Thursday, July 5, 2007

კამელია

შენ ხარ ჩემი კამელია
ხან მტრედი და ხან მელია
და მიყვარხარ როგორც მინდორს
პეპლები და ქამელიონს
ფერები და შემოდგომას
ფოთოლცვენა...
და ჩემს ტუჩებს
შენი ენა
შენ ხარ ჩემი კამელია
რითმებიც არ დამელია
და ვაგრძელებ როგორ ძლიერ
მიყვარხარ და როგორ მძლიე
როგორ მინდა შენი სითბო
როგორ მინდა ვიყოთ მთაში
შენ ქსოვო და მე რომ ვთიბო
და რომ შენ ხარ კამელია
სწორედაც ეგ სადღეგრძელოდ
მინდოდა რომ დამელია
ჭიქით ხელში, ხელის გულზე
გული რომ გადამერია
აღარც ვიცი რით ვუშველო
სიტყვებიც კი ამერია
შენ კი ჩუმად ჩამჩურჩულებ:
“კამელია...კამელია...”

დრო

დრო რომ გაიყინოს, ირგვლივ რომ ყველაფერი გაჩერდეს და მხოლოდ მე დავრჩე მოძრავი (ოღონდ არა დროში, არამედ სივრცეში) და ეს ყველაფერი რომ იყოს სამუდამო-მარადიული, მაშინ, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოს საოცრებები ვათვალიერო, მოგძებნი შენ, შენს წინ დავდგები და დავაკვირდები შენს ლამაზ სახეს რადგან ეს ყველაზე დიდი საოცრებაა მთელს დედამიწაზე და მაშინ ამ საოცრების წყალობით დრო ჩემთვისაც გაიყინება და გაიყინება სამუდამოდ, რადგან მშვენიერების აღსაქმელად მარადისობაა საჭირო.

შენს ლამაზ სახეს
გაყინულს დროში
სამარადისოდ დავაკვირდები...
დავაკვირდები და გავკვირდები
ამ საოცრებით
ამ სილამაზით...
შენს ლამაზ სახეს
გაყინულს დროში
დავაკვირდები
ისევ და ისევ
სამარადისოდ
სანამ გადის დრო
ამ საოცრებას
არსად ოცნება
ქვეყანაზე
არ შეედრება
გთხოვ შეისმინე შენ
სიყვარულო
ეს განწირული
და საოცრად უსუსური
ჩემი ვედრება

მალე დავბრუნდები

მას ქონდა სახლი
მისი სახლი იყო სამყარო
ერთხელაც სახლიდან გავიდა და არ
დაბრუნებულა

მე წავედი
და ცაზე დავტოვე წარწერა
"მალე დავბრუნდები"
ნუთუ მას შემდეგ
ერთხელაც არ
გინახავს ცა?!

შენ და შენი თოკის კიბე

მან მოხატა ის ცის კიდე
მე რომ მომწონს ძალიან
და რომ მომწონს იცის კიდეც
როგორც ამორძალი ან
როგორც ფრენა უსასრულო
როგორც ჩუმი ხეობა
როგორც მთაში მწყემსობა და
თან მევენახეობა.
მან მოხატა ის ცის კიდე
მე რომ მომწონს ძალიან
და რომ მომწონს იცის კიდეც
როგორც ამორძალი ან...

ბილიკი

გთხოვ
თუკი უკეთ
გახდები
ნუკვეთ
ამ ვიწრო ბილიკს.
შენს მოქნილ თმებში დავიკარგე
როგორც ნაკრძალში,
დავეძებ ბილიკს რომ წამიყვანს
თემიდან მთებში,
რა საჭიროა
რომ იარო
შენ ჩემთან ერთად,
მაშინ როდესაც შეგიძლია
იარო ჩემში...

ჟანგიანი რელსები

სადაც არ უნდა ვიყო
რა გზაც არ უნდა მქონდეს
როცა ზუსტად არ ვიცი
ისე ვიცოცხლებ რომ დღეს
არ მოვკვდები და ხვალ ხომ
ისევ დღეს ვხედავ-წარსულს
მაგრამ ერთადერთ წერტილს
გეჭიდები და არ მსურს
იყო რაღაცა დიდი
იყო საოცრად წმინდა
მე შენი თვალის სითბო
და მოფერება მინდა
და ყველგან სადაც ვებრძვი
კლდეს ციცაბოს თუ მართობს
შენი სათუთი ხელის
მოგონება თუ მართობს
სადაც არ უნდა ვიყო
და გზაც რომ აღარ მქონდეს...

Monday, June 25, 2007

შენ

ამ გრძნობას დაგროვილს
მირჩიე რა ვუყო
ჩემში არ ეტევა
იქნებ ცას გავუყო
იქნებ მზემ მომიყვეს
სადახარ რას შვები
იქნებ ზღვაში არის
რაიმე საშველი
არმინდა არც მზე არც ზღვა არც მთები
გაყინულს არ მინდა არც ცეცხლის დამთები
უბრალოდ ვიცოდე რომ სუნთქავ – გავთბები

Thursday, June 21, 2007

წვეთი

შენი მონატრება თვალეებს შეერია...
დილით ყვავილები ისევ არ მომირწყავს...
ჩემი ოქროს თევზი ისევ მშიერია...

ხელმა შენი სითბო ისევ მოინატრა...
შენი გაგონება მინდა წვიმასავით...

ლექსი ნაწყვეტია, ხომ არ დაიღალე...
ალბათ გალიაში ფრთები დაგეღალა...
მე კი სამახსოვროდ დამრჩა შენი ღილი...

Thursday, June 14, 2007

როდესაც გემო გადადის...

ყოველ ზამთარს მე და ჩემი და ბაკურიანში დავყდით მშობლებს. ძალიან პატარები ვიყავით მაგრამ ბევრი რამ ძალიან კარგად შემორჩა მეხსიარებას.

მახსოვს თოვლი, ქალები რომლებიც თბილ ქუდებს ყიდნენ ხელის მტევნებზე ტრიალით, ჰაერში მოხალული მზესუმზირის სურნელი და უგემრიელესი ქადა...

როდესაც თოვლში სეირნობა არ გვინდოდა დედაჩემი ცისარყელას იშველიებდა რომელიც თითქმის ყოველდღე ალამაზებდა ცას. საკმარისი იყო ეთქვა "ცისარტყელის ქვემოთ თუ გაივივლით ყველა სურვილი აგიხდებათო", რომ ჩვენც მზად ვიყავით მთელი დღე დაუღალავად გვევლო იმ დროისთვის ჩვენთვის გაუვალ და გაუკვალავ თოვლში.

სახლში რომელიც ქირით გვქონდა რათქმაუნდა სხვა დამსვენებლებიც ცხოვრობდნენ.

ერთ მშვენიერ დილას როდესაც მორიგი ექსპედიციისთვის ვემზადებოდით ბაკურიანის მთებში, ჩვენმა მეზობელმა კვერცხის ღვეზელები მოგვიკითხა.

დედაჩემმა წყალი აადუღა, ჩაი დაასხა და მეზობლის მორთმეული ღვეზელები ლამაზად დაჭრილი წინ დაგვიწყო მე და ჩემს დას.

ჩემი კვება დედაჩემის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ჩემთან მიმართებაში... ძალიან ცოტას ვჭამდი და ძალიან გამხდარი ვიყავი... ორი ფრაზა რომელიც გამჯდარი მქონდა ძვალსა და რბილში (პირდაპირი მნიშვნელობით) იყო "ლაშა გაიმართე" და "ლაშა ჭამე"...მეორე ფრაზას განსაკუთრებული სასოწარკვეთით და თავგანწირვით წარმოთქვამდა ხოლმე დედა.

პირველი ხუთი ფრაზა "ლაშა ჭამე" საკმაოდ მშვიდად წარმოთქვა დედაჩემა. მეოთხე ჯერზე მივხვდი რომ სასწრაფოდ თუ არ შევჭამდი მეხუთე ნაბიჯზე დედაჩემი ფრაზით აღარ შემოიფარგლებოდა.

ძლივს ავიღე ხელში მეზობლის ძღვენი და მოკრძალებულად ჩავკბიჩე. კისერში რომ რამენაირად გადამტეოდა ჩაიც მინიმალური ოდენობით მოვსვი... მოვსვი და გავწითლი...ღვეზელი საოცრად მწარე იყო...საშინელი გემო ქონდა... ჩემს დას შევხედე...ისიც ჩემს დღეში იყო საწყალი... სახეზე ჭარხალივით იყო გაწითლებული...

მე ამ ღვეზელს არ შევჭამ... ცუდი გემოაქვს გამოვუცხადე დედაჩემს... დედაჩემა კარგად იცოდა ჩემი შემუშავებული სტრატეგიები. ზუსტად ხუთ წამში ხელში კარაქის და თაფლის სქელი ფენით დაფარული პური მეჭირა.

ისევ სიმწრით მოვკბიჩე ჩემთვის ყველაზე არასასურველი ორი კომპონენტით გაფორმებული პური და ისევ მინიმალური ოდენობით მოვსვი ჩაი... მაგრამ ... ღვეზელს ისეთი საშინელი გემო ქონდა რომ თაფლიანი პურიც ისეთივე მწარე მომეჩვენა... მაშინ არვიცოდი ჩემს მიერ ზემოთ რთულად ფორმულირებული მარტივი აზრი დედაჩემისთვის როგორ ამეხსნა რომელიც უკვე წარბებშეკრული და გაბრაზებული უყურებდა ჩემს დაჭყანულ სახეს და გამოვაცხადე... – "მე ვერ შევჭამ კარაქიან პურს, გემო გადადის"...

დედაჩემმა რათქმაუნდა ვერ გაიგო რას ნიშნავდა "გემო გადადის" მაგრამ მშვენივრად მიხვდა, რომ კარაქიანი პურის ჭამას არ ვაპირებდი... ვატყობდი, რომ დედაჩემის მოთმინების ფიალა ნელნელა ივსებოდა...

მომდევნო ხუთ წუთში ვცადე მეჭამა, ხაჭაპური,ლობიანი, კარტოფილის ღვეზელი და ქადა რომელზეც არასოდეს ვამბობდი უარს...მაგრამ მწარე გემო ყველაფერზე გადადიოდა... დედაჩემა ვეღარ მოითმინა ჩემი და ჩემი დის წუნიაობა და გამწარებულმა გვიყვირა "ჭამეთ ეხლა თორე არ ვიცი რასგიზამთ"... მე კიდე რამდენიც არ უნდა მეცადა, პირში ისეთი საშინელი გემო მოქნდა, რომ ლუკმას ვერ ვყლაპავდი... ოთახში სრული ისტერიკა დაიწყო...

– თუ ჭამა არ გინდა მითხარი – კივის დედაჩემი
– არა, მშია...უბრალოდ გემო გადადის...
– რას ქვია გემო გადადის? ნუ გამაგიჟე...
– გემო გადადის და რავქნა?
– შენ მე გამაგიჟებ..გინდა ჩავალ და ახალ ქადებს გამოგიტან...
– რა აზრიაქვს...გემო მაინც გადავა... – გავაკეთე გრძელვადიანი პროგნოზი...
– რაზე გადავა გემო? – დედაჩემის შეკითხვა მუდარას შეიცავდა
– მომდევნოზე...

დედაჩემი ისტერიკაშია... ღვეზელი გასინჯა... რა გინდა ამ ღვეზელთან... უგემრიელესია... ქადაც, ხაჭაპურიც...

მე დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი როგორ ახდენდა დედაჩემი მაგიდაზე დაგროვილი კერძების დეგუსტირებას...როდესაც მორჩა მთელი გულით ვკითხე "გემო არ გადადის?"...

დედაჩემი გაგიჟდა...ვერაფრით ვერ გაეგო რას ნიშნავდა "გემო გადადის"...

უცებ დედაჩემი გაშრა... თვალი პირველად ჩემი დისკენ გაექცა რომელსაც თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა, მერე ჩემი დის ჭიქას დახეად რომელიც თითქმის ფსკერამდე იყო დაცლილი, მომდევნო ობიექტი მე ვიყავი – ჩემზე მზერა ყველაზე ცოტახანი შეაჩერა...და გაზქურაზე დადგმულ ორ წითელ ჩაიდანს მიაშტერდა...

ეხლა უკვე მე ვერ გავიგე რას ნიშნავდა მზერის ასეთი თანმიმდევრობა... შევხედე ჩემს დას – რომეილიც ღვეზელით ნასიამოვნებს ნამდვილად არ გავდა და მერე დედაჩემს – რომელიც ისევ გაზქურაზე დადგმულ ჩაიდანებს უყურებდა...

უცებ დედაჩემმა ჩემი და გულში ჩაიკრა...მოგიკვდეს დედა... რამ დაგალევინა ეს ჩაიო – დაუწყო ფერება...

ბაკურიანიდან კიდევ ბევრი მოგონება შემორჩა მაგრამ ამ ისტორიის დასასრულებლად ორ მათგანს გავიხსენებ.

მახსოვს იმ დილით, ერთერთი წითელი ჩაიდნიდან ჩემს დას დედაჩემმა სოდის ინგალაცია გაუკეთა, რადგან გაცივებული იყო და ახველებდა...

მახსოვს იმ დღეს ცისარტყელისკენ ძალიან ძალიან ბევრი ვიარეთ ...

მოგეფერები

მოგეფერები თვალებზე
თმებზე
მხრებზე
დაგიწერ ლექსებს
მზეზე
ყვავილზე
მთებზე
გაკოცებ სულში
მკერდზე
ვერვძლებ

Tuesday, June 12, 2007

"პეტროფი"

მერვე კლასი დიდი ზარ-ზეიმით დავამთავრეთ. გამოცდები მივახრჩვეთ და ცხელი ზაფხულიც დაიწყო. საერთოდ არ ველოდი ისე, საზაფხულო ბანაკში აღმოვჩნიდთ მე და ჩემი ორი მეგობარი.

საგზური ორკვირიანი იყო და პირველსავე დღეს დავიწყეთ ტირილი, რომ დარჩენა უფრო დიდი ხნით არ შეგვეძლო.

ჩავედით. დავბინავდით... ბანაკი სავსე იყო ახალგაზრდებით...

იყო ფეხბურთის და კალაბათბურთის მოედნები,ჩოგბურთის მაგიდა, ბილიარდი... მოკლედ, ყველაფერი, რაც კარგი დასვენებისთვის არის საჭირო.

კიდევ იყო ზღვა... უფრო სწორად, დამცავი ბარიერით შემოსაზღვრული ზღვის ნაგლეჯი, რომელშიც შესვლისას მე და ჩემს მეგობრებს წყალი მუხლამდეც არ გვწვდებოდა. ბარიერის ირგვლივ იმდენივე (ან ოდნავ მეტი) მაშველი იყო, რამდენ ადამიანსაც გვტენიდნენ ზღვაში ჩადგმულ გალიაში. რაც შეეხება ზღვას, აქვე ვიტყვი, რომ პირველსავე "ბანაობაზე" თავი სავსე ავტობუსში მეგონა, სადაც ძალიან ძალიან ცხელოდა... მსგავსი ტრანსპორტით "მგზავრობის" მცდელობა იქ ყოფნის განმავლობაში აღარ განმიმეორებია.

დღე ძალიან ადრე იწყებოდა. დილით ადრე ადგომას და გამამხნევებელ ვარჯიშს მიჩვეული ბავშვები, ნახევრად თვალდახუჭულები, ვცდილობდით, რამდენიმე სავალდებულო წრე დაგვერტყა ბანაკისთვის...

შემდეგ იწყებოდა ნამდვილი საგიჟეთი... ბანაკი იყოფოდა ორ გუნდად – იქნებოდა ეს ფეხბურთი, კალათბურთი, შეჯიბრება სირბილში თუ სიგრძეში ხტომაში...

წარმოიდგინეთ ენერგიით სავსე გაგიჟებული ახალგაზრდების ორი ბანაკი, რომელიც ბოლო ხმაზე კივის და გულშემატკივრობს თავის გუნდს...

ალბათ, სამოთხე ყოველდღე იცვლება (თან ისე, რომ ეს ცვალებადობაც კი არაა მისი დამახასიათებელი მუდმივი ნიშანი), თორემ, რაც არ უნდა კარგი იყოს მაინც მოსაწყენი იქნება...

პირველი კვირის მიწურულს საოცრად მოგვბეზრდა ჩვენი ბანაკი თავისი შეჯიბრებებით, გოგოებთან არშიყით და ჩალურჯებული თვალების დასაფარი მუქი სათვალეებით...

გადავწყვიტეთ ჩვენებთან დაგვერეკა და ბანაკიდან წავსულიყავით. ტელეფონი არ იყო, ბანაკიდან გასვლა კი დღეში ერთხელ, ისიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო.

"ფოსტა სად არის, ხომ ვერ მიმასწავლით" – დაახლოებით ორმოცდაჩვიდმეტჯერ მომიწია შეკითხვის დასმა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. როგორც იქნა, ფოსტას მივაგენი. ეს იყო ხის კედლებიანი პატარა ოთახი.

ოთახში შესულს პატარა მაგიდა და მაგიდასთან კარგად მოკალათებული, არც თუ ისე მცირე გაბარიტების, ქალბატონი დამხვდა.

– გამარჯობათ, სამტრედიაში მინდა დავრეკო.

ქალბატონმა ჯერ შთამბეჭდავი ზომის წამზომი ამოიღო ჯიბიდან და სხარტად ჩამომიყალიბა სერვისის პირობები:
"თუ ზარი გავა და არავინ გიპასუხებთ – ლარი, თუ გიპასუხებენ და ისაუბრებთ, ერთი წუთი ორი ლარი, იხდი წინასწარ, რამდენიც გინდა, რომ ისაუბრო"...
სხარტად გადავიანგარიშე და პირველ კვირაში გაფლანგული ბიუჯეტიდან 3 წუთისა და 10 წამის ხურდა იყო დარჩენილი...

"წამები მრგვალდება წუთებამდე" – იქვე დააყოლა ქალბატონმა, რომლის ტელეპატიურ შესაძლებლობებში წამიერად ეჭვი შევიტანე.

მაშ ასე... გვაქვს ნომერი, დიდი სურვილი, რომ გავიქცეთ ბანაკიდან სადმე სხვაგან და ხურდა, რომლითაც ძვირფას ოჯახს ვეტყვი, ჩამოგვაკითხონ და წაგვიყვანონ.

ქალბატონმა კოტიტა თითებით სწრაფად აკრიფა ჩემი ტელეფონის ნომერი შავ, ბარაბნიან ტელეფონზე და მძიმე ყურმილი გადმომაწოდა...

რამდენიმე წამი უცნაური ბგერების მოსმენის შემდეგ ზუმერი გაისმა – (მინიმუმ ლარი უკვე გავხარჯე).

– ალო,– რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ აიღო ყურმილი დედაჩემმა.
– ალო, – ვერ მოვასწარი მეთქვა, ქალბატონმა ისეთი აზარტით და დაქაჩული თვალებით დააჭირა წამზომის ღილაკს ხელი, რომ მეგონა, ოლიმპიადაზე სტარტი ავიღე გრძელ დისტანციაზე სირბილში.
– დედა, მე ვარ, ლაშა – ძლივს ამოვახრიალე ბანაკში გულშემატკივრობის დროს ჩახლეჩილი და დაბოხებული ხმა... ხმა მართლაც ისე მქონდა შეცვლილი რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი საუბრისას.
– რა მოუვიდა ლაშას? – გავიგონე დედაჩემის აკანკალებული და შეშინებული ხმა...
– დედა, მე ვარ, მე... ცუდად გესმის? რა შვები როგორ ხარ?
– სადაა ლაშა, რა მოუვიდა? შენ რომელი ხარ?.. გეხვეწები, არაფერი დამიმალო, ყველაფერი მითხარი – მესმის დედაჩემის ისტერიული კივილი...
–დედა, რაგჭირს, დაწყნარდი... დრო ისედაც ცოტა მაქვს... ხმა მაქვს უბრალოდ ჩახლეჩილი...
– რა მოუვიდა ჩემს შვილს, მითხარი... – არ იშლის თავისას დედაჩემი.
– დედა, დაწყნარდი და სოფოს დამალაპარაკე.
დედაჩემის კივილზე, "ლაშას რა მოუვიდაო", მთელი ოჯახი ტელეფონთან შეიკრიბა...სცენა უკვე წარმოვიდგინე და შეშინებული თვალებით ქალბატონს ავხედე, რომელიც ცდილობდა, ენიშნებინა, რომ ერთი წუთი უკვე გავიდა.
– სოფო, როგორ ხარ?აზრზე ხარ, ნათომ ხმაზე ვერ მიცნო...
–ეს ლაშა არაა, შორიდან გავიგონე ჩემი დის ატირებული ხმა...

– ალო! – ეს უკვე მამაჩემია...ნამდვილად არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეში ხდება...
– მამა... რაგჭირთ, ნუ გამაგიჟეთ... რით ვერ მიცანით, ასეთი რა ხმა მაქვს შეცვლილი...
–რა ხდება ლაშა?! – ტექსტზე, ხმასა და ინტონაციაზე მივხვდი, რომ მამაჩემიც სხვას ესაუბრებოდა...
– არაფერი, უბრალოდ, მოგვბეზრდა ბიჭებს და წამოსვლა გვინდა. ჩამოგვაკითხეთ.

დავარდნილი ყურმილის ხმაზე მივხვდი, რომ ეს აღარ უნდა მეთქვა... დედაჩემის ჰიპოთეზა სრულფასოვნად დავამტკიცე... ოჯახში სრული პანიკაა...მე გაშტერებული ვდგევარ ყურმილთან და არ ვიცი როგორ, დავუმტკიცო ოჯახს, რომელმაც შეცვლილი ხმის გამო თქვა ჩემზე უარი, რომ მე მე ვარ...

- რა მოუვიდა, შვილო ლაშას? – ატირებული ხმით ისე გულისამაჩუყებლად მკითხა ბებიაჩემმა, რომ სიმართლე ვეღარ დავმალე.
– არაფერი, ბებო, ლაშას ყველაფერი წესრიგში აქვს...
– სადაა, ბებო, შენ რატო დაგარეკინა ჩვენთან?
– კარგადაა, უბრალოდ, გარეთ ბანაკიდან არ გვიშვებენ. ერთი წამით სოფოს დამალაპარაკე, თუ შეიძლება

წამზომზე ჩემი ბიუჯეტით განსაზღვრული ბოლო წუთი დაიწყო... ბოლო ძალებით... ბოლო იმედით... ბოლო ამოსუთქვით... შევეცადე მთელი ძალით... რა ვუთხრა... როგორ ვუთხრა... როგორ დავაჯერო... რომ ეს მე ვარ... რომ ისინი ჩემი ოჯახია...


– ახლა, გოგო, კარგად მომისმინე...თორე, თუ მოვედი მანდ, მაგ თმებს ბღუჯად დაგაგლიჯავ ხო იცი... რასაც გეუბნები, კარგად მომისმინე და ჩვენები მასიურ ისტერიას რო მორჩებიან, გადაეცი ... – შესავლის მერე მივხვდი, სოფომ აშკარად დაიჯერა, რომ მე ვიყავი...ამას მისი შეწვეტილი ზლუკუნიც მიდასტურებდა, – მოკლედ, უთხარი, რომ...

"კითხე ჩვენს პიანინოს რა ქვია..." – ძალიან შორიდან გავიგონე დედაჩემის განწირული ხმა, რომელიც ცოტახანში ყურმილშიც განმეორდა
– თუ მართლა ლაშა ხარ, რა ქვია ჩვენს პიანინოს?
დედაჩემის საზრიანობით და შეკითხვით ისე დავიბენი, რომ ჩემი სახელიც კინაღამ დამავიწყდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ბოლო ხმით ამოვიხნავლე:

– "პეტროფი"...
– ლაშაააა... – გავიგონე დედაჩემის გახარებული ხმა
– დედაააა... – მეც ისე გამიხარდა, თითქოს სიკვდილს დავაღწიე თავი...

– ტუუუუუუ... ტუუუუუ...ტუუუუ....

ქალბატონმა ტელეფონს გასათიშად ისე დაარტყა თითი, რომ მეგონა უეჭველი მოტყდებოდა...

ემოციებისგან გაცლილმა, ხელები ჩამოვყარე და ჩაცრემლებული თვალებით, წარბეშკრულ ქალბატონს შევხედე.

– კიდე გინდა სადმე დარეკვა?..

Wednesday, June 6, 2007

ბილიკი ცაში

შენ თბილი ხარ...როგორც მზეზე მიფენილი მზესუმზირები
შენ გრილი ხარ...შენი თმები მახსენდება ნაპირთნ ახლოს
შენ ვაზი ხარ...შენი ხელის თხელი მტევნები
შენ ნაზი ხარ...შენს ცრემლებს ისევ დავედევნები
შენ გზაშ ხარ...გზა რომელიც არმოდის ჩემთან
შენ სახლში ხარ...შენი სახლი ისევ ღიმილი
შენ კარი ხარ...მომეკარი თორე ისევ ისე შემცივდა
შენ ქალი ხარ...წერტილებით აღმართული ზეცაში კიბე

Tuesday, June 5, 2007

მამალო...

სოფელში ცხოვრებისას სისხამ დილით ვიღვიძებდი. ეს სოფლის ცხოვრების რიტმით სულაც არ იყო გამოწვეული. საქმე იმაში იყო რომ ყოველ დილით ჩემი მეზობელის შეკივლება მაღვიძებდა. მარტოხელა ქალს ხმის გამცემი არავინ ყავდა...უძილობა აწუხებდა და ყოველ დილით ადრე იღვიძებდა... მისი ერთადერთი მეგობარი მისი ერთგული მამალი იყო... მამალი რომელსაც მეზობლებმა "მამალო" შევარქვით.

"მამალო... მოდი აქ მამალო... " – ამ შეძახილზე ვიღვიძებდით ყოველ დილით (შუაღამეც მოუხდებოდა დროის ამ მონაკვეთს) მე და ჩემი მეზობლის საწყალი მამალო.
დამიჯერეთ ძილი ისე მიყვარს ამ ერთ შეძახილს რომც გავეღვიძებინე ძილს აუცილებლად გავაგრძელებდი მაგრამ ვინ გაცლიდა.

"მამალო... რაქენი დალიე წყალი?"... არვიცი მამალი ამ დროს რას პასუხობდა მაგრამ სულ ცოტახანში ბოლო ხმაზე მესმოდა კივილი "მამალო... მოდი მამალო საჭმელი დაგიყარე"...ცოტაც და ჩამეძინება. "მამალო, რამდენჯერ გითხრა საჭმელს ლეღვის ხესთან დაგიყრი დილით თქო"... მიუხედავად იმისა რომ ამ შეძახილებს საკმაოდ მიჩვეული ვიყავი უცნაური ფრაზები ხანდახან მაინც მჭრიდა ყურს:
  • "მამალო, ტელევიზორი გამორთულია?"
  • "მამალო, შუქი რო მოვა გამაგებინე"
  • "მამალო მეზობელთან გადავდივარ და აბა შენ იცი, დედლებს მიხედე"

ასე გრძელდებოდა ინტენსიური საუბარი მამალთან მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა რომ მამალო ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო ერთხელაც არ მყავდა თვალით ნანახი.

ერთ მშვენიერ დილით კივილმა ჩემი თბილისელი ძმაკაცი – სოლომონი გააღვიძა...

– მამალოოოო... მამალოოო....
ნახევრად მძინარე სოლომონმა დაფეთებულმა გაახილა თვალები
– მოკვდა ვინმე?
– არა, დაიძინე... ჩემი მეზობელი თავის მამალს აღვიძებს...
– არადა პირიქით ვიცოდი
– კი, საერთოდ მამლები აღვიძებენ ადამიანებს მაგრამ ეს გაწვრთნილი მამალია...რეჟიმში ყავს და ყოველ დილით აღვიძებს რომ ფორმაში ყავდეს...

სოლოს გემრიელად გაეცინა მაგრამ...

"მამალო, ლეღვის ხესთან, ლეღვის ხესთან მიდითქო ხო გითხარი..."

– მოიცა ხეებსაც არჩევს?
– ხეებს კი არადა ათის ფარგლებში ანგარიშობს – ვუპასუხე სრული სერიოზულობით.
– ვინ ბიჭო, მამალი?..
– მამალი ეძახე და ხუთი წელია წვრთნის...ეტყობა რეფლექსების დონეზე აქვს გამომუშავებული – სხარტად მოვუძებნე მეცნიერული ახსნა აღნიშნულ ანომალიას.

სოლომ კიდე ერთხელ გაიღიმა და დასაძინებლად გადაბრუნდა მაგრამ ვინ აცალა...

– "მამალო, სადაა ჩემი ჩუსტები..."

უნდა ვაღიარო ფრაზა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო... სოლომონმა ისეთი შეურაცხადი სახით შემომხედა რომ საფრთხე აშკარად ვიგრძენი.

– ჩუსტების მიტანა ასწავლა ერთი თვის წინ და ეხლა თურმე დაათრევს ამ ჩუსტებს მთელს ეზოში...კაი რა მამალია ბოლობოლო რა უნდა მოთხოვო – "კაი რა გაკვირვებული მიყურებ" – ინტერპრეტაციით გავკიცხე მამალოს შესაძლებლობები" – და ეხლა მე გადავბრუნდი დასაძინებლად, იმიტომ რომ სიცილს აშკარად ვერ ვიკავებდი.

ხმაურზე უკან მივიხედე

– რაშვები?
– უნდა ვნახო.
– მოიცა გათენდეს ცოტა...ეხლა მაინც ვერ დაინახავ
– არა მაინც არ დამეძინება
– გათენდეს და ერთად ვნახოთ. თან სხვა რაღაცეებსაც გვაჩვენებს – ვიგრძენი რომ "მამლის ეფექტს" სრულად მივაღწიე.
– უკვე ჩავიცვი
გავხედე, სრულ მზადყოფნაში იყო მოლაპარაკე მამლის სანახავად გამზადებული.
– შენ ჯარში არ გაგიჭირდება ისე – ამის თქმა ძლივს მოვასწარი რომ ჩემი შემდგომი ისტერიული ხარხარი რამეთი გამემართლებინა...

10 წუთში ორივე ჩემს აივანზე ვიდექით, საიდანაც ხელის გულივით მოჩანს მეზობლის ეზო, უფროსწორად კარგად გამოჩნდებოდა მზეს რომ სულ ახალი გამოჩენილი არ ყოფილიყო ჰორიზონტზე.

– სადაა მამალი – ჩურჩულით მეკითხება სოლო
– მე რავიცი. ალბათ სახლში– ჩურცულით ვუპასუხე მეც
– რაუნდა მამალს სახლში?
– შენი აზრით დათვლას საქათმეში ასწავლი მამალს?! ავარჯიშებს.

– ალბათ ყავის მოდუღებას ასწავლის–სოლომ უკან დასახევი გზა მაინც დაიტოვა
– არარსებობს!
– რატო ჩუსტების მიტანა თუ ასწავლა?
– არა, უბრალოდ ჩემი მეზობელი ყავას არ სვამს...

სადილთან ცოტა შეშინებული დედაჩემი გვეკითხება:
– რა სულელებივით იცინოდით დილით აივანზე?
– გაწვრთნილი მამლის ნახვა გვინდოდა – დამასწრო სოლომ
დედაჩემს უკვე საკმაოდ გაოცებული სახეო ქონდა მაგრამ სოლომონმა გააგრძელა
– მაგრად მაინტერესებს ჩუსტები ნისკარტით როგორ მიაქვს

დედაჩემა გადმომხედა მიხვდა საქმე რაშიც იყო და სიცილი ვერ შეიკავა... სოლომონმა დედაჩემს გადახედა მერე მე შემომხედა...ეხლა მანაც მიხვდა საქმე რაში იყო და უცებ სიცილი ვერც მან შეიკავა...

ვიტყოდი რომ ეს ისტორია კარგად დასრულდათქო სოლომონს პირში ჩაი რომ არ ქონოდა დაგუბებული და თან ჩემს წინ რომ არ მჯდარიყო... ამაზე დედაჩემიც და სოლომონიც ხო საერთოდ ჩაბჟირდნენ...

ლირიული გადახვევა:
... მაღლივში მახსოვს ჩემა ლექტორმა ერთ სტუდენტს რომელიც ხუმრობის მეტს არაფერს აკეთებდა ლექციაზე უთხრა – "იცინის ის ვინც ბოლოს გაიცინებსო"... ჩემა ქუთაისელმა კურსელმა ფრაზის დასრულებაც არ აცალა ისე უპასუხა – "მაგი მასე არ ერითმება პატივცემულოო..."

მორალი:
იცინის ის ვინც ბოლოს იცინის...

Monday, June 4, 2007

ვარსკვლავი

ბევრი ვარსკვლავი რომელსაც ვხედავთ დღეს აღარ არსებობს. ეს მხოლოდ შუქია მათგან მილიარდობით წლების წინ გასხივებული.
შენც ვარსვლავიხარ... ჩემი ვარსკვლავი. გაივლის უამრავი წელი და მე დავინახავ შენს ბრწყინვალებას.

Friday, June 1, 2007

ომი

თავისუფლად შემეძლო ეს ნაწერი "ომობანათი" დამესათაურებინა, მაგრამ როდესაც წაიკითხავთ მიხვდებით რომ აშკარად შეუსაბამო სათაური იქნებოდა...

იმ ასაკშივართ როდესაც "მანქანობანას" თამაშს და ეზოში ხის თოფებით სირბილი, განწირული ყვირილით "ბახ შენ მკვდარიხარ... მკვდარიხარ ნუ მირბიხარ მეთქი..." მაგრად მოგვბეზრდა...

უბანში ბიჭები ბლომად ვიყავით. არ ვაციე და არ ვაცხელე, დავიბარე ჩემი ქუჩის ბიჭები, და უაკანა ქუჩასთან საბრძოლველად მოვუწოდე (უკანა ქუჩის სახლები არც მეტი არც ნაკლები ჩვენს ეზოებს ესაზღვრება, უბრალოდ ეზოებს კარებიაქვთ მეორე მხრიდან). ენერგია მოზღვავებული მებრძოლები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს. მაგრამ რჩებოდა უკანა ქუჩა... როგორ მიიღებენ ჩვენს გამოწვევას... გადავწყვიტეთ ომი გამოგვეცხადებია.

ომის გამოსაცხადებლად საგულდაგულოდ შეკაზმული ორი რაინდი გავემართეთ. სხვა მებრძოლებმა ვაჟკაცურად დაგვითმეს როგორც გმირებს რჩეული იარაღები – ტაფის სქელი რკინის ტარი და დაჟანგული არმატურა.

ომის გამოსაცხადებლად უკანა ქუჩის ბელადთან მივედით (ბელადი სინამდვილეში ჩემი ბიძაშვილი –საბა იყო).

ჩვენ ომს გიცხადებთ. ხვალ საღამოს გელოდებით. ქუჩაშიც ფრთხილად იარეთ – გავაფრთხილე ბელადი.
საბამ ხელიდან ტაფის ტარი გამომგლიჯა და ისე მოისროლა დიდი ეჭვი მაქვს ჩვენი მეზობელი ლედი, მეორე დღეს ტყუილად აბრალებდა თავმოგლეჯილი ინდაურის სიკვდილს თავის ძაღლს.

ბანაკში ცოცხლად დაბრუნებულ მეომრებს თანამებრძოლები დიდი სიხარულით შეგხვდა. ომი გამოცხადებულია, გამოწვევა მიღებულია. მზადება უნდა დავიწყოთ.

პირველ რიგში შტაბი იყო საჭირო. მეზობლის ტყემლის ხე იდიალური აღმოჩნდა მშენებლობისთვის. 2 საათში ტყემლს ხეზე ბრძოლისთვის საჭირო ყველა ნივთი იყო – 100 ქვა, 5 ლაგარტკა, სარკე (რისთვის აღარ მახსოვს), ბინტები, ბამბა და იოდი.

მაგრამ იყო ერთი საფრთხე– ომში წასულ მეომრებს შტაბი თავისი ქონებით უმეთვალყურეოდ უნდა დაგვეტოვებინა და შესაძლოა კონტრდაზვერვაზე მოსულ მოწინააღმდეგეს აღმოეჩინა. ამიტომ კაგრი დაცვა იყო საჭირო. არვიცი საიდან მაგრამ ერთერთმა თანამებრძოლმა მგლის ხაფანგი მოიტანა და შტაბის ქვემოთ დაყრილ სილაში საგულდაგულოდ დამალა (...და რატო არავის არ გაგვახსენდა რომ ტყემლის ხე საქათმეში იყო განთავსებული ვერგეტყვით)...

...უკვე ბნელდება. საომარი პოზიციები ყველას დაკავებულიაქვს.ირგვლივ გამყინავი სიჩუმეა (რათქმაუნდა ბირჟაზე შეკრებილი კაცების ხორხოცს არ ვთვლი რომლებიც დომინოს თამაშობდნენ გამწარებული)...

მოწინააღმდეგე მოულოდნელად გამოჩნდა... წინ ბელადი მოუძღვოდათ... პირველი რაც თვალში მომხვდა იარაღი ვერცერთს ვერ შევნიშნე... ცოტახანი ვაცადეთ სანამ ახლოს მოვიდოდნე და ცეცხლიიიიიიიიიი.... ქუჩაში ქვების წვიმა წამოვიდა. მაგრამ მამაცი მოწინააღმდეგე მტკიცე ნაბიჯებით მოდიოდა ჩვენსკენ და გზადაგზა ქვებს იცდენდა... ის ის იყო მტერი ჩვენს ფლანგს გაარღვევდა რომ მთელი კონცენტრაციით ბელად კოჭში დავუმიზნე არცისე მომცრო ზომის ქვა და ...

... როგორც მერე გავარკვიეთ საბას ღრიალი მეზობელ ქუჩებშიც კარგად გაიგონეს. გამწარებული მომვარდა, ლაგარტკა დამიმტვრია და ისე მომიქნია გამწარებულმა რომ რამოდენიმე წამი მოვუნდი გარჩევას სად იყო ცა, მიწა და როგორ უნდა ავმდგარიყავი ფეხზე...

არმიამ უკან დაიხია... დაჭრილი მეომრები შტაბს მივუახლოვდით მაგრამ ჩოჩქოლი შევნიშნეთ... დაზვერვაზე გაშვებულმა მეომარმა გაარკვია რომ მგლის ხაფანგში კინაღამ ეზოს მეპატრონე მოყოლილა და სასწაულებრივად გადარჩენილი, ცდილობდა გაერკვია ვის უნდოდა მისი უფეხოდ დატოვება.

სახლებში დავიშალეთ... საბრძოლო აღჭურვილობა მოვიხსენი, მოვწესრიგდი და ტელევიზორის საყურებლად დავჯექი...თუმცა თვალწინ ბრძოლის სცენები მედგა...

ცოტახანში საბას დედა გადმოვიდა... რომეო საბა წაქცეულა და ფეხი იტკინა, მანქანით ექიმთან უნდა წამაყვანინოო...

სასწრაფოდ გავაქანეთ საბა საავადმყოფოში... კიდევ კარგი მოტეხილობა არ ქონდა... ისედაც გასიებული ფეხი, ბინტებში გახვეული რო დავინახე რამხელა იყო მივხვდი რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მეწერა...

უკანა გზაზე საბას გასიებული ფეხი მუხლებზე მედო ... ფეხზე ხელი მოვუთათუნე და ამოვიოხრე – რა ცუდია რო იტკინე, ხვალ შენთან ერთად ომობანა მინდოდა მეთამაშათქო...

საბამ სიცილი ვეღარ შეიკავა ... ვერც მე...

Thursday, May 31, 2007

ჩემი კიბერნეტული ცოლი

თბილისი
2050 წელი


ძალიან მინდა შევიძინო ფირმა სონის ახალი მოდელი – "ცოლი M7"... მართალია 3 წლიანი განვადებით საკმაოდ ძვირი მიჯდება მაგრამ ღირს – წინა მოდელებისგან განსხვავებით კომპანიამ ძალიან ბევრი სიახლე დანერგა მოცემულ მოდელში. დეტალურად გავეცანი სონის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას.

გარდა ინტელექტუალური ბირთვის გაუმჯობესებისა, კომპანიამ გააძლიერა ელემენტების სისტემა და სიმძლავრე, რისი წყალობითაც "ცოლი M7" მარტივად ახერხებს წინამორბედებისგან განსხვავებით მძიმე საგნების გადაადგილებას და სხვა დიდი დატვირთვის სამუშაოებს. მოდელს შეუძლია მოლოდინის რეჟიმში გაძლოს 2 დღე, ხოლო აქტიურ რეჟიმში შეუძლია იმუშაოს მთელი ღამის განმავობაში.

კომპანიამ კვლევებით დაადგინა რომ სერვის პლიუსის გაძლიერებული მექანიზმი საჭიროებდა დახვეწას. გამოკითხული ქმრების 99 პროცენტმა განახცხადა რომ არ მოსწონთ თავისი ცოლი რადგან ვერ ნახულობნენ მიზეზს ჩხუბისთვის. ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა ახალ მოდელში ჩაეინტეგრირებინა დაუმორჩილებლობის და საწინააღმდეგო ქმედების მექანიზმი. აღნიშნული სისტემა აგრეთვე ითვალისწინებს შემთხვევითი შრჩევის მეთოდით გარკვეულ თარიღებში არ მოამზადოს სადილი, მოაწყოს მეგობართან სატელეფონო საუბრის მრავალსაათიანი სიმულაცია, დაახშოს სატელევიზიო ტალღები ფეხბურთის ტრანსლაციის დროს და ა.შ.

მსგავს კველვებზე დაყრდნობით მოდელ M7-ს გააჩნია კიდევ ერთი თავისებურება. მოდელი პერიოდულად უარს აცხადებს სექსზე – მიზეზად კი თავის ტკივილი სახელდება.

აღსანიშნავია რომ გარდა ხმოვანი და ვიზუალური ბრძანებებისა რომელიც გამოიყენებოდა წინამორბედ მოდელებში ახალ მოდელს შეუძლია მიიღოს ბრძანებები დისტანციური პულტის საშუალებით. მინიატურული პულტი როგორც აღმოჩნდა პრაქტიკულია აუდიტორიის შემთხვევაში.
პულტს აქვს რამოდენიმე ძირითადი ღილაკი

Mute
Make Cofe
Simle

აღნიშნულ მოდელში როგორ იქნა დაამატეს "ქართული მხარდაჭერა"...რათქმაუნდა ეს პარამეტრი შესაძლოა შეიცვალოს საჭიროებისამებრ. ქართულ რეჟიმზე გადართვისას, ცოლი გადადის აგრესიულ რეჟიმში, არ ცნობს არცერთ ვიზუალურ და ხმოვან ბრძანებას (რიგ შემთხვევაშიც არ მუშაობს ღილაკი Mute მაგრამ ეს ალბათ გამოსწორდება მომდევნო მოდელებში) საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოგაყენოთ ფიზიკური ზიანი.

როგორც კომპანია სონი გვპირდება სპეციალურად ქართველი მომხარებლისთვის M8 მოდელში ჩაინტეგრირდება პროგრამა – "ნოსტალგია". აღნიშნული პროგრამის გააქტიურების შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ხელახლა გაიცნოთ მოდელი და მიიყვანოთ ის ცოლობის კონდიციამდე. როგორც პროგრამა "ნოსტალგიის" ავტორები აღნიშნავენ პგრამა მზადდება 2000-2010 წლებისთვის არსებული რეალობის შესაბამისად.

პროგრამაში ჩადებულია ურთიერთობის ევოლუციის მოცემული პერიოდისთვის დამახასიათებელი თავისებურებები რომლებიც დაყოფილია 10 ეტაპად

  1. ვიზუალური კონტაქტი
  2. ვერბალური ურთიერთობა
  3. კონტაქტი – ხელზე შეხება
  4. კონტაქტი – კოცნა
  5. კონტაქტი – კოცნა
  6. კონტაქტი – კოცნა
  7. კონტაქტი – კოცნა
  8. კონტაქტი – კოცნა
  9. კონტაქტი– კოცნა
  10. ქორწილი

გადაწყვეტილება თითქმის მიღებულიმაქვს... მაგრამ მაინც ვფიქრობ იქნებ ღირდეს დაველოდო M8 მოდელის გამოსვლასთქო. თუმცა ვიცი რომ იმ დროისთვის M9 მოდელზე დაიწყებს სონი მუშაობას და ასე რომ მივყვე მეშინია უცოლოდ არ დავრჩე, ცოლის შეცვლას კი ყოველთვის მოვასწრებ...

Wednesday, May 30, 2007

ოჯახის ექიმი

ეტყობა გავცივდი... სიცხე არ მაქვს, არ მაციებს, სურდო არ მაქვს...მაგრამ მახველებს...მახველებს ისე რო ჩემს კორპუს და მეზობელი კორპუსის მარცენა ფლანგს არ ვაძინებ... რამოდენიმე ღამე ვითმინე უძილობა და ის ის იყო ხველას უნდა მივეტოვებინე ვინ გაცადა...შემჭამეს ახლობლება... ფილტვებთან ხუმრობა არ შეიძლებაო (არადა არც მიფიქრია)... ხუმრობასთან დაკავშირებულმა არგუმენტაციამ რომ ვერ გაჭრა ფილტვებში წყალი ჩაგიდგებაო. წყალს საერთოდ ცოტას ვსვამ მაგრამ ამფიბიად ქცევის იდეამ დიდად ვერ მომხიბლა... ბოლო იმედით ვიკითხე კი მაგრამ წყალი თუ დაგროვდა სიჩუმეში რო შევჯანჯღარდები ხო გავიგონებთქო....მაგრამ...

უკვე კლინიკაშივარ...ოჯახის ექიმი მელოდება. ქვეყნიერება იწვის და კლინიკის კონდიციონერი კი საწყალი სახით ცდილობს გაგვაგრილოს(თვითონაც ხვდება რო ამაოდ მაგრამ მოვალეობას მაინც იხდის)...

შემობრძანდით...

– გამარჯობათ
– გამარჯობათ
– სახელი, გვარი
– ლაშა...ლაშა კვანტალიანი
– რამდენი წლის ხართ ლაშა
– 24
– ცოლი გყავთ?

ექიმს ავხედე, ასაკით და ოქროს ბეჭდით დავასკვენი რომ შეკითხვა სხვა მიზნისკენ იყო მიმართული. თვალი ექიმის ახალგაზრდა ასისტენტისკენ გამექცა მაგრამ ფიქრის დრო არ იყო

–არა
– მუდმივი პარტნიორი?

საქართველოში მუდმივი პარტნიორი ნიშნავს ან ცოლს ან საყვარელს. თუ ცოლი არ გყავს ისე საყვარელი ვერ გეყოლება, მე კიდე ცოლი არ მყავს.

– ...იცით მე ფილტვებთან მაქვს პრობლემა – მოვუჭერი და ექიმს სამკერდე ნიშნაზე დავხედე, შემეშინდა უროლოგ ქალთან ხომ არ მოვხვდი შემთხვევითქო.
– გასაგებია ლაშა მაგრამ საერთო სურათისთვის საჭიროა

ექიმის მშვიდ მზერაზე შევატყვე სურათი ძალაინ "საერთო" გამოდიოდა...

– არ მყავს მუდმივი პარტნიორი. და თვალი ისევ ჩამაკიაჟებულდეკოლტირებული ასისტენტისკენ გამექცა
– ძალიან კარგი და ეხლა თვითონ ექიმმა გადახედა ასისტენს თან რაღაცას ინიშნავს.

მოკლედ დიალოგი მართლა დიდხანს გაგრძელდა... მოვიგონეთ ჩემი ბავშობა,ავადმყოფობები რომელიც ოდესმე გადამიტანია. გავაგრძელეთ სკოლით და შემდეგ სტუდენტობით... მოკლედ ასე გემრიელად ჩემი ცხოვრებისთვის ჯერ არ გადამიხედავს და მითუმეტეს მთავარი ლაიტმოტივი ავადმყოფობა რომ ყოფილიყო...

უცებ უცნაურმა კითხვამ გამომაფხიზლა

– კალიგრაფია ხომ არ შეგცვლია ბოლო პერიოდში

მეტის მოთმენა დაუშვებელი იყო...

– დიდი ბოდიში მაგრამ ფილტვებთან რამდენად პირდაპირი შეხებააქვს ჩემს კალიგრაფიას? – შევახსენე ექიმს ჩემი მასთან მისვლის მთავარი მიზეზი...
– პირდაპირი – ისეთი სიმშვიდით მიპასუხა რომ დარწმუნებულვიარ ნირვანაში გაბრწყინებულ ტიბეტელ ბერსაც კი შეშურდებოდა.

მოკლედ ჩემი ცხოვრების ბოლო ეტაპი, ჩემი სამსახური და დაძაბული დღის რეჟიმი რომ განვიხილეთ ექიმმა თავის ფურცელს დახედა რომელზეც პერიოდულად რაღაცეებს ინიშნავდა და დაიწყო:

ლაშა, რათქმაუნდა ჩვენ გადავიღებთ ანალიზებს და ჩავიტარებთ მკურნალობას მაგრამ რაც ეხლა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ისარის რომ თქვენ ეხლა ცხოვრების ძალაინ არეული რეჟიმით ცხოვრობ. შენ გჭირდება სწორი კვება, გჭირდება დასვენება, შენს ნერვულ სისტემას ჭირდება განტვირთვა რისთვისაც მუდმივი სექსუალური პარტნიორი საუკეთესო გამოსავალია. მოკლედ ცოლის მოყვანაზე უნდა იფიქრო – გამომიწერა რეცეპრტი ექიმა და ისევ თავის ასისტენტს გადახედა...

მხოლოდ ეხლა, ამ სამედიცინო იდილიის შემხედვარემ მივხვდი თუ რას ნიშნავს ნამდვილი "ოჯახის ექიმი"...

Sunday, May 27, 2007

დილა მუხიანში

გათენდა... უფროსწორად ჯერ გათენებული არ იყო. თვალები დავჭყიტე... სადვარ?
ფანჯარა არ მეცნო...წუხელ არ დავთმრალვარ... ოთახი ცარიელია... ნელნელა გამოფხიზლება დავიწყე... მუხიანი – ისე ვთქვი ვითომ მაგარ პახმელიაზე გამღვიძებოდა...
უხასიათოდ შევედი აბაზანაში, წვერი გავიპარსე რომელსაც დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი გლოვის ნიშნად რომ არა ბანკი და ხეტიალი დავიწყე...

სახლი თითქოსდა ჩემია მაგრამ საერთოდ არ ვიცი სად რა დევს...ძლივს მივაგენი თეფშებში საროჩკას რომელიც დალიმ მაჩუქა და წიგნებში ჰალსტუხს...გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ შარვალი და ფეხსაცმლის პოვნა იყო დარჩენილი...

როგორც იქნა, ნაწილ ნაწილ ავისხი აბჯარი და შეკაზმული რაინდივით ჩავედი ქუჩაში. ალბათ ჰალსტუხიანი "კაცი" დიდი ხანია არ ენახათ, ეზოში დილაადრიან გამოფენილი ქალები ისე მომაჩერდნენ. ატყდა ფუსფუსი... დარწმუნებულივარ რა დიდი ინტერესი გამოიწვია ახალმა მეზობელმა – ჰალსტუხიანმა არსებამ...

ქუჩაშ მიმოვიხედე... ნევადის უდაბნოები გამახსენდა... ტაქსიზე არც მიოცნებია ისე მარშუტკას დავუწყე ლოდინი...

დილაა, სიჩუმეა, კაცი შვილი ქუჩაში არაა... უცებ სიჩუმე მარშუტკის ხმამ დაარღვია... გახარებულმა თვალები ფართოთ გავახილე... სიხარულისგან ხელს ისე ვიქნევდი მინი ქარბორბალა სანამ არ გავაკეთე...

მომიახლოვდა...ვხედავ მარშუტკის მძღოლი მიღიმის... მეგონაგაუხარდა თავისი პირველი მგზავრითქო... მძღოლმა უცებ მხრები აიჩეჩა – რა გიყო ძმაო ადგილი არ მაქვსო...

ასე ველოდე მომდევნო 5 მარშუტკას... ბოლოს იქვე გაჩერებული ტაქსი შევნიშნე...
მეტროსთან რამდენად ჩავალთ უფროსო? დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მძღოლმა გადაწყვიტა რომ ნევადის უდაბნოდან 2 ლარად გავეყვანე...ზუსტად 1 წუთში მანქანა გააჩერა – მივედით? სად მივედით? ჩახვალ მიწისქვეშაში და მეტროშიხარ... გამიხარდა...

დანარჩენი რაც არ უნდა შევეცადო სასაცილო სულაც არ იყო და ვერ დავწერ... ვიღაც დიდი ძუძუებიან ბიცოლას და დიდ ღიპიან კაცს შორის ძლივს ჩაკვეხებული ვიმგზავრე თავისუფლების მოედნამდე ... თვალები დახუჭული მქონდა და ჩუმად ვიმეორებდი... მანქანა... მანქანა... მანქანა...