Friday, February 8, 2013

ნირვანა, ნერვები და ნანო ტექნოლოგიები

წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ატყდა სოციალურ ქსელებში სინქრონული ფუსფუსი. წუხელ ჩემ ქვეყანაში ადამიანებმა ძალადობა გამოავლინეს. ერთერთ ადამიანს, რომლის მიმართ სიმპატიები ნამდვილად არ მამოძრავებს ხელი მოხვდა და სისხლი წასკდა. წუხელ ჩემ ქვეყანაში მე წავიკითხე უამრავი ნეგატიური გამოხმაურება - ხალხი ერთმანეთს ასწრებდა პირველი ქვის სროლას.


***

საკმაოდ პატარა ვიყავი როდესაც აღმოვაჩინე რომ ყველაფერი შედარებითია. ცოტა უფრო დიდი როდესაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესახებ გავიგე. როდესაც ინდუქციისა და დედუქციის და სამყაროსა და ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების თანაკვეთებზე დავიწყე ფიქრი დასაწყისს დავუბრუნდი და  მივხვდი: ანდაზა "მჯობნის მჯობნი არ დაილევაო" - სრული ჭეშმარიტებაა.

როგორც ბოლო დროს დამჩემდა თქმა "გაწიე-გამოწიე" სამყარო ინფორმაციაა - სხვადასხვა წესების, პარამეტრებისა და კანონზომიერებების რთულად თანადამოკიდებული სისტემა. რეალურად ყველაფერი  აღწერადი და შესაბამისად გაზომვადია,  ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ და მივუსადაგოთ სიტყვა "მეტ-ნაკლებად".

საკმარისია ნებისმიერ მოვლენას ახლოდან ან შორიდან (zoom in, zoom out)  შეხედო, რომ არსი აბსოლუტურად განსხვავებული ხდება.

წარმოიდგინეთ, თქვენი ძირითადი მიზანია ჩახვიდეთ თბილისიდან მცხეთაში. ჯდებით სამარშუტო ტაქსში რომელიც გზაში ფუჭდება - ეს კატასტროფაა. თქვენ ბრაზდებით და გეშლებათ ნერვები - "რაღა მაინც და მაინც ეს და  რაღა მაინც და მაინც ახლა".

კარგი, ამჯერად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ. თბილისამდე მოსულები ჯდებით ერთერთ სამარშუტო ტაქსში რომელმაც მომდევნო ქალაქამდე უნდა მიგიყვანოთ და ის გაფუჭდა. დიდი არაფერი - ასე ბევრჯერ მომხდარა და გაცილებით უარესიც შეიძლება მოხდეს _ მთლიან მოგზაურობასთან მიმართებაში მცირე ინციდენტია.

ჩემი კორპუსის წინ, "მარშუტკის" მძღოლები იკრიბებიან და ყოველ ცისმარე დღეს იმით იწყებენ რომ ერთმანეთს ეკინკლავებიან. დაუსრულებლად ჩხუბობენ. მე ვუყურებ მათ და ვფიქრობ - რა გაჩხუბებთ, რა სულელები ხართ.

შემდეგ წარმოვიდგენ რომ გალაქტიკაში არსებობს ჩვენზე გაცილებით განვითარებული ცივილიზაცია, რომელთა აზროვნებისა და შემეცნების მაშტაბი კარგახანია გასცდა ჩვენ - ადამიანთა კალიბრს და ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად ისე გვიყურებენ როგორც მე აივნიდან მძღოლებს, უბრალოდ მათივე განვითარებულობიდან გამომდინარე სულაც არ უკვირთ ჩვენი ასეთი ქმედება, რადგან მათ კარგად იციან მიზეზები, რითი არის ეს გამოწვეული და ცინიკურად სულაც არ გვიყურებენ - ეს მათთვის სამყაროს კანონზომიერი ნაწილია.

ამდენს იმიტომ ვბოდიალობ, რომ მარტივი რაიმე მინდა ვთქვა - გამომდინარე იქედან თუ რა არის თქვენი აზროვნების თვალსაწიერი,  გარკვეული მოვლენები უბრალოდ მნიშვნელობას კარგავს.

ალეგორიურად რომ ვთქვათ, გამომდინარე იქედან თუ რამდენადაც განვითარებული ხარ და საფეხურით მაღლა ხარ ასული, უფრო ვრცელია (დაზუმაუტებული) შენი ხედვის არეალი და შესაბამისად უმნიშვნელო გარკვეული დეტალები რომლებიც აღარც კი ჩანს.

პირიქითაც შეიძლება - დააკვირდი რა არის შენთვის მნიშნელოვანი, რას ხედავ შენს წინ და მიხვდები როგორია შენი აზროვნებისა და განვითარების მასშტაბი.

***
წუხელ ჩემ ქვეყანაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა.

Tuesday, February 5, 2013

დუბლი პირველი, სამოსელი პირველი - მატორ


ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!


მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა. 1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა.

და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.

პატარა უფლისწული
დე სენტ-ეკზიუპერი



და იქმნა მესამესა წელსა... ეს ისე - უბრალოდ ყოველთვის მინდოდა თხრობა "და" კავშირით დამეწყო.

ისე კი ერთი ჩვენი პრეზიდენტი თუ მომიყვანდა წერის ხასიათზე თორე ახალ მთავრობას პირველი ასი დღე წესისამებრ ვადროვე, პარლამენტში დეტალურად განხილული ტყავის მათრახი და ბუსუსებიანი პრეზერვატივიც უხმოდ ჩავყლაპე და აი - ასმეერთე დღემაც არ დააყოვნა - დასაწყისი ნამდვილად ეფექტური გამოდგა.

აღმოჩნდა რომ ახალი კანონპროექტის თანახმა "პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს".

დააკვირდით, საქმიანი "ან" ეროვნული. ისე კაცმა რომ თქვას, ჩოხას რომ ჩაიცვამს ქართველი კაცი და ხანჯალს შეისწორებს წელზე, რა ეკანონპროექტება მერე - ან ყანწი უნა მოიმარჯვოს და ხმლები ააჟღარუნოს ჰაერში, ან ულვაშაპრეხილმა მინიმუმ მრავალჟამიერი მაინც უნდა შემოსძახოს.

ალალად ვაღიაროთ და აკუსტიკური თვალსაზრისით ქუთაისის პარლამენტი ამ ხრივ გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა კანონპროექტის თანახმა ქართულ ოცნებას თეთრი ჩოხებით უნდა იყოს დამშვენებული ხოლო ნაციონალები შავ ჩოხებში უნდა შეიმოსონ. პარლამენტის თეთრი ინტერიერი კი, თვალსაჩინოდ ვერ წარმოაჩენდა თეთრჩოხოსანთა მრავალრიცხოვნებას. შესაბამისად გადაწყდა, რომ ახალი ტანისამოსით დეპუტატები თბილისის პარლამენტში წარდგებიან.

სიახლეები იქნება ინტერიერშიც. "საქმიანი" ტანისამოსის დღეს, პარლამენტში განთავსდება ტრიბუნა, მიკროფონები, დეპუტატის პულტები ხოლო "ეროვნული" შესამოსელისას სხდომათა დარბაზის შესასვლელი მოირთვება ურემზე დადებული დეკორატიული ჭურით. პარლამენტის თავმჯდომარის წინ აეწყობა საწნახელი (გიგი ყოფილა დაპირებული - თბილისობებიდან შემომრჩაო). დეპუტატების მაგიდაზე ჩამონტაჟებული მექანიზმები, ავტომატურად ამობრუნდება და რამდენიმე წამში პულტი შეიცვლება სტანდარტული კომპლექტაციით - მჟავის ასორტი, კეცის მჭადი, ჭყინტი ყველი და ქოთნის ლობიო.

რაღა თქმა უნდა რეგლამენტი იქნება მკაცრად გაწერილი _ თითეულ დეპუტატს მიკროფონშივე ექნება ინტეგრირებული ყანწი, რომლითაც შეძლებს შეავსოს და შესვას სასურველი სადღეგრძელო.

ერთი შეხედვით ზოგადი კონცეფცია დიდი არაფერი - მაგრამ საკმარისია თვალი დახუჭოთ და მიხვდებით - საქართველოს გაბრწყინება ოდესმე თუ უწერია, პირველმა სხივებმა სწორედ ასე უნდა გააპონ, საუკუნოობით ნაგროვები უბედურების შავი ჯავშანი.

წარმოიდგინეთ: სისხამ დილით პარლამენტთან მიემართება შავ ჩოხაში შემოსილი და შავ ცხენზე ამხედრებული გოგა ხაჩიძე. ის ანაზდად გადმოდის ცხენიდან, "ჩექინდება" პარლამენტის საჯინიბოსთან და წელშიგამართული მიემართება სხდომათა დარბაზისაკენ.

იქვე, პარლამენტის ეზოში თავის ახლადდნაყიდ რვაცხენიან ეტლს უყურებს ძალითსვანურკილოსმოჭიდებული დეპუტატი - სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც ჩოხის კალთას იორთქლავს და ეტლს აზიზად აპრიალებს.

სხდომათა დარბაზში კი უკვე ფუსფუსია და ჰაერი მოსალოდნელი ნადიმის ეიფორიით არის გაჟღენთილი.

ახლადწამოდუღებულ ჩაქაფულის ქვაბს დასტრიალებს, სპეცშეკვეთით შეკერილ ჩოხაში გამოწკეპილი კობა დავითაშვილი და ნერვიულად იკვნეტს ტუჩებს.

- ვანო, მწვანილით? - ძმური სიყვარულით ეკითხება ძიძიგური
- ა... მე?.. ბეზ, ბეზ... - ერკვევა ფიქრებში წასული  მერაბიშვილი

პარლამენტის სარიტუალო კარიდან შემოდის აბრეშუმის ძაფებით მორთული, თეთრ ჩოხა მორგებული, მარგალიტის მძივებდაშვებული, ოქროს გვირგვინით თავდამშვენებული დავით უსუფაშვილი. კარის უკან დამონტაჟებული ულტრათეთრი ნათებიდან ნელნელა იკვეთება ქალთა ფიგურები - ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი. ისინი, თითქოს მიწას არ ეხებიანო, ისე მოარწევენ ლამაზად დაშვებულ თეთრ ახალუხებს.



- ღმერთს დიდება ჩვენ მშვიდობა - დინჯად აცხადებს მიკროფონში უსუფაშვილი.

სხდომა გახსნილად ცხადდება.