Monday, March 11, 2013

სიცოცხლე - 1 ლარად

სრულიად იდიოტური მარკეტინგული კაპმანიებიდან - რა შეგვიძლია ვიყიდოთ 50 თეთრად? და 1 ლარად?

ცხოვრება - მთელი თავისი სილამაზით - ანუ ტკივილით. მე მაინც ვფიქრობ რომ არაფერი არ ალამაზებს სიცოცხლეს ისე, როგორც სიკვდილი. რომ არა ის, სრულიად უმნიშვნელო და უფასური იქნებოდა ყველაფერი. მისი აღმატებულება სიკვდილი კი ყველაფერს ცვლის - სიცოცხლე ფასდაუდებელი ხდება.

გიორგი ყორღანაშვილი ჩემი ძველი ნაცნობია. ის ჩემზე გაცილებით უმცროსია. ძალიან კარგი ადამიანი - ისეთი, პირველივე ნახვით რომ სინათლით აგავსებს.
რა შეიცვლება სამყაროში მის გარეშე - გულის სიღმეში ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ასობრივად არაფერი.


რა არის სიცოცხლე? ამ დროს ყოველთვის ჩოხელი მახსენდება: “სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”...

არ ვიცი თქვენი და მე ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე. შესაძლოა იმიტომ, რომ ბოლო წლები, რამდენჯერმე თვალებში ჩავხედე მას. მაშინ როცა მომაკვდავ მამას ვერ ჩავუსწარი სამტრედიაში, მაშინ როცა ბიძაჩემი დავაწვინე საოპერაციო მაგიდაზე - "უჰ, რა ცივი ყოფილაო" რო ჩაილაპარაკა, ნახევრად გათიშულმა, მე ხელი მოვკიდე და ჩავჩურჩულე - ძალა დაზოგე, ყველაფერი კარგად ინქებათქოო.... მე სიკვდილი გავიცანი - მე მას შევეხე.

შესაბამისად მინდოდა თუ არა, უნებლიედ გავიცანი სიკვდილი. ყოველთვის როდესაც სოციალურ ქსელებში მორიგ გავრცელებულ მოწოდებას ვხედავ - ვინმეს დასახმარებლად, ძალიან მძაფრად ვგრძნობ სიცოცხლეს. წარმომიდგენია რომ მე ძალმიხდილი ვწევარ რომელიღაც პალატაში და გაყინული მზერით, უბრალოდ ბედს ვარ მინდობილი.

ბედს და რწმენას - რომ ამ რთულ მომენტში სხვები იზრუნებენ ჩემზე. რომ ყველაფერი სხვებზეა დამოკიდებული. რომ მე არაფერი შემიძლია და თუ ეს გარდაუვალია, მე სიკვდილს ამაყი შევხვდები.

ყორღანა ახლა ძალიან ცუდად არის. მე არ ვიცი სად არის ის, რაზე ფიქრობს მაგრამ მე, სწორედ ისე როგორც წარმომიდგენია - ვწევარ წარმოსახვით პალატაში, თვალები ცრემლით მევსება და არაფერი შემიძლია გავაკეთო მის დასახმარებლად, თუ არა თუნდაც ეს სულელური პოსტი.


ნიჰილიზმი, ანუ რწმენის არქონა ადამიანის, საკუთარი თავის მიმართ. არა და ჩვენ მარტივად - სულ ოდნავი ძალისხმევით შეგვიძლია გადავარჩინოთ გიორგი ყორღანაშვილი.

და ამით რა შეიცვლება? - არც არაფერი - უბრალოდ ყველა ჩვენგანს, ოდესმე გაგვახსენდება, რომ "სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა..." და რომ " სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არ ყოფნის სევდა".

ნუ შეგეშინდებათ სიკვდილზე ფიქრის. ნუ შეგეშინდებათ იმის წარმოდგენა, რომ ისეთი სიცოცხლით სავსე ადამიანის ადგილას, როგორიც გიორგია, თქვენ აღმოჩნდეთ.

ნუ დაგეზარებათ - შესაძლოა ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია, თუ არა საკუთარი თავის - ეს კი მცდელობად ნამდვილად ღირს.