Saturday, June 25, 2011

აგურის შვიდიანი

წყარო: http://kalmasoba.com

[ეს მოთხრობა (ნებას თუ დამრთავთ, ასე რომ ვუწოდო) ალბათ ჟანრს მკითხველის ასაკიდან გამომდინარე შეიცვლის. უფროსი თაობისთვის რაღაც ტრაგედიის მაგვარი უნდა იყოს. მანდატურებით "გამაგრებულ" სკოლაში გაზრდილი მომავალი თაობისთვის, ალბათ ისეთივე ფანტასტიკა იქნება, როგორც ჩემთვის ერთ დროს მფრინავმანქანებიანი ფილმები იყო ტიტრით _ "2010 წელი". ჩემი თაობის სახელით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მაგარამ პირადად ჩემთვის კი ერთი ჩვეულებრივი "ჟიზნენი" ისტორიაა, რომელიც სახეზე ტკბილი მოგონებებისთვის ჩვეულ ღიმილს მგვრის ხოლმე.]

***
სამტრედიის ნომერი პირველი საშუალო სკოლა ისეთი იყო, როგორიც ნებისმიერ რაიონის საბჭოთა პერიოდში აშენებული სკოლა უნდა ყოფილიყო _ დამკსდარი კედლებით, ბალახამოხეთქილი ასფალტით დაფარული ეზოთი, რამდენიმე მიტოვებული, ოდესღაც მშენებარე შენობითურთ.

არეულობისა და "მხედრიონის" დროს კი არდადეგებზე ბავშვების მიერ საგულდაგულოდ და სათითაოდ ჩამსხვრეული ფანჯრის მინებიც ემატებოდა.

სამტრედიის პირველი საშუალო სკოლის მეექვსე ბ კლასიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც ომების, უშუქობის, პურის რიგების და მილიონკუპონიანი პურის მნახველი ბავშვებით დაკომპლექტებული კლასი უნდა ყოფილიყო.

სკოლის უკანა ეზოში, მგონი, სკოლაზე უფრო ძველი შენობა, უფრო სწორად კი შენობის ნანგრევები, როგორც ბავშვები ვეძახდით, "კაჩიგარია" იყო განთავსებული.

"კაჩიგარია" ბეტონის ნანგრევებისგან აშენებული ნამდვილი სამოთხე იყო. უზარმაზარი თუჯის ღუმელი, რომლითაც ერთ დროს სკოლის შენობა თბებოდა, საუკეთესო ადგილი იყო მასწავლებლებისგან დასამალად, ქალაქში ახლადგამოჩენილი მენთოლიანი სიგარეტის ხველებ-ხველებით გასასინჯად და წესით "ბულკების" საყიდლად მშობლების მოცემული ფულით სკოლის წინ "ბუტკაში" ნაყიდი, მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკური არაყით დასათრობად.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სკოლის კედლებმა, სასწავლო ნაწილის შვილი (რომელიც, სხვათა შორის, სხვა, წესით უფრო "პრესტიჟული" სკოლიდან გამოაგდეს) შეიკედლა.

სკოლის დირექცია ისედაც სისხლს გვიშრობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცილებით აუტანელი გახდა. კაჩიგარიამ მოსვენება დაკარგა _ თურმე ერთი ცოდვილიც კი საკმარისია, სამოთხე რომ ჯოჯოხეთად იქცეს. ეს ჩვენი სასწავლო ნაწილის შვილიც ჩვენდა ბედად "მაგარი" გამოდგა - ოღონდ გაკვეთილს არ დასწრებოდა და მზად იყო მთელი სკოლა უკანმოუხედავად გადაეწვა (ისე, კაცმა რო თქვას, მშობლისგან გამოყოლილი შიზოფრენიული ფსიქიკაც უწყობდა ხელს საამისოდ) . კლასი უმკაცრეს კონტროლზე აგვიყვანეს!

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ კაჩიგარიის უშველებელი რკინის კარი საშვილთაშვილოდ მიადუღეს კედელს. შესვენებაზე გამოსულები ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ გვართმევდნენ გატურტყნულ სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი მუშები სკოლაში_ აუტანელი მერხების ჯუნგლებში _ ნაპოვნ ერთადერთ ოაზისს _ "კაჩიგარიას".

ჩვენი თაობისთვის გათხრილი სანგრები, პრეზიდენტების დროებითი (თუ არც ისე) თავშესაფარი ბუნკერები, სახელდახელოდ მოწყობილი შტაბები უცხო არ იყო. ეს სიტყვაც _ "შტაბი" _ ჩვენს ცნობიერებაში, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი იყო _ სივრცე სადაც მტრისგან დაცული ვიქნებოდით. ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაშიც კი თავს შევაფარებდით და საბრძოლო-სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მივიღებდით. ასეთი თამაშიც კი გვქონდა _ "შტაბობანა". უბანი რა უბანი იქნებოდა და ბავშვი რა ბავშვი იყო, საკუთარი შტაბი ერთხელ მაინც რომ არ ქონოდა მოწყობილი: საიდუმლო სამალავით, ჩამოსაჯდომებით და კარტის სათამაშო მაგიდით.

გარდატეხის ასაკში მყოფი, ყველაფერის მიმართ აჯანღებული, აკაესის ტყვიებითა და "ტურბოს" ნაკლეიკებით ჯიბეებგამოტენილი "მებრძოლები" შტაბის გარეშე დავრჩით. სასწრაფოდ ახალი თავშესაფარი იყო საჭირო. სწორედ ამ დროს ბიჭებს მხსნელად პეტრე (როგორც ჩვენ ვეძახდით _ პეტრუშკა) მოევლინა.

ქერა თმები, კურდღელივით წინგამოწეული კბილები, თითქმის შეუმჩნეველი სიელმე და ნათლად შესამჩნევი სულელური მზერა, პეტრუშკას ყველასგან განსხვავებულს ხდიდა.

პეტრუშკას ბებია სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ ასე ჩავარდა ჩვენს ხელთ გასაღები, რომელმაც ყველა ოცნების კარი გაგვიღო. უფროსწორად კი აგვიღო. მიგდებული "კაჩიგარია" სკოლის სხვენმა ჩაანაცვლა, სადაც ერთ-ერთი ჩაბნელებული დერეფნის ბოლოს, რკინის მორყეული კიბით ვძვრებოდით.


პეტრე სხვენზე სამ შემთხვევაში ადიოდა: კლასელებთან ერთად _ სიგარეტის მოსაწევად და დასალევად; ირაკლისთან და რამაზისთან ერთად _ ფულზე სეკის სათამაშოდ და მარტო.

***
პეტრუშკა ერთ-ერთი იყო ვინც ჩვენს სკლასში, პორნო კარტი გააძრო. მთლიან კოლოდაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო. ეგ კი არა, ყვავის ტუზზე (რომელზეც ზანგის, თავზე უზარმაზარვარცხნილობიან და ძუძუებიან ქალს, ორი თეთრკანიანი ვერძილა ჟიმავდა) და გულის ვალეტზეც (სადაც ორი გოგო ერთმანეთს პირში ენას უტრიალებდა და ფეხებშუა ეფერებოდა) კი ნამდვილი ტაციაობა იყო. პირადად მე, ორი კვირა მომიწია ლოდინი, რათა ერთი დღე მენათხოვრა და ტანზემიკრულ, სველმაისურიან ორ უცხოელ გოგონასთან განვმარტოებულიყავი საკუთარ აბაზანაში.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. პეტრუშკას კიდე ჰქონდა ერთი "ვიზუალი" _ კარტი რომელსაც, არასოდეს არავის თხოვნიდა. ეს იყო შავი იატაკიდან ოდნავ აცდენილ ხასხასა წითელი სპორტული მანქანის კაპოტზე ფეხებგადაშლილი, ოქროსფერკანიანი საოცრება, რომლის სხეულზეც მორგებული ერთადერთი აქსესუარი _ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი _ სწორედ ის ათვლის წერტილი იყო, რომლიდანაც შენი სისხლის ამღვრევა იწყებოდა. საოცრად დახვეწილი სხეულის ნარუჯი კანის ფერი ისე ჰარმონიულად და მადისაღმძვრელად ერწყმოდა ქაღალდის კუთხეებში დატანილ წითელი რომბის ფიგურებს, სურვლი გიჩნდებოდა, ვაფლის ჭიქაში ჩამოსხმული შოკოლადისა და ვანილის შერეული ნაყინის მსგავსად ხელში აგეღო და ერთიანად აგელოკა.

გაკვეთილების შემდეგ პეტრე ფრთხილად გახსნიდა ჭერზე ასასვლელ ბოქლომს, მტვერის ფაფუკი ხალიჩით დაფენილ ფიცრებს ფეხაკრებით გაივლიდა და სწორედ იმ ადგილას, სადაც შიფერებს შორის გაჩენილი ნაპრალიდან ჩამავალი მზის სხივი ლაზერივით კვეთდა ტვრის ნაცმეცებით აელვარებულ ჰაერს, ჩამოჯდებოდა.მშიერ კუჭზე ჭიქა არაყს გადაკრავდა და ცხვირსახოცში საგულდაგულოდ შენახულ სიგარეტს გააბოლებდა. რიტუალის გასაგრძელებლად მარცხენა ხელში თავის ოცნებას _ აგურის შვიდიანს დაიჭერდა, მარჯვენაში კი _ მოვარდნილი სისხლის ნაკადით გაგიჟებულ იმედს მოიმარჯვებდა და თვალდახუჭული, რაც შეიძლება ნაზად, დედამიწაზე ყველაზე ლამაზ ქალთან, რომელსაც ოდესმე შეხებოდა, სიყვარულის ზღვაში იძირებოდა.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღს ყველაფერი ერთად არ მოინდომა _ დასპირტული არყით გაჟღენთილმა, მზის სხივებს მიფენილი შვიდიანი აგურით ხელში ისე გაათავა, რომ ვერც კი გაიგო, როგორ დაუვარდა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მტვრითა და გამხმარი ფოთლებით დაფარულ იატაკზე.

სკოლის ერთი ნახევარი მთლიანად დაიწვა. შენობის მეორე ფრთა მეხანძრეემა ძლივს გადაარჩინეს. სხვათა შორის, თვითონ, კარტისაგან განსხვავებით, ალალბედზე გადაურჩა დაწვას.

ამ ამბის მერე პეტრე კლასელებს აღარ გვინახავს. ამბობდნენ, რომ ოჯახმა სახლი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლადო.

***
საშინელი ამინდი იყო. თოვლ-ჭყაპში გაყინულს ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი. გათბობა ჩავრთე, ცხელი ჩაი დავისხი. თავი რომ მარტო არ მეგრძნო, ტელევიზორი ჩავრთე, საწოლზე მივეგდე და მთლიანად მოვეშვი. ნახევრად მიძინებულმა უცებ თვალები დავქაჩე , სიუჟეტის ავტორი რაღაცისა და რაღაცის მინისტრის მოადგილისგან იღებდა ინტერვიუს. ქუთოთოები კარგად მოვიფშვნიტე და უზარმაზარი თანამდებობის თავზე ნაცნობი სახელი _ პეტრე ამოვიკითხე.

ფართო კაბინეტს ძვირფასი ხისგან დამზადებული სამუშაო მაგიდა ამშვენებდა. ტყავის სავარძლიდან მოშორებით, კედელთან ატუზული ევროკავშირისა და საქართველოს დროშები იდგნენ. სამუშაო მაგიდასთან ძვირფას პიჯაკში გამოწყობილი ოფიციალური პირი რომელიღაც რეფორმის არნახულ წარმატებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ აზრს გამოთქვამდა.

თითქმის ცარიელ მაგიდას, რამდენიმე ფურცელი, ძვირფასი კალამი და თხუთმეტდიუმიანი ულტრათანამედროვე ნოუთბუქი აფორმებდა.

კადრი გაშეშდა. ოპერატორისგან დაუკითხავად ზუმი ნოუთბუქზე გავაკეთე და კამერა ნელი მოძრაობით მაგიდას მეორე მხრიდან შემოვატარე. ფოლდერებითა და სხვადასხვა ფაილებით აჭრელებულ ეკრანს, ლამაზი ვოლფეიფერი _ აგურის შვიდიანი ამშვენებდა.

No comments:

Post a Comment