***
მთელი დღის დაღლილს
გაცვეთილი კლავიშებიდან
დამეძინება დახურული ნოუთბუქივით
***
თვალს ვერ ვწყვეტდი
ჩაბნელებულ "თაჩიან" ეკრანს
საპასუხო SMS-ის მოსვლის იმედით
***
თაიმლაინმა გაიყოლა
მისი ბოლო კედლის სტატუსი
***
მე უხმოდ ვშლიდი
ჩემს დესკტოპზე მიმობნეულ
შენს ძველ ფოტოებს
***
სანაგვე ყუთში
ერთადერთი ფაილი იდო -
მარტოობა სანაგვეშიც რთული ყოფილა
No comments:
Post a Comment