რა მოხდება ნბისმიერი მომენტიდან, სამყარო რომ ავიღოთ და დავაკოპიროთ?
განვითარდება სამყაროს ორივე კოპია ზუსტად ერთნაირად თუ არა? თუ კი, მაშინ გამოდის რომ ყველაფერი მართლაც წინასწარ არის განსაზღვრული. თუ არა, მშინ რა არის ის, რაც აბსოლუტურად ერთნაირ სამყაროს სხვადასხვა განვითარებას მისცემს?
წარმოიდგინეთ კვადრატი (კუბიც კი არაა საჭირო _ 2D მოდელი საკმარისია). ამ კვადრატში წარმოიდგინეთ წერტილი, რომელზეც არანაირი ძალა არ მოქმედებს გარდა უკუგებისა. მას თუ გარკვეულ სიჩქარეს მივანიჭებთ ის კვადრატის კედლებზე დაიწყებს ასხლეტვას, წინასწარ განსაზღვრული წესებით, სადაც დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლი იქნება და ა.შ.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ კვადრატში უამრავი წერტილია. ყოველი მათგანი მოძრაობს: ერთმანეთს ეჯახებიან, ისხლიტავენ, ეჯახებიან კედლებს და ა.შ. თეორიულად შესაძლებელია, მოცემულმა წერტილებმა, უსასრულოდ შეასრულონ უნიკალური მოძრაობები (თუმცა ინტუიცია მკარნახობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ალბათ გარვეული ციკლი შეიკვრება და განმეორდება), მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩემი გონებრივი ექსპერიმენტისთვის წარმოიდგინეთ, რომ ეს კვადრატი ზუსტად დავაკოპირეთ დროის გარკვეულ მომენტიდან.
ბუნებრივია და ფაქტია, რომ მკაცრად განსაზღვრული წესების თანახმა მოძრავი წერტილები, აბსოლუტურად ერთნაირად გააგრძელებენ ორივე კვადრატში მოძრაობას. არცერთ მათგანში არაფერი არ შეიცვლება. რაგან წინასწარ მკაცრად (მათემატიკურად) განსაზღვრულია წერტილის სიჩქარე, არეკვლის წესი და ა.შ.
იდეაში სამყაროს რომ შეხედოთ, ისიც უამრავი წერტილის ურთიერთქმედებაა. მატერიალური და არამატერიალური ერთეულების განუწყვეტელი ურთიერთქმედება, სამყაროში განსაზღვრული წესების თანახმა. უბრალოდ წერტილებისგან განსვავებით აქ იმდენად ბევრი ობიექტი ურთიერთქედებს, რომ რაიმეს დაანგარიშება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა თეორიულად თუ სამყაროს ნებისმიერ მომენტში დააკოპირებ, წესით ორი ატომი ზუსტად ერთნაირად უნდა დაეჯახოს ერთმანეთს, ზუსტად ერთნაირად უნდა დაეცეს ორი კამათელი. მოკლედ ყველაფერი ზუსტად ერთნაირად უნდა მოხდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ არსებობს გარკვეული ალგორითმი, გარკვეული მათემატიკური მოდელი, რომელიც ზუსტად ერთი და იგივე საწყისი პარამეტრებით ორ სხვადასხვა შედეგს იძლევა. ანუ წარმოიდგინთ ერთი და იგივე განტოლება, ბევრჯერ რომ ამოხსნათ, აბსოლუტურად ერთნაირად, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი შედეგი მიიღოთ. ანუ გარკვეულ მომენტში კვადრატში მოქცეული წერტილი თავად წყვეტს მარჯვნივ აისხლიტოს თუ მარცხნივ.
ამ თემებით და ფილოსოფიური მსჯელობით ვიყავი ჩაფიქრებული, როდესაც ლინგვისტუსმა მათემატიკოსის (და თურმე არამარტო) ჯონ ფონ ნოიმანის მიერ შემუშავებული ფსევდოშემთხვევითი რიცხვების გენერაციის მათემატიკური მოდელი მაჩვენა, რომელიც კომპიუტერულ სისტემებში გამოიყენება. სხვათა შორის აღმოვჩინე, რომ რიცხვები, რომლებიც მათემატიკური მოდელებით გენერირდება, ფსევდოშემთხვევით რიცხვებად მოიხსენიება. "ფსევდო" რადგან, საწყის რიცხვს მაინც ადამიანი (ან რაიმე მოწყობილობა) ანიჭებს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რიცხვბები შეგიძლია გამოიყვანო, მაგრამ პირველი რირცხვი თუ განმეორდა არაფერი შეიცვლება.
სწორედ ამიტომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში საწყის რიცხვს იღებენ, ან კურსორის პოზიციიდან, ან "ვიდეო-კარტაში" გამავალი სიგნალებისგან (ეკრანზე ხომ ყველაფერი იცვლება უმეტესწილად), ყველაზე ხშირად პროცესორის რხევებისგან. აგრეთვე თურმე ყოფილა მოწყობილობები, რომლებიც გარკვეულ კოსმიურ რხევებს ზომავენ, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებელი წყაროდან მიიღონდ შემთხვევითი რიცხვი. თუმცა აბსოლუტური შემთხვევითობა (ეს დასახელება მე დავარქვი და თუ არაა მორგებული მომიტევეთ) ჯერ-ჯერობით ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია.
მათ შორის თავად ნეიმანს უთქვამს: "ადამიანი რომელიც ცდილობს მიაკვლიოს შემთხვევითი რიცხვების მიღების მათემატიკურ მოდელს, უდავოა რომ ცოდვილი გახლავთო".
მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი მათემატიკური მოდელი სამყაროში არსებობს. ალბთ სწორედ ის არის გასაღები ხელოვნური ინტელექტის მისაღებად, სადაც მათემატიკური ალგორითმი განსაზღვრავს "მარჯვნივ" თუ "მარცხნივ". მსგავს ალგორითმზე დაყრდნობილი პროგრამა იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი, თვითმყოფადი. ის არ იქნება დამოკიდებული არც გარე სამყაროზე, არც ადამიანის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სწორხაზოვან ალგორითმს გაყვება. ის თავად გადაწყვეტს რა ქნას - არჩევანის თავისუფლება, ვფიქრობ დიდწილად უკავშირდება აბსოლუტურ შემთხვევითობას.
ამ თემებზე რომ ვფიქრობ, შინაგანად ვხვდები რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვეხები, რაღაც მნიშვნელოვანში ვაფათურებ ხელს და სიმართლე გითხრათ არასასიამოვნო შეგრძნება მიპყრობს.
როგორც არ უნდა იყოს, მირჩევნია, რომ ადამიანმა ვერასოდეს მიაგნოს აბსოლუტური შემთხვევითობის მათემატიკურ მოდელს _ E = mc² - ამ მარტივმა ფორმულამ რაც უბედურება დააწია კაცობრიობას ისიც საკმარისია, ახალი რომ არ დაგვემატოს.
No comments:
Post a Comment