ხინკალი ცხელი უნდა ჭამოო
(c) ლაშარელა
ერთი ფილმი მახსოვს, ვიღაც ტიპს აბსბოლუტური ამნეზია ჭირს და შესაბამისად ტანზე ტატუირებები აქვს გაკეთებული, რომლის მიხედვითაც პერიოდულ ფრაგმენტებს აღიდგენს ხოლმე რათა დაადგინოს ვინ არის და საიდან მოსულა.
ორი დღის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო. დიდი მღელვარებისა და ვნებათაღელვის შემდეგ, ქვეყანა ჯერ კიდევ ისე ტოკავს, როგორც ძლიერი ორგაზმის შემდეგ მუცელი.
სხვების სახელით არ ვისაუბრებ და მე, როგორც აბსოლუტურამნეზიიან ტიპს მინდა ტანზე რამდენიმე ტატუ დავიტანო და ქვეყანაში არსებული ვითარება მოცემული მომენტისთვის ფოტოკადრად ავსახო, რადგან როდესაც დრო გავა, ადეკვატურად შევძლო ანალიზი. დავინახო ცვლილებები, დავაფიქსირო პროგრეს-რეგრესულობის თანაფარდობა სხვადასხვა მიმართულებით.
მაშ ასე, 2012 წელი, 3 ოქტომბერი, არჩევნებიდან მესამე დღე.
რა არის - პოზიტივი:
- ქვეყანაში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია რიგით დონეზე
- ქვეყანაში ძირითადად მოწესრიგებულია ელექტროენერგიით მომარაგება (სასაცილო ამ ფაქტის ჩანიშვნა 21 საუკუნეში მაგრამ ჯანდაბას)
- ქვეყანაში მოწესრიგდა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები (გზები, წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემები)
- ქვეყანაში შეიძლება ითქვას რომ აბსოლუტურ ნულამდეა დაყვანილი კრიმინალი (ასე ვთქვათ "რითეილ კრიმინალი")
- არის მცდელობა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის
- ქვეყანაში კონცერტები გამართეს ისეთმა მომღერლებმა როგორებიც არიან შაკირა, სტინგი, კუტუნიო და ბოჩელი (სხვებს ვერ ვიხსენებ)
რა არის - ნეგატივი
- ქვეყანაში მთლიანად მონოპოლიზირებულია ბიზნესი ხელისუფლების ან მათთან დაახლოვებული პირების მიერ. ხდება დამოუკიდებელი ბიზნეს მოთამაშეების დევნა ან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა. ხდება ბიზნესების ხელოვნური გამსხვილება რაც სპობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივას და ჯანმრთელი ბიზნეს გარემოს შექმნას.
- ქვეყანაში სრულიად მოშლილია სასამართლო სისტემა. დავების უმრავლესობა წყდება საპროცესო გარიგებით. დავების 99.9% სრულდება სახელმწიფოს სასარგებლოდ.
- ქვეყანაში არის მართული მედია. პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია საშუალებები.
- ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (თუ არ ვცდები 1.2 მილიონი ოფიციალური მონაცემებით) ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (რეალობა გაცილებით მძიმეა). უამრავი ადამიანი იმყოფება ემიგრაციაში რათა არჩინონ თავი და არჩინონ აქ მყოფი ახლობლები.
- პენიტენციალურ სისტემაში (და არამხოლოდ) სისტემატიურად ხდება ადამიანთა უფლებების დარღვევა. შსს იქცა პოლიტიკური დევნის მანქანად. ხდება უკანონო მოსმენები.
- ქვეყანას დაუგროვდა ძალიან დიდი საგარეო ვალი, რომლის დიდი ნაწილი გაიხარჯა საგადასახადო, შსს, სასაზღვრო ინფრასტრუქტურების, კომუნიკაციების, ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაზე. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი ჯერჯერობით უცნობია რაში გაიხარჯა.
- ქვეყანამ დამატებით დაკარგა ტერიტორიები, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, რამაც გაზარდა დევნილთა რიცხვი.
- ნებისმიერი სფერო არის პოლიტიზირებული (განათლება, კულტურა და ა.შ)
- ქვეყნის მართვა დიდი დოზით ეფუძნება PR მანქანას. ქვეყანაში შენდება 21 საუკუნის "შუშის" შენობები, ხიდები, ძეგლები, მტკიცდება ჭაობზე აშენებული ცათამბრჯენებიანი ქალაქების პროექტები, წარმოებაშია ჩაშვებული ქართული "ჯავშნოსნები", ბოლომდე ათვისებულია 3D -ში დაპროექტებული შენობები, ხალხი იკვებება "ნანუკას შოუთი" და "მოდელირებული ქრონიკით"
- ყველაფერ-ზემოთჩამოთვლილის გამო ქვეყანაში არის სრულიად არასასურველი გარემო ინვესტიციებისთვის. ხდება ქვეყანაში უკვე შემოსული ინვესტიციების უკან გახმობა ან დაწყებული პროექტების შეჩერება (ჰაიატი, რაკიინი და ა.შ.)
- ქვეყანაში კონცერტები გამართეს ისეთმა მომღერლებმა როგორებიც არიან შაკირა, სტინგი, კუტუნიო და ბოჩელი (სხვებს ვერ ვიხსენებ)
შესაძლოა პოზიტივში რაიმე გამომრჩა ან არც ისე მოვინდომე, მეტნაკლები სუბიექტურობის გამო, მაგრამ აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი არჩევანი და ორიოდე სურვილი, რომელიც ფეისბუქზე სტატუსების სახით დავაფიქსირე:
41 - Done!=======================================================
და ვიცი, რომ ამ არჩევანს არ ვინანებ. არა იმიტომ, რომ ვინმეს იმედი განსაკუთრებულად მაქვს და ზედმეტად ვენდობი.
არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი მაქვს და თუ რაიმე არ მომეწონება, აუცილებლად ხმამაღლა გავაკრიტიკებ და ვიტყვი რაც არ მომწონს
ცვლილებების დროა :)
პატივისცემით და დიდი სიყვარულით
Lasharela.com
მე პირადად ვულოცავ ყველა ქართული ოცნების მხარდაჭერს - გამარჯვებას,
ვულოცავ - ყველა ქართველს, მშვიდობიან არჩევნებს
გისურვებთ მშვიდობას, გონიერებას, სიფხიზლეს პირველივე წამიდან, ნაკლებ ეიფორიას და მეტ პრაგმატულობას, უფრო მეტ კატეგორიულობას ხელისუფლების (ახალი რა თქმა უნდა) მიმართ :)
ვნახოთ რა იქნება ხვალ. მე ჩემის მხრივ, როგორც საზოგადოების წევრი (მიუხედავად მრავალჯერადი კრიტიკისა და "შეეშვი პოლიტიკას" მოწოდებისა) ყოველთვის შევეცდები დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება და ვიყო კრიტიკული ახალი ხელისუფლების მიმართ _ მიუხედავად კი არა... სწორედ მათდამი მხარდაჭერისა და კეთილი სურვილების გამო.
მოლოდინების შესახებ არ ვსაუბრობთ?
ReplyDelete@ლუ
ReplyDeleteმოლოდინები - მაქსიმალურად შემცირდეს ნეგატიური ჩამონათვალის სია :)
გეთანხმები :) მოლოდინი მინდა უფრო ნაკლები მქონდეს, ვიდრე შედეგი იქნება, ეს იქნება მერე მართლა ჩვენი გამარჯვება :)
ReplyDelete