Monday, December 27, 2010

ვივა ავივა!


ევროპიდან რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი. მართალია მშობლიურ ქალაქს მადრიდის გავლით დავუბრუნდი, მაგრამ თვალწინ ჯერ კიდევ პორტოფინოს ხედები მედგა.

ქალაქი უცნაურად მოწყენილი მეჩვენა. პირველი რაც თვალში მომხვდა ახალი შუშის ხიდი იყო, რომელმაც უნებლიედ ოდესღაც მოპოვებული ბროლის ბუ მომაგონა. სანამ ტაქსის მძღოლი ვიწრო ქუჩებში გზას იკვლევდა, ყვითლად გაფერადებული ქალაქის შესაბამისად, შემოდგომის სეზონის თამაშები გამახსენდა და გონებაში ჩემს მიერ გამოცნობილი რამდენიმე შეკითხვა აღვიდგინე.


- ჟორჟ პომპიდუ. ვთქვი გამოთქმით და სწორი პასუხის მოლოდინში სავარძელზე გადავწექი.
- უკაცრავად? _ ტაქსის მძღოლი გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა
- სწორი პასუხია ჟორჟ პომპიდუ _ გავიმეორე ინერციით და მძღოლს ფული გავუწოდე.

სახლში შესვლისთანავე, ოჯახის წევრებს მასკატში ნაყიდი სუვენირები სწრაფად ჩამოვურიგე და იმ იმედით რომ დამეძინებოდა მონატრებულ საწოლს მივაშურე.

მაგრამ როგორც ანდალუზიელი არაბი ფილოსოფოსი და ექიმი, ფილოსოფიის, ისლამური კანონის, მათემატიკისა და მედიცინის მაგისტრი _ იბნ რუშდი იტყოდა: "განა ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განაო", მობილური სწორედ მაშინ აწკრიალდა ცალი ფეხი სიზმარეთის ზღურბლს რომ მქონდა გადაცილებული.

მონატრებულ მეგობრებთან ერთად ჯერ ბარში აღმოვჩნდი, ხოლო შემდეგ ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნისა და ალკოჰოლის წყალობით ერთერთ "საუნაში".

მომცრო ოთახში მოკალათებულს, ბაროკოს სტილის კარისკენ მეჭირა შესაძლებლობის ფარგლებში გახელილი ორივე თვალი. მალე ხალვათათ შემოსილი სხეული გამოჩნდა. ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გამოდგა. ოთახის შუაში ჭაღიდან გადმოღვრილმა შუქმა, თითქოს ხალათი მსუბუქად ჩამოაცურა მხრებზეო.

გლუვი და ოქროსფერი კანის შემხედვარეს, ჰურგადას სანაპირო მომაგონდა. თითქოს ვგრძნობდი, რომ ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი კარის მიღმა, ქვიშის სანაპირო იყო და ზღვის შრიალიც ყრუდ აღწევდა ოთახამდე.

- რა გქვია _ მკითხა მაცდურად თმაგაშლილმა სტიმფალიდამ და საწოლს მოუახლოვდა
- ვახო _ ვუპასუხე მონაბერი ბრიზით თავბრუდახვეულმა. შენ?
- ავივა _ მიპასუხა ღიმილით და სახეზე თბილი ხელი ჩამომისვა.

უცებ გამახსდა, რომ "ავივა" ებრაული სახელია, რომლის ფუძეც არის "ავივ", რაც ებრაულად შემოდგომას ნიშნავს.

უცნაურია, დღეს მეორედ გამახსენდა შემოდგომის სეზონი _ გავიფიქრე გულში და მორიგი შეკითხვის მოლოდინში სავარძელზე გადავწექი.

ვგრძნობდი როგორ მიუყვებოდა ავივას თბილი ხელები ღილებს. ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი კარის მიღმა კი კვლავ ისმოდა ჰურგადას სანაპიროს დინჯი შრიალი და ოთახშიც საამო ბრიზი უბერავდა.

Sunday, December 26, 2010

eMuse

მოკლედ და კონკრეტულად. ეს არის ახალი განყოფილება სადაც ჩემი ელექტრონული მუზა იქნება რომელიმე ბლოგერი, ან პოსტი ან ...

რათქმაუნდა ეს ყველაფერი არის ხუმრობა და იმედიმაქვს არავინ არ განაწყენდება საკუთარი პოსტებისა თუ ბლოგების სახუმარო ვრსიაზე.

სარეცხის თოკი

შენი კაბა
ჩემი ზედა
ღამით მთვარე
დღისი მზე და
გასაშრობად გაფენილი
ოცნებები
შორი გზა და...
მზესთან მარტო დარჩენილი
ცაც სათოვრად
მოემზადა

ცივი ქუჩა
მოგონების
შენი სახლი
მარტოსული
თბილი ქეჩა
ჩემი ქურქის
რძე ქურაზე
გადმოსული

გაწეწილი ჩემი ზედა
მოკეკლუცო შენი კაბა
მზე საკოცნად მოემზადა
მაგრამ თავი შეიკავა

ჩემი ზედა
შენი კაბა...

Thursday, December 23, 2010

სვირინგი

მაგ გარუჯულ კანზე
ჩავაცურებ ხელებს
მე დავარტყამ ნაფაზს
შენ კი დაგახველებს
როგორ მიყვარს კოცნა
მაგ ნარუჯი კანის
ყელზე ძარღვის ფეთქვა
გაჟრჟოლება ტანის
მომრგვალება მკერდის
ზედ დაფენა დარდის
და გამოცდა ბედის
როცა გარეთ ბარდნის
მაგ გარუჯულ კანზე
სვირინგს ამოქარგულს
კეფაზე და მკლავზე
შენს გაბზარულ ფრანგულს
ისე ხარბად ვკოცნი
ბრაილია თითქოს...
არ მოიხსნა მძივი
ლამაზია - იყოს

Wednesday, December 22, 2010

განათებული ქართული ნეტი და გაუნათლებელი საქართველო

ადამიანები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ "ქართულ ინტერნეტში" და მცირედით მაინც უწევთ "მასებში" გასვლას ალბათ გრძნობენ განსხვავებას ციფრულ და რეალურ (სოციუმსთქო ვიტყოდი, მარა ნამეტანი მეუცხოვება)ქართულ საზოგადოებას შორის.

დაკვირვებული მომხარებელი და მოსახლე ალბათ იმასაც აღმოაჩენდა რომ ციფრულ საქართველოში დამკვიდრდა გარკვეული მონოლითურ ღირებულებათა სისტემა, რომელიც განსხვავდება მთლიანობაში განხილული ქართული რეალობისგან.

ასე მაგალითად: ციფრულ საქართველოში ყველა მემარცხენე ლიბერალია (უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ ლიბერალი მაგრამ არ იცის რომელი).

აქ ყველას შეუძლია რაც მოესურვება ის თქვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე და იქვე განმარტოს რომ ის თავისუფალია, დემოკრატია სიტყვის თავისუფლებაა და მას ეს უფლება კონსტიტუციამ მიანიჭა, ხოლო პატრიარქი არის საქართველოს მოქალაქე და ა.შ.

დააშეაროს ვიდეო სადაც რომელიმე ელექტრონული ჟურნალის გამოკითხვაში, "ქართველ ბიჭებს" ეკითხებიან _ "უნდა გამოიყენოს თუ არა მამაკაცმა საშარდე მილი სექსის დროს?" და ისინი პასუხობენ "რა თქმა უნდა არა" ან "გააჩნია რა შემთხვევაში", შემდეგ კი დასცინოს მოცემულ ვიდეოში, გამოკითხულ "ქართველ ბიჭებს".

აღფრთოვანდეს სტატიით, სადაც უამრავი "ჭკვიანი სიტყვით" გიხსნიან რომ "ჩვენ ქართველები" რელიგიური ფანატები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ შემწყნარებლები სხვა რელიგიების მიმართ, რომ ეს არის ლიბერალიზმი და სხვანაირად დემოკარტიულ და თავისუფალ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ, ჩვენ კი ისეთი ბნელები და ცუდები ვართ, ადამიანი მართლმადიდებელი თუ არ არის ქართველად ვერ აღვიქვამთ.

ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ ერთიანობაში ჩანს შემდეგნაირად:

- აქ ციფრულ საქართველოში სინათლეა, იქ სიბნელე.
- აქ სიტყვის თავისუფლებაა და იქ პატრიარქსაც კი ვერ განალძღავ გემრიელად
- აქ ვინც გინდა იყავი და იქ მართლმადიდებელი და "ჩოხოსანი" თუ არ ხარ ისე ქართველი არ ხარ
- აქ სულერთია მე ჩინელი ამერიკელი ვარ, თუ ესპანური წარმომავლობის ამერიკელი მექსიკიდან, იქ კი სანამ არ გაიგებენ წინა ცხრა თაობას ისე არ მოგეშვებიან
- აქეთ უყვართ ჰომოსექსუალები, იქეთ კი ძულთ

მოკლედ

- აქეთ კაი ტიპების ტუსოვკაა, იქეთ გოიმების პარადი.

შესაბამისად

- რასაც აქეთ ვამბობთ კაი პონტია და ასე უნდა იყოს თუ გინდა შენც კაი ტიპი იყო და იქეთ გოიმობაა და შესაბამისად თუ გინდა გოიმი არ იყო...


მე უბრალოდ ერთი რამე მაწუხებს. ბევრმა მოიმარჯვა კალამი თუ კლავიატურა და ეჯიბრებიან ერთმანეთს ლიბერალური ოდების და ესსების წერაში, მოწოდებებში, სიტყვის თავისუფლებაში და სტერეოტიპების მსხვრევაში.

და თავიანთი თავის მტრად წარმოაჩენენ "შავოსნებს" თუ "ჩოხოსნებს" რომლებიც ბნელით მოცულნი, ეკლესიაში დადიან და "EKL" სერიის მქონე ჯიპიან მამაოებს აღსარებებს აბარებენ და სამწუხაროდ მრევლის (და არამხოლოდ მრევლის) ასეთი ნაწილი მრავლად არის საქართველოში. მათ მართლაც ბრმად იციან "რა შეიძლება" და "რა არა" და არასოდეს შეუძლით პასუხის გაცემა შეკითხვაზე "რატომ".

თუ შენს ოპონენტად სწორედ ასეთ ხალხს დაასახელებ, ბუნებრივია იმის დაჯერება რომ "იქეთ ბნელა" და "აქეთ სინათლეა", შესაბამისად ღირებულებები რომლებიც მათთვის ძვირფასია "ბნელია და გოიმობა", რთული არ არის.


სამწუხარო აქ მხოლოდ ერთი რამ არის _ იქეთ მართლა ბნელა! თანაც მასიურად ბნელა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ "სიბნელეში მყოფთათვის" ძალიან ბევრი ღირებულება "გოიმობაა", დასაძრახი ან დასაცინია.

გული ერთ რამეზე უკვე დავიწყვიტე მაგრამ აქვე მეორეც უნდა მივაყოლო _ სამწუხაროდ "ციფრულ საქართველოში" მე არ მეგულება ადამიანები _ განათლებული და ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ღირსეულად და არგუმენტირებულად უპასუხებენ "ნათელით მოცულთა" შეგონებებს.

რომლებიც იტყვიან, რომ ქვეყანა სადაც მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთ უბანში ფუნქციონირებს, არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება რელიგიური ფანატიკოსების რომ ტრადიციების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, უნდა გვეამაყებოდეს და ვუფრთხილდებოდეთ მათ და ეს სულაც არ ტეხავს. ის რომ ჩვენთვის ჩვენი წინაპრები და წარმომავლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეკლესიის წინ პირჯვარის გადაწერა _ რომელიც შენს რწმენას გამოხატავს, ისეთივე მისაღებია როგორც პრაღაში, "კარლის ხიდზე" ერთერთი წმინდანის ბარელიეფზე ხელის მიდება, რასაც ბევრი "ევროკავშირელი" აკეთებს. ის რომ იყო ოცდახუთი წლის ქალიშვილი, დასაცინი კი არ არის, ეს უბრალოდ შენი არჩევანია რომელსაც სხვამ პატივი უნდა სცეს. ის რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ვინმემ სიტყვიერი ან მორალური შეურაცხყოფა მოგაყენოს, გაგილანძღოს რმწენა და შეურაცხყოს სხვა ღირებულებები და ეს იმავე დემოკრატიის ჩარჩოებში თუ წესებშიც, კონსტიტუციით მონიჭებული შენი უფლებაა. ის რომ დედის გინებაზე პასუხის გაცემა და რეაგირება, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან გაგაგდონ წითელი ბარათით, მხოლოდ "ბნელი გრუზინისთვის" დამახასიათებელი საქციელი არ არის და მრავალი სხვა.

სამწუხაროა მაგრამ არავინ ამას არ ამბობს. სამწუხაროა მაგრამ ციფრულ საქართველოში ყველა სტერეოტიპებს ებრძვის. სამწუხაროა მაგრამ საპირწონე აზრი ციფრულ, რეალურ და (ალბათ) ზეციურ საქართველოშიც გვაკლია. სამწუხაროა მაგრამ იქეთ მართლა ბნელა. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო.

Tuesday, December 21, 2010

ლამაზი დღე, ლამაზი მზე და სიმპატიური პრეზიდენტი

ჩემმა მეგობარმა, ლინკი გადმომიგზავნა იქნება და შთაგაგონოს და რამე დაწეროო. შთაგონება არ ვიცი და გაბადრული და გაღიმებული კი ვზივარ კომპიუტერთან.

ნუ იტყვით და საპარლამენტო უმრავლესობამ "ერთგულება და პატიოსნება" აჩუქა თურმე ბატონ პრეზიდენტს დაბადების დღეზე (მისთვისაც დაეტოვებიათ რამე).

მეც სანამ ყვითელ პრესაში წავიკითხავდე, "რომელი საჩუქარი უხარია პრეზიდენტს ბავშვებზე მეტად და რა არის მისთვის მაპზე უკეთესი", თავს არა და ფანტაზიას მივეცი უფლება გაეშალა ფრთები და აეშვა აფრები.

მოდელირებული ქრონიკა რა იყო და წარმოვიდგინე ვინ რას აჩუქებდა ბატონ პრეზიდენტს დაბადების დღეზე:


საერთაშორისო თანამეგობრობა:
ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი _ MAP-ზე უკეთესზე უკეთესს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი _ "Blueberry Hill" სიმღერის მინუს ფონოგრამას.
სტივ ჯობსი _ ახალ iPad-ს, ახლა უკვე სველი თითებით მუშაობის მხარდაჭერით.
კომპანია ლეგო _ შუშის კონსტრუქტორს.
მარკ ცუკერგბერგი _ დამატებით 300 000 ლაიკს.
თოვლის ბაბუა _ დეკორაციას "ჰეპი აილენდისთვის" რომელიც 20%-ით ზრდის კუნძულის კარბონეიტრალურობას.

ცხოველთა სამყარო:
დინოზავრი _ აღმოუჩენელი ნაკვალევის GPS კოორდინატებს.
დელფინი _ წიგნს "ცურვა დამწყებთათვის"


ქართველი ერი:
ზეზვა _ ბაბუამისის დანატოვარ გერბს, ევროპული წარმომავლობის შესახებ.
მზია _ დინოზავრის ლავიწზე გამომცხვარ მჭადს (ახლა არ თქვა, სიმინდი ამერიკიდან შემოვიდაო).
კომპანია ბარამბო _ შოკოლადის ჰალსტუხებს.
მიმინო _ კოლეგიალური სოლიდარობის ხაზგასასმელად "ლარისა ივანოვნას" ტელეფონის ნომერს.
სოფო ნიჟარაძე _ the best of 2010
სვანები _ ამოყირავებულ საბაგირო ბოძებს წარწერით: "ასე მტერი დაგეცალოს".



მე კი ერთი უბრალო კაცი ვარ, პოსტებს ვწერ და ბლოგზე ვინახავ, ხოდა სხვა არც არაფერი მაბადია რა. ასე რომ მთელი გულით და სულით გჩუქნით ამ პოსტს ბატონო პრეზიდენტო და გისურვებთ თქვენი ოცნებების 99%-ით ასრულებას. ის 1% იყოს მაინც _ ცხოვრების,ოპოზიციის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების აზრია.

Monday, December 20, 2010

ძივა

დადის მოდურ სალონებში
უყვარს ჯაზი და სეილზე
შოპინგობს და ირუჯება
ყოველ დილით ბასეინზე
ჭიპზე დამაგრებულ პირსინგს
განახებს და გასეირებს
უყვარს მხოლოდ ტირამისუ
და ბავშვს ჯიპით ასეირნებს
ვიქენდებზე თავი ტკივა
მოწონს მკვეთრი მაკიაჟი
ქმარი არ ყავს, საყვარელი -
საქმიანი მარიაჟი.
დადის მოდურ სალონებში
უყვარს ჯაზი და სეილზე
შოპინგობს და ირუჯება
ყოველ დილით ბასეინზე

დამწყევლე ან დამლოცე, დამირეკე ან დამიმესიჯე

კონვულსია ლათინური სიტყვაა და მთელი სხეულით ძლიერ კრუნჩხვას ნიშნავს.

აქ რა მოსატანი იყო მაგრამ ახლა დაემართა ჩემს დეიდაშვილს. თავი ვერ შევიკავი და მისი კონვულსიის მაპროვოცირებელ "ეშმაკის ყუთს" გავხედე.

"...ერთერთ ჟურნალში წავიკითხე და ბოლოს და ბოლოს მეზღვაურობა გინდა შვილო თუ მომღერლობაო" - ჰკითხა ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავთმრიცხველმა და პირველაღმომჩენმა ქალბატონმა მარინემ (რომელმა და ფერაძემ) კონკურსის (რომლის და "ყველაზე ჭკვიანის") ერთერთ მონაწილეს.

"კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას", კონსერვატორიადამთავრებული ვოკალის დედობასა, თუ ჯეო-ვარსკვლავის სრულიად უბადლო და უფუნქციო ჟიურისწევრობას შორის, ამასწინათ ძლივსჩამოყალიბებული, ქართული ესტრადის ძივა აშკარად გაღიზიანებული მეჩვენა.

როგორც, კონვულსიებიდან ძლივსგამოსული ჩემი დეიდაშვილისგან შევიტყვე, ქალბატონ მარინეს საშინლად ეხამუშება თურმე კონკურსს შემორჩენილი ერთერთი მონაწილე - იაგო აჭარიდან (ერთი გოგო მოუნელებია უკვე).

ჯეოსტარი რო ანტიეროვნული პროექტია, გვარების დისკრედიტაციას რომ ახდენენ და ქართული ფესვების და წინაპრების დამალვას, რომ ცდილობენ მაგაზეც კარგად ეტყობა. მაგრამ მთავარ საფრთხეს მგონი მაინც ქალბატონონი მარინე შეიცავს.

ნუ რა ქნას ახლა - სრულიად ჯეომოსახლეობისგან განსხვავებით იდიალური სმენააქვს ამ ქალს და თან ვერც ამ იაგოს ნამღერმა "მოიტანა" ეტყობა. ფაქტია რომ მახათის რა იყო და მიკროფონის ამარა დარჩენილი, საპატიო ჟიურის წევრი პირდაპირ ეთერში, აშკარად მოუწოდებდა ხალხს არ დაემესიჯებინათ "იაგოსთვის აჭარიდან".

ამ საყვარელმა და ბუნჩულა ქალმა ვინმე შეაშინათქო მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, მაგრამ ეტყობა საბედისწერო დამთხვევის გამო ლანა ქუთათელაძემაც მიაყოლა "დუეტში ოდნავ უკეთესი იყავი ვიდრე მარტოო" და ჭოლამ კიდე ჩვეული გასტრონომიული პარალელები გაავლო ახალგაზრდობაში დაგემოვნებულ აჭარულ ხაჭაპურებთან.

იმის ვარაუდი რომ ფროიდი მართალია და მარინა ბერიძეს მსგავს აგრესიას საფუძვლად, ქვეცნობიერში არსებული სექსუალური მოტივები აქვს სარჩულად, ჩემის მხრიდან არაკორექტული იქნება. ფროიდ იქეთ იყოს და ერთ რამეს კი ნამდვილად მივხვდი - ესტრადის ძივა ბევრ რამეს ვერ ხვდება!

- ვერ ხვდება რომ შოუ-ბიზნესში, არ არის აუცილებელი გქონდეს საოპერო ხმა. მთავარია ხალხს მოსწონდე, გისმენდეს და შენი (თუნდაც პირატული და 3 ლარიანი) ალბომები იყიდებოდეს.

- ვერ ხვდება რომ თუ ნეგატიური იმიჯი გაქვს საზოგადოებაში, შენი ნეგატივი სხვის მიმართ, პოზიტივად გარდაიქმნება (ორი მინუსი სწორედაც რომ პლიუსია).

- ზემოთხსენებული მაფიქრებინებს, ვერ ხვდება რომ მას უარყოფითი იმიჯი აქვს (იმიჯი თუ აურა ზუსტად არ ვიცი. კარმააქვს მგონი გასაწმენდი).

- ვერ ხვდება რომ თავისუფლად შეიძლება იყო პრეიზდენტი, მეზღვაური, მფრინავი, ფეხბურთელი, მცურავი, მრბოლელი და მომღერლობაზეც ოცნებობდე (მიმიხვდი, ხო, ჩემო მოხევე?).


ხოდა, სანამ ცალკე R2 და ცალკე მთავრობა მიხვდება, რომ არ ღირს ყველას გატელევარსკვლავება და გაკულტურისსამინისტროსრონისძიებათადეპარტამენტისხელმძღვანელება, მანამდე შევეცდები კონვულსიები როგორმე ავიცილო და სრულიად ჯეო-ბლოგსახლეობას მივმართო:

"დამწყევლეთ ან დამლოცეთ, დამირეკეთ ან დამიმესიჯეთ"

Sunday, December 19, 2010

მიძღვნა ქალწულებს, რომლებიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულებს დღემდე ელიან

ბოლოს გამოჩნდა ჰორიზონტზე მცოცავი ლაქა
რომელსაც დღიდან გაჩენისა დღემდე ველოდი
ცხენის გარეშე, ყავარჯნებით, გაუპარსავი
თითქოს ჩემი, უბრალო და თითქმის მელოტი

Saturday, December 18, 2010

რქაწითელი

მომკალი და
მინდი ხარ და
ბინდი ხარ და
ვგიჟდები.
როდესაც
ტანდაბანილი
გვერდით ჩამომიჯდები.
ნიკაპზე და
კისერზე და
ტუჩებზე და
ყურზე,
კერტებს როგორც
შემოდგომის
დამწიფებულ
ყურძენს
კბილებით და
ტუჩებით და
თვალებით და
ენით
ხერხემალზე აყოლებით
და მსუბუქი
კბენით
თითებით და
თათებით და
ქვემოდან და
ზემოდან,
და გადასვლა
თითქმის მოტკბო
ფეხებს შუა
გემოდან,
ნიკაპზე და
კისერზე და
ტუჩებზე და
ყურზე...
კერტებს როგორც
დამწიფებულ ყურძენს
ისე ვუმზერ

Friday, December 17, 2010

სოფლად

შენი გამთბარი გვერდი
და სილუეტის ფორმა
ოთახში ისმის ვერდი
და ვიცით მხოლოდ ორმა
გამოუთქმელი დარდი
სურნელოვანი მკერდი
მახსოვს რომ გამიხარდი
და ჩემს ძველ ამბებს გწერდი
საწოლთან შუქი ბაცი
შენი ლამაზი თეძო
სახლის წინ ვიღაც კაცი
და სოფლის წყნარი ეზო
ატმებზე უფრო მწიფე
სურნელოვანი მკერდი
გარეთ აპირებს წვიმას
ოთახში ისმის ვერდი

მათხოვე წამყვანი, გათხოვებ ლოგოს

ჩართულტელევიზორთან ნანახი სიზმრის ქრონიკები


თავიდან მახსოვს პირველი არხი. ნელი ოქროპირიძე მასწავლიდა საახალწლო ფიფქებისა და ბაჭიების გამოჭრას. ახლაც პირველია, უბრალოდ აღარავინ არაფერს გვასწავლის.

შემდეგ რუსული ОРТ - იქ რუსული ვისწავლე. ნეტა BBC მაინც ყოფილიყო.

შემდეგ იყო მეორე არხი და პასიანსი - ბევრს ვიცინოდი. ახლა პრაიმტაიმის რეკლამა გადის და მოსაწყენი რომ არ იყოს, რეკლამის წინ ვიღაცეები ლაპარაკობენ. მე აღარ ვუყურებ მაგრამ მირჩიეს უყურე, პასიანსზე გაცილებით სახალისოაო.

მერე იყო ნამდვილი რევოლუცია - რუსთავი2. "ნამდვილს" ვარდების რევოლუცია მოჰყვა. თვითონ "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" შეირქვეს. ხალმა "ერორი" (R2) შეარქვა.

შემდეგ კი იყო იმედი, რომელმაც პანდორას ყუთი თავად გახსნა. წესით იმედად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ...

მერე რაღაც მოხდა. აი, კარგად რომ არ გახსოვს რა. სიზმარი ბოლომდე რომ კარგავს ფორმას, დნება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა და იზილება.

ერთ არხზე დიქტორის თვალის შეჩვევას ვერ ვასწრებდი, რომ მეორე არხზე ვხედავდი. მეორე არხის დიქტორებს, პირველზე. ზოგიერთს პარლამენტში მოვკარი თვალი, იძახდნენ _ ჩვენ ათას მიკროფონზე გადამხტარი და ნაჟურნალისტარები ვართო.

ისე იყო მეოთხეც _ იქ წამყვანი არ იცვლებოდა და ცხვირში საუბრობდა. სულო ცოდვილო, მეხუთეც გამახსენდა _ წამყვანი იქაც უცვლელი იყო, ოღონდ ციხეში (რა სისულელეს არ ნახავ სიზმარში).

რაღაც შოუ იყო. ქალს მიყავდა. არა ბევრი შოუები იყო და ყველა ქალებს მიყავდათ. ერთ არხზე, ქალები მეორე არხიდან იძახდნენ "ლობისტები ვართო". მეორე არხზეც ამბობდნენ, პირველზე რომ ქალები არიან ლობისტებად, ჩვენები არიან და უყურეთო.

მერე ერთმა კაცმა ერთი არხიდან, მიაკითხა ვიღაც ქალს მეორე არხზე გადაცემაში. უთხრა მეც ლობისტი ვარ იმ სხვა არხზეო. მერე ეს ქალი ისევ ვნახე, თავის გადაცემაში, რომელსაც თავისი სახელი ერქვა _ კაცი რომ იყო მოსული სხვა არხიდან ლობისტიაო. მერე დარბაზს გახედა. დარბაზმა ტაშიო. წამყვანმა დარბაზს ბრავოო.

მერე მივრბოდი. არა, გაქცევა მინდოდა მაგრამ ვერ მივრბოდი. "მე არ გიყურებთ და თქვენ რატო მიყურებთ-მეთქი" ვყვიროდი, მაგრამ ვიტყუოებოდი. თვალი ოდნავ ღია მქონდა _ უფროსწორად თითქმის დახუჭული.

მერე მივხვდი რომ თავს ვიტყუებდი და თვალი გავახილე.

გამომეღვიძა.

უსიამოვნო შეგრძნება გამომყვა.

Thursday, December 16, 2010

იხვი

მიფრინავდა იხვი
ცაზე, მარტო, მზისკენ
შენ რომ კისერს იხრი
სიფრიფანა კაბით
ლოკოკინებისკენ
და რომ უშვებ მინდვრად
ამოსუნთქულ ჰაერს
და გიჩნდება მკერდზე
ვარდისფერი ლაქა
სამი წუთისა და ორიოდე წამის
წინ რომ გაგეხადა
იქვე მოოქროვილ
ოცნებების ზვინთან
მახსოვს გაგიხარდა
ჩემი გამოჩენა
გაუთოხნავ კვალში
მარტო დადიხარ და
არ გსურს ჩამორჩენა
სიფრიფანა კაბით
შენ რომ კისერს იხრი
უცებ, ძლიერ, ჩემთვის
მომენატრე მივხვდი
ცაზე, მარტო, მზისკენ
მიფრინავდა იხვი...

Monday, December 13, 2010

აი ასე

სულ აფორიაქება სურს
სურს გაგიჟდეს სულს
ტალღებს ფლეთს და ტანზე იხევს
სვლას განაგრძობს სრულს

დაიკიდებს მილანს, მადრიდს,
ნუუკის და რომს
ლა-ლა, დო-რე, სი-ძიეზი
დო-რე, ლა-ლა, დო

დაგიკიდებს შენც და მეც
და მას და სხვებს და მძივს
ძირს შენს თვალებს გაღმა ფრენა,
აღმაფრენა ძირს!

სულ აფორიაქება სურს
სურს გაგიჟდეს სულს
ტალღებს ფლეთს და ტანზე იხევს
სვლას განაგრძობს სრულს

Sunday, December 12, 2010

არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო

ის რომ "პუტინი და სააკაშვილი ტყუპები არიან, დარვინის მიხედვით ხომ ყველაზე ულმობელი ბრძოლა ერთი სახეობის ორგანიზმებში მიმდინარეობს", ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა გოგი გვახარიამ ერთერთ გადაცემაში.

ცოტა მოგვიანებით კი თავად პრეზიდენტმაც თქვა (იმათმა არა კაცო _ ჩემმა), ერთი ოროსანი მეზობელი მეჯიბრება - თვითმფრინავი გავატარე, მანაც გაატარაო, ფორმულას მანქანაზე დავჯექი, ისიც დაჯდაო და აბა ეხლა თუ ბიჭია შიშველმა ნახოს iPad-ზე ნიცაში ტენიანობა რამდენი "გრადუსიაო".

მაგრამ "ნურას უკაცრავად" და ბარემ აქვე "ვერ მოგართვით". ოროსანი ეძახე შენ და უაქცენტო ინგლისური არა მაგრამ, სიმღერა კი ცოდნია კარგი (ჩემსას არა კაცო _ იმათსას).

საქორწინო ბეჭდით დამშვენებული თითები, რამდენიმე ნოტი როიალზე(სმენა ქონია ისე) ნიჭიერების სპექტრის განსავრცობად, ბენდი, ორი აშვანტალებული ბექვოკალი და ჰოლივუდის (და არამხოლოდ) ვარსკვლავებით დაკომპლექტებული აუდიტორია.

ისე შერონ სტოუნს სამშობლო არ ყვარებია, თორე ან სენატორ მაქეინის, ან სენატის ოფიციალურად აღიარებული ტერმინის - "ოკუპაციის" ხათრით, გამარჯვების სიმბოლოს - ორ თითს, ნამდვილად არ ავუწევდი პუტინს.

მოკლედ, სანახაობა მართლაც ეფექტური იყო. თქვენი არ ვიცი და მე პირველი იმაზე დავიწყე წუხილი, რას დაუპირისპირებს ჩვენი პრეზიდენტი ამ ოროსანი მეზობლის ვითომ პრემიერ მინისტრის თამამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

არადა არაა მარტივი ვითარება _ თხილამურები ავითვისეთ, პენალტებიც დავამუღამეთ, თვითმფრინავიც და ცურვაც პრინციპში უკვე იყო... რაიმე უფრო ეფექტურია საჭირო. ვიცი რომ პრეზიდენტის (ჩემი, ჩემი...) PR სამსახური მცდელობას და კრეატივს არ დააკლებს მაგრამ მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მოცემულ რბოლაში (რუსმა როგორ უნდა გვაჯობოს?!).

ხოდა, ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფებს ნახულობს თურმე და იქნება, ჩემს ბლოგსაც გადაეყაროს შემთხვევით-მეთქი, ვიფიქრე. ლაროშფუკოს დაუვარცხნელ აზრებს თუ დავუჯერებთ "იდეები რწყილებივით დახტიან ადამიანებზე, უბრალოდ ზოგიერთ მათგანს კბენენ", ხოდა მეც სიამოვნებით გამოვამზეურებ რამდენიმე ნაკბენს:

1. ცეკვა "ხანჯლური" - ნაპერწკლები ბრდღვიალით ცვივა სცენაზე. ტრიალში სცენაზე ჩარჭობილი ხანჯლები, თეთრკაბიანი მოცეკვავეების ნარნარის ფონზე.

2. დაისი სალამურზე. არა, ისე რატო დაისი - Take Five ...და რატო სალამურზე _ სალამურებზე!

3. მარიხუანას ლეგალიზების აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე, რეგის სტილში შესრულებული ქართული ფოლკლორი, ნიაზ დიასამიძესთან ერთად (შეიძლება "მგზავრებიც" წავაშველოთ - ეფექტისთვის!).

4. შოპენის რევოლუციური ეწიუდი - ნიჭიერი კაცია და არ უნდა გაუჭირდეს. თან როგორღაც ვარდებს დავუკავშირებდით!

5. ჩაკრულო გიორგი უშიკიშვილთან ერთად.

6. MTV-ის მიერ ბათუმში გამართულ კონცერტზე რეპი (სტილში "Empire State of Mind") დუეტში ალისია ქეისთან.


მოკლედ, არის იდეები _ უბრალოდ, კარგად მოფიქრება და დამუშავება ჭირდება. ისე ენდი გარსიას ჩამოყვანა რა დაჯდა და ნახევარი ჰოლივუდის ბათუმში სტუმრობას მეხუმრები შენ? არა, დატევით როგორ ვერ დავატევთ, სასტუმროები კი გვაქვს ოხრად. დაპურებაც არ უნდა გაგვიჭირდეს, მარა დავიჯერო "ალი და ნინოს" ლამაზი თვალების ხათრით ჩამოვლენ ამხელა გზაზე?

არ ვიცი ამ პოსტს პრეზიდენტი წაიკითხავს თუ არა. არც ის ვიცი მოეწონება თუ არა. ისიც ვერ წარმომიდგენია რას მოიფიქრებს მისი PR სამსახური... მაგრამ, რაც არ უნდა მოიფიქრონ, თუ შემთხვევით ამ პოსტს კითხულობ, მთელი გულით მინდა გთხოვო - არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო.



P.S. ამასობაში სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ მონიკა ბელუჩი კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. ფეხზე წამომდგარი და აცეტებული ჰოლივუდის და მეუღლის ფონზე ძალიან "დასტოინად" ეჭირა თავი <3"

Saturday, December 11, 2010

დილამდე და დილის შემდეგ

თითქოს მთელი ღამე წვეთ-წვეთ გროვდებოდაო, მზის სხივები ერთიანად გადმოეღვარა მოხუც მთებს მხრებზე და არემარეს მოეფინა... - ასე მოთხრობაში, ისე კი ერთი არაფრითგამორჩეული დღე გათენდა.

არც მზე ანათებდა ნორმალურად, არც ღრუბელი იყო საკმარისი. ალაგ-ალაგ, ნერვებისმომშლელად ქარს წამოუვლიდა და უბერავდა.

SMS-მა გამაღვიძა. საზეიმოდ მაცნობეს _ საკრედიტო ბარათზე "შესატანი მინიმუმი". ვერაფერს იტყვი _ მხიარული დასაწყისია.

შემდეგ არაფერი განსაკუთრებული: აბაზანა, საუზმე, სამოსი... მოკლედ, როგორც ხდება.

შევატყვე, ვცივდებოდი და ოფისში მისვლამდე აფთიაქში შევირბინე.

- რაიმე გაციების, თუ შეიძლება - ვთქვი და ტელევიზიით დაჩვეულს, ასრუტუნებული ცხვირისკენ თითი გამექცა
- ჩაი თუ ტაბლეტები?
- სულერთია
- ჩაი. ლიმნით თუ მალინით?
- სულერთია
- მთლიანი კოლოფი თუ...
- სულერთია - ვუპასუხე პროგრამის "ინსტალაციებით" დაჩვეულმა "Next, Next" რეჟიმში და დასრულების ნიშნად პლასტიკური გავუწოდე.

- ღიმილებს აგროვებთ? - მკითხა გოგონამ და გამიღიმა
- ღიმილებს არა მტრედებს - ვუპასუხე სისწრაფეში, თუმცა მერე გამახსენდა, რომ სულაც ვაშლებს ვაგროვებდი და სულელურად გავუღიმე.
- და არ გნებავთ "ღიმილები"? - მკითხა გოგონამ და ეხლა მან გამიღიმა სულელურად
- არა, "ღიმილს" "ვაშლი" მირჩევნია - დავტოვე აფთიაქი ჩემივე ფრაზით განცვიფრებულმა.


ლიმონი - გავიღიმე კმაყოფილმა და ოფისს გადავხედე.

დღეს შაურმას არ შევჭამ - ვუთხარი ჩემს თავს მკაცრად და სუპერმარკეტისკენ შევუხვიე.

- უკაცრავად, ბონუს ქულებს აგროვებთ? - მკითხა სალაროსთან მოკლე კაბაში გამოწყობილმა გოგომ.
- არა, "ლაიკებს" ვაგროვებ... ფეისბუქზე _ ავუჟუჟუნე თვალები

ნომერი მაინც არ მომცა _ დამპალი. აუ, სულ დამავიწყდა _ მზიას სუნამო უნდა ვუყიდო. მზია ჩემი საცოლეა. დღეს დაბადების დღე აქვს.

- რომელი სუნამო? - გავიმეორე გამყიდველის შეკითხვა და ვიტრინებს თვალი გადავავლე.

აუჰ... სახელი დამავიწყდა. არადა გასული დაბადების დღიდან მოყოლებული "შემოუშვა ბაზარი".

- იცით, ზუსტად კი არ მახსოვს მაგრამ, მგონი რაღაც "სტელაჟი"...
- ასეთი არაფერი გვაქვს, სამწუხაროდ - დაიმორცხვა გამყიდველმა
- და "პოლი"?
- "პოლო" ხომ არა? - გადამამოწმა გამყიდველმა
- არა, არა... პოლო არა. სტელაჟი, ლენონი, ესტელა, ასტრიდი? - მაღაზიაში არეული სურნელებივით ამემღვრა აზრებ.
- იქნებ დაურეკოთ?
- არა, არა... გავიხსენებ... ლენონი, ესტელა, ასტრიდი, სტელაჟი... სტელა... სტელა მაკარტნი - ვიბღავლე გახარებულმა

ნახევარმა მაღაზიამ, რომელიც ჩემგან და გამყიდველისგან შედგებოდა, გაფართოებული თვალებით შემომხედა.

- 200 ლარი - ეხლა მე შევხედე ნახევარ მაღაზიას გაფართოებული თვალებით.
- იცით, ეს სუნამო აღარ შემოდის, ამიტომაც... სამაგიეროდ "არომა ბარათს" გადმოგცემთ_ ზედ არომაქულებს დააგროვებთ - დამამშვიდა გამყიდველმა.
- ოხ, მზია შენი... ვაშლებს რო ვაგროვებ, ეგ არ მეყოფა - ჩავიბურტყუნე და მაღაზიიდან გამოვედი.

შეთხელებული საფულე რამდენიმე ახალი ბარათით დამძიმებულიყო.

დაბადების დღის გადახდა რატომღაც რესტორანში გადაწყვიტა. არა, მეძახე ახლა სნობი მარა მზიასგან მეტსაც უნდა ველოდე წესით.

ბოლო "მითინგი" გაგვიგრძელდა. ტაქსისკენ თავით გავექანე _ "მზიასთან" რო დავაგვიანო "სტელა", უკან მომრჩება.

- აქეთ გადაკეტილია, უნდა შემოვუარო - გამახარა მძღოლმა.

"...ი-უ-და" გავარჩიე ბოლო სიტყვები. არა, ერთი "წყევლა" ან "მიტინგ" ბარათი ამათვთის ახლა მადლი იქნებოდა, ვიფიქრე გულში გაბრაზებულმა.

- ხუთი ლარი? - გადმოვყარე თვალები "ტორპედოზე".
- რავქნა, ძმაო...
- ინებეთ - მივაჩეჩე "ორი დიპლომის" და გაძვირებული საწვავის აბზაცამდე არმისულ მძღოლს

ნეტა "ტაქსი" ბარათი მაინც მქონდეს, კილომენტრებს დავაგროვებდი - გავიფიქრე და სახინკლის წინ "თმებგაუთოვებულ" მზიას ლარიან, პრიალა ქაღალდში გახვეული ორასლარიანი სტელა ზურგსუკან დავუმალე.

***
ანგარიშთან ერთად პლასტმასის ნაჭერი ამოვაძრე და ოფიციანტს გაკვირვებულმა ავხედე:

- ეს ჩვენი "სტუმარბარათია" - ამიხსნა ოფიციანტმა
- რას ვაგროვებ?
- ყოველ ორმოცდაათ ლარზე ხუთ ხინკალს!
- მაშინ ერთი ოცი ხინკალი უნდა მქონდეს?!
- დიახ!
- მომიტანე!

არგინდა! ნასვამი ხარ! - გამოიდო თავი ცოლობაზე ჩემმა ქალიშვილმა საცოლემ.

***
ბორდელში როგორ გამეღვიძა ნამდვილად არ მახსოვს. ვიღაც კი მოხდენილად მედგა თავზე.

ძლივს ავიკრიბე. სალაროსთან მივედი და არაცნობიერად განცდილი სიამოვნებისთვის ანგარიში მოვითხოვე.

თქვენ ჩვენი კლუბის დაგროვებითი ბარათი გეკუთვნით: შავ ბარათზე კიდეებიდან განათებული, ცენტრისკენ სიბნელეში შთანთქმული ორი მუხლი ძლივს გავარჩიე.

ნეტა აქ რა ჯანდაბას ვაგრვოვებ _ ვიფიქრე უნებლიედ და გაციებულ ქუჩაში გავედი...

***
თითქოს მთელი ღამე წვეთ-წვეთ გროვდებოდაო, მზის სხივები ერთიანად გადმოეღვარა მოხუც მთებს...

Tuesday, December 7, 2010

მილეულს

შენ - მოწყენილი ჩემი ცოლი
მე - მოსაწყენი ქმარი
დალაგებული საწოლი
დაწნარებული ქარი
წლებში გავლილი მდინარე
თმები ჭაღარა თითქმის
სარკეში ვერ ცნობ ვინარის
ჩემზეც იგივე ითქმის
რა მოხდა მერე, ვიცხოვრეთ
ისე, ურბალოდ, ჩვენთვის
დაბერდებით და ნახავთო
აწი ვერავინ გვეტყვის
შენ - მონატრება ჩემი ცოლის
მე - წარსული შენი ქმრის
ცხოვრება მტკივა - სრულდება
და წყნარი ქარი ქრის...

Monday, December 6, 2010

ყველანი ფეისბუქზე - გადამწყვეტი ბრძოლა იწყება!!!

დღეს ია ანთაძის სტატია წავიკითხე.

გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ, მაგრამ თუ მაინც გეზარებათ მოკლედ გეტყვით, რომ სტატიაში "პოსტვარდებისრევოლუციური" ოპოზიციის ლიდერებია მიმოხილული, რომლებიც ერთი და იმავე სცენარით მოქმედებენ:

1. მოუწოდებენ ხალხს
2. გაჰყავთ ხალხი ქუჩაში
3. აბრუნებენ ხალხს სახლში

სტატიაში საუბარია, ხალხის მოლოდინზე, რომ მსგავსი შეკრება ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლით დამთავრდება. თუმცა თავად ლიდერებმა იციან რომ ეს ვერ მოხდება "უსისხლოდ" და გადამწყვეტ მომენტში მათ არ ჰყოფნით გამბედაობა, უმეთაურონ ეგზალტირებულ და ქუჩაში გამოსულ "სახალხო არმიას".

ხალხის მოტივაცია მარტივია და გასაგებია. მაგრამ, რა ამოძრავებს ოპოზიციას? - ვფიქრობ ეს შეკითხვა სერიოზულად უნდა დაისვას.

მათ ნახეს რომ ხალხი გამოდის, მათ იციან რა მოცულობის ხალხი გამოდის, მათ იციან რა მოხდა შვიდ ნოემბერს. მაშ რატომ აგრძელებენ პერმანენტულად ზემოთხსენებული სამპუქტიანი რიტუალის გამეორებას? დავიჯერო, სჯერათ რომ "მიტინგ"-ზე სახელის გადარქმევით და "სახალხო კრების" დარქმევით, პარლამენტის წინ მიწა გაიხსნება და რაიმე სასწაული მოხდება?

ვერც იმას ვიჯერებ მაინც და მაინც, რომ რამდენიმე თვიანი "სამიტინგო" მზადების შემდეგ, გადამწყვეტ მომენტში სძლევთ ხოლმე სისხლისღვრის შიში და აღელვებულ მასას თბილ სახლებში დაბრუნებას და "შუა ქალაქის" ყურებას ურჩევენ.

მაშინ რაშია საქმე? რაიმე ლოგიკური მოტივაცია ხომ უნდა ჰქონდეთ ასიათასობით ქართველის ქუჩაში გამყვან ბრძენ ოპოზიციონერებს?

თუ შეამჩნიეთ ბოლო პერიოდი დიდი გაწევ-გამოწევაა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის "რამდენი ადამიანი მივიდა მიტინგზე". შთაბეჭდილება მრჩება რომ ნებისმიერი მიტინგის შინაარსი, მნიშვნელობაც და დედააზრიც ერთადერთი პარამეტრით იზომება - "რამდენი კაცი მოვიდა მიტინგზე"!

ლამისაა მიტინგზე შესასვლელი საშვების და მოსაწვევების დარიგება დაიწყონ ხალხის უფრო ზუსტად ასაღწერად.

გახსოვთ ფილმი "მამაცი გული"? - თითეული მოგებული ბრძოლის (და არა ომის) შემდეგ, შოტლანდიელი დიდგვაროვნები, ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან ინგლისის მეფე - გრძელფეხასგან, მიწებისა და სხვადასხვა ტიტულების მისაღებად?

არ ვიცი რატომ მაგრამ, როდესაც რომელიმე სახემოხატული ოპოზიციის ლიდერი მორიგ "საბოლოო ბრძოლას" იწყებს და ხმალამოღებული ემუქრება მიშას რომ "მოდის", სწორედ ეს ფილმი და ინგლისის მეფის მიერ მოსყიდული დიდგვაროვნები მახსენდება.

ვიკილიქსს თუ არ დახურავენ ვშიშობ, მალე ვიხილავთ ოპოზიციის რომელიმე ლიდერის მიერ ხელისუფლებისადმი გამოწერილ ინვოისს:

ღირებულება: 1 კაცი - 10 ლარი
მოცულობა: 100 000 (ასი ათას) კაცი
მთლიანი ღირებულება...


ხალხიც, დონჟუანის მორიგ სატრფოსავით დარწმუნებული რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება და მიტინგზე დაწყებული მსუბუქი ფლირტი ტრადიციული "ქართული ოჯახის" შექმნით დასრულდება, მაინც გავა ქუჩაში.

ასე რომ იქნებ ოპოზიცია კარგად დაფიქრდეს და წინასწარვე ნათლად ჩამოაყალიბოს რისთვის თხოვს ხალხს რუსთაველზე გასვლას. მეტი კრიატიულობა მეგობრებო - ფეისბუქის ერაში ვცხოვრობთ, რა დროს ქუჩაში და ყინვაში შეკრებაა? პირდაპირ სახლიდან გაუსვლელად - არა? თან მომავალზეც იფიქრეთ - ვერავინ წამოგაძახებთ რისთვის ვიდექით იმ ყინვაში ქუჩაშიო.

ამასთან, არც თქვენ დაგჭირდებამ იმ ცოდვით სავსე დინამიკების პარლამენტთან მითრევა და მიკროფონების იზოლაციებით ერთმანეთზე გადახვევა. არც ჩვენ მოგვიწევს ბუნებრივი მოთხოვნილებების უბიოტვალეტო და უსველწერტილო რუსთაველზე დაკმაყოფილება.

ერთი ჯგუფი რომ გავაკეთოთ და მოწოდებები პირდაპირ ვოლზე რომ დაპოსტოთ? წარმოიდგინეთ რომელიმე თქვენგანი "ასტატუსებს" - "მიშა მოვდივარ!!!" და მთელი ფეისბუქი ერთსულოვნათ "გილაიკებთ". თუ ეს პროდასავლური ფეისბუქი არ გაწყობთ, კი ბატონო - ოდნოკლასნიკზე შევიკრიბოთ _ ლაიკები ვერა მარა "ხუთი პლიუსებით" არ დაგაკლდებათ პირობას გაძლევთ.

დღეისათვის ფეისბუქზე 400 000 - ქართველი არის რეგისტრირებული. იდეა ცუდი მართლა არ უნდა იყოს, თუმცა ერთი ნაკლი თავად ვუპოვე:

ეგზალტირებულ ხალხს "სტატუსიდან" რო შესძახებენ _ "ასეთ და ისეთ საქართველოს გაუმარრრრრ-ჯოსო"...

"...ჯოს...ჯოს...ჯოს" - კომენტარებში ერთდროულად და ერთხმად როგორ უნდა ვუპასუხოთ ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ეგ არაფერი _ რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ!

მაშ ასე მეგობრებო, წინ ფეისბუქზე - გადამწყვეტი ბრძოლა იწყება!

Sunday, December 5, 2010

თქვენ შეეგუეთ? მე არა... ანუ მოსახდენი უკვე მოხდა?

"ჩვენი ხელისუფლება იმ ქალს გაქვს, დიდი ტანჯვა-წამებით რომ მოიტაცებ, მისი გულისთვის მთელ ნათესაობას რომ გადაიკიდებ და ორი-სამი წლის მეტ-ნაკლებად ბედნიერი ცოლ-ქმრობის შემდეგ მიხვდები, რომ ის არ არის ვინც შენ გჭირდება."

სწორედ ამ სიტყვებით იწყება ლექსო მაჭავარიანის პოსტი.

მეტაფორებზე ვგიჟდები, მაგრამ მეტაფორულ პარადოქსებზე უფრო მეტად. უცნაურია, მაგრამ ქალმა, რომელიც რის ვაივაგლახით და ძალით მოვიტაცეთ, პირველსავე ღამეს გაგვჟიმა და თავად დარეკა მამამისთან: "მამა, აღარ მომაკითხოთ _ მოსახდენი უკვე მოხდაო".

არა, მოტაცებაც არის და მოტაცებაც, ქალიც არის და ქალიც. ასეთი რა ან ვინ მოვიტაცეთ რომ დღემდე გვაკვნესებს და გვაძახებინებს - რას გვიშვება ეს მთავრობაო.


მეტაფორებსვე თუ მივყვებით ფაქტია, რომ მთავრობა გვჟიმავს. მაგრამ თუ კი გვჟიმავს, ხალხი რატომ არის მაინც დაუკმაყოფილებელი ანუ უკმაყოფილო?

ან მთავრობა გარტყმაში არაა რას გვიშვება და როგორ გვასიამოვნოს, ან გამოდის, რომ ქართველები ვართ ფრიგიდულები (აბა, სექსი რომ სასიამოვნო პროცესია, ამაზე მოდით ყველანი შევთანმხდეთ)?!

არა, ქართველების - ამ თვალებანთებული, ტემპერამენტიანი და უნიჭიერესი (რა შუაშია თორე კი) ხალხის ფრიგიდულობას მე ვერ დავიჯირებ. ანუ რა _ მთავრობამ არ იცი დავიჯერო თავისი ცოლის ეროგენოლუ წერტილები? არადა, წლებია ერთად ვცხოვრობთ და შვილებიც კი გვყოლია.

მოიცა ერთი წამით, რა... რა მოტაცება? რისი რძალ-მული და შვილები?

თუ მაინც და მაინც და პირდაპირ თქმა არ გვინდა, კი ბატონო:

ჩვენი ხელისუფლება იმ ჰიპოსაპიენსს გავს, რომელსაც მოხუცი მეზობელი ზრდიდა გვერდით გამოქვაბულიდან. მეზობელს ერთი გაუბედურებული და გასაცოდავებული მდედრი ყავდა _ გამოქვაბულს ალაგებინებდა, საჭმელს აკთებინებდა და როცა თავი ჰქონდა, ჟიმავდა კიდეც.

როცა ხელისუფლება (უკაცრავად, ჰიპოსაპიენსი) წამოიზარდა, მოხუცებულ და უკვე მოტეხილ აღმზრდელს მდედრი გამოგლიჯა. გამოგლიჯა რა _ ოღონდ იმ მტარვალს გამოქცეოდა და დაძონძილტყავებში გახვეულმა მდედრმა, ძლიერი წიხლი უთავაზა მოხუც ბატონს და ახალგაზრდა ჰიპოსაპიენსის გამოქვაბულს შეეკედლა, შეშინებული და აქლოშინებული.

ახალგაზრდა ჰიპოსაპიენსიც მიეფერა, დაუყვავა, დავარცხნა, დაბანა და... და ყველაფერი თავიდან დაიწყო _ ეგ იყო რომ ცოტა უფრო ხარისხიანად. "არა, რა შედარებააო" - იტყოდა ხოლმე გულში ტანდაბანილი და თმებდავარცხნილი მდედრი, გამოქვაბულის გაჩახჩახებულ კედლებში. ჩაგვრისგან ყელს მომდგარ ბოღმას ცრემლებთან ერთად უხმოდ გადაყლაპავდა და გულშივე დააყოლებდა _ "არაუშავს, მომდევნო უკეთესი იქნებაო".

***
მეტაფორების დედა რო ვატირე, თორე სულ სხვა რამის თქმა მინდოდა. ბოლო დროს დავაკვირდი, ძალიან ხშირია ხოლმე კრიტიკა, მაგრამ გასახეხი ყველის შესანახი კონტეინერის არ იყოს, არასოდეს არ ახლავს მოცემულ კრიტიკას რეკომენდაციები.

ვკითხულობ უამრავ ნაწერს. უამრავ ლამაზად და მხატვრულად დასმულ შეკითხვას. "ბულეთპოინტებად ჩამოყრილ" ტექსტებს, ერთი და იგივე რო მეორდება და მათი წრეზე ტრიალი მხოლოდ იმიტომ არის საჭირო, რომ მკითხველმა "ტემპი აკრიფოს" და "გახურდეს".

კვნესა ისმის, ქალი არ ჩანს კი არა და... შენიშვნები ისმის და გამოსავალი არა.

ვიღაც ვერ "შეეგუა" და მიტინგზე გამოვიდა _ შავბნელ და საზოგადოების ჩამორჩენილ ნაწილად მონათლეს, რომელიც იმასაც ვერ ხვდება, რომ თითეული მიტინგზე გამოსული კაცი, ერთი კალენდარული დღით გვაშორებს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. არ გამოვიდა და "თავითაო"-ზე გარითმული ანდაზა შეახსენეს.

და ჩემსავე დაგებულ მახეში რომ არ გავება, აქვე ვიტყვი _ იქნება და ისე არ გავაკრიტიკოთ, რომ რაიმე უფრო ჭკვიანური არ ვურჩიოთ და ვუთხრათ კრიტიკის ობიექტს?


***
უხდება პოსტს ლამაზი დასასრული და მეც ეს მოვიფიქრე:

ჩვენი დემოკრატიის არ იყოს მეც ახალგაზრდა და გამოუცდელი ვარ, ამიტომაც ცოლი ჯერ არ მომყავს. არადა მთლად უცოლობაც არ არის კარგი...

Saturday, December 4, 2010

სახელისუფლებო ტექნოქაოსი

წყარო: netgazeti.ge

მოკლედ, გავიარ-გამოვიარე და მაინც ხელისუფლებას მივადექი. იმიტომ კი არა რომ ხელმოცარული, სისხლმოწამლული ან სულით ოპოზიციონერი ვარ, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გამოუვიდა. მამენტ, ერთი საშუალოდწარმატებული ტიპი ვარ (“ნეტგაზეთშიც” კი ვწერ!), რომელსაც არ უნდა, შორიდან უყუროს, როგორ შენდება ქვეყანა და შუშის კონსტრუქციები.

არა, რა ჯობია, შენ რომ წამოწვები და “ვიღაცები” ააშენებენ და ააწყობენ ყველაფერს, მაგრამ ცოტათი ვერკვევი ამ შუშის კონსტრუქციებში და ვხედავ, რაღაცები არასწორად კეთდება ან უკეთესადაც შეიძლება კეთდებოდეს (აქ მომინდა პათეთიკურ ფრაზაზე _ ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვროს და არ მინდა, თავზე დაენგრეთ-მეთქი _ კაიფი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შვილები არ მყავს და გადავიფიქრე).

ნუუუუუ ეხლააააა :აქუბარდიასხმით: შუშის კონსტრუქციები ერთგვარი მეტაფორა იყო, ისე კი თანამედროვე ტექნოლოგიებს ვგულისხმობდი, რომლებიც ასე დუღს და თუხთუხებს ოცდამეერთე საუკუნის “ქართულ სინგაპურში”.

მაინც რა არ მომწონს? ხო, კონსტრუქცია გმირთა მოედანზე და “ჰაუსის” მეშვიდე სეზონიც არ მომწონს, მაგრამ ამჯერად სახელისუფლებო ტექნოქაოსს და გაუაზრებელ პოლიტიკას ვგულისხმობ მოცემული მიმართულებით. კერძოდ:

1. არ შეიძლება, რომელიმე მინისტრი ან მისი მოადგილე წყვეტდეს, როგორი უნდა იყოს სამინისტროს საიტი. არ უნდა “ჰყვებოდეს” (დაწერილი პროექტად მე ჯერ არ შემხვედრია), რა უნდა იყოს საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში ცოტა რაღაცნაირად და ოდნავ სხვანაირად, იქნებ რამე რო ტრიალებდეს ისე, ქვედა მარჯვენაში (ვერაფერი გაიგეთ? ვერც მე!).

შესაძლოა, ესა თუ ის მინისტრი თუ მისი რომელიმე მოადგილე კარგად ერკვეოდეს საკუთარ პროფესიაში (და აქ სიტყვა “შესაძლოა” შემთხვევით ნამდვილად არ მიხსენებია), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ასევე კარგად ერკვევა ვებ-ტექნოლოგიებში, დიზაინში, ინტერფეისებში და ა.შ. მოკლედ, პური მეპურეს უნდა გამოაცხობინო.

2. ფა-სა-დე-ბი, ფა-სა-დე-ბი, ფა-სა-დე-ბი, აი რას ვისკანდირებდი დიდი სიამოვნებით, რომელიმე მიტინგზე ნამყოფი რომ ვიყო. თითქოსდა ყველაფერი კეთდება, თითქოს და ძალიან e-ნოვაციურები ვართ, მაგრამ სახემლწიფო სისტემების აბსოლუტური უმრავლესობა სრული e-დიოტობაა.

მთავარია ითქვას, რომ ელექტროა და მივაყოლოთ, რომ სახლიდან გაუსვლელად. მერე რა მოხდა თუ ამ სისტემების როგორც უკანა მხარე, სადაც რეალურად მუშავდება ოპერაციები, ასევე წინაც _ სადაც მუშაობს მომხარებელი, უხარისხოა და ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

3. აბსოლუტური ინკაფსულაცია სხვადასხვა სამინისტროს შორის. შესბამისად, დუბლირებული ინფორმაციები მომხარებლებზე, ხუთ ადგილას დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, არანაირი კავშირი კერძო ბიზნესა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და მრავალი სხვა. არ არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ერთიანი ხედვა (დიახ, დიახ -” ლებედ, რაკ ი შუკა”....უპს, რუსულად რაღაც წამომცდა :ენარატოარგამიხმება:).

4. რთული პროცედურები, მარტივად საიტზე? ანუ განაცხადის ფორმა, რაიმე პროცედურა და ა.შ. თუ არის რთული, ჰარი პოტერმაც რომ გააკეთოს საიტი ვერანაირად იქნება მარტივი.

“ ზოგიერთი ოპოზიციონრის არ იყოს, ახურებ და გიხარია. თუ რამე არ მოგწონს ნუ კი ქირქილებ და წიკვინებ, თქვი შენ უკთესად რას გააკეთებდი და როგორ” _ ჩამძახა საკუთარმა ხმამ.

“რას გავაკეთებდი? ეხლავე მოგახსენებ რასაც” _ ამოვსძახე პასუხად.

1. დავაარსებდი “ინფორმაციული ტექნილოგიების განვითარების სამინისტროს”. უკაცრავად _ “ინფორმაციული ტექნოლოგიების მდგრადი განვითარების სამინისტროს”.

2. საფუძვლიანი ანალიზისა და შესწავლის შემდეგ შევქმნიდი ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ერთიან სქემას.

3. სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გზით შედგებოდა რეკომენდაციები, რომლებიც მიიმართებოდა პროცედურული, საკანომდებლო, ფუნქციონალური გამარტივებისკენ (მახსოვს, ერთ-ერთ სამინისტროში როგორ მითხრეს, ინტერნეტით საფასურს ვერ გადაიხდი, რომელიღაც კანონში წერია, რომ საქმის წარმოებაში ქვითარი უნდა იყოს ჩაკრულიო).

4. აუცილებლად ხელს შევუწყობდი კერძო სტრუქტურებს, რათა მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო ტექნიკური ინტეგრაცია (მაგალითად, ელექტრონული პირადობის მოწმობის ბანკისთვის მისაწოდებლად ფულს არ მოვითხოვდი. ეს არაა თემა, რომელზეც სახელმწიფომ ფული უნდა გააკეთოს).

მოკლედ... ასე მგონია, საარჩევნო კამპანიას ვატარებ და ჩემს პროგრამას ვაცნობ ამომრჩეველს_ ამიტომაც, “დასტოვააააა”.

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ვერ გავხდებით თანამედროვეები _ხარისხიანად თანამედროვეები და არა ფასადურად _ მიდგომებს ძირეულად თუ არ შევცვლით.

აბა, ქართული სინგაპურის აშენებას სხვანაირად მეხუმრები შენ?


P.S. როდესაც მოცემულ პოსტს ვწერდი, “ნეტგაზეთზე” ახალი სტატია გამოქვეყნდა: ძაღლი ახსენე, ჯოხი ხელში დაიკავეო.

Friday, December 3, 2010

ვიმღერო თუ ვიცეკვო

იმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი - დაბნეული მომხარებელი

მე რომ დოინ.ჯი ვიყო ჩემს პოსტს ასე დავიწყებდი. მაგრამ ლაშარელა ვარ და თავს შევიკავებ.


მოკლედ, წუხელ საქართველოს ბანკმა, პროფილს უყურეთ იცოდეთ, თორე "მაივიდეოზე" მოგიწევთ ყურებაო _ გამოაცხადა საკუთარ კედელზე. როგორც წესი პროფილს ინტერნეტში განმეორებით ისედაც ვუყურებ, თავისი დაპაუზებებით და გადახვევებით, მაგრამ ამჯერად უფრო მეტი ინტერესით მოვიმარჯვე პულტი და "ახლა უკვე iPad-იანი, კვლავ დიასახლისურიმიჯს დაბრუნებული, უძღები წამყვანის", არც თუ ისე სრუტუნა შოუს "ჩავუჯექი".

აქეთ ლუდი და ჩიპსები, იქეთ მეგორები...

მოკლედ ბიჭოლას ლუივიტონის ჩანთიდან დახურდავებული და 3 ლარიან ბალიშებს თავს შემოტარებული სიფთის, ინგას პოლიტიკური თავისმართლების "კათოლიკური იყო ხალხო ის კაბა და იმიტომ გადავიღე ფოტო თორე მართმადიდებლურით სამონაზვნო ფორმით როგორ გავბედავდიო" და ჯეოსტარელების მიერ შესრულებული მწემსების პაროდიის შემდეგ, საიდუმლო გაცხადდა.

სტუდიაში ნინი ბუკია შემოვიდა, რომელმაც საქართვეოს ბანკის საახალწლო კონკურსის იდეა გააჟღერა (ნი, თუ ამ პოსტს კითხულობ, საჯაროდ გეუბნები რომ ძალიან მიყვარხარ :) ).

იდეა შემდეგია: საიტიდან უნდა გადმოწერო, ფონოგრამა, იმღერო და სამოყვარულო კამერით გადაიღო კლიპი. მთავარი პრიზი არის მოგზაურობა პარიზში :ჯუნუნუნუუუუ:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=qkapCiISlCc&fs=1&hl=en_US&rel=0]

არადა, აქაც ოცნების ქალაქში მოგზაურობა თამაშდება.


ხოდა, ის იყო საგონებელს მივეცი _ ვიმღერო თუ ვიცეკვო-მეთქი, კიდევ ერთმა ბანკმა დამირეკა და იპოთეკური სესხი 11%-ში შემომთავაზა. ასე, რომ "საქმე ცეკვა-სიმღერის ნაცვლად" _ ბოლოს და ბოლოს კრეატივსაც ხომააქვს თავისი დიაპაზონი?

Wednesday, December 1, 2010

დავკვალიანდეთ

ტიპს ძმაკაცი დაპატიჟებს გრუპავუხაზე*. ბნელ ოთახში ამბავი მიდის, დანდობა არაა.

2 საათის მერე ეს ძმაკაცი წამოხტება, შუქს აანთებს და ყვირის:

- აი ახლა დავკვალიანდეთ თორე უკვე 2-ჯერ მომ@ყნესო :)

***
მო@ყვნით არა, მაგრამ ჩემი სახლის წინ ტროტუარი მერამდენედ გადათხარეს. თხრის აბსოლუტურად ყველა, ვისაც არ ეზარება და ვისაც წყვილი წერაქვი და ბარი ეგულება სადმე: თელასი, თბილისის წყალი, გაზის გამანაწილებელი კომპანია (ყაზტრანზჯანდაბას ის სამი სიტყვა მირჩევნია) და (როგრც რეკლამებში არის ხოლმე) ახლა უკვე "კავკაზუს ონლაინიც"!

არა, თხარონ და იყონ, კი ბატონო. ვინ სად რას "გათხრის", რა ჩემი საქმეა. არა, რატო დავმალო და ატალახებული ტროტუარი ნამდვილად არ მაწუხებს, პირიქით _ ფეხსაცმელების გაწმენდა მაინც მეზარება და ასე კიდევ თავს ვიმართლებ, სულ გადათხარეს და აატალახეს ეს ქუჩები-თქო.

უბრალოდ მერიას ახლადდაგებული გაზონის თუ ასფალტის ხელახლა დაგება უწევს თითეულ ჯერზე და მე, როგორც "კეთილსინდისიერ გადამხდელს" (სხვათაშორის ეს სიტყვა აქტიურად პიარდება ჰოლივუდურ ფილმებში და "მარიონეტული მთავრობისა" და "შეშფოთებული ევროპის" პარალელურად იქნებ ჩვენებმაც დანერგონ?), მაწუხებს სრულიად უაზროდ დახარჯული ჩემი ფული _ კი მაგრამ "თხრილი ვჭამო მერე მე"?


მაიმუნობას რომ მოვეშვა, მერიას ძალიან მარტივად შეუძლია წლის დასაწყისში დაიბაროს ქალაქის ყველა პოტენციური "მთხრელი" და ნამუსის ამყრელი და კითხოს: "აბა ბიჭებო, ვინ რას ვისთან და როგორ აპირებთ"? შემდეგ კოორდინირებულად მიყვნენ და სხვის ნასუფრალზე არა, მაგრამ სხვის განათხრელზე იქნებ მეორემაც ნახოს ხეირი?


იქნებ, დავკვალიანდეთ მაინც ჰა?




*გრუპავუხა - ჯგუფური სექსი**
**სექსი - უმსგავსო საქციელი