ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა "რამდენიღაცბალიანი მიწისძვრა რიხტერის შკალით". რაღაი ყოველ ჯერზე აკონკრეტებენ, რომ ეს რიხტერის შკალით არის, ცელციუსის და ფარენგეიტის არ იყოს, ალბათ სხვა შკალებიც უნდა არსებობდეს-მეთქი _ ვიფიქრე გულში.
ამასწინათ გარკვეულ საკითხზე გამოვთქვი მოსაზრება _ პირობითათ ვთქვათ, რომ საკითხი სეისმოლოგიას ეხებოდა (სხვამხრივ აბა როგორ გავამართლო პოსტის ეპილოგში ნახსენები რიხტერის ხსოვნა). საოცრად არ მიყვარს ეს ალეგორიები და ცვლადებით აღნიშნული მოცემულობა, მაგრამ ეხლავე აგიხსნით რაში დამჭირდა ეს მატრაკვეცობა.
საქმე იმაშია, რომ ჩემი მეგობრის, პროფესიით სეისმოლოგის, ნამდვილი რისხვა დავიმსახურე _ შენ არ ხარ სეისმოლოგიაში კომპეტენტური და წესით და რიგით არ უნდა აფრქვევდე შენს სიბრძნეებს და დასკვნებს ასე თამამად, საკითხზე რომელშიც არაფერიც არ გესმისო. თანაც, მსოფლიო ქალსეისმოლოგთა ასოციაციის, არაკომპეტენტური აზრით გაბრაზებული თავმჯდომარესავით, იქვე დაამატა _ საერთოდ კაცებს გჩვევიათ "პროფესორობა" ყველა სფეროშიო (რთულია არ დავეთანხმო მეგობარს).
თავი ჩავხარე დამწუხრებულმა (მეგობარს ვაწყენინე ბოლობოლო) და ფიქრებს მივეცი. მაგრამ ეშმაკი მწუხარების ჟამსაც რო არ გასვენებს ადამიანს. ჩემი სეისმოლოგი მეგობარი არ ვიცი მაგრამ, გამახსენდა, რომ ჩემი მეგობრის მეგობარი, თავგადამკვდარი ლიბერალია. ყურმოკვრით კი ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის და ყოველი შემთხვევისთვის დავგუგლე (იმედია აქაც გუგლზე ლინკი საჭირო არ არის). აი რა ამოვიკითხე ყველასათვის კარგად ნაცნობ საიტზე:
ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა.
და იქვე:
ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეულ ადამიანთა აზროვნების თავისუფლება
ეს ფრაზა წავიკითხე თუ არა, ვიდეო არქივიდან უნებლიედ, რამდენიმე წამიანი კადრი "ამომიხტა" _ "ამათ დემოკრატია ლობიოს ჭამა, გონიათო". რა შუაშია ეხლა ლობიო და ლიბერალიზმითქო _ გავბრაზდი ქვეცნობიერზე და შემოთავაზებულ ვიდეო არქივში, ჯაბა იოსელიანის ნაცვლად ჩემი სეისმოლოგი მეგობარის სახე ჩავსვი, "ლაშას აზროვნების თავისუფლება, სისულეების ლაპარაკი გონიაო" დავადე ხმა და "დავასეივე."
დიახაც, მგონია. აზროვნების თავისუფლება არ გულისხმობს თვის თავში, სწორად აზროვნებას, ან ჭეშმარიტ მოსაზრებებს. ჩემი აზრით ყველას აქვს უფლება გამოთქვას აზრი - თუნდაც არასწორი, თუნდაც მცდარი, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი და შეურაცმყოფელი. ყველას აქვს უფლება გააპროტესტოს ეს აზრი. მიიღოს ან არ მიიღოს, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს, "დაალაიკოს" და არ "დაალაიკოს" ის.
ასე კი ვფიქრობდი მაგრამ ჩემს მიერ მოდელირებული ვიდეო იმდენად რეალისტურად გამოიყურებოდა, ვიცოდი იუთუბზე მოხვედრის შემთხვევაში, Charlie bit my finger-საც კი გადაასწრებდა რეიტინგით. ამიტომაც შევეგუე რეალობას და გადავწყვიტე აზრი არღარ გამოვთქვა ისეთ საკითხებზე, რომლებშიც კომპეტენტური არ ვარ.
მაგრამ მთლად აზრის გამოუთქმელობაც არ იქნება ადამიანისთვის და შესაბამისად დავიწყე ფიქრი თუ რომელ საკითხებში ვარ კომპეტენტური:
1. ვინაიდან მაღლივში გატარებული ოთხი წლიდან არაფერი მისწავლია ნორმალურად, ჩემი პროფესიის - ეკონომიკური კიბერნეტიკის, მხოლოდ დასახელებას ვიყენებ დღემდე (ანუ ვმარიაჟობ).
2. ნუ ეხლა, ხანდახან ჭია რო შემოგიძვრება გულში და არ გასვენებს, ლექსებსაც კი ვწერ _ მაქსიმუმ ოთხკუპლეტიანი ლექსი იყოს და აქედან მეოთხე კუპლეტი პირველის გამეორებაა. ასე რომ დიდი შოთას რეზოლუციის გათვალისწინებით "მოშაირე არა ჰქვია, თუ სადმე სთქვას ერთი-ორი".
3. კიდე, რა ეხლა _ გერმანული პორნოები მიყვარს ბავშვობიდან. ძალიან დიდი ოდენობით მაქვს ნანახი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათი ნამდვილი სპეციალისტი ვარ, მაგრამ რა აზრი უნდა გამოვთქვა და დავწერო გერმანულ პორნოზე? _ ეს უნდა ნახო!!!
აი, ჩემო მეგობრებო. დავრჩი ასე _ თავისუფალი აზროვნებით, მაგრამ აზრის გამოთქმის თავისუფლების გარეშე (სულ მცირე მეგობარს გულს რომ ტკენ შენი აზრებით, ეგეც ხომ ერთგვარი შეზღუდვაა აზრის გამოთქმის).
ხოლო, რაც შეეხება პოსტის ეპილოგს, ლექსების არ იყოს, პროლოგში ნახსენებ პატიოსან ადამიანს _ ჩარლზ რიხტერს მივუბრუნდები.
თურმე, ნუ იტყვით და "რიხტერის შკალა" საერთოდ არასწორი გამოთქმა ყოფილა. საუბარია მიწისძვრის სიმძლავრის საზომ "მაგნიტუდის შკალაზე", რომელიც 1935 წელს შემოგვთავაზა რიხტერმა.
მაგნიტუდას საერთოდ არ ქონია განზომილება. ის მიწისძვრის ზოგადი მახასიათებელი ყოფილა, მიუხედავად იმისა სად იყო ეპიცენტრი, რამდენად იყო დაშორებული მიწის ზედაპირიდან და ა.შ. რაც შეეხება ყველასათვის საყვარელ ხილს - ბალს, ის თურმე "მიწისძვრის სიხშირის" საზომი ერთეულია და აბსოლუტურად განსხვავდება მაგნიტუდისგან.
შესაბამისად შეცდომაა:
"მიწისძვრა 6 ბალიანი მაგნიტუდით" ან "მიწისძვრა 6 ბალიანი მაგნიტუდით, რიხტერის შკალით"
სწორი კი არის:
"მიწისძვრა მაგნიტუდით 6". თუ მაინცდამაინც უკვე დამკვიდრებულ დასახელებას გამოვიყენებთ "მიწისძვრა 6 მაგნიტუდით, რიხტერის შკალით".
იმედი მაქვს მეგობარი არ გამიკრიტიკებს, მცირედ აღმოჩენას სეისმოლოგიაში _ ეს ხომ ჩემი მოსაზრება არ არის. უბრალოდ ლინკებით გამყარებული ინფორმაციაა.
No comments:
Post a Comment