eMuse: ნიკო ნერგაძე
ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯეიკ სალი, პლანეტა პანდორაზე ჩადის.
საგალაქტიკაშორისო ზეკომფორტული ჰომალდიდან, დედამიწა-პანდორა დამღლელი რეისის შემდეგ, ამერიკელ ჯარისკაცებს, რუსეთიდან დეპორტირებული ქართველებივით ცლიან სატვირთო განყოფილებიდან.
ნუ ახლა, აეროპორტი როგორც აეროპორტი _ ბეტონის დასაფრენი (თუ ასაფრენი) ბილიკით და ზედ დატანილი თეთრი ზოლებით, რომელთა დანიშნულებაც სავარაუდოდ საპლანეტაშორისო ჰომალდების მოძრაობის წესების რეგულირებაა.
მაყურებელი მალევე ხვდება, რომ ბეტონი, პანდორაზეც ბეტონი სულაც არაა, რადგან ზედ უზარმაზარი ნახევარ-რობოტები დაბაჯბაჯებენ.
ფილმის დასაწყისში ჯეიკი, თავისი ძმისთვის შექმნილ ავატარს ირგებს, თუ თანამედროვე ენაზე გნებავთ უკონექტდება, რის შემდეგაც გახარებული ჯეიკი, სოფლის უნახავი ქალაქელი ბავშვივით, ფეხშიშველი და ტიტლიკანა გარბის გარეთ და სიხარულისგან რა ქნას არ იცის.
დასაწყისი ურიგო არ არის - მეცნიერული ფანტასტიკაა და იმედს გაძლევს, რომ ფილმს არა უშავს. იმედი მალევე გიცრუვდება.
როგორც ჩანს, კინოს დამკვეთებმა გადაწყვიტეს, რადგან დედამიწამ უნდა ნახოს ეს ფილმი, ბარემ პანდორაც კარგად გავაცნოთ და პლანეტას რეკლამაც გავუკეთოთო.
იდეა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ შესრულებაა სუსტი. სუსტი იმიტომ არის, რომ პლანეტები რომლებიც პანდორას ატმოსფეროდან გადაშლილ კოსმოსურ ხედში ილანდება, არაფრით არ განსხვავდება მზისგან და მთვარისგან - უბრალოდ მათი რაოდენობაა ბევრი, ამით კი "მზეო, მზეო ცხრათვალა"-ზე გაზრდილ თაობას ნამდვილად ვერ გააკვირვებ. გამუდმებული ლირიული გადახვევები კი სურვილს აღგიძრავს, ტუალეტში გახვიდე და ქართულად დამერილებული პოპკორნის წყალობით ყანწით შესმული ლიტრანახევარი კოკაკოლა, 3D სათვალის მოუხსნელად ჩაცალო უნიტაზში.
სამეცნიერო ექსპედიციის შუა გზაზე, ფილმის მთავარი გმირი დაიკარგება (ოღონდ კარგად ვერ გავიგე როგორ). აი აქ კი იწყება ნამდვილი საოცრება. რეჟისორის უსაზღვრო ფანტაზიაზე ისიც მეტყველებს, რომ ფილმში ტყიდან (და არანაირი ელექტრო-მაგნიტური ციალიდან) გამომხტარი მხეცი, საოცრად გავს დობერმანის ჯიშის ძაღლს. ხოლო, ცხოველი რომელიც დობერმანს შეაშინებს _ მარტორქას, უბრალოდ ორი რქით... ნუ რქით რა, დინგით.
აი აქ კი, ნამდვილი კაპიტანგრატისეული მოგზაურობა იწყება პანდორას გარშემო. თავგადასავლის პირველივე ეპიზოდში, ნაცვლად იმისა რომ ვაჩვენოთ ადამიანთა აგრესია და პანდორის მკვითრთა გენოციდი, რეჟისორი ახერხებს და ისე გამოყავს, რომ პადორელი ლამაზმანი _ ნეიტირი, საკუთარი პლანეტის ფლორას და ფაუნას ანადგურებს.
რეჟისორის დაუშრეტელი ფანტაზია აქაც უდავოდ სცდება დედამიწისეულ ფარგლებს _ პანდროელ ქალებსაც ორი ძუძუ აქვთ.
მალე, იქაური, ანუ პანდორელი ციცინათელების წყალობით ჯეიკობი ეთნიკურად ნაიველი ხალხის მიწაზე აღმოჩნდება.
ფილმის ძირითადი ნაწილი (როგორც ამერიკელებს სჩვევიათ) ეთმობა, დედამიწელი ჯეიკობის, უფრო სწორად კი, დედამიწელი ჯეიკობის ავატარის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას. რა თქმა უნდა თავიდან, როკი ბალბოასი არ იყოს, ჯეიკობსაც არაფერი გამოდის _ არც თმებზე მიმაგრებული Universal Serial Bus-ით (USB) ექვსფეხა ცხენებზე დაკონექტება და ჯირითი, არც მშვილდ-დისრის სტყორცნა, არც უზარმაზარი ხის ტოტზე მიმაგრებულ ტუალეტით სარგებლობა და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც პანდორული ელარჯის ამოზილვით დაიკვეხნის დიდად. მაგრამ ჰოლივუდი რისი ჰოლივუდია და კამერონი რისი ჯეიმსი, რომ ამერიკელ, გულანთებულ ჯეიკს ეს ყველაფერი არ შეაძლებინოს?
მუსიკის აჩქარებასთან ერთად, ცხენსაც უპრობლემოდ უერთებს USB 3.0 თმის კაბელს და ნეონის მანათობლებით გაწყობილ ხეებსაც, სულ ვაირლესით უკონექტდება იქაური მოგონებების გადმოსაქაჩად. ეგ კი არა, კადრებად დაწყობილი წარმატებული ეპიზოდების ბოლოს, ნახევარი პანდორა თეფშით ხელში ელოდება საკუთარ რიგს, ჯეიკობის ამოზელილი ელარჯის გასასინჯად.
მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმე განა? არც ჯეიმს კამერონია ამ მხრივ გამონაკლისი და ფილმის დასაძაბად, საქმეში "ცუდები", ანუ ადამიანები ერთვებიან. ამაზონის ტყეებიდან, პანდორაზე გადმოტანილი მძიმე ტექნიკით იწყებენ ასწლოვანი ხეების გაჩეხვას. ბოლოს კი უმოწყალოდ ანადგურებენ რიგით პანდორულ სოფელს... ნუ სოფელს რა _ პრაქტიკულად ხეს.
მომწამვლელი გაზითა და დუბინკებით არაერთხელ რუსთაველზე ნაცემი ქართველებივით, პანდორელებიც (ეთნიკურად ნაიველები) თავჩახრილები ტოვებენ მიწასთან გასწორებული სოფლის (ხის) ტერიტორიას.
მაგრამ ხუთკუნჭულა რისი ხუთკუნჭულაა კი არა და, ჯეიკი რის ჯეიკია, პანდორელ ხალხს თუ ვერ იხსნის ამ დიდი განსაცდელისგან.
აქ იდუმალი მუსიკა შემოდის ფონზე და მთხრობელი, საკუთარ თავში და წარმატებაში დარწმუნებული ხმით ყვება:
"ის დაფრინავს ყველაზე მაღლა. მასზე მაღლა არავინ არ დაფრინავს. ამიტომაც ის ზემოთ არასოდეს იხედება. მეც სწორედ ამით ვისარგებლე" - და მართალია იდეაში და პანდორულ ბუნებაში ის ყველაზე ზემოთ დაფრინავდა, მაგრამ რეჟისორისა და 3D Max-ის დახმარებით, ჯეიკობი თავისი "მალალიტრაჟკა" დრაკონით მის თავზე აღმოჩნდება, მოქნილად ისკუპებს და წითელ დრაკონს ზურგზე დაახტება.
მაგრამ, ზურგზე დახტომაც არის და ზურგზე დახტომაც - ცხოველს კაბელი თუ არ შეუერთე რა ხერირი?! ჯეიკობმაც შეუერთა თმები დრაკონს. შეუერთა კი არა და შეთხარა პრაქტიკულად.
წითელ დრაკონზე ამხედრებული ჯეიკი, ამაყად გამოცხადდა (იქაური) პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან. თვალსმომდგარი კურცხალი მაჯით შეიწმინდა, მეგობარი ხალხების (და არა ხალხის) ლიდერებს ხელები ჩასჭიდა და ცისკენ აღაპყრო.
ვაშააააააა იქუხეს პანდორელებმა და ამაღლებული სულისკვეთებით გადაწყვიტეს ადამიანებთან შებრძოლება.
200 რჩეული ვაჟკაცი იმერეთიდან, 300 რჩეული ექვსფეხა ცხენოსანი ქართლიდან, რვაასამდე მფრინავი გველეშაპი კახეთიდან და 30 ყურებდაჭრილი დობერმანი ჰერეთის თავადისაგან.
ადამიანების შეიარაღება: უცნაური ვერტყმფენები, ანტიგრავიტულ ძრავებზე დაფუძნებული თვითმფრინავები, ლაზერები, პულიმიოტები, გრანატამიოტები, რობოტექნიკა.
პანდორელების შეიარაღება: მშვილდისრები, მფრინავი დრაკონები, ექვსფეხა ცხენები, ტყავის ტრუსები და ბუნების ძალა!
გული გულობდესო და ბრონირებული შუშა, უბრაოდ ისრითაც იმსხვრევაო - ნათქვამია. ერთ პანდორელზე 10 ადამიანი მოდიოდა. სტოპ, სტოპ, სტოპ... პულიმიოტი პულიმიოტია. როგორ უნდა მოერიოს მშვილდისრიანი კაცი, რკინის რობოტში ჩამჯდარ, გრანატამიოტიან ადამიანს? ვერც ვერანაირად. ხო და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა რეჟისორმა, სცენარში ბუნების ძალა ჩარია (აი ის _ "რაც მე ვერ დაგლოცო, ბუნების ძალამ დაგლოცოსო").
ხო და ძმაო, ეგ ბუნების ძალა ყოფილა რაც ყოფილა. ერთი ორი ეგეთი ჩვენც რო მოგვცა (ქართველებს) ვაბშე თავისუფლად დავიბრუნებთ ოსეთსაც, აფხაზეთსაც და რუსეთის ნაწილსაც მივაყოლებთ ალბათ ზედ.
ხო და ახლა ვფიქრობ _ ხო არ ვთხოვოთ კობა ნაყოფიას, გვიშუამდგომლოს ჯეიმს კამერონთან და ერთი კაი 3D ფილმი ხო არ მივცხოთ ჰა? იდეები არის სხვათაშორის.
ისე დამატებით იდეებს თუ შევეხებით... მოდი ნუ შევეხებით _ ჭორად გავიგე, შენს ბლოგს პრეზიდენტი კითხულობს ჩუმად და ანონიმუსით ეგ გიტოვებს კომენტარებსო. ხო და რავიცი, რამეს მართლა არ მოკრას თვალი...
No comments:
Post a Comment