Saturday, April 6, 2013

საგაზაფხულო წერილი სანტას

ძვირფასო სანტა,
ალბათ გაგიკვირდა შუა ზაფხულში წერილი, მაგრამ ჩავთვალე, რომ კისერზე ყვავილებჩამოკიდებული, სადმე ტროპიკულ სანაპიროზე სასიამოვნოდ ატარებ დროს და მცხუნვარე მზით, ზღვიდან მონაბერი გრილი ბრიზითა და გემრიელადგარუჯული გოგონას მომზადებული მოჰიტოთი ტკბები, ამიტომაც კარგ განწყობაზე მყოფს მეტი დრო გექნება ჩემისთანა ვირის წერილის წასაკითხად.

საქმე იმაშია რომ ძალიან ბევრი ნატვრა დამიგროვდა. ისეთი ნამდვილად არაფერია, ოქროს თევზს რო ვათქმევინო "შემწვით მაგის დედაც ვატირეო" მაგრამ, მაინც - დღეები რბიან და ნატვრებიც ნატვრებად მრჩება.

ცდა ბედის მონახევრეაო უთქვამს ბრძენ ქართველ კაცს და მეც შევეცდები, მოგწერო ჩემი ნატვრები:

  • ვნატრულობ რომ საქართველო ფეიფალის ოფიციალური წევრი იყოს და რეგისტრაციისას არ მიწევდეს, რომელიღაც უკრაინული რესტორნის მისამართის მითება (სომხეთი, აზერბაიჯანი, ზიმბამბვე ხომ უკვე არიან მისი წევრები?)
  • ამაზონის, იბეის და სხვა დიდ საიტებზე, ნივთის მისატან ადგილთა სიაში გამოჩნდეს ქვეყანა "საქართველო" (თუმცა ნაწილობრივ ასეც არის) და შუამავალი ფირმები რომელთა მისაღებშიც შპაკლწასმული უჟმური გოგონები სხედან აღარ დამჭირდეს
  • Apple Store-მა ოფიციალურად დაამატოს საქართველო და იმისათვის რომ რაიმე თამაში ვიყიდო, არ მჭირდებოდეს pcgamesupply -ზე "Apple store" სასაჩუქრე ბარათის ყიდვა და მოტყუება, თითქოს ამერიკელი ვარ.
  • iPhone -ში და სხვა მობილურებში საჭირო არ იყოს კლავიატურის ნახევრად ჰაკერული პროგრამებით აქტივაცია (ისე, მადლობ რომ ვისტადან მოყოლებული ქართული QWERTY კლავიატურები არსებობს)
  • ვარუმის და აგუტინის კონცერტზე არ იდგეს დარბაზი ფეხზე და ტაშს ისე არ უკრავდნენ თითქოს მაპზე უკეთესი მიგვეღოს
  • Google Play-ი იძლეოდეს საშუალებას, ქართულმა IT კომპანიებმა იშოვონ ფული თავიანთი აპლიკაციებიდან
  • ქინდლს ქონდეს კონტრაქტი დადებული ქართულ GSM ოპერატორებთან და მუშაობდეს ქინდლისათვის განკუთვნილი ინტერნეტ-ქსელი.
  • ვნატრულობ, რომ ქართულ აითი კომპანიებს დღგ-ს გადასახადი მაინც მოუხსნან, სხვა შეღავათებს თუ არ დაუწესებენ (როგორც ეს მსოფლიოს არც თუ ისე წამყვან ქვეყნებშია) რადგან მოგეხსენება თავად ამ ბიზნესში ვარ და ვინაიდან სამშენებლო მასალებს ჩვენ არ ვყიდულობთ (ანუ დღგ-ს ვერაფრში "ვქვითავთ") ძალიან დიდ ტვირთათ გვაწევს, ისედაც 200 ლარიან საიტებზე მოთხოვნას ვერგამცდარ ქვეყანაში აღნიშნული გადასახადი (დამიჯერე სანტა - აქ ნიჭიერი ხალხია და ამ სფეროს განვითარება Ggoogle Glasses ხანაში ძალიან მნიშვნელოვანია)
  • მინდა რომ ქართველმა იუზერებმა დაარეპორტონ იუთუბზე უცენზურო სათაურისა და შიგთავსის მქონე ვიდეოები (სხვათაშორის "აუცილებლად ნახეთ ყველამ"-სგან განსხვავებით სათაურების დარქმევაც რომ ისწავლონ არ გვაწყენდა)
  • კიდევ მინდა რომ როდესაც ნახავენ რომ მაიკროსოფთის ან Google Talk-ის რეგისტრაციისას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის რეგიონებადაა სიაში ნაჩვენები, აღშფოთებულებმა FB-ზე კი არ დააშეარონ "Screen"-ი, არამედ მიწერონ აღნიშნულ კომპანიას წერილი, რომელზეც ისინი აუცილებლად უპასხებენ და რომელსაც ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ. 

მოკლედ, ალბათ თავი მოგაბეზრე მაგრამ რა ვქნა - ამ სურვილების ასრულების ერთადერთი რეალურ გარანტად მხოლოდ შენ მეგულები.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით
ლაშა
29 წლის