Sunday, September 16, 2012

დილის სიჩუმეში გაგებული ამბები

დილით ჩემი მეგობრის მეუღლემ გამაღვიძა, რომლის დებილი ქმარი ანუ იგივე ჩემი იდიოტი მეგობარი მთელი ღამით არ ყოფილა სახლში. საპატრულოს საინფორმაციოს ნომრები ავითვისე!

როგორც წესით ასეთ დროს ორი გაგრძელებაა: ან ცუდი ამბავი ან ფრაზა - "რა პანიკა მოაწყვეთ, ბავშვები ხომ არ ხართ".

რაც კი ცუდი ამბავი გამიგია, ბავშვობიდან, დილიდან ვიგებდი. ერთადერთი მამაჩემის გარდაცვალება გავიგე გვიან საღამოს.

როგორც წესი ეს ადრე ხდება, ახალ გათენებულზე - ჯერ კიდევ როდესაც სძინავს ქალაქს, ოჯახს. ამ დროს ყველაფერი კარგად ისმის - სუნთქვა, გულისცემა, ხმა ტელეფონში, კივილი. განსაკუთრებით კივილი.

და რა გასაკვირია, რომ ცუდი ამბის გაგების დაბალი ალბათობის მიუხედავად შენ მაინც ზიხარ და ნერვიულობ. რეკავ - მობილური გამორთულია. რეკავ საინფორმაციოებში - კვალი არსად არ ჩანს.

და ამ დროს, ყველაზე დიდი ეგოისტი უნდა იყო, რომ პირში სული გედგას, თითის მობრუნება შეგეძლოს, გული გიცემდეს და რაც არ უნდა გჭირდეს მიწა არ გააპო და შენთვის ძვირფას ადამიანებს არ გააგებინო, რომ ცოცხალი ხარ. აარიდო ისინი ყველაზე ცუდს - ლოდინს.

ლოდინს რომელსაც ორი გაგრძელება აქვს: ან ცუდი ამბავი ან ფრაზა - "რა პანიკა მოაწყვეთ, ბავშვები ხომ არ ხართ".

საბედნიეროდ ამჯერად ყველაფერი ბანალური ფრაზით დამთავრდა.

1 comment:

  1. ჰმმმ... ჩემი იდიოტი მეგობარი.. :|

    ReplyDelete