Saturday, February 26, 2011

გგრძნობ

შენს ფეხებს წარმოვიდგენ ღამით
ავყვები, თავიდან ბოლომდე
ნეტა ახლა ვიყო სადმე შორს
და უშენობასთან ვომობდე

შენს სხეულს, დავკოცნი კანდაკან
შენც იცი, ეს კაბა გიხდება
მინდა მიღალატო... ხანდახან
ვერავინ ვერაფერს მიხვდება

შენს სხეულს თავიდან ტერფამდე
ძარღვიდან ძარღვამდე _ ბოლომდე...
ნეტა ახლა ვიყო სადმე შორს
და უშენობასთან ვომობდე

Wednesday, February 23, 2011

გაიღეთ მოწყალება

ეს ისტორია ასე დაიწყო: ბანკში ვმუშაობდი, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. ქოლცენტრიდან მორიგი გზააბნეული გადმოამისამართეს, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობა გზააბნეული საზოგადოების წარმომადგენლებსაც გულისხმობდა.

ყურმილი ჩემმა თანამშრომელმა გოგონამ აიღო. ცოტა ხანში თანამშრომელს სახე მოეღუშა _ "კარგით ქალბატონო, დაწყნარდით ქალბატონო, კარგით ქალბატონო, მე მოგცემთ მაგ ფულს, ოღონდ ასე ნუ ტირით, ქალბატონო, გთხოვთ" - დაახლოებით ეს სიტყვები ისმოდა ცრელმებნარევ ხმაში.

ყურმილი დადო თუ არა, თავი ვერ შეიკავა (არა და არ იყო გულჩვილი გოგო) და ტირილი დაიწყო. რა თქმა უნდა, შევშფოთდით, შევწუხდით, გამოვკითხეთ რა ხდება-მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ქალმა, რომელმაც ტელეფონზე დარეკა, ყოფილ თანაშრომლად გააცნო თავი (დამლაგებლად მუშაობდა). სჭირდა ფეხის განგრენა თუ ტვინის კიბო, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ უზომო ტკივილებით იტანჯებოდა და სხვა არაფერი არ უნდოდა, ოღონდ ბანკს ძლიერი გამაყუჩებლების ფული მაინც მიეცა როგორმე , თუნდაც ძალიან მცირედი, გაუსაძლისი ტკივილი სიკვდილამდე როგორმე რომ ჩაეკლა.


- იქნებ იტყუება? - ვკითხე მე.
- არ არსებობს. ასე ვერ ითამაშებდა. იცი როგორ ტიროდა ტელეფონში?
- და მაინც იქნებ იტყუება. მოდი, როცა გადმორეკავს, სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი კითხე.
- კარგი, მაგრამ არ არსებობს. წარმოუდგენელია. შენ იმ ხმისთვის უნდა მოგესმინა. იცი როგორ ტიროდა?
- კარგი, აი ჩემი 20 ლარი (ხელფასები ახალი აღებული გვქონდა და ეს ყურადსაღები ფაქტია).

ფული არავის დანანებია. რამდენიმე თანამშრომელს (და არც მე პრინციპში) თავზე საყრელი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ზოგმა 20 ლარი, ზოგმა მეტიც დადო. სოლიდური თანხა შეგროვდა.

ამასობაში ქალბატონმა გადმორეკა, რომელმაც კვლავ იტირა და ატირა ეს ჩემი თანამშრომელი და უთხრა, რომ მისი მეზობელი მოვიდოდა და თანხა მისთვის მიგვეცა. თანამშრომელმა გოგონამ, მართალია აცრემლებული ხმით, მაგრამ ტელეფონი მაინც ჰკითხა.

(მოგვიანებით აღნიშნულ ნომერზე გადავრეკე, სადაც არავინ მიპასუხა და კადრებში მეილი გადავაგზავნე, ბაზა რომ გადაემოწმებინათ.)

40 წლამდე მამაკაცი სატელეფონო საუბრიდან ზუსტად 2 წუთში გაჩნდა ჩვენს ოთახში (ახსნაც არ დასჭირვებია დიადად, იოლად მოგვაგნო). სანამ ფულით გავსებულ ქათქათა კონვერტს გადავცემდი, კიდევ ერთხელ გავხედე ეჭვის თვალით.

- თქვენ ვინ ბრძანდებთ მისი?
- მეზობელი.
- და აქ როდის მუშაობდა ხომ არ იცით?
- მე არაფერი არ ვიცი. აქ რატომ ვარ, ისიც არ ვიცი. მითხრა, რომ რაღაცას გამომატანდით.
- მარტო ცხოვრობს?
- მე არაფერი არ ვიცი-მეთქი, ხომ გითხარი.
- მეზობელი ხართ და არ იცით მარტო ცხოვრობს თუ არა?
- ა, მარტო ცხოვრობს კი.
- კარგით, ინებეთ.

კაცი გაუჩინარდა.

ცოტა ხანში "ავადმყოფის" დატოვებულ ნომერზე ისევ გადავრეკე. ყურმილი აგრესიულმა ქალბატონმა აიღო და კაგად მომაწყევლა, რომ იქ აღარ დამერეკა.

კადრებიდან პასუხი მოვიდა - "ადამიანს ასეთი სახელით და გვარით, ცხოვრებაში არ უმუშავია ჩვენთან. ფაილებიც შევამოწმეთ და ციფრული ბაზაც".

შემდეგ გაირკვა, რომ ხელფასების გაცემის დღეს არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომ "ბერისთვის" აუგროვებიათ ფული, რომელსაც რატომღაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა მოაკითხა "მამა ვიღაცის" ნაცვლად.

უამრავი გაჭირვებულისთვის, მომაკვდავისთვის და ა.შ. იკრიბებოდა თურმე ფული. სხვადასხვა სართულზე, სხვადასხვა ოფისში და სხვადასხვა ფილიალში. ამასთან, ჩვენი ბანკი ალბათ ერთადერთი არ იქნებოდა. ანუ ეს იყო თაღლითთა კარგად ორგანიზებული ჯგუფები.

მახსოვს, მასობრივად დავაგზავნეთ წერილები, რომ ყველა მსგავსი მოთხოვნა და ზარი ჩვენს განყოფილებაში გადმოერთოთ.
ისიც მახსოვს, დამირეკა პიროვნებამ, ბოხი ხმით. რომელიღაც სოფელში, რომელიღაც სამონასტრო კომპლექსი შენდებაო და ფული გვჭირდებაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენ გვაქვს ფონდი და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. საჭირო იყო, მხოლოდ ამ ყველაფრის ოფიციალურად გაკეთება. საბუთები მშენებარე ტაძარზე, ანგარიშის ნომერი ბანკში და ა.შ.

პასუხად საკმაოდ ორაზროვანი და ბევრისთვის ალბათ შემაშფოთებელი "ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო" იყო.


ბევრს არაფერს ვიტყვი მეტროებში მოსიარულე მათხოვრებზე, რომლებსაც წლებია ვუყურებ, როგორ უკვდებათ ერთადერთი შვილი, რომელსაც 2 თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, იღლიაში გაჩრილი "ზოლებიანი ვაჭრების ჩანთით", რომელიც შეგროვებული ხურდების საკმაოდ მსუყე მასით არის ხოლმე დამძიმებული, მაგრამ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი რომელიც კარდაკარ დადის, ნამდვილად პრობლემად მესახება.

ერთხელ ბეჭდიანი ფურცელიც კი დამიტოვეს. ეს ამბავი მეგობარს მოვუყევი და მითხრა, რომ თაღლითები არიან - აღნიშნულ მისამართზე მართლაც არ შენდება არავითარი კათარზისი.

ერთი შეხედვით რთულია დაადგინო, ვის მართლა ჭირდება ეს ფული და ვინ თაღლითობს. თან პოზიცია "მე ხომ გულით გავიღე", მთლად მისაღები არ არის ჩემთვის, რადგან ფაქტი, რომ შესაძლოა მომატყუეს, მაინც მიღრღნის ხოლმე გულს (ეს კი სხვა დროს ნამდვილად არ განმაწყობს ქველმოქმედებისაკენ).

სინამდვილეში კი არც ისე რთულია სიმართლის დადგენა. საკმარისია მარტივი შეკითხვები:

- სად მკურნალობს ახლა?
- ვინ არის მკურნალი ექიმი?
- რამდენი წელია ავად არის?
- მშობლების სახელი და გვარი, მგონი ვიცნობ.
- რომელ საავადმყოფოში აპირებენ ოპერაცია რომ გაუკეთონ?
- სად შენდება?
- ალბათ ანგარიშიც ექნება და ხომ ვერ ჩამაწერინებთ, მირჩევნია გადავრიცხო ფული.
- მშენებლობა როდის დამთავრდება?

და მრავალი სხვა...

მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: ჩვენ რომ არ ვიშერლოკჰოლმსოთ და ვიდოქტორვუოტსონოთ, არ შეიძლება ჩვენმა ძლევამოსილმა სამართალდამცავებმა გამოავლინონ მსგავსი თაღლითების თუნდაც ერთი ჯგუფი? დარწმუნებული ვარ, სხვებს მომენტალურად დაეკარგებათ კარდაკარ სიარულისა და "მოწყალების შეგროვების" სურვილი.

ვფიქრობ, სახელმწიფო ოდნავ თუ მოინდომებს, რამე ოფიციალური ცნობების გაცემაც შეიძლება. ან გარკვეული რეგულაციის შემუშავება, რათა როგორღაც ვებრძოლოთ თაღლითობის ამ ამაზრზენ ფორმას _ რა, რა და გაჭირვებულები ამ ქვეყანას ნამდვილად არ აკლია.

P.S. პოსტი რომ დავამთავრე, გამახსენდა, ერთერთმა ბლოგერმა მომიყვა თავისი მეზობელი ბავშვის გასაჭირი, რომელსაც ანგარიში ჰქონდა გახსნილი. უზომოდ გამიხარდა, როდესაც იმავე ბლოგერმა მითხრა, რომ ბავშვს ოპერაცია გაუკეთდა და აღარაფერი ემუქრებოდა.

Tuesday, February 22, 2011

ხალხურ მოტივებზე

ქალავ გიხდება ლაიკი
ზღვის ფოტოები ვოლზედა
იქნებ აქ მაინც გაგცვალო
ამ ჩემ ურჯულო ცოლზედა

დაგიფრენდ-დაგილაიკებ
დაგიკომენტებ ფოტოებს
ვიცი რომ ვერას გაიგებ
ფეისბუქ ჩართულ რომ ვტოვებ

ქალავ ამ რიჟრაჟს რომ ხედავ
მზე შენთვინ ავაყენეო
შენი ლამაზი სახელი
სტატუსად დავაყენეო

მე შენი კედლის შემჰყურე
ვერ ვისვენებ და ვბოგინებ
ნეტაი იმ დღე მომასწრო
ჩემთან რომ დაგაLoginებ

პრეზიდენტი by ლაშარელა

დღეს კიდევ ერთი გენიალური ვიდეო ვნახე, პრეზიდენტის შესრულებით - სათაფლიაში დინოზავრებს ათვალიერებდა.

გამეღიმა, რაღაცის თქმა მინდოდა, უფროსწორად დაწერა და მერე მივხვდი რომ ყველაფერი უკვე ვთქვი და დავწერე. გონებაში თვალი გადავავლე იმ ნაწერებს, რომლებშიც პრეზიდენტი ფიგურირებს და იცით რა? ამ წერა-წერაში პრეზიდენტი შემიყვარდა :)

ასე რომ მინდა წარმოგიდგინოთ ნაკრები _ The best of პრეზიდენტი:






პოსტს კი ერთი ლექსით დავასრულებ, რომელიც არც მახსოვდა:

გაბუტული პატრიBotი

მეც მინდა რამე რაციონალური
ანუ რაციონში რაც იყო მაშინ
მეც მინდა დროშა ნაციონალური
ანუ სენდვიჩი და ქაში

მეც მინდა სექსი მქონდეს ბუჩქებში
ტყვიებიც მაქვს და ლულაც
მეც მინდა პრეზიდენტის ვიყო მეკარე
და მან მომიგოს ქულა

მეც ვიცი ჩვენი ჰიმნი ზეპირად
სხვა სიმღერები კითხვით
მეც მაქვს წითელი ვარდებით მაიკა
ოცდამესამე რიცხვით

Sunday, February 20, 2011

ჰოლივუდი, ბოლივუდი და...

წუხელ სანამ მიმეძინებოდა, კიდევ ერთხელ ჩამოვუარე ტელეარხებს. არჩევანი ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმზე შევაჩერე, სადაც წამებით გამოასწრეს ამოყირავებულ მანქანას, რომელსაც ცეცხლი მოედო და აფეთქდა. აფეთქების მაშტაბი ისეთი იყო  მივხვდი, რომ ქართული კინომატოგრაფია ვერასოდეს შექმნის ჰოლივუდის მსგავს ფილმებს ან თუ შექმნის საშინლად ყალბი გამოუვა.

ჩემი მოსაზრების გასამყარებლად, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

1. ქართულ ფილმში მანქანა ვერასოდეს  აფეთქდება ისე ეფექტურად, როგორც ჰოლივუდის ფილმში, რადგან თითქმის დაცლილი ბაკით ეს შეუძლებელია.

2. ქართულ ფილმში გამნაღმველი, ვერასოდეს გააჩერებს ნაღმს 1 წამით ადრე, რადგან ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით მივა.

3. ვერასოდეს შთანთქავს აზვირთებული ოკეანე  ქართლის დედას.

4. საქართველოს დიდი ქალაქების თავზე, ვერასოდეს ჩამოეკიდება მფრინავი თეფშები, რომლებიც მტრულად იქნებიან განწყობილნი ჩვენს მიმართ. ხაჭაპურით, ქართული ფოლკლორით და სადღეგრძელოებით აღფთოვანებულები ვერასოდეს გაგვიმეტებენ გასანადგურებლად.

5. საქართველოში ვერ იფრენდა ბეტმენი და სპაიდერმენი - სატელეფონო და ელექტრო სადენების მიწისზედა გაყვანილობის გამო.

6. ქართულ ფილმებში ვამპირები ვერასოდეს დალევენ ვერავის სისხლს, რადგან ამ ფაქტს მკაცრად დაგმობდნენ ლეიბორისტები.

7.  ფილმში საქართველოს პრეზიდენტს არ მოუწევდა ექსტრემალურ ვითარებაში თვითმფრინავის მართვა, რადგან ამას ისედაც აკეთებს _ "ლაივში".

8. ქართულ ფილმში მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით თუ აჩვენებდნენ ლეზბოსურ სექსს, რადგან ორივე როლის თამაში შორენა ბეგაშვილს მოუწევდა.

9. საქართველოში ვრასოდეს გადაიღებენ ფილმს ზომბებზე, რადგან ეს ფილმი ყველას  თემო საჯაიას კლიპის გაგრძელება ეგონება.

10. საქართველოში ვერასოდეს იარსებებს "ადამიანი X" - რადგან აქ ყველა ყველას იცნობს.


ვერ გადავიღებთ და ნუ გადავიღებთ _ ყველა ჰოლივუდისა და ბოლივუდის თავზეც გავიარე.

(ახლა წარმოიდგინეთ თვალებდაქაჩული ლევან გაჩეჩილაძე, პარლამენტის წინ მიტინგზე)

- ქალთველებოოოოოოო.... ღვინო, დუდუკი, ქალები _ ეს დოლი-ვუდია!

Saturday, February 19, 2011

ტუსოვკა

ეს არის უბრალოდ მოთხრობა და არა კრიტიკული პოსტი. ამას თავის გასამართლებლად არ ვწერ. უბრალოდ კრიტიკისთვის ზედმეტად მხატვრულია, მეტაფორული და უხარისხო (და ვიცი ვინმე მეტყვის - არც მოთხრობის პირობაზე არის შედევრიო). ამიტომაც გთხოვთ _ ნუ დაიწყებთ მოცემულ ტექსტში ქვეტექსტების ძიებას.


ის დღე ზოგადად იყო უცნაური: სადარბაზოსთან სპაიდერმენი იდგა, რომელიც სიგარეტს ნერვულად აბოლებდა. - წამოდი შეჩემა, ბავშვები გველოდებიან - უხურებდა იქვე მდგარმა კლოუნი, რომელსაც იმ წამს ჩაექრო ბიჩოკი. ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ ჟირაფს, ორცხობილას დადებული ზასოსის გამო მარწყვი დაშორდა.


***
ოჰ, ყველაზე ბანალური ფინალიც კი როგორი გაუგებარი ხდება ექსპოზიციის, ძირითადი ამბისა და კვანძის გარეშე. ასე, რომ მოდით, თავიდან დავიწყოთ.


ორშაბთია, თვრამეტი სექტემბერი. მოთხრობის მთავარი გმირი იღვიძებს და ნანახი სიზმრით ნასიამოვნები იფშვნიტავს თვალებს. ის ტანზე იცვამს, იხეხავს კბილებს და დღის დაწყებასთან დაკავშირებულ სხვა რიტუალებს ასრულებს, რომელთა დეტალური აღწერითაც თავს არ შეგაწყენთ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოთხრობის მთავარი გმირი ერთობ უცნაურად იხეხდა კბილებს, რომლის მხატვრული აღწერა მართლაც რომ შესძენდა მოთხრობას დამატებით პეწს.

დღეს ბლოგერების ტუსოვკაა - წარმოთქვა მთავარმა გმირმა _ ერთი შეხედვით მარტივი წინადადება, რომლის ბოლო ორი სიტყვა ბევრისთვის ალბათ გაუგებარია.

"ბლოგერი" სინამდვილეში ადამიანია. ადამიანი რომელიც, იმით განსხვავდება სხვა მოქალაქეებისაგან, რომ სახელის და გვარის ნაცვლად, საქართველოს სახელმწიფოს სამეწარმეო რეესტრში, დომეინით (ანუ ინტერნეტ მისამართით) არის რეგისტრირებული.

რაც შეეხება "ტუსოვკას", ეს უბრალოდ რუსული სლენგია და მეტწილად შეკრებას, თავყრილობას ნიშნავს. თუმცა თავად მოთხრობის მთავარ გმირსაც გაუკვირდა, რატომ არ გამოიყენა მისი რჩეული სიტყვა "ფართი".

დილიდან საღამომდე, მოთხრობისთვის გამოსადეგი არაფერი მომხდარა, ამიტომაც შეგვიძლია განვაგრძოთ ასე:

საღამოს, მთავარმა გმირმა ბაზრობაზე ნაყიდი, იაფფასიანი რეზინის კედები ჩაიცვა, რომლებსაც წარმატებულად ასაღებდა ძვირადღერიბულ ბრენდად. ამავე პრინციპითა შეძენილი ღია ფერის, გაქექილი ჯინსი, ხოლო მაისურზე წარწერით "Who's the Daddy?", თბილი, ნაქსოვი პულოვერი გადაიცვა. ალაგ-ალაგ ჩამტვრეული კიბეები, სწრაფად ჩაირბინა და ჩაბნელებული სადარბაზოდან გარეთ გავარდა.

სადარბაზოსთან სპაიდერმენი იდგა, რომელიც სიგარეტს ნერვულად აბოლებდა.

- წამოდი შეჩემა, ბავშვები გველოდებიან - უხურებდა იქვე მდგარი კლოუნი, რომელსაც იმ წამს ჩაექრო ბიჩოკი.

საქმე იმაში გახლდათ რომ სპაიდერმენიც და კლოუნიც, მთავარი გმირის მეზობელს _ ქალბატონ მზიას, გამოეძახებინა საგენგებოდ, ბავშვთა გასართობ ცენტრ "ენკი-ბენკიდან", თავისი უმცროსი შვილისთვის _ ანიკოსათვის, დაბადების დღის მისალოცად.

მაგრმ ვინაიდან წინადადება საკმაოდ გრძელი და მძიმე გამოგვივიდა, უბრალოდ ვთქვათ:

მთავარ გმირს გაახსენდა, რომ დღეს ქალბატონი მზიას უმცროსი შვილის დაბადების დღე იყო, მაგრამ ვეღარაფერს გაეწყობოდა _ ტუსოვკა მალე უნდა დაწყებულიყო. მთავარმა გმირმა ტაქსი გააჩერა და კლუბ "ბნელი ღამისკენ" გაემართა.

აი, აქ კი ნამდვილად არის საჭირო, მცირე აღწერა:

კლუბი "ბნელი ღამე", ქალაქის ძველ უბანში მდებარეობდა. მიწის ქვეშ განთავსებული დიდი დარბაზი, ადრე თურმე მეწაღეებს ეკუთვნოდათ. დღეს კი ქალაქის ერთერთ თანამედროვე კლუბად ქცეული, ხარისხიანი თუმცა ხმამაღალი მუსიკის გამო, იქ მცხოვრებთა მთავარ სასჯელად და სატანჯველად ქცეულიყო. თუმცა ამავე დროს ეს კლუბი იყო მათივე შემოსავლის ძირითადი წყარო, რადგან კლუბის მესვეურები ფულს უხდიდნენ მაცხოვრებლებს დუმილის სანაცვლოდ. მაცხოვრებლებსაც ერთდროულად უყვარდათ და ძულდათ იგი.

დაბალი განათება, აგურის კედლები, როგორც უკვე ავღნიშნეთ გემოვნებიანი თუმცა ხმამაღალი მუსიკა _ აი, ასეთი გახლდათ კლუბი "ბნელი ღამე".

როდესაც მთავარი გმირი ადგილზე მივიდა, სიტუაცია გვარიანად გახურებული დახვდა - ალკოჰოლით შეზარხოშებული ბლოგერები, მთელი ძალით აყოლებდნენ თავს კლუბურ მუსიკას. ვფიქრობ დადგა შესაბამისი დრო ავღნიშნოთ, რომ მთავარი გმირიც ბლოგერი იყო და ნელნელა კვანძის შეკვრისკენ გადავინაცვლოდ.

მთავარი გმირი პირველად ესწრებოდა მსგავს ღონისძიებას. ის თითმქმის არავის იცნობდა. არავის იცნობდა "ლაივში", ასე ვთქვათ ხელის ჩამორთმევით, თორემ ინტერნეტში ყველას ემეგობრებოდა და ზოგს ენათესავებოდა კიდეც.

მთავარ გმირს "ციყვი" გამოეგება, რომელმაც ხელი ჩაავლო და თავდავიწყებით მოცეკვავეთა შორის გავლით მაგიდასთან მიიყვანა, რომლთანაც გამართული, არც თუ ისე სასიამოვნო დიალოგი შემდეგი იყო:

- დამპალო, ვისში გამცვალე
- ვისშიც იყავი ღირსი რომ გამეცვალე
- დამპალი ხარ
- შენც დამპალი ხარ
- მე ვიცი რომ დამპალი ვარ მაგრამ შენც თუ დამპალი იყავი არ ვიცოდი
- ხო და აწი გეცოდინება

როგორც ნელნელა გარიკვა და გამოიკვეთა საქმე შემდგომში იყო:

"ჟირაფმა" ცეკვის დროს შემთხვევით ტუჩებში აკოცა "წიგნის ყდას". ეს დაინახა "წიგნის ყდის" შეყვარებულმა "სევილიანემ", რომელმაც შურისძიების მიზნით, ყველას დასანახად აკოცა "პატარა ტომის" შეყვარებულ "ჟანგს". საკუთარ თავზე და შეყვარებულზე გაბრაზებულმა "პატარა ტომმა" ჯგუფური კოცნა შესთავაზა, დიდი ხნის შეყვარებულებს _ "ორცხობილას" და "სევდას".სევდამ კიდე რატომღაც გადაწყვიტა რომ იმ საღამოს არავისთვის ეკოცნა. სამაგიეროდ ამ გადაწყვეტილებით გამწარებულმა "ორცხობილამ" აკოცა ყველას. ამასთან სამყაროთი და სხვების უგემური კოცნით იმედგაცრუებულმა ყველაზე ვნებიანად "ჟირაფი" ჩაზასა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ "ჟირაფს", "ორცხობილას" დადებული ზასოსის გამო დაშორდა "მარწყვი".


ძვირფასო მკითხველო. ვინაიდან და რადგანაც, ეგზომ ჩახლართული კვანძი ასე მარტივად და სხარტად გავხსენით, ერთადერთი რაც ახლა გვჭირდება ეფექტური ფინალია. ფინალი, რომლის მსგავსიც ჯერ არავის დაუწერია. რომელიც იქნება ძალიან ორიგინალური და განსხვავებული. რომლის არომატიც საბოლოო შტრიხი იქნება, ამ მსუყე და უგემრიელეს ამბავში, ყელის ჩასაკოკლოზინებლად და პირში დაუვიწყარი არომატის დასატოვებლად.

მგონი მოვიფიქრე:

მთავარმა გმირმა, ნაქსოვი პულოვერი გაისწორა, რომლის ქვეშაც მაისური წარწერით "Who's the Daddy?" ემოსა. ის მძიმე ნაბიჯებით აუყვა კლუბის ძველ, აგურის კიბეებს. დაცვამ კარი გააღო. ცივი ჰაერი, დიდი ხნის უნახავი შეყვარებულივით გამოიქცა გახარებული, ყელზე მოეხვია და კოცნა დაუწყო. კოცნიდა ყველგან - ტუჩებში, ყურებზე, თვალებზე, ლოყებზე, ყელზე... შემდეგ ისევ ტუჩებში.

თოვდა.

Friday, February 18, 2011

ჭიპი


შენი გემრიელი მკერდი
კარადა
შოპენი, შოპენი, ვერდი
არა და
შენს თეძოს ხარბად ათოვს
ბარდნის
შეწყვეტას არავინ არ გთხოვს
ვარდნის
ფიფქები გედება ტანზე
ენით
თან მე ვლოკავ და თან მზე
გელით
და თოვლი ჭიპთან ახლოს
დნება
მშრალ თითებს სისველე
ერიდება
შენი მხურვალე მუცელი
ნისლი
აიღე კალამი და ფურცელი -
სიჩუმეს ვისვრვრი!

წვიმა

წვიმს ||||||| |||||| ||||
||| |||||||||| || ალაგ-ალაგ
თოვს || ||||| || ||| ||||||
||||||| ნერვები |||||| ქალაქ-ქალაქ
|||||| ||| სიარულს ||||||| |||||
მთხოვს |||| |||||||| |||||
|||||| ცას |||||||||| ||||
|||||||||| || |||| ნაწილ-ნაწილ
ცვივა || |||||||| ||||||| || |||||||
||||| |||||||| || |||||||| სხივები მზის
ცივა |||||||| ||||||| ||||||
|||||| და წვეთ-წვეთ ||||| ||||| ||||||
||||| ||||||… || |||| ცრის

Wednesday, February 16, 2011

კონკურსის კონკურსის კონკურსი

ყველას არა მაგრამ ორ კომპანიას ნამდვილად შეეყარა ლაიკომანია. ერთს ცოტა უფრო ადრე, მეორეს ცოტა უფრო გვიან და იმ ერთს ცოტა უფრო მეტი მომხარებელი ყავს ვოდრე მეორეს და მეორემაც იშიშვლა ხმალი და სლოგანი "დავეწიოთ და გავასწროთ პირველსო".

გასწრებით ჯერ ვერა, მაგრამ ჰა და ჰა დაეწია და მალე ალბათ გადაასწრებს კიდეც. ამასთან ეფლმა საგანგებო წერილიც გამოუგზავნა ორივე კომპანიას "თქვენი წყალობით 2010 წლის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაგვეზარდაო".


მოკლედ კონკურსი კონკურსზე ტარდება. ოქროს ციებ-ცხელების რა გითხრათ მაგრამ ფეისბუქზე დაპოსტვის, დასწრები და დალაიკების ციებ-ცხელებით ნამდვილად ბევრი დაავადდა iPhone-ის, iPad-ის თუ iPod-ის მოგების მოლოდინში.

კონკურსებიც მრავაფლეროვანი იყო - თუ იყო ვმღეროდით, თუ იყო ჯადოსნურ ყუთებს ვხსნიდით, სიყვარულს ვუხსნიდით ერთმანეთს, ვკოცნიდით და ვულოცავდით დედებს (ისე მამებმა რა დააშავეს?).

კონკურსები რომ გამოილია, ჩატარდა კონკურსი ახალი კონკურსის გამოსავლენად. შემდეგ ჩატარდა კონკურსი, კონკურსის გამოსავლენად, რომელიც კონკურსს გამოავლენს და ასე უსასრულოდ.

მეც არ მინდა ჩამოვრჩე ფერხულს და ზემოთხსენებულ ორივე კომპანიას მინდა შევთავაზო რამდენიმე აპლიკაციისა და კონკურსის იდეა. იმედი მაქვს აიპადს თუ არა, ერთ გაქუცულ აიპოდს მაინც მაჩუქებს რომელიმე.

მაშ ასე:

კონკურსი "გოგო მიდის მოხვეულში" - გადაუღეთ ფოტო გოგონას, რომელიც "მიდის მოხვეულში" და გამოგვიგზავნეთ. სპეციალური ჟიური დაადგენს ფოტოს, რომელზეც გოგონა ყველაზე კარგად მიდის მოხვეულში.

კონკურსი "ტრულაილას ფული რად უნდა" - მოგვწერეთ 1 მიზეზი, რატომ უნდა ჰქონდეს ტრულალას ფული და განათავსოს ის საბანკო ანაბარზე.

კონკურსი "მაია მულატკა" - გადაუღეთ ფოტო საყვარელ ადამიანს გარუჯულ მდგომარეობაში. გაიმარჯვებს ის მონაწილე, ვისი რუჯიც იქნება ყველაზე მაღალპროცენტიანი დაბურვით. (შენიშვნა: ფოტოშოპით და სოლარიუმით მიღებული რუჯი არ მიიღება).

კონკურსი "სამი დალიე" - გამოგვიგზავნეთ თქვენი საყვარელი სადღეგრძელო. კონკურსის გამარჯვებულს დაადგენს კომპეტენტური თამადა.


კონკურსი "ტაშ ტაშ ტაშ მრავალ მრავალ მრავალ ჟამიერ" - გადაიღეთ ვიდეოზე როგორ ქეიფობთ ძმაბიჭებთან ერთად რესტორანში. კონკურსის ნომინაციებია "საუკეთესო ჩახუტება", "საუკეთესო სიყვარულის ახსნა ძმობაში" და "საუკეთესო ვახტანგური".


აპლიკაცია "შემოულაწუნე მამაო" - გაულაწუნე მეგობარს!  დააგროვე ყველაზე მეტი შემოლაწუნება და გაიმარჯვე!

აპლიკაცია "მიცვალებული ადგა" - აიძულეთ მეგობარს, გააცოცხლოს დიდი ხნის წინ მიტოვებული ფეისბუქ პროფილი. ვინც ყველაზე მეტ პროფილს გააცოცხლებს, საჩუქრად გადაეცემა iბიჭუნა - ცოცხალი!

აპლიკაცია "გაიტანეთ გრენლანდია" - დაიკიდეთ გრენლანდია საკუთარ კედელზე! დაიკიდეთ ყველაზე მეტჯერ და მოიგეთ უამრავი პრიზი.

აპლიკაცია "თქვენ მოკალით ძერა?" - მოკალით ძერა და ჩამოაგდეთ იგი მეგობრის ვოლზე რაც შეიძლება შორს.

აპლიკაცია "მამალი" - რა სარგებლობა მოაქვს ფეისბუქ კონკურსს?

- გვართობს?
- არაააა
- გვაშინებს
- არაააა
- რძეს გვაძლევს?
- არაააააა

მაშ, რა სარგებლობა მოაქვს ფეისბუქ კონკურსებს?

- ფეისბუქ კონკურსები გვჩინჩლავს!


P.S. ისე, ფეისბუქზე ოთხასიათასამდე ქართველი მომხმარებელია სულ რეგისტრირებული. ოთხასიათასივეს რომ დაიფრენდ-ლაიკებს ორივე კომპანია, მერე ან იმათ რა უნდა აკეთონ, ან ჩვენ რა გვეშველება?

Tuesday, February 15, 2011

სკანდალი ბალი ბიჭუნას და სმარტ ბიჭუნას იგვლივ

დღეს, "თბილისი მარიოტში" გაიმართა ქალთა უფლებების დამცველი _ "ქალები კაცებს ვჯობივართ" ორგანიზაციის პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციის მესვეურებმა გამოთქვეს პროტესტი და ღრმა შეშფოთება ქართული კომპანიების მიერ გამოყენებული მამრობითი სქესის პერსონაჟების სიმრავლის გამო.

"ბალი ბიჭუნა, სმართ ბიჭუნა და არცერთი გოგონა! ეს არის ქალთა უფლებების უხეში დარღვევა და გენდერული თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფა, რომელიც გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის დაცული." _ აცხადებენ პრესკონფერენციის ორგანიზატორები.

ორგანიზაციის მოთხოვნას შეუერთდნენ ლეიბორისტები, რომლებმაც თავის მხრივ განაცხადეს, რომ ყველაფერი "ამ მთავრობისა და პირსისხლიანი რეჟიმის ბრალია".

კონფერენციამ უკვე ჰპოვა გამოხმაურება ცხოველების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათ, თავის მხრივ, დაამატეს, რომ ქართული კომპანიები არღვევენ არა მხოლოდ გენდერულ ბალანს, არამედ ცხოველთა უფლებებსაც, მათ სარეკლამო კამპანიებში და მარკეტინგულ აქციებში გამოყენების გზით. მაგალითისთვის მათ მოიყვანეს საქართველოს ბანკის ლომი, ავერსის მტრედები და კომპანია GPC-ს ზღარბები.

მოთხოვნას უსამართლო უწოდეს კომპანია GPC-ს წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, სარეკლამო რგოლში გამოყენებული ზღარბი არის მდედრობითი სქესის და ამასთან მათ გააჩნიათ ზღარბის წერილობითი თანხმობა, სარეკლამო რგოლებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს საქართველოს ბანკი და ავერსი, თუმცა ჩვენ კორესპონდენტთან არაოფიციალური საუბრის დროს საქართველოს ბანკმა განაცხადა, რომ ისინი მას შემდეგ აღარ თანამშრომლობენ ლომთან, რაც ის დათანხმდა "ნარნიას ქრონიკების" მეორე ნაწილის გადაღებებში მონაწილეობას.

ხვალ სასტუმრო "რედისონში" გაიმართება "ლესბო-გეი-ბისექსუალ-ტრანსექსუალთა" საბჭოს რიგგარეშე სხდომა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხდომის მთავარი მიზანი იქნება ბალი ბიჭუნასა და სმარტ ბიჭუნას უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით სმარტ ბიჭუნას, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ არის გეი, მას და ბალი ბიჭუნას უყვართ ერთმანეთი და ის არ აპირებს ორიენტაციის შეცვლას, მანამ სანამ მის პატივსაცემად ფეისბუქზე გახსნილი გვერდის ლაიკების ოდენობა არ მიაღწევს 400 ათასს.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ამ ქვეყანაში ლაიკების კონკურსები, დაიგმოს კომპანიების მიერ მამრი თოჯინების გამოყენება და მათი ძალადობრივი გზით გალესბოგეიბისექსუალტრანსვისტიტება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით ხვალინდელ აქციასაც" - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ჩვენი გუნდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას. დამატებით ინფორმაციას ჩვენ შემგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

წინაპრები

ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით. სიამოვნებით და ნეტარებით გვევსება სული, როდესაც უძველეს ტაძრებს ჩავუვლით. როდესაც ვიხსენებთ, როგორ მოდიოდა ერთ ქართველზე ათი ურჯულო, როგორ ვამარცხებდით მათ ბრძოლაში, როგორ გვამარცხებდნენ ისინი და მაინც არ ვტყდებოდით _ ვიყავით უდრეკნი და შეუვალნი.

მართლაც, დიდი დამსახურება მიუძღვით ჩვენს წინაპრებს, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ერი, როგორიც ჩვენ ვართ, გადარჩა და მეტიც _ ნატოში შესვლაზეც კი აცხადებს პრეტენზიას!

დღეს უაზრო ფიქრებს გავყევი "ლინკების" კვალდაკვალ _ მეც მინდა რომ ჩემმა შთამომავლებმა მომიგონონ, მეც მინდა სიამაყით აევსოთ გული, მეც მინდა ჩემით იამაყონ _ დავასკვენი ფიქრების ბოლოს.

წარმოვიდგინე, წლებისა და საუკუნეების შემდეგ როგორ მოგვიგონებენ ჩვენი შთამომავლები.


მე მინდა, ჩემმა შთამომავლობამ თქვას: ჩვენი წინაპარი, რომ სტატუსს დადებდა, ათასი კაცი "ულაიკებდაო".

მე მინდა, რომ ჩემმა შთამომავლობამ იმ დროისთვის გვარიანად მოძველებული და ობმოდებული HTML ფაილები მოწიწებით გახსნას, შიგნით ჩაიხედოს და თქვას: ეს რა კოდი დაუწერია ჩვენს წინაპარსო.

სიამაყით აღნიშნოს: ჩემი წინაპარი ქალიშვილობის ინსტიტუს ებრძოდაო.

იგონებდნენ: ჩვენს წინაპრებში, ერთი სიმღერის ლინკი ცხრა ფრენდმა გაიყოო.

ყოველთვის ახსოვდეთ და მოიგონონ: ჩემმა წინაპარმა უკან დასახევი გზა ჩაიხერგა და ფეისბუქის პროფილი წაშალაო.

ჩვენი წინაპარი რომ 5+ დაწერდა "ოდნოკლასნიკზე", ათიანს უდრიდაო.

ჩემს წინაპარს შეეძლო, პაროლი არ ჩაეწერა და ფეიბუქზე ისე შესულიყოო.

კაცი არ იყო დედამიწის ზურგზე ტვიტერში, ჩემ წინაპარას "ადევნებას" რომ გაუბედავდაო.

ჩემი წინაპარი მოყვარეს "ლაიკით" ხვდებოდა და მტერს "დისლაიკითო".

ჩემს წინაპარს ცალ ხელში მაუსი ეჭირა და მეორეში კლავიატურაო.

ჩემმა წინაპარმა შექმნა forum.ge, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ახლაც არსებობსო.


მერე, რომელიმე ვირტუალურ სახინკლეში ციფრული ხინკლის სურნელითა და ჭაჭის არაყით კარგად შეზარხოშებული თამადა ოფიციალურ ტონს გვერდით გადადებდა და იტყოდა _ იმ ხალხს, ჩვენ რომ გადავრჩენილიყავით და არ გადავშენებულიყავით, ერთმანეთთან ხახუნი და ათასი წვალება ჭირდებოდათ. ასე შრომით და ოფლით მოვედით დღემდე. ჩვენ კიდევ ენტერზე ხელის დაჭერა გვეზარება, რომ გავმრავლდეთ... მოდით, ყველა ახლად დაინსტალირებული პროგრამის სახელით სიცოცხლეს გაუმარჯოსო.

Sunday, February 13, 2011

ჯგუფური სიყვარული

თუ არსებობს ჯგუფური სექსი რატომ არ უნდა არსებობდეს ჯგუფური სიყვარული?

რა თქმა უნდა _ აუცილებლად უნდა არსებობდეს!

მოგეხსენებათ, ხვალ 14 თებერვალია _ სიყვარულის დღე. ამ, ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით გეპატიჟებით ხვალ, დილის 9 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბიჭებს გთხოვთ გეცვათ, შავი ტყავის კურტები, ან გრძელი შავი პალტოები. გოგოებს "დუტის" კურტკები ან მზიანი ამინდის აღსანიშნავად მაისურები, წინიდან წარწერით "YES" და უკანიდან "NO".

ბიჭებმა თან იქონიეთ, 5 ლარიანი, გამჭვირვალე პრიალა და კრაჭუნა პარკში გახვეული, ერთი ცალი შავი, ხელოვნური ვარდი.

მსვლელობა დაიწყება 10 საათზე, წინასწარ განსაზღვრული მარშუტით: "რუსთაველის მეტრო-თავისუფლების მეტრო-პუშკინის სკვერ-ალექსანდროვის ბაღი-რუსთაველი".

ზემოთაღნიშუნლ მარშუტს გავივლით, რამდენჯერაც მოვასწრებთ (და რაც უფრო მეტს მოვასწრებთ უკეთესი!) საღამოს 6 საათამდე.

ვიმოძრავებთ ერთ დიდ ჯგუფად შეკრული. ყველა ბიჭი, ერთდროულად გაუყრის "პადრუჩკას" გვერდით მდგომ გოგოს, ხოლო გოგოები თავის მხრივ დაადებენ კდემამოსილად თავს და დაყნოსავენ ბიჭების მიერ მოტანილ 5 ლარიან, გამჭვირვალე პრიალა და კრაჭუნა პარკში გახვეულ, შავი ფერის ხელოვნურ ვარდს (მინდა მოგიწოდოთ ბიჭებს, გაითვალისწინოთ გასული წლის "ჯგუფური სიყვარულის" აქციის მონაწილეთა გამოცდილება და არ იყიდოთ ვარდები ლილოს ბაზრობაზე, რადგან მოცემულ ბაზრობაზე წარმოდგენილი ჩინური წარმოების ვარდები არის ტოქსიკური და უკიდურესად საშიში ჯანდმრთელობისთვის).

ამასთან, მე როგორც აღნიშნული ღონისძიების იდეის ავტორი, დამფუძნებელი და ერთპიროვნული ორგანიზატორი ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ განვმარტავ: "ჯგუფური სიყვარულისა" და ჯგუფური სეირნობის აქცია, არამც და არამც არ გადაიზრდება ჯგუფურ სექსში _ ამას პირადად მე და ჩვენი მოძრაობის აქტივისტები არ დავუშვებთ!

თუმცა სექსის მსრუველებს განგიმარტავთ რომ "ჯგუფური სიყვარულისადმი" მიძღვნილი დღის დასრულებისთანავე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ინდივიდუალურად დაკავდეთ სექსით თქვენთვის სასურველ პარტნიორთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთეს, ბედნიერებას და რაც მთავარია ბევრ სიყვარულს.

უდიდესი კდემამოსილებით, მოწიწებითა და პატივისცემით
მოძრაობა ჯგუფური სიყვარულის იდეის ერთპიროვნული ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი
ლაშა კვანტალიანი

Saturday, February 12, 2011

კვალი ქვიშაზე

მსუბუქი ისე რა
შენს ყელზე ბისერი
კანის სითეთრეს არღვევს

მოღერებული მზისკენ
კისერი
იმშვენებს მფეთქავ ძარღვებს

ძაფებით მოქარგულ
კაბასთან მკლავები
სივრცე

თმები რომელშიც
თევზივით გავები
რა უნდა მივცე?!

მსუბუქი ისე რა
შენ ყელზე ბისერი
დრომ...

ცა თვითმფრინავმა გადამისერა
რომ

ქვიშიან ნაპირზე
შიშველი ფეხების
კვალი

გამოგონილი, ზღვისპირა ტალღებში
ქალი

პანაშვიდი

ეს ისეთი ამბავია, წესით მესამე პირში უნდა ვყვებოდე, მაგრამ თავად ავტორის, ჩემი მეზობლის და კაი კაცის _ ბატონი ჟირონის თხოვნით, რომელიც სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ამბავს პირველ პირში გიამბობთ.

***
ახლა ვხვდები, ადამიანი სიკვდილის შემდეგ რატომ არის უკვდავი. ეს, პირველი ყოფილა რთული _ სანამ არ იცი რა გელოდება, რა არის "იქეთ". თურმე სად ხარ... ერთხელ თუ იგემე ეს ზღაპრული შეგრძნება, მერე ყოველწამს სიკვდილს ინატრებს კაცი, მარა სადღაა _ უკვე უკვდავი ხარ. სწორედ ამ დროს მივხვდი რომ ცხოვრება აქეთაც და იქეთაც უკუღმართადაა მოწყობილი.

არა და იმ დღეს, ისე გემრიელად მეძინა: მწვანე მინდორზე ნედლი მიწის სუნს მსუბუქად დააქროლებდა სიო. თეთრი პეპლები ანაზდად დაფარფატებდნენ ჰაერში. ბალახში წამოწოლილი, გვირილებისგან მეორე გვირგვინს ვწნავდი. მეორეს-მეთქი ვამბოს _ პირველი თავზე მეკეთა და ისე გამახალისა, მაიმუნობა მომინდა და მეორე, უფრო დიდი გვირგვინის დაწნა ჩემი პატივცემული ღიპისთვის დავიწყე, უამრავი პეპელა რომ ეხვია თავს. სადღაც შორიახლოს ნაკადულის კრიალი ისმოდა...

- ჟიროოოოოოონ - შეიკივლა ჩემმა შეშლილმა ცოლმა
- რა მოხდა, ქალო - წამოვარდი საწოლიდან ნიფხავის ამარა
- მოკვდი შე უბედურო?
- მოკვდა შენი მტერი
- ეს რა მიქენი ბიჭო? - შემაცოდა თავი ცოლმა
- არ იტყვი ქალო რა ჭირი გეტაკა? - შევუღრინე ცოლს.

ჭირი მას კი არა თურმე მე მეტაკა _ რა ვიცოდი და თურმე ნიფხავით ჩემი სული წამომხტარა საწოლიდან. სხეული კი არაფრით განსხვავებული და შეიძლება ითქვას, თითქმის ანალოგიური, უბრალოდ იმქვეყნიერ ნიფხავში გამოწყობილი იწვა საწოლზე და "ეძინა". აი, სულ ეს იყო განსხვავება.

- არიქა ხალხოოო, მეზობლებო მოდიიიით - შეყარა ცა და მიწა ჩემმა ქოფაკმა
- რას შვები ქალო, მაცადე შარვალი მაინც ამოვიცვა, ნიფხავით ხო არ დავხვდები ხალხს - ვყვიროდი მე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვისღა აინტერესებდა შენი სულიერი ჟირონი? ყველა იმ ხორციანს დასეოდა თავზე.

ოთახმა ნელნელა მეზობლებით დაიწყო გავსება. სიჩქარეში სხვა რო ვერაფერი ვნახე, შკაფიდან დუბლიონკა გამოვიღე და მოვიცვი. მაგრამ მალე მივხვდი რომ არც არავის ესმოდა ჩემი და ვერც ვერავინ მხედავდა. მზემ კარგად რო მოუჭირა და მოადგა ფანჯარას, სანამ ოფლი წურწულით წამომივიდოდა დუბლიონკა გავიხადე და ვიდექი ასე ნიფხვით და სახეზე ვინიავებდი.

დაფაცურდნენ მეზობლები, გაქანდნენ ქალაქში და ლედნიკი მოაგრიელეს. ძალიან კი მესიამოვნა _ ყველაზე ძვირიანი ლედნიკი უქირავებიათ რაჟდენასგან. კი იყო სასახლესავით. რო შეხედავდი შიგნიტ ჩაწოლა მკვდარს კი არა ცოცხალს მოუნდებოდა. ისე ჩამოცხა ძლივს ვიდგამდი სულს _ გაგიხმეთ ეგ თავი, მკვდარია მაგი უკვე, რად უნდა მაგას გაგრილებამეთქი - ვფრუტუნებდი ჩემთვის სიცხისგან გათანგული. მაგრამ სიცხე არაფერი. მერე დაიწყო რაც დაიწყო _ რომ მცოდნოდა ამქვეყნიური ყოფა როგორი სახალისო არის, აქამდეც დიდი სიამოვნებით მოვკვდებოდი.

თავიდან, სანამ გონს მოვეგებოდი, ის მესიამოვნა და მეამა, რომ ჩემმა ცოლმა იმდენი მეფერა და ისეთი ტკბილი სიტყვები მითხრა, მთელი ცხოვრება ერთად აღებული რომ არ მომფერებია და უთქვამს. ერთი კი მაწუხებდა_ "შენი ასე და ასე, ამდენი ფერება თუ იცოდი, წყევლა-კრულვაში რას გამატარებიე ცხოვრებამეთქი" რო შევაგინე გემრიელად და რომ ვერ გაიგო. იმან, ვერ გაიგო მაგრამ მე კი შევაგინე და მოვიფხანე გული _ ასე რომ არც ეგ იყო დიდი პრობლემა.

მერე მივხვდი, რატომ აღიარებენ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ. იმიტომ, რომ სიკვდილის დღეს ყველა მასზე ლაპარაკობს, ვინც არ იცნობდა, მის განვლილ ცხოვრებას ეცნობა, ვინც იცნობდა კიდე შემაჯამებელი სიტყვით გამოდის დამსწრე საზოგადოებასთან.

მარტო ის რად ღირდა, ამ გაგანია სიცხეში ნიფხავით რო შემეძლო ამხელა კაცს სიარული. სიარულითქო კი ვამბობ მაგრამ აღმოვაჩინე რომ სინამდვილეში დავფრინავდი. ისე დავლილივებდი ჰაერში ამ ჩემი თეთრი ნიფხავით, როგორც ბაბუაწვერა.

მაგრამ სიკვდილის ყველა სიკეთესთან ერთად, განსაკუთრებულად სამძიმრებმა და პანაშვიდებმა გამახალისა. არიქა, ჟირონი მომკვდარაო, ჩემს ჭიშკართან ხალხის ტევა აღარ იყო. ვინ აღარ მოდიოდა. ჩემი შორეული ნათესავებიც კი ჩამოვიდნენ ასტრახანიდან.

დასამალი რა არის და უმეტესობას სახეზე ვერ ვცნობდი, მაგრამ ახლობელიც ბევრი იყო. მოვიდოდნენ, საპატიო წრეს მოარტყამდნენ და მერე დადგებოდნენ ეზოში ჯგუფჯგუფად _ სკოლისდროინდელი მეგობრები ცალკე, უნივერსიტეტისა ცალკე... აივიდან რომ გადმოვხედავდი ეზოს, შეიძლება ითქვას მთელს ჩემს ცხოვრებას ვხედავდი ჯგუფჯგუფად.

იდგნენ და იხსენებდნენ ძველ ამბებს, თავადაც გულიანად ხარხარებდნენ და მეც გულიანად მახარხარებდნენ. ყველაზე ხალისიანები მაინც ჩემი ტრესტის ბიჭები იყვნენ. რა აღარ გაიხსენეს: რეგისტრაციაში ხეტყით დატვირთულ ცარიელ სატვირთო ვაგონებიდან დაწყებული, ლიმონათის ქარხანაში ტონობით მოპარული კონიაკით დამთავრებული.

ერთერთ ამბავზე კი ისე გამეცინა რომ კინაღამ გავცოცხლდი.

ოთხმოციანი წლებია და მე დამნიშნეს კონიაკის ქარხსნის დირეკტორად. ჩვენი ქარხანა ძირითადად საექსპორტო კონიაკს აწარმოებდა და მკაცრ აღრიცხვაზე იყო აყვანილი. ყველა მაფრთხილებდა _ თავს ნუ დაიღუპავს ჟირონ, რა გინდა კონიაკის ქარხანაშიო, მაგრამ გულში ვამბობდი _ მე არ ვიყო ჟირონ პაპასკირი, ამ ქარხანაშიც თუ არ ვიშოვო დიდი ფული-მეთქი.

ნელნელა დავიწყე კონიაკის ძირითადი და ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტების შემცირება, უხარისხო სპირტისა, ხელოვნური საღებავებისა და წყლის ხარჯზე. მადა ჭამაში მოდისო და ერთხელაც ცოტა ზედმეტი მომივიდა. კონიაკს "საექსპორტო" კი ერქვა მაგრამ ვის რა ჭირად უნდოდა ჩვენი მჟავე კონიაკი. ასე პირობითათ ერქვა, თორემ ისევ ჩემნაირი თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად თუ ქვეყანას პარავდი ცოტა-ცოტას, რათქმაუნდა ამაზე არავინ არაფერს ამბობდა, რადგან ყველა ასე იქცეოდა. მაგრამ საექსპორტო კონიაკი იყო _ პრაქტკულად ჩემნაირებს ვაკლებდი და ვპარავდი, რაც ვერ მაპატიეს.

დამიბარეს მოსკოვში. ხარისხის ლაბორატორიას მაშინ ხელმძღვანელობდა იგორ პეტროვიჩ წიმოფეევი. ოჰ, საბჭოთა კავშირის ხარისხის ლაბორატორიის გამგეობა დიდი თანამდებობა იყო იმ დროს. მოკლედ არ იყო პატარა კაცი.

ბატონ კლიმოვს განსაზღვრულ დროს ვეახლე კაბინეტში. მართალია იგორ იაკობოვიჩი თანამდებობის პირი გახლდათ მაგრამ "ჩარტყმა" და ქალები მასაც უყვარდა. მისი ეს სისუსტე კარგად ვიცოდი ჩემი მეგობრისგან - ჟორასგან.

ჟორჟიკა რუსი-ებრეელი იყო. ადრე ერთად ვაკეთებდით ფულს არმატურებში. მან ყველაფერი იცოდა და ყველას იცნობდა. კარგი ბიჭი იყო და საძმაკაცოც კარგი ყავდა. როდესაც დავურეკე "ჟორიკ, პეტროვიჩი მიბარებს, მიშველე რამეთქო", ნუ გეშინიაო დამამშვიდა.

მართლაც, ჟორიკამ იშუსტრა და პოდმოსკოვიე დიდი აგარაკი დამახვედრა ნაქირავები.

გეგმის თანახმად, პეტროვიჩი უნდა დამეპატიჟებინა პოდმოსკოვიე, დაჩაზე. ასეც მოვიქეცი: ვუსმინე ერთხანს პეტროვიჩის საყვედურებს და ხელსაყრელ მოენტში დელიკატურად დაჩაზე დავპატიჟე: იგორ წიმოფეევიჩ, იქნებ მესტუმროთ დაჩაზე, ცოტას ვითევზავებდით, ცოტას დავლევდით და ვისაუბრებდითქო.

მდინარე კი ჩამოდიოდა იქვე, მაგრამ იმ ყინვაში ვინ ოხერი ითევზავებდა. წიმოფეევს უმაღლესი ხარისხის, ჟორიკას არალეგალურად მოპოვებული "იმპორტული" კონიაკი (რომელიც რათქმაუნდა ჩემი ქარხნის ბოთლებში გადავასხით) და ტვირცილა გოგოები დავახვედრეთ. კაი ვჭამეთ, კაი ვსვით, საწოლში გატკიცინებული გოგო და ჯიბეში კი ტკიცინა ფულის პაჩკები შევუცურეთ ბატონ იგორს.

მეორე დღესვე, წიმოფეევის განკარგულებით ჩვენს პროდუქციას ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდა და უმაღლესი სორტის კონიაკადაც დასახელდა.

წიმოფეევი დაუვიწყარი ღამის შემდეგ, კიდევ დიდხანს დაძვრებოდა თურმე იმ გოგონასთან. მე საპატიო ჯილდო მომცეს, რამდენიმე წლიანი პატიმრობის ნაცვლად. ჩემის მხრივ კი ჟორიკას, კონიაკით დატვირთული ოთხი ვაგონი ვუგრევე.

- ეჰ, რა ქვეყანა დავანგრიეთო _ ამოიოხრებდა ვინმე. ეჰ, ნუ იტყვი ნუ იტყვიო _ მიცემდნენ სხვები დამწუხრებულ ბანს და ახალი ისტორიის მოყოლას იწყებდნენ. ასე სიცილ-ხარხარში მიმდინარეობდა ჩემი პანაშვიდები.

რაღა დაგიმალოთ და სანამ ცოცხალი ვიყავი პანაშვიდებს ვერ ვიტანდი. ოღონდ კოსტუმში არ გამოვწკეპილიყავი, ყვავის-ჩხიკვის-მამიდისთვის წრის დასარტყამად და თუ გინდა ყანა მეთოხნა მთელი დღე.

არა და საკუთარ პანაშვიდზე მივხვდი სწორედ, თუ რა ძლიერ ვცდებოდი და რამდენს ვაშავებდი სამძიმარ-პანაშვიდებისადმი ბოიკოდის გამოცხადებით. ჭორები, ძველი თუ ახალი ამბები, ანეგოტები _ გასართობი ნამდვილად არ მაკლდა.

ამ სიცილ ხარხაში საკუთარმა სამძიმარ-პანაშვიდებმა ისე ჩაიარა რომ ვერც კი გავიგე. აი, დაკრძალვა კი ნამდვილი ზეიმი იყო. ასე გემრიელად ჩემს ძმა ბიჭებთან დიდი ხანია არ მიქეიფია. მართალია ღვინოს ცოტა სიტკბო დაკრავდა, მაგრამ ეგ არაფერი.

მოკლედ, სიცოცხლეში არ მიმხიარულია და დრო არ გამიტარებია ისე, როგორც სიკვდილიდან ერთ კვირაში მოვასწარი. ზემოთაღნიშნულმა ფაქტმა და წარსულის შეცდომებმა, მაიძულა გადამედგა ეს ნაბიჯი _ ანუ დავსიზმრებოდი ჩემს მეზობელს, რათა გავაკეთო უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება. სრულიად მიცვალებულთა კავშირის სახელით მსურს მოგიწოდოთ ცოცხლებს, იაროთ და აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა, ჭირისუფლების მიერ ორგანიზებულ პანაშვიდებზე, სამძიმრებზე და სხვა მასშტაბურ ღონისძიებებზე. თქვენთვის შესაძლოა არაფერი, მაგრამ ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა.

მარად თქვენი ჟირონ პაპასკირი.

***
აი, ბატონო ჟირონ _ მე, ნათლად და პირწმინდათ შევასრულე თქვენი მოთხოვნა. სიტყვა, სიტყვით მოვყევი ყველაფერი რაც თქვენ მიამბეთ, თანაც ზუსტად ისე როგორც მთხოვეთ _ ანუ პირველ პირში. იმედი მაქვს რომ თქვენც დაიცავთ ვაჟკაცის სიტყვას _ არ დაესიზმრებით ჩემს საცოლეს _ მაყვალას და არ მოუყვებით, რომ წუხელ ღამით, სამსახურში კი არა, ძმაკაცებთან ერთად ვიყავი _ ბოზებში.

Friday, February 11, 2011

პრეზიდენტის წარმატებული ბიზნეს სტრატეგია

ახლა ერთი პატარა იდეა მომივიდა. იდეა რა - საკმარისია უყურო რომელიმე საინფორმაციოს, სადაც ჯერ გაერთიანებული ქვითრებით და ცხოვრებით გაღიზიანებულ ლეიბორისტებს გაჩვენებენ, ხოლო შემდეგ 20 ლარიანი ვაუჩერებით გადარჩენილ, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მყოფებს და მათ გადამრჩენელ და გულუხვ "ძლიერთა ამა ქვეყნისა" ხალხს.

მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს. სანამ ქვითრები გაერთიანდებოდა, მოხდა წყლისა და დასუფთავების თანხების გაძვირება...არა, არა. უფრო ადრიდან დავიწყოთ:

ჯერ ავსტრალიაში იყო წყალდიდობა, რამაც გაანადგურა ბრინჯი
მერე ბრაზილიაშიც (აქ ყავა განადგურდა)
მერე ტაილანდში (აქ შაქარს ეტირა დედა)
მერე ჩინელებს გაეხსნათ მადა (პირდაპირი გაგებით)
და მსოფლიოს ასეთი კატაკლიზმების გამო, საქართველოში გაძვირდა პროდუქტები და შედეგად 12% ინფლაცია მივიღეთ.

(სამართლიანობა მოითხოვს და უნდა აღინიშნოს რომ ბრაზილიისა და ტაილანდის წყალდიდობებს შორის, ბოჩელის კონცერტი იყო, თუმცა არამგონია ეს რაიმე შუაში იყოს).

ფაქტია, რომ ინფლაციისა და დაცლილი ბიუჯეტის ფონზე გაძვირდა არამხოლოდ ბრინჯი და დაწესდა რამოდენიმე პოპულარული ჯარიმა _ შეუკრავი ღვედებისა და დაბურული შუშების გამო, არამედ 75 თეთრით გაძვირდა წყლის გადასახადიც.

ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამოქმედდა ერთიანი ქვითრის პრინცპი (წყალი, დასუფთავება, შუქი- მოცემული ტრიადიდან რომელიმეს გადაუხდელობა იწვევს შუქის ავტომატურ გათიშვას).

საინტერესო კი ის არის, რომ გარდა ბრაზილიისა და ტაილანდის წყალდიდობებისა ყველა სხვა დანარჩენ პროცესი სახელმწიფოს ინიცირებულია.


ახლავე მოგახსენებთ რაშიც არის საქმე:

მოგეხსენებათ დასუფთავების მოსაკრებელი პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაში ირიცხება. მოსაკერბლის მოსახლეობის გადახდის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალი - 20% გახლდათ. ერთიანი ქვითრის შემდეგ ეს მაჩვენებელი 100% ძალიან მიუახლოვდება.

ამასთან წყლის საფასურის გაძვირებას 75 თეთრით, სახელმწიფოს პირდაპირი ნებართვა ჭირდება "სემეკის" სახით. ამასთან წყლის შემთხვევაშიც გავითვალისწინოთ რომ მოსახლეობის გადახდის მაჩვენებელი აქაც კატასტროფულად დაბალი იყო (ამას GWP-ის მიერ შეთავაზებული უამრავი აქციაც მეტყველებს).

ერთიანი ქვითარის შემოღებაც, მხოლოდ ბიზნეს გადაწყვეტილება, რომ არ არის და ამას სახელმწიფოს მხრიდან "დაბრო" ჭირდება, ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

ისმის კითხვა: რის სანაცვლოდ მისცა სახელმწიფომ თბილისის წყალსა და დასუფთავების სამსახურს ტარიფის გაძვირების და ერთიან ქვითარზე გადასვლის ფუფუნება?

ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი გამოფხეკილი ბიუჯეტის მცირედით შევსება, ბათუმის კიდევ უფრო გაქათქათება, პატრულზე რამდენიმე სიმღერის ჩაწერა და ახალი წლისთვის კონცერტის ჩატარებაა (ისე, ნეტა ვინ იმღერებს წელს სოფო ნიჟარაძესთან ერთად)?

რატომ უნდა ვივარაუდოთ _ მგონი უმჯობესი იქნება თუ პირდაპირ ვიანგარიშებთ. მოდით ერთად ვნახოთ, რამდენად გაიზარდა ზემოთ აღნიშნული კომპანიების შემოსავალი (ყველაზე უხეშად).

წყალი:
კომპანია GWP 400 000 აბონენტს ემსახურება.
ვივარაუდოთ რომ თითო ოჯახში საშუალოდ 3 სულია.
გამოდის რომ თითეულ აბონენტზე 3x75 = 2,25 ლარი
400 000 აბონენტის ჭრილში - 400 000*2,25 = 900 000 ლარი ყოველთვიურად
ამას დავუმატოთ 50%-ით გაზრდილი "ამოღება" (ძველი ტარიფით): (3x2,4*400 000)*50% = 1 440 000 ლარი

სულ წყალი: 2 340 000

ახლა დასუფთავება (სადაც ტარიფი არ გაზრდილა მაგრამ ამოღების კოეფიციენტი გაიზარდა 80%-ით):
აბონენტები აქაც 400 000-მდე არის
ტარიფი 1,2
საშუალოდ რა თქმა უნდა აქაც 3 სული ვიანგარიშოთ ოჯახში
მაშ ასე: (1,2*3*400 000)*80% = 1 152 000


სულ სახელისუფლებო სანქციებით გაზრდილი ყოველთვიური შემოსავალი: 3 492 000 (ნუ ვთქვათ რომ რაღაცეები ძალიან ცუდად ვიანგარიშეთ და 3 მილიონ ლარამდე ჩამოვიყვანოთ).

თქვენ როგორ ფიქრობთ, მიტინგების საფრთხის შემცველ "ერთიანი ქვითრის" და "ტარიფის გაძვირების" რისკს რამდენად შეაფასებდა მთავრობა? ხო, ხო - ანუ ამ 3 მილიონიდან წილს რამდენს მოითხოვდა? მმმ.... მოდით ამას შევეშვათ მაგრამ იმას კი ვიტყვი რომ თვეში 3 მილიონი წლიური 36 მილიონია (ამის დედა ვაიტირე, ერთ ნორმალურ შუშის ხიდსაც არ ყოფნის ისე).

ახლა ვნახოთ რა ჯდება 20 ლარიანი ვაუჩერი. რა ჯდება და 20ჯერ 400 000 ანუ = 8 მილიონი ლარი.

შემოსავალი 36 მილიონი ლარი, ხარჯი 8 მილიონი - მოგება 28 მილიონია. ამასთან 20 ლარად მომადლიერებული გაჭირვების ზღვარს ქვემოთ და ზემოთ მყოფი ამომრჩევლები და ომახიანი პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნასთან.

აი, სწორი მენეჯმენტი, რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება და წელიწადში 28 მილიონიც მზად არის - გაბოროტებული და წარუმატებელი ადამიანები კი იტყვიან, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება რთულია _ ნურას უკაცრავად!!!

P.S. სანამ პოსტს ვწერდი, პრეზიდენტის გამოსვლა დაიწყო პარლამენტში _ ვიცი რომ ხალხს უჭირსო. მიხარია რომ იცის. რაღაც მაინც ხომ უნდა გამიხარდეს, პრეზიდენტი ლაპარაკობს ბოლოს და ბოლოს.






===========================================================================================

ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო (ან პირიქით):

2-მა სუპერ ზეენერგიულმა ქალბატონმა (აი, არჩევნების დროს რო შემოვიდნენ ქოქოლით და ოდნავ დაქაჩული თვალებით ჩემს ბინაში) წითელფერებში გადაწყვეტილი ვაუჩერი დამიტოვა - უცნაური წარმომავლობის თაბახის ფურცელზე ხელმოწერის სანაცვლოდ.

საინტერესო კი ის არის, რომ "წითელი ფურცელი" პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს - ანუ ისედაც ავტომატურად ჩამომექვითება მომდევნო თვეში -20 ლარი შუქზე. (თუ ვინმეს გინდა აჩუქო, მაინც უნდა მიხვიდე ენერგო კომპანიაში და იქ ჩვეულებრივი, შავთეთრი ფურცელზე რომ დამეწერა განცხადება, კრედიტის სხვისთვის გადაცემაზე არა?)

რა საჭირო იყო ამ ქალბატონების ასეთ ქარიან ამინდში შეწუხება?(ნეტა რამდენი ასეთი ქალბატონი შემოივლის თბილისს და თითეულს რამდენს უხდიან, ამ უფუნქციო მაგრამ წითელი ფურცლების დარიგებაში?)

ან ამ ფურცლებში, ან ამ ქალბატონების სიარულში რატომ იხარჯება ფული, ასეთი სასტიკი კრიზისის დროს? - ეს ყველაფერი ხომ (როგორც ახლაა მოდაში) სახლიდან გაუსვლელადაც (უფროსწორად სახლებში მიუსვლელად) შეიძლებოდა გაკთებულიყო? :)

ადამიანი VS ბინა

გინახავთ გადაცემა "ადამიანი VS ბუნება" (Man vs Wild)?

აი, მე ვუყურებ ხოლმე. გადაცემის შინაარსი შემდეგია: გადაცემის წამყვანს ტოვებენ მსოფლიოს რომელიმე მიკარგულ, რთულად გაუვალ წერტილში და მან უნდა შეძლოს თავს გადარჩენა ბუნებრივ პირობებში. ამასთან ხელთ მხოლოდ, რამდენიმე ნივთი (ზურგჩანთა, ცეცხლის ჯადოსნური ამთები კაჟის ქვა, დანა და ა.შ.) აქვს.

მოკლედ, რას არ გააკეთებს ადამიანი რომ გადარჩენს. ხან ჭიაღუებს ჭამს, ხან მატლებს, სადღაც ჯანდაბაში ნაპოვნ გალაყებულ კვერცხს, მკვდარ სკუნსს და ა.შ.

თუმცა შიმშილი, წყურვილი, სიცივე და სხვა გარემოებები, იმდენად აღძრავს ადამიანში გადარჩენის სურვილს რომ ის ყველაფერზე არის წამსვლელი.

ვუყურებ გადაცემას, სადაც წამყვანი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, როგორ უნდა მოვიქცეთ საველე პირობებში. მეც აღრფთოვანებული ვარ წამყვანის ცონითა და გამოცდილებით.

მაგრამ ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ მე არაფრით ჩამოვუვარდები ზემოთაღნიშნული გადაცემის წამყვანს. მეტიც _ გარკვეულ წილად ვჯობივარ კიდეც მას. ამასთან დავასკვენი _ იმისათვის რომ გადარჩენისთვის იბრძოლო, სულაც არ არის აუცილებელი დაგტოვონ ისეთ რთულად გაუვალ ადგილებში როგორიც არის: საჰარის უდაბნო, ამერიკის დიდი კანიონი, ანტარქტიდა... (ეს ერთგვარი ეგზოტიკა და ტურიზმიც კი არის).

გაცილებით რთული პირობების შესაქმნელად საკმარისია 2 ოთახიანი "ბინა მუხიანში" _ ადამიანი VS ბინა.

დიახ, თქვენ გეცინებათ. თქვენ, ვისაც ოთახს კარმას გაზის გამათბობელი გიგუზგუზებთ, დილით კი მეუღლის, დის ან დედის (ან ყველასი ერთად) გაკეთებული საუზმის თავბრუდამხვევი სუნი გაღვიძებთ. მაგრამ დამიჯერეთ _ ეს სასაცილო ნამდვილად არ არის.

მე სრულფასოვნად შევისწავლე გადარჩენის ტექნიკა, ისეთ რთულ ურბანულ ლანდშაპტში, როგორიც არის _ "ბინა მუხიანში".


ვისაც, ეს გადაცემა ნანახი გაქვთ წარმოიდგენთ ალბათ როგორ დავდივარ ოთახიდან ოთახში. ვეძებ ჭურჭელში ჩარჩენილ ბრინჯისა და წიწიბურას მარცხვლებს, რომ ვჭამო უმად. დიახ, უმად რადგან გაზი ხომ დიდი ხნის წინ გადამიჭრეს.

ვეძებ და ვპოულობ კარადის ქვემოთ დამალულ ტარაკნებს, საშინლად მომანჭული სახით ვჭამ მათ და ვუხსნი ჩემს წარმოსახვით ოპერატორს და შესაბამისად მაყურებელს, რომ ტარაკანი მართალია გემოთი ძალიან გავს ტარაკანს, მაგრამ სამაგიეროდ ის შეიცავს ბევრ ნახშირწყალს.

ვაჩვენებ მათ, როგორ უნდა გაათბონ წყალი მზის სხივებით და დაიბანონ ტანი სველი პირსახოცით.

დაუგონ მახე აივანზე დაფრენილ მტრედებს, რადგან იქვე დანთებულ ცეცხლზე უგემრიელესი თეთრი ხორცი ააშიშხინონ და დააგემოვნონ.

როგორ უნდა დაემალონ ისეთ საშიშ მტაცებლებს როგორებიც არიან შუქისა და გაზის ინკასატორები, როდესაც ისინი მტრედებზე ნადირობის დროს მოგკრავენ თვალს, კორპუსის ეზოდან.

როგორ უნდა გათბე იატაკიდან აყრილი პარკეტით, სახელდახელოდ მოიწყო ღამის გასათევად საწოლი და მრავალი სხვა.

...და უკვე ავღნიშნე, ეს ყველაფერი გაცილებით რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ხრიოკ და მომაკვდინებელ საჰარის უდაბნოში მოგზაურობა. გადაცემის წამყვანს ვჯობივარ-მეთქი დავიტრაბახე და მართლაც ასეა: ჩემგან განსხვავებით მას საკუთარი თავის გადარჩენაშივე უამრავ ფულს უხდიან. ასე რომ გადარჩენის დამატებითი, ასე ვთქვათ ერთგვარი ფინანსური მოტივაცია, გარკვეულ წილად აუფერულებს კიდეც მის მიერ ჩადენილ გმირობებს.


ბოლო დროს კი მეგობრები შემომიჩნდნენ ცოლი მოიყვანეო. არადა თვითგადარჩენის ინსტიქტი მკარნახობს, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ისეთი გამოცდილი ადამიანიც კი, როგორიც მე ვარ, ცოლის პირობებში ნამდვილად ვერ გადარჩება. თუმცა ვინ იცის _ იქნებ ახალ რეალურ შოუსაც _"ადამიანი VS ცოლი" როგორმე ავუღო ალღო.


[youtube http://www.youtube.com/watch?v=bIhIb_qZR4g&w=640&h=390]

P.S. პოსტის დაწერისას არცერთი ცხოველი არ დაზარალებულა. ცოლის შესაძლო მოყვანასთან გაჟღერებული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

Monday, February 7, 2011

მოთელვა

ვდგავარ შენს წინ ძალმიხდილი
და ყველაფერს გიყვები
შენს ყელს ისე ვეჭიდები
როგორც ხეებს ციყვები...

Thursday, February 3, 2011

მე-ც საქართველოს პრეზიდენტი ვარ (?)

იკითხება ორ ხმაში


დიად, დიად, დიად
მოგიზგიზე ხანძრებს
ლიდერი განთიად


ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს

მტრის და ავის ჯინაზე
ჯოჯოხეთშიც გაძლებს
ოღონდ მიწა არ დათმოს და


ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს

ჩაა-სამართლ-არჩევნებს
და მოიგებს ნაძლევს
ის ერისთვის ცდილობს და


ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს
ანძრევს, ანძრევს, ანძრევს

ჩვენ მიტინგებს ვატარებთ
ფულზე ყველას ვაძლევთ
ვიცით, ვერ გავათავებთ
მაგრამ მაინც...

ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ
ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ
ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ
ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ

ჩემოვ კარგოვ ქვეყანავ
მომავალსაც დავძლევთ
ხომ ხედავ რომ ერთ მუჭად


ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ
ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ
ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ
ვანძრევთ, ვანძრევთ, ვანძრევთ

[youtube http://www.youtube.com/watch?v=TA7F1M19sRk&w=560&h=345]

დაიკიდე

დაიკიდე ფეხებზე
დამიკიდე სამყარო
აი კიდე, შენს მხრებზე
ცრემლები რომ დავყარო
გეტკინება გული და
მეტკინება თვალები
ისევ შენი მხრები და
ისევ შენი ხალები...

***

ცხოვრების დალაგება, ჯობია D დისკიდან დაიწყო