Tuesday, September 18, 2012

მრაWOWჟამიერ

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ _ რომ არა მიშა, პოსტების ნახევარს არც დავწერდითქო.

გულწფრელად მითხარით, თქვენთვის რასთან ასოცირდება სიტყევბი "აგიტაცია" და "პროპაგანდა".

პირადად მე, მეორე მსოფლიო ომის დროს, თვითმფრინავიდან გადმოყრილი პროპაგანდისტული ფურცლები, საბჭოთა კავშირის წიაღში ხელთქმნილი პლაკატები, შენობებზე დატანილი უზარმაზარი წარწერები, წელში გამართული და ხმადაყენებული ტელეწამყვანები და პათეთიკით გაჟღენთილი საბჭოთა წარმოების ფილმები და სიმღერები მახსენდება.

აგიტაცია-პროპაგანდა იმ დროიდან არსებობს, როდესაც გველმა ევას ვაშლის შეჭმისკენ მოუწოდა და იმ დრომდე იარსებებს სანამ ადამიანი ან რომელიმე მეტეორი არ გაანადგურებს დედამიწას, მაგრამ ის ფორმას იცვლის _ ვითარდება.

რატომ ხდება ასე? ალბათ იმიტომ, რომ ადამიანს აქვს უნარი ადაპტირების და შეგუების. ადამიანი, ისევე ეჩვევა პროპაგანდას და აღარ რეაგირებს მასზე, როგორც გარკვეული ვირუსები ანტიბიოტიკებს.

ამიტომაც საჭიროა პროპაგანდის მუდმივი განახლება და სახეცვლილება. მაგრამ განახლება არამხოლოდ პროპაგანდისტულ მექანიზმს სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩათვალა ჩვენმა პრეზიდენტმა.

ის საგულდაგულოდ შეუდგა სადღაც აზიასა და ევროპას შორის უაზროდ გაჩხერილი, ინგლისურის არმცოდნე ერის (ერისა და ბერის პრინციპში) "მოდერნიზებას".

როგორია ახალი საქართველო და როგორია ახალი ქართველი?

პრეზიდენტის ოცნების საქართველო რომ წარმოიდგინოთ, ნებისმიერი პოსტერი ან კლიპი ნახეთ სადაც ჭაობიან ნიადაგზე წამომართული, ცათამბრჯენებით დამშვენებული, დიდებული ქალაქი _ "ლაზიკა" არის გამოსახული.

ან ნახეთ ბათუმი - ეკლიქტიკის საუნჯე, სადაც არა მხოლოდ კონკრეტული შენობის ფასადზე იხილავთ მსოფლიო არქიტექტურის მთელ სპექტრს, არამედ თავად ქალაქიც გაგაოცებთ ძველი ბარაკებით, ორმოცდამეერთე სართულზე მერცხლის ბუდესავით ჩაშენებული ეშმაკის ბორბალით და რაღა თქმა უნდა შეშუშული ანბანის კოშკით (куда же без стекла).

ზოგადად დავაკვირდი და პრეზიდენტს სჩვევია კომპილაცია - მას უნდა მხოლოდ საუკეთესო აიღოს, შეადუღოს, გადაზილოს და "სიახლე შუას".

პრეზიდენტის დაუოკებელი სურვილი შეურწყას ძველი ახალს, ტრადიციული თანამედროვეს, კარგად ჩანს შუშის ხიდში, შუშის საბაგიროში და შუშისავე საკონცერტო დარბაზში, რომელსაც პრეზიდენტი შუშისავე გუმბათიდან სიამაყით ათვალიერებინებს სტუმრებს, სიონისა და ძველი თბილისის ფონზე.

მაგრამ ყველაზე კარგად პრეზიდენტის სურვილი და განწყობა, ბოლო დროს (სულ, სულ შემთხვევით) დაფინანსებულ და გადაღებულ კლიპებში იკითხება: რაჭული დაბსტეპზე და სუხიშვილები პარლამენტის (არც მეტი და არც ნაკლები) სახურავზე, გაურკვეველი მუსიკის თანხლებით.





თავიდან დავიწყე და გავაგრძელებ - არ ვიცი ხვდებით თუ ვერა ბატონო პრეზიდენტო მაგრამ, იუთუბის, სოციალური ქსელების, ვირუსული კამპანიების და სტრიტარტის ეპოქაში, გრიმდადებული და პროჟექტორებით განათებული მსგავსი სიყალბე, კარგა ხანია აღარ მუშაობს.




No comments:

Post a Comment