Saturday, July 31, 2010

უნდა გიყვარდეს თუ არა ჯაზი

მახსოვს ერთხელ, ჩემი მეგობარი მოვიდა და გამოგვიცხადა - იცით, ახალი სიცილი დავამუღამეო. ეს არ იყო არც ხუმრობა და არც ფეისბუქზე გამოტანილი სტატუსის გახმოვანება (მითუმეტეს რომ მაშინ ფეისბუქი არ არსებობდა).

დაუნდობელი სარკაზმის შემდეგ გესლიან დაცინვას კოდირებული შინაარსის მორალიც გავაყოლე - სიცილი, ეს ხომ ბუნებრივი თვისებაა. ის გენეტიკურად გადმოგვეცემა. შენ შესაძლოა მამაშენის, ან შენი დიდი ბაბუის ან ბებიის ან ბაბუის ბაბუის ბაბუის (ზეზვა და მზია მაშინ აღმოჩენილი არ იყო თორე ვუხსენებდი) სიცილი გერგოთქო. როგორ შეიძლება, ეს ისწავლოთქო...

გავიდა დრო და ის ყმაწვილი რომელსაც ასე უგულოდ დავცინე მსოფლიოს ერთერთ უმდიდრეს ადამიანი გახდა. (პარალელურად ბიოგრაფიულ დრამას ვწერ ჰოლივუდისთვის და ეს ფრაზა მეზობელი სცენარიდან შემთხვევით გადმომყვა.) სინამდვილეში, მეგობარი, მეგობრადვე დარჩა - ნასწავლი სიცილით და არ ვიცი ვისი ხათრით მოშვებული წვერით.

გავიდა დრო, დედამიწამ რამდენიმე მოსაწყენი ბრუნი გააკეთა მზის გარშემო, მე რამდენიმე საპატიო წრე შორეული ნათესავების პანაშვიდებზე - მოკლედ გავიზარდე... გავიზარდე და მივხვდი, რომ ვცდებოდი. ღრმად ჩავისუნთქავ და იმ იმედით რომ ჩემი მეგობარი, არასოდეს წაიკითხავს ამ ნაწერს გაგანდობთ - (რესპონდენტი ჩურჩულებს) - "სიცილის სწავლა თურმე შეიძლება".

მეტიც. აღმოვაჩინე რომ არამხოლოდ სიცილის სწავლა შეიძლება. შეიძლება ისწავლო ფერწერის სიყვარული. როგორ? მარტივია - ინტერნეტში დასერჩე "გამოჩენილი მხატვრები" და გუგლის Top ათეულს გაეცანი. შემდეგ დაძებნეთ "უცნობი მხატვრები" - აქაც ათეულში რამდენიმე "ჟღერადი" სახელი უნდა დაიმახსოვროთ. შემდეგ? შემდეგ უნდა იარო გამოფენებზე, მინიმუმ ერთი თარო გაავსოთ გამოჩენილ მხატვრებზე მიძღვნილი წიგნებით (დათვალიერების პერსპექტივით), კედელზე ჩმოკიდო რომელიმე "პაპსა" ნახატის (კლიმტის "კოცნა" წავა) რეპროდუქცია და რაც ყველაზე მთავარია, ყველგან - იქნება ეს საყვარელი სოციალური ქსელი თუ გლამურული საღამო, ფიჯნაჯი ყავისა და "სლიმი" სიგარეტის თანხლებით, ხმამაღლა და თვითჯერებულად მოახდინო გუგლის (უკიდურეს შემთხვევაში Yahoo-ს) Top 10 -ში ამოკითხული მხატვრებში და მათ ნახატებში განსწავლულობა.

სხვამ რა დააშავა და ანალოგიურად შეგიძლია ისწავლოთ პოეზიის სიყვარული, თეატრის სიყვარული, მუსიკის სიყვარული და სამშობლოს სიყვარული. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ. ძალიან სწორად უნდა შეარჩიო რისი სიყვარული გსურს რომ ისწავლო.

მაგალითად, რომელი იდიოტი აირჩევს ისწავლოს "რეპის" სიყვარული? (თუმცა არა, ასეთი იდიოტები ბლომად არიან.) რამე უფრო მაღალფარდოვანი გვჭირდება. კლასიკააა... ნუ გაჭირვებით ივარგებდა მაგრამ საკმარისად გლამურული არ არის და თან ამოგხდება სული კონსერვატორიაში სიარულით - სხვაგან კლьასიკური მუსიკა ნაკლებად გაიჟღერებს ხოლმე. ამიტომაც ვინც ცოტა აზრზე მოსულია, არც მეტი არც ნაკლები, ჯაზის სიყვარულს სწავლობს. ისინი დადიან 'აბსოლუტურად' (წარმოითმქება წინ გაწეული ტუჩებით და მსუბუქი აქცენტით 'ლ'-ზე) ყველა ჯაზზ ფესტივალზზე (ტუჩებს შორის გაფანტული "ზ") ცხოვრობენ ჯაზით,სუნთქავენ ჯაზით, სძინავთ ჯაზით, სალათი ცეზარი ჯაზით და მას შემდეგ რაც "მაგნიტოფონის" კასეტებზე ჩაწერილი შუფუთინსქი და ჯგუფ ნანას სიმღერები ქვეცნობიერის ბნელ კუნჭულებში გადამალეს - ორგაზმი მხოლოდ და მხოლოდ ჯაზით.

როგორი იდიოტი ვყოფილვარ. ადრე ვთვლიდი, რომ ჯაზი ან მოგეწონება ან არ. სიცილის დროს შეიძლება ჰაერის სწრაფი შესრუტვით კროტინებდე ან ამოსუნთქვისას ჩემი ბავშვობის "დესნა დვა"-ზე მიმაგრებული ნასოსივით შლუტუნებდე. მიმაჩნდა, რომ თუ გსიამოვნებს ლობიო ბოლოკთან, მწვანე ხახვთან და ცივ მჭადთან ერთად უნდა ჭამო თითებით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჟორჟ ბლაკის ნახატი მოგეწონებოდა, მიუხედავად იმისა გუგლის ათეულს გადაიკითხავდი თუ არა, ან სამუდამოდ შეყვარებულის მიერ დაბადების დღეზე ნაჩუქარი "ორი გედი ჩანჩქერის ფონზე" ნახატის ერგული დარჩებოდი.

ალბათ მომიტევებს დიდი უილიამ ვოლოსი, ნაწერს შემდეგი სიტყვებით თუ დავამთავრებ:

"უნდა გიყვარდეს თუ არა ჯაზი? დიახ, თქვენ შეგიძლიათ თავი მოიტყუოთ და უარყოთ, რომ ყველა მასაკელასა და ელჯეროს ერთი დარდიმანდული ქალაქური სიმღერა გირჩევნიათ. მაგრამ გაივლის დრო და მოხუცებულები, როდესაც თბილ საწოლში სიკვდილს დაელოდებით, მიხვდებით რომ რას არ გაიღებდით, რას არ დათმობდით, ოღონდ ის დღე დაბრუნდეს როდესაც ძმაკაცებთან ერთად რესტორანში ქეიფს მსოფლიოს პირველი საყვირის მოსმენა ამჯობინეთ"...

სცენის მიღმა ისმის "моя мулатка" - რომელსაც ერთმანეთში აზელილი ჯაზ კომპოზიციების ჟღერადობა, ალაგ-ალაგ მკვეთრად წამოყროყინებული საყვირით ფარავს.

ფარდა.

Friday, July 30, 2010

***

შენს Dior j'adore-ს გოიმობის სურნელი დაჰკრავს

Wednesday, July 28, 2010

ჩარჩო

სულ რამდენიმე კვირა გავიდა რაც კერძო სამსახურიდან წამოვედი და კერძო ბიზნესს მივყავი ხელი.

გარდა იმისა, როგორც ყველა შპს-ს სს-ს თუ სხვა იურიდიულ პირს მეც სტანდარტულად მომიხდა უნებლიე ურთიერთობა სხვადასხვა დაწესებულებებთან, პირველი ბიზნეს პარტნიორებიც სახელმწიფო სამსახურები აღმოჩნდნე.

თუ უბრალო ადამიანი ხარ (შემდგომში შემსრულებელი), რომელსაც რომელიღაც სამინისტრომ (შემდგომში დამკვეთი) რაღაც დაგიკვეთა და ამიში ფული უნდა აიღო, ყველაფერი წესრიგში არის.

მაგრამ თუ ადამიანი ხარ, რომელიც საქართველოში ცხოვრობ (შემდეგომში მოქალაქე-პატრიოტი) და გინდა რომ შენ არა მხოლოდ იცხოვრო ამ ქვეყანაში, არამედ გინდა, რომ სხეული (ქვეყანა) რომელშიც შენ ერთი რიგითი უჯრედი ხარ, ძლიერი და ჯანმრთელი ორგანიზმი იყოს, მაშინ თვალში მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრული თანხა კი არა, ბევრი სხვა უბედურება მოგხვდება.

შევეცდები დეტალურად არ აღვწერო სასაცილოდ ურთიერთ გამომრიცხავი ფაქტები და მოთხოვნები, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას წავაწყდი (ხო არ დავწვრილმანდებით - ბოლობოლო დეტალებში ეშმაკები იმალეობაო და ფუი ჩემგან...) შევეცდები ZoomOut-ი გავაკეთო (ნეტა ისე მარტივი იყოს ყველაფერი როგორც Photoshop-ში) და მთელს ეკრანზე გავშალო არსებული კაბალური სიტუაცია.

თავი #1 - ძველი საბჭოდა მანქანა

პირველი რაც თვალში მომხვდა ეს არის გადმონაშთები. ძველთაძველი გადმონაშთები, რომელიც ხელშეუხებელია, რომელიც წმინდაა, რომელიც სამყაროსთან ერთად შეიქმნა და ოდესღაც ძველ საბჭოთა საბეჭდ მანქანაზე დაიწერა.

თუმცა არა.ეს ეხლა გავბრაზდი განსაკუთრებით თორე მსგავსი პრობლემა ადრეც დამიფიქსირებია (სანამ ბანკიდან წამოვიდოდი).

მახსოვს ერთერთ უწყებას ვთავაზობდი, ხალხი რიგებში რატომ უნდა ატაროთ, ამ ვყელაფერს ონლაინ რეჟიმში გავაკეთებთ, ინტერნეტ ბანკით, მობილ ბანკით, ტელეფონით, ფულის მიმღები აპარატებით, ხალხი გადაიხდის და გაუთავებელი რიგებიც აღარ იქნებათქო. სხვათაშორის სიცხისგან ოფლში გაღვრილი და რიგში მდგომი ხალხი კარგად მოჩანდა შეხვედრების ოთახის გამჭვირვალე კარიდან. უბრალოდ ის კი იყო რომ სუნი ვერ შემოდიოდა - ალბათ ამიტომაც არ აუწხებდა ეს ფაქტი ძლიერთ ამა ქვეყნისა. შეთავაზება იდეალური იყო, მაგრამ პასუხმა დამშოკა: რომელიღაც, კანონის, რომელიღაც პრიმა ქვე პუნქტიც მესამე აბზაცზე წერია, რომ "საქმის წარმოებაში ბეჭდიანი ფურცელი უნდა ჩაიდოს" (WTF- თვალწინ დაობებული საქაღალდე დიდი წარწერით "Дело №" - წარმომიდგა). პიჯაკებს, სავიზიტო ბარათებზე (რომლებსაც ფეხბურთელებივით ვცვლით ხოლმე, ოღონდ მატჩის წინ) დაწერილ პოზიციებსა და გამოხედვას ერთიანად რომ შევხედე, მათი ძლევამოსილება ვირწმუნე და ვკითხე "...და იქნებ მიმართოთ პარლამენტს, ან შესაბამის უწყებას და შევიდეს ცვლილება ამ კანონში". პასუხი წინასწარაც კარგად ვიცოდი - იცით მოდი ასე დავიწყოთ და მერე ვნახოთ.


თავი #2 - ოფიციალური წერილი

სამინსტრო - დიზაინს რამდენ ხანში გააკეთებ?
მე - 20 დღე მჭირდება
სამინისტრო - 20 ბევრია. 14.
მე- კარგი თოთხმეტი. (დავუკელი ვადა, ღამის 2 საათზე დაძინების ხარჯზე)

14 რიცხვს კვირა დღე "მოუწია". ორშაბათს, 15-ში დიზაინი ჩაიბარეს.

სამინისტრო - უნდა დაგაჯარიმოთ.
მე - რატომ?
სამინისტრო - მიღება ჩაბარების ვადა 14 იყო და შენ გადააცილე.
მე - კი მაგრამ 14-ში მე მზად მქონდა. ეს თქვენ არ მუშაობდით 14-ში.
სამინისტრო - მაშინ პარასკევს უნდა მოგეტანა.
მე - კი მაგრამ კონტრაქტში, რომელიც ჩვენ დავდეთ იქ ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.
სამინისტრო - იქ არა მაგრამ "საქართველოს კანონის შესყიდვების შესახებ ბლა ბლა მუხლის ასორმოცდა მეათე პუნქტის შესაბამისად, უნდა დაგაჯარიმოთ 7 ლარით...
მე - კარგით. ჯანდაბას. სად გადავიხადო?
სამინისტრო - ჩვენ მოგმართავთ ოფიციალური წერილით. თქვენ დაგვიდასტურებთ ოფიციალური წერილით, რომ მართლა გადააცილეთ ვადას და დაჯარიმდით. შემდეგ ჩვენ გაცნობებთ ოფიციალური წერილით რომელ სახაზინო კოდზე უნდა გადარიცხოთ თანხა და რა მოცულობით.

(ვატყობ ზუმაუტი არც ისე გამომდის.... რაღაც მარილი დააკდებოდა ეს რო არ მომეყოლა)


თავი #3 - კროჯები.

არ გაინტერესებთ ასეთი სიზუსტიდ და სიდინჯით რატომ იცავენ ოდესღაც ძველ საბჭოთა მანქანაზე დაბეჭდილ წესებს? კროჯები - ყველაფერი მათი ბრალია.

- ბატონო ელდარ, იქნებ არსებოს რაიმე გზა, რომ ოფიციალურ წერილებს ავცდეთ?
- და მერე კროჯები?

კროჯები ეს ჩემი მოგონილია. თორე ისე სამინისტროში მათ მაკონტროლებლებს ეძახიან. წარმოვიდგინე რომელიღაც სათვალიანი კროჯი, როგორ უმოწმებს ბატონ ელდარს ჩემთან გაფორმებულ მიღება ჩაბარების აქტს და ახსენებს, რომელიღაც კანონის, რომელიღაც ქვე პუნქტს, არ აღებულ 7 ლარიან ჯარიმას და მას სამსახურიდან აგდებს. შემეცოდა ბატონი ელდარი :(

კროჯი, ეს ისეთი არსებაა, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია დააბრალო. კონტრაქტში ჩადებული რაიმე კაბალური პირობა, ორიგინალურად გამოწერილი ჯარიმა და ა.შ. და სამინისტროც ხალხიც ასე იქცევა. არარსებული კროჯების შიშით 3 ოფიციალურ წერილს აფორმებენ რომ საქართველოს ხაზინა 7 ლარით შეავსონ.


თავი #3 - ლომები

მე - რას გინდათ გამოხატავდეს თქვენი ლოგო
სამინისტრო - იცით, ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს თანამედროვე ლოგო. არ გავდეს სხვა სამინისტროებს. იყოს განსაკუთრებული. ასოცირდებოდეს სიახლესთან, ნოვაციებთან.

კონტრაქტით გათვალსიწინენბული 14 დღის შემდეგ

- ლოგოს რომელი ვარიანტი მოგეწონათ?
- იცით არცერთი. იქნებ ხელახლა გვეცადა. აი ძალიან მომწონს "კდემამოსილების" სამინისტროს ლოგო.
გამოწოდებულ ფრუცელს დავხედე. თეთრ A4-ის შუაგულს, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი საოცრება ამშვენებდა. ტრადიციული ფარის ირგვლივ ორი ფაფარაყრილი ლომი და ირგვლივ ტრადიციული საპანაშვიდე ვენოკში მოთავსებული წარწერა "კდემამოსილების სამინისტრო" - ჰერალდიკის შედევრი.

მე - არაჩვეულებრივია. ოღონდ ეს გერბი უფროა - ვთქვი მორიდებით.
სამინისტრო - გვესმის. მაგრამ ასეთი გვინდა. (ოქროს თევზები არ გინდა?)

ასეთ დროს ყოველთვის აკტაფ მორენიეს სიტყვები მახსენდება ფილმიდან "99 ფრანკი" - "კბილის ექიმთან რომ მიდიხარ, არასოდეს არ ეუბნები კბილი ასე გამიბურღე და პლომბი აქ დამადეო. შენ მას უბრალოდ ენდობი. ჩვენთანაც იგივეა. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე და უნდა გვენდო... ეხლა თქვენ უკვე იცით რატომ უყურებთ ასეთ იდიოტურ რეკლამებს"... ფილმის ამ ფრაგმდენტს როდესაც მოვიგონებ, შემდეგ აუცილებლად რომელიმე სარეცხი საშუალების რეკლამა მაგონდება და ა.შ. სანამ ფიქრებში წასულს სამინისტრო არ გამომაფხიზლებს

სამინისტრო - შეძლებთ?
მე - დიახ...ლომები...რათქმაუნდა... რა ბრძანეთ?


თავი #3 - მინდა.

ლომები უბალოდ სურვილია. სურვილია გქონდეს რაღაც ისეთი, რაც უკვე სხვას აქვს. რომელიც პრეზიდენტმა პრეზიდენტულად შეაქო (პრეზიდენტული შექება ფარული, მისტიური - რიტუალია. ამას ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები ანუ მოქალაქეები ვერ ვხვდებით. მისი აღქმა მხოლოდ "სამინისტროს" სამეფოს მცხოვრებთ შეუძლიათ)

მაგრამ არის კიდევ ერთი - მინდა. ეს მინდა - "ოჯახი ხრამია, იყოს რაში გამოგვადგება ვინ იცის" სახელით სათაურდება.

კდემამოსილების სამინისტრო - საიტზე მინდა იყოს ფორუმი
მე - იცით, მერწმუნეთ ფორუმი საკმაოდ რთული სამართავია, პროექტს თანხობრივად და ვადებში ზრდის. ვფიქრობ, რომ არავინ შემოვა "კდემამოსილების საიტის" ფორუმზე სასაუბროდ.
კდემამოსილების სამინისტრო - გასაგებია, მაგრამ მოდით მაინც იყოს ფორუმი.

თავი #3 ქვეპუნქტი #1 - E-Diotoba

ჩვენ ხო თანამედროვე სამინისტრო ვართ. ჩვენს პრეზიდენტს ხომ უყვარს ყველაფერი ახალი, თანამედროვე და შუშის. რა უნდა ქონდეს თანამედროვე სამინისტროს? რაღათქმაუნდა მას უნდა ქონდეს ელექტრუნული.... ელექტრონული.... რა?... და რა მნიშვნელობააქვს რა? მთავარია ელექტრონული იყოს...

E-Learning, E-Auction, E-Declaration, E-Fucking, E-Sucking ...

და იქმნება უამრავი E-Diotoba. რა მნიშვნელობააქვს როგორი, რა ხარისხის. რამდენად მოსახერხებელი? მთავარი არის რომ E... მთავარი არის რომ თანამედროვე. მთავარი არის რომ ფასადი შეღებილია.

მე ის ადამიანი ვარ, ჩემი ნება რომ იყოს E-toilet-ითაც ვისარგებლებდი რომ არსებობდეს, მაგრამ მთავარია სახელმწიფოს ფული, რომელიც ჩემი 7 ლარიანი ჯარიმით შეივსო გონივრულად და ხარისხიანად იხარჯებოდეს. ხარისხს კი პროფესიონალიზმი ქმნის. ჩვენს სამინისტროებს კი ყველა E სიკეთესთან ერთად, ერთადერთი ცენტრალიზებული სისტემა გააჩნია - U-ნიჭობა.

მცირე დაფიქრების შედეგად მივხვდი, რომ ყველა პრობლემა, რომელმაც ღამაღიზიანა, ნერვები მომიშალა და ნეირონული ბადე ნაფლეთებად მიქცია ერთ დიდ პრობლემამდე დაიყვანებოდა. პრობლემამდე სახელად - ჩარჩო.

დრო არ არის, ვინმემ კი არ "გაამაგროს" გრელანდია და გადაღებოს ეს ჩარჩოები, არამედ ადგეს და დაამსხვრიოს, დალეწოს, დახერხოს და დააფორმატოს ისინი? მათ ადგილას კი ახალი დაკიდოს ან თუნდაც სულაც ჩარჩოს გარეშე დატოვოს რაღაცეები.

ასე ვერ ააშენებთ 21 საუკუნის თანამედროვე სახელმწიფოს ბატონო პრეზიდენტო, იმიტომ რომ თქვენს სამინისტროებში ლამინირებული კედლების უკან ძველი საბჭოთა ნესტიანი ДСП - ყარს.

Saturday, July 24, 2010

ცოტახნით

მინდა ვიყო ქაჯური
ცოტა ეპატაჟური
ცოტა გმირი
ცოტა მხნე
ცოტა სირი
ცოტა ხნით

მინდა ვიყო ბომონდი
ჭორები რომ მომანდო
მე ხომ შენთვის ვომობდი
ჩემო თეთრო ხომალდო

ვიყო შეუპოვარი
და გზა სიმყუდროვეში
ვიყო ფრანგი პოვარი
ანდა სრუტე ლამანშის

ნეტა ვიყო ცოტა მზე
ცოტა ცაც და ფისო ციც
ვწუხდე ცოლის ყოლაზე
ვიყო ციხის გისოსიც

მინდა ვიყო რბილი "ლ"
მწარე "დო" და ხისტი "რე"
რკინის კითხვის ნიშანი
ვიყო თუნდაც ხის ტირე

ცოტა გმირი
ცოტა მხნე
ცოტა სირი
ცოტა ხნით
არაფერი გამოვა...გოიმივარ!..ნუ მიხსნით...

მე მოვიგონებ

ვიგონებ სკოლის
დასაკეც მერხებს
ათას წარწერას
ყავისფერ დაფას
რამეს ბებია თუ მომიხერხებს
თორე მაჭმევენ ცხელ მანის ფაფას
ვიგონებ ასფალტზე
გახეხილ მუხლებს
ბაღის ზეიმზე
შენს ცისფერ კაბას
ვხედავ რომ ჩემს ლეკვს
მზე თვალებს უხელს
მეზობელი კი კრუხს
თოკზე აბავს
ვუყურებ კვამლში გახვეულ ჭადრებს
წინა ეზოში, ვაშლების ნარგავს
რასაც ვიგონებ და მოვიგონებ
გული მწყდება, რომ ერთმანეთს არ გავს

Wednesday, July 21, 2010

შენ

შენი მიფენილი პლისე და ბიგუტები
ნეტა მართლა იცი რისთვის იბუტები?

ფრთხილად გადასმული ბრონზე მანიკური
ზემოთ გახვრეტილი მხოლოდ ცალი ყური

თვალის ჩრდილები და თვალის გელი
გემორჩილები და აღარ გელი

ხილის შამპუნი და ფრანგული მუსი
თეთრი ბიუსჰალტერი და ტანგა ტრუსი

ერთ დროს საყვარელი ტანის ლოსიონი
ფრთხილი გაღიმება, ასე ოციოდე

შენი მიფენილი პლისე და ბიგუტები
ნეტა მართლა იცი რისთვის იბუტები?

Monday, July 19, 2010

პატარა გიორგი VS ბაჩო ჩაჩიბაია

პრაქტიკულად საბავშვო ლექსებს ვწერ თურმე და არ მცოდნია :)
ჩემი და ბლოგზე ვიდეოთეკას ათვალიერებდა. ამ მაიმუნმა კი რამდენიმე ლექსი დაიმახსოვრა :)

გიორგი:

Friday, July 16, 2010

ერთხელ უნიტაზზე

დედაჩემი პროფესიით ბიბლიოთეკარია, მამაჩემი ინჟინერი იყო, მაგრამ კითხვა ისე უყვარდა ბავშვობიდან, რომ როდესაც უშლიდნენ - ვერ ადგები ხვალ და სკოლაში დაიგვიანებო - ჩუმად კითხულობდა თურმე საბნის ქვეშ ფანრის შუქზე.

ბუნება შვილებზე ისვენებსო და ალბათ შემთხვევითი სულაც არ იყო, რომ წიგნების კითხვა რატომღაც არ მიყვარდა. ეს ფაქტი დედაჩემის და მამაჩემის ქრონიკული წუხილის მიზეზი იყო. ისე როდის უნდა მომესწრო წიგნების კითხვა მაშინ, როცა დილით "სკრუჯ მაკ დაკი" და "სპასაწელი სპიშატ ნა პომოშ"-ის ზედიზედ ორი სერია უნდა მენახა, შუადღეს ცეკვაზე წავსულიყავი, შემდეგ - ჭადრაკზე და საღამოს მხედრიონელების გახსნილ "კიოკუშინკაის" საბრძოლო სკოლაში მევარჯიშა?

ჩემი ოთახის დიდი კედელი თაროებს ეკავა. დედაჩემი ბიბლიოთეკარი იყო-მეთქი ვახსენე და, რა თქმა უნდა, როგორც ჭეშმარიტ ბიბლიოთეკარს, წიგნები საოცრად ჰქონდა ორგანიზებული. პროზა ცალკე, პოეზია ცალკე, ენციკლოპედიები ცალკე, სხვადასხვა სერიული გამოცემა ერთად იყო ჩაწიკწიკებული.

მთელი ბავშვობა ამ თაროებს ვუყურებდი და ზეპირად ვიცოდი არამარტო ის, რომელ მწერალს რომელი ნაწარმოებები ეკუთვნუდა, არამედ ისიც კი - რა ფერის იყო წიგნის ყდა და მისი მოცულობა. მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული არცერთი არ მქონდა, როცა საუბარი ბოდლერზე ჩამოვარდებოდა, თავისუფლად შემეძლო, ჩავრთულიყავი და მეთქვა, რომ ხორხე ლუის ბორხესის "ნანგრევთა წრეში" არანაკლებ კარგად იკითხებოდა, ვიდრე უილიამ ფოლკნერის "სული რომ ამომდიოდა" ან გამომეცხადებინა, რომ დუ ფუს პოეზია უფრო უფრო მომწონს ვიდრე რაბიდრანათ თაგორის.

მახსოვს, ნავსი მეექვსე კლასში გავტეხე. კი არ გავტეხე და გამატეხინეს - თუ არ წავიკითხავდი, საკმაოდ სერიოზული სანქციები იყო მოსალოდნელი (კონკრეტულად არ მახსოვს, რითი მიპირებდნენ დასჯას, თუმცა ის კარგად მახსოვს, რომ "თუ წაიკითხავ, დასაჩუქრდები" - იდეით მანამდე ერთხელაც ვერ შემაცდინეს).

დედაჩემმა კარგახანს უყურა კედელზე გადაჭიმულ თაროებს და ყველაზე სქელტანიანი წიგნი გადმოიღო. "ტომ სოიერის თავგადასავალი" ეწერა წიგნს.

- აი ეს წიგნი ნამდვილად დაგაინტერესებს - დამაიმედა დედაჩემმა და წიგნი სასოებით გადმომცა იმ იმედით, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავდი. მე კიდე იმ ასაკში ვიყავი, ეროტიული კარტის "ტუზი გული", "ცხრიანი ყვავა" და ვიღაცის ქორწილის კასეტაზე გადაწერილი გერმანული პორნოგრაფია ნანახი რომ მქონდა და სულაც არ მხიბლავდა პატარა "ოხუნჯი ტომის" თავგადასავალი (მითუმეტეს, რომ ზუსტად იმ დროს გადიოდა ОРТ-ზე "охотники за привидениями"-ს მერე)...

ოღონდ ეგ არა და რაც გინდა ის იყოს - ვუთხარი სასოწარკვეთილი ხმით დედაჩემს. ბიბლიოთეკარის ინსტიქტმა მაინც დამინდო. - კარგი, შეგირჩევ ოღონდ აღარ გამოვცვლით - ბოლო შანსი მომცა დედამ. მომდევნო წიგნი, რომელიც დედაჩემმა თაროდან გადმოიღო, იმდენად თხელი იყო, რომ დროზე ადრე გამიხარდა. "ლურსმანას თავგადასავალი" - ეწერა თხელყდიან წიგნს. ყდაზე უხარისხოდ შესრულებული რობოტის ილუსტრაცია ასევე უხარისხოდ იყო დაბეჭდილი. რობოტი, რომელსაც უთოებისგან გაკეთებული ფეხის ტერფები და "ჟოლუბისგან" გაკეთებული ხელები ჰქონდა, არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, როგროც სკრუდჯ მაკდაკის "Уткоробот Гизмо", მაგრამ რა გაეწყობოდა - კითხვა დავიწყე.

ვფიქრობ, "ლურსმანას თავგადასავლის" შემდეგ არც ისე ბევრი შეჰმატებია ჩემს აქტივს, თუ არ გავითვალისწინებთ ალაგ-ალაგ ტუალეტში წაკითხულ ყვითელ პრესას, მაგრამ ამასწინათ ჩემს ცხოვრებაში გასაოცარი ამბავი მოხდა.

უნიტაზზე გემრიელად მოკალათებულმა, თვალი რამდენიმე ჟურნალის ქვეშ მოქცეულ წიგნს მოვკარი - "თხუთმეტი საუკეთესო თანამედროვე ქართული მოთხრობა" ამოვიკითხე "ლურსმანას თავგადასავალზე" ოდნავ ხარისხიანად დაბეჭდილ ყდაზე.

ორი კვირის წინანდელ ბრინჯის თუ ერთი კვირის წინანდელ მწვადისა და ქაბაბის დიეტას კუჭი ისე გადაეკეტა, რომ თხუთმეტივე მოთხრობის წაკითხვა მოვასწარი.

თხუთმეტი მოთხრობიდან თოთხმეტში ნახსენები იყო სიტყვა "ფალოსი" (სიმორცხვის დედა ვატირე, თორე ამ სიტყვის გაცილებით ეკონომიური ვერსია ჰქონდა ყველა ავტორს გამოყენებული.), რვა მათგანში დეტალურად იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ავტორის ამდგარი ფალოსი (აი ისევ. სიმორცხვეს რა ვუთხარი, თორე "ყლე" რა, რთული დასაწერია?), ხუთ ავტორს სიღრმისეულად ქონდა ჩაშლილი არატრადიციული სექსუალური მიმართულებები და მათთან დაკავშირებული ვარიაციები, ხოლო სამ მათგანში საკმაოდ მძაფრად იყო გადმოცემული "მომჩვარული" ფალოსისა და ერექციის არქონის განცდის ანატომია.

"თხუთმეტი საუკეთესო თანამედროვე ქართული მოთხრობა", "საუკეთესო", "ქართული", "თანამედროვე" - სიტყვები ლოტოტრონში მოქცეული ბურთებივით მიხტოდა თავში.

სად წავიდნენ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"... ნეტა სად არის "კაცი, რომელიც იცინის" ან "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"? რას შვრება ახლა პატარა ტომი? ნეტა თუ იპოვეს მამა "კაპიტან გრანტის შვილებმა"? რას მიხვდა ჰოლმსი, ვოთსონი და მე ასე რომ დაგვაინტრიგა?

ნეტა ვის რაში აინტერესებს, როგორ გამოიყურება მისი გაბამბალებული თუ აბრიგინებული ფალოსი? ნეტა ვის აინტერესებს რას ვკითხულობ მე ტუალეტში? რა არის ეს? - პოპულარობის მოპოვების იოლი გზა თუ ეპოქის ძახილი და თანამედროვეობის ნაწერში ასახვა?

ამ შეკითხვებით გართული ვიჯექი უნიტაზზე და ვუყურებდი "თხუთმეტ საუკეთესო ქართულ მოთხრობას", რომელიც თითქმის დაცლილი რუსული ტუალეტის ქაღალდის ფონზე საკმაოდ კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა.

ბოლოჯერ მაგრად გავიჭინთე და გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე - "არ რა... არ უნდა დამეწყო წიგნების კითხვა.

Wednesday, July 14, 2010

ხიშტი მინუს ორასი

ნიკო ნერგაძემ ფეისბუქზე საკმაოდ უწყინარი შეკითხვა, პროვოკაციული Background-ით დასვა "პროფილი, პროფილიო და ნანუკას შოუ უარესია. არა?"

ნიკოს სტატუსებს კომენტარები არასოდეს არ აკლია და რათქმაუნდა ამჯერადაც ატყდა ჟრიამული. ერთსულოვანი იდილია ასათიანის კომენტარმა დაარღვია (ოღონდ მაიას არა).

"...da mainc,ratom akvs xalxs amxela agresia?ratom ARASDROS ARAPERI mogvwons??"

და უცებ ჩემი ტვინის ნეირონულ ბადეში უცნაური კომბინაციით გამახსენდა, რომ ბლოგზე ოდესღაც განყოფილება დავამატე სადაც მხოლოდ ის შეკითხვები უნდა დამესვა რომელიც ძილის წინ მაწუხებს ხოლმე.

გამოგიტყდებით და ამ შეკითხვამ შემაწუხა თან ძილსაც ვაპირებდი ამიტომაც Google Chrome-ის ფავორიტების პანელზე გამოტანილ, ჩემივე ბლოგის მალსახმობს მივაწკაპუნე და წერას შევუდექი.

რატომ არ მოგვწონს სიონის წინ, ყავისფერ მტკვარზე გადაჭიმული თავისუფლების ხიდი, რომელიც სულ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაჯდა და ხალხმა მოფერებით "ოლვეის ულტრა" შეარქვა (კაცმა რო თქვას მე "ღამის ოლვეისს დამატებითი ფრთებით" შევარქმევდი)?

რატომ არ მოგვწონს გმირთა მოედანზე ასევე აღმართული პირველი არხის ლოგო, რომელიც გაცილეფით ეფექტურად ასოცირდება მამაკაცურ საწყისებთან ვიდრე ეიფელის კოშკი? (სხვათაშორის ეს დიზაინი თურმე გერმანიიდან ჩამოუყვანია მერიას. პროფესორს ყავდა თურმე. დილით მაღაზიამდე მიდიოდა და მერე სახლში. სულ უხმარია)

რატომ არ მოგვწონს პრეზიდენტის სასახლეზე დადგმული შუშის კვერცხი?

რატომ არ მოგვწონს პრეზიდენტის სასახლეშივე დადგმული გაპრიალებული ალუმინი, რომელიც ზოგიერთს დეკორაციული ძეგლი გონია და სინამდვილეში ასტროლოგიური კალენდარია, რომლის გრძელი წვერი პოლარულ ხოლო ავლაბრისკენ რომარის გაშვერილი, კასიოპიის თანავარსკვლავედზეა გასწორებული?


რატომ არ მოგვწონს ბოლოს და ბოლოს პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული კლიპები საპატრულო პოლიციაზე, რომელიც გვაჩვენებს რომ პატრულიც (ისე "ძაღლი" კარგახანია გადავიდა ხმარებიდან რაც ძალიან მახარებს) ადამიანია, ყავს შვილები და ცოლი რომელიც ყოველ საღამოს პერმოლით ურეცხავს, ხოლო მეორე დილით უუთოებს პერანგს რათა ის სუფთა მაისურით არეგულირებდეს მოძრაობას მუხლამდე წყალში?

რატომ მოგვწონს შიშველი ანრი ჯოხაძის ჯგუფური სექსისგან გაცვეთილი და ნავში მისვენებული ფალოსი მაგრამ არ მოგვწონს მისი გადაღებული კლიპი - "ტანიასაც შე@#$@#ლევით, შეველევით გალიას, ოღონდ ვნახო ბედნიერი ჩვენი მიწა წყალია" კი არა და "რა კარგი იყო ბარნალა"....მმმ...არც ეს (ძილის წინ წერას უ ნდა გადავეჩვიო)... ა ჰო.... "ავდარია თუ დარია ჩვენ არ გვინდა ვანია"?

და ქრისტი იმედაძე იმედის დილის გადაცემაში?

და თავად იმედი?

და გლამურული თიკო სადუნიშვილი?

და გამურული თიკო სადუნიშვილი?

და ბიჭოლას სპეციალური პეროების კოლექცია "Special for Sharden 2010"?

და ქოთნის ლობიო?


რატომ არ მოგწონს ხალხო რატომ? რით ვერ მოვიგე თქვენი გული? რამ გაგაბოროტათ ასე? რატომ არცხვენთ ზეზვას და მზიას ევროპულ წარმომავლობას? რატომ არ გინდათ გაიგოთ რომ "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია"? რატომ არ გჯერათ რომ "Durex Ultra" ყველაზე ხარისხიანია რაც დღესდღეისობით საქართველოში შემოაქვთ? რატომ?.. რატომ?...

ნუთუ ყველაფერი ასეთი უიმედოა? ნუთუ ხიშტი ისევ მინუს ორასია? ნუთუ "ყოფნა არ ყოფნა - საკითხავი აი ეს არის"?

დამტვერილი ფაილები

კომპიუტერის მილაგება დავიწყე. ვინ იცის როდინდელი, მერამდენედ თასიდან-თასში, ვინჩესტერიდან- ვინჩესტერში გადაკოპირებული ფაილებია.... ლამის ბავშვობის... ერთ-ერთ უძველეს ფაილს წავაწყდი, სადაც გამონათქვამებია შეგროვებული. ვგონებ ბოლო მათგანი მე მეკუთვნის. დანარჩენები ნამდვილად არ ვიცი ვის :)

რატომღაც მომინდა გამომექვეყნებია. თუ რომელიმე ფრაზის ავტორს ამოიცნობთ მიმიკომენტეთ. ვნახოთ თუ გავშივფავთ შეთქმულ ავტორებს ბოლომდე :)


***

ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.

სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს.

სიყვარულს შეიზლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ აძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.

სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესოა მამაკაცისთვის_ესაა გამარჯვება და განხეთქილება. სხვა ყველაფერი ერთფეროვანია.

ქალმა თავიუნდა დაიცვას პირველად, მამაკაცმე _ შემდეგ და ვაი დამარცხებულს!

შეყვარებულები ბრმები არიან და ერტმანეთს უცქერენ. დაქორწინდებიან, თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერენ.

ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.

კაცის და ქალის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაღამება.

თუ გსურს მოიქცე ბრძნულად, მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო.

ცოლს, რომელსაც ქმარი წინ არ მიჰყავს, უკან მიჰყავს.

ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის ვინც მის მიმარტ გულგრილია.

როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო.
ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.

სიყვარულს რომ სძლიო ერთადერთი გზაა გაქცევა.

იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლონდე, ქალისა_შემთხვევამდე.

ქალთან ლაპარაკი ხშირად მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი.

ადამიანი დედამიწაზე იმისთვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს, არამედ იმისთვის რომ ბედნიერი იყოს.

პატიოსნად შესრულებული ყოველი შრომა სასარგებლოა და ამდენად ღირსი პატივისცებისა.

სიყვარული_მომჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოსწუვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.

მეგობრისთვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად რაიმე მსხვერპლის გაღება.
როდესაც ხალხი რაიმე წინასწარ აკვიატებული აზრით ან რომელიმე ცრუმორწმუნეობით არ არის დაბრმავებული,მას ყოველთვის აღმოაჩნდემა უნარი, გამოიტანოს ყველაზე უფრო გონებამახვილური დასკვნა იმაზე, რაც აინტერესებს.

გენიოსი შეიძლება უწოდო მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც თავის შემოქმედაებაში ისეთ დიდ სიტკბოებას ჰპოვებს, რომ მუშაობს, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა. აღუმართეთ წინ ჯებირები ამ ნაკადებს: ის, რომელიც სახელოვან მდინარედ უნდა იქცეს, ყველა ზღუდეს დაამხობს.

პოლიტიკოსი ვერ იქნები, თუ მოთმინება არ გაგაჩნია და რისხვის დაოკების უნარი არ გაგაჩნია.

ვიშრომოთ, რადგან შრომა სიამოვნების მშობელია...

დიადია ის ხელოვნება, რომელიც ადამიანებს მშვენიერ იდეებს უნერგავს და თავგანწირვას ასწავლის ადამიანთა ბედნიერებისათვის.

მეგობრისათვის სიკვდილი რაღაც განსაკუთრებულ ვითარებებში უფრო ნაკლებად არის დიადი, ვიდრე ყოველდღიურად და ფარულად მისთვის თავგანწირვა.

მოქნილ ჭკუას შეუძლია სილამაზის მაგიერობა გასწიოს.

დიახ, ცხოვრების ნახევარი და თანაც ულამაზესი ნახევარი ადამიანისთვის დაფარული რჩება, თუ მას ვნებიანი სიყვარულით არ ყვარებია.

ლიერი ხასიათი აქვს კაცს, მით უფრო ნაკლები მიDრეკილება აქვს მერყევი სიყვარულისადმი.

სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელსაც იმავე მონეტით ანაზღაურებენ, რასაც თვითონ სჭრის.

უსაწმურობა მოწყენილობის დედაა.

თუ ვინმეს მასზე მაღლა მდგომი ადამიანი სძულს, თუ ვინმე დიდი ჭკუა-გონების ადამიანეგისადმო სიძულვილს ამჟღავნებს, მაშინ ასეთი ადამიანი სამუდამოდ რჩება საშუალო, უფერულ ადამიანად.
აქდან დასკვნა_ისეთი ადამიანი ვისაც მთელი ქვეყნისა შურს, მუდამ უბადრუკ ადამიანად რჩება.

ღმერს მხოლოდ ის ეპატიება რომ არ არსებობს.?????????????

ხელოვნების ყველა სახეში აყცილებლად თვითონ უნდა გამოსცადო ის შეგრძნებები, რომლებიც სხვებში უნდა გამოიწვიო.

არასოდეს მხატვარი და მოაზროვნე არ გამიყვია ერთნმანეთისაგან ისევე, როგორც არ შემიძლია გავყო მხატვრული ფორმა და მხატვრული აზრი.

ხელოვანის მიერ პირადი ხეირის მიზნად დასახვა ჰკლავს ხელოვნების ყობელგვარ ნაწარმოებს.

ახლისკენ სწრაფვა ადამიანის წარმოსახვის პირველი მოთხოვნილებაა.

მხოლოდ გონებას შეუძლია ასაზრდოოს მეორე გონება, მარტოობაში დიდხანს შემოქმედება შეუძლებელია.

ფერწერა ისეთი ხელოვნებაა, რომლის დახმარებით მხატვარი სახის ნაკვთებითა და სხეულის მდგომარეობით გამოხატავს ვნებას და მაყურებელს აღელვებს თავისი თანაგრძნობით თუ ირონიული დამოკიდებულებით სიუჟეტისადმი.

საქმე ის კი არა არის, ხატვა ისწავლო, საქმე ის არის, აზროვნება ისწავლო.

გულწრფელობა ყველაზე ძლიერი იარაღია რაც კი ადამიანს ოდესმე ქონია.

Sunday, July 11, 2010

***

იმისათვის რომ ნაწერი ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდეს, ის ერთი ამოსუნთქვით უნდა დაიწეროს...

Saturday, July 10, 2010

***

ვიცი როგორ უნდა მოგეფერო
შენი ტანი ვიცი მისხალ-მისხალ
უხმო ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც
ვიცი წყალს დოქიდან როგორ მისხამ

ვიცი რომ გიზიდავს ჟიულ ვერნი
საყვარელი ხეა აკაცია
მოგწონს პარიზი და გიყვარს ბერნი
შენს მუცელზე სამი ნაკეცია

ნანახ სიზმრებს დილით ვერ იხსენებ
გიყვარს მოხატული პერანგები
ღამის ცხრამდე თუ არ დაიძინებ
დილით ათზე ადრე ვერ ადგები

ვიცი როგორ უნდა მოგეფერო
ვიცი რატომ გიყვარს აკაცია...

Thursday, July 8, 2010

FaceBook

ფილმში გამოყენებული პერსონაჟები და ფაქტები არის გამოგონილი და სიმართლეს არ შეესაბამება :)

დღეს რატომღაც ისე მოხდა რომ სამსახურში დროზე ადრე მივედი. ჩავრთე კომპიუტერი და მსწრაფლ "პირწიგნაკის" გვერდზე გავეშურე.

მმმმ.... თოთხმეტი წითლად ანთებული რიცხვი საიტის ზედა კუთხეში. ხელები დავიკაპიწე (მოკლე მკლავიანი მეცვა მაგრამ მაინც დავიკაპიწე) და მოვემზადე, რომ ჩემი სამასორმოცდაცხრა მეგობრის სამასზე მეტი ფოტო, ლინკი, ვიდეო თუ სტატუსი გადამეკითხ–მეთვალიერ–მექლიქ–მეყურებინა.

"ავად ვარ" – გაასტატუსა სოფომ. ლიკას, ეკას, დავითს და ოთხ "აზერს" ეს ძალიან მოეწონა.

უიჰ, ეკას ფოტოზე დავუთაგივარ სადაც პატარა და საყვარელი ფერადი მულტფილმის პერსონაჟებია. უბრალოდ ვერ მივხვდი რატომ ფერია და რატომ ცისფერ ფრთებიანი.

ქალბატონ ნანას ტრაქტორი შეუძენია ფერმისთვის. მესიამოვნა. ისე ვნერვიულობდი რომ ბამბის მოსავლის აღებას ვერ მოასწრებდა.

"აქვს თუ არა ლაშას დიდი ძუძუები" – კი, არა, არ ვიცი – გამოაჭენა ვიზუალურად გაფორმებული გამოკითხვა ჩემს ვოლზე ძველმა მეგობარმა – აკაკიმ. უნებლიედ დავხედე მკერდს. თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ცოტა დიეტა არ მაწყენდა გავიფიქრე გულში.

სხეულის რომელი ნაწილი ხარ - გულმოდგინედ შეუვსია ტესტი ლევანს. ცხვირი?! კიდე უფრო და ალბათ საბოლოოდ დავკარგე ტესტების რწმენა და იმედი.

"უნიტაზი გაგვიტყდა :( " – ეს რა მოსვლია ლიაკოს. მეწყინა. თან წინა სტატუსებიდან მახსოვს, გვერდით მეზობლებს ეჩხუბა. ხოდა იაროს ეხლა ქვედა მეზობელთან ტუალეტში.

გავიღვიძე - ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფონზე, ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა იამ.


ამასობაში მღვრიე ადგილებში "ფაცერივით" დატოვებული კომენტარები თავის საქმეს აკეთებს და საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში წითელი რიცხვები გეომეტრიული თუ არა არითმეტიკული პროგრესიით ნამდვილად მატულობს.

წავედი რამე არ გამომეპაროს.

Monday, July 5, 2010

სიცხეში დაწერილი ლექსი

მკიდია რას იტყვი
რას ფიქრობ
რას ითხოვ
ქაჯური ტემბრი უფრო მკიდია
სამყარო დიდია მაგრამ მე გავივლი
თუკი საკაიფო კედებს მიყიდიან

მკიდია რას იცვამ
რას ირგებ
რას ფიქრობ
ჩემი ნაჩუქარი ტანგაც და ბიკინი
მკიდია შენს მკერდზე სვირინგი მარწყვის
და შენი დაქალების კიკინი


არ მინდა
არ გისმენ
არ ვღელავ
დამღალე!
თუკი აგეკიდე უნდა დაიკიდო
კიოკუშინკაის ძველი ოსტატი ვარ
შენ კი უხარისხოდ იცი აიკიდო

ამიტომ მკიდია
რას იგრძნობ
რას ფიქრო
ვინმესთან მღალატობ თუ
მართლა რასისტობ
უბრალოდ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ...
ორივე დიპლომით მე შენთვის ვტაქსისტობ



[ეს არაოფიციალური დასასრული]
ამდენი რამე რატომ მკიდია?
იმიტომ არა რომ ძალიან დიდია.