Monday, October 29, 2012

რაღაც მეტი

ყვავილების მორწყვამდე
ცამდე დილის
შენ ყოველთვის რომ გწამდე
სუნი ბინის
გრძელ ეზოში დარგული
ხეხილი
აივანს მოხვეული
ვაზი
გადაგრეხილი
შენს მკლავებთან შეზრდილი
ბალახი
კადრი, სადღაც დიდი ხნის წინ
ნანახი
მთების იქეთ, შორეული სივრცე
ნისლი
და ამ ტყეებს აღარ ვიცი რაღა მივცე
მისი

გრძელ ეზოში გაკვირტული ხეხილი
და შპალერი _ ძველი, გადაქექილი

Sunday, October 28, 2012

დილის სურნელი

შენ ერთადერთი
შენ დენთი
შენ მონატრება
ღმერთი
შენ ფეერვერკი
ღამე
კრუასანები ჭამე?
შენ ჩემი სუნთქვა
ორთქლი
წერილიანი ბოთლი
შენ ერთადერთი
დენთი
შენ მონატრება
ღმერთი


მიყვარხარ საიდან

თმის ღერებიდან
ძირიდან
მკრთალი ვარდისფრიდან ლოყებზე
ჯერ არ გათენებულ დილიდან
მოყოლილ ამბებიდან - სოფელზე

თხელი ტუჩებიდან
კანიდან
ფეხის თითებიდან, კოჭამდე
ყოველ სისხამ დილით - თავიდან
სანამდე ჩემს დროს მოვჭამდე

მუხლთან ამოხეულ ჯინსიდან
ყურში მუსიკა გაყრილი
უცებ დამთბარ ივლისიდან
შენგან გადმოღრილი აპრილი

თმის ღერებიდან
ძირიდან
მკრთალი ვარდისფრიდან ლოყებზე
ჯერ არ გათენებულ დილიდან
სადღაც მთაში ნაქსოვ ნოხებზე


რა იქნება ახალ წელს

არ ვიცი იცით თუ არა, გაგიგონიათ თუ არა, მაგრამ იყო ასეთი, მე ვიტყოდი, ეპიკური გამონათქვამი: ავადმყოფი საწოლშივე უნდა ქმ...ქმ...

რა სისასტიკეა არ ვიცი და უკეთესი ალეგორიის მოფიქრება რატომ გაუჭირდა "მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა"-ს შემქნელ ერს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ სადღაც ერის წიაღში მგავსი გამონათქვამი იშვა.

რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი და უცებ მომინდა დამეწერა პოსტი "ახალ წელზე" და გამახსენდა, გასულ წელს, აპრილში, ზემფირას საახალწლო სიმღერა რომ დავდე "კედელზე", კომენტარებმაც არ დააყოვნა "ეგ ჯერ ადრეაო".

აი ასე, ადამიანებს ყველაფერი თავის დროზე გვიყვარს - უდროო არააფერი ვარგა! (ჩემი სამტრედიელი მეზობლის  ხმით _ მკვეთრად გამოთქმული თანხმოვნებითა და სკეპტიკური ჟღერადობით).



მოკლედ მომინდა და ვინ მიშლის _ აგერ ბლოგი და აგერ კომენტრი. უნდა დავწერო ჩემი ბანალური საახალწლო წინასწარმეტყველების შესახებ _ რა იქნება ახალ წელს?


  • რაღა თქმა უნდა... იქნება უამრავი პოსტი და სტატუსი მათი ვინც ვერ იტანს ახალ წელს
  • იქნება ბეეევრი პოსტერი, საყვარლობა კატები, კნუტები და კურდღლებით _ წარწერით 2013 წელი
  • იმისათვის, რომ ჩემს რამდენიმე მეგობარს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს, ახალი წლის ღამეს, თორმეტს რომ დააკლდება ხუთი წუთი, პრემიერ მინისტრის სიტყვით მიმართვის დროს, მთელს საქართველოში ჩაქრება შუქი.
  • რამდენიმე ტელეარხზე ერთდროულად (ხაზს ვუსვამ ერთდროულად) პირდაპირ ეთერში (ხაზს ვუსვამ აქაც) მიწვეულ სტუმრად იქნება ცაგარელი, რომელიც გვეტყვის რომ უნდა შევძვრეთ მაგიდის ქვეშ, მუცლით ვიხოხოთ იატაკზე (და იქვე განმარტავს რომ სასურველია იატაკი იყოს "ლამინირებული"), სუფრაზე დავდოთ ვაშლი ნიშნად სამოთხის ვაშლისა და შეძლებისდაგვარად გამოვიცვალოთ კანი - რადგან 2013 გველის წელია და გველს უყვარს კანის გამოცვლა (ვგიჟდები ჰოროსკოპებზე)
  • და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის აღსასრულად 2012-ის ახალი წლის ღამე არ სახელდებოდა, იქნება უამრავი "ხუმრობიან-სმაილებიანი" მაგრამ გულის სიღრმეში "გადავრჩით მგონი ამის დედავატირე" შინაარსის მატარებელი სტატუსი.
  • ჰეჰ.... ახლა გამახსენდა... ოცნების ქალაქის ნაცვლად, ააააააუცილებლად იქნება "სლიოგკიმ პარომ". ნუ პრინციპში ეგ ისედაც იყო. ანუ უბრალოდ "ოცნების ქალაქი" აღარ იქნება.
  • რიყეზე შაკირას კონცერტისა და თავისუფლებაზე ნაძვისხედ ქცეულ წმინდა გიორგის ქვემოთ, ნასვამი "ფეისების" და მათი დრომოჭმული ხუმრობების ნაცვლად (თუ მართლა წარსულში გვაბრუნებს) იმღერებს ალა პუგაჩოვა... რაღა თქმა უნდა დუეტში ბერასთან ერთად.




დასასრულს კი მაინც ჩემს რამდენიმე მეგობარზე მეფიქრება და მათი გულის მოსაგებად ერთსაც ვიტყვი - აივნებიდან ფეერვერკების გარდა, ქურდები ("ბეეევრი ქურები" რადგან მთავრობა კონსტიტუციურად გაამარტივებს ქურდად კურთხევის პროცედურას და გარდა ახალი იუსტიციის სახლებისა,  ID ბარათს და Online რეგისტრაციას გამოიყენებს)  ისვრიან ავტომატებს და შეგვახსენებენ კარგად მონატრებული კალაშნიკოვის კაკანს. უბანში კი "ობშიაკში" აკრეფილი ფულით გაიშლება სუფრა, იქნება გრიალი და მოლხენა _ როგორც ადრე, ძველი და კეთილი სსრკს დროს.

ხო და რა შუაში იყო ახალი წელი? ეგრეა ძმაოო, ახლა უნდა დაწერო ამაზე თორე მერე გვიანი იქნება _ ძველი ქართული სიბრძნის არ იყოს "ავადმყოფი საწოლში უნდა მოი@ნას."

Saturday, October 27, 2012

ღრუბელი

დარწმუნებული ვარ იმაში
რომ შენთან ერთად წვიმაში
სველი თმებით და კისრით
წყვილი საათის ისრით
შენს წვეთებიან ლოყებს
ვთხოვ რამე ძველი მოყვეს.
დარწმუნებული ვარ იმაში,
რომ შენთან ერთად წვიმამში...

Thursday, October 25, 2012

ჰელიუმი

შენ თუ სამჯერ მაკოცებ
ერთხელ გაგეღიმება
ნეტავი ამ ბუშტებზე
შენი თმებიც მიმება

თბილი, დილის კოცნები
ჯერ მძინარე ხელებზე
ნამდვილი საოცრება _
თოვლი შიშველ ხეებზე

სითბო, სითბო ბუხართან
ძველი ტახტი, დაბალი
გვახურავს ერთმანეთი
და საერთო საბანი

შენ თუ სამჯერ მაკოცებ
სამჯერ გამეღიმება
ნეტავი ამ ბუშტებზე
შენი თმებიც მიმება

მაღვიძებს

მე დილით მაღვიძებს შენი თხელი თითები
ცხელი სუნთქვა ყურთან
და ენის წვერით ყურის ბიბილოსთან
ღიტინი

საბანში ვერ დატეული შენი სითბო
ტოსტერზე გახუხული პური და
ბავშვების ოთახიდან გამოსული
ცელქი ტიტინი

მე დილით მაღვიძებს
შენი ენის კისერში
ღიტინი

მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
ავიღოთ ბევრი ბამბა, თითქოს თოვლია და ქუჩაში დავაფინოთ
იქნებ ჭკუაში დაგიჯდეთ
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
წავიდეთ ამ ღამით, სავსე მთვარის მკაფიო შუქზე
და ვიბანავოთ
იქნებ კალთაში ჩამიჯდეთ
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
ავიღოთ ძველი წერილები და ქალაქის მთავარ მოედანზე
დიდი კოცონი ავანთოთ
იქნებ ბოლოს და ბოლოს გამანდოთ
თქვენი მკერდის ზომა
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
ავიღოთ ორი კბილა ნიორი, მჟავე კიტრი და ორნახადი
ტყემლის არაყი
სადმე ვიშოვოთ გვირილა, ან მე წამწამებს დაგაცლით
და ვითამაშოთ "ვუყვარვარ? არა...კი..."
მოდი გავგიჟდეთ

მოდი გავგიჟდეთ
და არავისთვის მოულოდნელად, მხოლოდ ერთი მცირე ხელჩანთით
ტიბეტში წავიდეთ
ჯომოლუნგმაზე არა მაგრამ
ჯოხანგში აუცილებლად ფეხით ავიდეთ

მოდი გავგიჟდეთ

Saturday, October 20, 2012

საბანში ბამბის

მე შენ სულს დაგითმობ.
გაჩუქებ სუნთქვას ზაფხულის მიწის.
თოვლისგან გაყინულ თხელ თითებს გაგითბობ
მიყვარხარ _ ამ მთებმა, ეს უკვე იცის

რა მშვიდი სუნთქვა გაქვს... საწოლზე მძინარე,
თბილად გახვეული ბამბიან საბანში.
ხის ძველი რიკული და ცივი მდინარე
თითქოს შენც იქ ზიხარ, ზაფხულის კაბაში

ყინვისგან გაყინულ თხელ თითებს გაგითბობ
გაჩუქებ ნაზ სურნელს, აპრილის მიწის
მიყვარხარ და მინდა ეს შენც რომ იცოდე
ამ მთებმა? ამ მთებმა, ეს უკვე იცის

Wednesday, October 17, 2012

H20

მე შენი თავი მჭირდება O2-ივით
მჭირდება ოზონის შრესავით
მჭირდება შენ რომ გაჩუქო
მუსიკა მშვიდი შესავლით

მე შენი თავი მჭირდება ჰაერივით
შენთან ყოფნა კი დროსავით
შენი ვარდისფერი ტუჩები
მჭირდება H2O-სავით

მე შენს თმებს სხეულზე ვიფარებ
როგორც დედამიწა ოზონს
ჩემს სხეულს წყალივით ჭირდები
სულს კი შენი სითბო მოწონს

მე შენი თავი მჭირდება O2-ივით
მჭირდება ოზონის შრესავით
მჭირდება შენ რომ გაჩუქო
მუსიკა მშვიდი შესავლით

Monday, October 15, 2012

მმმმმმმმმმმინდა

მმმმმმმმმმმინდა ყავა
შენი სუნი
ყავა მინდა ნაღებით
მინდა ლავა
სახლთან ახლოს
სახლი ძველი თაღებით
მმმმმმმმმმმინდა შენი
გემო მუცლის
გემო მინდა ალუბლის
შემოდგომა ხეებს უცვლის
ფერს და ფოთლებს დაუვლის
მმმმმმმმმმმინდა თმების გადაწევა
რომ გიფარავს საფეთქლებს
შენი პიროტექნიკური ხალი _
მთებს რომ აფეთქებს
მმმმმმმმმმმინდა შენთან
ერთად მინდა
ყავა მინდა ნაღებით...
მინდა ლავა
სახლთან ახლოს
სახლი _ ძველი თაღებით

Sunday, October 14, 2012

საღამო ხის აივანზე


მე რომ ახლა შემოგხვიო
ხელი წელზე
მერე თბილად დაგიკოცნო ყელი
შენ რომ თეთრი გამიშალო სუფრა
კეცის მჭადი და ახალი ყველი

ჩვენ რომ ვიყოთ ერთად ხის ძველ
აივანზე
ზამთრის უხმოდ მოხვეული სუსხი
მე მოგადე ლოყა და შენ
გაინაზე
მოსულ სტუმრებს ღვინო ჩამოვუსხი

შენ რომ ახლა ლექსებით და მარტოობით
მოწყენილი მიეფიცხო ბუხარს
შიშველ ფეხზე ჩვენი კატა მოგიწვება
შენი კანი, მას ჩემსავით უყვარს

მე რომ ახლა შემოგხვიო
წელზე ხელი
ძველი ლექსი რომ მოგიყვე
მთხოვ და...
სურნელი და შენი თბილი ყელი
ერთად ხის ძველ აივანზე _
თოვდა


Wednesday, October 10, 2012

დილის მენიუ

ჩაი ლიმნით, ტირამისუ, ბლითები
თუ ყავა რძით?!
თბილი კოცნა?!.. გეფერები თითებით...
და ყავარჯნით
გავუყვებით ჩვენს ძველ ბილიკს
სოფლის ძველი სახლიდან
ტილოსაფენიას იქით
შეგიყვარებ ახლიდან...

ჩაი ლიმნით, ტირამისუ, ბლითები თუ
ყავა რძით?!

Sunday, October 7, 2012

***

გთხოვ არ მომაკლო თავი
როგორც ზვინს ხმელი თივა
მკიდია საკუთარი...
მე უშენობა მტკივა

Saturday, October 6, 2012

საყვარელი შოკოლადი

აიღე საყვარელი შოკოლადი და
მყუდროდ ჩემს გვერდით მოკალათდი
ჩემი ამბების მოყოლამდე
უნდა გწამდე

მოიცვი შენი თბილი პულოვერი
ანდა სულაც პლედი მოიხვიე
აიღე წუხილი და ბოლო ღერი,
კალენდრის ფურცლებივით მოიხიე

აიღე ყავა და შოკოლადი
და პუფზე გვერდით მომიჯექი
დილით სადმე ერთად ვისეირნოთ...
ჯერ კი...


Thursday, October 4, 2012

გასაუბრება

ფეისბუქზე ერთ პოსტს წავაწყდი _ გასაუბრებაზე მიმავალ სტუდენტს გული უფრიალებს და ღელავს. სტანდარტული სიტუაციაა არა? განსაკუთრებით თუ გასაუბრებაზე სადმე "მაკდონალდსში" ოპერატორის ვაკანსიაზე კიარა, თვით რომელიმე "ვეებერთელაა" ბანკში მიდიხარ.

მე თავად არაერთხელ ჩამიტარებია გასაუბრება. ოდესღაც მეც მივსულვარ გასაუბრებაზე _ ერთი წვერგაუპარსავი, "კლეჩატსაროჩკიანი" და ჯინსებიანი სტუდენტი. შესაბამისად მრავალი წლის განმავლობაში რამდენიმე დასკვნა გავაკეთე გასაუბრებებთან დაკავშირებით.

ვეცდები რჩევების სახით გაგიზიაროთ:

1. იყავით აბსოლუტურად თავისუფალი. დაძაბულობა რომ მოიხსნათ წარმოიდგინეთ, რომ არ აგიყვანეს - დაიქცა ქვეყანა?


2. იყავით აბსოლუტურად გულწფელნი. ნუ ეცდები ფაქტების შელამაზებას. თუ რაიმე არ იცი, თქვი რომ არ იცი. თუ ისეთ სტანდარტულ გასაუბრებისეულ სისულელეს გკითხავენ, როგორიც არის "შენი ყველაზე კარგი და ცუდი თვისება მითხარიო" გულწფელად, გაპრანჭვის და ზედმეტი ფიქრის გარეშე უპასუხეთ რაც ენაზე მოგადგებათ (მაგალითად მე ვუთხარი დილით ძილი მიყვარს და ვიცი ხშირად დავიგვიანებ, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და კიდე შემოქმედებითად მივუდგები ყველაფერსთქო)

3. არავის არ ახსოვს კონკრეტულად რა ილაპარაკე... პირველი რაც ამახსოვრდებათ, არის გაჩენილი შეგრძნება _ სიმპათია: თამამი, ცოცხალი, გახსნილი... "სმართ" - რასაც ქვია.

აი, ეს გახსენდება ხოლმე, როცა გასაუბრების შემდეგ მაგიდაზე დაგროვილ CV-ებს დახედავ.ძალიან დაღლილს დიდად არ გახსოვს კონკრეტული არაფერი _ უბრალოდ შეგრძნებები რჩება.

გარდა იმისა, რომ დალიოთ სპრაიტი და იყოთ ის ვინც ხართ _ ანუ თავისუფალი, არის კიდევ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა. მაგალითად არ დაისხათ მძაფრი სუნამო (შეგახსენებთ 70% ადამიანების ყავას მაშინ ყიდულობს თუ მის სურნელს გრძნობს, 20% თუ ხედავს მას ვიზუალურად ხოლო 10% წარწერის ამოკითხვის შემდეგ). ეცადეთ არ ჩაიცვად ლეოპარდისტყავისფაქტურიანი ელასტიკები და ზედა (ვიცი, რომ ძალიან მაგარია მაგრამ რიავიცი _ მაინც მოვერიდებოდი) და სხვა მრავალი.


დაბოლოს, რომელ დიდ კომპანიაშიც არ უნდა მიდიოდეთ გასაუბრებაზე, როგორ შორეულად და მისტიურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ამ შენობის ვრცელი დერეფნები და პროექტორიანი შეხვედრის ოთახები, გახსოვდეთ რომ იქ სრულიად ჩვეულებრივი ხალხი მუშაობს, რომლებსაც ერთი სული აქვთ როდის მოიხსნიან ყელზე მოჭერილ ჰალსტუხს, შეიხსნიან კორპორატიული კაბის სარტყელს და პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად მააააააააგრად გამოთვრებიან.

Wednesday, October 3, 2012

სტოპ-კადრი

ხინკალი ცხელი უნდა ჭამოო
(c) ლაშარელა

ერთი ფილმი მახსოვს, ვიღაც ტიპს აბსბოლუტური ამნეზია ჭირს და შესაბამისად ტანზე ტატუირებები აქვს გაკეთებული, რომლის მიხედვითაც პერიოდულ ფრაგმენტებს აღიდგენს ხოლმე რათა დაადგინოს ვინ არის და საიდან მოსულა.

ორი დღის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო. დიდი მღელვარებისა და ვნებათაღელვის შემდეგ, ქვეყანა ჯერ კიდევ ისე ტოკავს, როგორც ძლიერი ორგაზმის შემდეგ მუცელი.

სხვების სახელით არ ვისაუბრებ და მე, როგორც აბსოლუტურამნეზიიან ტიპს მინდა ტანზე რამდენიმე ტატუ დავიტანო და ქვეყანაში არსებული ვითარება მოცემული მომენტისთვის ფოტოკადრად ავსახო, რადგან როდესაც დრო გავა, ადეკვატურად შევძლო ანალიზი. დავინახო ცვლილებები, დავაფიქსირო პროგრეს-რეგრესულობის თანაფარდობა სხვადასხვა მიმართულებით.

მაშ ასე, 2012 წელი, 3 ოქტომბერი, არჩევნებიდან მესამე დღე.

რა არის - პოზიტივი:


  • ქვეყანაში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია რიგით დონეზე
  • ქვეყანაში ძირითადად მოწესრიგებულია ელექტროენერგიით მომარაგება (სასაცილო ამ ფაქტის ჩანიშვნა 21 საუკუნეში მაგრამ ჯანდაბას)
  • ქვეყანაში მოწესრიგდა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები (გზები, წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემები)
  • ქვეყანაში შეიძლება ითქვას რომ აბსოლუტურ ნულამდეა დაყვანილი კრიმინალი (ასე ვთქვათ "რითეილ კრიმინალი")
  • არის მცდელობა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის
  • ქვეყანაში კონცერტები გამართეს ისეთმა მომღერლებმა როგორებიც არიან შაკირა, სტინგი, კუტუნიო და ბოჩელი (სხვებს ვერ ვიხსენებ)

რა არის - ნეგატივი
  • ქვეყანაში მთლიანად მონოპოლიზირებულია ბიზნესი ხელისუფლების ან მათთან დაახლოვებული პირების მიერ. ხდება დამოუკიდებელი ბიზნეს მოთამაშეების დევნა ან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა. ხდება ბიზნესების ხელოვნური გამსხვილება რაც სპობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივას და ჯანმრთელი ბიზნეს გარემოს შექმნას.
  • ქვეყანაში სრულიად მოშლილია სასამართლო სისტემა. დავების უმრავლესობა წყდება საპროცესო გარიგებით. დავების 99.9% სრულდება სახელმწიფოს სასარგებლოდ.
  • ქვეყანაში არის მართული მედია. პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია საშუალებები. 
  • ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (თუ არ ვცდები 1.2 მილიონი ოფიციალური მონაცემებით) ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (რეალობა გაცილებით მძიმეა). უამრავი ადამიანი იმყოფება ემიგრაციაში რათა არჩინონ თავი და არჩინონ აქ მყოფი ახლობლები.
  • პენიტენციალურ სისტემაში (და არამხოლოდ) სისტემატიურად ხდება ადამიანთა უფლებების დარღვევა. შსს იქცა პოლიტიკური დევნის მანქანად. ხდება უკანონო მოსმენები. 
  • ქვეყანას დაუგროვდა ძალიან დიდი საგარეო ვალი, რომლის დიდი ნაწილი გაიხარჯა საგადასახადო, შსს, სასაზღვრო ინფრასტრუქტურების, კომუნიკაციების, ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაზე. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი ჯერჯერობით უცნობია რაში გაიხარჯა.
  • ქვეყანამ დამატებით დაკარგა ტერიტორიები, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, რამაც გაზარდა დევნილთა რიცხვი.
  • ნებისმიერი სფერო არის პოლიტიზირებული (განათლება, კულტურა და ა.შ)
  • ქვეყნის მართვა დიდი დოზით ეფუძნება PR მანქანას. ქვეყანაში შენდება 21 საუკუნის "შუშის" შენობები, ხიდები, ძეგლები, მტკიცდება ჭაობზე აშენებული ცათამბრჯენებიანი ქალაქების პროექტები, წარმოებაშია ჩაშვებული ქართული "ჯავშნოსნები", ბოლომდე ათვისებულია 3D -ში დაპროექტებული შენობები, ხალხი იკვებება "ნანუკას შოუთი" და "მოდელირებული ქრონიკით"
  • ყველაფერ-ზემოთჩამოთვლილის გამო ქვეყანაში არის სრულიად არასასურველი გარემო ინვესტიციებისთვის. ხდება ქვეყანაში უკვე შემოსული ინვესტიციების უკან გახმობა ან დაწყებული პროექტების შეჩერება (ჰაიატი, რაკიინი და ა.შ.)
  • ქვეყანაში კონცერტები გამართეს ისეთმა მომღერლებმა როგორებიც არიან შაკირა, სტინგი, კუტუნიო და ბოჩელი (სხვებს ვერ ვიხსენებ)


შესაძლოა პოზიტივში რაიმე გამომრჩა ან არც ისე მოვინდომე, მეტნაკლები სუბიექტურობის გამო, მაგრამ აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი არჩევანი და ორიოდე სურვილი, რომელიც ფეისბუქზე სტატუსების სახით დავაფიქსირე:


41 - Done!

და ვიცი, რომ ამ არჩევანს არ ვინანებ. არა იმიტომ, რომ ვინმეს იმედი განსაკუთრებულად მაქვს და ზედმეტად ვენდობი.

არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი მაქვს და თუ რაიმე არ მომეწონება, აუცილებლად ხმამაღლა გავაკრიტიკებ და ვიტყვი რაც არ მომწონს

ცვლილებების დროა :)

პატივისცემით და დიდი სიყვარულით
Lasharela.com
=======================================================
მე პირადად ვულოცავ ყველა ქართული ოცნების მხარდაჭერს - გამარჯვებას,
ვულოცავ - ყველა ქართველს, მშვიდობიან არჩევნებს

გისურვებთ მშვიდობას, გონიერებას, სიფხიზლეს პირველივე წამიდან, ნაკლებ ეიფორიას და მეტ პრაგმატულობას, უფრო მეტ კატეგორიულობას ხელისუფლების (ახალი რა თქმა უნდა) მიმართ :)


ვნახოთ რა იქნება ხვალ. მე ჩემის მხრივ, როგორც საზოგადოების წევრი (მიუხედავად მრავალჯერადი კრიტიკისა და "შეეშვი პოლიტიკას" მოწოდებისა) ყოველთვის შევეცდები დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება და ვიყო კრიტიკული ახალი ხელისუფლების მიმართ _ მიუხედავად კი არა... სწორედ მათდამი მხარდაჭერისა და კეთილი სურვილების გამო.