Friday, June 17, 2011

ჩვენ ყველანი ბედნიერი საქართველოს შვილები ვართ


"ჩვენთვის წმინდათა წმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებ პირადად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც აქვს კანონიერი მოთხოვნები, ან უკმაყოფილება, ჰქონდეთ საშუალება თავის აზრი და პროტესტი გამოხატონ საქართველოს ხელისუფლებასთან... ვერაფერი ვერ ჩაშლის დღევანდელი დღის აღნიშვნას. ასე იყო აქამდე და ასე იქნება აწი მუდმივად. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტების ყველანაირ პროვოკაციას ყოველთვის გავცემთ საკადრის პასუხს".

ეს სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 26 მაისს, აღლუმზე წარმოსთქვა. რუსთაველის პროსპექტი ბზინავდა, მთავრობის საგულდაგულოდ გამოწყობილი წევრები ბრწყინავდნენ, ქვეყნის მთავარსარდალი პატაკს იბარებდა და მის წინ ჩავლილ სამხედრო ტექნიკას გაჰყურებდა, ჰიმნს ახალგაზრდა გოგონა, ამაყად თავაწეული ასრულებდა. დამსწრე საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ზეიმობდა. ზეიმობდა ღირსეულად. ლამაზად ჩაცმული ადამიანები, ჰიმნის მოსმენისას გულზეხელდადებულები, ოდნავ ჩაფიქრებული გამომეტყველებით – "უჰ, რა არ გადავიტანეთ ამ 20 წლის მანძილზე, ძლივს არ გვეღირსა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება".

აღტაცება, მხიარული მუსიკა, მზე და ბედნიერი სახეები – აი როგორია საქართველო 20 წლის შემდეგ. აშენებული, დამშვენებული, დემოკრატიული და თავისუფალი. 2011 წლის 26 მაისის შუადღეა და ყველაფერი გენიალურადაა.

მართალია წინა დღეებში მოღალატე ხალხის ჯგუფი, რაღაც აბსურდული მოთხოვნებით და აგრესიული ქმედებებით საზეიმო განწყობის გაფუჭებას შეეცადა, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. მოხერხებულად გაწმინდეს ტერიტორია ამ არამზადებისგან და მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება მისცეს ლაღად აღენიშნათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეს მრგვალი თარიღი.

აღლუმის შემდეგ ბედნიერი თბილისელები ახლად გახსნილ პარკში გაისეირნებენ – რიყეზე. სულ პრიალებს იქაურობა – ბეტონი, ცემენტი, პარკეტი, "ციკლოვკა". ერთ ღერ ბალახს ვერ ნახავ, ერთ სარეველას. ყველა აღნიშნავს, რომ ასე არცერთ მთავრობას არ უზრუნია თავის ხალხზე. თითო მოსეირნეზე თითო პოლიციელი მოდის. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, არც არავის გადამეტებული სიცილი შეგაწუხებთ, არც უზრდელი ახალგაზრდების უშნო კოცნაობა.....ჩამოჯექით ქვისგან გამოთლილ, კოხტა, კომფორტულ სკამებზე და დატკბით სამგანზომილებიანი შადრევნის ცეკვა–თამაშით, ისაუბრეთ აქეთურზე, იქითურზე...... გამოხატეთ მადლიერება. ხომ იცით, ადამიანს ისე არაფერი ახარებს, როგორც მადლობის მოსმენა.

–წარმოვიდგენდით კი 20 წლის წინ, რომ ასეთ გაბრდღვიალებულ ქუჩებში, ასე თამამად, ასე უსაფრთხოდ შევძლებდით სიარულს? –მოდი და ნუ დააფასებ. მოდი და ხმას ნუ მისცემ კიდევ ასჯერ და ათასჯერ. –მოდი და ნუ გაბრაზდები იმ "ბომჟებზე", მიტინგებს რომ აწყობენ. –უმადურები. ნამდვილი უმადურები. –ყველა უნდა დაიჭირო და სამაგალითოდ დასაჯო.

მალე, ახალი, საფრანგეთში დაბეჭდილი პასპორტები გამოვა. ევროპაში დაბეჭდილი მაინც სულ სხვაა. ჩვენც ევროპა ვართ ფაქტობრივად, მაგრამ პასპორტების ბეჭდვაში ჯერ მაინც საფრანგეთი გვჯობია. შეგვიმოკლებენ ამ გვარებს და ამოვისუნთქებთ. დროის დაზოგვაა ბოლოს და ბოლოს და ქაღალდის. სად მაგალითად, კუტუბიძეს ბოლომდე რომ იტყვი და სად, შემოკლებულად, უცებ, ერთი ამოსუნთქვით რომ წამოიძახებ.
მერე ეს პარლამენტი? როგორი სიმშვიდეა, სიწყნარე, ბუზის გაფრნის ხმას გაიგონებ, თუ მოინდომე. ამას მარტო ჩვენ კი არა, მთელი ევროპა აღნიშნავს უკვე.

ამასობაში ზაფხულიც მოვიდა. ბათუმში წასვლას რა სჯობს. საკანალიზაციო მილები უკვე მთელს ქალაქში გამოცვალეს. ზღვაა და კამკამებს ზურმუხტისფრად, პლაჟია და შეეჯიბროს კანი და სენ–ტროპე. სასტუმროებს არ იკითხავთ? სუპერთანამედროვე, ხარისხიანი, ახალი, საუკეთესო პირობებით და მომსახურებით. დროზე თუ არ დაჯავშნეთ ადგილები, გადაივსება ტურისტებით და დარჩებით პირში ჩალაგამოვლებულები.
მაგრამ ზღვაზე წასვლამდე, გირჩევთ ახალი ქართულ–ამერიკული ფილმი ნახოთ – კერკეტი კაკლის შემქმნელებისგან. მთელი მსოფლიო გადარეულია. კანის კინოფესტივალზე დარბაზების შესასვლელებთან რეანიმობილები იდგა, შოკირებული მაყურებლის მოსასულიერებლად. ფილმი ისეთი მძიმეა და შთამბეჭდავი,ბევრს დასჭირდა მათი დახმარება. პრემიერა თბილისშიც იყო ცოტა ხნის წინ. პომპეზური, ელიტარული, თავის ენდი გარსიებით და შერონ სტოუნებით. კიდე იტყვიან ეს კაცი არაფერს არ აკეთებსო. შერონ სტოუნი ჩამოგიყვანათ თქვე მამაცხონებულებო. ენდი გარსია გაატარა რუსთაველის პროსპექტზე. მეტი რაღა გინდათ? ყველაფრით უკმაყოფილოები როგორ ხართ? ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ეს ფილმიც მოეწონება. ვისაც არა, ბოდიში და მოღალატეები ყოფილხართ, სხვა რა უნდა გითხრათ, აბა?

ჯანმრთელი და ახალი ხორცის ყიდვა გნებავთ? აგერ ბატონო, ნატახტარის სასაკლაო – ცხოვრობ ბახმაროში? მოკიდე ხელი შენს ძროხას, ჩამოიყვანე. დაგიკლავენ, გაგიტყავებენ, მოგემსახურებიან, ბეჭედსაც დაგირტყამენ და გაყიდე მერე, მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე. შენც კმაყოფილი დარჩები და მყიდველიც.
ზრუნვას ყოველ ნაბიჯზე გრძნობ. აბა ვინმემ გაბედოს და ტელეფონში რამე გადაბრუნებული სიტყვა გითხრას – წამში გაჩნდებიან შესაბამისი სამსახურის მესვეურები და იმას უჩვენებენ სეირს. მოქალაქე ყოველმხრივ დაცულად უნდა გრძნობდეს თავს, აბა?

ეს მიტინგები და მაიმუნობებიც იმიტომ აიკრძალა, რომ ხალხმა თავისუფლად იაროს, არ შეწუხდეს. ნორმალური ცხოვრების რიტმი არ დაირღვეს და ქვეყნის ეკონომიკას (რომელიც აღმავლობის გზაზეა) საფრთხე არ შეექმნას, ტურისტები არ დააფრთხოს, მთავრობის წევრებს ფიქრსა და მუშაობაში ხელი არ შეუშალოს. იმ პარლამენტში სიჩუმეაო რომ ამბობთ, ფიქრობენ ბატონო და იმიტომ. ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრობენ.
ზამთრის კურორტის კეთილმოწყობა რომ დამთავრდება მესტიაში, მერეც არ იტყვით, რომ აღმშენებლობაა დაწყებული ქვეყანაში? იქნებ მერეც თქვათ, ალპებში ჯობია სრიალიო?

მადლიერება არაა მათი მხრიდან, გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპულთა პატივსაცემად დიდი ობელისკი რომ დადგეს? ღამით ფერადად გასხივოსნებული, დღისით ჟანგისფერი. ასეთი იშვიათი დიზაინის და შეფერილობის "მემორიალი" რომელ ქვეყანაში გინახავთ? ჰოდა, დაფიქრდით, სანამ კრიტიკას დაიწყებთ.
პირველკლასელებს, უკლებლივ ყველას, ლეპტოპები რომ აქვთ, 20 წლის წინ ამას ვინმე ოცნებაში მაინც წარმოიდგენდა?
და გზები? ყოველ წელს ახალ–ახალ გზებს გვიგებენ. უმადურებო, უმადურებო!
გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო – ამაზე მეტი თავმდაბლობა რაღა გინდათ? ამას ამბობს, გუნდი, რომელმაც წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და არც მომავალში აპირებს გაჩერებას.
დამოუკიდებელ და თავისუფალ ტელევიზიებზე არაფერს აღარ ვიტყვი. ცოტა თქვენც გაანძრიეთ ტვინი.
Fashion TV გვექნება მალე ჩემო ბატონო. პირადად პრემიერ მინისტრი ზრუნავს ამაზე. რომელი ქვეყნის პრემიერი გინახავთ ასეთი მონდომებით ცდილობდეს თანამედროვე მოდის ტენდენციები გააცნოს თავის ერს?
რომელი ერთი ჩამოვთვალო???

ჩვენ ყვავილების ქვეყანა ვართ, ჰოლანდიელები გვბაძავენ. ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ, ფრანგებმა რა იციან, ჩვენთან ყველა მღერის და ცეკვავს (ეს ფიმშიც ჩანს და მსოფლიომაც დაინახა უკვე), ჩვენ ზეზვა და მზია გვყავს – პირველი ევროპელები.

ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა. რაც გინდა თქვი, ვინ გიშლის.
აკი ვამბობთ კიდეც: ჩვენი პრეზიდენტი ყველაზე მაგარია, ჩვენმა პრეზიდენტმა ინგლისური იცის კარგად (სხვა უცხო ენებიც), ჩვენი პრეზიდენტი თხილამურებზე დგას, ცურავს კიდეც და სულ ფერად–ფერადი პერანგები აცვია (ამ პატარა შტრიხიდანაც ჩანს მისი პოზიტიური ნატურა), ჩვენი პრეზიდენტი ენერგიულია და სამართლიანი, ჩვენი პრეზიდენტი უშუალოა, როგორც კუმეო, ჩვენი პრეზიდენტი კრეატიულია (მის გარდა ვინ მოიფიქრებდა მთავრობის სხდომა სათაფლიას მღვიმეში ჩაეტარებინა? ან ზღვის პირას, მსუბუქი ბრიზი რომ უფრიალებს თმას, სიტყვით გამოსულიყო), ჩვენი პრეზიდენტი უშიშარია, ფრონტის წინა ხაზზე დგას, როცა ქვეყანას ჭირდება, ჩვენი პრეზიდენტი სამართლიანია, ჩვენს პრეზიდენტს ხალხი უყვარს, კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო დონის მომღერლებს დაადგმევინა ფეხი ქართულ მიწაზე, ჩვენი პრეზიდენტი მოწყალეა (ამდენი ამნისტია აბა სხვა რაზე მეტყველებს?), აღმშენებელია და ქველი, მუდამ ფხიზლადაა და თუ საჭირო გახდა, ყველას საკადრის პასუხს გასცემს.

ჩვენი ქვეყანა თავისუფალია.
ჩვენ ყველანი ბედნიერი საქართველოს შვილები ვართ.
მუსიკა, მუსიკაა საჭირო, უფრო კარგად რომ შევიგრძნოთ ეს სიხარული.
და აი ისიც:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ZUcvtwifo0U]

მღერის ყველა. სავალდებულოა, რამე არ შეგეშალოთ.

No comments:

Post a Comment