by vasasi
სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. თუ ვნახულობ ყოველთვის შავ-თეთრს, რომლებიც უფრო კოშმარებს ჰგავს.
ჩემს ორივე ჰემოსფეროგანვითარებულ ტვინს, სამი ტიპის კოშმარი აქვს შენახული:
1. სახლის ტელეფონი რეკავს და მე მკითხულობენ ან სახლში არავინაა და, იძულებული ვარ, ვუპასუხო (ბავშვობიდან მეშინია ტელეფონზე ზარის, ასეთი შეგრძნება მაქვს, ცუდი ამბავი უნდა შემატყობინონ და სანამ ვპასუხობ, მე ჩემი მემართება. მობილურზეც იგივე მჭირს და, რასაც მელაპარაკებიან/ვლაპარაკობ, იმის 5%-ს თუ ვიგებ, მოსალოცადაა საქმე);
2. პარასკევია, გადაცემა თითქმის მზადაა, საღამოს რეგიონებშია გასაგზავნი, ჩემი სიუჟეტიღა აკლია და მე სინქრონებიც კი არ მაქვს ჩაწერილი (ამ დროს მიცახცახებს ხერხემალი, ჭირის ოფლი მასხამს, ვნერვიულობ, ისე მრცხვენია თანამშრომლების, სად დავიმალო არ ვიცი და ცოტა მაკლია, არ მოვითხოვო, რომ გამაგდონ სამსახურიდან ჩემი უქნარობის გამო და ა.შ);
3. გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, გაურკვეველი, უცნაური ფორმის მქონე კაცების ამ მონუმენტს დგამენ:
მთელი ქალაქი შეკრებილია, ხმას არავინ იღებს, მე კიდევ ყვირილი მინდა, რას დგამთ ცენტრში, თქვენ ის ხომ არა-თქო, მაგრამ ხმა არ ამომდის. სიტყვები ყელში მჩრია, ვნერვიულობ, ვსხმარტალებ, მაგრამ უცნაურ კაცებს მაინც დგამენ და ოქროს ასოებით აწერენ: "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი".
გვერდით თანამოქალაქეები უკმაყოფილებას ვერ მალავენ, მაგრამ შიშით ხმამაღლა ვერ ამბობენ და ჩურჩულებენ, მოგვჭრეს თავი საბოლოოდო. ამ დროს, ვიღაც მწვანეშარვლიანი, ფოტოაპარატიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა ერთვება საუბარში (რუკზაკი, რუკზაკი დამავიწყდა!) და ამბობს, რომ ეს მონუმენტი ქართველი მეომრების მამაცობის, ვაჟკაცობის, მეობის, ჩახუტებისა და გმირობის სიმბოლოა და, რადგან სიმბოლოა, 8 აგვისტოს სიმბოლო სწორედ ასე დაინახა პერსპექტიულმა, ესპანური წარმოშობის მქონე ქართველმა მოქანდაკემ და, რადგან ამქვეყნად, ყველაფერი სიმბოლურია, ჩვენც უნდა მივიღოთ ეს სიმბოლო, როგორც განთავისუფლების სიმბოლო და არა როგორც ის სიმბოლო, რაც ამის წინ იდგა და სიმბოლო, სიმბოლო, სიმბოლო..
ამ დროს გამოდის ჩემი პრეზიდენტი, საზეიმოდ ჭრის ლენტს და მთელი გორი ჭყივის და უკრავს ტაშს ხელების გადაყველფასა და ხმის ჩახლეჩვამდე (მეორე დღეს, ვისაც ყველაზე მეტად ექნება ხმა ჩახლეჩილი და ხელები გადატყავებული, ის მიიღებს პრემიას).
მე კი ამ დროს ვდგავარ ბრბოში, ვუყურებ საზეიმოდ გახსნილ გმირობის სიმბოლოს, გამხდარი კაცები თანდათან ჯოხებად იქცევა და ახლა ჯოხებს აწერია "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი". ისმის ყიჟინა, ჭყივილი, კივილი, ტაში, ალაგ-ალაგ, ჭკვიანი ადამიანები ოხრავენ, მე კი ისევ ბურთი მჩრია ყელში, მინდა ვიყვირო, რას დგამთ, თქვენ ხომ არ ისა-მეთქი, მაგრამ ხმა ისევ არ მაქვს და ცოტა ხანში ვხვდები, რომ ამის ყვირილს აზრი არ აქვს, რადგან ბრბო იმდენად არის ეგზალტირებული რომ ისა.. :/
***
სამივე შემთხვევაში დილა კატასტროფულად იწყება: ვიღვიძებ დაღლილი, დაუსვენებელი ტვინით, თმა და ნერვებგაჩეჩილი და, მთელი დღის განმავლობაში, საშინლად არაპროდუქტიული ვარ.
მერე დავდივარ და ჩემს კარლსონს დილას და საღამოს სახლში, შუადღისას კი სკაიპში შევჩივი:
- კარლსონ, როგორ ფიქრობ, მე მიშველის ფამუქი?
პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია.
P.S. სინამდვილეში, ლაშამ სულ სხვა რაღაცის დაწერა მთხოვა, მაგრამ მე იმაზე ჩემს ბლოგზე უკვე დავწერე. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ (რადგან 2008 წელს ბლოგი არ მქონდა), მაგრამ იმ საშინელ დღეებში, როცა გამოთაყვანებული, სახლიდან გამოგდებული და ყურებჩამოყრილი მივჩერებოდი ეკრანს და, რიგითი ობივატელივით, ყველანაირ ინფორმაციას ვყლაპავდი, იმდენი მაინც მოვიფიქრე, რომ მოვლენები და ემოციები ჩამეწერა. ჩამეწერა და მერე გამეერთიანებინა.
არა, დაწერით აქაც კი დავწერდი, მაგრამ, რაღაც, ვერ გადავიყვანე საკუთარი თავი იმ ნოტაზე, 1-დან 22 აგვისტომდე რომ ვდგები ხოლმე. თანაც, აგვისტოს ამბავი ჩემთვის იმდენად პირადი ტრაგედიად იქცა, რომ ამ თემაზე არავისთვის არაფრის თქმა არ მსურს. არ მსურს იმის მიუხედავად, რომ, იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს (თითქმის ჭეშმარიტი პოეტივით გამომივიდა) თვალწინ მიდგას აგვისტოს ომი. ზუსტად ისე, როგორც ჩემი ჯგუფელი, რომლისთვისაც ძალიან ბევრი რამ უნდა მეთქვა და, ერთი დედააფეთქებული ავარიის გამო, ვერ მოვასწარი...
No comments:
Post a Comment