Friday, June 24, 2011

უმადურები

ნაგავი იზომება ვატებში
© ნანა ზარდიაშვილი


- ნახე როგორ ადრე გვიან
- უფრო სწორად გვიან გვიან
© ტარიელ ჭანტურია





კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ ქართველები ვართ უმადურები. მგონია, ჩვენი სიხარბე ამ დალოცვილი, კურთხეული, მადლიანი (კიდევ რა ეპითეტებით ვამკობთ?) მიწის ბრალია.

ყველაფერი ოხრად და თავზე საყრელად მოგვცა დედაბუნებამ. მოგვცა და ქართველ კაცსაც მეტი რა დარჩენოდა, ცალ ხელში ხმალი ეჭირა და მეორეში _ ყანწი (უკაცრავად, ეგ ქართლის დედას _ მამას ორივეში ყანწი!).

ერთი ბრძენი კაცის ნათქვამის არ იყოს _ ყურძენი 50 თეთრი, მანდარინი 40 და წყალი უფასოდ. მაგრამ მოიცა _ რა წყალი უფასოდ? წყალი კი არა ნაგავიც კი ფასიანია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, კეთილშობილი და თავის სამშობლოზე უზადოდ შეყვარებული ქართველი ერის ისტორიული მეხსიერება (256მბ) აუცილებლად შემოუნახავს შთამომავლობას იდიომურ გამოთქმას _ ამ დალოცვილ ქვეყანაში, ნაგავიც კი ფასიანიაო.

ისე, რაღა დაგიმალოთ და, მეც მიმაჩნია, რომ დასუფთავების გადასახდელის ერთ სულზე დაწესება არ იყო მთლად სწორი _ მოგეხსენებათ და სულები გარემოს არ აბინძურებენ!

მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის, რატომ ძვირდება ნაგავის გატანა. არავის არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს ფული ისევ ჩვენ მოგვხმარდება? თანაც სუფთად, კოპწიად და კოხტად ვიქნებით მიწიკწიკებულები. ზოგიერთ პელენწუკა მეზობელს ხომ არ დავემსგავსებით მართლაც და მართლაც. მე იმაშიც კი ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ნაგავი ყველაზე ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და კარბონეიტრალურია მთელს ევროპაში და ნუ ახლა, ბუნებრივია, ამიერკავკასიაში მითუმეტეს. როგორც ერთი ბრძენი ხელმწიფე იტყოდა _ ნაგავი ჩვენი გამარჯვებაა!

და ვინაიდან ასე მწირია Made in Georgia ადამიანის ისტორიული მეხსიერება (256მბ), მსურს შეგახსენოთ, რის გაკეთებას აპირებს მერია ამ ფულით:


  • ჭკვიანი შუქნიშნები - სულელი ჩვენი თავიც გვეყოფა
  • ტრამვაი - ოღონდ ყვითელი
  • გუდაური - მერე პრეზიდენტი გახსნის და იტყვის, რომ სრიალი არის ჩვენი გამარჯვება
  • დასამთავრებელი რიყის პარკი - მოფარებული, საზასაო ტოჩკებით
  • რამდენიმე სეზონის აკვიატება - მეც მაინტერეზებს, ფასადების, შადრევნების და შუშის შენობების შემდეგ, რა იქნება  2011-ის აკვიატების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში
  • წყალი - ახლა უკვე 24/7-ზე

ნუ ახლა, არის რა რეალურად საქმე. ასეც ხომ არ არის, არა?! თან ცოტა ბიჭებსაც ჭირდებათ გასვლა, გამოსვლა, მძღოლი, მივლინება (და აქ დავფიქრდი _ ჩავსვა თუ არა გამოთქმა "რამე-რუმე").

თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, გირჩევთ,  დროულად დაასუფთავეთ თქვენი კომპიუტერის სანაგვე ყუთები _ ამბობენ, მომავალი წლიდან "Empty Recycle Bin" ფასიანი ( 100 მბ - 10 ლარი) იქნებაო.

ასე, რომ სულ ტყუილად წუწუნებთ და ამასთან ძალიან ცდებით _ ნაგავი იზომება მე-გა-ბა-ი-ტებ-ში!!

1 comment:

  1. ეხლა ისეთი გადავიხარხარე, რომ მეზობლის თუთიყუშს გული გაუსკდა.. :)))))

    ReplyDelete