Friday, June 3, 2011

როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?

წიგნის ფესტივალზე, ამასწინათ ფასდაკლებით ნაყიდ დათო ტურაშვილის "ამერიკულ ზღაპრებს" დიდი სიამოვნებით ვკითხოლობ ხოლმე. ძირითადად როდესაც მეტრო "ახმეტელიდან" (არ მინდა სნობურად გამომივიდეს, მაგრამ ასეა) ქალაქის ცენტრამდე ჩავაღწევ, წიგნს მოვიმარვებ და დრო ისე სწრაფად გადის რომ ვერც კი ვიგებ.

როდესაც ლაშა ბუღაძის დაკოტელი მანდილოსანის გაცნობის შემდეგ გაჩენილი "ეთნო-ისტორიული სურვილი _ კი დაკოტავდა ამას კაციო..." ამოვიკითხე წიგნის ფურცლიდან, ისეთი ხარხარი ავტეხე, ობლობაზე სიმღერით იოგებდაჭიმული მაწანწალას ხმა მთლიანად გადავფარე და აუდიტორიას "გიჟი არ ვარ, მართლა სასაცილოა-მეთქი" მზერით ვუპასუხე.

წიგნი მართლაც რომ გულახდილი, საინტერესო და ძალიან სასაცილოა. თუმცა კითხულობ წიგნს და ნებით თუ უნებლიედ, ავტორთან ერთად, ძალიან ბევრ ამერიკულ-ქართულ პარალელს ავლებ. უფრო სწორად კი სხვისი კარგის ფონზე შენს ცუდს ხედავ და პირიქით. სწორედ ამიტომაც სიცილ-ხუმრობაში ბევრი ისეთი თემაა გახვეული, რომელზეც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებს შორის მოგზაურობისთვის საჭირო დრო ნამდვილად არ არის საკმარისი და მიწისქვეშ წამოწყებული ფიქრი, ზემოთაც გვერდიდან არ მშორდება მთელი დღე.

ერთერთი ასეთი მონაკვეთი, სწორედ იმ "ზღაპარში" ამოვიკითხე, რომელის ბოლოსაც ბუღაძის "დაკოტავდაზე" ავტეხე ისტერიკა:

"მადლობის ნიშნად რომ ვაკოცე, მასაც აფხაზეთის სუნი ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მხოლოდ აფხაზეთის ზღვას შეიძლბა ჰქონდეს. ძალიან მომინდა ამ ზღვაში შესვლა, კიდევ ერთხელ ვაკოცე და, როცა მომეჩვენა, ჩემიწილი აფხაზეთის დაბრუნება უკვე ძალიან ახლოს იყო, მან მითხრა სწორედ ის, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუმალავთ:
- აფხაზეთს მანამ ვერ დაიბრუნებთ, სანამ აფხაზეთი თქვენთვის მხოლოდ კურორტიაო."

სწორედ ამ აბზაცით გამოწვეულ ფიქრებში ვიყავი გართული, katee.ge-ს ბლოგზე, პატრიარქი სამძიმარის წერილის განხილვა რომ წავიკითხე, სადაც აღშფოთებული ფეისბუქ-მოსახლეობის შემაჯამებელი პერიფრაზი, "სამძიმარი გაუგზავნო მტერს" იყო გაბოლდებული, და მხოლოდ მას შემდეგ რაც იქვე მივაკომენტარე: "აფხაზეთს მანამ ვერ დავიბრუნებთ, სანამ მაგ ხალხს მტრად მივიჩნევთ-მეთქი" მივხვდი, რომ მეც ტურაშვილის პერსონაჟვით კიდევ ერთი, დამატებითი და ამჯერად განსხვავებული რჩევა-დარიგება მივეცი "ქართველებს" - როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი.

შემდეგ ისიც გამახსენდა, როგორ შემოათრია ჩემმა კურსელმა სამხედროს ლექციაზე რუკები და "ალექსანდროვის" ფურცლები, რომლებზეც აფხაზეთის, 4 საათში დაბრუნების სამხედრო სტრატეგია იყო წარმოდგენილი.

არც ჩვენი მთავრობა დამვიწყებია, რომელიც არანაკლებ უტოპიური და ბრიყვული ინციატივით გამოვიდა: "ყველა ვინც კი ფლაერს თუ ლიფლეტს დაბეჭდავს, კანონის ძალით ვალდებული იქნება მიაწეროს, რომ აფხაზეთი და ოსეთი ჩვენ გვეკუთვნის და ამჟამად ოკუპირებულიაო" (ერთი "მოწევა კლავს" წარწერამ შეამცირა მწეველთა რიცხვი და მეორე ლიფლეტებზე დაბეჭდილი "გახსოვდეს აფხაზეთი" დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს).

მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ალბათ ყოველი ქართველი ფიქრობს (ან უფიქრია მაინც) _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი? საგულდაგულოდ მოვიფიქროთ შეურაცმხყოფელი სიტყვები: "მარიონეტული", "კარიკატურული" და სხვა, თუ წლების განმავლობაში თავდაცვის გაძლიერებისთვის დახარჯული ფული (რომლის დასაკარგად სხვათა შორის "აგვისტოს 5 დღე"-ც კი საკმარისი აღმოჩნდა) სოფლის მეურნეობის გაძლიერებისკენ მივმართოთ და "მუტირებული" სიმინდით გავუმასპინძლდეთ ოსებს და აფხაზებს? იქნებ კლიპი გადაგვეღო აწ უკვე გარდაცვლილი ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით _ აფახზეთს თუ არა შოუ-ბიზნეს მაინც ხომ დავიბრუნებთ? თუ სულაც, როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა, ავაშენოთ დიიდი კედელი და ვუთხრათ _ "სულ კარგადაც იყავით ხალხო თუ ჩვენთან არ გინდათ", კომფლიქტური რეგიონების თვით-ამპუტაცია გავიკეთოთ, ანთება ჩამცხრალი ორგანიზმი მოვაძლიეროთ და განვავითაროთ, რის შემდეგაც "კარგი ცხოვრება ყველას უნდა" პრინციპით, ავტომატურად მოხდება აფხაზების და ოსების ინტეგრაცია ქვეყანაში. მე კი საერტოდ ვფიქრობ რომ შეკითხვა "როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი"-ც კი არასწორია და "როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში?" ფორმულირება მიმაჩნია პრობლემის გასაღებად.

რომელი გზაა სწორი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია _ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ უფრო აქტიურად ვიდრე დღეს ვფიქრობთ. ამასთან უნდა ვიყოთ უფრო კრიტიკულები საკუთარი თავის, მთავრობის და თუნდაც "შეშფოთება გამოთმული" უცხოელი პარტნიორების მიმართ. უნდა ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ნააზრევი. რადიკალურად თუ არა, გარკვეულ წილად მაინც შევცვალოთ დამოკიდებულება მოცემული ტერიტორიებისა და ხალხის მიმართ. ჩემთვის (და ალბთ თითეული თქვენგანისათვისაც) სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს _ როდესაც ერთი და იგივე მიდგომით არაფერი გამოგდის, რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალო.

... და რას ფიქრობ შენ _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?

5 comments:

  1. თუ გინდა ვინმე შენთან იყოს უნდა გაუშვა, დრო მისცე მიხვდეს, შენთან უკეთ იქნებოდა...
    პ.ს ტრადიციულად რომანტიკულ-ცინიკური ვარ :)

    ReplyDelete
  2. me ki mgonia , rom mas vegarv davibrunebt(vegar davbrundebit)erti samwuxaro faqtis gamo : ruseti rasac xelidan gamogglejs, ukan arafris didebit dagibrunebs.. (tan echvi mepareba xelidan waeglijos,langarze dadebuli miartves)vit)

    ReplyDelete
  3. ამაზე ბევრი მაქ ნაფიქრი(თან იქ დავიბადე), და ვერ ვიპოვე გამოსავალი.
    ძალით – არარეალურია, და არც მინდა რომც შევძლოთ.
    ნებით – არ იზამენ, ურჩევნიათ დამოუკიდებლობა, მოიპოვეს სისხლით, რატო უნდა მოუნდეთ უცებ ჩვენთან დაბრუნება? მე რო აფხაზი ვიყო არაფრით არ მომინდებოდა. ისინიც ჩვენსავით კავკასიელები არიან, ჩვენნაირად აზროვნებენ.

    მაგრამ ბოლო დროს ეს პრობლემა, ამ ფორმით დასმული, აღარ მაწუხებს. თუნდაც ვიყოთ 2 სახელმწიფო, მერე რა? ჯობია 2 დამოუკიდებელი და მეგობრული სახელმწიფო იყოს, ვიდრე ის რაც ახლა გვაქვს.

    რაღაც მელა ვერ შეწვდა ძეხვის პონტია ვიცი და სიტუაციისთვის ასე შეხედვა გამოსავალი არაა სხვებისთვის...

    პრობლემა არის აზროვნებაში, ორივე მხარეს. არამარტო აქ, არამედ ყველგან მთელ მსოფლიოში. სიძულვილი და სისულელე არის პრობლემა. რა მნიშვნელობა აქვს პრობლემების ფორმალურად მოგვარებას, როცა ძირეული პრობლემა რჩება.

    რა სიმართლეზე და სამართლიანობაზე უნდა ელაპარაკო ამ ხალხს... 2 გიჟი ჩხუბობს რაღაც უაზრობაზე...

    არ ვიცი რამდენად შევძლებ მაგრამ მე პირადად მინდა რომ ჩემი ენერგია აზროვნების შეცვლას მოვახმარო.

    საერთოდ არ ვიფიქროთ ჯერ ამ სტატუსზე, ვიზრუნოთ იმაზე რომ სიძულვილი ჩაცხრეს და ურთიერთობა აღდგეს, ეს ხო ნებისმიერ შემთხვევაში გასაკეთებელია, რა სტატუსიც არ უნდა გვქონდეს მომავალში.

    ReplyDelete
  4. თუ აფხაზებს და ქართველებს შეხედავ როგორც აბსოლუტურად ერთნაირ ხალხს, არანაირი "ისინი" და "ჩვენ", პრობლემა უკვე სხვანაირი ჩანს.
    უნდა დაიწყოს ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ იქნებ მოვთაფლოთ და შემოვიტყუოთ. უნდა მივხვდეთ რომ სიგიჟეა რაც ხდება და სხვებიც მივახვედროთ რამდენადაც შევძლებთ.

    ისე მშვიდობის მოყვარე ხალხის უმეტესობას, (რასაც ინეტში ვაკვირდები) პრაგმატულობა აკლიათ. ზევიდან დაჰყურებენ სხვებს და ამიტომ იზოლაციაში ექცევიან.

    როცა ხედავ გიჟს და ხვდები, რომ გიჟია, ეს კარგია, მაგრამ ეგრევე თუ აჯახე გიჟი ხარო, ვერაფერს ვერ მიაღწევ. კარგი სტრატეგია და ტაქტიკა, და ნელი წინსვლა გჭირდება(shutter island გამახსენდა).

    ReplyDelete
  5. უნდა ვიომოთ და ისე დავიბრუნოთ , რა ორი სახელმწიფო ? ჩვენ არასდროს დავთმობთ ჩვენს მიწებს,,, აგერ ნახავთ როსეთი მალე მოლღვება და სამაგიეროს გადავუხდით ყველას..
    ჩვენ დავბრუნდებით!

    ReplyDelete