ნიჭი ძამიკო, ნიჭიო - იძახდა გალაკტიონი. მაგრამ რა არის ნიჭი და რომელ ერთეულში იზომება ის, ჯერ არავის განუსაზღვრავს. ჯერ არც ნიჭო-მეტრი მოუფიქრებიათ სამწუხაროდ.
მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ფაქტი არის რომ "ნიჭი", გარკვეულწილად იზომება და "უნიჭობასაც" საკმაოდ მძაგე სუნი ასდის - სხვა საქმეა, რომ ამ სურნელს ზოგი უფრო მკვეთრად გრძნობს და ზოგიც ნაკლებად.
ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა - ცუდს და უვარგის კი გაცილებით სწრაფად ითვისებს და ითავისებს.
დღეს, ჩემდა სამწუხაროდ, იმ ტელეკომპანიის გვერდზე, (ყველა სხვა ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდისგან განსხვავებით დალაიკებული მაქვს - სხვათა შორის), რომელსაც ყველაზე ხშირად ვუყურებ (ერთადერთი მიზეზის გამო - საინფორმაციოში მინიმუმ სიახლეს არ "მიმალავენ") ვიდეო ვნახე, რომელსაც დარწმუნებული ვარ აიტაცებს ქართული სოციალური (და ალბათ არამხოლოდ) სივრცე.
ვუყურე ვიდეოს ბოლომდე და ძალიან მომინდა დამეჯერებია რომ ეს ვიდეო მაესტროს გვერდზე არ მინახავს.
ასეთ დროს ვიბნევი ხოლმე - არ ვიცი რომელ კონტექსტში, რომელი რაკურსიდან დავიწყო კრიტიკა. საერთოდ რა დავარქვა და როგორ შევაფასო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტს უნიჭობაზე გავაკეთებ.
მე კარგად მესმის რომ ეს "რიმეიქია". ისიც კაგად მესმის, რომ გათვლილია ვირუსულ კამპანიაზე, რომელსაც (ორიგინალის მსგავსად) აიტაცებს ხალხი.
ხო და მოდით მსჯელობა სწორედ აქედან დავიწყოთ. აიტაცებს და რა? რაც არ უნდა იყოს, როგორი კუთხითაც არ უნდა იყოს დანახული ეს ხომ უნიჭობის ტირაჟირება და პროპაგანდაა?
განა არ გვეყოფა ნასარიძის ვიდეოშედევრები, რეალტივის უმაღლესი დონის ჟურნალისტური პილოტაჟი, დონაძის თავში ჩასახული და პრეზიდენტის მეანობით ჩვენსთვალწინ დაბადებული ალისტრახოები და ძმანნი მისნი? საკმარის არ არის რადიო არდაიდარდოები, ნინო ჩხეიძეები, კაკლის მურაბები, მაია ასათიანები, ნანუკა ჟორჟოლიანები და ნოდარ მელაძეები? რითი არის ეს კლიპი ნაკლები (თუ მეტი?) თუნდაც გაპრიალებულ და გასოფონიჟარაძებულ ნაციონალურ კლიპთა ანთოლოგიაზე?
ეს არის PR კამპანია, რომლითაც მომავლის საქართველოს შენებას ვიწყებთ?
ცალკე წუხილის საკითხია ტელეკომპანია, რომელიც გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ევროკავშირისა თუ ეუთოს (მოკლედ ერთერთი იმათთაგანის, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ ხოლმე) დასკვნის თანახმა, არის ყველაზე დაბალანსებული ტელეკომპანია ქართულ რეალობაში.
არა, დაუბალანსებელი შესაძლოა ფესბუქ პროფილზე მოცემული ვიდეოლინკის გაზიარებით, არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ეს ხომ რომელიმე ტელეწამყვანისა თუ ჟურნალისტის პირადი პროფილი არ არის? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ BBC-ს ან CNN-ის ფეისბუქ გვერდზე...
კარგი, კარგი - გავჩუმდები :)
***
Youtube-ს ლინკიდან ჩანს, რომ ვიდეო შალვა რამიშვილის პროფილით არის ატვირთული. ალბათ იდეის ავტორადაც ის უნდა გვევლინებოდეს და თუ ეს ასეა, აუცილებლად ვეტყვი მას, რომ შეეშვას "ბანანის რესპუბლიკისა" და მსგავსი შედევრალური კლიპების კეთებას, რადგან ეს უნიჭობაა - რაც ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს:
პირველი - შალვა რამიშვილს, აღარ გამოსდის აკეთოს ის, რაც (დღეს უკვე მის ოპონენტებად ქცეულ) ბიჭებთან ერთად, არაჩვეულებრივად და გენიალურად გამოსდიოდა გინდ რადიო 105-ში და გინდაც დარდუბალას სერიალში
ან მეორე - შალვა, (ისევე როგროც მისივე გაკრიტიკებული ასათიანი) აკეთებს იმას, რაც პოპულარულია, რაც საღდება, რასაც ხალხი იღებს - ეს უკანასკნელი არგუმენტი კი სხვა არაფერია თუ არა უნიჭობის უსუსური გამართლება.
ასე, რომ იქნებ აკეთოს შალვამ აკრედიტაციის გარეშე და წაიყვანოს სუბიექტური აზრი - გადაცემები, რომლებში გასულმა სიუჟეტებმა და გაჟღერებულმა ფაქტებმა, უკვე გამოიღეს კონკრეტული, პოზიტიური შედეგი. გადაცემები, რომლებსაც ყოველთვის ვუყურებ.
No comments:
Post a Comment