Sunday, June 5, 2011

დიდება რენი

არ მიყვარს პაპსა თემები, მაგრამ ახალ გაღვიძებულზე და წუხანდელ თბილისურ "წითელხალიჩობანაზე" რომ არ დავწერო, ისე გემრიელად ვერ დავლევ მწვანე ჩაის, რომელიც ჯერ არ მომიმზადებია.

ვინ არის რენი ჰარლენი? სიმართლე გითხრათ, ყურმოკრული კი მქონდა (ან რატო არ მექნებოდა, რაც მე ბოევიკები მინახავს) მარა ახლა ასე ზედმიწევნით ნამდვილად არ ვიცოდი. თურმე ნუ იტყვით და კერკეტი კაკალი 2 მაგისი გადაღებული ყოფილა. ვერაფერს იტყვი _ კლ'ასიკაა (ბრიუს, კიდევ კარგი შენი თვალებში გამოცრილი მზერა თორე მოუწევდა მაგ კაკალს, მტვრიან თაროზე ყურყუტი).

მოკლედ, გადაიღო ამ კაცმა ეს "აგვისტოს 5 დღე". გადაიღო და გაგიჟდა ხალხი (ისე, პრეზიდენტს არ მოსწონებია). გაგიჟდა ხალხი და გაგიჟდა რენი. ჩამოვიდა თბილისში.  წინა ჩამოსვლაზე, გორთან ახლოს ფეხსაცმელში ჩაყრილი მიწა ამოიფერთხა, შვებით ამოისუნთქა და ქართულ ბეტონს ემთხვია.

რენის ჩამოყვა შერონ სტოუნი - რა შუაში და კიდეში იყო კაცმა არ იცის, მაგრამ პრეზიდენტის სასახლის გუმბათში, გამჭვირვალე შუშის შუაში რომ მოხვდა (მოხვდა რა, მოახვედრეს) მთელმა ერმა ნახა პირდაპირ ეთერში.

ისე არა არის შერონი მშიშარა ქალი და თუ ჭორს დავუჯერებთ, რომ "მა თახსირი ქალი თურმე უტრუსიკოდ დეიარება", გასაკვირი სულაც არ არის, რატომ არ "დანებდა" პრეზიდენტს, შუშის იატაკზე შემდგარიყო.

მოკლედ ჩამოვიდა რენი. რენი, რენი _ სკანდირებენ ჟურნალისტები. რენი, რენი სკანდირებს ოთახში ჩართული ტელევიზორიც.

- რენი ჟურნალისტებთან შეჩერდა და ესაუბრება
- რენი ჟურნალისტებთან არ შეჩერდა და არ ესაუბრება
- რენიმ ქართულ მიწას აკოცა
- რენიმ ქართულ მიწას არ აკოცა
- რენიმ ჩაისუნთქა
- რენიმ ამოისუნთქა
- რენიმ ქართველ ჟურნალისტებთან მუხლი მოიდრიკა
- რენიმ ლობიო გასინჯა
- რენიმ, ჩემი მურადა ასე ამბობდაო...
- რენიმ ივერია გაბრწყინდებაო
- რენიმ რენო რუნის აჩუქაო
- რენიმ მე პას-ო

იმასაც ამბობენ, სახელისუფლებო PR-ის მამებს, ქართულ ენაში ბრუნვის მერვე  პირის _ "რენეობითის", დამატებაც სურდათო, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ თურმე  წოდებითის შემდეგ ყოფილიყო თუ სახელობითამდე და თავიც დაუნებებიათ.

ამასობაში გადაიკეტა რუსთაველი, გაიშალა (არც ისე) წითელი ხალიჩა, დაიწურა საწნახელი...

ჟურნალისტი: და მაინც იქნებ გვითხრათ, როგორი კერძები იქნება წარმოდგენილი (კიდევ კარგი მოწვეულიო რომ არ თქვა) საქველმოქმედო საღამოზე
ვიღაც: იცით, იქნება სხვადასხვა კერძები
ჟურნალისტი: თევზი ქინძმარში იქნება თუ მშრალად
ვიღაც: მშრალად
ჟურნალისტი: და ბადრიჯანზე ნიგოზი ხომ არ მიგაკლდათ...

გადმოდის, გადმოდის ("აფრინდა, აფრინდა..." - გახსოვთ?) ენდია გარსია გადმოდიის. "ნახე მამიკო მოდილიანი" - ისმის კადრში. ენდი ამაყია, თამამია, რუსთაველი გადაკეტილია _ რას იფიქრებს რომ გზას ერთადერთი მანქანა არ დაუთმობს.

- მიდიო _ ეუბნება გარსია
- მაგას რავა ვიკადრებ, სტუმარი კაცი ხარო - პასუხობს ქართველი მძღოლი
- მიდი კაცო, მიდი გეჩქარება ეტყობა შენ სადმეო _ არ იშლის ენდი
- სად ჯანდაბაში უნდა მეჩქარებოდეს, ჩვევაა თორეო...
- კაცო, მიდი მე შენ გელაპარაკები-მეთქი - გაჭიმა ხელი ენდიმ
- ქართველი რო იყო ზედაც გადაგივლიდი, მარა სტუმარს მაგი რავა გაკადროო - გაჭიმა ფეხი მძღოლმა

- რენიმ მარჯვენა ფეხი გადადგა
- რენიმ მარჯვენა ფეხი არ გადადგა
- რენიმ მარცხენა ფეხი გადადგა...

აგრძელებენ ბედნიერებისაგან სახეგაბადრული ჟურნალისტები. რენიც გაგიჟდა - მგონი, ერთი ორი ფილმი და აქ ხალხს ისე ვუყვარვარ, პრეზიდენტადაც ამირჩევენო.

- ხო არ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად _ გადაჩურჩულა ცოლს რენიმ
- საცხოვრებლადს მოგცემ, ის არ გეყოფა აეროპორტში ბეტონი რო დურდღნეო
- რა ვქნა ახლა, გადამიხადეს კაცო ამ ხალხმა და სხვანაირად არ გამოდიოდაო
- გადაგიხადეს და გადაგიხადეს, რამე დაგეფინა მაინც ზედო

- გარსია იღიმის
- გარსია არ იღიმის
- გარსია მომესალმა... არ ვიცი კადრში დაინახეთ თუ არა, მაგრამ ენდი გარსიამ ჩემსკენ გამოიხედა და მომესალმა ...  (ჟურნალისტს გული მისდის და წითელ ხალიჩასთან ეცემა)

- აუუ რა მანქანაა _ ისმის კადრში ბავშვის აღფრთოვანებული შეძახილი. მანქანიდან კი შერონი გადმოდის. ვხვდები, რომ ერთ წამში ლომზე და შიშველ ქალზე ანეგდოტის თანამედროვე ვერსია დაიბადა, რომელაც ყურადღებას არავინ მიაქცევს.

- რენი დარბაზიდან გამოდის
- რენი კიბეებით დაბლა ეშვება
- რენი კინოთეატრის ჰოლს კვეთს
- რენი ტუალეტისაკენ მიემართება
- რენიი....რენიიიიიიიიიიიიიი

***
არა და ხო გულით გთხოვე _ არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო-მეთქი?

P.S. ახლა მივხვდი რატომ შერონი _ როგორც ჩემი ძველი პოსტი მოწმობს, ის ერთადერთია ვინც პუტინის დაკრულზე არ იცეკვა!

No comments:

Post a Comment