Wednesday, June 18, 2008

ძია კოლია

კოლია ეს ისე ჩვენებურად....დედამიწელების ანუ ადამიანების პირის აპარატით ამოთქმადი ბგერებით თორე ისე ... უკაცრავად სულ დამავიწყდა.... დაწერითაც ვერ დავწერ მის ნამდვილ სახელს – უბრალოდ უნდა იგრძნო....

ბოდიში... დამავიწყდა ამეხსნა რაზე ვსაუბრობ.... გაგიგონიათ სიტყვა "ეზოთერიკა"? ...ამასწინათ მამაჩემმა საშკა მოიკითხა და მეც შემთხვევით წამომცდა "ეზოთერიკაში გადავარდათქო"... შემდეგ კარგახანი ვუხსნიდი მამაჩემს, რომ ეზოთერიკა არ იყო არც ხრამი და არ ხეობა და საშკასაც რომ არაფერი არ მოუტეხავს და დაშავებია...

ჰო... დასაწყისი გაუგებარია (პრინციპში როგორც ეზოთერიკა)! ცოტაც გაუძელით... ეხლავე ყველაფერს მოგიყვებით და აგიხსნით.

...საშკა ჩემი მეგობარია. არმახსოვს როდის და არმახსოვს რატომ მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მთხოვა მისთვის ფორუმი ამეწყო...

– ფორუმი რა თემაზე იქნება საშ...
–ეზოთერიზმზე...

ისე მისტიურად მიპასუხა რომ კითხვაც მომერიდა...ლექსიკონს მივარდი და გადავიკითხე:
„Эзотеризм – представляет системы тайных философских взглядов на природу явлений...“

ვერაფერიც ვერ გავიგე... მაგარამ ის გავიგე რომ ფორუმი იყო საჭირო და მეც დიდი ენთუზიაზმით ავაწყვე ფორუმი.... ფორუმი ავაწყვე და ნელნელა მივხვდი რაც იყო ეზოთერიზმი... უფროსწორად მივხვდი, რომ მას ორი განმარტება აქვს – განმარტება თავად ეზოთერიკებისთვის და ჩვეულებრივი...

თუ თქვენ ეზოთერიზმის მიმდევარი ხართ, მაშინ "ეზოთერიკა არის ყველაფერი ის რაც სწორია, რაც ძალაინ ბუნებრივია, რაც ისედაც ასე უნდა იყოს...მაგრამ ეს დაბრმავებული, გაბჟუებული და ჭეშმარიტ გზას და ბუნებას აცდენილი კაცობრიობა ვერ აღიქვამს..."

მაგრამ თუ თქვენ ერთი რიგითი მოკვდავიხართ და არასოდეს არ დაფიქრებულხართ თუნდაც იმაზე, რომ თქვენი აზრები ყოველთვის კოსმოსში იგზავნება საგალაქტიკაშორისო სივრცეში, იქ მუშავდება და შემდეგ უკან გიბრუნდებათ მაშინ თქვენთვი ეზოთერიკა არის უბრალოდ "მისტიურად დანახული და აღქმული სამყარო"...

მოკლედ ფორუმზე ბევრი საინტერესო რამ გაირკვა...

10. გაირკვა რომ წყალი ენერგიას და აურას ინახავს, ამის მიხედვით ან სასარგებლოა, ან მავნებელი...
9. თურმე სამშობიაროებში სულ ტყუილად ყრით ფულს....საკმარისია დიდი აუზი და თბილი წყალი
8. წამლებმა გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცლე იმსხვერპლეს ვიდრე შავი ჭირის და მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა ერთად აღებული....
7. უცხოპლანეტელები მაღალტექნოლოგიური არსებები კი არა პირიქით.... პირველყოფილი არსებებია, რომელებიც ბუნებრივი ძალის მეშვეობით გადაადგილდებიან დროსა და სივრცეში....
6. თუ ვინმეს ცნობ სახეზე და არ გახსენდება საიდან, აუცილებლად წინა ცხოვრებაში გყავს ნანახი... ნუ ნანახი რა, შეიძლება მონაწველიც კი... (წინა ცხოვრებაში შეიძლება ცხოველი იყავი...პრინციპში არაა სავალდებულო რომ მომდევნოშიც რამე შეიცვალოს)
და ა.შ.

და TOP ათეულის პირველ ადგილზე მოხვდა თემა, რომელმაც საერთოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა სამყაროზე....

როგორც უკვე აღვნიშნე, თურმე ყველა ინფორმაცია საბოლოოდ კოსმოსში იყრის თავს...იქ მუშავდება, გადაეცემა სხვა გალაქტიკებს და სხვადასხვა ფორმით აუცილებლად ბრუნდება უკან...

გონებიდან გულამდე, გულიდან დედამიწამდე, დედამიწიდან მზის სისტემაში, შემდეგ გალაქტიკაში, შემდეგ გალაქტიკაშორის....განუწყვეტელი კავშირია.... მთელი სამყარო დაფარულია უხილავი ინფორმაციული ტალღებით... ყველაფერი რასაც აკეთებთ ვიღაც ხედავს...ყველაფერი რაც ხდება ვიღაცა არეგულირებს....ბალანსს იცავს...

წარმოიდგინეთ რამხელა სისტემა მუშაობს ისე, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს... შეისაძლოა ღამით ნანახი ცუდი სიზმარი, უბრალოდ მეზობელ გალაქტიკაში, შორეული არსების (უცხოპლანეტელი მეხამუშება) მიერ კოსმოსში გამოსტყორცნილი ნეგატიური ინფორმაციაა, რომელსაც ქვედა მეზობელმა „ელფორტი“ აუშვა სახლში (ელფორტი – ეს იქაური წყალია და ზემოთ იმიტომ რომ იქ გრავიტაცია პირიქით მოქმედებს...)

ყოველ პლანეტას, ისევე როგორც სისტემას თუ გალაქტიკას თავისი საინფორმაციო ცენტრი აქვს...

საინფორმაციო ცენტრებს მართავენ არსებები, რომლებიც რათქმაუნდა განსხეულებულები არ არიან...რათქმაუნდა ეს არსებები ადამიანებზე ბევრად გონიერნი და განვითარებულნი არიან (ყოვეთვის მინდოდა ტექსტში ნართანიანი მრავლობითი გამომეყენებინა)

დედამიწის საინფორმაციო ცენტრი ძალიან პატარაა (დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ ისევე პატარაა როგორც ვანის რაიონის სოფელი ჭყვიში).

ასეთ ცენტრისთვის ერთი განვითარებული არსება (შემდგომში ადმინისტრატორი) სავსებით საკმარისია...

დედამიწის ცენტრის ადმინისტრატორი არის ძია კოლია... ძია კოლია მაშს შემდეგ დაინიშნა დედამიწის ადმინისტრატორად რაც ადამმა ყურძენი დაწურა და დათვრა...

სწორედ იმ დღიდან საგალაქტიკაშორისო კრების 104 ყრილობაზე დედამიწა განვითარებად პლანეტებს მიაკუთვნეს. ძია კოლია მაშინ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მუშაკად ითვლებოდა, რომელიც მოწადინებული იყო თავისი წვლილი შეეტანა, სამყაროთაშორისო ჰარმონიზაციაში.

მას მერე ბევრი დრო გავიდა... თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბოლოს თავად გალაქტიკის მესვეურებმა გადაწყვიტეს, არსებებს, რომლებიც ამ პლანეტაზე ბინადრობდნენ, აღარაფერი ეშველებოდა.

ძია კოლია იმდენად შეეჩვია დედამიწას, არსებებს რომლებიც ამ პლანეტაზე ცხოვრობენ და თავის პატარა და მყუდრო საინფორმაციო ცენტრს, რომ საკუთარი სურვილით დარჩა დედამიწის ადმინისტრატორად.

მას მერე არც ისე ბევრი დრო, მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელი, გავიდა. დედამიწაზე ბევრი რამ შეიცვალა... ძია კოლიასთვის ყველაზე მეტ გაოცებას ის იწვევდა რომ რაც უფრო მეტს ცდილობდა მათთვის, რაც უფრო მეტ მსოფლიო ცოდნას უწილადებდა ადამიანები განვითარების მაგივრად სულ უკან მიდიოდნენ....

მაგრამ გამონაკლისი წესს ამტკიცებსო...ადამიანებშიც აღმოჩნდენ გამონაკლისები... ადამიანები რომლებმაც სწორად აღიქვეს მსოფლიო სიბრძნე... მათ ისიც კი შეძლეს რომ ასტრალს მიაღწიეს (გლეხურად რომ აგიხსნათ ასტრალიდან თუ ხმამაღლა დაიძახებ ძია კოლიას საინფორმაციოში ხმას მიაწვდენ და ისიც გაგაგებინებს რამეს)...

დიახ....ეზოთერიკები.

ალბათ ასტრალი, არც ისე დიდი ადგილია რომ ყველა ეზოთერიკი ერთად დაეტიოს. ამიტომაც ეზოთერიკები ერთს ირჩევენ შუამავლად (ლათინურს თუ დავესესხებით მედიუმს)...

მოკლედ რა ხდება...მედიუმი მიდის ასტრალში. ეზოთერიკები ესაუბრებიან მედიუმს, მედიუმი კი ძია კოლიას...

ძია კოლიას რათქმაუნდა შეუძლია თავად მოვიდეს ეზოთერიკებთან მაგრამ დედამიწა იმდენად გადატვირთულია რომ ცენტრის მიტოვება წამითაც არ შეიძლება... (გამუდმებით უნდა უყურო მონიტორებს, ვინმემ რაიმე არ გამოიგონოს დროზე ადრე, ვინმემ რაიმე არ ააფეთქოს, არ დაწვას და ა.შ. როგორი მოსავლელია ერთ ოთახში გამოკეტილი ექვსი მილიარდი ცელქი, მოუსვენარი და ჯიუტი ბავშვი.)

მართალია მე პირადად არ ვიცნობ ძია კოლიას მაგრამ... მე ვიცნობ საშკას, საშკა კი მედიუმს. ამიტომაც ძია კოლიას, მედიუმისთვის, მედიუმს საშკასთვის და საშკას ჩემთვის უამრავი საინტერესო რამ მოუყოლია...

ძია კოლიას იმდენად უხარია ადამიანებთან ურთიერთობა და საუბარი, ეზოთერიკების ხშირად ბავშვურ შეკითხვებსაც სიამოვნებით პასუხობ. პასუხობს მარტივი სათქმელია. არქივში პოულობს ფოტოს, ხმის ან ვიდეო ჩანაწერს და მედიუმის მეშვეობით დედამიწაზე გადმოცემს.
თურმე ერთხელ ერთერთმა ეზოთერიკმა კითხა, ჩემი საყვარელი წითელი ფეხსაცმელი, დავკარგე ადრე და სად იქნება ხომ ვერ მეტყვიო....

კარგახანს ეძება თურმე ძია კოლიამ და ერთადერთი რაც იპოვა (ისიც წასაშლელად გამზადებულ ფაილებში) ძველი სარდაფის ფოტო იყო...იქვე კუთხეში მიყრილი, ძველი წითელი „ბასანოშკებით“...

სადღაც ამ სარდაფის გარე ფასადის ფოტოც მეგულებაო უთქვამს, მაგრამ მონახვა ვეღარ მოასწრო....უგნურ ადამიანებს წყნარ ოკეანეში ნავთობი დაღვრიათ და სასწრაფოდ იყო მისახედი....

აი ასე მეგობრებო.... ამოუწურავია ეს სამყარო... ვინიცის იქნებ ეს ჩემი ნაწერი, მოეწონოს ძია კოლიას და სადღაც შორეულ საგალაქტიკაშორისო ფორუმზე დადოს.

ეზოთერიკებსაც მოვიკითხავ და მათი ფორუმის მისამართსაც აქვე დავწერ, ვინიცის ვინ ნახავს და რომელ გალაქტიკაში...

www.anastasia.ge/forum