Monday, October 4, 2010

ბრტყელი სიყვარული

ბარი სახელად - Success, კედლებზე გაკრული ძველთაძველი ფოტოებით, გაზეთის ნაგლეჯებით, შიგადაშიგ ანტიკვარული ნივთებით და ჭერზე ჩამოკიდებული ძველი ფირფიტებით მალევე გახდა პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ბარის კედლები სიძველეებით იყო დაფარული, დროთა დინებამ ისინი მაინც დააძველა - ოღონდ უკვე სხვანაირად. არააქტუალური, ძველი და შესაცვლელი გახადა.

ახალი დიზაინის დამზადების პატივი მე მვხვდა წილად. მიუხედავად იმისა, რომ ძველი დიზაინი უზომოდ მომწონდა და ჩემთვის "ჰენდმეიდის" შედევრი იყო, საქმეს დიდი ენთუზიაზმით შევუდექი.

ახალი დიზაინის თანახმად, კედლები უამრავი ცნობილი ადამიანის ფოტოთი უნდა დაფარულიყო. მეც დავიწყე ცნობილი ადამიანების მაღალი რეზოლუციის ფოტოების შეგროვება. შემდგომ ეტაპზე ცნობილი პიროვნებები ფოტოდან უნდა ამომეჭრა. ვისაც ფოტოშოპში უმუშავია, კარგად ეცოდინება, რომ ეს არც ისე სახალისო საქმიანობაა. მითუმეტეს როდესაც შენ მიერ გამოჭრილი ფოტო სამმეტრიან კედელზე უნდა გააკრან, რომელსაც ადამიანი ოცი სანტიმეტრით დაშორებული მაგიდიდან უყურებს, მცირედი ხარვეზიც კი მკვეთრად ჩანს. ამიტომაც მივყევი და მივყევი...

ორი კვირის განმავლობაში ვჭრიდი მადონას ლიფის „ზორტებს”, ნაომის ბიკინის ბაფთას, ელვისის მოტოციკლის "სპიცებს", ვიღაცის სხეულზე შესრულებულ ბოდიარტს, რომელზეც ვიღაცის ლურჯად შეღებილი ფალოსი საყვარელი სპლიყვის ხორთუმი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ორი კვირის განმავლობაში უამრავ ცნობილ ადამიანს შემოვაცალე ფოტოზე ფონი და მათი ინტიმური ადგილები, ოთხასჯერ გადიდებული, სულ პიქსელ-პიქსელ მოვიარე. ამასთან, არ მეძინა _ საქართველოში ხომ ყოველთვის "წუხელ" გვინდა, რომ დასრულდეს.

როგორც იქნა დიზაინის აწყობა დავასრულე. ბარის კედლებში უამრავი ამოჭრილი ნიშა და ბევრი მრავალკუთხოვანი გადასვლა იყო. კედლების ეს თავისებურება, რა თქმა უნდა, წინასწარვე მქონდა გათვალისწინებული ,მაგრამ ძალიან ვღელავდი. ჩემი პირველი დიზაინი იყო ინტერიერისთვის და ვინიცობაა, რაიმე სწორად ვერ გავთვალე-მეთქი, ვნერვიულობდი.

უზარმაზარი ფურცლების ბეჭდვის პროცესი ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. ორი მეტრის სიგანის ფურცელი მილიმეტრიანი ბიჯით მოჩოჩავდა წინ. ვუყურებდი სხვადასხვა ფრაგმენტს და ვცდილობდი, გამომეცნო, კედლის რომელი ნაწილი იბეჭდებოდა - ჯონი დეპის უკანალი თუ მონიკა ბელუჩის მკერდი (ვითომ ხომ არ გაქვს, მაგრამ სამჯერ შევცდი).

ბეჭდვას მოვრჩით თუ არა, ბარში გავქანდი, სადაც ორი, ასე ორმოცდაათ წელს გადაცილებული, „მალიარი“ გველოდებოდა.

იმერეთში ვიზრდებოდი, გურიაში, აჭარაში და რაჭაში ვისვენებდი, მეგრულის Basic კურსი მაღლივში გავიარე და ასე თუ ისე ყველა კილოს ჟღერადობა მქონდა ათვისებული და ვასხვავებდი, მაგრამ მოცემული მუშების წარმომავლობა, აქცენტისა და დიალექტის უცნაური სინთეზის გამო, რომელიც კედლებზე გასაკრავ ფურცლებზე ჭრელი იყო, ვერაფრით დავადგინე და გამოვიცანი.

მუშებმა სპეციალური მასა ისე ათქვიფეს, ვიფიქრე ბისკვიტიც ექნებათ სადმე და გადაუსვამენ-მეთქი. „მალიარები“ საქმეს შეუდგნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთი ფურცელი მეორეს მილიმეტრების სიზუსტით ებჯინებოდა, რაც საბოლოოდ მთლიანი ფოტოს შეგრძნებას ტოვებდა.

იმისათვის რომ კედლებში ჰაერი არ ჩარჩენილიყო, „მალიარები“ დახეთქილი ხელებით ისე დინჯად და გულმოდგინედ სრესდნენ, „კრახმალით“ დარბილებულ ფურცლებს, თითქოს ტაილანდურ მასაჟს უკეთებენო.

ერთ-ერთი კედლის შემოსვის ჯერიც დადგა, რომელზეც ჩემი რჩეული ფრაგმენტი _ მერლინ მონრო აფრიალებული კაბით იყო გამოსახული.

„მალიარმა“ დიდი მოწიწებით აიღო „გაკრახმალებული“ ფურცელი და კედელზე გააკრა. მერლინის თეთრმა კაბამ და ჯადოსნურმა ღიმილმა თითქოს კედელზე სახელდახელოდ ჩამოკიდებულ, ორმოცდაათვატიან ნათურაზე მეტად გაანათა.

„მალიარი“ ცოტა ხნით გაშეშდა. კედელს შორიდან უყურებდა. შემდეგ ნელ-ნელა მიუახლოვდა. მზერა ერთ წერტილზე ქონდა გაშეშებული. ახლადგაკრულ საოცრებას ფრთხილად შეეხო და ნაზად, ძალიან ნაზად, თითქოს ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს ეფერებაო, ხელი ისე გაუსვა.

მეც იქვე ვიდექი და ფრაგმენტს აღფრთოვანებული და უძილობისგან დადებილებული იერით ვუღიმოდი.

- მოგწონს? - ვკითხე „მალიარს“ და როგორც ჭეშმარიტმა ეგოისტმა, შეკითხვაში უპირველესად ჩემი "გენიალური" დიზაინი მოვიაზრე.
- რა ქვია? - ისე წამჩურჩულა „მალიარმა“, თითქოს ეშინოდა კედელზე არ გაეგონათ მისი.
- ა, ამას? მერლინი. ოღონდ მკვდარია _ ვიძიე შური.

ის კი იდგა კედელთან ძალიან ახლოს და თითებს ფრთხილადატარებდა ფურცელზე _ სათუთად და დაკვირვებით.

დაღლილი იქვე ჩამოვჯექი და თვალები მოვხუჭე. ის იყო უნდა ჩამძინებოდა, მაღალი „მალიარის" მკვახე ხმა შემომესმა

- ებიჯო, სანამ არ გადაქექავ მაგ კედელს, არ მეეშვები ახლა?...
- საცოდაობა არაა, ამისთანა ქალი მიწაში იწვეს?! - ნაღვლიანი თვალებით ახედა დაბალმა მეგობარს.

***
ორ დღეში კედლები მთლიანად შეივსო ცნობილი ადამიანებით. ალბათ, რთულად თუ მოიძებნება ბარი, სადაც ორმოც კვადრატულ მეტრზე ამდენი ცნობილი ადამიანი არის თავმოყრილი.

„მალიერებმა“ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულეს. ფული გადავუხადეთ, ხელი ჩამოვართვით და დავემშვიდობეთ.

ბარის ბოლოდან, გასასვლელი კარიდან შემოსული შუქის გამო, „მალიარები“ შავ სილუეტებად ჩანდნენ; პირველი _ მაღალი და გამხდარი, ხელში ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილი დიპლომატის ჩანთით, ხოლო მეორე _ დაბალი და მსუქანი.

სილუეტები ნელ-ნელა დაიძრნენ გასასვლელისკენ. ერთგან დაბალი სილუეტი შეჩერდა, კედლისკენ შეტრიალდა. რამდენიმე წამ გაუნძრევლად იდგა. უზარმაზარ ღიპზე დაკრული აჭიმები გაისწორა, ღრმად ამოისუნთქა და ბარიდან გავიდა.



***
მას შემდეგ Success-ში ხშირად დავდიოდი. გემრიელი ლუდის პარალელურად ჩემი ნახელავით ვტკბებოდი და მეგობრებთანაც წარმატებით ვმარიაჟობდი. მზერას კი შიგადაშიგ მერლინის წინ დადგმული მაგიდისკენ ვაპარებდი იმედით, რომ ერთხელაც ორმოცდაათსგადაცილებულ, წითელაჭიმებიან კაცს მოვკრავდი თვალს, რომელიც თავისთვის ზის, ყველაზე დაბალფასიანი არყით სვამს სიყვარულის სადღეგრძელოს და ნაღვლიანი კედელს მისჩერებია.

P.S. Success. Design v2.0 - მერლინი

4 comments:

  1. არ თქვა, არ თქვა...თვალი არ მეცეს :))

    ReplyDelete
  2. რას ამბობ, ნუ გეშინია, თვალიანი არ ვარ, პირიქით :)))

    ReplyDelete
  3. არ თქვა, არ თქვა...თვალი არ მეცეს :))

    ReplyDelete