Showing posts with label GuestPost. Show all posts
Showing posts with label GuestPost. Show all posts

Friday, June 17, 2011

ჩვენ ყველანი ბედნიერი საქართველოს შვილები ვართ


"ჩვენთვის წმინდათა წმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებ პირადად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც აქვს კანონიერი მოთხოვნები, ან უკმაყოფილება, ჰქონდეთ საშუალება თავის აზრი და პროტესტი გამოხატონ საქართველოს ხელისუფლებასთან... ვერაფერი ვერ ჩაშლის დღევანდელი დღის აღნიშვნას. ასე იყო აქამდე და ასე იქნება აწი მუდმივად. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტების ყველანაირ პროვოკაციას ყოველთვის გავცემთ საკადრის პასუხს".

ეს სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 26 მაისს, აღლუმზე წარმოსთქვა. რუსთაველის პროსპექტი ბზინავდა, მთავრობის საგულდაგულოდ გამოწყობილი წევრები ბრწყინავდნენ, ქვეყნის მთავარსარდალი პატაკს იბარებდა და მის წინ ჩავლილ სამხედრო ტექნიკას გაჰყურებდა, ჰიმნს ახალგაზრდა გოგონა, ამაყად თავაწეული ასრულებდა. დამსწრე საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ზეიმობდა. ზეიმობდა ღირსეულად. ლამაზად ჩაცმული ადამიანები, ჰიმნის მოსმენისას გულზეხელდადებულები, ოდნავ ჩაფიქრებული გამომეტყველებით – "უჰ, რა არ გადავიტანეთ ამ 20 წლის მანძილზე, ძლივს არ გვეღირსა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება".

აღტაცება, მხიარული მუსიკა, მზე და ბედნიერი სახეები – აი როგორია საქართველო 20 წლის შემდეგ. აშენებული, დამშვენებული, დემოკრატიული და თავისუფალი. 2011 წლის 26 მაისის შუადღეა და ყველაფერი გენიალურადაა.

მართალია წინა დღეებში მოღალატე ხალხის ჯგუფი, რაღაც აბსურდული მოთხოვნებით და აგრესიული ქმედებებით საზეიმო განწყობის გაფუჭებას შეეცადა, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. მოხერხებულად გაწმინდეს ტერიტორია ამ არამზადებისგან და მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება მისცეს ლაღად აღენიშნათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეს მრგვალი თარიღი.

აღლუმის შემდეგ ბედნიერი თბილისელები ახლად გახსნილ პარკში გაისეირნებენ – რიყეზე. სულ პრიალებს იქაურობა – ბეტონი, ცემენტი, პარკეტი, "ციკლოვკა". ერთ ღერ ბალახს ვერ ნახავ, ერთ სარეველას. ყველა აღნიშნავს, რომ ასე არცერთ მთავრობას არ უზრუნია თავის ხალხზე. თითო მოსეირნეზე თითო პოლიციელი მოდის. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, არც არავის გადამეტებული სიცილი შეგაწუხებთ, არც უზრდელი ახალგაზრდების უშნო კოცნაობა.....ჩამოჯექით ქვისგან გამოთლილ, კოხტა, კომფორტულ სკამებზე და დატკბით სამგანზომილებიანი შადრევნის ცეკვა–თამაშით, ისაუბრეთ აქეთურზე, იქითურზე...... გამოხატეთ მადლიერება. ხომ იცით, ადამიანს ისე არაფერი ახარებს, როგორც მადლობის მოსმენა.

–წარმოვიდგენდით კი 20 წლის წინ, რომ ასეთ გაბრდღვიალებულ ქუჩებში, ასე თამამად, ასე უსაფრთხოდ შევძლებდით სიარულს? –მოდი და ნუ დააფასებ. მოდი და ხმას ნუ მისცემ კიდევ ასჯერ და ათასჯერ. –მოდი და ნუ გაბრაზდები იმ "ბომჟებზე", მიტინგებს რომ აწყობენ. –უმადურები. ნამდვილი უმადურები. –ყველა უნდა დაიჭირო და სამაგალითოდ დასაჯო.

მალე, ახალი, საფრანგეთში დაბეჭდილი პასპორტები გამოვა. ევროპაში დაბეჭდილი მაინც სულ სხვაა. ჩვენც ევროპა ვართ ფაქტობრივად, მაგრამ პასპორტების ბეჭდვაში ჯერ მაინც საფრანგეთი გვჯობია. შეგვიმოკლებენ ამ გვარებს და ამოვისუნთქებთ. დროის დაზოგვაა ბოლოს და ბოლოს და ქაღალდის. სად მაგალითად, კუტუბიძეს ბოლომდე რომ იტყვი და სად, შემოკლებულად, უცებ, ერთი ამოსუნთქვით რომ წამოიძახებ.
მერე ეს პარლამენტი? როგორი სიმშვიდეა, სიწყნარე, ბუზის გაფრნის ხმას გაიგონებ, თუ მოინდომე. ამას მარტო ჩვენ კი არა, მთელი ევროპა აღნიშნავს უკვე.

ამასობაში ზაფხულიც მოვიდა. ბათუმში წასვლას რა სჯობს. საკანალიზაციო მილები უკვე მთელს ქალაქში გამოცვალეს. ზღვაა და კამკამებს ზურმუხტისფრად, პლაჟია და შეეჯიბროს კანი და სენ–ტროპე. სასტუმროებს არ იკითხავთ? სუპერთანამედროვე, ხარისხიანი, ახალი, საუკეთესო პირობებით და მომსახურებით. დროზე თუ არ დაჯავშნეთ ადგილები, გადაივსება ტურისტებით და დარჩებით პირში ჩალაგამოვლებულები.
მაგრამ ზღვაზე წასვლამდე, გირჩევთ ახალი ქართულ–ამერიკული ფილმი ნახოთ – კერკეტი კაკლის შემქმნელებისგან. მთელი მსოფლიო გადარეულია. კანის კინოფესტივალზე დარბაზების შესასვლელებთან რეანიმობილები იდგა, შოკირებული მაყურებლის მოსასულიერებლად. ფილმი ისეთი მძიმეა და შთამბეჭდავი,ბევრს დასჭირდა მათი დახმარება. პრემიერა თბილისშიც იყო ცოტა ხნის წინ. პომპეზური, ელიტარული, თავის ენდი გარსიებით და შერონ სტოუნებით. კიდე იტყვიან ეს კაცი არაფერს არ აკეთებსო. შერონ სტოუნი ჩამოგიყვანათ თქვე მამაცხონებულებო. ენდი გარსია გაატარა რუსთაველის პროსპექტზე. მეტი რაღა გინდათ? ყველაფრით უკმაყოფილოები როგორ ხართ? ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ეს ფილმიც მოეწონება. ვისაც არა, ბოდიში და მოღალატეები ყოფილხართ, სხვა რა უნდა გითხრათ, აბა?

ჯანმრთელი და ახალი ხორცის ყიდვა გნებავთ? აგერ ბატონო, ნატახტარის სასაკლაო – ცხოვრობ ბახმაროში? მოკიდე ხელი შენს ძროხას, ჩამოიყვანე. დაგიკლავენ, გაგიტყავებენ, მოგემსახურებიან, ბეჭედსაც დაგირტყამენ და გაყიდე მერე, მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე. შენც კმაყოფილი დარჩები და მყიდველიც.
ზრუნვას ყოველ ნაბიჯზე გრძნობ. აბა ვინმემ გაბედოს და ტელეფონში რამე გადაბრუნებული სიტყვა გითხრას – წამში გაჩნდებიან შესაბამისი სამსახურის მესვეურები და იმას უჩვენებენ სეირს. მოქალაქე ყოველმხრივ დაცულად უნდა გრძნობდეს თავს, აბა?

ეს მიტინგები და მაიმუნობებიც იმიტომ აიკრძალა, რომ ხალხმა თავისუფლად იაროს, არ შეწუხდეს. ნორმალური ცხოვრების რიტმი არ დაირღვეს და ქვეყნის ეკონომიკას (რომელიც აღმავლობის გზაზეა) საფრთხე არ შეექმნას, ტურისტები არ დააფრთხოს, მთავრობის წევრებს ფიქრსა და მუშაობაში ხელი არ შეუშალოს. იმ პარლამენტში სიჩუმეაო რომ ამბობთ, ფიქრობენ ბატონო და იმიტომ. ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრობენ.
ზამთრის კურორტის კეთილმოწყობა რომ დამთავრდება მესტიაში, მერეც არ იტყვით, რომ აღმშენებლობაა დაწყებული ქვეყანაში? იქნებ მერეც თქვათ, ალპებში ჯობია სრიალიო?

მადლიერება არაა მათი მხრიდან, გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპულთა პატივსაცემად დიდი ობელისკი რომ დადგეს? ღამით ფერადად გასხივოსნებული, დღისით ჟანგისფერი. ასეთი იშვიათი დიზაინის და შეფერილობის "მემორიალი" რომელ ქვეყანაში გინახავთ? ჰოდა, დაფიქრდით, სანამ კრიტიკას დაიწყებთ.
პირველკლასელებს, უკლებლივ ყველას, ლეპტოპები რომ აქვთ, 20 წლის წინ ამას ვინმე ოცნებაში მაინც წარმოიდგენდა?
და გზები? ყოველ წელს ახალ–ახალ გზებს გვიგებენ. უმადურებო, უმადურებო!
გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო – ამაზე მეტი თავმდაბლობა რაღა გინდათ? ამას ამბობს, გუნდი, რომელმაც წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და არც მომავალში აპირებს გაჩერებას.
დამოუკიდებელ და თავისუფალ ტელევიზიებზე არაფერს აღარ ვიტყვი. ცოტა თქვენც გაანძრიეთ ტვინი.
Fashion TV გვექნება მალე ჩემო ბატონო. პირადად პრემიერ მინისტრი ზრუნავს ამაზე. რომელი ქვეყნის პრემიერი გინახავთ ასეთი მონდომებით ცდილობდეს თანამედროვე მოდის ტენდენციები გააცნოს თავის ერს?
რომელი ერთი ჩამოვთვალო???

ჩვენ ყვავილების ქვეყანა ვართ, ჰოლანდიელები გვბაძავენ. ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ, ფრანგებმა რა იციან, ჩვენთან ყველა მღერის და ცეკვავს (ეს ფიმშიც ჩანს და მსოფლიომაც დაინახა უკვე), ჩვენ ზეზვა და მზია გვყავს – პირველი ევროპელები.

ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა. რაც გინდა თქვი, ვინ გიშლის.
აკი ვამბობთ კიდეც: ჩვენი პრეზიდენტი ყველაზე მაგარია, ჩვენმა პრეზიდენტმა ინგლისური იცის კარგად (სხვა უცხო ენებიც), ჩვენი პრეზიდენტი თხილამურებზე დგას, ცურავს კიდეც და სულ ფერად–ფერადი პერანგები აცვია (ამ პატარა შტრიხიდანაც ჩანს მისი პოზიტიური ნატურა), ჩვენი პრეზიდენტი ენერგიულია და სამართლიანი, ჩვენი პრეზიდენტი უშუალოა, როგორც კუმეო, ჩვენი პრეზიდენტი კრეატიულია (მის გარდა ვინ მოიფიქრებდა მთავრობის სხდომა სათაფლიას მღვიმეში ჩაეტარებინა? ან ზღვის პირას, მსუბუქი ბრიზი რომ უფრიალებს თმას, სიტყვით გამოსულიყო), ჩვენი პრეზიდენტი უშიშარია, ფრონტის წინა ხაზზე დგას, როცა ქვეყანას ჭირდება, ჩვენი პრეზიდენტი სამართლიანია, ჩვენს პრეზიდენტს ხალხი უყვარს, კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო დონის მომღერლებს დაადგმევინა ფეხი ქართულ მიწაზე, ჩვენი პრეზიდენტი მოწყალეა (ამდენი ამნისტია აბა სხვა რაზე მეტყველებს?), აღმშენებელია და ქველი, მუდამ ფხიზლადაა და თუ საჭირო გახდა, ყველას საკადრის პასუხს გასცემს.

ჩვენი ქვეყანა თავისუფალია.
ჩვენ ყველანი ბედნიერი საქართველოს შვილები ვართ.
მუსიკა, მუსიკაა საჭირო, უფრო კარგად რომ შევიგრძნოთ ეს სიხარული.
და აი ისიც:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ZUcvtwifo0U]

მღერის ყველა. სავალდებულოა, რამე არ შეგეშალოთ.

Saturday, June 4, 2011

ჩემი კოშმარები



სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. თუ ვნახულობ ყოველთვის შავ-თეთრს, რომლებიც უფრო კოშმარებს ჰგავს.

ჩემს ორივე ჰემოსფეროგანვითარებულ ტვინს, სამი ტიპის კოშმარი აქვს შენახული:

1. სახლის ტელეფონი რეკავს და მე მკითხულობენ ან სახლში არავინაა და, იძულებული ვარ, ვუპასუხო (ბავშვობიდან მეშინია ტელეფონზე ზარის, ასეთი შეგრძნება მაქვს, ცუდი ამბავი უნდა შემატყობინონ და სანამ ვპასუხობ, მე ჩემი მემართება. მობილურზეც იგივე მჭირს და, რასაც მელაპარაკებიან/ვლაპარაკობ, იმის 5%-ს თუ ვიგებ, მოსალოცადაა საქმე);

2. პარასკევია, გადაცემა თითქმის მზადაა, საღამოს რეგიონებშია გასაგზავნი, ჩემი სიუჟეტიღა აკლია და მე სინქრონებიც კი არ მაქვს ჩაწერილი (ამ დროს მიცახცახებს ხერხემალი, ჭირის ოფლი მასხამს,  ვნერვიულობ, ისე მრცხვენია თანამშრომლების, სად დავიმალო არ ვიცი და ცოტა მაკლია, არ მოვითხოვო, რომ გამაგდონ სამსახურიდან ჩემი უქნარობის გამო და ა.შ);

3. გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, გაურკვეველი, უცნაური ფორმის მქონე კაცების ამ მონუმენტს დგამენ:



მთელი ქალაქი შეკრებილია, ხმას არავინ იღებს, მე კიდევ ყვირილი მინდა, რას დგამთ ცენტრში, თქვენ ის ხომ არა-თქო, მაგრამ ხმა არ ამომდის. სიტყვები ყელში მჩრია, ვნერვიულობ, ვსხმარტალებ, მაგრამ უცნაურ კაცებს მაინც დგამენ და ოქროს ასოებით აწერენ: "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი".

გვერდით თანამოქალაქეები უკმაყოფილებას ვერ მალავენ, მაგრამ შიშით ხმამაღლა ვერ ამბობენ და ჩურჩულებენ, მოგვჭრეს თავი საბოლოოდო. ამ დროს, ვიღაც მწვანეშარვლიანი, ფოტოაპარატიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა ერთვება საუბარში (რუკზაკი, რუკზაკი დამავიწყდა!) და ამბობს, რომ ეს მონუმენტი ქართველი მეომრების მამაცობის, ვაჟკაცობის,  მეობის, ჩახუტებისა და გმირობის სიმბოლოა და, რადგან სიმბოლოა, 8 აგვისტოს სიმბოლო სწორედ ასე დაინახა პერსპექტიულმა, ესპანური წარმოშობის მქონე ქართველმა მოქანდაკემ და, რადგან ამქვეყნად, ყველაფერი სიმბოლურია, ჩვენც უნდა მივიღოთ ეს სიმბოლო, როგორც განთავისუფლების სიმბოლო და არა როგორც ის სიმბოლო, რაც ამის წინ იდგა და სიმბოლო, სიმბოლო, სიმბოლო..

ამ დროს გამოდის ჩემი პრეზიდენტი, საზეიმოდ ჭრის ლენტს და მთელი გორი ჭყივის და უკრავს ტაშს ხელების გადაყველფასა და ხმის ჩახლეჩვამდე (მეორე დღეს, ვისაც ყველაზე მეტად ექნება ხმა ჩახლეჩილი და ხელები გადატყავებული, ის მიიღებს პრემიას).

მე კი ამ დროს ვდგავარ ბრბოში, ვუყურებ საზეიმოდ გახსნილ გმირობის სიმბოლოს, გამხდარი კაცები თანდათან ჯოხებად იქცევა და ახლა ჯოხებს აწერია "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი". ისმის ყიჟინა, ჭყივილი, კივილი, ტაში, ალაგ-ალაგ, ჭკვიანი ადამიანები ოხრავენ, მე კი ისევ ბურთი მჩრია ყელში, მინდა ვიყვირო, რას დგამთ, თქვენ ხომ არ ისა-მეთქი, მაგრამ ხმა ისევ არ მაქვს და ცოტა ხანში ვხვდები, რომ ამის ყვირილს აზრი არ აქვს, რადგან ბრბო იმდენად არის ეგზალტირებული რომ ისა.. :/

***

სამივე შემთხვევაში დილა კატასტროფულად იწყება: ვიღვიძებ დაღლილი, დაუსვენებელი ტვინით, თმა და ნერვებგაჩეჩილი და, მთელი დღის განმავლობაში, საშინლად არაპროდუქტიული ვარ. 

მერე დავდივარ და ჩემს კარლსონს დილას და საღამოს სახლში, შუადღისას კი სკაიპში შევჩივი: 
- კარლსონ, როგორ ფიქრობ, მე მიშველის ფამუქი?
პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია.

P.S. სინამდვილეში, ლაშამ სულ სხვა რაღაცის დაწერა მთხოვა, მაგრამ მე იმაზე ჩემს ბლოგზე უკვე დავწერე. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ (რადგან 2008 წელს ბლოგი არ მქონდა), მაგრამ იმ საშინელ დღეებში, როცა გამოთაყვანებული, სახლიდან გამოგდებული და ყურებჩამოყრილი მივჩერებოდი ეკრანს და, რიგითი ობივატელივით, ყველანაირ ინფორმაციას ვყლაპავდი, იმდენი მაინც მოვიფიქრე, რომ მოვლენები და ემოციები ჩამეწერა. ჩამეწერა და მერე გამეერთიანებინა.

არა, დაწერით აქაც კი დავწერდი, მაგრამ, რაღაც, ვერ გადავიყვანე საკუთარი თავი იმ ნოტაზე, 1-დან 22 აგვისტომდე რომ ვდგები ხოლმე. თანაც, აგვისტოს ამბავი  ჩემთვის იმდენად პირადი ტრაგედიად იქცა, რომ ამ თემაზე არავისთვის არაფრის თქმა არ მსურს. არ მსურს იმის მიუხედავად, რომ, იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს (თითქმის ჭეშმარიტი პოეტივით გამომივიდა) თვალწინ მიდგას აგვისტოს ომი. ზუსტად ისე, როგორც ჩემი ჯგუფელი, რომლისთვისაც ძალიან ბევრი რამ უნდა მეთქვა და, ერთი დედააფეთქებული ავარიის გამო, ვერ მოვასწარი...

Tuesday, May 31, 2011

Le compte est mort! Vive le blog!



"მე არ ვწერ პოსტებს,
პოსტი თვითონ მწერს"
ტიცისიანი


ვუთხარი ლაშ(არელა)ს და და ლოდინის რეჟიმზე გადავედი. ველოდი, როდის დამწერდა პოსტი. არა და, პოსტი დაწერას არ იჩქარებდა, მაშინვე მივხვდი. და როგორც ადრე (მაშინაც მუზ-კრიზისი მქონდა) სადღაც უკვე აღვნიშნე, ან მე დავყრუვდი და ზარბაზნების ქუხილი არ მესმის და ან ჩემს მუზებს აქვთ სმენითი ჰალუცინაციები.

ერთი, რაც ზუსტად ვიცი, - არც პოლიტიკაზე დავწერ, არც მას-მედიაზე (ერთიც და მეორეც მცირე დოზით, მაგრამ მაინც მიმოხილული მაქვს აქა იქ და სხვებიც საკმარისად და საკმარისზე მეტად წერენ ამაზე. ავად თუ კარგად, ეს სხვა საქმეა. კმა.. მომიტევეთ!).

მივხვდი, loading შეიძლება დიდხანს არ დასრულებულიყო, სადღაც 1-3% იქნებოდა დათქმული ვადის ბოლოს, ასე რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას ისევ ქმედება ვარჩიე. ხანდახან ასეც ხდება, კლავიატურას ვეხები და... მერე მოდის თავისით. ძალით - ვერასოდეს.

"როცა მოგინდეს და თუ მოგინდეს. ყველაზე პატარა და სულელური პოსტიც რომ იყოს" - აი, ამ სიტყვებმა გამამხნევა. სურვილი - დიდი. ახლა არ იფიქროთ, გამორჩენის სურვილია, უნდა, თავისი ბლოგი ამ პოპულარული ბლოგით გააპიაროსო. არამც და არამც. ვინც ინტერესდებოდა, კითხულობდა და ამუღამებდა ჩემს პოსტებს, ისევ ისე წაიკითხავს, იმედია, დიდი შესვენებების და მიუხედავად. და ვინც არა - მათზე ალბათ არ იმოქმედებს ეს პრინციპში არაფრის მთქმელი პოსტი. ნუ მეტყვით, თუ არაფერზე უნდა დაგეწერა, რას წერდიო. უბრალოდ, ძალიან მომინდა ამ არაუხამსი წინადადების მიღება და ჩემეული ასოციაციურ - უბრალო პოსტის დაწერა. ბოლოს და ბოლოს, "ერთ ბლოგერს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად" (მით უმეტეს, რომ მასპინძელი არ მზღუდავს თემატურად. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ "თე/აგებს" თუ მიყვებით ჩემთან, იქნებ თქვენთვის საინტერესო თემებიც კი აღმოაჩინოთ).

ვინც ლაშ(არელ)ას იცნობს, ეცოდინება, რომ ცოტა ხნის წინ ვირტუალური თვითმკვლელობა ჩაიდინა, ასტრალურ-ვირტუალური სხეული დაინაღმა და რგოლზე (თუ რა ჰქვია ყუმბარის გამოსაქაჩს?) თითის მარტივი გამოკვრით თავი აიფეთქა დიადი მარკის თვალწინ... ბევრი მინახავს facebook-იდან გასული და კლინიკური სიკვდილის შემდეგ უკან მობრუნებული. ძირითადად დუმან, არაფერს ამბობენ მიღმური სამყაროს შესახებ. მე კი, მათ შემხედვარეს შეკითხვა გამიჩნდა: "do you belive in life after facebook?". როგორც ჩანს - კი, არსებობს. ის მაინც არსებობს! და იქნებ უკეთესიც არის, ვინ იცის... ყოველ შემთხვევაში, ლაშ(არელ)ა აღარ დაბრუნებულა.

რადგან საშუალება მეძლევა, ერთი პატარა, სპონტანურად, ახლა, წერისას გაჩენილი "არ ვიცი რა დავარქვა" მინდა მივუძღვნა მას, მადლობის ნიშნად, ან facebook-ზე, wall-ებზე ცრემლებამდე სიცილში გატარებული საათების მოსაგონრად:

„ან შენ როგორ სძლებ უfacebookოდ!
მერე იცი კი, რა-რიგ ტკბილია?!
აქ სიმშვიდეა, იქ კი სიცოცხლე,
იქ ყოველ ღამე ვოლზედ ლხინია.
ნუთუ თამაშნი, "ფეიჯნი", ლინკნი
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ note-ი, like, comment-ი
თან არავისი წამოგიღია,
არ გაგონდება არც მარკი, friend-ნი,
ან pet-ი, ფერმა, და ან კითხვარნი?
ნუთუ მის-დღეში არა გყოლია
ფანები, გულის შემატკივარნი?!
როგორ მოშორდი?..” —„რა გითხრა ცისმარ?
ყველაზე უფრო ბლოგი ტკბილია,
იგი ტყვე არის facebook-ისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია”.
—„მაშ ვინც იქა ვართ, ყველა წავწყდებით,
ვეღარ დავიხსნით ბლოგერულ სულსა?”
—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

(არა და საოცრად არ მიყვარს ეს სიტყვა - "ბლოგერი". და ვერ ვაიგივებ ჩემს თავს ამ ცნებასთან)



აი, ასე. თვალსა და ხელს შუა შემომეგესტპოსტა არც ისე პატარა რამ. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ლაშას, და თქვენ, ვინც არ დაიზარეთ და ბოლომდე ჩაიკითხეთ ნაწერი. თუ გაგეღიმათ მაინც ალაგ-ალაგ, ეს გამახარებს.

fin

გაიღვიძე პაწაწინა


გურჯიევი ამბობდა რომ ადამიანებს სძინავთ და უბრალოდ ცუდ სიზმრებს ხედავენ, გურჯიევი ამას გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა, მე კი მინდა რომ ეხლა ეს პირდაპირ გავიგოთ.

მინდა გთხოვო მონაწილეობა წარმოსახვით ექსპერიმენტში:
გაიხსენე გუშინდელი საუზმის დეტალები, სად იჯექი, რას მიირთმევდი, რა გემო ჰქონდა საჭმელს, გაიხსენე მისი არომატი.

გაიხსენე?

მაშინ ეხლა გაიხსენე ბოლო სიზმარი, და გაიხსენე რაც შეიძლება მეტი დეტალები, სუნი, გემო, ფერები.

ეხლა კი შეადარე ამ ორი მოგონების ხარისხი, გამოსახულების სიმკვეთრე, სუნის სიმძაფრე, ფერები.

თუკი შენ იმავე პლანეტის მკვიდრი ხარ რომლისაც მე, მაშინ ორივე მოგონების ხარისხი ერთნაირი უნდა იყოს, საკმაოდ ფერმკრთალი და განსხვავებული აწმყოსაგან.

საოცარია არა? - მოგონება სიზმარის და მოგონება რეალობის ერთნაირია. ერთადერთი რითაც ჩვენ ამ ორ მოვლენას ვანსხვავებთ არის "ცოდნა" იმის რომ ერთი სიზმარია, ხოლო მეორე რეალობა.

ნუ დაუფიქრდები მეტად ამ საკითხს, არ მინდა რეალობის რელურობაში შეგეპაროს ეჭვი, სხვა რამ მინდა გკითხო.

ეხლა კი დავუშვათ, რომ მე რაიმენაირად მოვახერხე შენი იმაში დარწმუნება რომ შენ გძინავს, და დაგარწმუნე ამაში 100%-ით, ანუ მთელი შენი ცხოვრება რაც შენ მიგაჩნდა რეალობად არის სიზმარი. თუ გინდა რომ გაიღვიძო, უბრალოდ უნდა თქვა: ”მინდა გავიღვიძო”.

გააკეთებდი ამას? იტყოდი ამას?

სანამ უპასუხებ კიდევ ცოტას დაგძაბავ. მთელი შენი ცხოვრება, შენი სიყვარული, შენი მეგობრები, შენი ოჯახი, შენი წარმატებები და დეპრესიებიც კი მხოლოდ სიზმარი ყოფილა! და როგორც კი შენ გაიღვიძებ აღარაფერი დარჩება მათგან, გაქრებიან და ვეღარასოდეს დაიბრუნებ. და კიდევ უფრო ცუდი ამბავი ის არის რომ შენ არ იცი როგორია შენი ნამდვილი ცხოვრება, ვინ ხარ საერთოდ. წარმოიდგინე: თუკი ეხლა მოწყენილობით კვდები, გაღვიძების მერე რომ ინდოეთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში ქვრივი აღმოჩნდე? ანდა პლანტაციაში გაყიდული მონა? მაგრამ იქნება ხმელთაშუაზღვეთში ზეთისხილის ხეების ჩრდილში მიგძინებია შენს საკუთარ კუნძულზე? (აქვე შეგახსენებ რომ როდესაც გძინავს შენ არ გაქვს რეალური მოგონებები, არამედ სიზმარში თავისი, სიზმრისეული, ცრუ მოგონებებია ხოლმე, არც შენ ხარ ხოლმე ის ვინც რეალობაში).

აი ეხლა კი მიპასუხე, რას იზამდი, გაიღვიძებდი თუ არა? და თუ მაინც გაიღვიძებდი რას გააკეთებდი გაღვიძებამდე?

და თუკი იმდენი დრო დახარჯე რომ აქამდე წაიკითხე, ორი ან სამ ასოს ნუ დაინანებ კომენტარში.

Sunday, March 20, 2011

პროტესტის პროტესტის პროტესტი


გუშინდელმა წამოწყებამ "პროტესტი გადაცემა "პროფილს" და უხარისხო TV-შოუებს" (http://bmu.li/eCY) იმაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე, მაგალითად ბლოგერების შეხვედრამ ვერა ქობალიასთან. ცოტა არ იყოს გამიკვირდა.

შესავალშივე განვმარტავ, რომ წამოწყება საკმაოდ სპონტანური იყო და აქციის იდეა ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაში, როცა event-invitation-ები დაიგზავნა და რისხვის ქარბორბალაც დატრიალდა ნაირნაირი კონტრარგუმენტებით, რატომ არ უნდა გააპროტესტო გადაცემა "პროფილი" და უხარისხო TV-შოუები აქცია-პერფორმანსის ფორმით. მინდა, გამოვეხმაური ძირითად კონტრარგუმენტებს:

1. მმკ და გრეჩიხები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ! (ყველაზე ხმაურიანი არგუმენტი)

მმკ და გრეჩიხები მიტინგებს მართავდნენ, გადაცემის დახურვას მოითხოვნენ, ჩაქოლვით იმუქრებოდნენ. ეს კი, ვგონებ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და აქცია-პერფორმანსის ფორმატს სცდება.

ცივილიზებულ მსოფლიოში აქცია (და არა მიტინგი), გამოხატვის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. მგონი დამეთანხმებით, რომ განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტიც დიდი ხანია აქვთ, ბლოგინგიც ჩვენზე ადრე დაიწყეს და არც წერა-მეტყველების უნარებს უჩივიან მაინცდამაინც. და მაინც, აქცია რჩება გამოხატვის ერთ-ერთ თვალშისაცემ ფორმად. (მაგალითები, იხ. ქვემოთ)

არ მგონია, რომ გრეჩიხებთან და მმკ-სთან შედარების შიშით სამი მაიმუნის პოზაში უნდა დავრჩეთ და მაქსიმუმ კლავიატურის გაცვეთაზე უნდა მივმართოთ მთელი ენერგია. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია.

2. რა უნდათ ბლოგერებს ქუჩაში, როცა არსებობს ვირტუალური სივრცე, ბევრად ფართე აუდიტორიით

როდესაც ყოველ დღე მაჭმევ წიწაკიან საჭმელს, მე ამ სიმწარეს ვიგრძნობ, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვევი და პირსაც აღარ დამწვავს. მაგრამ, თუ ერთ დღეს წიწაკიან ჩაის დამალევინებ, მერწმუნეთ, ჩემს რეცეპტორებს ეს ბევრად უფრო დიდხანს და მძაფრად ემახსოვრებათ.

ასეა ჩვენი ვირტუალური რეალობაც. ჩვენი წუწუნი ყოველთვის ერთსა და იმავე აუდიტორიას, ერთი და იგივე ფორმით მიეწოდება. ეს კი უკვე წყლის ნაყვაა, მეტი არაფერი. 

როდესაც 2008 წლის აგვისტოში საქართველო ტერიტორიულ და ვირტუალურ ფრონტზე ერთდროულად იბრძოდა, პარალელურად ქართული სათვისტომოები სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავდნენ. ერთი პატარა აქცია ჩემს ქალაქშიც გაკეთდა, სადაც რუსეთის წარმომადგენლობაც კი არ იყო. უბრალოდ ერთ მოედანზე შევიკრიბეთ.
რასაკვირველია, ომი არ შეწყვეტილა აქციების გამო. უბრალოდ, ცოტა მეტმა ევროპელმა (რომელიც იქნებ არც ტვ-ს უყურებდა, არც ნეტში სერჩავდა რუსეთს და საქართველოს და საერთოდაც არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ) გაიგო ჩვენი გულისტკივილი, ცოტა მეტმა გერმანელმა გაიგონა, რომ "რუსულ გაზ სისხლის სუნი აქვს" და თუნდაც ის დაინახა, რომ მათივე ქვეყანაში მცხოვრები, გადმოხვეწილი ქართველებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი ამბავი და სულერთი არ არის.

და კიდევ, იყო ბლოგერი, არ ნიშნავს იყო მხოლოდ ვირტუალური და ამიერიდან ბავშვებიც ვირტუალურად აკეთო.

3. გადართე, პულტი რისთვის გაქვს?

ამ ლოგიკით, ჩემს ქვეყანაში რომ რამე არ მომწონს, სხვაგან წავიდე?

მე არ ვარ ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი, არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არც დაუნის სინდრომიანი, არც მამაკაცისგან ჩაგრული ქალი, არც იეღოველი, არც პროტესტანტი, არც სომეხი, არც ზანგი და არც ებრაელი.

ამიტომ, დავიკიდო ჰომოფობების, ქსენოფობების, რელიგიური ფანატიკოსების, რასისტების და ანტისემიტების გამოხტომები, რაც სხვას ვნებს და ხმა არ ამოვიღო? და თქვენ რატომ არ იქცევით ასე? 

4. პროფილი აწვდის იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს

მართალია, მაგრამ პირიქითაცაა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.

ჰექსეს თქმის არ იყოს, გადასართავი აღარსადაა, შესაბამისად, გინდა არ გინდა უყურებ იმას, რაც არის (ყველას არ აქვს საკაბელო არხები, ან არ იცის უცხო ენა, ან უბრალოდ, ვერ გრძნობს პროფილის და მისთანების მავნე ზემოქმედებას, ისევე, როგორც ვერ გრძნობს fast-food-ის მავნებლობას, გენმოდიფიცირებული პროდუქტის საფრთხეს და ა.შ.). 

5. ბოლოს და ბოლოს, რა არის აქციის მიზანი? გადაცემის დახურვა? თუ მაია ასათიანის გამოსწორება?

არც ერთი და არც მეორე.

როდესაც რომელიღაც ქვეყანაში McDonalds-ის რესტორნების ფანჯრებზე აქტივისტებმა მიაწერეს Food Killer, რა თქმა უნდა, ამის გამო, არც მაკდონალდსი დახურულა და მეტიც, ფასთ-ფუდის ხარისხიც კი არ გაუუმჯობესებიათ რესტორნის მეპატრონეებს.

მაგრამ სადღაც აქ, შორეულ საქართველოში, კიდევ ერთხელ მომხვდა ყურში და დამამახსოვრდა, რომ ფასთ-ფუდი მავნეა და სახიფათო ჩემი და ჩემი პოტენციური შვილების ჯანმრთელობისათვის.

აი ესაა აქციის მთავარი მიზანიც. არც მაია გამოსწორდება და არც გადაცემა გაუქმდება, რასაკვირველია.
მაგრამ, იქნებ 10 ადამიანი მაინც დაფიქრდეს, უგემოვნობის გარდა რა ზიანი მოაქვს მსგავს გადაცემებს (და ისე, უგემოვნობის ჩამოყალიბებაც ზიანია!), შვილები არ აღზარდოს მათ ყურებაში და 10 წლის შემდეგ 10 ადამიანით ნაკლები დეგრადირებული, ქსენოფობი, სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩამყოფი და ფსევდო-ღირებულებებით გამოტენილ-ზომბირებული ადამიანი მივიღოთ

თუ ეს ასე მოხდა, მე პირადად, მიღირს ნუცუბიძის აღმართზე (თუ სადაც იქნება) ასვლა, მოცდენა და თქვენი კრიტიკის ატანაც :)

გმადლობთ, რომ ჩანაწერი ბოლომდე წაიკითხეთ.

ასევე გმადლობთ იმ რეზონანსისთვის, რაც ჯერ არ-ჩატარებული აქციის გარშემო გამოიწვიეთ და ირიბად თქვენს აუდიტორიებსაც შეახსენეთ, რომ გადაცემები, პირობითი სახელწოდებით "პროფილი",  "კლავს".

ისე, რომ იცოდეთ, ეგეც ამ ყველაფრის მიზნებში შედიოდა :))


p.s. დანართები - ფოტოები აქციებიდან:


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. საარბრუკენი - აქცია "რუსულ გაზი სისხლის სუნით ყარს"



Saturday, March 5, 2011

რატომ ვწერ სექსზე




ჩემს ბლოგს ისე ხარბად არავინ კითხულობს, როგორც ჩემი ყოფილი შეყვარებულები და დედაჩემი. ყოფილი შეყვარებულებისა რა გითხრათ და დედაჩემის პრეტენზიები ზუსტად ვიცი. ჩემი ბლოგის ინტერფეისი საშინლად აღიზიანებს: რა სურათებია ეს.. რატო აქვს იმ გოგოს ჩაყოფილი "ტრუსიკში" ხელი, ან რა სიტყვებს ხმარობ! გინდა, რომ გარყვნილი ეგონო ხალხს?! ამის მერე ვინღა დაიჯერებს, რომ ნორმალურ ოჯახში გაიზარდე.. ჰოდა, ასე დაუსრულებლად.

დედაჩემს, როგორც ჩანს, საკუთარი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორი უნდა იყოს "გასათხოვარი გოგოს" ბლოგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყველაფერს კითხულობს, რასაც ვწერ. საკმარისია, ორი წუთით ავდგე კომპიუტერიდან, რომ ეგრევე ჯდება, ხსნის გუგლს, წერს საძიებო ველში "ანინას" და შედეგებიდან პირველივე ლინკზე გადადის.

იმ დღეს კიდევ სერიოზულად დამელაპარაკა: რამდენი სექსია შენს ბლოგზე, რა ამბავიაო. ნამდვილი მწერალი ამ თემის გვერდით ავლითაც მოახერხებს ხალხის ყურადღების მიპყრობასო. ერეკლე დეისაძესთან მეგობრობამ გაგაფუჭა შენო და ასე შემდეგ.

მე კიდევ ვუპასუხე, რომ სექსზე ისევე უნდა წერო, როგორც წერ მეგობრობაზე, სიყვარულზე, რელიგიაზე და სამშობლოზე, რადგან ის, რაც ტაბუდადებულია, შობს გარყვნილებას. სექსი კიდევ გარყვნილება კი არა, ისეთივე ბუნებრივი რამეა, როგორც უზმოზე წყლის დალევა ან ავტობუსში მობილურზე თამაში. მოკლედ, მასში ცუდი არაფერია.




_ ცოტა რამეა ამქვეყნად სექსის გარდა? წერე რა სხვა თემებზე, ნიჭიერი მაინც არ იყო_

ძირითადად დედაჩემიც და სხვებიც ამ არგუმენტით მიტევენ.

რომ დავფიქრდე_ კი, სექსის გარეშე სამყაროში მართლა ცოტა რამ რჩება.

აი, საბჭოთა კავშირში შექმნილი ფილმები მახსენდება ახლა, სადაც კოცნაც კი რაღაც "უხერხული" რაკურსით იყო გადაღებული. ეს ცარიელი, მანქანური ფილმები უგულებელყოფდნენ იმას, რაც ასეთი არსებითია, ძირითადი და ჩვეულებრივი.. ადამიანების სურვილს, ჰქონდეთ ერთმანეთთან სექსი..

არ მინდა, რომ ჩემი მოთხრობები და პოსტები ამ ფილმებს ჰგავდეს. არ მინდა, რომ შეგნებულად დავმალო ის, რისი დამალვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არ მინდა, რომ წერის დროს შეზღუდული ვიყო საზოგადოებრივი მორალით, რომელიც ფარისევლობას_ ნორმას, ადამიანის ძირითად მოთხოვნილებას კი გარყვნილებას არქმევს.

თანაც, სიმართლე რომ ვთქვათ, აჟიოტაჟის ატეხაც ძალიან მიყვარს.


პ.ს. რა კარგი ყოფილა გესთ-პოსტის წერა. სავარაუდოდ, დედაჩემს ამ ჩანაწერის მიგნება ძალიან გაუჭირდება.