამენტის თავზე ვაცეკვე და გადავუღე?
  6. სახიდან "დედა მიყვარხარ"  რატო არ ირეცხება?
  7. პროფილში უნდა წავიდე ჩემი ცხოვრების ისტორია უნდა მოვყვეთქო?
  8. შლოპანცი გაწიეთ და კვერცხები შემიწვითქქო?
  9. მუხლები რატომ მაქვს დალურჯებული?
  10. კურიერში აჩვენებენ, ღამით ნასვამმა პირმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ცეცხლით "მიყვარხარ" დაწერაო და მე მამგვანებ?

ნაბახუსევის პირობაზე მგონი 10 უხერხული შეკითხვა ჩემგან საკმარისია. დანარჩენებზე თქვენი იმედი მაქვს  - კომენტარები სხვა რისთვის არსებობს? :)

Friday, September 21, 2012

პერიფრაზი

- ღუაწლსა დიდსა შესვლად ხარ, პრეზიდენტო. ეკრძალე ძალაუფლებასა შენსასა, ნუუკუე ხალხმა, ვითარცა სრსვილმან, საძოვარი პოოს შენ თანა.

ხოლო პრეზიდენტმა მრქუა მე:

- ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ.

და მე ვარქუ მას:

-ეგრეთ არს. მხნე იყავ, მოითმინე და სულგრძელ!

ხოლო მან მრქუა მე:

- ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე.

ხოლო მე ვარქუ მას:

- ჭირი შენი ჭირი ჩუენი არს და სიხარული შენი სიხარული ჩუჱნი არს. ჩუჱნი არა ჴოლო თუ პრეზიდენტი ოდენ იყავ, არამედ ჩუჱნ ყოველთა ვითარცა შვილთა, გუხედევდ.

და ვარქუ მე სანატრელსა მას ხუაშიადად-რე:

- ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი.
ხოლო მან მრქუა მე:

- რაჲსა მკითხავ ამას?

და მე მიუგე და ვარქუ მას:

- მტკიცედ სდგაა?

Thursday, September 20, 2012

ემიგრანტის წერილი

სირცხვილი, სიბრაზე - ეს ორი ძირითადი გრძნობაა, რომელიც პატიმრების წამებასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ განიცდის ქართული საზოგადოება.

ქართული-მეთქი განგებ დავწერე და არა საქართველოში მცხოვრები _ საქართველოს მოქალაქეები ხომ საზღვარგარეთაც მრავალდ ცხოვრობენ.

ემიგრანტებისთვის ყოველთვის გაცილებით რთულია, შორიდან, კომფორტულად მოწყობილი ქვეყნიდან ადევნონ თვალი თავის ქვეყანას _ ომი იქნება ეს, გაყალბებული არჩევნები თუ პატიმრებისადმი არაადამიანური და ძალადობრივი მოპყრობის ფაქტები.

დღეს მეილზე მეგობრის წერილი მივიღე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და აქაურ ამბებს შორიდან მეკითხება:

ძალიან დაძაბული ვარ...
ყველაფერ უბედურებასთან ერთად სამსახურში წასვლა მრცხვენია. ორი დღის წინ ვყვებოდი რა მაგარი ქვეყანაა საქართველო, რომ მაგარი ადგილია შვებულების გასაკეთებლად, რომ ვშენდებით და ვვითარდებით...
ნეტა არ მკითხონ არაფერ ამ ამბებზე, იმიტომ რომ არ ვიცი რა ვუპასუხო...

მეც მრცხვენია, მაგრამ მრცხვენია ქართული საზოგადოების იმ ნაწილის გამო, რომცლიც მხარს უჭერს მმართველ გუნდს, მთავრობას, პრეზიდენტს, არ გამოხატავს აღშფოთებას და უარესი _ არის ჩუმად.

რა გაეწყობა _ ეს ჩემი ქვეყანაა, უდიდესი წარსულის, საუკუნეებ გამოვლილი, უძველესი ერი. ერი, რომელმაც სავარაუდოდ გენური მუტაცია განიცადა.

P.S. ამავე მეგობარმა ფეისბუქზე სოლიდარობის გამოხატვის მიზნით შავი ავატარი დაიყენა და როგორც მითხრა, არჩევნების დღეს (რომელიც საზღვარგარეთ ბუნებრივია სამუშაო დღეა) სამსახურიდან ითხოვს თავს, რადგან თავისი ქალაქიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებულ საარჩევნო უბანზე მივიდეს და მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას".

Tuesday, September 18, 2012

მრაWOWჟამიერ

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ _ რომ არა მიშა, პოსტების ნახევარს არც დავწერდითქო.

გულწფრელად მითხარით, თქვენთვის რასთან ასოცირდება სიტყევბი "აგიტაცია" და "პროპაგანდა".

პირადად მე, მეორე მსოფლიო ომის დროს, თვითმფრინავიდან გადმოყრილი პროპაგანდისტული ფურცლები, საბჭოთა კავშირის წიაღში ხელთქმნილი პლაკატები, შენობებზე დატანილი უზარმაზარი წარწერები, წელში გამართული და ხმადაყენებული ტელეწამყვანები და პათეთიკით გაჟღენთილი საბჭოთა წარმოების ფილმები და სიმღერები მახსენდება.

აგიტაცია-პროპაგანდა იმ დროიდან არსებობს, როდესაც გველმა ევას ვაშლის შეჭმისკენ მოუწოდა და იმ დრომდე იარსებებს სანამ ადამიანი ან რომელიმე მეტეორი არ გაანადგურებს დედამიწას, მაგრამ ის ფორმას იცვლის _ ვითარდება.

რატომ ხდება ასე? ალბათ იმიტომ, რომ ადამიანს აქვს უნარი ადაპტირების და შეგუების. ადამიანი, ისევე ეჩვევა პროპაგანდას და აღარ რეაგირებს მასზე, როგორც გარკვეული ვირუსები ანტიბიოტიკებს.

ამიტომაც საჭიროა პროპაგანდის მუდმივი განახლება და სახეცვლილება. მაგრამ განახლება არამხოლოდ პროპაგანდისტულ მექანიზმს სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩათვალა ჩვენმა პრეზიდენტმა.

ის საგულდაგულოდ შეუდგა სადღაც აზიასა და ევროპას შორის უაზროდ გაჩხერილი, ინგლისურის არმცოდნე ერის (ერისა და ბერის პრინციპში) "მოდერნიზებას".

როგორია ახალი საქართველო და როგორია ახალი ქართველი?

პრეზიდენტის ოცნების საქართველო რომ წარმოიდგინოთ, ნებისმიერი პოსტერი ან კლიპი ნახეთ სადაც ჭაობიან ნიადაგზე წამომართული, ცათამბრჯენებით დამშვენებული, დიდებული ქალაქი _ "ლაზიკა" არის გამოსახული.

ან ნახეთ ბათუმი - ეკლიქტიკის საუნჯე, სადაც არა მხოლოდ კონკრეტული შენობის ფასადზე იხილავთ მსოფლიო არქიტექტურის მთელ სპექტრს, არამედ თავად ქალაქიც გაგაოცებთ ძველი ბარაკებით, ორმოცდამეერთე სართულზე მერცხლის ბუდესავით ჩაშენებული ეშმაკის ბორბალით და რაღა თქმა უნდა შეშუშული ანბანის კოშკით (куда же без стекла).

ზოგადად დავაკვირდი და პრეზიდენტს სჩვევია კომპილაცია - მას უნდა მხოლოდ საუკეთესო აიღოს, შეადუღოს, გადაზილოს და "სიახლე შუას".

პრეზიდენტის დაუოკებელი სურვილი შეურწყას ძველი ახალს, ტრადიციული თანამედროვეს, კარგად ჩანს შუშის ხიდში, შუშის საბაგიროში და შუშისავე საკონცერტო დარბაზში, რომელსაც პრეზიდენტი შუშისავე გუმბათიდან სიამაყით ათვალიერებინებს სტუმრებს, სიონისა და ძველი თბილისის ფონზე.

მაგრამ ყველაზე კარგად პრეზიდენტის სურვილი და განწყობა, ბოლო დროს (სულ, სულ შემთხვევით) დაფინანსებულ და გადაღებულ კლიპებში იკითხება: რაჭული დაბსტეპზე და სუხიშვილები პარლამენტის (არც მეტი და არც ნაკლები) სახურავზე, გაურკვეველი მუსიკის თანხლებით.





თავიდან დავიწყე და გავაგრძელებ - არ ვიცი ხვდებით თუ ვერა ბატონო პრეზიდენტო მაგრამ, იუთუბის, სოციალური ქსელების, ვირუსული კამპანიების და სტრიტარტის ეპოქაში, გრიმდადებული და პროჟექტორებით განათებული მსგავსი სიყალბე, კარგა ხანია აღარ მუშაობს.




Sunday, September 16, 2012

დილის სიჩუმეში გაგებული ამბები

დილით ჩემი მეგობრის მეუღლემ გამაღვიძა, რომლის დებილი ქმარი ანუ იგივე ჩემი იდიოტი მეგობარი მთელი ღამით არ ყოფილა სახლში. საპატრულოს საინფორმაციოს ნომრები ავითვისე!

როგორც წესით ასეთ დროს ორი გაგრძელებაა: ან ცუდი ამბავი ან ფრაზა - "რა პანიკა მოაწყვეთ, ბავშვები ხომ არ ხართ".

რაც კი ცუდი ამბავი გამიგია, ბავშვობიდან, დილიდან ვიგებდი. ერთადერთი მამაჩემის გარდაცვალება გავიგე გვიან საღამოს.

როგორც წესი ეს ადრე ხდება, ახალ გათენებულზე - ჯერ კიდევ როდესაც სძინავს ქალაქს, ოჯახს. ამ დროს ყველაფერი კარგად ისმის - სუნთქვა, გულისცემა, ხმა ტელეფონში, კივილი. განსაკუთრებით კივილი.

და რა გასაკვირია, რომ ცუდი ამბის გაგების დაბალი ალბათობის მიუხედავად შენ მაინც ზიხარ და ნერვიულობ. რეკავ - მობილური გამორთულია. რეკავ საინფორმაციოებში - კვალი არსად არ ჩანს.

და ამ დროს, ყველაზე დიდი ეგოისტი უნდა იყო, რომ პირში სული გედგას, თითის მობრუნება შეგეძლოს, გული გიცემდეს და რაც არ უნდა გჭირდეს მიწა არ გააპო და შენთვის ძვირფას ადამიანებს არ გააგებინო, რომ ცოცხალი ხარ. აარიდო ისინი ყველაზე ცუდს - ლოდინს.

ლოდინს რომელსაც ორი გაგრძელება აქვს: ან ცუდი ამბავი ან ფრაზა - "რა პანიკა მოაწყვეთ, ბავშვები ხომ არ ხართ".

საბედნიეროდ ამჯერად ყველაფერი ბანალური ფრაზით დამთავრდა.

ერთხელაც

ერთხელაც მე და შენ, ძალიან დავთვრებით
არაფრით დაღლილი, დამადებ თავს
ფოსტალიონი - ძვველი დავთრებით...
მეზობლის პატარა ნაძვისხეს რთავს

ერთხელაც მე და შენ, უბრალოდ, ხუმრობით
ავიღებთ ბილეთს და გავცდებით მზეს
მოვიწყენთ ერთმანეთთან სრული უომრობით
მოვიწყობთ უამრავ სხვანაირ დღეს

ერთხელაც გაგიშრობ, წვიმისგან გალუმპულ
თმებს წითლად რომლებსაც გიღებავს ხნა
ერთხელაც შენს ხელებს მოენატრებათ
ჩემი გაყინული ხელების ხმა.

Saturday, September 15, 2012

ctrl+alt+del

შემკრთალი ბეღურა აივანზე
ცა ისევ მოღრუბლულია
აბა, როგორ გავდგე ახლა განზე
ეს მზე, ხომ ჩემი გულია

ამ გზამ ხომ ამდენი რამ მომატარა
ამ ქვებზე მედო ბალიში
მე ხომ დამაკლდები შენ, პატარა
როგორც დაკარგული კლავიში

შემკრთალი ბეღურა აივანზე
ცა ისევ მოღრუბლულია
აბა, როგორ გავდგე ახლა განზე
ეს მზე, ხომ ჩემი გულია

Friday, September 14, 2012

გრხხხხხხხხხხხხხხხ

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
როგორც გრგვინავს ზუსტად ისე წვიმს
ამ წვეთებით სული ამოვავსე
და ჩემს გვერდით რომ არახარ
მწყინს

ცამ დაუშვა, გადმოღვარა თქეში
აივანზე ამ წვეთების ხმას
და წვეთების თითქოს უღრან ტყეში
ველოდები, რომ ვაკოცო მას

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
ვიცი ამ დროს სველი შენი თმები
დაწოლილი შენს უბრალო მკლავზე
უშენობას მაინც ვერითმები

ცამ დაიმხო ყველაფერი თავზე
როგორც გრგვინავს ზუსტად ისე წვიმს
ამ წვეთებით სული ამოვავსე
და ჩემს გვერდით რომ არახარ
მწყინს

Thursday, September 13, 2012

თანამედროვე ჰაიკუ

***
მთელი დღის დაღლილს
გაცვეთილი კლავიშებიდან
დამეძინება დახურული ნოუთბუქივით

***
თვალს ვერ ვწყვეტდი
ჩაბნელებულ "თაჩიან" ეკრანს
საპასუხო SMS-ის მოსვლის იმედით

***
თაიმლაინმა გაიყოლა
მისი ბოლო კედლის სტატუსი

***
მე უხმოდ ვშლიდი
ჩემს დესკტოპზე მიმობნეულ
შენს ძველ ფოტოებს

***
სანაგვე ყუთში
ერთადერთი ფაილი იდო -
მარტოობა სანაგვეშიც რთული ყოფილა

მინდა მიყვარდეს

მე მინდა მიყვარდეს
ისე რომ დილით და ღამით მახსოვდეს
მე მინდა მიყვარდეს
ისე რომ ვუსურვო ღურბლებზე გათხოვდეს
მე მინდა მჯეროდეს
რომ არ გასულა ჯერ ცხოვრება, რომ წინ დამხვდება...
მინდა მღეროდეს
ოცნებები ხომ ისედაც მისით ახდება
მინდა გავგიჟგიჟდე
გულით მინდა, სადმე მთებში, მარტო ხეებთან
მინდა ჩაგიჯდე
თბილ კალთაში, ვიგრძნო შენი სუნთქვა ხელებთან

მინდა მიყვარდეს
ისე, რომ დილით და ღამით მახსოვდეს...
მინდა მიყვარდეს
ისე, რომ ვუსურვო ღურბლებზე გათხოვდეს


Saturday, September 8, 2012

რძიანი ყავა

დილას ნამიანს
გაკოცებ შუბლზე
ძვირფას ადამიანს
უშენოდ თუ ვძლებ
ეს ცაა ასეთი
ღრუბლები უმზეო
ახალი გაზეთი
და ყავა ურძეო
ამ დილით სისხამს
შენს შუბლზე კოცნას
ცა ყავას გვისხამს
და ფეხის მოცვლას
არ აპირებენ მთები...
და მეც შენი თმით ვთბები

Friday, September 7, 2012

My Space


არის ასეთი ქსელი - My Space.

მისი შემქნელების კონცეფცია ის იყო რომ, თითეულ ადამიანს თავი უნდა ეგრძნო როგორც საკუთარ ოთახში - გადაეღება ოთახი სასურველ ფერებად, კედლებზე გაეკრა ფოტოები და ჩაერთო საყვარელი მუსიკა.

ოდესღაც, როდესაც ბლოგი გავხსენი ის ჩემი ოთახი იყო - ჩემი სივრცე.

როგორი არის ჩვენი ოთახები სინამდვილეში? - თქვენი არ ვიცი და ჩემი ოთახი ყოველთვის არეულია, ისევე როგროც მაგიდა, მაგრამ პირადად მე ყოველთვის ყველაფერს უკეთ ვაგნებ, ვიდრე ახალდალაგებულზე.

ეს ჩემი ოთახია, მე ასე კარგად ვგრძნობ თავს. დალაგებას რაც შეეხება, ან გარკვეულ მომენტში დეპრესიის წინა ნიშნად, ალბათ ქვეცნობიერი, ცხოვრების მოწესრიგება-დალაგების სურვილით მოტივირებული, ვიწყებ მილაგებას (ცხოვრების დალაგება ხომ D:\ დისკიდან უნდა დაიწყო) ან კიდევ მაშინ როდესაც სტუმრებს ველი.

სტუმრები კი ბლოგზე არ მაკლია. შესაბამისად იძულებული ვარ ოთახი არც ისე არეული მქონდეს. ვერ წამოვწვები ჩემს გემოზე საწოლზე, დაძაბული სამუშაოს შემდეგ, ბოთლი ლუდით მუცელგამობერილი და მოთენთილი, ვერ მივაგდებ იქვე უხეშად გახდილ მაისურს ან ფეხსაცმელს, არც პუნქტუაციურ უზუსტობებს მაპატიებს ბლოგზე შემოსული მკითხველი და არც უაზროდ დაგდებულ რაიმე პოსტს - ისე, ჩემი ჭირის გასახარებლად რომ მოვჩხაპნე. ეს უკვე ვალდებულებაა - ადგილი რომელიც აღარ არის მხოლოდ ჩემი ოთახი, ადგილი სადაც კარი ყოველთვის ღიაა და ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა (ნინიას ბაღიაო - ბებიაჩემი ასე იტყოდა).

შესაბამისად ამ გასაჯაროვებულ და სტუმრიან ოთახში ისე ვეღარ იქცევი, როგორც საკუთარ სახლში მარტო დარჩენილი. ვერ დადიხარ არხეინად ტრუსებში და ღიღინებ საყვარელ მელოდიას. პირიქით - კულტურულად ხარ ჩაცმული და პერიოდულად თვალს კარისკენ აპარებ - ვინმე ხომ არ მოვიდა სტუმრად, ვინმემ ხომ არ შემოგისწრო.

ან კიდევ რომც დაიკიდო ეს ყველაფერი, მაინც ვიტრინაში გამოფენილ რეალითი შოუს მონაწილეს გავხარ, რომელისთვისაც სულერთია რომ აკვირდებიან. არა და კვანტური მექანიკიდანაც კი იცის ნებისმიერმა (კარგი, ვხუმრობ) რომ დამკვირვებელი ნებისმიერ შემთხვევაში ცვლის, დაკვირვების ობიექტის ქცევას.

ხო და მთელს ამ ფიქრებში, მგონი ამერიკა აღმოვაჩინე და ჭეშმარიტ არქიტექტურულ დაპროექტებას ვეზიარე - ოჯახში რამდენიმე ბლოგია საჭირო: სასტუმრო ოთახი, საძინებელი და ხშირ შემთხვევაში "ვანა-ტუალეტიც" არ იქნება მგონი ზედმეტი - მოკაფელებულ ამ ჯადოსნურ ოთახში, ხომ მაინც განსაკუთრებული ინტიმი სუფევს.

Tuesday, September 4, 2012

ვიზუალური პოეზია

ფოთოლი

აცივდება ––––– აწი
–––––– საღამოობით,
მოიხურე რამე, ––––
––––––– მხრებზე.
დაცვივდება მალე ––
ხეებს –––––––––
–––– შეღებილი თმები
–– ჭიქა ვისკით ხელში
–––––– ღამე –––
ხის გემბანზე ვფიქრობ
––––– ვთვრები


მთვარე

ლურსმნით ჩამოკიდებული რკალი
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ ახალი
ღრუბლით ცუდად შეღებილი ☽☽☽
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ ცა
აივნიდან შენს კისრამდე არი ☽☽
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ მაღალი
გავიზრდები ☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽
☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽☽ ცოტაც დაიცა


ლაზიერი

ძალიან ამაყი ♕♕♕
მგრძნობიარე ♕♕♕
♕♕♕♕♕ ნაზი ერი
ყველა ♕♕♕♕♕♕♕
♕ მეფობის კანდიდატი
არც ერთი ♕♕♕♕♕
♕♕♕♕♕ ლაზიერი


წვიმა

წვიმს ||||||| |||||| ||||
||| |||||||||| || ალაგ-ალაგ
თოვს || ||||| || ||| ||||||
||||||| ნერვები |||||| ქალაქ-ქალაქ
|||||| ||| სიარულს ||||||| |||||
მთხოვს |||| |||||||| |||||
|||||| ცას |||||||||| ||||
|||||||||| || |||| ნაწილ-ნაწილ
ცვივა || |||||||| ||||||| || |||||||
||||| |||||||| || |||||||| სხივები მზის
ცივა |||||||| ||||||| ||||||
|||||| და წვეთ-წვეთ ||||| ||||| ||||||
||||| ||||||… || |||| ცრის

Thursday, August 30, 2012

მოკლე ლექსი

ვკითხულობ შენს წიგნს და
ვუსმენ შენს მუსიკას
თავი კი მსუბუქად მიდევს შენს ლავიწზე...
მეტი თუ მომინდეს, ავიხდენ ხუთ სიტყვას:
მეხი დამეცეს და ადგილზე დავიწვე

Sunday, August 26, 2012

01.10

მე ერთი კვირით მივდივარ ზღვაზე
მე ერთი კვირით, შენგან შორს წავალ
იქნებ ამ დროში გამცვალო სხვაზე
თორემ ანბანის კოშკზე არ ავალ

მე ერთი კვირით არ ჩავრთავ ეკრანს
შენს ახალ პოსტს ვერ დავალაიკებ
მე გამოვიცვლი, გამომხმარ მერქანს
გავირუჯები _ შენ ვერ გაიგებ

მე ერთი კვირით შენგან შორს წავალ
მოვივლი ბათუმს, ვნახავ პიაცას
ძალიან ადრე, ნაპირზე ჩავალ
მივეფიცხები ზღვასთან ღია ცას

მე და ჩემ გარდა ალი და ნინო
არ მოგეჩვენოს ახლა, რომ გთხოვ ბევრს
ოღონდ უჩემოდ არ მოიწყინო
მე დავბრუნდები, პირველ ოქტომბერს!

FACEBOOK-ი ქართულად - ანუ ამბავი ერთი გაზიარებისა

ნიჭი ძამიკო, ნიჭიო - იძახდა გალაკტიონი. მაგრამ რა არის ნიჭი და რომელ ერთეულში იზომება ის, ჯერ არავის განუსაზღვრავს. ჯერ არც ნიჭო-მეტრი მოუფიქრებიათ სამწუხაროდ.

მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ფაქტი არის რომ "ნიჭი", გარკვეულწილად იზომება და "უნიჭობასაც" საკმაოდ მძაგე სუნი ასდის - სხვა საქმეა, რომ ამ სურნელს ზოგი უფრო მკვეთრად გრძნობს და ზოგიც ნაკლებად.

ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა - ცუდს და უვარგის კი გაცილებით სწრაფად ითვისებს და ითავისებს.

დღეს, ჩემდა სამწუხაროდ, იმ ტელეკომპანიის გვერდზე, (ყველა სხვა ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდისგან განსხვავებით დალაიკებული მაქვს - სხვათა შორის), რომელსაც ყველაზე ხშირად ვუყურებ (ერთადერთი მიზეზის გამო - საინფორმაციოში მინიმუმ სიახლეს არ "მიმალავენ") ვიდეო ვნახე, რომელსაც დარწმუნებული ვარ აიტაცებს ქართული სოციალური (და ალბათ არამხოლოდ) სივრცე.




ვუყურე ვიდეოს ბოლომდე და ძალიან მომინდა დამეჯერებია რომ ეს ვიდეო მაესტროს გვერდზე არ მინახავს.

ასეთ დროს ვიბნევი ხოლმე - არ ვიცი რომელ კონტექსტში, რომელი რაკურსიდან დავიწყო კრიტიკა. საერთოდ რა დავარქვა და როგორ შევაფასო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტს უნიჭობაზე გავაკეთებ.

მე კარგად მესმის რომ ეს "რიმეიქია". ისიც კაგად მესმის, რომ გათვლილია ვირუსულ კამპანიაზე, რომელსაც (ორიგინალის მსგავსად) აიტაცებს ხალხი.



ხო და მოდით მსჯელობა სწორედ აქედან დავიწყოთ. აიტაცებს და რა? რაც არ უნდა იყოს, როგორი კუთხითაც არ უნდა იყოს დანახული ეს ხომ უნიჭობის ტირაჟირება და პროპაგანდაა?

განა არ გვეყოფა ნასარიძის ვიდეოშედევრები, რეალტივის უმაღლესი დონის ჟურნალისტური პილოტაჟი, დონაძის თავში ჩასახული და პრეზიდენტის მეანობით ჩვენსთვალწინ დაბადებული ალისტრახოები და ძმანნი მისნი? საკმარის არ არის რადიო არდაიდარდოები, ნინო ჩხეიძეები, კაკლის მურაბები, მაია ასათიანები, ნანუკა ჟორჟოლიანები და ნოდარ მელაძეები? რითი არის ეს კლიპი ნაკლები (თუ მეტი?) თუნდაც გაპრიალებულ და გასოფონიჟარაძებულ ნაციონალურ კლიპთა ანთოლოგიაზე?



ეს არის PR კამპანია, რომლითაც მომავლის საქართველოს შენებას ვიწყებთ?

ცალკე წუხილის საკითხია ტელეკომპანია, რომელიც გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ევროკავშირისა თუ ეუთოს (მოკლედ ერთერთი იმათთაგანის, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ ხოლმე) დასკვნის თანახმა, არის ყველაზე დაბალანსებული ტელეკომპანია ქართულ რეალობაში.

არა, დაუბალანსებელი შესაძლოა ფესბუქ პროფილზე მოცემული ვიდეოლინკის გაზიარებით, არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ეს ხომ რომელიმე ტელეწამყვანისა თუ ჟურნალისტის პირადი პროფილი არ არის? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ BBC-ს ან CNN-ის ფეისბუქ გვერდზე...

კარგი, კარგი - გავჩუმდები :)

***
Youtube-ს ლინკიდან ჩანს, რომ ვიდეო შალვა რამიშვილის პროფილით არის ატვირთული. ალბათ იდეის ავტორადაც ის უნდა გვევლინებოდეს და თუ ეს ასეა, აუცილებლად ვეტყვი მას, რომ შეეშვას "ბანანის რესპუბლიკისა" და მსგავსი შედევრალური კლიპების კეთებას, რადგან ეს უნიჭობაა - რაც ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს:

პირველი - შალვა რამიშვილს, აღარ გამოსდის აკეთოს ის, რაც (დღეს უკვე მის ოპონენტებად ქცეულ) ბიჭებთან ერთად, არაჩვეულებრივად და გენიალურად გამოსდიოდა გინდ რადიო 105-ში და გინდაც დარდუბალას სერიალში
ან მეორე - შალვა, (ისევე როგროც მისივე გაკრიტიკებული ასათიანი) აკეთებს იმას, რაც პოპულარულია, რაც საღდება, რასაც ხალხი იღებს - ეს უკანასკნელი არგუმენტი კი სხვა არაფერია თუ არა უნიჭობის უსუსური გამართლება.

ასე, რომ იქნებ აკეთოს შალვამ აკრედიტაციის გარეშე და წაიყვანოს სუბიექტური აზრი - გადაცემები, რომლებში გასულმა სიუჟეტებმა და გაჟღერებულმა ფაქტებმა, უკვე გამოიღეს კონკრეტული, პოზიტიური შედეგი. გადაცემები, რომლებსაც ყოველთვის ვუყურებ.


აგვისტოს ომის ქრონიკა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, აგვისტოს ომის ქრონოლოგიურად ამსახველი,  ვიდეო მასალა.


Monday, August 20, 2012

მიმართეთ პრესას

ერთი ზღაპარი იყო ჩემს ბავშვობაში...თუმცა რაღა ჩემს ბავშვობაში - წყალში ჩავარდნილი მეგობრის საშველად რწყილი ახტებოდა დახტებოდა და ხან ვის მიადგებოდა, ხან ვის. ბიუროკრატიულ მანქანასთან თუ ვინმეს შეხება გქონიათ, თქვენთვის უცხო ნამდვილად არ იქნება გადამისამართებების ულევი სერია.

ეს ისე, სიტყვამ მოიტანა თორე, დღეს სულ სხვა ტიპის "გადამისამართებაზე" მინდა გესაუბროთ. არ ვიცი დააკვირდით თუ არა, ბოლო დროს როგორ ამისამართებენ პოლიციელები ჟურნალისტებს და უშვებენ...

დიახ, პრაქტიკულად იქ უშვებენ სადაც ახლა თქვენ გაიფიქრეთ, მაგრამ ამას უფრო ლამაზი სახელი - "პრეს სამასხური" მოუფიქრეს. ამასთან, ცოტა არ იყოს და უხერხულია რუსულსიმღერებაკრძალულქვეყანაში დამპყრობლურ ენაზე გაეგზავნათ ჟურნალისტები სადაც ჯერ არს.

ხო და ხშირ შემთხვევაში დაბალი IQ-სა და უფრო დაბალი კომპეტენციის (ოღონდ ეგ სიტყვა მათთან არ წამოგცდეთ - დაიბნევიან) მქონე პოლიციელებიც, რეზინის ხელკეტებისა და გაზიზინებული მანქანების გარდა, დამატებითი დამცავი ფარითაც აღჭურვეს. ფარით რომელიც რუსულიდან ასე ითარგმნება - "მიმართეთ პრესას".

აეწყო ცხოვრება:

- ვინმეს იჭერ ყოველგვარი ოქმისა და ორდერის გარეშე? - მიმართეთ პრესას
- ეკლესიისკენ მოსალოცად მიმავალ ხალხს არ უშვებ, სადაც პრეზიდენტი იმყოფება - მიმართეთ პრესას
- რაიმე დააყადაღეს, დალუქეს, ჩარაზეს - რა პრობლემაა - მიმართეთ პრესას

მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვგონებ, რომ ამ ნოუჰაუს დანერგვა მერაბიშვილს უნდა მოესწრო ჩამოპრემიერმინისტრებამდე.

ჭკვიანი კაცია ვანო. ჭკვიანი, მაგრამ გლობალური ხედვა აკლია მაინც. სხვაგვარად როგორ ავხსნა ფაქტი, რომ ეს გენიალური მიგნება მხოლოდ შსს-ს ფარგლებში გამოიყენა და ქვეყნის მასშტაბით განვრცობა არ შესთავაზა პრეზიდენტს?

რატომ არის დასუფთავება მიბმული დენს? - პრესას მიმართეთ
რატომ არ არის მედია თავისუფალი? - მიმართეთ პრესას
რატომ არის ქვეყანაში ამდენი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი - მიმართეთ პრესას...

გენიალურია, ასე ხომ ნებისმიერ შეკითხვას გაეცემოდა პასუხი. ნებისმიერ გაგზავნიდი იქ, სადაც საჭიროა.


დამიჯერე ჩემო პრეზიდენტო. ერთი კაცის არ იყოს, არც მე მომიცია შენთვის არასოდეს ცუდი რჩევა და არც ახლა გაძლევ - დანერგე ეს მეთოდი საკანონმდებლო დონეზე. დანერგე და რეფორმისა და მეთოდის წარმატებაში დასარწმუნებლად პირველ სატესტო შეკითხვაზე "გვეშველება რამე?", სიამაყით და თუნდაც ქვეყნის მასშტაბით გვიპასუხე - "მიმართეთ პრესას".



***
ისე, ჩემი ბავშვობიდან კიდევ ერთი ზღაპარი მახსოვს, რომელიც თავის დროზე ზეპირად მცოდნია:


დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.

მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:

_ დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

Sunday, August 19, 2012

მილოშ ფორმანი

შენი თეთრი ფეხი
შენი წითელი ხალი
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
და მექანიკური ფორთოხალი

შენი საკმარისად თხელი მუცელი
და წაბლისფერი თმა
მელნით შევსებული ფურცელი
და შენი მკრთალი ხმა

შენი თეთრი, მონატრებული ფეხი
მუცელზე წითელი ხალი
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
და მექანიკური ფორთოხალი

Saturday, August 18, 2012

***

ფული საშუალებაა - გადაცვალო შესაძლებლობები სურვილებში.

Friday, August 3, 2012

ჯერკიდევ

Великую цивилизацию нельзя завоевать извне, покуда она не разрушится изнутри
Вильям Дурант

ჩვენი ცივილიზაცია აუცილებლად განადგურდება. რა მაძლევს ამის საფუძველს _ პრეცენდენტები.
წარმოიდგინეთ რამდენი ათასი წელი ცდილობს კაცობრიობა განვითარებას, მაგრამ ერთადერთი რაც გვრჩება დაღუპული ცივილიზაციების კვალია.

ცოდნა რომელსაც წინა ცივილიზაციები ფლობდნენ "ნადგურდება", ტვინისთვის როგორც "ჰარდვეარისთვის" რამდენიმე მილიონწლიანი ევოლუცია განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, შესაბამისად, ამჯერადაც ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ საფუძველს, რის გამოც ჩვენი ცივილიზაცია გადარჩება.

ერთის მხრივ არის უამრავი მიღწევა - კომპიუტერები, მიკროჩიპები, ნანორობოტები, ჰაბლის ტელესკოპი, კოლაიდერი და მრავალი სხვა, მაგრამ საკმარისია მთელი ამ ქაოსიდან მცირედი "ზუმაუთი" გააკეთო, ნათლად დაინახავთ რომ არც ისეთი განვითარებულები და "მაგრები" ვართ. ჩემი სუბიექტური აზრით კი აბსოლუტურად არასწორად ვითარდებით.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე უამრავი არგუმენტი მაქვს, რის გამოც კაცობრიობა ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებელი ან/და არასწორად განვითარებული ცივილიზაციაა.

წარმოიდგინეთ, ადამიანთა გადაადგილების მთავარი საშუალება წარმოადგენს მოწყობილობა, რომელიც შიდა წვის ძრავაზეა და რომელშიც "გატაოტებული დეტალები" ხახუნის ძალით ცვდება.

მიუხედავად კლონირებისა, ტრანსპლანტაციისა და მეგაგარღვევებისა მედიცინაში, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი განუკურნავი დაავადება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება.

ჯერ კიდევ ადამიანთა მთავარი საომარი საშუალებები დაფუძნებულია დენთზე და აფეთქებაზე.

ჯერ კიდევ პლანეტის მთავარი ენერგომატარებელი არის შავი სითხე, რომელსაც დედამიწის ქერქიდან ვწოვთ, ვამუშავებთ და წვის შედეგად იმ ატმოსფეროს ვაზიანებთ, რომელიც სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისთვის, მაშინ როდესაც უამრავი ალტერნატივა არსებობს.

ჯერ კიდევ არ არსებობს ცივი სინთეზი.

ჯერ კიდევ არ არსებობს ტელეპორტი.

ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე ატომური ომისა.

ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ცნებები როგორებიცაა "სპამი", "ტრეეფიკინგი" და "ტოტალიზატორი"




ჯერ კიდევ არ შეგვიძლია მზის სისტემის (თუნდაც) შიგნით მოგზაურობა (ეგ კი არა, მარიანის ღრმულში ჩასვლაც კი არ შეგვიძლია, რომლის სირღმე მხოლოდ 11022 მეტრია თუ სწორად მახსოვს)

ჯერ კიდევ არსებობს ნაღდი ფული.

ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია კვების პრობლემა, რის გამოც უამრავი ადამიანი პლანეტაზე იღუპება.

ჯერ კიდევ არსებობს დიქტატურული ქვეყნები და საერთოდ - ქვეყნები, დროშები და ჰიმნებიც ცოტათი სასაცილო მგონია :მასონი:

მოკლედ, უამრავი "ჯერ კიდევ" არსებობს და ვფიქრობ, რომ მგონი მართლაც მარტო ვართ (ყოველ შემთხვევაში) მოცემულ გალაქტიკაში თუ განზომილებაში, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია დახმარების ხელს არ გამოგვიწვდიდა და არავინ მითხრას, რომ ეს ექსპერიმენტია და რომ გვაკვირდებიან. და თუ მაინც ასეა, მაშინ ნება მიბოძეთ ხმამაღლა ვიყვირო: "ეიიიიიიი, თქვეეეეენ, მანდ, ზემოთ _ შეწყვიტეთ დაკვირვება, ისედაც ნათელია რომ ფარჩაკები ვართ"!



Friday, July 27, 2012

გაკეთებული ლექსი

ახლა კარგად ვხვდები რას ნიშნავს "მუსიკის კეთება"
თურმე "ლექსების კეთებაც" არის შესაძლებელი - უბრალოდ, ხელით და გონებით.
ხოლო როცა კალიოპე ან კლიო მოგედება ზურგზე თავისი თბილი, შიშველი მკერდით, გონება დაბინდულს და სისხლამღვრეულს ყურთან მოგიტან ტუჩებს და ცხელი ჰაერით გიჩურჩულებს რა უნდა გააკეთო, შენ არღარ აკეთებ - შენ ქმნი!


შენ გრძნობ ჩემს ლექსებს, უსიტყვოდ, უთქმელად
მეც სიზმრად შენი თმა რამდენჯერ მინახავს
და ყდის გარეშე გადაშლილს, ფურცლებად
შენი სხეული, ჩემს ფიქრებს ინახავს

სიტყვებად, ხაზებად, ხმებად და ბგერებად
გაბედე, ხანდახან იყავი სულელი
მე შენ მენატრები დაშლილ თმის ღერებად
რომელსაც ზაფხულის მზესავით სულ ელი

წამოდი, და რამე მითხარი, უბრალო
რა მოხდა, რომ შენთვის მე დღემდე უცხო ვარ
ვიცი ვერ მიხსენებ, ბარათის პინივით
არა და მე გიცნობ, დროიდან უხსოვარ

შენ გრძნობ ჩემს ლექსებს, უსიტყვოდ, უთქმელად
მეც სიზმრად შენი თმა რამდენჯერ მინახავს
და ყდის გარეშე გადაშლილს, ფურცლებად
შენი სხეული, ჩემს ტუჩებს ინახავს



Monday, July 23, 2012

ოფისიდან გასვლამდე

დღე მთვარეა
ღამით მე
გაყურსული ზეცაზე
ერთი ლუკმა
დამითმე
თორემ უკვე
მეც ასე
აღარ ვიცი რა მინდა
აღარ ვიცი რა მომწონს
აღარ დამრჩა გრამი და
სისხლს ვერავინ გამომწოვს
შოკოლადი შავი და
ცივი ყავა ნაყინით
დღე უბრალოდ გავიდა
გადაკრული არყივით
დღე მზეა და ღამით სხვა
მიხატული ზეცაზე
- შენ როგორ ხარ? ისე რა?
- არა მიშავს, მეც ასე




Sunday, July 22, 2012

ქართული YouTube

არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა მაგრამ "ქართული იუთუბი" ცალკე ფენომენია. მაგალითად თავისუფლად შეხვდებით ვიდეოს, რომელსაც ნებისმიერ სხვა ენაზე დაარეპორტებდნენ და წაიშლებოდა საიტიდან. თუმცა ქართულად პრობლემა არ არის - ჩვენ "დარეპორტების" კულტურა არც ისე განვითარებული გვაქვს, ხოლო უცხოელები ვერ გაიგებენ შინაარსს:)

მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება, ქართული "Zalian magari leqsebit" დამძიმებულ იუთუბის სერვერებზე მინდა გავამახვილო:

(სუსტი ნერვების და 18 წლამდე ასაკისთვის რეკომენდირებული არ არის)


Sunday, July 15, 2012

თეფში

ღმერთო გადატვირთე ეს სამყარო
(c) პროგრამისტი

დამიპყარი
არ დამინდო
ცოტა მაგრად... თმებში
მე ვიქნები რისივერი
შენ კი ჩემი თეფში




ბევრი ჩემი მეგობარი მიყვება, როგორი მზაკვრული გეგმა ჰქონდა ბატონ ივანიშვილს საქართველოს ხელში ჩასაგდებად და დასაპყრობად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩაფიქრებული.

სწორედ ამიტომ აშენებდა ის ტაძრებს, არემონტებდა სკოლებს, აფინანსებდა მთავრობას და მრავალი სხვა - რადგან ვინ თუ არა მას უნდა სცოდნოდა რომ "არა არს დაფარული, რომელიც არა განცხადდეს", აღარაფერი რომ არ ვთქვათ ძველ სიბრძნეზე "რასაცა გასცემ შენიაო" - რომლის ცოდნაც, მართალია "მჭადის სახელივით დავწიყების" შემდეგ, მაგრამ მაინც დაადასტურა საზეპიროების მოყვარულმა პოლიტიკოსმა.

მსგავს მსჯელობას მე დემაგოგიას ვუწოდებ ხოლმე, რადგან მოცემული "შეთქმულების თეორია" ეფუძნება მხოლოდ ერთადერთ არგუმენტს - სხვანაირად ივანიშვილი კარგი ტიპი გამოდის, ე.ი. წინასწარ იცოდა (10 წლის წინ) რისი გაკეთებაც უნდოდა და მთელი ეს "ქველმოქმედებაც" წლების წინ დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის ნანწილიაო.

ასეც რომ იყოს, აფერუმ მის სტრატეგიულ ხედვას, მაგრამ ერთი ვერ გამიგია - სხვა წინააღმდეგობრივ აფსურდებს თავი რომ  გავანებოთ, ასეთმა ჭკვიანმა და შეძლებულმა, ის როგორ ვერ მოიფიქრა, რომ ჯერ დაეყენებია მთელს საქართველოში პარაბოლური თეფშები (მთელი 10 წელი ქონდა ამისთვის) და შემდეგეგ მშვიდად და აუღელვებლად გადასულიყო თავისი მრავალწლიანი პიესის ფინალურ ნაწილზე?

მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, საჯაროდ მე ყოველთვის ვცდილობ მომეწონოს ან გავაკრიტიკო არა კონკრეტული სუბიექტი - არამედ მისი კონკრეტული ქმედება. ვინაიდან მოგეხსენებათ, "ხატად ღვთისად" შექმნილებს, მრავალ უცნაურობასთან ერთად, ერთი განსაკუთრებული თვისება გვაქვს - ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, ნებსით თუ უნებლიედ გვძალუძს ჩავიდინოთ კარგიც და ცუდიც - ამიტომაც ვფიქრობ რომ კონკრეტული მოვლენის ანალიზი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ცალკეული სუბიექტების (პრეზიდენტებიც და მილიარდელრებიც კი დადიან ტუალეტში!).

ბოლო დროს მომხდარ ამბებს შორის კი ერთი მაწუხებს განსაკუთრებით - ხელისუფლებას პანიკურად ეშინია ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების. 

წარმოიდგინეთ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, გადაეწყვიტათ (როგორც არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში) იმ წიგნების განადგურება, რომლებიც მათვის მიუღებელ შინაარს შეიცავდა.



დღეს განა რაიმე განსხვავებული ხდება? საქმე სწორედაც რომ ინფორმაციის გავრცელებას შეეხება, რომელიც სხვათა შორის არ არის მხოლოდ მაესტრო და მეცხრე არხი (ჯადოსნური თეფშები იჭერს დისქავერს, ნეიშენალ ჯეოგრაფიკს, თრეველს, ბი-ბი-სი-ს  და სხვა უამრავ საინტერესო არხს. არაფერი, უბრალოდ გამახსენდა რომ რუსული,  "первый канал" -ის შემხედვარემ ვისწავლე თავის დროზე).

ჩემთვის მოცემულ ეტაპზე ნაკლებმნიშვნელოვანია ინფორმაცია რომელიც გავრცელდება იქნება პროსახელისუფლებო, ოპოზიციური თუ დაბალანსებული. პირადად მე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მგონია, ალტერნატივის არსებობა. მომავალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საშენი მასალაა, ნამდვილად არ უნდა იზრდებოდეს, აყვავებული საქართველოს "ლამაზი კლიპებით" გაფორმებული სადიდებელი ჰიმნებისა და ყელმოღერებული საინფორმაციოების წამყვანების შემხედვარე. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დებატების არსებობა - რადგან პირადად მე მახსოვს, როგორ ვუყურებდი მოცემულ დებატებს, ვცდილობდი გამერჩია მტყუანი და მართალი. ვაკეთებდი სწორ და არასწორ დასკვნებს, ვეჩვეოდი პოლიტიკურ ანალიზს, პოლიტიკურ კულტურას (რომელიც ასე ძალიან გვაკლია ქართველებს).

და მაინც, რისი ეშინია ასე პრეზიდენტს?

პრეზიდენტს იმ ერთადერთი მექანიზმის დარღვევის ეშინია, რომელზეც რეალურად დგას დღეისათვის მისი ძალაუფლება. ჩვენმა ახალგაზრდა ლიდერმა ხომ დასაწყისშივე იგემა, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" ყოვლისშემძლე ძალა. ის, ხომ იმთავითვე აეწყო ტელეკამერებისკენ მიმართულ პოლიტიკაზე და ენერგიულად შეუდგა ფასადების ღებვას?



დიახ, მას ყველაზე მძაფრად აქვს განცდილი (და გამოცდილიც) რას ნიშნავს მასმედია. ამიტომაც, ყველაზე მეტად უფრთხის ინფორმაციის მასიური გავრცელების საშუალებებს. უფრთხის თეფშებს. უფრთხის რადიოებს  რეკლამაგადაკრულ ავტობუსებში, რომელბიც სულაც აღარ არიან ყვითლები. უფრთხის რადგან მოცემულ მოედანზე ბრძოლა აღარ შეუძლია, აღარ გამოსდის...

აღარ გამოსდის რადგან, მოშიებულ და დაუპურებელ ხალხხს, ის ისევ  ხმელ სანახააობას სთავაზობს... სანახაობას, რომელსაც ხალხი კარგახანია აღარ ჭამს.

Friday, July 13, 2012

"ბულეთპოინტებად" მოყოლილი

"ბულეთპოინტებად" _ თავად სტილი იმდენად გაცვეთილია (თუნდაც მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის მიერ), რომ სადღაც მეხამუშება კიდეც რომ ავყვე ამ ჟღერადობას, მაგრამ ენა სხვანაირად მაინც არ მიბრუნდება. მეც რაღატო ვიწვალო თავი? საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს ბევრი რამ მაშინებს. მაშინებს მაგრამ რატომღაც არ მეშინია და ჩემი ეს უშიშარობა ერთერთთაგანია ვისაც (თუ რასაც) ჩემი შეშინება გადაუწყვეტია.


  • მაშინებს ხალხი, რომელთა კედელზე მხოლოდ პატრიარქის ფოტოებია
  • მაშინებს ხალხი, რომელთა კედელზე მხოლოდ ოპოზიციური სულისკვეთების პოსტებია (გამონაკლისის გარეშე)
  • მაშინებს მთავრობა, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნეში, თავის მხრივ სიტყვის თავისუფალი გავრცელება აშინებს და საკუთარ მარცხთან აიგივებს
  • მაშინებს  შსს  ახალი მინისტრი
  • მაშინებს შეძახილი ჯოს-ჯოს-ჯოს
  • მაშინებს ირანის ბირთვული პროგრამა
  • მაშინებს ამერიკის საგარეო ვალი
  • მაშინებს გამონაყარი მარცხენა დუნდულზე
  • მაშინებენ ჭკვიანი დემაგოგები, რომლებიც თეთრზე შავიაო კი არა, ამტკიცებენ რომ უფერო არის
  • მაშინებენ სულელი აქტივისტები, რომლებიც სამომავლო გამორჩენის მიზნით დადიან ბრენდირებული მაისურებით
  • მაშინებენ უკვე გამორჩენილი ზომბები, რომლებიც გააფთრებული ანთხევენ აგრესიას
  • მაშინებენ ფემინისტები, რადგან ვფიქრობ რომ ორგაზმს ვერ აღწევენ
  • მაშინებენ უმცირესობის ფანატი მცველები
  • მაშინებენ   ზოგადად მცველები  ... და ფანატებიც მაშინებენ
  • მაშინებს "რუსის ჯარი" "აქვე ყურისძირას"
  • მაშინებს ეს პოსტიც, რადგან პირი მოვაღე და ათას სისულელეს ვამბობ
  • მაშინებთ თქვენ, რადგან ვგრძნობ რომ მეტწილად მეთანხმებით

და ერთადერთი ვინც ვერ მაშინებს, ჩემი თავია - რადგან დაღლილს და მორალურად გაცვეთილს სრულიად დაუკარგავს ნიჭი, საერთოდ ვინმე შეაშინოს.

Thursday, July 12, 2012

მომენატრე

მომენატრა კანი შენი ხორკლიანი
სუნი ქვიშის, შემომძრვალი ნესტოში
შენს მუცელზე ფეხშიშველი ბოდიალი
და ჰამაკი, ნებივრობა ეზოში

მომენატრა შენი ცელქი ენით ლოკვა
პირში გემო, ჩარჩენილი მარილის
ეს სურვილი აღარ ვიცი როგორ მოვკლა
შენს სხეულზე დაცემული არილის

მომენატრა შენი ვერცხლის სამაჯური
ღელვა მუცლის, წამოშლილი ქაფებად
ევკალიპტის ტყე შენს წელზე გადასული
შიშველ მკერდზე გადაცმულ ჭრელ კაბებად

მომენატრე მოხარშული სიმინდივით
ხურდასავით გადაცვლილი სხვაში
ვეღარ გიტან მოღრუბლული ამინდივით
აღარ მინდა შენში, ანუ ზღვაში

Tuesday, July 10, 2012

ყველაზე "აზაბოჩენი" ლექსი

წარმოდგენა (შესაბამისად, განწყობის თეორიის მიხედვითაც) სექსზე, როგორც ბინძურ და ქალისთვის “შეუფერებელ” საქმეზე, გოგონას ბავშვობიდან ენერგება...


მე ხშირად მეუბნებიან (პოსტების გამო) რომ ვარ "აზაბოჩენი". სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს სიტყვა რას გულისხმობს, თავისი კლასიკური გაგებით...

ადამიანს რომელსაც სექსი ნორმაზე ნაკლებადააქვს თუ ადამიანი რომელსაც სექსი ნორმაზე მეტჯერ უნდა? შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო.



შენს ზურგს მივუყვები სამხრეთისკენ
მზეა და ყელი გამიშრა
გზა მალე მივა სხვა მთებისკენ
იქნებ და შენგან გამიშვა

იქნებ და ხერხემალი დაგეღალოს
ჩემი დაკოჟრილი ფეხით
იქნებ მხრებზე ფერფლად დაგეყარო
შუაზე გაპობილი, მეხით

არა, ცოტა დამრჩა სხვა მთებისკენ
მზეა და ყელიც გამიშრა
წავიდეთ ერთად ანდებისკენ
და ხელი არასდროს გამიშვა

Saturday, July 7, 2012

Template

მე შენს ფეხებზე ვხურდები
ხელით - ტერფიდან ბაყვამდე
ჯიბეში ლიფტის ხურდები
მიყრია შემდეგ ნახვამდე

წელზე გასმული ხაზები
გიკბენ მოჭიმულ სხეულზე
შენი ორგაზმის ფაზები
ჩემ ცალხაზიან რვეულზე

შენი ტუჩები კამკამა
ყელი კოცნისგან ნამული
გატოკებს კბენა მუცელთან
ენა და მერე მამული

მე შენს ფეხებზე ვხურდები
ხელით - ტერფიდან ბაყვამდე
ჯიბეში ლიფტის ხურდები
მიყრია შემდეგ ნახვამდე

Thursday, July 5, 2012

ძგიდე

ამბავი ასე დაიწყო _ ღამღამობით გულის ტკივილი მაღვიძებდა. მას შემდეგ რაც კარდიოლოგმა, წელსზემოთ გახდა მთხოვა და თითებშუა გადაღებული კარდიოგრამა ძველი ფირივით ასრიალა, გადაწყდა რომ გული არაფერ შუაში იყო. ცხვირი _ აი ვინ ყოფილა მთავარი დამნაშავე!

ისე, დიდადაც არ გამკვირვებია. ბავშვობაში, რამდენჯერმე საკალათბურთო დარბაზის ერთი ბოლოდან ნასროლი ბურთი მეორე ბოლოში მომხვედრია სახეში.

- რა გაწუხებს ბაბუო - მკითხა აშკარად ნესტოებით სუნთქვასთან პრობლემების არმქონე ხნიერმა ექიმმა და უზარმაზარ ცხვირზე სათვალა ჩამოიჩოჩა.

- სუნთქვა მიჭირს, მგონი ძგიდე მაქვს გაღუნულითქო - ვუთხარი კარებიდანვე.
- ძგიდე, ძგიდე - ჩაილაპარაკა ექიმმა და მაგიდიდან რკინის გაურკვეველი ნივთი და კალამი აიღო.

კალამს მეორე ბოლოს ფანარი აღმოანჩდა, რომელიც ალაგალაგ ქრებოდა.
- ოხ, შენი - ჩაიდურდღულა ექიმმა და კალამი მაგიდაზე დააკაკუნა. კალამი აინთო. ექიმმაც მშვიდად გააგრძელა ჩემი ცხვირის სიღმეების შესწავლა. თითქოს და მთავარი რამ უნდა დაენახა და გამოეკვლია რომ კალამი, (ბავშვებს რომ აღარ ახსოვთ) მეცხრე ბლოკივით მოულოდნელად ჩაბნელდა.

- ჯანდაბა - აშკარად გაბრაზებულად დაუყვირა ექიმმა კალამს და ამჯერად (ალბათ მაგიდამდე ხელის მიტანა დაეზარა) რკინის გაურკვეველ ნივთზე დაუწყო კაკუნი.

კაკუნი რა - კარგად გვარიანად მიარტყა რამდენჯერმე და პრობლემაც არანაირი იქნებოდა, გაურკვეველი რკინის ნივთის საკმაოდ წაწვეტებული მეორე ბოლო, ზედ ძგიდეზე რომ არ მქონოდა მიჭერილი.

ჩავთვალე, რომ ძგიდის გასწორებას ექიმი პირდაპირ თავის კაბინეტში შეუდგა - უნარკოზოდ და უაპელაციოდ. ცხვირნატკენმა და გულგატეხილმა, სასწრაფოდ დავტოვე ექიმის კაბინეტი.

სამაგიეროდ მოვხვდი სხვა ექიმთან. იქ უკვე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - პულსით და სისხლის ანალიზებით დაწყებული, სმენით დამთავრებული ყველაფერი შემიმოწმეს. თანაც ექიმის პირად კლინიკაში. თანაც არც თუ ისე იაფად.

ნარკოლოგმა ნარკოზის დოზა განმისაზღვრა და დაბარებულ დროს, დაბარებულ ადგილას საწოლზე აღმოვჩნდი წამოგორებული.

ჯერ დამამშვიდებელი (ღმერთმანი არ ვღელავდი) და შემდეგ კი მოზრდილი ნემსით ნარკოზი გამიკეთეს.

არ ვიცი რატომ მაგრამ, ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ჩემზე, ნარკოზი და ჰიპნოზი არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებდა - არასოდეს (ალბათ ყველა ბავშვს უნდა რაიმე სუპერგმირული შეეძლოს). მეც არ დავაყოვნე და დამამშვიდებლებით მოდუნებულმა, ნარკოლოგს ჩემი ბავშვობისდროინდელი აზრები გავანდე. მანაც მზრუნველი თვალებით (მოხვალ შენ საოპერაციოში, ამხანაგო ჭიპინიას - სტილში) გადმომხედა და პალატა დატოვა.

ისე, არ დაგიმალავთ და თავი კარგახანს მეჭირა ყოჩაღად - ჩემს წასაყვანად მოსულ ექთნებსაც კი გაუკვირდათ - შენ კიდევ ფხიზელი ხარო?

მე კიდე ფხიზელიც ვიყავი და ლიფტიდან ბორბლების ხრიგინით შეწუხებული, ადეკვატურობის საზღვრებთან მყოფი ვსაყვედურობდი კიდეც - რა უბედურებაა, ცოტა რბილი გადმოსასვლელები ვერ გააკეთეთთქო.

საოპერაციო დიდი და ცისფერი იყო - უნებლიედ აუზის და წყლის ძებნას რომ დაიწყებს კაცი, ისეთი.

მაგრამ წყალიც არსად ჩანდა და არც მე ვიყავი მთლად "პლავკების" ამარა. ყველა აფუსფუსდა და დაბზრიალდა. ვერ ვიტან, ჩემს ირგვლივ რომ ფუსფუსებენ, მე კიდე არაფერი მესაქმება. ამიტომაც გადავწყვიტე თავი გვერდით გადამეწია და დავლოდებოდი, როდის მორჩებოდნენ ჩემს ირგვლივ ტრიალს და ფუსფუსს.

***
მმმ... გათნდა. აუ, რა ადგება ახლა და წავა სამსახურში?! - ნაზი, მაწონი ხომ არ ამოგიტანია - შემაკრთო მოულოდნელმა რეპლიკამ. ნაზი ოჯახში კი არა, სანათესაო-სანაცნობოშიც არავინ მეგულება, ასე რომ ფრაზა მართლა მოულოდნელი იყო - ჯანდაბა!!! სახლში კი არა საავადმყოფოში ვარ, დილა კი არა, არც კი ვიცი რა დროა და მე ძგიდის ოპერაცია გავიკეთე - წამებში აღვიდგინე ყველაფერი.

ნეტა რა დრო გავიდა - დავიწყე ჩემთვის ფიქრი და გამორკვევა რომ ჩემი საწოლის ირგლივ, რამდენიმე ხმა გავარჩიე - იღვიძებს, ხო იღვიძებს, მგონი ჯერ არა - რიგრიგობით გავიგონე საწოლთან ანგელოზებივით ჩამომწკრივებული ექთნების ხმა.

მდგომარეობა კი შემდეგია - მე ვაზროვნებ, აშკარად ადეკვატურადაც, მესმის - საკმაოდ მკაფიოდ და გარკვევით მესმის (ნაზის კოვზის ხმაც კი მესმის, ქილის ფსკერზე, რომლიდანაც სავარაუდოდ მეუღლეს აჭმევს რუდუნებით მაწონს) მაგრამ... მაგრამ მე არ ვარ.

არ მაქვს, ფეხი, ხელი, თავი - არაფერი არ მაქვს - მე აზრი ვარ. ცარიელი აზრი. "ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობთქო" - მგონი პირველად (და ალბათ უკანასკნელად) ცხოვრებაში ადეკვატურ კონტექსტში გავიფიქრე ეს ფრაზა და იქვე დავასკვენი, რომ დეკარტიც ალბათ მაგარ კაიფში უნდა ყოფილიყო ამას რომ ამბობდათქო.

ხმები ისევ სასთუმალთან დამფუსფუსებდნე, როდესაც პირველი უჯრედების და ნეირონების შეგრძნება დავიწყე. ყელი - ვიგრძენი რომ საშინლად გამომშრალ ყელში, მოზრდილი პლასტმასის მილი მქონდა გათხრილი, რომელიც "წყალი დამალევინეს" თქმას თითქმის და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდდა.

მაგრამ რა - მე ხომ ვაზროვნებ. არსადაც მეჩქარება. ასე რომ გენიალური რამ მოვიფიქრე. გადავწყვიტე რომ მარცხენა ხელში თავი მომეყარა მთელი ენერგიისთვის და თითით პირისკენ მიმენიშნებია - "ეს მილი გამომიძრეთ აქედან ვინმემ"-ის ნიშნად.

სამი, ცოტაც და ხუთი, მგონი უკვე შვიდი მილიმეტრითაც მოვაშორე საწოლს ხელი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, რადგან კიდევ ოცდაათამდე სანტიმეტრიც და მისია შესრულებული იქნებოდა. მაგრამ მოულოდნელად ხელზე ექთანის თბილი ხელი ვიგრძენი - დამშვიდდი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნებაო - მაწყნარებდა მედდა.

უუუუუჰ შენი - აი, როცა იქნება ამას ხო ამომიღებთ პირიდან და ძალაც ხომ მექნება - აი შენ ცალკე და განსაკუთრებულად უნდა გაგლანძღო - ვჯუჯღურებდი ფიქრის ამარა დარჩენილი (მაგიდაზე მუშტის დარტყმა მაინც შემძლებოდა?).

მაგრამ ასე იოლად ვერ მოგართვით - ყველაფერი თავიდან დავიწყე. ერთი, ცოტაც და ორი...აი, ხელი აშკარად მოშორდა ზეწარს... კარგი, კარგი - ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება?

აააააააააააააააააააააააააააა.... ვიბღავლე ფიქრებში და წარმოსახვითი თვალებიც გადმოვყარე ნერვებმოშლილმა.აი, ახლა ნამდვილად ვერ გადამირჩები - ვიმუქრებოდი ფიქრებში გამომწყვდეული როცა გავიგონე - მგონი უნდა რომ პირიდან მილი გამოვაცალოთო.
უჰ, აგაშენებს ღმერთითქო ამოვიოხრე და გულში სითბო ჩამეღვარა.

ვიგრძენი როგორ ამომაცალეს ექთნებმა სასუნთქი მილი და მეც ფრთხილად გადავყლაპე არარსებული ნერწყვი. ყველაფერი კარგად არის. სხეული მაინც არ მაქვს და მეც მივენდე თავისუფალ ფრენას.

ცოტა ხანში, ნაზის გაუჩერებელ ლაპარაკს, შემაწუხებელი გაბმული ხმა აყვა - პიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.

გადავწყვიტე, რომ ნაზის ქმარს პულსის საზომი სენსორები მოხსნეს და მშვიდად განვაგრძე ღუბლებში ლივლივი - ისუნთქე, ძალიან თბილად ჩამჩურჩულა ყურში ექთანი ქალის ნაზმა ხმამ.

ვინსუნთქო? - მე უნდა ვისუნთქო? აბა აქმადე რას ვშვებოდი? - ცოტა დავიბენი. მოიცა - ეს გაბმული ხმა რა, ჩემია? - ჩავარდი უცებ ფიქრობრივ პანიკაში.

ჩავისუნთქე. ხმა ისევ ჩვეულ რითმს დაუბრუნდა - პიპ... პიპ... პიპ...

რამდენიმე საათში ნარკოზიდან თითქოს და გამოვედი. ექთნებმა ისიც მალევე გამოარკვიეს, რომ მე ბანკში ვმუშაობდი და ცოტახანში ნახევარი საავადმყოფო, საწოლთან მედგა რიგში, სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციისთვის. მეც კარგი საბანკო ექსპერტივით, (ჯერკიდევ ნახევრად კაიფში მყოფი) "ვაკვალიანებდი" ექთნებს თუ ექიმებს და ზოგს ერთ და ზოგს მეორე ბანკში ვაგზავნიდი - საუკეთესო პირობების მისაღებად.

უიმე, შენ რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, რა გვარი ხარ დედიკო შენო - მკითხა ერთერთმა სათნო ექთანმა.

ის, იყო კვანტალიანითქო რომ უნდა მეთქვა, უცებ ენაზე კბილი დავიჭირე _ ორჯერ დავიწყებული სუნთქვის შემდეგ, ნამდვილად რთული იქნებოდა ვინმე დამეჯერებინა, რომ სვანი კი არა, ერთი უბრალო, აფერისტი იმერელი ვარ.

Tuesday, July 3, 2012

მაჯაზე მოჭერილი ლექსი

შენგან გამოყოლილი სამაჯური
მე შენთნა სექსი არ მინდა - ხატი, რჯული

შენგან დაკლებული კოცნა ყელში
სექსის დროს, არც ისე თბილად მოგქაჩავ თმებში

რა ვქნა რომ ვერ ვიძლევი გარანტიებს
მიყურე როგორც უხოს, გადამთიელს

შენი ვერ შერგძნობილი მკერდი
შენ, როგორც პოეტი, შენ, როგორც მდედრი

შენგან გამოყოლილი სამაჯური
მჭირდები ჰაერივით - ხატი, რჯული...

წარმოსახვა #37.2

გამთენიისას
წვიმისგან ამღვრეულ
ვიჯექით ტბის პირას
გვისმენდა ლისი
ჩემი თითები
შენი ტუჩები
და ჭიპთან
არარსებული პირსი

ისუნთქე, ოღონდ ღრმად
და ცხელი ჰაერით
გაჭერი ნაპირთან
ჰაერი უხეში
მე მხოლოდ შენს ქორფა ძუძუებს აღვიქვამ
კენჭში თუ ქვაში, ტოტში თუ ხეში

ისუნთქე თანაბრად, ატოკე მუცელი
ჩიტები არაფრად გვაგდებენ, მღერიან
და ლიფი, წუხელის გამოუცვლელი...
მე დაგიტოვებ, ეს ბოლო ღერია

გამთენიისას
წვიმისგან ამღვრეულ
ვიჯექით ტბის პირას
გვისმენდა ლისი
ჩემი თითები
შენი ტუჩები
და ჭიპთან
არარსებული პირსი

Friday, June 29, 2012

ჭიპთან ძალიან ახლოს

შენს სურნელში გახვეულს
მომწონს ქარის ზუზუნი
შენს ჯინს მუხლთან დახეულს
შენთან ერთად წუწუნი
უყვარს მაგრამ რამდენჯერ
უნდა გკითხო - ვინახარ?
არასდროს არ დამჯერდე
და ფრთხილად ნუ მინახავ
შენი რბილი მკერდი და
ჭიპთან პირსინგი ვერცხლის
უბრალოდ მომერიდა
შემოფრენილი მერცხლის
შენს სურნელში გახვეულს
მომწონს ქარის ზუზუნი
შენს ჯინს მუხლთან დახეულს
შენთან ერთად წუწუნი

Thursday, June 28, 2012

ვერ ვხედავ

ვერ ვხედავ მიზეზს ვიყო ადეკვატური
ვერ ვხედავ მიზეზს გამომეტყველება არ მქონდეს ბატური
ვერ ვხედავ მიზეზს სამშობლო კბილებით დავიცვა
ვერ ვხედავ მიზეზს ზამთარში შორტები ჩავიცვა
ვერ ვხედავ მიზეზს გიკბინო მარცხენა მკერდზე
ვერ ვხედავ მიზეზს თბილად მოგიწვე გვერდზე
ვერ ვხედავ მიზეზს დავლიო ყავა შაქრით
ვერ ვხედავ ვერავის რადგან სუყველა გაქრით
ვერ ვხედავ ჰაერს, რომელიც არ არის თბილი
ვერ ვხედავ ღრმულებს, რომ დავიპლომბო კბილი
ვერ ვხედავ მიზეზს არ ამივარდეს თავში
ვერ ვხედავ მიზეზს ხელი ჩაგჭიდო მკლავში
ვერ ვხედავ მიზეზს გვქონდეს ველური სექსი
ვერ ვხედავ მიზეზს რომ ეს სირული ლექსიც...
ვერ ვხედავ მზეს და არც ზურიკელას უნდა
ვერ ვხედავ მაგრამ ვატყობ რომ გამიხუნდა
ვერ ვხედავ ჩემში რაიმეს შეცვლის სურვილს
შენში ვერ ვხედავ ჩემი ტუჩების წყურვილს
ვერ ვხედავ მიზეზს ქუჩაში ვინმეს ვცნობდე
ვერ ვხედავ მაგრამ... მინდა ყველაფერს ვგრძნობდე





მოუსმინე ლოლა, მოუსმინე

- ფეისბუქს ვერ გაგვიტეხავ, შენ ხო კომპიუტერი კარგად იცი.

კარგად კომპიუტერის მცოდნე ტიპებად, IT სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები მოიხსენებიან ხოლმე საქართველოში.

ფილმებში ნანახი, 3D ეფექტებით გაფორმებული "ხაკერული პროგრამების" შემყურე, სადაც კავიატურაზე სუპერ სწრაფი უაზრო თითების კაკუნით ტყდება სახელმწიფო სისტემები, ხალხში არც თუ შემთხვევით დამკვიდრდა აზრი, რომ ფეისბუქის "გატეხვა" არც თუ ისე რთული უნდა იყოს.

გატეხვა კი, ერთადერთი გულის არის იოლი თორემ თავით დაწყებული, სერვერებით და ციფრული დაცვის სისტემებით დასრულებუი საკმაოდ და ძალიან რთული საქმიანობაა.

დღეს მე არ შევეცდები განვიხილო ჰაკერული თავდასხმების სხვადასხვა მეთოდები. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ჩვეულებრივი მომხმარებლის სისტემის გატეხვა, არც ისე რთული საქმეა. განსაკუთრებით კი პროვაიდერის მხრიდან თუ არის მცირედი ხელშეწყობა მაინც.

მე უბრალოდ მინდა დავწერო რა არის შესაძლებელი:

1. თუ კომპიუტერი ინტერნეტშია ჩართული, შესაძლებელია (ყოველგვარი exe ფაილის გადმოგზავნის გარეშე) თქვენს სისტემაში შეღწევა, შემდეგ უკვე ტროიანის გაშვება რაც საშუალებას მისცემს ჰაკერს: მოუსმინოს თქვენს კომპიუტერზე შეერთებულ ნებისმიერ მიკროფონს, უყუროს თქვენს ეკრანს, დაიმახსოვროს ნებისმიერი პაროლი (შემდეგ მშვიდად ისარგებლოს ამ პაროლებით) და თუ ძალიან გააბრაზებთ, გააღოს CD დისკი და პრინტერზე ამოგიბეჭდოთ ფურცლებიც კი _ მოკლედ ყველაფერი.
თეორიულად, ისიც კი არის შესაძლებელი რომ კამერა გააქტიუროს, ე.წ. მწვანე შუქის ანთების გარეშე.

2. თუ თქვენ გადმოგიგზავნიან ლინკს ინტერნეტში (ფეისბუქზე, მეილზე თუ სხვა) და თქვენ ლინკს დააჭერთ ხელს, ეს იმას ნიშნავს რომ ავტომატურად აფიქსირებთ თქვენს IP მისამართს. შემდეგ კი პროვაიდერის, ხოლო პროვაიდერთან თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის, მისამართის და მობილური ნომრის პოვნაც კი არ უნდა იყოს მავანისთვის რთული საქმე (ესეც თქვენი ანონიმური გეი ექაუნთი :) )

3. თქვენი ვაირლესი! ვაირლესი საერთოდ დიდი შავი ხვრელია უსაფრთხოებაში :) აქ უკვე ლოკალურადაც კი, ყოველგვარი პროვაიდერის ჩარევის გარეშე შესაძლებელია თქვენი ქსელის გატეხვა და თქვენი არხის "მოსმენა". შესაბამისად თუ არ იყენებთ https კავშირს, ნებისმიერი საშუალებიდან ინტერნეტში გაგზავნილი თუ მიღებული ინფორმაცია, მარტივად იქნება ხელმისაწვდომი სხვისთვის.

აქვე მინდა რამდენიმე ზოგადი რჩევა მოგცეთ, თუმცა უარეს შემთხვევაში პროფესიონალმა თუ არ დააკონფიგურირა სისტემა, ხოლო უკეთესში სპეციალური მოწყობილობებით არ შეართე თქვენი კომპიუტერი, მსოფლიო ქსელს, დიდად არაფერი შეიცვლება, მაგრამ მთლად ლანგრითაც ნუ მივართმევთ ჩვენს კომპიუტერს ჰაკერს:

1. სასურველია ვინდოუსი იყოს ლიცენზირებული ( windows 7 or 8 - რა თქმა უნდა _ მოკლედ ბოლო) და ყოველთვის განახლებული. საერთოდაც Windows რომ არ იყოს და Linux რომ იყოს, უფრო სასურველია.
2. კარგია თუ დააყენებთ ლიცენზირებულ (ანუ ნაყიდ) უსაფრთხოების პროგრამას. პირადად მე რეკომენდაციას გავუწევდი ESET Smart Security-ის
3. არ გახსნათ უცნობი საიტები (განსაკუთრებით პორნო და ხაკერული)
4. არ დახამდეთ ბანერებს, რომლებიც გეუბნებია რომ მილიონები მოიგეთ, ასოს ზომა ორჯერ გაგეზრდება და მაჯებიდან ქსელების გასტყორცნას შეძლებთ.
5. არ გახსნათ უცნობი ადამიანებისგან მიღებული (ნაცნობებსაც მოვერიდებოდი) exe ფაილები, საინსტალაციოები და სხვა. ხშირად ისეც ხდება რომ პროგრამას ფოტოს ან ვორდის ფაილის იკონკა აქვს მითითბული თქვენს მოსატყუებლად. ასე, რომ საერთოდ არ გახსნათ უცხოებისგან მიღებული ფაილები :)
6. ერიდეთ "ფლეშკებს" და ინფორმაციის ჩაწერა გადატანის სხვა მოწყობილობებს - დაცვის გარეშე, მათგან ვირუსები შეუმჩნევლად (მოწყობილობის შეერთებისთანავე ) შეიძლება გავრცელდეს.
7. არ დააკლიკოთ პერსონალურ ინბოქსში (ფეისბუქი, მეილი, სკაიპი და სხვა) უცნობისგან მიღებულ ლინკებს.
8. ეცადეთ უკეთ გაეცნოთ თქვენს როუტერს (აი, ანტენიანი რომელიც არის, "საჰაერო ინტერნეტს" რომელიც ანაწილებს) და იქაც ჩართოთ დამატებითი დაცვის სახით Firewall-ი.
9. ჩაკეტეთ, გამორთეთ ყველაფერი რაც გამოსართავია და გასათიშია. ამაში გუგლი და რამდენიმე სტატია დაგეხმარებათ.
10. არასოდეს დააყენოთ პაროლად შვილის სახელი ან და 1234 - ყოველთვის ეცადეთ თქვენი პაროლები იყოს 8 სიმბოლოზე მეტი, შეიცავდეს სხვა სიმბოლოებს და დიდ და პატარა ასოებს - ასეთი პაროლი, ავტომატური შერჩევის მეთოდით გაცილებით რთული გასატეხია.
11. და ბოლოს - ყველაზე კარგი დაცვა. უმჯობესი იქნება თუ ჩათვლით რომ თქვენი კომპიუტერის ინფორმაცია აპრიორი ხელმისაწვდომია და რაიმე სისულეები არ თქვათ, არ დაწეროთ და არ ჩაიდინოთ :)



მოკლედ დაცვისა და თავდასხმის ციფრულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებზე გაცილებით მეტის თქმა შეიძლება (მითუმეტეს რომ მე არ ვარ პროფესიონალი IT კუთხით), თუმცა მოცემული პოსტის მთავარი სათქმელი ის არის, რომ რთულია გატეხო ფეისბუქი, აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, საბანკო სერვერები და ა.შ. მაგრამ გაცილებით და ძალიან იოლია გატყდეს თქვენი კომპიუტერი, საიდანაც ნებისმიერი პირადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

ასე, რომ...


Wednesday, June 27, 2012

რატომაც არა

ვგიჟდები წვიმიან ამინდზე
წვეთები მაგონებს შენს თავს
ცოტათი კიდე გამიძლე
და წვიმა ერთმანეთს შეგვრთავს

მიყვარს როდესაც წკაპუნებს
შუშაზე წვიმის წვეთი
ეს ხმა ფიქრებით მაპურებს
როგორც ზღვის მონაკვეთი

ვგიჟდები წვიმიან ამინდზე
ყველა ფანჯარა დავხურე
როგორ გითხრა ან განიშნო
რომ შენი სამი საყურე
არის მიზეზი ამ ლექსის
(მგონი ყველაფერს ვართულებ)
და ხესთან ღობეს ამრეზილს
ვუთვლი ჟანგიან მავთულებს

ძალიან მიყვარს... ძალიან...
შენი თმა, წვიმა, სისველე

Sunday, June 24, 2012

რამა

ქალაქში ჯიპები მოძრაობდნენ -
დინჯად და ამაყად.
მათ კარგად ქონდათ გათავისებული
საკუთარი მედიდურობა.

ქალაქში ჯიპები მოძრაობდნენ -
დიდი ბორბლებით.
შუქნიშნებზე ნერვიულად ღრნიდნენ ძრავიდან:
"რა უნდა ჩემ წინ ამ ოპელ-ვექტრას"

და ჯიპები - რომლებიც მრავალდ მოძრაობდნენ სავსე ქალაქში
შუქნიშნებზე და საცობებში პირველობას ცდილობდნენ მუდამ
რადგან საცობი, არაფრით გავს სასუფეველს:
აქ პირველი იქნება პირველი, ხოლო უკანასკნელი უკანასკნელი

ქალაქში ჯიპებს ერთმანეთი ენატრებოდათ...

Saturday, June 16, 2012

საკონსტიტუციო ცვლილება #87

თქვენს წინაშეა, ნაციონალურ-კონსერვატიულ-პატრიოტ-ქრისტიან-დემოკრატიული
ყოვლად სახალხო და ყოვლად ეროვნული წინასაარჩევნო პროგრამა პარტიული
ჩვენ,
როგორც ერის ნამდვილ შვილებს
როგორც ჭეშმარიტ ქართველებს
როგორც ოჯახის ვერ დამგრევ წყვილებს
როგორც უბადლო მმართველებს,
მიგვაჩნია რომ
სამშობლო უფსკრულის პირას არის
რომ ქვეყანა თავზე გვექცევა
რომ ახლა დრო არ არის ბოლო ზარის
რომ დღე ღამედ გადაგვექცევა
და იმისათვის რომ არ მოხდეს ასე
იმისათვის რომ გადარჩეს ერი
რომ არ დავკარგოთ სახე და ვარჩიოთ
იმერულს, ჰოლანდიური ყველი
სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ
კონსტიტუციის დიიდი მინუსი
და ყველა ქართველ კაცს უნდა ჰქონდეს
კანონის ძალით კუნილინგუსი

Friday, June 1, 2012

უნამო დილა

დაღლილი ღამით, ასე უაზროდ
და ნაჩუქარი შენი სუნამო
მე გავიღვიძებ ხვალ შენს გარეშე
დამხვდება დილა - ოღონდ უნამო

ღამით დაღლილი, სადღაც იქ - ახლოს
ქათქათა მკერდზე, შავი გიშერი
მე შენს ტუჩებზე ვინმემ რომ მნახოს
დამიჯერე, რომ ვეღარ მიშველი

ასე უშენოდ, დაღლილი ღამით
ჯერ კიდევ მწვავენ ხელებს ლოყები
რითი მიშველო? არ ვიცი - რამით...
თორემ ყველაფერს მართლა მოვყვები

უბრალოდ ასე, მხოლოდ და ღამით
შენს ნაზ სხეულში გამოწყობილი
დახუჭე თვალი, ოთხმოცი წამით
უშენობისთვის ვარ განწყობილი

დაღლილი ღამით, ასე უაზროდ
და ნაჩუქარი შენი სუნამო
მე გავიღვიძებ ხვალ შენს გარეშე
დამხვდება დილა - ოღონდ უნამო

Sunday, May 20, 2012

დრო

ოდესმე კაცობრიობა თუ გადაწყვეტს ისეთი რესურსების პრობლემას როგორებიც არიან "წყალი, ჰაერი, საკვები", დღისწესრიგში აუცილებლად დადგება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის - დროის პრობლემა.

ვინაიდან ადამიანები, ფიქსირებული ვარგისიანობის ვადით ვიბადებით, დრო ალბათ ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც ინდივიდუალურად, შეზღუდული რაოდენობით გვეძლევა თითეულ ჩვენგანს და რომელსაც ალბათ ყველაზე უდიერად ვხარჯავთ.

ადრე თუ გვიან, კაცობრიობა მთელი სერიოზულობით მოეკიდება აღნიშნულ რესურს, მისი გამოზოგვისა თუ მოპოვების გზებს. თეორიულად შემდეგი მიმართულებები შეიძლება არსებობდეს:

  • ბიოლოგიური პროცესების შეჩერების გზით, ადამიანის ვარგისიანობის ვადის განზრდა

  • ტვინის ნეორონული ქსელისა და ენზიმების აჩქარების ხარჯზე, აზროვნების პროცესის დასწრაფება (ანუ რის მოსაფიქრებლადაც გჭირდებოდათ 1 წუთი გეყოფათ 1 წამი, ასეთ დროს წესით მოძრაობებსაც კი შენებულად დაინახავთ )

  • ინფორმაციის ტვინში ჩაწერისა და წაკითხვის შესაძლებლობა (ინფორმაციის, კერძოდ ცოდნის მიღებაზე ბევრ დროს ვხარჯავთ, მაგრამ პირდაპირ ჩაწერილი ინფორმაცია, საშუალებას არ იძლევა ის გაანალიზო, რაც აზროვნების პრინციპებს აყალიბებს - ასე რომ შესაძლოა დიდი შეღავათი არც იყოს)

  • ტელეპორტირება - ისევე როგორც კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებმა, ტელეპორტი დააჩქარებდა უამრავ პროცესს. ეს ცალკე და დიდი თემაა, რომელზეც ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ვფიქრობ მარტივად მოაგვარებდა ნავთობის პრობლემას, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნების უვიზოდ გადაკვეთა-გადმოკვეთის შესაძლებლობაზე, რაც გეოპოლიტიკას ალბათ თავდაყირა დააყენებდა)

  • დროის შენელება - პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან თუ სწორად მახსოვს დრო ფარდობითი ცნებაა, ანუ გარკვეულწილად მისის შენელება შესაძლებელია (სინათლის სისწრაფის შემთხვევაში, მგონი ნელა გადის)

  • ხელოვნური ინტელექტის შექმნით - უამრავ დროს ვკარგავთ, სოციალურ ქსელებში, ინტერნეტსა თუ ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებებში, საჭირო ინფორმაციის გამორჩევის, დამუშავებისა და შექმნისთვის. წარმოიდგინეთ პერსონალური ბოტი, რომელმაც მშვენივრად იცის რა დაგაინტერესებთ, რა არა და შესაბამისად გადარჩეულ მასალებს გაწვდით სურვილისამებრ. არც საუკეთესო ინფორმაციის მოძიებაში იკლავთ საიტების ქექვით თავს - ყველაფერს თქვენი ბოტი გააკეთებს, თქვენს ნაცვლად. რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვადასხვა სამუშაოებზე, რომელთა შესრულება გარკვეული მითითებების და დაზუსტებების შემთხვევაში ბოტს შეეძლებოდ - თქვენი პირადი ასისტენტი.

  • ტვინის ხელოვნური დაყოფა ბირთვებად - მოგეხსენებათ ჩვენ ტვინის მხოლოდ მცირედ ნაწილს ვიყენებთ. რატომაც არ უნდა იყოს შესაძლებელი რომ ტვინის აუთვისებელმა ნაწილმა იმუშაოს, მაშინ როცა მეორე ნაწილი დაისვენებდა - ანუ ის რასაც ზვიგენი აკეთებს ძილის დროს. ამგვარად ძილის აუცილებლობა მოგვეხსნებოდა, რომელშიც ყველაზე მეტ დროს ვკარგავთ (ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერის გენერირებული, უნიჭო რეჟისურით გადაღებული სიზმრების ყურებაში)


 

მოკლედ, მე არ ვიცი როგორი იქნება მომავალი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მომდევნო მსოფლიო გიგანტი, მსგავსად Google-სა და Microsoft-ისა, აუცილებლად იქნება კომპანია, რომელიც ადამიანებს ყველაზე მთავარ რესურს - დროს აჩუქებს... თუმცა აჩუქებს პირობითათ, ალბათ უფრო პაკეტებად გაყიდის:

სტანდარტ პაკეტი - 2 წელი  - უფასო
პროფესიონალი - 10 წელი - 300.99$
უკვდავი - შეუზღუდავი - 999 999.99$

დრო ხომ ფულია. ფული, რომლითაც დროს (ახლა) ნამდვილად ვერ იყიდი.