Wednesday, October 13, 2010

რა იმალება პრეზიდენტის ტრიბუნის უკან და რა აქვს პრეზიდენტს ტრიბუნაზე დიდი

გეთანხმები, სათაური მთლად ვერ გამომივიდა. რაღაც წაუყვითელპრესული მინდოდა, მაგრამ ისინი ნამდვილი ხელოვანები არიან _ როგორც ჩანს, შექმნა სრული სისულელე, ესეც დიდი ხელოვნებაა.

გვეყოფა ეხლა ლაზღანდარობა, საქმეა საკეთებელი. (ქმ...ქმ...)

(იკითხება წვრილი, 35-40 წლის მანდილოსნის, ოდნავ გოიმური ხმით)

ალბათ ჩვენი ჟურნალის მკითხველს კარგად ახსოვს, გასულ ნომერში დაბეჭდილი სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, არ მოეწონა ენდი გარსიას მიერ განსახიერებული საკუთარი თავი.

"ტრიბუნაზე ყოფნის დროს, როდესაც ხალხს მივმართავდი, ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდი, ვიდრე გარსია - ამ ეპიზოდში" - განაცხადა მან.

თემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, ის განგვევრცო.

ამჯერად ჟურნალი "ფეისბუქის ამბები", არც მეტი და არც ნაკლები, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ტრიბუნას ეწვია.

ჟურნალისტი: გვიამბეთ, როგორ გაიცანით პრეზიდენტი.

ტრიბუნა: სიმართლე გითხრათ, მე ბატონ პრეზიდენტს მანამდე ვიცნობდი, ვიდრე ბატონი პრეზიდენტი გახდებოდა.

ჟურნალისტი: უფრო კონკრეტულად?

ტრიბუნა: მოგეხსენებათ, მე მაკაგონისგან ვარ დამზადებული. სანამ ტრიბუნა გავხდებოდი, გაზეთების მაგიდად ვმსახურობდი ბატონ პრეზიდენტთან სახლში.

ჟურნალისტი: როდის გადაწყვიტეთ ტრიბუნობა?

ტრიბუნა: იცით, მე არ გადამიწყვეტია. იქ ბევრნი ვიყავით, ტყავის "დივან-კრესლო", მუხის "სტენკა", ბამბუკის სავარძელი...

ჟურნალისტი: უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ბამბუკის სავარძლის ხსენებაზე ძალიან მოიწყინეთ. მასთან რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა ხომ არ გაკავშირებდათ?

ტრიბუნა: ძალიან დაკვირვებული ბრძანდებით. მე ის მიყვარდა. როდესაც პრეზიდენტი მასში ჯდებოდა, საწყალს ისეთი ჭრიალი გაჰქონდა, რომ გული მიკვდებოდა (ტირის).

ჟურნალისტი: შეკითხვას რომ მივუბრუნდეთ, ანუ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით პრეზიდენტის ტრიბუნა.

ტრიბუნა: უჰ, უკაცრავად. იმას ვყვებოდი, რომ პრეზიდენტი ყველაფერს ჩვენ ნაცვლად წყვეტდა. ჩვენ უბრალო ნივთები ვიყავით, რათქმაუნდა ერთგულები და მას ვემსახურებოდით, მაგრამ მაინც. ბატონი პრეზიდენტი ბრძენი კაცია.

ჟურნალისტი: უკაცრავად, ჩაგეძიებით _ანუ თქვენ არ გსურდათ ტრიბუნობა?

ტრიბუნა: მე არ მითქვამს, რომ არ მსურდა, მე გითხარით რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ჩემს სანაცვლოდ. ისე, რაღა დაგიმალოთ და, მსურდა. მაგიდობისას ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს. ტელევიზორს ჩართავდა და იქვე უამრავ რბილ და ფუმფულა დივანზე დაჯდომის ნაცვლად, ჩამომაჯდებოდა ხოლმე. სწორად გამიგეთ, ბატონი პრეზიდენტია და რაზეა ლაპარაკი, მაგრამ მაინც ადრე თუ გვიან ყველას ბეზრდება, თავზე რომ აზიან. ამიტომაც ტრიბუნობაზე შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი, უფრო სწორად, ბატონი პრეზიდენტის ჩემთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამიხარდა.

ჟურნალისტი: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ბრძანდებოდით გორში რვა აგვისტოს ღამეს.

ტრიბუნა: სამწუხაროდ, ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ.

ჟურნალისტი: ჩვენი ჟურნალისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ თქვენ მონაწილეობდით ფილმში "აგვისტოს 5 დღე".

ტრიბუნა: მართალია, მე ვესწრებოდი გადაღებებს, მაგრამ ფილმში მე არ ვარ გადაღებული. ტრიბუნა, რომელიც ფილმში თამაშობს, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჰოლივუდში დამზადებული, ჩემი ზუსტი ასლი გახლავთ.

ჟურნალისტი: გასულ კვირას, ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როდესაც თქვენს წინ იდგა, გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ოსკაროსანი მსახიობი ენდი გარსია.

ტრიბუნა: რაღა დაგიმალოთ და მარტო პრეზიდენტი კი არა, მეც ვარ უკმაყოფილო ტრიბუნით _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ირყეოდა. ეს როგორ შეიძლება, სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს ხალხი უყურებს ამას.

ჟურნალისტი: თქვენი ემოცია გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტსა და ენდი გარსიას როგორ დაახასიათებდით.

ტრიბუნა: რასამბობ დაია, სად ბატონი პრეზიდენტი და სად ვინცხა გარსიე. ბოდიში აქცენტიზა _ ბოლოს ქუთეისში გავყევი ბატონ პრეზიდენტს და უნებლიედ დამჩემდა.

ჟურნალისტი: ანუ თქვენ ეთანხმებით პრეზიდენტს, რომ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.

ტრიბუნა: ჯერ ერთი _ მე და პრეზიდენტი ვართ რაფერაც ყველი და პური. ბატონი პრეზიდენტის ზომაზე ვარ გადაჭრილი, აპაა... მერე _ ჩვენს პრეზიდენტს ქე რო თამაში შეუძლია, რასამბობ დაია. ოსკარზე არ ყოფილა წარდგენილი თვარა, რომელი გარსია და პაჩინო აჯობებს მაგას?

ჟურნალისტი: რთულია იყო პრეზიდენტის ტრიბუნა?

ტრიბუნა: ეხლა, არ შეიძლება ამის ხმამაღლა თქმა თვარა, რთული რავა არაა? თვითონ ბატონი პრეზიდენტი კი დაფრინავს "ვერტალიოტით" ერთი თავიდან მეორეში, მარა მე კი დამაპორწიალებენ "მაშინებით". ბათუმში ჩასვლა კიდე არაფერი, მარა სვანეთში რო ამარიხრიხებენ კვირაში სამჯერ, ცოტა კი მიჭირს მაგი... მარა რავა დევიწუწუნებ მაგაზე? ბატონი პრეზიდენტი იყოს ოღონდ დიდხანს და ჯანმრთელად და გამოსვლები არ მოშლოდეს


მაყვალა ბრტყელტუჩა
ჟურნალი "ფეისბუქის ამბები"

3 comments:

  1. რა გადარეული ვინმე ხარ :)))

    ReplyDelete
  2. არაფრისმთქმელია ინიციალები, გინდ მიმიწერია და გინდ არა ;)
    ვხალისობ შენს რეაქციაზე :)))

    ReplyDelete
  3. არ ვკაიფობ... ცოტა ვცელქობ და ვხალისობ ძილის წინ... არ გეწყინოს რა :S

    ReplyDelete