Showing posts with label Outof. Show all posts
Showing posts with label Outof. Show all posts

Wednesday, February 15, 2012

გამომშრალი წვეთები

წყარო: ჰექსე

ნიჰილიზმი თურმე ფილოსოფიაა
ჩემი პარიკმახერი კი თურმე სტილისტი

უცნაური რამ არის გონება - საკმარისია ერთი ბზარი გაგიჩნდეს, თითქოს მთელი სამყარო ამ ერთი ბზარისთვის, მის გასაღრმავებლად, გასადიდებლად შექმნილიყოს.

მეც გამებზარა გონება. ამოვიჩემე: მწირ და ნაყოფიერ ნიადაგზე, ერთნაირად რომ იმუშავო, ერთნაირად რომ შეაკლა თავი და დაღვარო ოფლი-მეთქი, ყამირ მიწაზე მაინც არაფერი გამოვა _ გადაავლებ თვალს, სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფივით რომ ჯიჯგნე და აწვალე ჯიუტი ექიმბაშივით მთელი წელი და სიმწრით გაიხსენებ ყოველ წვეთს ოფლისას, თითქოს ღმერთისგან ბოძებული ძვირფასი თვლები გაგეფლანგოს უნიათოდ და უშინაარსოდო. ნაყოფიერზე კი უხვ მოსავალს, სოფლის მოედანზე სათამაშოდ გასული მიმობნეული ბავშვებივით მოუყრი თავს, სახლში წაიყვან და დატკბები საკუთარი ნამოქმედარით, რომ მეორე დღეს ისევ შეუდგე საქმეს, ისევ გამორეკო ბავშვები სახლებიდან და აახმაურო მიყუჩებული ქუჩები.

ბზარი ერთი შეხედვით უმნიშვნელო იყო, თითქოს რა უნდა მომხდარიყო და რა უნდა შეეცვალა, მაგმრამ ისე ნელნელა, ისე შეუმჩნევლად გაიზარდა როგორც ბავშვი რომელსაც მშობელი ყოველ დღე ხედავს და ვეღარც კი ამჩნევს, რძის სუნით გაჟღენთილ პატარა არსებას, სახლი რომ თავდაყირა დააყენა და საფენებითა და ათასი ჯამ-ჭურჭლით აავსო ცოტა ხნის წინ, სახე უხეში წვერით როგორ დაჰფარვია.

***
პოლიტიკა არ მაინტერესებსო ჩემი ბევრი მეგობარი ამბობს ბოლო დროს. პოლიტიკაო, კი გაიძახიან მაგრამ ისინი მოსაწყენ საინფორმაციო გამოშვებებს,ჰალსტუხიანი ტიპების გაუთავებელ კინკლაობას და ერთმანეთისკენ ლაფის სვრას გულისხმობენ. თორე თავისი ქვეყანა რომ არ აინტერესებდეთ არა მგონია. იმიტომ კი არა რომ პატრიოტები არიან _ პრაქტიკოსები არიან, პრაგმატულები და ნამდვილად იციან რომ ქვეყანა შენი სახლია. მობინადრეები სარჩოდან მცირე ნაწილს სახლისთვის აგროვებთ, აკოწიწებთ და როგორც პანაშვიდზე ფულის ასაგროვებლად გამოყოფილ თავკაცს, ანდობთ ამ ფულს - რომ ყაირათიანად გახარჯოს, რომ მოშლილი ონკანი შეაკეთოს და გაბზარულ უნიტაზსაც დაადგას ახალი ნიჟარა.

მარტივი დასკვნაა - სამშობლო "ობშეჟიწიაა" და "მე მაინც ვერაფერს შევცვლიო" ისე გულიანად მეუბნებიან, აღარც კი ვიცი რა ვუთხრა, რა ვუპასუხო.

***
ნაწყვეტებად ვწერ - ზუსტად ისე როგორც ვფიქრობ. სათქმელის თავს და ბოლოს ვერ ვპოულობ, ვერ ვიჭერ, თითქოს ნაპირზე შემთხვევით ამომხტარი, აფართხალებული თევზი მინდა ხელში კუდით მყარად დავიჭირო და თვალებში ჩავხედო.

ამ ნაწყვეტის წილად კი ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რატომღაც ანეგდოტიაო ხალხს რომ დაუჩემებია.

ერთხელ ბახუსის ღმერთმა ხალხს დაავალა _ სოფლის თავში რომ დიდი ჭურია, არყით ამივსეთო. შეიყარა სოფელი და გადაწყვიტეს, რომ თითო კაცს ერთი ჭიქა არაყი ჩაესხა ჭურში. სოფლის ერთმა მცოხვრებმა იფიქრა _ მე რომ ერთი ჭიქა წყალი ჩავასხა, იმხელა ჭურია - არც არაყს დაეტყობა არაფერი და ისედაც ვინ რას გაიგებსო. ორ დღეში ჭური პირთამდე იყო სავსე. ბახუსმა ჭურს თავი მოხადა, ხაპით ფრთხილად ამოიღო ჭიქა-ჭიქა ნაგროვები სათრობელა და ფრთხილად, თითქოს არ უნდოდა ჩაჯიძნებული ბავშვის გაღვიძება ისე მიიტანა ხაპი ტუჩებთანო.

ბახუსის მრიხსანება ცას და ზღვას გადასწვდა _ თურმე ნუ იტყვით და სოფლის ყველა მკვიდრს ეფიქრა "მე რომ ერთი ჭიქა წყალი ჩავასხა, აბა ვის რა დააკლდებაო".

***
მე მწვადი მიყვარს, კიდე მიყვარს ზღვა, სითბო, შავი ღვინო, მიყვარს სექსი და Apache საფრენი სიმულატორი. კიდე პოეზია მიყვარს, ველოსიპეტი და დედა... პოლიტიკა მეც არ მიყვარს. არ მიყვარს ტყუილში გამობრძმედილი ტიპები, რომლებმაც ზუსტად იციან რომ არც ისე ნიჭიერად იტყუებიან, მაგრამ ისიც მშვენივრად შეუსისხლხორცებიათ რომ ამას მხოლოდ მცირედნი თუ მიხვდებიან და დაინახავენ. ასეც რომ არ იყოს, მათი საქმეა მოიტყუონ, უტიფარი სახით თქვან სათქმელი _ რადგან ისინი ამისთვის შექმნილან, ამისთვის გაჩენილან ამ ქვეყანაზე.

სულაც არ მომწონს და მხიბლავს როდესაც ათასგვარ სისულელეს ვუსმენ თუ ვუყურებ _ ვინ სად გაფლანგა ფული, ვის როგორ კიდია კანონი, როგორ ჭრიან და კერავენ თერძი ბესოები კონსტიტუციას. წესით სულაც არ უნდა მანაღვლებდეს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირველი რაც გააკეთა 122 000 ლარი დახარჯა საკუთარი ჯიპის შესაძენად, არ უნდა მანაღვლებდეს რომ ბარამბო, ბერტა, მარნეულის სოფლის პროდუქტები, კულა, ნატახტარი და მრავალი სხვა ქვეყნის ერთერთ მინისტრს ეკუთვნის. ჩემი რა საქმეა - ამისთვის უამრავი ხალხი არსებობს ვისაც ეს საქმე ევალება, ხო და მივიდნენ და არკვიონ, მე რატო უნდა შევიწუხო თავი, ჩემიც საკმარისზე მეტად რომ გამჭირვებია?

საინტერესო იცით რა არის - ჭურში გარეული ერთი ჭიქა წყლის არ იყოს, ის რომ ამ 122 ათასში, მცირე მაგრამ ჩემი, შენი, მისი ფულიც რომ არის შერეული, ჩაწვეთებული და საერთო ჯამში რომ ეს "ჩვენი" ფულია, ეს ამბავი მავანთათვის ნამდვილი დემაგოგიაა.

დემაგოგიაა და მე სწორად მინდა მივხვდე საიდან იღებს ის სათავეს. სად ვეძებო ამ ურჩხულის თავი, რომლის კუდსაც ასე გამეტებით ვუქნევ ხის ხმალს და ვეპოტინები.

***
ზოგჯერ ვფიქრობ რომ ქართული ანდაზებია დამნაშავე. ანდაზა თუ არა იდიომური სიტყვა-თქმა მაინც უნდა იყოს ამ ამბავში გამორეული. "ზღვაში წვეთიაო" - ისე გვაქვს გამჯდარი ქართველებს თითქოს საბოლოოდ ამ წვეთებისგან სულაც არ იყოს მთელი ზღვა შექმნილი.

ბებიაჩემი მიყვებოდა კულაშელ ებრეელებზე, რომლებსაც სხვათა შორის ყველა მოხუცი, ძალიან კტბილად იხსენებდა და მეც დაუსწრებლად გადმომედო ბებიებისგან მოყოლილი მოგონებები.

"მილიონს რომ კაპიკი დააკლდეს მილიონი აღარ არის ბებიაო" - მანდობდა ჩურჩულით ებრაულ სიბრძნეს, რომელშიც თუ კარგად დააკვირდებით ფულის ყოველი "კაპიკის" გაფრთხილების მიღმა, თითეული "კაპიკის", თითეული შემადგენელი ერთეულის მნიშვნელობასაც კარგად დაინახავს დაკვირვებული თვალი.

რა ვქნა რომ ქართველი კაცისთვის "კაპიკი" "ზღვაში წვეთია"?!

***
შენ რა გინდა, შენ ვინ გაწუხებს - აკეთე შენი საქმე და იყავიო. მე აბა ვინ უნდა შემაწუხოს - განა ტრაქტორზე შემომხტარი ფერმერი ვარ, თავის მამულებს რომ ამუშავებს. ერთი პატარა გლეხი ვარ, მხარზე გადებული ერთი თოხით და ვცდილობ ჩემი წილი გოჯი მიწა დავამუშავო, ზედ მოსავალი მოვიყვანო და წლიდან წლამდე თავი გავიტანო. მაგრამ ვაი რო ეს მიწა ისე გამომშრალა და გამოფიტულა რომ ზედ არაფერი არ მოდის.

ლოგიკა მარტივია: თუ ქვეყანაში არის ერთი ბარამოს ქარხანა, მე მყავს პოტენციური ერთი შემკვეთი, რომელსაც დიდად არ ანაღვლებს ხარისხი და უხარისხობა, რადგან ის ერთია, მას კონკურენტი არ ყავს (ვისზე უკეთესი უნდა იყოს?). ხარისხი თუ არ ანაღვლებს, უხარისხოს შეიძენს და იაფად. იაფად თუ შეიძენს მე იძულებული ვარ ან ხარისხიანი სერვისი შევთავაზო მას დაბალ ფასში რაც წამგებიანია და გაკოტრებამდე მიგიყვანს, ან კიდევ ხარისხი დავწიო შედარებით დაბალკვალიფიციური და იაფფასიანი მუშახელის ხარჯზე.

აი, ასე ვბანძდებით ნელნელა და ქვეყნის მასშტაბით! აი, ასე - უჯრედ უჯრედ, ნაწილ ნაწილ მთელი ორგანიზმი უძლურდება და ავადდება რომელსაც "სახელმწიფო" ქვია - მაგრამ მე პოლიტიკა მაინც არ მაინტერესებს, რადგან ერთი უბრალო უჯრედი ვარ _ ზღვაში წვეთი.

***
ნელნელა და ჩუმად მიღრმავდება ფიქრში გაჩენილი ბზარი. შენნაირები რომ წავიდნენ ვინღა დარჩებაო _ მეუბნებიან მეგობრები რომლებსაც "პოლიტიკა არ უყვართ".

მე კი ვფიქრობ, როდემდე ან რატომ უნდა ვიქნიო ასე დაუღალავად თოხი ამ ყამირ მიწაზე. რატომ არ მივბაძო კულაშში მცხოვრებ ხალხს, რომლებიც ბებია-ბაბუების მონაყოლი ამბებითა და ისტორიებით ძალიან ბრძენა ჩემთვის.

რატომ არ დავტოვო ეს ყამირი მიწა, სანამ მუხლში ძალა მერჩის, სანამ თოხის ქნევა შემიძლია?

Sunday, November 27, 2011

სექსი, ფეისბუქი და კრეატიული წეროები

ბევრი ვიფიქრე, მაგრამ დილის (თუ ღამის) 5 საათზე გაღვიძებულს, სათაურად მეტი საინტერესო არაფერი მომაფიქრდა. შემოქმედებითი კრიზისი, კრეატივის ნაკლებობა _ რაც გინდათ დაარქვით. მაგრამ, როგორც არ უნდა თქვათ, მის ნაკლებობას სარეკლამო კომპანიები სულაც არ უჩივიან _ პირიქით.

განსაკუთრებით დაუნდობლობით ის ფირმები გამოირჩევიან, რომლებიც კონტრაცეფციებს, კერძოდ კი პრეზერვატივებს (ბიძაჩემმაც რომ გაიგოს "განდონებს") ამზადებენ. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, ასეთი გენიალური რეკლამირების ფონზე საერთოდ როგორ მრავლდება კაცობრიობა:








მაგრამ, ერთჯერადი გამოყენების ეს მრავალმილიარდიანი ინდუსტრია, უბრალო სარეკლამო რგოლებით ნამდვილად არ შემოისაზღვრება _ ისინი სხვადასხვა კრეატიულ აქციებსა თუ კამპანიებსაც აწარმოებენ.

პირველი კამპანია, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დურექსმა შემოგვთავაზა:
საკმარისი იყო iPhone-ში ჩაგეწერა პროგრამა, შემდეგ ცოტათი გახახუნებოდი მეორე აიფონს და ვაირლესის მეშვეობით არც მეტი და არც ნაკლები, ტელეფონში ვირტუალური ბავშვი ჩნდებოდა. შემდეგ იწყება ნამდვილი კოშმარი _ ტელეფონი (ანუ ვირტუალური ბავშვი) იწეყბს ტირილს შუღამით, თქვენ კი იძულებული ხართ რომ გაიღვიძოთ, თითით მოუღიტინოთ ან დაარწიოთ (მოძრაობის სენსორებიც რა ჭირად მოიგონა ეფლმა!).

გარდა ამისა, უნდა აბანაოთ, აჭამოთ, გაასეირნოთ. მოკლედ, ამ აპლიკაციის წყალობით თავს სრულფასოვან მამიკოდ იგრძნობთ.



მაგრამ, კიდევ უფრო შორს წავიდა კომპანია "Olla". ისინი ფეისბუქზე ეძებენ ახალგაზრდა მამაკაცებს, არჩევენ პატარას ფოტოს, რომელიც მათი ფეისბუქპროფილის ფოტოს მსგავსია, სახელს და გვარს ბოლოს უმატებენ სიტყვას "უმცროსი" და წავიდააააა: მეგობრებში დამატებას, თქვენი ვირტუალური პატარა გთხოვთ.

წარმოიდგინეთ მოცემული შეტყობინება რამდენად შოკის მომგვრელია "პოტენციური მამიკოებისთვის". სხვა მხრივ კი ნამდვილად სახუმარო თემაა - რამდენი მეგობარი იხუმრებს მსგავს ამბავზე, რამდენი დააშეარებს, გადააშეარებს თუ დაიფრენდებს თავისი მეგობრის "ვირტუალურ პატარას". მოცემულ პროფილში კი კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.

ამგვარად ძალიან კრეატიული, მაღალტერქოლოგიური და ვირუსული სარეკლამო კამპანია მზად არის.



ცხოვრება მშვენიერია, სარეკლამო ბიზნესი დაუნდობელი. მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა რჩება _ დავიჯერო, ჩინელებს "პატენტი დურექსები" ჯერ არ გაუკეთებიათ?

Thursday, October 6, 2011

ჯობსი გეითსის წინააღმდეგ (R.I.P.)

დღეს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, გენიალური ადამიანი - სტივ ჯობსი.
ალბათ მრავალი დაიწერება და მრავალსაც იტყვიან ამ ადამიანის მიღწევებზე, მაგრამ მეც მინდა ჩემი მოკრძალებული და გულწფელი გულისტკივილი გამოვთქვა, რომ სამყაროს აღარ ეყოლება ისეთი საინტერესო ადამიანი როგორიც ჯობსია.

პირადად მე მხიბლავდა არა მისი ტექნოლოგიური მიღწევები ან წარმატება, რომელსაც მან მიაღწია _ ჩემთვის უპირველესია მისი არაორდინალური ხედვა, სურვილი შეცვალოს ყველაფერი, გააკეთოს რაღაც სრულიად ახალი და განსხვავებული.

ამ ადამიანმა მართლაც რომ საოცარი გზა განვლო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, ვიხილავთ ფილმს, რომელიც ასახავს მის განვლის გზას. მანამდე კი ყველას გირჩევთ ნახოთ ფილმი "სილიკონის ველის მეკობრეები".

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი პოსტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავწერე ნეტგაზეთისთვის.

 

***

ალბათ ბევრ თქვენგანს არ უნახავს ფილმი “სილიკონის ველის მეკობრეები”, რომელიც ორი უდიდესი კომპანიის - ”მაიკროსოფტისა” და “ეფლის” დამფუძნებლებლის, ბილ გეითსისა და სტივ ჯობსის ისტორიას მოგვითხრობს.

დიახ, იყო დრო, ეს ორი ადამიანი ერთად სწავლობდა. დღესაც კი ხშირია ამ ორ კომპანიას შორის გავლებული პარალელები.

ფილმის სიუჟეტის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ფილმში არის ნიშანდობლივი ეპიზოდი, რომელშიც კარგად არის ნაჩვენები ორი გენიოსის განსხვავებული მიდგომა საქმისადმი, რამაც, ჩემი აზრით, აღნიშნული კომპანიების პროდუქციაშიც ჰპოვა ასახვა.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ფონზე, სტივ ჯობსი შეკრებას ატარებს, სადაც კომპანია Apple-ს სამომავლო სტრატეგიას განიხილავს (ეფლმა ხომ გენიალური გამოგონება - მაუსი და ვიზუალური ინტერფეისი ქსეროქსის ბიჭებს “აახია”). ის ამბობს: “კარგი მხატვრები აკოპირებენ, გენიალური მხატვრები კი იპარავენო (Good artists copy, great artists steal)” და იქვე ავტორსაც მიაყოლებს - პიკასო!

ვინაიდან ეფლმა მაიკროსოფტს დაასწრო “ქურდობა”, გეითსს ისღა დარჩენოდა, “ქურდის ქურდი ცხონდაო” პრინციპით, ჯობსისთვის მოეპარა იდეები. კომპანია ეფლის მისადგომებთან, ის თავის პარტნიორებს იმავე ფრაზას გაუმეორებს, ხოლო როდესაც ჩაეკითხებიან, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, ზერელედ უპასუხებს - რა ვიცი, მგონი რომელიღაც მოქანდაკესო.

ჩემი აზრით, ფილმის ამ ეპიზოდში კარგად არის ნაჩვენები, ძირითადი განსხვავება თანამედროვე სამყაროს ორ გენიოსს - ბილ გეითსსა და სტივ ჯობსს შორის.

სტივი სიღრმისეულია. მისთვის მნიშვნელოვანია ყოველი ნიუანსი, ყოველი დეტალი. ის საქმეს უყურებს როგორც ხელოვნებას და არა როგორც ბიზნესს.

ბილ გეითსი კი შედეგზე ორიენტირებული მძიმე ტექნიკაა. ის უხეშად გადაუვლის ყველაფერს, ოღონდ იყოს შედეგი - დღეს და ახლა.

ნამდვილად არ ვიცი “ლონდონ ბიზნეს სქულ”-ში ნასწავლნი, რას იტყოდნენ მაღლივში გამობრძმედილ ეკონომისტ-კიბერნეტიკოსის თამამ განცხადებაზე, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ კომპანია, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის, დროთა განმავლობაში იმეორებს იმ პიროვნების ხასიათს, რომელიც მის სათავეში დგას. ეს აისახება შემდეგ სერვისზე, წარმოებულ პროდუქციაზე და მთლიანობაში კომპანიის იმიჯზე.

რა ამის პასუხია და რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ სტივ ჯობსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რასაც ეფლის აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა.

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვიმარჯვოთ მაუსი და კლავიატურა, სკამზე კარგად მოვკალათდეთ და დაველოდოთ - რას შემოგთავაზებენ ახალს თანამედროვე სამყაროს გენიალური მხატვრები, “სილიკონის ველის მეკობრეები”.

 

Saturday, June 25, 2011

პისუარი

წყარო: http://kalmasoba.com

დასაწყისში, მცირე აღსარება უნდა ჩაგაბაროთ (ისე რა მოსახერხებელია ბლოგი _"აღსარება - ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად...").

აღმოვაჩინე, რომ საკმარისია რომელიმე საიტისთვის, კონკურსისთვის ან სულაც საიტისთვის რომელზეც კონკურსი იმართება დავაპირო რაიმეს დაწერა, რომ მაშინვე ვიბოჭები.

დაკვირვებიხართ, იდიომური გამოთმქებისა და შეკითხვების აბსოლუტური უმრავლესობა, რომ უტოპიურია (განგებ არ გამოვიყენე სიტყვა "იდიოტური", რადგან ის ერითმებოდა "იდიომურს" - ავტორის შენიშვნა)?

ასე მაგალითად:

- უი, მოხვედი? (არა, ეს ჩემი ჰოლოგრამაა საყვარელო)
- გძინავს? (კი და შესაბამისად გიპასუხებ კიდეც)
- არ წასულხარ? (ჰოლოგრამაა-მეთქი) და ა.შ.

ნუ ეს შეკითხვები მაგრამ გამოთქმებშიც ვერ ვიტყვი რომ წინაპრების სიბრძნეა დაგროვილი. მაგალითად: "თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში". თითქოს მეუბნები, გაშინაურდი, "გაიჩუსტეო", მაგრამ სინამდვილეში კი მახსენებ, რომ შენთან ვარ სტუმრად.

მოკლედ აღსარების პირობაზე, რაღაც ზედმეტად მხატვრული გამომდის და ამიტომ მარტივად ვიტყვი: ჩემს ბლოგზე, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ... ბლოგზე (შეგიძლიათ დაამკვიდროთ, როგორც იდიომა).

მართალია სტუმრიანობა აქაც ცვლის ყველაფერს. სიტყვაზე ადრე შემეძლო დამეწერა: "დეე, მე ორიდ დღით ქალაქიდან გავდივარ. ზეგ ჩამოვალ და გეხვეწები, შენ რომ იცი ისე _ მოხარშული და მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო დამახვედრე. არ მოიწყინო :) ". შედეგად კი ორდღიანი ვუაიაჟიდან დაბრუნებულს, სახლში უგემრიელესი ყვავილოვანი კომბოსტო მხვდებოდა. ახლა კი იგივე რო დავწერო, ბლოგის რომელიმე ვიზიტორი, კომენტარებში თამამად მეტვყსი, რომ "ეს პოსტი სრული სირობაა!!!" (ვიზიტორო _ სამაგიეროდ ყვავილოვანი კომბოსტოა გემრიელი!)

რა კარგია, რომ პოსტებს სათაური აქვს. ახლა რომ არ მენახა ვერაფრით გავიხსენებდი რისი თქმა მსურდა.

დღეს ორჯერ მომიწია საჯარო ტუალეტით სარგებლობა (შესდექ! გთხოვ ნუ გახვალ ბლოგიდან _ დეტალებს არ მოვყვები). ბიჭებმა ხო ვყელაფერი იცით და აი გოგოებს მინდა ცალი თვალით შევახედო იქ.

გოგოებო იცით როგორია კაცების ტუალეტი? ხო, თითქმის ისეთი როგორც თქვენთან. კი, უნიტაზებით. არა, ხო, ეგეც არის _ ბიჭები წყვილ-წყვილად არ შევდივართ და ერთმანეთის ჩანთებს არ ვიჭერთ. უბრალოდ ჩვენთან_ბიჭებთან პისუარებიც არის, თქვენთან კი არა (ისე, გიფიქრიათ იმაზე, რომ მშენებლები ტუალეტებს გენდერული პრინციპით აპროექტებენ?).

კიდევ, განსხვავება ის არის, რომ თქვენთან პლასტმასები სუფთად არის უნიტაზზე დაფენილი. აი, ჩვენთან კი შეგრძნება გრჩება, რომ ტუალეტში რემბო იბრძოდა _ უბრალოდ მსხვილკალიბრიანი ტყვიების ნაცვლად, ყველაფერი შარდის წვეთებით არის დაცხრილული.

დღევანდელმა "სველი" წერტილების მრავალფეროვნებამ ერთი ისტორია მომაგონა:

გერმიანიაში (კერძოდ ჰანოვერში) გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომიწია სტუმრობა. პატარა, წყნარი და დასუფთავებული ქალაქი, სადაც ქვეითები შუქნიშნებთან ერთმანეთის უკან, მწყობრად დგომით იცავდნენ რიგს, რამდენიმე დღეში სრულ საგიჟეთად იქცა.

საქმე იმში გახლდათ, რომ ქალაქში იტალიის ეროვნულ ნაკრები მართავდა შეხვედრას (ოღონდ არ მკითხოთ ახლა ვის ხვდებოდაო _ მაინც არ მახსოვს).

ორ-სამ დღეში, საკუთარ სახლშითქო ვერა მაგრამ, როგორც საკუთარ ქვეყანაში ნამდვილად ვგრძნობდი თავს: შუქნიშნები ყველას მაგრად ეკიდა, კილომეტრიდან ხმამაღალი შეძახილები და მთვრალი ტიპების ხიპიში ქუჩებშიც ჩვეულებრივი ამბავი გახდა (გული უნდა დაგწყვიტოთ და დისკოტეკაზე მოცეკვავე 2 გოგო, რომელსაც 7 შავებში ჩაცმული და წვერებიანი "კაი ტიპი" ყარაულობდა, მაინც არ მინახავს).

ამ ყველაფერმა უფრო გამახარა ვიდრე გამაოცა, მაგრამ კულტურული შოკი მაშინ მივიღე, როდესაც ტუალეტში შესულს მშობლიური სურნელი შემომეგება. არ ვიცი ჩემს პატივსაცემად მოაწყვეს გერმანელებმა ეს არაჩვეულებრივი პერფომანსი, თუ იქ ჩამოსული იტალიელების წყალობით მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია _ იქაურობა "ქართულ" ტუალეტს ერთი-ერთზე დაემსგავსა.

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არც ხელოვნება, არც სამზარეულო, არც ენა ისე ზუსტად არ ასახავს ერის შინაგან კულტურას როგორც ტუალეტი. დიახ, სწორედ ტუალეტი არის ის ინტიმური ადგილი სადაც ნებისმიერი ერი თავის კულტურულ ანაბეჭდს ტოვებს. ეგ არის რომ, ზოგიერთი კართოთეკაში შესანახად, არც თუ ისა სასიამოვნოდ ყარს.

მოწესრიგებულმა გერმანელებმა კი, ჩემი აზრით, გენიალური გამოსავალი იპოვეს და ტუალეტში ნამდვილი კრეატივის ზეიმი მოაწყვეტს _ პისუარებში ჩადგმული იყო პლასტმასის საფეხბურთო კარი, რომელზეც პლასტმასისვე ბურთი იყო ჩამოკიდებული. საჭირო იყო ზუსტად დაგემიზნებია რომ კარებში შეგეგდო.

- ფუ შენი, ვერ შევაგდე - ჩავილაპარაკე ნასვამა და "ზმეიკა" შევიკარი _ აბა, რა ჩემი ბრალი არის რომ ფეხბურთი ბავშვობიდან არ მიყვარს?

აგურის შვიდიანი

წყარო: http://kalmasoba.com

[ეს მოთხრობა (ნებას თუ დამრთავთ, ასე რომ ვუწოდო) ალბათ ჟანრს მკითხველის ასაკიდან გამომდინარე შეიცვლის. უფროსი თაობისთვის რაღაც ტრაგედიის მაგვარი უნდა იყოს. მანდატურებით "გამაგრებულ" სკოლაში გაზრდილი მომავალი თაობისთვის, ალბათ ისეთივე ფანტასტიკა იქნება, როგორც ჩემთვის ერთ დროს მფრინავმანქანებიანი ფილმები იყო ტიტრით _ "2010 წელი". ჩემი თაობის სახელით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მაგარამ პირადად ჩემთვის კი ერთი ჩვეულებრივი "ჟიზნენი" ისტორიაა, რომელიც სახეზე ტკბილი მოგონებებისთვის ჩვეულ ღიმილს მგვრის ხოლმე.]

***
სამტრედიის ნომერი პირველი საშუალო სკოლა ისეთი იყო, როგორიც ნებისმიერ რაიონის საბჭოთა პერიოდში აშენებული სკოლა უნდა ყოფილიყო _ დამკსდარი კედლებით, ბალახამოხეთქილი ასფალტით დაფარული ეზოთი, რამდენიმე მიტოვებული, ოდესღაც მშენებარე შენობითურთ.

არეულობისა და "მხედრიონის" დროს კი არდადეგებზე ბავშვების მიერ საგულდაგულოდ და სათითაოდ ჩამსხვრეული ფანჯრის მინებიც ემატებოდა.

სამტრედიის პირველი საშუალო სკოლის მეექვსე ბ კლასიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც ომების, უშუქობის, პურის რიგების და მილიონკუპონიანი პურის მნახველი ბავშვებით დაკომპლექტებული კლასი უნდა ყოფილიყო.

სკოლის უკანა ეზოში, მგონი, სკოლაზე უფრო ძველი შენობა, უფრო სწორად კი შენობის ნანგრევები, როგორც ბავშვები ვეძახდით, "კაჩიგარია" იყო განთავსებული.

"კაჩიგარია" ბეტონის ნანგრევებისგან აშენებული ნამდვილი სამოთხე იყო. უზარმაზარი თუჯის ღუმელი, რომლითაც ერთ დროს სკოლის შენობა თბებოდა, საუკეთესო ადგილი იყო მასწავლებლებისგან დასამალად, ქალაქში ახლადგამოჩენილი მენთოლიანი სიგარეტის ხველებ-ხველებით გასასინჯად და წესით "ბულკების" საყიდლად მშობლების მოცემული ფულით სკოლის წინ "ბუტკაში" ნაყიდი, მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკური არაყით დასათრობად.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სკოლის კედლებმა, სასწავლო ნაწილის შვილი (რომელიც, სხვათა შორის, სხვა, წესით უფრო "პრესტიჟული" სკოლიდან გამოაგდეს) შეიკედლა.

სკოლის დირექცია ისედაც სისხლს გვიშრობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცილებით აუტანელი გახდა. კაჩიგარიამ მოსვენება დაკარგა _ თურმე ერთი ცოდვილიც კი საკმარისია, სამოთხე რომ ჯოჯოხეთად იქცეს. ეს ჩვენი სასწავლო ნაწილის შვილიც ჩვენდა ბედად "მაგარი" გამოდგა - ოღონდ გაკვეთილს არ დასწრებოდა და მზად იყო მთელი სკოლა უკანმოუხედავად გადაეწვა (ისე, კაცმა რო თქვას, მშობლისგან გამოყოლილი შიზოფრენიული ფსიქიკაც უწყობდა ხელს საამისოდ) . კლასი უმკაცრეს კონტროლზე აგვიყვანეს!

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ კაჩიგარიის უშველებელი რკინის კარი საშვილთაშვილოდ მიადუღეს კედელს. შესვენებაზე გამოსულები ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ გვართმევდნენ გატურტყნულ სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი მუშები სკოლაში_ აუტანელი მერხების ჯუნგლებში _ ნაპოვნ ერთადერთ ოაზისს _ "კაჩიგარიას".

ჩვენი თაობისთვის გათხრილი სანგრები, პრეზიდენტების დროებითი (თუ არც ისე) თავშესაფარი ბუნკერები, სახელდახელოდ მოწყობილი შტაბები უცხო არ იყო. ეს სიტყვაც _ "შტაბი" _ ჩვენს ცნობიერებაში, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი იყო _ სივრცე სადაც მტრისგან დაცული ვიქნებოდით. ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაშიც კი თავს შევაფარებდით და საბრძოლო-სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მივიღებდით. ასეთი თამაშიც კი გვქონდა _ "შტაბობანა". უბანი რა უბანი იქნებოდა და ბავშვი რა ბავშვი იყო, საკუთარი შტაბი ერთხელ მაინც რომ არ ქონოდა მოწყობილი: საიდუმლო სამალავით, ჩამოსაჯდომებით და კარტის სათამაშო მაგიდით.

გარდატეხის ასაკში მყოფი, ყველაფერის მიმართ აჯანღებული, აკაესის ტყვიებითა და "ტურბოს" ნაკლეიკებით ჯიბეებგამოტენილი "მებრძოლები" შტაბის გარეშე დავრჩით. სასწრაფოდ ახალი თავშესაფარი იყო საჭირო. სწორედ ამ დროს ბიჭებს მხსნელად პეტრე (როგორც ჩვენ ვეძახდით _ პეტრუშკა) მოევლინა.

ქერა თმები, კურდღელივით წინგამოწეული კბილები, თითქმის შეუმჩნეველი სიელმე და ნათლად შესამჩნევი სულელური მზერა, პეტრუშკას ყველასგან განსხვავებულს ხდიდა.

პეტრუშკას ბებია სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ ასე ჩავარდა ჩვენს ხელთ გასაღები, რომელმაც ყველა ოცნების კარი გაგვიღო. უფროსწორად კი აგვიღო. მიგდებული "კაჩიგარია" სკოლის სხვენმა ჩაანაცვლა, სადაც ერთ-ერთი ჩაბნელებული დერეფნის ბოლოს, რკინის მორყეული კიბით ვძვრებოდით.


პეტრე სხვენზე სამ შემთხვევაში ადიოდა: კლასელებთან ერთად _ სიგარეტის მოსაწევად და დასალევად; ირაკლისთან და რამაზისთან ერთად _ ფულზე სეკის სათამაშოდ და მარტო.

***
პეტრუშკა ერთ-ერთი იყო ვინც ჩვენს სკლასში, პორნო კარტი გააძრო. მთლიან კოლოდაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო. ეგ კი არა, ყვავის ტუზზე (რომელზეც ზანგის, თავზე უზარმაზარვარცხნილობიან და ძუძუებიან ქალს, ორი თეთრკანიანი ვერძილა ჟიმავდა) და გულის ვალეტზეც (სადაც ორი გოგო ერთმანეთს პირში ენას უტრიალებდა და ფეხებშუა ეფერებოდა) კი ნამდვილი ტაციაობა იყო. პირადად მე, ორი კვირა მომიწია ლოდინი, რათა ერთი დღე მენათხოვრა და ტანზემიკრულ, სველმაისურიან ორ უცხოელ გოგონასთან განვმარტოებულიყავი საკუთარ აბაზანაში.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. პეტრუშკას კიდე ჰქონდა ერთი "ვიზუალი" _ კარტი რომელსაც, არასოდეს არავის თხოვნიდა. ეს იყო შავი იატაკიდან ოდნავ აცდენილ ხასხასა წითელი სპორტული მანქანის კაპოტზე ფეხებგადაშლილი, ოქროსფერკანიანი საოცრება, რომლის სხეულზეც მორგებული ერთადერთი აქსესუარი _ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი _ სწორედ ის ათვლის წერტილი იყო, რომლიდანაც შენი სისხლის ამღვრევა იწყებოდა. საოცრად დახვეწილი სხეულის ნარუჯი კანის ფერი ისე ჰარმონიულად და მადისაღმძვრელად ერწყმოდა ქაღალდის კუთხეებში დატანილ წითელი რომბის ფიგურებს, სურვლი გიჩნდებოდა, ვაფლის ჭიქაში ჩამოსხმული შოკოლადისა და ვანილის შერეული ნაყინის მსგავსად ხელში აგეღო და ერთიანად აგელოკა.

გაკვეთილების შემდეგ პეტრე ფრთხილად გახსნიდა ჭერზე ასასვლელ ბოქლომს, მტვერის ფაფუკი ხალიჩით დაფენილ ფიცრებს ფეხაკრებით გაივლიდა და სწორედ იმ ადგილას, სადაც შიფერებს შორის გაჩენილი ნაპრალიდან ჩამავალი მზის სხივი ლაზერივით კვეთდა ტვრის ნაცმეცებით აელვარებულ ჰაერს, ჩამოჯდებოდა.მშიერ კუჭზე ჭიქა არაყს გადაკრავდა და ცხვირსახოცში საგულდაგულოდ შენახულ სიგარეტს გააბოლებდა. რიტუალის გასაგრძელებლად მარცხენა ხელში თავის ოცნებას _ აგურის შვიდიანს დაიჭერდა, მარჯვენაში კი _ მოვარდნილი სისხლის ნაკადით გაგიჟებულ იმედს მოიმარჯვებდა და თვალდახუჭული, რაც შეიძლება ნაზად, დედამიწაზე ყველაზე ლამაზ ქალთან, რომელსაც ოდესმე შეხებოდა, სიყვარულის ზღვაში იძირებოდა.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღს ყველაფერი ერთად არ მოინდომა _ დასპირტული არყით გაჟღენთილმა, მზის სხივებს მიფენილი შვიდიანი აგურით ხელში ისე გაათავა, რომ ვერც კი გაიგო, როგორ დაუვარდა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მტვრითა და გამხმარი ფოთლებით დაფარულ იატაკზე.

სკოლის ერთი ნახევარი მთლიანად დაიწვა. შენობის მეორე ფრთა მეხანძრეემა ძლივს გადაარჩინეს. სხვათა შორის, თვითონ, კარტისაგან განსხვავებით, ალალბედზე გადაურჩა დაწვას.

ამ ამბის მერე პეტრე კლასელებს აღარ გვინახავს. ამბობდნენ, რომ ოჯახმა სახლი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლადო.

***
საშინელი ამინდი იყო. თოვლ-ჭყაპში გაყინულს ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი. გათბობა ჩავრთე, ცხელი ჩაი დავისხი. თავი რომ მარტო არ მეგრძნო, ტელევიზორი ჩავრთე, საწოლზე მივეგდე და მთლიანად მოვეშვი. ნახევრად მიძინებულმა უცებ თვალები დავქაჩე , სიუჟეტის ავტორი რაღაცისა და რაღაცის მინისტრის მოადგილისგან იღებდა ინტერვიუს. ქუთოთოები კარგად მოვიფშვნიტე და უზარმაზარი თანამდებობის თავზე ნაცნობი სახელი _ პეტრე ამოვიკითხე.

ფართო კაბინეტს ძვირფასი ხისგან დამზადებული სამუშაო მაგიდა ამშვენებდა. ტყავის სავარძლიდან მოშორებით, კედელთან ატუზული ევროკავშირისა და საქართველოს დროშები იდგნენ. სამუშაო მაგიდასთან ძვირფას პიჯაკში გამოწყობილი ოფიციალური პირი რომელიღაც რეფორმის არნახულ წარმატებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ აზრს გამოთქვამდა.

თითქმის ცარიელ მაგიდას, რამდენიმე ფურცელი, ძვირფასი კალამი და თხუთმეტდიუმიანი ულტრათანამედროვე ნოუთბუქი აფორმებდა.

კადრი გაშეშდა. ოპერატორისგან დაუკითხავად ზუმი ნოუთბუქზე გავაკეთე და კამერა ნელი მოძრაობით მაგიდას მეორე მხრიდან შემოვატარე. ფოლდერებითა და სხვადასხვა ფაილებით აჭრელებულ ეკრანს, ლამაზი ვოლფეიფერი _ აგურის შვიდიანი ამშვენებდა.

Wednesday, June 22, 2011

რაინდი კაპლანდიიდან

წყარო: kalamasoba.com

თქვენი არ ვიცი და მე პირადად მთელი ბავშვობა მტანჯავდა ერთი მუქარა _ "ამ თვის ბოლოს ბოზებში უნდა წაგიყვანო".

არავინ არ დაიტრაბახოს, რომ საკუთარ თავთან არა-ერთ-ხელ განვლილი გენერალური რეპეტიციის მიუხედავად, პირველ სექსს მღელვარებისა და ნერვიულობის გარეშე შეეგება. ამ მუქარის გაგონებისას, ბუნებრივი იყო მეც ვღელავდი _ თან არც მეტი და არც ნაკლები "ბოზებში" საკუთარ ბიძასთან ერთად უნდა გამომეჩინა თავი.

რაღა თქმა უნად ბიძაჩემის ეს მუქარა მხოლოდ ხუმრობა იყო. უფრო სწორად კი გართობა. რას ვიზამთ _ ცხონებულ საბჭოთა კავშირში, რას უნდა გაეხალისებინა გული თუ არა ბავშვს. მგონი მომისმენია კიდეც _ დაოჯახდი, ბავშვი გააჩინე, გაგართობს, ოჯახს გაგიმხიარულებს... კი, როგორ არა. ბავშვზე კარგი გასართობი რა არის?

წარმოიდგინეთ სტუმრებით სავსე ოთახი. დედა გამალებით სუფრას დასტრიალებს და სულგუნის ნაჭრებით გაძეძგილი ცხელი ღომის ოხშივარით ათრობს ოთახს. მამა კი მორიგი განსხვავებულით ცდილობს იგივეს.

ამ დროს ოთახში შემოპრატუნდები შენ. არც კი იცი ეს ხალხი ვინ არის და რა უნდათ. დედამიწის ასტეროიდთან აცდენას ზეიმობენ თუ დედიკოს და მამიკოს მორიგი სექსის შემდეგ ცხრა თვეში, რომ მოევლინე ქვეყანას.

ნასვამი მამიკო აუცილებლად მოგკრავს თვალს, გული სიამაყით და სიყვარულით აევსება, ხელებს ჩაგავლებს, სკამზე შეგსვამს და ყველას გასაგონად, გამოთქმით გეტყვის _ მამიკო, აბა ანახე სტუმრებს პასპორტი!

შენ კი პატარა ხარ. სულ არ იცი წინ რო პატარა რაღაც გაქვს, ფისა-ფისას გარდა დიდი ბიძიები სხვა რამისთვისაც თუ იყენებენ, დიდ დეიდებს კი ჭკუა ეკეტებათ ამ "პატარაზე". ხო და რა პრობლემაა? არც არანაირი _ იღებ და სტუმრებს, აჩვენებს "პასპორტს", რომლითაც ზოგჯერ ტუსიკებში იფისავ.

- მამიკოც კმაყოფილი გაკოცებს, ღვინისგან აწითლებულ და გაოფლილ ლოყას ლოყაზე მოგადებს და იტყვის _ ენაცვალოს მამა, მეზრდება ვაჟკაცი.

შენ კი უკვე დიდი ხარ. შენი პაწაწუკაც კარგა მოზრდილი არის. ტანი მთლიანად გაქვს ეპილირებული. სპეციალური ბალზამი, პროჟექტორების შუქს სხეულიდან უცნაურად ირეკლავს.

- სცენა მეოთხე, დუბლი პირველი: "რაინდი კაპლანდიიდან", კამერა! _ ამბობს რეჟისორის თანამშემწე

შენ ღრმად ჩაისუნთქავ, ფეხებს კარგად მოარგებ იატაკს, ღირსებას ხელში მოიმარჯვებ, ყურში კი მამაშენის სიტყვები გესმის:

- მამიკო, აჩვენე სტუმრებს პასპორტი!

Monday, June 20, 2011

if i Die ანუ ამბავი მწუხარე ლაიკებისა

წყარო: netgazeti.ge

დასტატუსება თუ არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას!

დიახ, დიახ - ასეთი დრო მოვიდა. ფეისბუქზე აქტივობას თუ ვწყვეტ, მეგობრები მირეკავენ და პირდაპირ მეკითხებიან _ "ცოცხალი თუ ხარო". ცოცხალი ვარ ბატონო, ცოცხალი! თანაც როგორი _ გადავწყვიტე ამ საშინელ ელექტრო-მანქანას მოვშორდე, ბუნებაში გავისეირნო, საგაზაფხულოდ აღგზნებული ჩიტების ჭიკჭიკით დავტკბე, მაგრამ ვინ გაცლის?

მობილურიც რომ გავთიშო ხომ წარმოგიდგენიათ? _ გამოდის მკვდარი ვარ პრაქტიკულად.

წუხელ ინტერნეტში ძალზე საინტერესო საიტს გადავეყარე. ეს არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფეისბუქზე, სწორედ გარდაცვალების შემდეგ დაასტატუსოთ და დადოთ ლინკები. შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, საიქიოსთან ოპტიკა ჯერ არ გაუყვანიათ _ უბრალოდ თქვენ წინასწარ უთითებთ აპლიკაციას, რა გამოქვეყნდეს ფეისბუქზე თქვენი გარდაცვალების შემდეგ.

ეს საიტი ვნახე თუ არა, მაშინვე გამიჩნდა ბუნებრივი შეკითხვა - როგორ ხვდება აპლიკაცია, რომ ფეხი გაჭიმე?

იმისათვის, რომ აპლიკაციამ დაადგინოს, მართლა გახვედი მარილზე თუ არა, უნდა აირჩიო 5 ადამიანი. როდესაც ციფრული სამარის მცველებს აირჩევ აპლიკაციაში, მათ მისდით მეილი, სადაც მითითებული არის ლინკი რომლითაც შეძლებენ შენი სიკვდილი, ასე ვთქვათ, "დააკონფირმონ".

მეორეს მხრივ ანალოგიური მეილი გაეგზავნებათ მაშინაც, რომელიმე მეგობარი მოცემულ აპლიკაციაში თქვენს ნაანდერძევის წაკითხვას თუ შეეცდება.

ისე ხომ შეიძლება, "ფეისბუქ-სამარის მცველებს" ღრმა მწუხარებისას დაავიწყდეთ ლინკის მოძებნა და გადასვლა? _ სულ თავისუფლად. ამიტომაც აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული პერიდში, მეგობრებს ავტომატური მეილები დაუგზავნოთ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის შეახსენოთ _ "თუ მე ცოცხალი აღარ ვარ, გთხოვ დააჭირე აქ".

სხვათა შორის, არანაკლებ საინტერესო აპლიკაცია შექმნა რუსულმა არყის კომპანიამ "რუსკი სტანდარტ"-მა.

ეს არის "რუსული რულეტკის" ციფრული ვერსია, სადაც წაგების შემთხვევაში ნამდვილს არა, მაგრამ ვირტულურ ცხოვრებას კი ემშვიდობები _ აპლიკაცია, შენს მიერვე დაშვებული უფლების საფუძველზე, ფეისბუქ ანგარიშს წაგიშლის.


ფეისბუქ-პარანოიის რა მოგახსენოთ და მე უკვე დავრეგისტრირდი აღნიშნულ საიტზე _ ამბობენ ბოლო სტატუსზე 500-ზე მეტ ლაიკს თუ ვერ დააგროვებ, ჯოჯოხეთი არ აგცდებაო.

Monday, May 9, 2011

როგორ გავხდე ბლოგოპატი

წყარო: netgazeti.ge

ალბათ გახსოვთ ჰოლივუდურ ფულმებში წარწერა “2000 წელი” და მფრინავი მანქანები, გამჭვირვალე ადამიანები და სხვა. თუმცა ყველაზე დიდი ფანტასტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ 2010 წელს მფრინავი მანქანა კი არა ნოუთბუქს შეზრდილი ადამიანი “ულაიკებს” სტატუსს: “ქმარი მომენატრა” გვერდით მწოლ მეუღლეს.

ჩემს სოფელში ადრე რომ ინტერნეტი ჰქონოდათ, წარმომიდგენია, როგორ გადააქნევდნენ სინანულით თავებს უბანში შეკრებილი ქალები და იტყოდნენ _ ეს რა დრო დაგვიდგა, ფეისბიანკები და ტვიტარასტები ერთმანეთს ეფლიკრავებიანო.

ლაიკომანებს, სტატუსოფილებს და თანამედროვე სამყაროს სხვა სოციოპატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ “ბლოგოპატებს”.

მოკლედ, გვეყოფა ენამახვილობა და ისედაც დაბნეული ატექნიკური მომხარებლების კიდევ უფრო დაბნევა და საქმეზე გადავიდეთ.

თანამედროვე სამყაროში არ გქონდეს ბლოგი, იგივეა, ცოტახნის წინ “მადონას სერვისი” რომ არ გქონოდა. ბლოგი, ეს არის ვებსაიტი, სადაც შეგიძლიათ მარტივად განათავსოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია: ტექსტი, ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალა, მოკლედ ყველაფერი, რაც კი მოგესურვებათ _ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამასთან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მილიონობით ინტერნეტ მომხარებლისთვის (თუ დავაკონკრეტებთ, ქართველი ინტერნეტ მომხარებელი ერთ მილიონსაც კი ვერ უახლოვდება) და რა გასაკვირია, რომ ინფორმაციის გაცვლის ასეთი თავისუფალი და მოსახერხებელი საშუალება დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე სამყაროში.

მსოფლიოში რამდენიმე პოპულარული ბლოგ სისტემაა გავრცელებული, თუმცა ქართველებმა, როგორც გვჩვევია, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შევარჩიეთ და მსწრაფლ გავიყავით “ვორდპრესისტებად” და “ბლოგსპოტისტებად”.

იმისათვის, რათა გქონდეთ საკუთარი ბლოგი ვორდპრესის სისტემაზე, საკმარისია, გაიაროთ უმარტივესი რეგისტრაციის პროცედურა: http://wordpress.com

ბლოგსპოტზე კიდევ უფრო მარტივად არის საქმე: საკმარისია, გქონდეს გუგლის მეილი და რეგისტრაციაც კი არ არის საჭირო: http://blogger.com (იმისათვის, რომ იხილოთ სისტემის განახლებული ვერსია, შეგიძლიათ ისარგებლოთ მისამართით: http://draft.blogger.com )


ზემოთხსენებული ორი სისტემის შედარებით ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დღეს კი გეტყვით: აუცილებლად გახსენით ბლოგი _ ნუ დარჩებით 21-ე საუკუნეში “სტენკისა” და “მადონას სერვისის” გარეშე.

Friday, April 29, 2011

გეი

წყარო: http://www.vasassi.com

მოგესალმებით. თითქოს ენა არ მიბრუნდება, მაგრამ მაინც დომენით უნდა გაგეცნოთ - მე lasharela.com-ვარ.

რა დასამალი არის და ეს ჩემი პირველი გესტ ანუ სტუმარპოსტია. პატივი მერგო და ვასასის - წითელრქებიანის, რომელიც ურცხვად მოგვიწოდებს - გიყვარდეთ ჩემნაირებიო, ბლოგზე ვწერ.

ალბათ არც ველოსიპედს გამოვიგონებ და მითუმეტეს ამერიკის აღმოჩენისგან ცხრა მთა და მინიმუმ ერთი ოკეანე დამაშორებს თუ ვიტყვი რომ ადმიანის ნებისმიერ ქმედებას ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული, გარკვეული მოტივატორი _ აღმძრავი გააჩნია.

როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის გვამოძრავებს გარკვეული სურვილი, სწრაფვა. როგორც თავის დროზე ჩემი უცხოეთშინასწავლი უფროსები იტყოდნენ (იმედია კითხულობთ ამ ნაწერს!) ყოველ ადამიანს გააჩნია გარკვეული "need".

მოცემულ შემთხვევას (გესტპოსტს ვგულისხმობ) თუ ჩავუღრმავდებით, მე სტუმრად მომიწვიეს. არ ვიცი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ ამ პოსტის მიზანია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ის. ჩემი need კი არის, საკუთარ თავს, ვასასის და ოთხასიათასიან ქართულ ონლაინ სივრცეს ვაჩვენო, თუ რა მაგარი ვარ და რამდენზე შევძელი ახტომა (ვიცი ამ შესავლისთვის დავისჯდები).

ამიტომაც ყველაფერს (თუ საჭირო იქნება ტრაკსაც მივცემ) რომ ეს პოსტი რეიტინგული გამოვიდეს - მიზანი ხომ ყოველთვის ამართლებს საშუალებებს (და ძალიან გთხოვთ, სენტიმენტებს და „ნწ, ნწ, ნწ, ნწ-ს ძახილს არ ვართ).

არაერთწლიანმა ონლაინ მოღვაწეობამ, მასწავლა რომ ქართულ რეალობაში (მინიმუმ ვირტუალურ რეალობაში) არსებობს ორი თემა, რომელზეც რაც არ უნდა დაწერო, გამოხმაურება მაინც დიდი ექნება. ესენია:

რელიგიური უმრავლესობა და
სექსუალური უმცირესობა


ამჯერად არჩევანს, მოძალებული მუზების გამო მეორეზე შევაჩერებ.

***
ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ბავშვები მართლა წეროებს კი არ მოჰყავდათ, არამედ ქალი და კაცი ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეჯახირებოდნენ და წვალობდნენ.

ცოტა უფრო დიდი ვიყავი, თუმცა მაინც პატარა, როდესაც გავიგე რომ კაცი აუცილებლად ქალთან კი არ უნდა წვალობდეს და ჯახირობდეს, არამედ კაცთანაც შეუძლია იგივე გააკეთოს, თუმცა იმ განსხვავებით რომ ბავშვი არ ეყოლებათ (ბარემ აქვე ვიტყვი, ლესბოსელების შესახებ როცა გავიგე, კაი წვერულვაშიანი და უკვე "ქალებში ნამყოფიც" გახლდით).

ისე ახლა არ გაგეცინოთ და პატივი ეცით ჩემი გარდაცვლილი ბებიის - ნელის ხსოვნას, მაგრამ მე და ბებიაჩემმა, ერთნაირი კაცების ერთად ყოფნის ამბავი ერთად გავიგეთ.

ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ ვისაც მეხსიერება არ გღალატობთ და ანგარიშიც არ გეზარებათ, მახსოვს გადიოდა რიგით-იდიოტური ტელესერიალი "დინასტია".

მოულოდნელად გაირკვა, რომ ტელესერიალის მთავარი გმირის - ჭაღარა, სოლიდური და ფულიანი ბიძიას შვილი _ სტივენი, გეი აღმოჩნდა.

მახსოვს როგორ შეიცხადა ბებიაჩემმა და გაიკვირვა, რომ "ამხნის ქალი იყო და ამფერი არაფერი უნახავს და გოუგონია (არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო)".

მაშინ პირველად გაჩნდა ჩემში განცდა იმისა რომ ოდესმე შეიძლება გაირკვეს, მე ისეთი არ ვარ როგორიც მამაჩემია, ბიძაჩემი, მეწისქვილე შაქრო და ჩემი მეზობელი ილოა. შეიძლება ისე მოხდეს რომ მე არ მეყოლება ცოლი და მეტიც _ საერთოდ არ მეყოლება ქალი.

გაჩნდა პირველი შიში, რომ მე არ ვიქნებოდი ისეთი როგორიც ყველაა. მტანჯავდა აზრი _ "ნეტა ხომ არ ვარ გეი"? მაგრამ "მიდგებოდა თუ არა ქალებზე", "ქალებზე და კაცებზე ერთდროულად" თუ "მხოლოდ კაცებზე" ამის გადამოწმება იმ დროისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან იმ დროს სექსუალურად მოუმწიფებლობის გამო საერთოდ არ მიდგებოდა.

მოგიანებით კი გაირკვა რომ ქალებთან მიმართებაში, ეროგენული წერტილები სწორად მუშაობდნენ. კაცებთან მიმართებაში კი სრული ინდიფერენტულობა სუფევდა _ დავმშვიდდი!

გავიდა დრო, გავხდი სტუდენტი, დავიწყე მუშაობა, გავიცანი უამრავი მეგობარი და ა.შ. სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ფეისბუქ პროფილის მეგობრების რიცხვმა 600-ს არ მიაღწია. აქედან ნახევარზე ცოტა მეტი ბიჭი იყო. მცირედით მაგრამ მაინც გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე რომ მეგობარი ბიჭების 30% "ბი" ან "ჰომოსექსუალი" მყავდა.

მაშინ პირველად გამიხარდა, რომ არ აღმოვჩნდი "ჰომოფობი". ისევე როგოროც სხვა მეგობრებისგან, ვაშეარებდი მათგან ლინკებს, ვუპოსტავდი ვოლზე, ვულაიკებდი, ვუკომენტებდი, ვუმეგობრდებოდი და "ვუ" კანონზომიერებიდან ამოვარდნილად "ვე-ჩეთავებოდი" კიდეც.

მაგრამ იყო ერთი "მაგრამ" რაც ძალიან არ მომეწონა - "ყველამ, ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს არ ამბობს".

არ ვიცი გამამართლებთ თუ არა მაგრამ, ჩემის მხრივ მეც მიჭირდა თქმა - "გამარჯობა ჯემალ, მე ხომ ვიცი, რომ შენ გეი ხარ, ჩემთან შეგიძლია პირდაპირ, მინიშნებების გარეშე ისაუბრო". ან რატო უნდა ვუთხრა რამე ადამიანს რომელიც თავად არ ამბობს არაფერს ამის შესახებ?

არა და როგორ მინდოდა თითეულ მათგანს გაესტატუსებინა რომ გეია. რილეიშენშიპში დაეყენებინა თავისი შეყვარებულის პროფილი. დაედო მის ვოლზე რომელიღაცჯანდაბა წლის, ყველასთვის უცნობი კლასიკური მუსიკის კონცერტი (თუმცა ამას ნამდვილად აკეთებდნენ) და მიეწერა: "ეს შენ საყვარელო".

როგორ მინდოდა არ მეფიქრა: "ხომ არ ფიქრობს ახლა ის, რომ მე ვფიქრობ მასზე, რომ მან არ იცი რომ მე ვიცი, რომ ის გეია". რა ჩახლართულია არა? რატომ? ისედაც, "ყველამ ხო ყველაფერი იცის"?


ხო და თუ იცით, უცხოებს ვერ მივმართავ, მაგრამ ჩემი ფრენდ ლისტის 30% ნამდვილად ხმამაღლა გამოვუცხადებ - შეეშვით ონანიზმს, ყოველგვარი ხარისხის მიუხედავად გეებზე გაჟღერებული სტატიების ვოლებზე პოსტვას, ირიბად და მინიშნებებით საუბარს, გაიღვიძეთ ერთ მშვენიერ დღეს, გაიღიმეთ და თქვენს ვოლზე დიდი ასოებით დაწერეთ:


მე გეი ვარ!

მე კი დაგილაიკებთ... დაგილაიკებთ მთელი გულით და იქვე დაგიკომენტებთ:


- მე კიდე შენი მეგობარი ვარ და გახსოვდეს: მიუხედავად იმისა რომ შენ მხოლოდ კაცებზე გიდგება და მე მხოლოდ ქალებზე - შენი გულისთვის ტრაკსაც კი მივცემ!

პოსტის ავტორი: lasharela.com

დაიკიდე


WOW, არც მეტი და არც ნაკლები, ანინამ საკუთარ ბლოგზე (რომელიც თურმე უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ეიფელი) წვდომა მომცა და მითხრა _ რაც გინდა, დაწერეო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის-მეთქი , _ ვუთხარი. დაწერო მწერლის პირად ბლოგზე _ არც ისე იოლი საქმეა. - არ გამოგივა და გაა@ვამო – აი ასე მარტივად, მაგრამ მაინც დამამშვიდა ანინამ.

შეგრძნება ისეთია, თითქოს შენთვის უცნობ ლაბორატორიაში დიდ სამართავ პულტთან დაგაყენეს და გითხრეს : რაც გინდა, გააკეთეო. უყურებ დიდ მონიტორებს, უამრავ მოციმციმე ღილაკს. გინდა რომელიმეს დააჭირო მაგრმა რაღაცნაირად ღელავ, თუმცა ქვეცნობიერად იმედს იტოვებ, რომ რაიმეს იმავნებლებ, რომელიმე რეაქტორს გააქტიურებ და განგაშის სიგნალი საშინელიც ჩაირთვება.

როგორც წესი, ასეთ დროს ყველაფერი პირიქით გამოდის. რაც უფრო მეტად ღელავ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, უფრო ცუდად ამბობ სიტყვას. რაც უფრო მეტად ცდილობ რომ გამოგივიდეს საქმე, მით უფრო ცუდი შედეგები გაქვს. ანინას მკითხველს გული რომ არ დაწყდეს, ბარემ აქვე ვიტყვი _ რაც უფრო მეტად გინდა, რომ გოგომ მოგცეს, მით უფრო ნაკლებია შანსი, რამდენიმეწუთიანი ჰორმონალური ქაოსის შემდეგ ჰკითხო _ „მოგეწონა“?

ყველაზე კარგად კი დაძაბულობის მოხსნას მაშინ ახერხებ, როდესაც ყევლაფერი გბეზრდება. რადგან როდესაც რაიმე გბეზრდება, გკიდია და თუ გკიდია, ესე იგი, თავისუფალი ხარ.


***

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე, ერთ-ერთ დიდ ბანკში დავიწყე. დამსვეს ლამაზ მაგიდასთან, წინ დამიდგეს დიდი კომპიუტერი და მითხრეს _ ეს ჩვენი საიტია, დღეიდან შეგიძლია ზედ რაც მოგესურვება, ის შეცვალოო.

რა თქმა უნდა, ასეთი ძლევამოსილება იმისთვის არ მოუნიჭებიათ, რომ ზედ პოსტები დამედო. კონკრეტული დავალებები იყო განსახორციელებელი. მახსოვს, რამდენიმე წუთი აღელვებული ვათამაშებდი ხელში მაუსს, სანამ საიტზე პირველად დავაჭირე Delete ღილაკს.



შემდეგ გადის დრო. ეჩვევი. ცოტა ხანში საიტზე, რომელსაც უამრავი ადამიანი ნახულობს და ბანკის სახეა, თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ აბაზანაში. ერთფეროვანი კაფელი და უცხოსთვის შეუმჩნეველი, მაგრამ შიგადაშიგ მოშლილი ,,დუში“ მალევე გიშლის ნერვებს. შემდეგ ფერადი ღილაკების არ იყოს, გიჩნდება სურვილი რაიმე იმავნებლო _ მაგალითად „ანაბრების განყოფილებაში“ შენი შეყვარებულის სახელი ჩაწერო, მას აჩვენო და შემდეგ ისევ წაშალო. თანაც აუცილებლად გაქვს სადღაც განცდა, რომ „ერთხელაც გაგისხამს“ და განგაშის სიგნალი ჩიართვება.

ყელში წაჭერილი ჰალსტუხი, გაუთავებელი მეილები, არაფრის მომცემი შეხვედრები მენეჯერთან, პასუხისმგებლობები და თახვივით თავბრუდამხვევი სირბილი ბორბალში .

გადავწყვიტე _ რახან თვითონ ვერ ველეოდი მაღალ ხელფასს და თბილ კაბინეტს, ჩემი გაშვება სხვისთვის მეიძულებინა. დავიწყე ყველაფრის გაფუჭება, რაც კორპორატიულ ფარგლებში და შეუმჩნევლად შეიძლება კადრმა გააფუჭოს _ თვეობით ვამისამართებდი მიღებულ დავალებას ერთი დეპარტამენტიდან მეორეში (ოფისის სლენგზე ამას პინ-პონგს ეძახიან), ვაგვიანებდი დილით მისვლას, ვბლოკავდი ყველა ახალ იდეას, რომელიც პირადად ჩემთვის არ იყო საინტერესო და სხვა, იმ იმედით რომ ჩემს ამ უმსგავსობას ვინმე შეამჩნევდა და სამსახურიდან გამიშვებდნენ, მაგრამ ამაოდ _ პარადოქსია, მაგრამ, ჩემმა კარიერამ წინსვლა მაშინ დაიწყო, როდესაც ყველაფერი მაგრად დავიკიდე.

ეფექტი იმდენად დიდი და მოულოდნელი იყო , რომ მოველენებს ვეღარც ვეწეოდი. ყველაფერი თავისით ხდებოდა – მემატებოდა ხელფასი, თანამდებობა, გამოცდილება. მალე სამსახურს სულ სხვა მუღამი დავუჭირე – ის დაემსგავსა კომპიუტერულ თამაშს, სადაც გიჟივით დარბიხარ, ებრძვი ბოროტ უფროსებს, მოქნილად ახტები დადებულ „პადნოჟკებს“, აკრობატული ნახტომების სხვადასხვა ილეთებსაც ამუღამებ და თამაშში მიმოფანტულ ბონუსქულებსაც აგროვებ.

მალე გავაცნობიერე, რომ ჩემი ძალა ჩემს თავისუფლებაში იყო. თავისუფლება მმატებდა სითამამეს, სიმტკიცეს, პრინციპულობას, ყველაზე არანორმალური იდეის რწმენას და ძალას მის განსახორციელებლად _ დასაკარგი მაინც აღარაფერი მქონდა.

გავხდი გახსნილი და პირდაპირი თანამშრომლების, ბიზნესპარტნიორების, გენდირექტორების მაჩვების და მაჩვზღარბების მიმართ. ამან კიდევ უფრო გაამარტივა ყველაფერი. ყველაზე ცუდად განწყობილ თანამშრომლებთანაც კი კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რადგან ორივემ ღიად ვიცოდით, რომ ერთმანეთი არ „გვევასებოდა“. მოლაპარაკებები არ გრძელდებოდა თვეობით და არ ახლდა თან მილიონნაირად შეფუთული და მიკიბულ-მოკიბული პირობები.

ამ ყველაფერმა კი მიმიყვანა იქამდე, რომ ჰალსტუხმოჭერილი ბიჭი, რომელიც ყველას თქვენობით ესაუბრებოდა და სამას კაცთან ათანხმებდა, წაეშალა თუ არა საიტიდან მოძველებული PDF ფაილი, გადაწყვეტილებებს თავად იღებდა, აკეთებდა ლაღად თავის სამუშაოს და შუა ოფისში აუტანელი პიჯაკის ნაცვლად მეგობრის ნაჩუქარ კილტს ისწორებდა.

ასე, რომ დამწყებო ბანკირებო, ფინანსისტებო, მეშახტეებო, მწერლებო, უსაქმურებო, სექსუალურო პარნიორებო და უბრალოდ კარგო ტიპებო , ნუ ეცდებით ზედმეტად, ნუ იღელვებთ, ნუ იქნებით შეციცინებული თვალებში და ანინას მკითხველს აქაც რომ არ ვაწყენინო, ნუ კითხავთ ორგაზმის შემდეგ „მოგეწონა?“. ყველაფერი, უბრალოდ… უბრალოდ… უბრალოდ და-ი-კი-დეთ!



მერლინ მონროს კი მაინც არ გაგიკეთებთ!

Friday, January 21, 2011

იყოარაბეთსროსტევან.com

წყარო: netgazeti.ge

გაიხსენეთ ტელემარკეტის რომელიმე შემოთავაზება და საოცარი გახმოვანების კვალდაკვალ ეს ტექსტი წაიკითხეთ:

● გაქვთ წარმატებული ბიზნესი და თავს ბიზნესმენად თვლით?
● გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი კარგად იყოს წარმოჩენილი ინტერნეტში?
● გაინტერესებთ, ვის და როგორ შეუკვეთოთ საიტი?
● საქართველოს სადღეგრძელოს ყოველთვის ფეხზე დამდგარი და ყანწით ამბობთ?

მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის! თუ თქვენ წაიკითხავთ სტატიას ახლავე, საჩუქრად მიიღებთ წაკითხული სტატიების შესანახ კონტეინერს. მაშ ასე:

ნაბიჯი 1 - მოთხოვნის ჩამოყალიბება
- შენობა მინდა, რა დამიჯდება?
ასეთნაირად თუ დაუსვამთ შეკითხვას მშენებელს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ჯერ გკითხავთ, რისთვის გსურთ შენობა, შემდეგ გაითვალისწინებს თქვენი საქმიანობის გარკვეულ ნიუანსებს, გამოგკითხავთ, რამდენი და რა ფართობის ოთახები გესაჭიროებათ, ხომ არ გაქვთ აუცილებელი მოთხოვნები ჭერის სიმაღლესთან დაკვშირებით და ა.შ.

ზუსტად ასევე ჟღერს შეკითხვა, საიტის საფასურთან და გაკეთებასთან დაკავშირებით. “შენობა” (საიტიც) ძალაინ აბსტრაქტული ცნებაა. ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი და შუშის და შესაძლოა იყოს ძალიან პატარა, კომპაქტური და ხის. გააჩნია თქვენ რა გსურთ და რისთვის. საფასურიც, ვადებიც და ხშირ შემთხვევაში მშენებელიც კი (განა ყველა მშენებელს შეუძლია შუშის მაღალი შენობების აგება) თქვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა ჩამოწერეთ მოთხოვნები:

● რისთვის გსურთ საიტი
● რა ამოცანები უნდა დააკმაყოფილოს მან
● თქვენი აზრით, რა გვერდები გესაჭიროებათ საიტზე
● რამდენენოვანი საიტი გსურთ
● და ა.შ.

თქვენ მიერ შედგენილი რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტი საშუალებას მოგცემთ, თქვენი მოთხოვნა ერთდროულად გააცნოთ რამდენიმე ვებ-დიზანერს , რათა შემდგომში მათგან სასურველი შემოთავაზებები მიიღოთ.



ნაბიჯი 2 - მოთხოვნების ფორმირება

იმას ნამდვილად არ შეგახსენებთ, რომ “იაფი” ყოველთვის არ ნიშნავს “ცუდს”, მაგრამ საიტის შემსრულებლის სწორად შერჩევა, კერძო პირი იქნება ის თუ სტუდია, უმნიშვნელოვანესია (სამწუხაროდ, აქ რჩევებს ვერ მოგცემთ, რადგან თავად წარმოვადგენ ერთ-ერთ მათგანს და არაკორექტული იქნება).

თუ საქმეს პროფესიონალებთან დაიჭერთ, შემდგომი ნაბიჯი საიტის გაკეთების გზაზე იქნება მოთხოვნების ფორმირება. უნდა გაკეთდეს დეტალური ანალიზი, რას ითხოვთ, რისთვის, გესაჭიროებათ ეს მართლაც თუ არა.

მოცემულ ეტაპზე დამკვეთი ძალაინ ხშირად უშვებს რამდენიმე შეცდომას;

1. იყოს, ოჯახი ხრამია - მას სურს თავისი საიტი იყოს უნივერსალური. გასცემდეს ინფორმაციას “გალვანიზირებულ პროფნასტილზეც” და ყავასაც ადუღებდეს. მსგავსი მიდგომა სრულიად არასაჭირო ნივთებით ავსებს “ოჯახს”, ამძიმებს და ძალიან არაპრაქტიკულს ხდის მომხარებლისთვის. საიტზე უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც უკიდურესაც აუცილებელია (მერსედესიც ხომ ამიტომ გვიყვარს?).

2. თუ მიიჩნევთ, რომ საიტი რამდენიმეენოვანი უნდა იყოს, კარგად დაფიქრდით, რომელ ენებზე გსურთ საიტი. მრავალენოვნი საიტი, როგორც წესი, რთული სამართავია. ყოველი სიახლე თუ საიტზე განსათავსებელი სხვა ტექსტი უნდა ითარგმნოს სხვა ენებზე, რაც დამატებით დროს და რესურსებს მოითხოვს. ასე რომ, საიტზე ძველი სანსკრიტის გამოყენებას მთლად არ გირჩევთ.

3. სტომატოლოგმა უკეთ იცის კბილზე როგორ გიმკურნალოთ, ვიდრე თქვენ! ამიტომაც თუ თვლით რომ ვებ-დიზაინ სტუდია სწორად შეარჩიეთ და ისინი პროფესიონალები არიან, ძალიან გთხოვთ, ნუ ეტყვით, როგორ გააკეთონ საიტი! ნუ ეტყვით სტომატოლოგს, რომ “ფესვის მწვერვალის რეზექციის შემდეგ კისტის რეციდივის გამო, კბილი 3.2 ის ექსტრაქცია აქვს გაკეთებული, თან გენერალიზებული პაროდონტიტის ფონზე და უმჯობესია პაროდონტალური შინირება ფრონტალური კბილების მიდამოში” - ეს აუცილებლად ცუდად დამთავრდება!

4. “ბეეეევრი ფლეშები” - არ ვიცი სინამდვილეში როგორ, მაგრამ ვებსაიტის შეკვეთისას ქართველები ნამდვილად ფეტიშისტები ვართ. გვინდა, რომ საიტზე ყველაფერი ტრიალებდეს, ბზრიალებდეს, წკრიალებდეს, ბრჭყვიალებდეს - მოკლედ როგორც ჩანს შადრევნები, ღამის ფერადი განათებები და ატრაქციონები, მხოლოდ პრეზიდენტს არ უყვარს.
არადა, ძალიან ხშირად საიტის შინაარსიდან გამომდინარე მისი ფლეშში შესრულება წამგებიანია. მოდით, აქაც თქვენ მიერ ნაპოვნ “პროფესიონალს” მიენდეთ (ნახევრად ორსული ხომ არ არსებობს _ თუ ენდობი, ბოლომდე უნდა ენდო).


ნაბიჯი 3 - დოკუმენტირება

რაღაი დავიჩემე ეს მშენებლები, მოდით ბოლომდე მივყვები. ისევე როგორც სახლის მშენებლობას სჭირდება დეტალური ნახაზები, საიტის დამზადებასაც ესაჭიროება დეტალურად შედგენილი დოკუმენტაცია.

დოკუმენტაციაში წინასწარ და დეტალურად უნდა იყოს გაწერილი საიტის სტრუქტურა, ფუნქციონალი და ა.შ. ერთის მხრივ, მსგავსი დოკუმენტაცია თქვენ საშუალებას გაძლევთ უკეთ წარმოიდგინოთ საიტი და წინასწარვე განაცხადოთ, რომ უნიტაზი საძინებელში არ გსურთ. მეორეს მხრივ საიტზე (წესით) მუშაობს არაერთი ადამიანი: დიზაინერი, “ლეიაუთერი”, პროგრამისტი, ბაზების არქიტექტორი, ფლეშის სპეციალისტი, პროექტის მენეჯერი - ვინც მოცემულ ორკესტრს დირიჟორობს და ა.შ. მოცემული ჯგუფის კოორდინირება თითქმის წარმოუდგენელია მსგავსი დოკუმენტაციის არსებობის გარეშე.

საქართველოში, როგორც წესი, ყველანი “ოლ ინ ვანები” ვართ და ტირამისუს და “სტიაჟკის” კეთება ერთნაირად კარგად ვიცით, მაგრამ დოკუმენტი მაინც უნდა არსებობდეს, თუნდაც იმიტომ რომ თქვენ შემდეგ თქვათ: “აქ ხომ გეწერათ, რომ უნიტაზი ტუალეტში იქნებოდა დამონტაჟებულიო”.


ნაბიჯი 4 - Pushing

ეს უცხოური სიტყვა, რომელიც ქართულ ვერსიაში “გატისკვას” ნიშნავს, უცხოეთში ნასწავლი ჩემი ერთ-ერთი უფროსისგან ვისწავლე. მეოთხე ნაბიჯზე აუცილებლად დაურეკეთ შემსრულებელს დღეში ასჯერ - ასე უფრო ნაკლები დრო დარჩება საიტზე სამუშაოდ.

ნაბიჯი 5 - ფრომოუშენი
სულ რო ფერარი გყავდეს, რა ჯანდაბად გინდა, “გარაჟში” თუ გეყოლება გამოკეტილი და მზის შუქს ვერასოდეს ნახავს?

საიტი არ არის კარგი და წარმატებული, თუ ის თავის პირდაპირ ფუნქციებს არ/ვერ ასრულებს. აქ ძალიან ბევრი ჭკვიანური სიტყვაა - როგორიც არის SEO, ნიუ მედია, ონლაინ მარკეტინგი და ა.შ.

მაგრამ დაივიწყეთ თითეული მათგანი. მე ყველაზე ეფექტურ გზას გასწავლით - პატარა ქაღალდებზე შავთეთრად დაბეჭდეთ თქვენი საიტის მისამართი და მეტროში გამჭვირვალე ხელის მოსაკიდებლები რომ არის ჩამოკიდებული, იქ შეაცურეთ.


ნაბიჯი 6 - განახლება
საიტოფილობას ნუ დამწამებთ, მაგრამ საიტი ცოცხალი ორგანიზმია. მას გამუდმებით სჭირდება განახლება. ერთის მხრივ, შინაარსობრივი განახლება (ჩემი უცხოეთში ნასწავლი უფროსი იტყოდა “კონტენტი ყოველთვის აფ თუ დეით უნდა იყოსო”) ტექსტებსა და მასალებს, ხოლო მეორეს მხრივ - საჭიროა მცირე ფუნქციონალური ცვლილება და დახვეწა. პროფესიონალი კომპანია კი თქვენს მიერ თავში დასმულ შეკითხვაზე “რა დამიჯდება შენობის აშენებაო” მოგვიანებით გიპასუხებდათ “აშენება ამდენი და შენახვა კიდევ ამდენიო”.

“შენახვა” ანუ მხარდაჭერა ძალაინ მნიშვნელოვანია საიტისთვის. პერიოდულად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რაღაც არ მუშაობს, ან “ისე არ მუშაობს როგორც საჭიროა” სრულიად შესაძლებელია “უკეთ იმუშაოს”. ასე რომ გირჩევთ, მხარდაჭერის პირობები თავიდანვე გაარკვიეთ და დააფიქსირეთ შემსრულებელთან.

ნაბიჯი 7 - არც კი ვიცი რა დავარქვა

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როდესაც რამდენიმე თვიანი დაგვიანების შემდეგ, შემსრულებელი საიტს დიდი წვალებით მაგრამ მაინც ჩაგაბარებთ, გახსოვდეთ - აუცილებლად, აუცილებლად და აუცილებლად გახსოვდეთ - “ეს უნდა დაასველოთ”!!!

P.S. რაც შეეხება სათაურს, თქვენი ძლივს აშენებული ოფისი რაგინდ მაგარი არ უნდა იყოს, მისი მისამართი თუ არის მუხიანის მეცხრე ბ მიკრორაიონი, კორპუსი ოცდაცხრა ა ბინა სამოცდაშვიდი - მისი ნახვა ცოტათი ყველას გაუჭირდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

Monday, January 3, 2011

მჟავე კიტრი და Paypal-ი საქართველოში

წყარო: netgazeti.ge

რამდენიმე წლის წინ, მეგორებთან ერთად "ბათუმს ქათქათას" ვსტუმრობდით.

"სასტავში" გრაფიკული დიზაინერი, მხატვარი, ხატმწერი და მე _ მაშინ ჯერ კიდევ დისტანციური საბანკო ტექნოლოგიების მამა, ვირიცხებოდით.

არ ვიცი ასაკის და მოწიფულობის გამო, თუ არ ვიცი იმიტომ, რომ მაშინ მეც კი არ ვიყავი "ბლოგერი", მთელი ორი კვირის განმავლობაში ძუძუებზე და ქალის ეროგენულ წერტილებზე არ გვისაუბრია.

ერთ მშვიდ და საამო საღამოსაც კაფეში ჩამოვსხედით. ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მაშინ საბერძნეთში საქმიანობდა ხატმწერად, საუბარი წამოიწყო.

- აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენნაირი ფრესკები და ფერწერა არავის არააქვს, იცით, ხალხო, ისეთი შედევრებია მსოფლიოს სხვადასხვა ტაძარში, ჩვენი ვერც შეედრება.

მართალია, არც ღიპი მქონდა და არც ყანწით ვამბობდი სამშობლოს სადღეგრძელოს, როცა ეს მოვისმინე, მაგრამ მარცხენა მხარზე ჩამომჯდარმა "ეპატაჟნიკმა ეშმაკმა" არ მომასვენა და პოლემიკაში შევედი.

მთელი ძალით ვცდილობდი ქართველების თუნდაც გარდასული დიდების დემონსტრირებას, ჩვენი უნიკალურობისა და განუმეორებლობის დამკტიცებას, უდიდესი, უძვირფასესი და უძველესი წარსულის შრეებად გაშლას, მაგრამ ამაოდ.

საკმაოდ მშვიდ, თუმცა მაინც სწრაფ ტემპში მიმდინარე დიალოგს, დაახლოებით შემდეგი სახე ჰქონდა:

- და ქართული ფოლკლორი?
- კარგი და ირლანდიური რითი არ მოგწონს?

- ქართული კერძები?
- სუშის კი შეჭამდა კაციო, რომ შეგვჭამა დღეს, შენ არ იყავი?

- და ღვინო?
- მე კი ვიცი, ყველა ფრანგულს და იტალიურს ბებიაშენის ტალავერზე დაკრეფილი ადესის ღვინო რო გირჩევნია, მაგრამ...

მოკლედ, სამწუხარო იყო, მაგრამ ჩემი ნებისმიერი მცდელობა მარცხით სრულდებოდა. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს გეო-ისტორიული მნიშვნელობაც კი ვერ გამოვკვეთე ჩემი მეგობრების ცნობიერებაში ოქროს კონტურებით.

ჰოდა, ოქროზე გამახსენდა _ ქართველები ხომ უძველესი დროიდან ვიყავით ტექნოლოგიურ ავანგარდში? - ამენთო უცებ თვალები. თუნდაც ოქროს მოპოვებისა და დამუშავების უძველესი და უნიკალური ტექნოლოგიები რად ღირს....

... აქ ერთ-ერთმა მეგობარმა საუბარი შემაწყვეტინა და ისეთი რამ მითხრა, ენა მოვიკვნიტე და გადავყლაპე, ჩემ წინ რკინის კედლად აღმართული არგუმენტიც სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში:

- გეყოფა რა, ლაშა... ზღვისპირა ქვეყანაში ერთი გემიც კი არ აუშენებიათ, რათა ენახათ, ერთი ზღვის მეორე მხარეს რა ხდებაო. ისხდნენ და ქეიფობდნენო.

ახლა ჩემი მხატვარი მეგობრის მოცემულ პოსტულატს, ძალიან გთხოვთ, ისტორიკოსები ნუ განსჯით. შესაძლოა, იმ დროს, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო და აიეტი მეფობდა, რამდენიმე მცირე ზომის გემი გვყავდა, მაგრამ ფაქტია, ჩემი მეგობრის გამოთქმულ აზრს შინაგანად აბსოლუტურად დავეთანხმე.


***
ბანკში მუშაობის დაწყების დღიდან ერთი თემა მაწუხებდა _ რატომ არ შემოდის თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი, გადახდის უნიკალური სისტემა Paypal-ი საქართველოში? ამის შესახებ ოფიციალურად, არაოფიციალურად, ირიბად და პირდაპირ ბევრჯერ მივწერე კომპანია PayPal-ს. პასუხი დაუყოვნებელი და ყოველთვის ერთნაირი იყო: "როდესაც გადავწყვეტთ საქართველოში შემოსვლას, ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი საიტის მეშვეობით";

დრო კი გადის და ფეიფალში ისეთი ქვეყნები გაწევრიანდნენ, მსოფლიო რეიტინგში ჩვენ რომ ეკონომიკური განვითარების დონით _ პირველ, ხოლო ისინი ბოლო ადგილზე არიან: ანდორა, ანგოლა, სომალი, ზამბია. მათ შორის არიან ჩვენი უშუალო მეზობლებიც: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩვენი ყველაზე დიდი და ოროსანი მეზობელი რუსეთიც.

სანამ ბანკს დავტოვებდი "ფეისბუქზე" ჯგუფი შევქმანი - "ფეიფალი საქართველოში".

დღეს კი ჩემს “კედელზე” დავინახე ორი შეტყობინება, რომლებმაც პასუხი გამცეს შეკითხვაზე _ "რატომ არ შემოდის PayPal-ი საქართველოში?":

"მჟავე კიტრის ფანკლუბი - გვერდი მოსწონს 4,674 ადამიანს"
"ფეიფალი საქართველოში - გვერდი მოსწონს 3,232 ადამიანს"


მართალი იყო ჩემი მეგობარი. არც ფეიფალი უნდა ცდებოდეს დიდად, ჩვენთან რომ არ შემოდის _ მოგვკალი და მჟავე კიტრი უფრო მოგვწონს და გვჭირდება ქართველებს, ვიდრე PayPal-ის გადახდის სისტემა და ტექნოლოგიური ავანგარდი.

Saturday, December 4, 2010

სახელისუფლებო ტექნოქაოსი

წყარო: netgazeti.ge

მოკლედ, გავიარ-გამოვიარე და მაინც ხელისუფლებას მივადექი. იმიტომ კი არა რომ ხელმოცარული, სისხლმოწამლული ან სულით ოპოზიციონერი ვარ, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გამოუვიდა. მამენტ, ერთი საშუალოდწარმატებული ტიპი ვარ (“ნეტგაზეთშიც” კი ვწერ!), რომელსაც არ უნდა, შორიდან უყუროს, როგორ შენდება ქვეყანა და შუშის კონსტრუქციები.

არა, რა ჯობია, შენ რომ წამოწვები და “ვიღაცები” ააშენებენ და ააწყობენ ყველაფერს, მაგრამ ცოტათი ვერკვევი ამ შუშის კონსტრუქციებში და ვხედავ, რაღაცები არასწორად კეთდება ან უკეთესადაც შეიძლება კეთდებოდეს (აქ მომინდა პათეთიკურ ფრაზაზე _ ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვროს და არ მინდა, თავზე დაენგრეთ-მეთქი _ კაიფი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შვილები არ მყავს და გადავიფიქრე).

ნუუუუუ ეხლააააა :აქუბარდიასხმით: შუშის კონსტრუქციები ერთგვარი მეტაფორა იყო, ისე კი თანამედროვე ტექნოლოგიებს ვგულისხმობდი, რომლებიც ასე დუღს და თუხთუხებს ოცდამეერთე საუკუნის “ქართულ სინგაპურში”.

მაინც რა არ მომწონს? ხო, კონსტრუქცია გმირთა მოედანზე და “ჰაუსის” მეშვიდე სეზონიც არ მომწონს, მაგრამ ამჯერად სახელისუფლებო ტექნოქაოსს და გაუაზრებელ პოლიტიკას ვგულისხმობ მოცემული მიმართულებით. კერძოდ:

1. არ შეიძლება, რომელიმე მინისტრი ან მისი მოადგილე წყვეტდეს, როგორი უნდა იყოს სამინისტროს საიტი. არ უნდა “ჰყვებოდეს” (დაწერილი პროექტად მე ჯერ არ შემხვედრია), რა უნდა იყოს საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში ცოტა რაღაცნაირად და ოდნავ სხვანაირად, იქნებ რამე რო ტრიალებდეს ისე, ქვედა მარჯვენაში (ვერაფერი გაიგეთ? ვერც მე!).

შესაძლოა, ესა თუ ის მინისტრი თუ მისი რომელიმე მოადგილე კარგად ერკვეოდეს საკუთარ პროფესიაში (და აქ სიტყვა “შესაძლოა” შემთხვევით ნამდვილად არ მიხსენებია), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ასევე კარგად ერკვევა ვებ-ტექნოლოგიებში, დიზაინში, ინტერფეისებში და ა.შ. მოკლედ, პური მეპურეს უნდა გამოაცხობინო.

2. ფა-სა-დე-ბი, ფა-სა-დე-ბი, ფა-სა-დე-ბი, აი რას ვისკანდირებდი დიდი სიამოვნებით, რომელიმე მიტინგზე ნამყოფი რომ ვიყო. თითქოსდა ყველაფერი კეთდება, თითქოს და ძალიან e-ნოვაციურები ვართ, მაგრამ სახემლწიფო სისტემების აბსოლუტური უმრავლესობა სრული e-დიოტობაა.

მთავარია ითქვას, რომ ელექტროა და მივაყოლოთ, რომ სახლიდან გაუსვლელად. მერე რა მოხდა თუ ამ სისტემების როგორც უკანა მხარე, სადაც რეალურად მუშავდება ოპერაციები, ასევე წინაც _ სადაც მუშაობს მომხარებელი, უხარისხოა და ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

3. აბსოლუტური ინკაფსულაცია სხვადასხვა სამინისტროს შორის. შესბამისად, დუბლირებული ინფორმაციები მომხარებლებზე, ხუთ ადგილას დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, არანაირი კავშირი კერძო ბიზნესა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და მრავალი სხვა. არ არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ერთიანი ხედვა (დიახ, დიახ -” ლებედ, რაკ ი შუკა”....უპს, რუსულად რაღაც წამომცდა :ენარატოარგამიხმება:).

4. რთული პროცედურები, მარტივად საიტზე? ანუ განაცხადის ფორმა, რაიმე პროცედურა და ა.შ. თუ არის რთული, ჰარი პოტერმაც რომ გააკეთოს საიტი ვერანაირად იქნება მარტივი.

“ ზოგიერთი ოპოზიციონრის არ იყოს, ახურებ და გიხარია. თუ რამე არ მოგწონს ნუ კი ქირქილებ და წიკვინებ, თქვი შენ უკთესად რას გააკეთებდი და როგორ” _ ჩამძახა საკუთარმა ხმამ.

“რას გავაკეთებდი? ეხლავე მოგახსენებ რასაც” _ ამოვსძახე პასუხად.

1. დავაარსებდი “ინფორმაციული ტექნილოგიების განვითარების სამინისტროს”. უკაცრავად _ “ინფორმაციული ტექნოლოგიების მდგრადი განვითარების სამინისტროს”.

2. საფუძვლიანი ანალიზისა და შესწავლის შემდეგ შევქმნიდი ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ერთიან სქემას.

3. სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გზით შედგებოდა რეკომენდაციები, რომლებიც მიიმართებოდა პროცედურული, საკანომდებლო, ფუნქციონალური გამარტივებისკენ (მახსოვს, ერთ-ერთ სამინისტროში როგორ მითხრეს, ინტერნეტით საფასურს ვერ გადაიხდი, რომელიღაც კანონში წერია, რომ საქმის წარმოებაში ქვითარი უნდა იყოს ჩაკრულიო).

4. აუცილებლად ხელს შევუწყობდი კერძო სტრუქტურებს, რათა მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო ტექნიკური ინტეგრაცია (მაგალითად, ელექტრონული პირადობის მოწმობის ბანკისთვის მისაწოდებლად ფულს არ მოვითხოვდი. ეს არაა თემა, რომელზეც სახელმწიფომ ფული უნდა გააკეთოს).

მოკლედ... ასე მგონია, საარჩევნო კამპანიას ვატარებ და ჩემს პროგრამას ვაცნობ ამომრჩეველს_ ამიტომაც, “დასტოვააააა”.

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ვერ გავხდებით თანამედროვეები _ხარისხიანად თანამედროვეები და არა ფასადურად _ მიდგომებს ძირეულად თუ არ შევცვლით.

აბა, ქართული სინგაპურის აშენებას სხვანაირად მეხუმრები შენ?


P.S. როდესაც მოცემულ პოსტს ვწერდი, “ნეტგაზეთზე” ახალი სტატია გამოქვეყნდა: ძაღლი ახსენე, ჯოხი ხელში დაიკავეო.

Monday, November 29, 2010

Google - გენიალური შეცდომა

წყარო: netgazeti.ge

1938 წელს, ამერიკელი მათემატიკოსი ედვარდ კასნერი (Edward Kasner, 1878—1955) დისშვილებთან ერთად სეირნობდა და მათ დიდი მოცულობის რიცხვებზე ესაუბრებოდა. აღმოჩნდა, რომ რიცხვს, რომელსაც ასნულიანი დაბოლოება აქვს (10,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000), სახელწოდება არ გააჩნია. სწორედ მაშინ, ცხრა წლის მილტონ სიროტამ (Milton Sirotta) მათემატიკოს ბიძას უცნაური და მანამდე არაფრისმთქმელი სახელი - "გუუგოლ"-ი (googol) შესთავაზა.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი ერთმა სტუდენტმა, სერგეიმ, ეს სიტყვა შეცდომით დაწერა. ამ უბრალო ბეჭდვითი შეცდომის წყალობით წარმოიშვა მსოფლიოს ერთ-ერთი უზარმაზარი კომპანიის დასახელება - Google.

გუგლის საძიებო სისტემა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების ლერი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ შეიქმნა 1997 წელს.

დღეისათვის გუგლი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა, რომელიც ყოველთვიურად 40 მილიარდამდე მოთხოვნას ამუშავებს. თუმცა დიდი ხანია გუგლი მხოლოდ საძიებო სისტემა აღარ არის. შესაძლოა, ბევრი თქვენგანი მოცემულ სტატიასაც გუგლის მიერ შექმნილ ბროუზერში _ Google chrome-ში კითხულობდეს, ან სულაც გუგლის მფლობელობაში არსებულ პოპულარულ ბლოგსისტემა Blogspot-ზე საკუთარს წერდეთ, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოზე საკუთარ (ან მეზობლის) ეზოს ათვალიერებდეთ , უყურებდეთ ვიდეოს youtube-ზე და სხვა.

მოკლედ, თავს არ შეგაწყენთ იმით, რაც ისედაც კარგად იცით. თუმცა არის რაღაც, რაც შესაძლოა არ იცოდეთ. მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი, გუგლის ახალი პროექტის DemoSlam-ის შესახებ (www.demoslam.com), სადაც მომხარებლები აგზავნიან ვიდეო რგოლებს, რომლებიც გუგლის რომელიმე პროდუქტისადმი არის მიძღვნილი.

გარდა იმისა, რომ ძალიან მხიარული და კრეატიული ვიდეო რგოლებით ვისიამოვნე, შევიტყვე გუგლის ბევრი ისეთი ფუნციის შესახებ, რომელიც ნამდვილად არ ვიცოდი.

მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე გამარჯვებული ვიდეო.

1. როგორ შევცვალოთ გუგლის საწყისი გვერდის დიზაინი:
ლოგოს მოტაცება

2. არაჩვეულებრივი ვიდეო და აუდიო ხარისხის მქონე Google Chat-ი:
ჯადოსნური ვიდეო ჩათი

3. გუგლის წარმოუდგენელი ალგორითმი (Google android-ისთვის) რომელიც ეძებს ფოტოგამოსახულებას
რაშმორი


4. საოცრად დახვეწილი ხმოვანი ძიების ფუნქციონალი:
ჩაბი ბანი

5. გუგლის თარჯიმანი, რომელიც დღითიდღე იხვეწება და სრულყოფილი ხდება:
ცხარე სლემი

6. გუგლის სამგანზომილებიანი რუკა
66-ე გზატკეცილი

7. და ბოლოს, ჩემი რჩეული რგოლი, რომელიც გუგლის ახლადდამატებულ ფუნქციონალს - მომენატალურ ძიებას ეძღვნება (ეს Search ღილაკი, რაღა საჭიროა? :) )
მომენტალური ელემენტები



შეცდომა, რომელიც 1997 წელს იქნა დაშვებული, დღეისათვის ქვია კომპანიას, რომლის წლიურმა შემოსავალმა 2009 წელს _ 23,651 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო სუფთა მოგებამ 6,52 მილიარდი შეადგინა. 2010 წლის ბოლო მონაცემებით კი მასში 23 331 ადამიანი მუშაობს.

დიახ, ეს Google-ა _ შეცდომა, რომელიც გენიალურია.