Friday, June 24, 2011

სოფლელები

მეგაპოლისური სნობიზმი იყო, არის და ალბათ მანამდე იქნება, სანამ კოსმოსში გაგზავნილ "პიონერ-10"-ს რომელიმე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იპოვის და "ისწავლე და ასწავლე დედამიწასთან ერთად" პროექტის ფარგლებში ათიათასამდე უცხოპლანეტელი არ გვესტუმრება.

"სოფლელი" (деревня - ზუსტად იმავე სიტყვით მოიხსენიებენ რუსები) - იდიომად დამკვიდრებული მოცემული კლიშეთი აღინიშნება ყველა ის უბედური, უბადრუკი და საწყალობელი, რომელიც გაბედავს და მკვიდრთა ამის დედაქალაქისათა საცხოვრებლად გადმობარგებას შეჰკადრებს.

რა თქმა უნდა, სხვა სივრციდან გადმოსული, გაუთლელი, გაუნათლებელი, დიალექტით გაჯერებული ტიპი არავის სიამოვნებს. დაიღალნენ ეს ქალაქელებიც _ ბოლოს და ბოლოს რამდენი უნდა აღზარდონ, გამოზარდონ, ჩააცვან-დაახურონ და გამოთალონ? ბოლოს და ბოლოს არავის არ სიამოვნებს ტიპი, რომელიც ურბანული ჟარგონის ნაცვლად სოფლურ დიალექტს, თბილისურის (უბნების მიხედვით) სანაცვლოდ, რომელიმე კუთხის კილოთი უქცევს, ხოლო ქალაქური მაგარი "ლ"-ს ნაცვლად ... (თუმცა ამ უკანასკნელზე უკვე ამომწურავად ისაუბრა ჩემმა პრეზიდეტმა და აღარ დავიხარჯები).

რეალურად რომ შევხედოთ ფაქტებს (უფროსწორად სტატისტიკას), "ჩემს შვილს დიპლომი უნდა ქონდეს და უმაღლესი განათლება მიიღოს" პრინციპით, რამდენიმე გაყიდული ძროხის ფულის სანაცვლოდ დედაქალაქს "სასწავლებლად" გამოგზავნილი ჯეელების ინტელექტი მართლაც არ არის სახარბიელო. თუმცა ასევე ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ შინაგანი კულტურითა და ინტელექტის მაღალი დონით ბევრი "კარენოი" თბილისელიც ვერ დაიკვეხნის.

სანამ პოსტის მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, აუცილებლად უნდა ავღნიშნო მეგაპოლისური სნობიზმის მსგავსი მოვლენა, რომელსაც მოდით პირობითად, პროვინციალური სნობიზმი ვუწოდოთ.

მსგავსად ქალაქში მოხვედრილი "არიფებისა", არც ზაფხულის არდადეგებზე სოფელში მოხვედრილ ქალაქელებს აკლდათ შეფასება "ქალაქელი პიჟონი".

როგორც ჩანს, ცოცხალი ორგანიზმის არ იყოს, ვიწრო სოციუმებიც ვერ გუობენ მათში უცხო სხეულის მოხვედრას და მსწრაფლ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.

და მაინც _ სოფლელების სნობიზმი არ გაიშვას იქით. მსგავსი მოვლენა უფრო მეგაპოლისებისთვის არის დამახასიათებელი.

სიმართლე გითხრათ, ამ პოსტის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ წუხელ (ჟარგონის ლექსიკონს როდესაც ვკითხულობდი) სურვილი გამიჩნდა არსებობდეს ქართული დიალექტის ლექსიკონი, სადაც სიტყვები თუ გამონათქვამები, სხვადასხვა კუთხის მიხედვით იქნებოდა დახარისხებული. ის რომ დიალექტი ენას ამდიდრებს, ამის მტკიცებას ნამდვილად არ შევუდგები და არც ვაჟას ციტირებას მოვყვები, ურბალოდ ვწუხვარ, რომ ამ ფაქტს სხვანაირად უყურებენ "ქალაქელები".

მე მიყვარს ქართული ენა ამ მრავალფეროვნების გამო. მე მომწონს, რომ ენაში, რომელიც მშობლიურია, რომელიც რამდენი წლისაც ხარ იმდენი ხანი გესმის, შეიძლება ნებისმიერ დროს აღმოჩინო სიტყვა, რომელიც მანამდე არ იცოდი.

დასასრულს, კიდევ უფრო რომ გავამყარო აზრი, თითქოს ეს პოსტი ჩემი პროვინციული წარმომავლობით, მრავალწლიანი მეგაპოლისური სნობიზმით და სხვა კომპლექსებით არის ინსპირირებული, მსურს რამდენიმე გამოჩენილი ჩემიანის (ანუ სოფლელის) სახელი და გვარი შევახსენო ქალაქელებს:


  • ლუკა რაზიკაშვილი - ფშავი
  • ედუარდ შევარდნაძე - მამათი
  • გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები - ჭყვიში
  • ეროსი მანჯგალაძე - ღანირი

ბოლოს და ბოლოს ზვიად ძიძიგური - გუგუნაყანევი და ნანუკა ჟორჟოლიანი - აბაშა. გავაგრძელო?

მოკლდ პოსტის მთავარი სათქმელიც ის იყო, რომ გეოგრაფია ნამდვილად არ განსაზღვრავს კულტურასა და ინტელექტს (სხვათა შორის არც გემოვნებას). ასევე უნდა ავღნიშნო, რომ მე ვამაყობ _ ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი კუთხე გვაქვს, ასეთი მრავალფეროვნება და ფოლკლორი, დიალექტი, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა მხოლოდ არტგენზე და ფეისბუქზე დაყენებული პროფილების შემთხვევაში არ უნდა მოგვწონდეს, ისე კი გვაღიზიანებდეს.

მე კი ისღა დამრჩენია,  გავიმართო წელში  და ამაყად, კიდევ ერთხელ, გულახდილად  ვთქვა: უფრო "მცხავს", ვიდრე "მცხელა".

15 comments:

  1. დიახ ლაშარელა, "გეოგრაფია ნამდვილად არ განსაზღვრავს კულტურასა და ინტელექტს და ხვათა შორის არც გემოვნებას"..
    "მეიდ ინ" ქიზიყი ვარ და ძალიანაც მეამაყება :)))
    იგ

    ReplyDelete
  2. ეეჰ lasharela,მეც "მცხავს" ხოლმე და დამიწუნეს სარძლოდ, უმალ თავში ქვას ვიხლით და იმერელს სახლში ვერ შემოვუშვებთოო:))

    ReplyDelete
  3. მაგრა მევასება სოფლელები უფრო მეტი სოფლელი მეგობარი მყავს ვიდრე თბილისელი. ვერ ვიტან ამ ტრაკში პერო ხალხს და რა ვქნა :) ალბათ მეც სოფელში უნდა დავბადებულიყავი აქ შემცდომით გავჩნდი :) საერთოდაც თუ გამოდგა სოფლელი ქალაქელზე ბევრად უფრო მიზანდასახული და შრომისმოყვარეა და ბევრსაც მიაღწევს. რო დავბერდები უეჭველი სადმე სოფელში წავალ და სუფთა ჰაერზე გავატარებ ჩემს ბოლო სკლეროზიან წლებს... მარა რბილი ლ ნამდვილად კლავს :P

    ReplyDelete
  4. დიქტორი
    ხო, თავისებური იუმორი მაქვს ფრიად

    ReplyDelete
  5. ვინ ოხერი, რომ არ დაგეთანხმოს (და უფრო მეტიც, კვერი არ დაგიკრას) ასე მწყობრად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბებულ ნააზრევში.
    თუმცა, არის კლინიკური შემთხვევები გაქალაქელებული ექს-სოფლელების მსოფლმხედველობრივ მრწამსში (და ეს შემთხვევები უფრო და უფრო კლინიკური ხდება), როცა ჯერ იზიზღებენ და მერე ივიწყებენ საკუთარ თავს წარსულში და ჰგონიათ, რომ სულ ქალაქელები იყვნენ.
    სწორედ ესენი არიან მერე მოლოდინის გადაჭარბების სურვილით იმდენად შეპყრობილები, რომ თვითონაც აღარ იციან, რას სჩადიან და აღარც აინტერესებთ, მთავარია, რომ სჩადიან, იმას, რასაც ვერც ერთი ავტოხტონი ქალაქელი ვერ სჩავიდოდა. ამიტომაცაა მერე, ბოტებს და კრუჟევოებიან/ფოჩებიან ჩექმებს რომ იცვამენ შუა ზაფხულში; ბალიშს იფარებენ ქუდად; იცვამენ ჯინსებს, რომელშიც ნაჩვრეტების ფართობი უფრო დიდია, ვიდრე თავად მატერიის (ზოგი გახეხვა-დაჩვრეტასაც აღარ სჯერდება და ხევს და ფლეთს); იცვამენ უბეჩამოშვერილ შარვლებს, რომელიც კუჭშიახლადგასულის (ჩაჯმულსაც ქე რომ უწოდებენ პირში მოძრახენი) იერს აძლევს მის მატარებელს... გემოვნების კოლაფსს რომ შევეშვათ, თუნდაც დედალი ძროხის და მამალი ძროხის ცნება რომ შემოაქვთ, აქაოდა, სოფლის არაფერი გამეგებაო (არადა, სულ რაღაც 7-ოდე წლის წინ, მე-9 კლასში მის ძუძუს ვერ გააგდებინებდი ხელიდან წველის დროს) და კიდევ ამგვარი მარაზმობები. არადა, ამ ხალხს ავიწყდება მარტივი ჭეშმარიტება, რომ ისინი შეიძლება სოფლიდან გამოვიდნენ, მაგრამ სოფელი ვერასდროს ვერ გამოვა მათგან.
    არადა, მეორეს მხრივ, სოფლელს, სოფელს და სოფლის მეურნეობას რომ არ ეარსება, ძალიან მაინტერესებს, ერთი, ქალაქელს რით უნდა გამოეკვება თავი? კრინკერით, ცემენტით, მაუდით თუ საავიაციო ნავთით?

    ReplyDelete
  6. ნანუკა ჟორჟოლიანი და ძიძიგური მაინც არ მოგევანა რა - ორი გაუნათლოებელი ბანძი პროვინციალი. სასაცილოა! რომელი დიდი ინტელიგენცია ეგენი მყვანან!!! სირცხვილია რა..... და საერთოდ, მე მომბეზრდა უკვე იმის მოსმენა, რომ ვაჟა ფშაველა ფშავიდან იყო, გალაქტიონი ჭყვიშიდან და ა. შ. - ეგ ბედნიერი გამონაკლისებია. მოდი, რა ცოტა ხანი თავი დავანებოთ ვაჟას, ილიას, იაკობ გოგებაშვილს და მასებს გადავხედოთ. ნახეთ რა ხდება თბილისში (ამას თბილისელებს ვეუბნები, ჩამოსულები ამას ვერ გაიგებენ), ქუჩაში ქალაქელი აღარ დადის, ტრანსპორტში, ყველანაირ კილოს გაიგონებთ, თბილისურის გარდა. მე სოფელიც მიყვარს და სოფლელებიც, მაგრამ როცა ქალაქი სოფელს ემსგავსება, ეს უკვე საშინელებაა. ჩამოდიან და ჩამოდიან ბლიად რა!!! ამას უკვე დასასრული აღარ უჩანს. ასე თუ გაგრძელდა, ეს მიგრაცია სოფლებიდან და რაიონებიდან 10 წელიწადში თბილისი უკვე აღარ იქნება.!!! წადით რა დაუბრუნდით თქვენს სოფლებს. აქ თბილისს არაფერში არ ჭირდებით და იქ კიდევ თქვეს კუთხეებს აკლიხართ! ვის გაუგია მთელი ერის თითქმის ორმოცდაათი პროცენი ერთ დედაქალაქში არის წარმოჩენილი. ეს არის ურბანული კატასტროფა.

    ReplyDelete
  7. გალა[კ]ტიონი ლევან, გალა[კ]ტიონი :)

    ReplyDelete
  8. აუ, ტიპი იმას კი არ ფიქრობს, 10 წელიწადში სოფელი დაცარიელდება და რა გვეშველებაო, იმას ჩივის - ქალაქი აღარ ემსგავსევა ქალაქსო :(

    ჩემო კარგო, ტრანსპორტში ყურები დახუჭე, თვალებიც, ან საერთოდ - სვეცკი თბილისელები ფაბლიქ ტრანსპორტით დადიან? მე ეგ მხოლოს სოფლელების პრეროგატივა მეგონა, ქალაქელებს მანქანა ჰყავთ გენაცვალე და საკუთარი ნაჭუჭუჭით დადიან ყველგან ;)

    ReplyDelete
  9. "ასეთი მრავალფეროვნება და ფოლკლორი, დიალექტი, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა მხოლოდ არტგენზე და ფეისბუქზე დაყენებული პროფილების შემთხვევაში არ უნდა მოგვწონდეს, ისე კი გვაღიზიანებდეს". kargi pararelebi da shedarebebi gaqvs:)) kargi naazrevia

    ReplyDelete
  10. როგორც ჰუმანოიდი ამბობს (ქუთაისელი სხვათაშორის) პროვინციალიზმი, მენტალური ცნებაა – არა გეოგრაფიული და ვიწრო სოციუმებს ახასიათებს. გაფართოება გვჭირდება, რაც უცხოეთში გადახვეწილ დიდ მოაზროვნეს თუ დავესესხებით :დ ყოველთვის მტკივნეული პროცესია :)

    ReplyDelete
  11. მე ვფიქრობ, აქ წმინდა კონკურენციის ამბავია, თავისთავად არც კილოშია პრობლემა და არც დიალექტით ლაპარაკში.

    ცნობილი ამბავია, რომ სოფლელელი ინტერესიანები და ამბიციურები არიან, ქალაქელები, რატომღაც - არა?
    ქალაქელები კმაყოფილდებიან იმით, რომ ქალაქელები არიან და ამ საუფუძვლით ვიღაცაზე ზემოდან ყურება შეუძლიათ, ვიღაც კი 'კარენოი თბილისელობის' გამო პატივს სცემს და მათ ეგოს აკმაყოფილებს.

    სოფლელს თვითდამკვიდრება უწევს, ბუნებრივად უნდა იბრძოლოს, თუ უნდა რომ ადგილი დაიმკვიდროს და ე.წ. ქალაქელს ზემოდან, უსაფუძვლოდ არ დაახედინოს. უნდა დაამტკიცოს, რომ ნიჭიერია, რომ ჭკვიანია, რომ ბრძოლისუნარიანია, რომ სიმპატიურია, მოდურია, გემოვნებიანია, ფულის შოვნაც შეუძლია და მაგარი ბიჭის/გოგოს ყოლაც. აბა ქალაქელს ეს ყველაფერი რაში ჭირდება, ვის რა უნდა უმტკიცოს, ის ხომ ისედაც ქალაქელია და ამით ყველაფერია ნათქვამი? :)

    საბოლოოდ კი ეს ქალაქელი, წლების მერე წარუმატებელი, ხედავს სოფლელს, რომელიც მასინ ჩამოვიდა თბილისში, როცა მისი წინაპრების საგვარეულო სასაფლაოზე თბილისში, რიგით მეასე ადამიანი დაიკრძალა და კი აჯობა ქალაქელს, ყველაფერში მასზე წინაა და ა.შ.

    გადახედეთ მინისტრებს, თანამდებობის პირებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებს, წაგვლეკეს სოფლელებმა ბატონო, წაგვლეკეს. რა დროს გალაკტიონია, ის ერთი იყო, ახლა ბევრნი არიან და თავზე გვაზიან :D

    არადა, ძალიან ბუნებრივი პროცესია, ის ადამიანი, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში იზრდება, ვითარდება, ვერასოდეს იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ადამიანი, რომელიც საკუთარ ბუდეს კრიტიკულ ასაკში მოწყდა, გადასახლდა, დამკვიდრდა, გამოიწრთო და გახდა უფრო flexible.

    ამიტომ, საყვარელოს ქალაქელებო, იმით მარიაჟობას, რომ თბილისში ვაკეს და ვერას არ გაცდენილხართ და დიდი დიღომს ამერიკის საელჩოთი აგნებთ, ჯობია გაანძრიოთ ხელი, ფეხი, სხვა ადგილები, ცოტა ხანს ან უფრო დიდ ქალაქში გადასახლდეთ და შეიგრნოთ საკუთარ თავზე პროვინციიდან ჩასულის ხიბლი, ან სულაც სოფელში გადახვიდეთ. გამოდით საკუთარი ნაჭუჭიდან და მოგეხსნებათ კომპლექსები, სოფლელსაც დაიკიდებთ, ქალაქელსაც, არაბსაც და ზანგსაც. \

    უფ, რამდენი ვწერე. რამე სისულელე თუა, არ შეიმჩნიოთ, არ გადამიკითხავს. და რა თქმა უნდა, ყველა სოფლელს და ყველა ქალაქელს არ ეხება ეს ყველაფერი :)

    პ.ს. მე რომ თბილისში დავიბად-გავიზარდე, დედაჩემი ქუთაისში დაიბადა, მამაჩემი კი - სვანეთში, რა გამოვდივარ? :D

    ReplyDelete
  12. Katiée ისეთი მაგარი კომენტარი იყო, დაშეარება მომინდა <3 :))
    გენიალურად ჩამოაყალიბე და 100% გეთანხმები ყველაფერში...
    სოფლელობა ნამდვილად მედიცინის (ტვინის) ამბავია და არა გეოგრაფიის ;))

    ReplyDelete
  13. "ასეთი მრავალფეროვნება და ფოლკლორი, დიალექტი, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა მხოლოდ არტგენზე და ფეისბუქზე დაყენებული პროფილების შემთხვევაში არ უნდა მოგვწონდეს, ისე კი გვაღიზიანებდეს". dzalian kargi shedarebebi da pararelebi gaqvs. momewona:)) gamofxizlebasavit postia... gamosagvidzebeli naazrevi... :*

    ReplyDelete
  14. lasharela:

    "გალა[კ]ტიონი ლევან, გალა[კ]ტიონი"

    კარგი, გალაკტიონი! შენიშვნა მიღებულია. ამის გარდა სხვა სათქმელი არაფერი გაქვს? :)

    ReplyDelete
  15. სხვა რა უნდა გითხრა - ვბრუნები სამტრედიაში, თორე აქ რო დავრჩე მერე ჩემი შვილიშვილი დაუწყებს ვიღაცეებს: გაივსო ქალაქი სოფლელებითო :)

    ReplyDelete