Thursday, June 30, 2011

ნახევრად კულინარიული

არ მინდა ცოლი
არ მინდა შვილი
არ მინდა კვერცხის ცილა
არ მინდა წიფლის ხმელი ფიცარი
ან მოწყენილი დილა.
არ მინდა გაზზე ლობიო ქვაბში
ლობიო მინდა ქოთნის
არ მინდა მჭადი ემალის ტაფით _
კეცზე, ნეკრჩხლის ფოთლით.
არ მინდა სექსი. მართლა არ მინდა,
არა, უბრალოდ ახლა...
გასვლაც არ მინდა შენი კარმიდან
არც მუშაობით დაღლა
არ მინდა დავთვრე არყით და ლუდით
არც შოპენით და ვერდით
და ერთადერთი ახლა რაც მინდა
ჩუმად მოგიწვე გვერდით

8xx to 5xx

...არ მახსოვს სად და როგორ, შევნიშნე რომ წვიმის ქვეშ ცეკვავდა გოგო
© სახე

არ ვიცი ვის, სად, როდის და რანაირად, მაგრამ, საინტერესოა, ეს ბრწყინვალე გაელვება რომელიმე კონკრეტული ადამიანის გონებაში მოხდა თუ ცალკეული დეპარტამენტისა თუ სამინისტროს რამდენიმეკვირიანი ბრეინშტორმინგის ნაყოფია.

მე ვფიქრობ, რომ აქ ინდივიდუალური ოსტატობის კვალი შეინიშნება. ჩემს წარმოსახვაში ეს ადამიანი საზღვარგარეთ არაერთგზის ნასწავლი, ჰალსტუხიანი, პიჯაკზე საქართველოს დროშიანი და მობილურის და კომპიუტერის დესკტოპზე საქართველოს გერბიანი ტიპია, რომელიც თავის თავს კრეატიულ პერსონად ასაღებს სახელისუფლებო წრეებში და ვინაიდან ზემოხსენებულ წრეებს (თუ წრეწირებს) არც ისე ბევრი გაეგებათ რა კრეატიულობისა, აღფრთოვანებულები შეეგებნენ მოცმულ ინიციატივას და ჩათვალეს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ევროატლანტიკურ ალიანსს.

როოგრც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მობილურზე დასარეკად ინდექსი "8" ჩაანაცვლა ინდექსმა 5-მა.

ალბათ ყველას შეგექმნათ პრობლემა და დისკომფორტი დარეკვასთან დაკავშირებით. პრაქტიკული გზები (თუ ქეისები) შემდეგია:


  • კარგი ნერვებისა და ცოტა კონტაქტის პატრონებმა, ხელით ჩამოუარეთ ყოველ კონტაქტს და შეცვალეთ თითეული ნომერი
  • ზარმაცებმა შეცვალეთ ყოველი ნომერი მაშინ როდესაც დარეკვა მოგესურვებათ
  • ბევრი ფულის ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების შემთხვევაში, იხილეთ ბმული (ფასი 5 ლარი) რის შედეგადაც მიიღებთ ბმულს პროგრამაზე, რომელიც ზემოხსენებულ პუნქტს შეასრულებს (ოღონდ აიფონზე და კიდევ სადღაც არ მუშაობსო :) )
  • თუ შეგიძლიათ მობილში ჩამოწეროთ ჯავა პროგრამები იხილეთ ბმულები:
    - სინგულარი
    - უცნობი პროგრამისტის პოსტი
  • თუ თქვენ არ გაქვთ ფანრიანი ნოკია (ან ნებისმიერი უძველესთაგანი ტელეფონი) იხელმძღვანელეთ შემდეგი (ჩემეული) ინსტრუქციით:

  1. დააყენეთ კომპიუტერში მობილურის სამართავი პროგრამა
  2. გააკეთეთ სინქრონიზაცია მობილურის კომპიუტერთან (ანუ მობილურიდან ყველა კონტაქტს გადაიტანს კომპიუტერში, მოცემულ პროგრამაში)
  3. კონტაქტების სამართავ მოდულში ნახეთ file>export და დააექსპორტეთ კონტაქტები CSV ფორმატში (თუ არ გააჩნია მოცემული გაფართოების ექსპორტი, ეცადეთ იყოს რაიმე სხვა, ოღონდ ტექსტური ფაილი)
  4. გახსენით მოცემული ფაილი რომელიმე ტექსტური ედიტორით, რომელსაც გააჩნია Finde & Replace ფუნქციები (მე გამოვიყენე Emeditor-ი)
  5. ურბალოდ 8-ანი რომ ჩაანაცვლოთ 5-იანით ეს საქმეს ნამდვილად ვერ უშველის, რადგან გარდა ინდექსისა, ციფრი რვიანი ხომ თავად ნომრებშიც არის. ამიტომაც პირველი რვიანის გამოსაყოფად, დაძებნეთ ბრჭყალი და რვიანი ("8)  (მოკლედ ნომრის წინ იქნება ან დაშორება, ან ტაბი და შესაბამისად მონიშნეთ რვიანთან ერთად) და ჩაანაცვლეთ Find/Replace ფუნქციით.
  6. შეაიმპორტეთ ისევ პროგრამაში
  7. სასურველია ქალაქის ნომრები (რომლებიც სავარაუდოდ ბერვი არ იქნება) პროგრამაშივე ჩაასწოროთ და 8322 ჩაუმატოთ წინ ექსვნიშნა ძველ ნომრებს.
  8. და ახლა უკვე პროგრამიდან გადაწერეთ ნომრები კვლავ მობილისკენ

აი, ასე მეგობრებო. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მაღთალია არ იცვლება, მაგრამ ინდექსის შეცვლით კი მატულობს გემოგლობინის დონე, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და მრავალი სხვა.

ასეც რომ არ იყოს, ჩატარებული მანიპულაციების შემდეგ, ჩემდა უნებურად უცნაური დალოცვა აღმომხდა _ მახათი არ მოგკლებოდეს!

P.S. კარგი იქნებოდა მსგავსი პროგრამა ცვლილების ინიციატორებს შეექმნათ და არა კერძო პირებს თუ კომპანიებს, ენთუზიაზმის და კომერციული მოგების ხარჯზე.

Sunday, June 26, 2011

***

თუ თვლი რომ არაფერი გამოგდის, შეეცადე იყო უბედური

Saturday, June 25, 2011

პისუარი

წყარო: http://kalmasoba.com

დასაწყისში, მცირე აღსარება უნდა ჩაგაბაროთ (ისე რა მოსახერხებელია ბლოგი _"აღსარება - ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად...").

აღმოვაჩინე, რომ საკმარისია რომელიმე საიტისთვის, კონკურსისთვის ან სულაც საიტისთვის რომელზეც კონკურსი იმართება დავაპირო რაიმეს დაწერა, რომ მაშინვე ვიბოჭები.

დაკვირვებიხართ, იდიომური გამოთმქებისა და შეკითხვების აბსოლუტური უმრავლესობა, რომ უტოპიურია (განგებ არ გამოვიყენე სიტყვა "იდიოტური", რადგან ის ერითმებოდა "იდიომურს" - ავტორის შენიშვნა)?

ასე მაგალითად:

- უი, მოხვედი? (არა, ეს ჩემი ჰოლოგრამაა საყვარელო)
- გძინავს? (კი და შესაბამისად გიპასუხებ კიდეც)
- არ წასულხარ? (ჰოლოგრამაა-მეთქი) და ა.შ.

ნუ ეს შეკითხვები მაგრამ გამოთქმებშიც ვერ ვიტყვი რომ წინაპრების სიბრძნეა დაგროვილი. მაგალითად: "თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში". თითქოს მეუბნები, გაშინაურდი, "გაიჩუსტეო", მაგრამ სინამდვილეში კი მახსენებ, რომ შენთან ვარ სტუმრად.

მოკლედ აღსარების პირობაზე, რაღაც ზედმეტად მხატვრული გამომდის და ამიტომ მარტივად ვიტყვი: ჩემს ბლოგზე, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ... ბლოგზე (შეგიძლიათ დაამკვიდროთ, როგორც იდიომა).

მართალია სტუმრიანობა აქაც ცვლის ყველაფერს. სიტყვაზე ადრე შემეძლო დამეწერა: "დეე, მე ორიდ დღით ქალაქიდან გავდივარ. ზეგ ჩამოვალ და გეხვეწები, შენ რომ იცი ისე _ მოხარშული და მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო დამახვედრე. არ მოიწყინო :) ". შედეგად კი ორდღიანი ვუაიაჟიდან დაბრუნებულს, სახლში უგემრიელესი ყვავილოვანი კომბოსტო მხვდებოდა. ახლა კი იგივე რო დავწერო, ბლოგის რომელიმე ვიზიტორი, კომენტარებში თამამად მეტვყსი, რომ "ეს პოსტი სრული სირობაა!!!" (ვიზიტორო _ სამაგიეროდ ყვავილოვანი კომბოსტოა გემრიელი!)

რა კარგია, რომ პოსტებს სათაური აქვს. ახლა რომ არ მენახა ვერაფრით გავიხსენებდი რისი თქმა მსურდა.

დღეს ორჯერ მომიწია საჯარო ტუალეტით სარგებლობა (შესდექ! გთხოვ ნუ გახვალ ბლოგიდან _ დეტალებს არ მოვყვები). ბიჭებმა ხო ვყელაფერი იცით და აი გოგოებს მინდა ცალი თვალით შევახედო იქ.

გოგოებო იცით როგორია კაცების ტუალეტი? ხო, თითქმის ისეთი როგორც თქვენთან. კი, უნიტაზებით. არა, ხო, ეგეც არის _ ბიჭები წყვილ-წყვილად არ შევდივართ და ერთმანეთის ჩანთებს არ ვიჭერთ. უბრალოდ ჩვენთან_ბიჭებთან პისუარებიც არის, თქვენთან კი არა (ისე, გიფიქრიათ იმაზე, რომ მშენებლები ტუალეტებს გენდერული პრინციპით აპროექტებენ?).

კიდევ, განსხვავება ის არის, რომ თქვენთან პლასტმასები სუფთად არის უნიტაზზე დაფენილი. აი, ჩვენთან კი შეგრძნება გრჩება, რომ ტუალეტში რემბო იბრძოდა _ უბრალოდ მსხვილკალიბრიანი ტყვიების ნაცვლად, ყველაფერი შარდის წვეთებით არის დაცხრილული.

დღევანდელმა "სველი" წერტილების მრავალფეროვნებამ ერთი ისტორია მომაგონა:

გერმიანიაში (კერძოდ ჰანოვერში) გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომიწია სტუმრობა. პატარა, წყნარი და დასუფთავებული ქალაქი, სადაც ქვეითები შუქნიშნებთან ერთმანეთის უკან, მწყობრად დგომით იცავდნენ რიგს, რამდენიმე დღეში სრულ საგიჟეთად იქცა.

საქმე იმში გახლდათ, რომ ქალაქში იტალიის ეროვნულ ნაკრები მართავდა შეხვედრას (ოღონდ არ მკითხოთ ახლა ვის ხვდებოდაო _ მაინც არ მახსოვს).

ორ-სამ დღეში, საკუთარ სახლშითქო ვერა მაგრამ, როგორც საკუთარ ქვეყანაში ნამდვილად ვგრძნობდი თავს: შუქნიშნები ყველას მაგრად ეკიდა, კილომეტრიდან ხმამაღალი შეძახილები და მთვრალი ტიპების ხიპიში ქუჩებშიც ჩვეულებრივი ამბავი გახდა (გული უნდა დაგწყვიტოთ და დისკოტეკაზე მოცეკვავე 2 გოგო, რომელსაც 7 შავებში ჩაცმული და წვერებიანი "კაი ტიპი" ყარაულობდა, მაინც არ მინახავს).

ამ ყველაფერმა უფრო გამახარა ვიდრე გამაოცა, მაგრამ კულტურული შოკი მაშინ მივიღე, როდესაც ტუალეტში შესულს მშობლიური სურნელი შემომეგება. არ ვიცი ჩემს პატივსაცემად მოაწყვეს გერმანელებმა ეს არაჩვეულებრივი პერფომანსი, თუ იქ ჩამოსული იტალიელების წყალობით მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია _ იქაურობა "ქართულ" ტუალეტს ერთი-ერთზე დაემსგავსა.

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არც ხელოვნება, არც სამზარეულო, არც ენა ისე ზუსტად არ ასახავს ერის შინაგან კულტურას როგორც ტუალეტი. დიახ, სწორედ ტუალეტი არის ის ინტიმური ადგილი სადაც ნებისმიერი ერი თავის კულტურულ ანაბეჭდს ტოვებს. ეგ არის რომ, ზოგიერთი კართოთეკაში შესანახად, არც თუ ისა სასიამოვნოდ ყარს.

მოწესრიგებულმა გერმანელებმა კი, ჩემი აზრით, გენიალური გამოსავალი იპოვეს და ტუალეტში ნამდვილი კრეატივის ზეიმი მოაწყვეტს _ პისუარებში ჩადგმული იყო პლასტმასის საფეხბურთო კარი, რომელზეც პლასტმასისვე ბურთი იყო ჩამოკიდებული. საჭირო იყო ზუსტად დაგემიზნებია რომ კარებში შეგეგდო.

- ფუ შენი, ვერ შევაგდე - ჩავილაპარაკე ნასვამა და "ზმეიკა" შევიკარი _ აბა, რა ჩემი ბრალი არის რომ ფეხბურთი ბავშვობიდან არ მიყვარს?

აგურის შვიდიანი

წყარო: http://kalmasoba.com

[ეს მოთხრობა (ნებას თუ დამრთავთ, ასე რომ ვუწოდო) ალბათ ჟანრს მკითხველის ასაკიდან გამომდინარე შეიცვლის. უფროსი თაობისთვის რაღაც ტრაგედიის მაგვარი უნდა იყოს. მანდატურებით "გამაგრებულ" სკოლაში გაზრდილი მომავალი თაობისთვის, ალბათ ისეთივე ფანტასტიკა იქნება, როგორც ჩემთვის ერთ დროს მფრინავმანქანებიანი ფილმები იყო ტიტრით _ "2010 წელი". ჩემი თაობის სახელით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მაგარამ პირადად ჩემთვის კი ერთი ჩვეულებრივი "ჟიზნენი" ისტორიაა, რომელიც სახეზე ტკბილი მოგონებებისთვის ჩვეულ ღიმილს მგვრის ხოლმე.]

***
სამტრედიის ნომერი პირველი საშუალო სკოლა ისეთი იყო, როგორიც ნებისმიერ რაიონის საბჭოთა პერიოდში აშენებული სკოლა უნდა ყოფილიყო _ დამკსდარი კედლებით, ბალახამოხეთქილი ასფალტით დაფარული ეზოთი, რამდენიმე მიტოვებული, ოდესღაც მშენებარე შენობითურთ.

არეულობისა და "მხედრიონის" დროს კი არდადეგებზე ბავშვების მიერ საგულდაგულოდ და სათითაოდ ჩამსხვრეული ფანჯრის მინებიც ემატებოდა.

სამტრედიის პირველი საშუალო სკოლის მეექვსე ბ კლასიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც ომების, უშუქობის, პურის რიგების და მილიონკუპონიანი პურის მნახველი ბავშვებით დაკომპლექტებული კლასი უნდა ყოფილიყო.

სკოლის უკანა ეზოში, მგონი, სკოლაზე უფრო ძველი შენობა, უფრო სწორად კი შენობის ნანგრევები, როგორც ბავშვები ვეძახდით, "კაჩიგარია" იყო განთავსებული.

"კაჩიგარია" ბეტონის ნანგრევებისგან აშენებული ნამდვილი სამოთხე იყო. უზარმაზარი თუჯის ღუმელი, რომლითაც ერთ დროს სკოლის შენობა თბებოდა, საუკეთესო ადგილი იყო მასწავლებლებისგან დასამალად, ქალაქში ახლადგამოჩენილი მენთოლიანი სიგარეტის ხველებ-ხველებით გასასინჯად და წესით "ბულკების" საყიდლად მშობლების მოცემული ფულით სკოლის წინ "ბუტკაში" ნაყიდი, მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკური არაყით დასათრობად.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სკოლის კედლებმა, სასწავლო ნაწილის შვილი (რომელიც, სხვათა შორის, სხვა, წესით უფრო "პრესტიჟული" სკოლიდან გამოაგდეს) შეიკედლა.

სკოლის დირექცია ისედაც სისხლს გვიშრობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცილებით აუტანელი გახდა. კაჩიგარიამ მოსვენება დაკარგა _ თურმე ერთი ცოდვილიც კი საკმარისია, სამოთხე რომ ჯოჯოხეთად იქცეს. ეს ჩვენი სასწავლო ნაწილის შვილიც ჩვენდა ბედად "მაგარი" გამოდგა - ოღონდ გაკვეთილს არ დასწრებოდა და მზად იყო მთელი სკოლა უკანმოუხედავად გადაეწვა (ისე, კაცმა რო თქვას, მშობლისგან გამოყოლილი შიზოფრენიული ფსიქიკაც უწყობდა ხელს საამისოდ) . კლასი უმკაცრეს კონტროლზე აგვიყვანეს!

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ კაჩიგარიის უშველებელი რკინის კარი საშვილთაშვილოდ მიადუღეს კედელს. შესვენებაზე გამოსულები ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ გვართმევდნენ გატურტყნულ სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი მუშები სკოლაში_ აუტანელი მერხების ჯუნგლებში _ ნაპოვნ ერთადერთ ოაზისს _ "კაჩიგარიას".

ჩვენი თაობისთვის გათხრილი სანგრები, პრეზიდენტების დროებითი (თუ არც ისე) თავშესაფარი ბუნკერები, სახელდახელოდ მოწყობილი შტაბები უცხო არ იყო. ეს სიტყვაც _ "შტაბი" _ ჩვენს ცნობიერებაში, არც მეტი და არც ნაკლები, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი იყო _ სივრცე სადაც მტრისგან დაცული ვიქნებოდით. ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაშიც კი თავს შევაფარებდით და საბრძოლო-სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მივიღებდით. ასეთი თამაშიც კი გვქონდა _ "შტაბობანა". უბანი რა უბანი იქნებოდა და ბავშვი რა ბავშვი იყო, საკუთარი შტაბი ერთხელ მაინც რომ არ ქონოდა მოწყობილი: საიდუმლო სამალავით, ჩამოსაჯდომებით და კარტის სათამაშო მაგიდით.

გარდატეხის ასაკში მყოფი, ყველაფერის მიმართ აჯანღებული, აკაესის ტყვიებითა და "ტურბოს" ნაკლეიკებით ჯიბეებგამოტენილი "მებრძოლები" შტაბის გარეშე დავრჩით. სასწრაფოდ ახალი თავშესაფარი იყო საჭირო. სწორედ ამ დროს ბიჭებს მხსნელად პეტრე (როგორც ჩვენ ვეძახდით _ პეტრუშკა) მოევლინა.

ქერა თმები, კურდღელივით წინგამოწეული კბილები, თითქმის შეუმჩნეველი სიელმე და ნათლად შესამჩნევი სულელური მზერა, პეტრუშკას ყველასგან განსხვავებულს ხდიდა.

პეტრუშკას ბებია სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ ასე ჩავარდა ჩვენს ხელთ გასაღები, რომელმაც ყველა ოცნების კარი გაგვიღო. უფროსწორად კი აგვიღო. მიგდებული "კაჩიგარია" სკოლის სხვენმა ჩაანაცვლა, სადაც ერთ-ერთი ჩაბნელებული დერეფნის ბოლოს, რკინის მორყეული კიბით ვძვრებოდით.


პეტრე სხვენზე სამ შემთხვევაში ადიოდა: კლასელებთან ერთად _ სიგარეტის მოსაწევად და დასალევად; ირაკლისთან და რამაზისთან ერთად _ ფულზე სეკის სათამაშოდ და მარტო.

***
პეტრუშკა ერთ-ერთი იყო ვინც ჩვენს სკლასში, პორნო კარტი გააძრო. მთლიან კოლოდაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო. ეგ კი არა, ყვავის ტუზზე (რომელზეც ზანგის, თავზე უზარმაზარვარცხნილობიან და ძუძუებიან ქალს, ორი თეთრკანიანი ვერძილა ჟიმავდა) და გულის ვალეტზეც (სადაც ორი გოგო ერთმანეთს პირში ენას უტრიალებდა და ფეხებშუა ეფერებოდა) კი ნამდვილი ტაციაობა იყო. პირადად მე, ორი კვირა მომიწია ლოდინი, რათა ერთი დღე მენათხოვრა და ტანზემიკრულ, სველმაისურიან ორ უცხოელ გოგონასთან განვმარტოებულიყავი საკუთარ აბაზანაში.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. პეტრუშკას კიდე ჰქონდა ერთი "ვიზუალი" _ კარტი რომელსაც, არასოდეს არავის თხოვნიდა. ეს იყო შავი იატაკიდან ოდნავ აცდენილ ხასხასა წითელი სპორტული მანქანის კაპოტზე ფეხებგადაშლილი, ოქროსფერკანიანი საოცრება, რომლის სხეულზეც მორგებული ერთადერთი აქსესუარი _ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი _ სწორედ ის ათვლის წერტილი იყო, რომლიდანაც შენი სისხლის ამღვრევა იწყებოდა. საოცრად დახვეწილი სხეულის ნარუჯი კანის ფერი ისე ჰარმონიულად და მადისაღმძვრელად ერწყმოდა ქაღალდის კუთხეებში დატანილ წითელი რომბის ფიგურებს, სურვლი გიჩნდებოდა, ვაფლის ჭიქაში ჩამოსხმული შოკოლადისა და ვანილის შერეული ნაყინის მსგავსად ხელში აგეღო და ერთიანად აგელოკა.

გაკვეთილების შემდეგ პეტრე ფრთხილად გახსნიდა ჭერზე ასასვლელ ბოქლომს, მტვერის ფაფუკი ხალიჩით დაფენილ ფიცრებს ფეხაკრებით გაივლიდა და სწორედ იმ ადგილას, სადაც შიფერებს შორის გაჩენილი ნაპრალიდან ჩამავალი მზის სხივი ლაზერივით კვეთდა ტვრის ნაცმეცებით აელვარებულ ჰაერს, ჩამოჯდებოდა.მშიერ კუჭზე ჭიქა არაყს გადაკრავდა და ცხვირსახოცში საგულდაგულოდ შენახულ სიგარეტს გააბოლებდა. რიტუალის გასაგრძელებლად მარცხენა ხელში თავის ოცნებას _ აგურის შვიდიანს დაიჭერდა, მარჯვენაში კი _ მოვარდნილი სისხლის ნაკადით გაგიჟებულ იმედს მოიმარჯვებდა და თვალდახუჭული, რაც შეიძლება ნაზად, დედამიწაზე ყველაზე ლამაზ ქალთან, რომელსაც ოდესმე შეხებოდა, სიყვარულის ზღვაში იძირებოდა.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღს ყველაფერი ერთად არ მოინდომა _ დასპირტული არყით გაჟღენთილმა, მზის სხივებს მიფენილი შვიდიანი აგურით ხელში ისე გაათავა, რომ ვერც კი გაიგო, როგორ დაუვარდა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მტვრითა და გამხმარი ფოთლებით დაფარულ იატაკზე.

სკოლის ერთი ნახევარი მთლიანად დაიწვა. შენობის მეორე ფრთა მეხანძრეემა ძლივს გადაარჩინეს. სხვათა შორის, თვითონ, კარტისაგან განსხვავებით, ალალბედზე გადაურჩა დაწვას.

ამ ამბის მერე პეტრე კლასელებს აღარ გვინახავს. ამბობდნენ, რომ ოჯახმა სახლი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლადო.

***
საშინელი ამინდი იყო. თოვლ-ჭყაპში გაყინულს ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი. გათბობა ჩავრთე, ცხელი ჩაი დავისხი. თავი რომ მარტო არ მეგრძნო, ტელევიზორი ჩავრთე, საწოლზე მივეგდე და მთლიანად მოვეშვი. ნახევრად მიძინებულმა უცებ თვალები დავქაჩე , სიუჟეტის ავტორი რაღაცისა და რაღაცის მინისტრის მოადგილისგან იღებდა ინტერვიუს. ქუთოთოები კარგად მოვიფშვნიტე და უზარმაზარი თანამდებობის თავზე ნაცნობი სახელი _ პეტრე ამოვიკითხე.

ფართო კაბინეტს ძვირფასი ხისგან დამზადებული სამუშაო მაგიდა ამშვენებდა. ტყავის სავარძლიდან მოშორებით, კედელთან ატუზული ევროკავშირისა და საქართველოს დროშები იდგნენ. სამუშაო მაგიდასთან ძვირფას პიჯაკში გამოწყობილი ოფიციალური პირი რომელიღაც რეფორმის არნახულ წარმატებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ აზრს გამოთქვამდა.

თითქმის ცარიელ მაგიდას, რამდენიმე ფურცელი, ძვირფასი კალამი და თხუთმეტდიუმიანი ულტრათანამედროვე ნოუთბუქი აფორმებდა.

კადრი გაშეშდა. ოპერატორისგან დაუკითხავად ზუმი ნოუთბუქზე გავაკეთე და კამერა ნელი მოძრაობით მაგიდას მეორე მხრიდან შემოვატარე. ფოლდერებითა და სხვადასხვა ფაილებით აჭრელებულ ეკრანს, ლამაზი ვოლფეიფერი _ აგურის შვიდიანი ამშვენებდა.

Friday, June 24, 2011

უმადურები

ნაგავი იზომება ვატებში
© ნანა ზარდიაშვილი


- ნახე როგორ ადრე გვიან
- უფრო სწორად გვიან გვიან
© ტარიელ ჭანტურია





კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ ქართველები ვართ უმადურები. მგონია, ჩვენი სიხარბე ამ დალოცვილი, კურთხეული, მადლიანი (კიდევ რა ეპითეტებით ვამკობთ?) მიწის ბრალია.

ყველაფერი ოხრად და თავზე საყრელად მოგვცა დედაბუნებამ. მოგვცა და ქართველ კაცსაც მეტი რა დარჩენოდა, ცალ ხელში ხმალი ეჭირა და მეორეში _ ყანწი (უკაცრავად, ეგ ქართლის დედას _ მამას ორივეში ყანწი!).

ერთი ბრძენი კაცის ნათქვამის არ იყოს _ ყურძენი 50 თეთრი, მანდარინი 40 და წყალი უფასოდ. მაგრამ მოიცა _ რა წყალი უფასოდ? წყალი კი არა ნაგავიც კი ფასიანია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, კეთილშობილი და თავის სამშობლოზე უზადოდ შეყვარებული ქართველი ერის ისტორიული მეხსიერება (256მბ) აუცილებლად შემოუნახავს შთამომავლობას იდიომურ გამოთქმას _ ამ დალოცვილ ქვეყანაში, ნაგავიც კი ფასიანიაო.

ისე, რაღა დაგიმალოთ და, მეც მიმაჩნია, რომ დასუფთავების გადასახდელის ერთ სულზე დაწესება არ იყო მთლად სწორი _ მოგეხსენებათ და სულები გარემოს არ აბინძურებენ!

მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის, რატომ ძვირდება ნაგავის გატანა. არავის არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს ფული ისევ ჩვენ მოგვხმარდება? თანაც სუფთად, კოპწიად და კოხტად ვიქნებით მიწიკწიკებულები. ზოგიერთ პელენწუკა მეზობელს ხომ არ დავემსგავსებით მართლაც და მართლაც. მე იმაშიც კი ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ნაგავი ყველაზე ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და კარბონეიტრალურია მთელს ევროპაში და ნუ ახლა, ბუნებრივია, ამიერკავკასიაში მითუმეტეს. როგორც ერთი ბრძენი ხელმწიფე იტყოდა _ ნაგავი ჩვენი გამარჯვებაა!

და ვინაიდან ასე მწირია Made in Georgia ადამიანის ისტორიული მეხსიერება (256მბ), მსურს შეგახსენოთ, რის გაკეთებას აპირებს მერია ამ ფულით:


  • ჭკვიანი შუქნიშნები - სულელი ჩვენი თავიც გვეყოფა
  • ტრამვაი - ოღონდ ყვითელი
  • გუდაური - მერე პრეზიდენტი გახსნის და იტყვის, რომ სრიალი არის ჩვენი გამარჯვება
  • დასამთავრებელი რიყის პარკი - მოფარებული, საზასაო ტოჩკებით
  • რამდენიმე სეზონის აკვიატება - მეც მაინტერეზებს, ფასადების, შადრევნების და შუშის შენობების შემდეგ, რა იქნება  2011-ის აკვიატების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში
  • წყალი - ახლა უკვე 24/7-ზე

ნუ ახლა, არის რა რეალურად საქმე. ასეც ხომ არ არის, არა?! თან ცოტა ბიჭებსაც ჭირდებათ გასვლა, გამოსვლა, მძღოლი, მივლინება (და აქ დავფიქრდი _ ჩავსვა თუ არა გამოთქმა "რამე-რუმე").

თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, გირჩევთ,  დროულად დაასუფთავეთ თქვენი კომპიუტერის სანაგვე ყუთები _ ამბობენ, მომავალი წლიდან "Empty Recycle Bin" ფასიანი ( 100 მბ - 10 ლარი) იქნებაო.

ასე, რომ სულ ტყუილად წუწუნებთ და ამასთან ძალიან ცდებით _ ნაგავი იზომება მე-გა-ბა-ი-ტებ-ში!!

ეზო

დაკვირვებიხართ, რომ ადმიანებს სირთულეები გვიყვარს? უფრო სწორად, კი არ გვიყვარს, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი რთულად უნდა იყოს _ აბა, ასე მარტივად ხომ არ იქნება?

კარგად რომ დავფიქრდი, ადამიანებს ეს კომპლექსი სავარაუდოდ მას შემდეგ მოგვსდევს, რაც სამოთხიდან გამოგვაძევეს.

ხო და ჩვენც შესაბამისად, თუ რაიმე რთულია, წინასწარ მოვიწმენთ ჯერ არ წამოსულ ოფლს შუბლიდან, თუ არა და ჯერ გავართულებთ და შემდეგ შევეჭიდებით დასაძლევად და დასამარცხებლად.

ვფიქრობ, სწორედ ასეთ მოვლენას ვაკვირდები ბოლო რამდენიმე დღე, როდესაც პარკებში ზასაობასთან (კოცნაობა არა ყვავილოვანი კომბოსტო), არაშესაფერისად ჯდომასთან, დალევასთან და სხვა აკრძალვებთან  დაკავშირებულ აურზაურს ვადევნებ თვალს.

შეიმუშავეს ჰიპოთეზები, ტელევიზიებში გამოვიდნენ ექსპერტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ექიმები, რომლებიც საუბრობენ კოცნის დადებით და დალევის უარყოფით თვისებებზე და სხვა.

შემუშავდა საგანგებო გეგმები, პრევენციული ზომები. მოეწყო სიმპოზიუმები _ იზღუდება თუ არა ადამიანის თავისუფლება. იურისტებმა განიხილეს ზასაობა საკანომდებლო ჭრილში _ სანქციის ინიციატორებმა მოიძიეს მუხლები, რომლებიც მოცემულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს საფუძვლიანს ხდის, ხოლო მოწინააღმდეგეებმა საერთაშორისო სამართალში დაიწყეს სხვადასხვა კაზუსის ქექვა.

ერიიი... სტოოპ....

დაწყნარდით, დამშვიდდით. ყველაფერი გაცილებით და გაცილებით მარტივადაა.

დააკვირდით, რის შემდეგ აფუსფუსდა ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა პარკებში უგულო ხვევნა კოცნისა და მტლაშა-მტლუშის აკრძალვის თაობაზე? დიახ, დიახ - მას შემდეგ რაც რიყის ლეგენდალური პარკი გაიხსნა. და თქვენ როგორ ფიქრობთ, თბილისის ყველაზე  გრანდიოზული პარკი, თავისი გრანდიოზული ხიდით, გრანდიოზული ხედითა და განათებით, ყვავილების საათით, ბარათაშვილის ხიდზე ძეგლებითა და ხიდს გადაღმა მოოქროვილგუმბათიანი შენობით რატომ არის კონცენტრირებული მოცემულ ტერიტორიაზე?

მოსაფიქრებლად 5 წუთს გაძლევთ.... (საათზედახედვა)

დრო გავიდა. გთხოვთ პასუხები დაწეროთ ფურცლებზე და მაგიდაზე დამიტოვოთ.

ქვეყანა პატარაა, ის კი დიდი და ენერგიული. ყველაფერს წვდება, ვყელაფრისთვის და ყველასთვის იცლის. აბა როგორ? სხვა რისთვის არის კაცი ოჯახში?

სინამდვილეში ყველაფერი მართლაც მარტივად არის. გაცილებით მარტივად. არ უნდა ამ ადამიანს, გამჭვირვალე კვერცხისებური გუმბათიდან, ახალგაღვიძებულზე გადმოიხედოს, ან სულაც რომელიმე საპატიო სტუმარს სტაცოს ხელი იდაყვში და ძალით გადმოახედოს. იქ კი... ო, იქ კიიიი... მოზასავე, სკამზე ფეხებშემოლაგებული ან ტუჩზე ცივლუდმოყუდებული ხალხი დაინახოს. არ უნდა და მოკალით ახლა!

ოღონდ  ახალა ზუსტად ვიცი, რომ ამას ძალიან ბევრი არ დაიჯერებს. ძალიან ბევრი ვერ ირწმუნებს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არის _ ჩვენ ხომ სირთულეები გვიყვარს!

სოფლელები

მეგაპოლისური სნობიზმი იყო, არის და ალბათ მანამდე იქნება, სანამ კოსმოსში გაგზავნილ "პიონერ-10"-ს რომელიმე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იპოვის და "ისწავლე და ასწავლე დედამიწასთან ერთად" პროექტის ფარგლებში ათიათასამდე უცხოპლანეტელი არ გვესტუმრება.

"სოფლელი" (деревня - ზუსტად იმავე სიტყვით მოიხსენიებენ რუსები) - იდიომად დამკვიდრებული მოცემული კლიშეთი აღინიშნება ყველა ის უბედური, უბადრუკი და საწყალობელი, რომელიც გაბედავს და მკვიდრთა ამის დედაქალაქისათა საცხოვრებლად გადმობარგებას შეჰკადრებს.

რა თქმა უნდა, სხვა სივრციდან გადმოსული, გაუთლელი, გაუნათლებელი, დიალექტით გაჯერებული ტიპი არავის სიამოვნებს. დაიღალნენ ეს ქალაქელებიც _ ბოლოს და ბოლოს რამდენი უნდა აღზარდონ, გამოზარდონ, ჩააცვან-დაახურონ და გამოთალონ? ბოლოს და ბოლოს არავის არ სიამოვნებს ტიპი, რომელიც ურბანული ჟარგონის ნაცვლად სოფლურ დიალექტს, თბილისურის (უბნების მიხედვით) სანაცვლოდ, რომელიმე კუთხის კილოთი უქცევს, ხოლო ქალაქური მაგარი "ლ"-ს ნაცვლად ... (თუმცა ამ უკანასკნელზე უკვე ამომწურავად ისაუბრა ჩემმა პრეზიდეტმა და აღარ დავიხარჯები).

რეალურად რომ შევხედოთ ფაქტებს (უფროსწორად სტატისტიკას), "ჩემს შვილს დიპლომი უნდა ქონდეს და უმაღლესი განათლება მიიღოს" პრინციპით, რამდენიმე გაყიდული ძროხის ფულის სანაცვლოდ დედაქალაქს "სასწავლებლად" გამოგზავნილი ჯეელების ინტელექტი მართლაც არ არის სახარბიელო. თუმცა ასევე ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ შინაგანი კულტურითა და ინტელექტის მაღალი დონით ბევრი "კარენოი" თბილისელიც ვერ დაიკვეხნის.

სანამ პოსტის მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, აუცილებლად უნდა ავღნიშნო მეგაპოლისური სნობიზმის მსგავსი მოვლენა, რომელსაც მოდით პირობითად, პროვინციალური სნობიზმი ვუწოდოთ.

მსგავსად ქალაქში მოხვედრილი "არიფებისა", არც ზაფხულის არდადეგებზე სოფელში მოხვედრილ ქალაქელებს აკლდათ შეფასება "ქალაქელი პიჟონი".

როგორც ჩანს, ცოცხალი ორგანიზმის არ იყოს, ვიწრო სოციუმებიც ვერ გუობენ მათში უცხო სხეულის მოხვედრას და მსწრაფლ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.

და მაინც _ სოფლელების სნობიზმი არ გაიშვას იქით. მსგავსი მოვლენა უფრო მეგაპოლისებისთვის არის დამახასიათებელი.

სიმართლე გითხრათ, ამ პოსტის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ წუხელ (ჟარგონის ლექსიკონს როდესაც ვკითხულობდი) სურვილი გამიჩნდა არსებობდეს ქართული დიალექტის ლექსიკონი, სადაც სიტყვები თუ გამონათქვამები, სხვადასხვა კუთხის მიხედვით იქნებოდა დახარისხებული. ის რომ დიალექტი ენას ამდიდრებს, ამის მტკიცებას ნამდვილად არ შევუდგები და არც ვაჟას ციტირებას მოვყვები, ურბალოდ ვწუხვარ, რომ ამ ფაქტს სხვანაირად უყურებენ "ქალაქელები".

მე მიყვარს ქართული ენა ამ მრავალფეროვნების გამო. მე მომწონს, რომ ენაში, რომელიც მშობლიურია, რომელიც რამდენი წლისაც ხარ იმდენი ხანი გესმის, შეიძლება ნებისმიერ დროს აღმოჩინო სიტყვა, რომელიც მანამდე არ იცოდი.

დასასრულს, კიდევ უფრო რომ გავამყარო აზრი, თითქოს ეს პოსტი ჩემი პროვინციული წარმომავლობით, მრავალწლიანი მეგაპოლისური სნობიზმით და სხვა კომპლექსებით არის ინსპირირებული, მსურს რამდენიმე გამოჩენილი ჩემიანის (ანუ სოფლელის) სახელი და გვარი შევახსენო ქალაქელებს:


  • ლუკა რაზიკაშვილი - ფშავი
  • ედუარდ შევარდნაძე - მამათი
  • გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები - ჭყვიში
  • ეროსი მანჯგალაძე - ღანირი

ბოლოს და ბოლოს ზვიად ძიძიგური - გუგუნაყანევი და ნანუკა ჟორჟოლიანი - აბაშა. გავაგრძელო?

მოკლდ პოსტის მთავარი სათქმელიც ის იყო, რომ გეოგრაფია ნამდვილად არ განსაზღვრავს კულტურასა და ინტელექტს (სხვათა შორის არც გემოვნებას). ასევე უნდა ავღნიშნო, რომ მე ვამაყობ _ ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი კუთხე გვაქვს, ასეთი მრავალფეროვნება და ფოლკლორი, დიალექტი, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა მხოლოდ არტგენზე და ფეისბუქზე დაყენებული პროფილების შემთხვევაში არ უნდა მოგვწონდეს, ისე კი გვაღიზიანებდეს.

მე კი ისღა დამრჩენია,  გავიმართო წელში  და ამაყად, კიდევ ერთხელ, გულახდილად  ვთქვა: უფრო "მცხავს", ვიდრე "მცხელა".

Thursday, June 23, 2011

შოკოლადის ფილა

ვარ ბედნიერი იმით
რომ უკანასკნელ თეთრებს
ვხარჯავ ბილეთში მეტროს
წამოსულ წვიმის წვეთებს
მთელი დღის მწყურვალ თვალებს
ვუშვერ ზაფხულის წვიმას
ვყნოსავ შენი თმის სურნელს
და შოკოლადის ფილას
ვაყოლებ ფინჯან ყავას
შენი მკლავების გემოს
თითქოს გრძნობებს რომ მალავს
სისხლით რომ დაიბეროს
შენი ყოველი ძარღვი
მუქი, ნარუჯი კანით
თითებით რომ ვგრძნობ ახლა
ვარ ბედნიერი ამით

Wednesday, June 22, 2011

რაინდი კაპლანდიიდან

წყარო: kalamasoba.com

თქვენი არ ვიცი და მე პირადად მთელი ბავშვობა მტანჯავდა ერთი მუქარა _ "ამ თვის ბოლოს ბოზებში უნდა წაგიყვანო".

არავინ არ დაიტრაბახოს, რომ საკუთარ თავთან არა-ერთ-ხელ განვლილი გენერალური რეპეტიციის მიუხედავად, პირველ სექსს მღელვარებისა და ნერვიულობის გარეშე შეეგება. ამ მუქარის გაგონებისას, ბუნებრივი იყო მეც ვღელავდი _ თან არც მეტი და არც ნაკლები "ბოზებში" საკუთარ ბიძასთან ერთად უნდა გამომეჩინა თავი.

რაღა თქმა უნად ბიძაჩემის ეს მუქარა მხოლოდ ხუმრობა იყო. უფრო სწორად კი გართობა. რას ვიზამთ _ ცხონებულ საბჭოთა კავშირში, რას უნდა გაეხალისებინა გული თუ არა ბავშვს. მგონი მომისმენია კიდეც _ დაოჯახდი, ბავშვი გააჩინე, გაგართობს, ოჯახს გაგიმხიარულებს... კი, როგორ არა. ბავშვზე კარგი გასართობი რა არის?

წარმოიდგინეთ სტუმრებით სავსე ოთახი. დედა გამალებით სუფრას დასტრიალებს და სულგუნის ნაჭრებით გაძეძგილი ცხელი ღომის ოხშივარით ათრობს ოთახს. მამა კი მორიგი განსხვავებულით ცდილობს იგივეს.

ამ დროს ოთახში შემოპრატუნდები შენ. არც კი იცი ეს ხალხი ვინ არის და რა უნდათ. დედამიწის ასტეროიდთან აცდენას ზეიმობენ თუ დედიკოს და მამიკოს მორიგი სექსის შემდეგ ცხრა თვეში, რომ მოევლინე ქვეყანას.

ნასვამი მამიკო აუცილებლად მოგკრავს თვალს, გული სიამაყით და სიყვარულით აევსება, ხელებს ჩაგავლებს, სკამზე შეგსვამს და ყველას გასაგონად, გამოთქმით გეტყვის _ მამიკო, აბა ანახე სტუმრებს პასპორტი!

შენ კი პატარა ხარ. სულ არ იცი წინ რო პატარა რაღაც გაქვს, ფისა-ფისას გარდა დიდი ბიძიები სხვა რამისთვისაც თუ იყენებენ, დიდ დეიდებს კი ჭკუა ეკეტებათ ამ "პატარაზე". ხო და რა პრობლემაა? არც არანაირი _ იღებ და სტუმრებს, აჩვენებს "პასპორტს", რომლითაც ზოგჯერ ტუსიკებში იფისავ.

- მამიკოც კმაყოფილი გაკოცებს, ღვინისგან აწითლებულ და გაოფლილ ლოყას ლოყაზე მოგადებს და იტყვის _ ენაცვალოს მამა, მეზრდება ვაჟკაცი.

შენ კი უკვე დიდი ხარ. შენი პაწაწუკაც კარგა მოზრდილი არის. ტანი მთლიანად გაქვს ეპილირებული. სპეციალური ბალზამი, პროჟექტორების შუქს სხეულიდან უცნაურად ირეკლავს.

- სცენა მეოთხე, დუბლი პირველი: "რაინდი კაპლანდიიდან", კამერა! _ ამბობს რეჟისორის თანამშემწე

შენ ღრმად ჩაისუნთქავ, ფეხებს კარგად მოარგებ იატაკს, ღირსებას ხელში მოიმარჯვებ, ყურში კი მამაშენის სიტყვები გესმის:

- მამიკო, აჩვენე სტუმრებს პასპორტი!

Monday, June 20, 2011

if i Die ანუ ამბავი მწუხარე ლაიკებისა

წყარო: netgazeti.ge

დასტატუსება თუ არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას!

დიახ, დიახ - ასეთი დრო მოვიდა. ფეისბუქზე აქტივობას თუ ვწყვეტ, მეგობრები მირეკავენ და პირდაპირ მეკითხებიან _ "ცოცხალი თუ ხარო". ცოცხალი ვარ ბატონო, ცოცხალი! თანაც როგორი _ გადავწყვიტე ამ საშინელ ელექტრო-მანქანას მოვშორდე, ბუნებაში გავისეირნო, საგაზაფხულოდ აღგზნებული ჩიტების ჭიკჭიკით დავტკბე, მაგრამ ვინ გაცლის?

მობილურიც რომ გავთიშო ხომ წარმოგიდგენიათ? _ გამოდის მკვდარი ვარ პრაქტიკულად.

წუხელ ინტერნეტში ძალზე საინტერესო საიტს გადავეყარე. ეს არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფეისბუქზე, სწორედ გარდაცვალების შემდეგ დაასტატუსოთ და დადოთ ლინკები. შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, საიქიოსთან ოპტიკა ჯერ არ გაუყვანიათ _ უბრალოდ თქვენ წინასწარ უთითებთ აპლიკაციას, რა გამოქვეყნდეს ფეისბუქზე თქვენი გარდაცვალების შემდეგ.

ეს საიტი ვნახე თუ არა, მაშინვე გამიჩნდა ბუნებრივი შეკითხვა - როგორ ხვდება აპლიკაცია, რომ ფეხი გაჭიმე?

იმისათვის, რომ აპლიკაციამ დაადგინოს, მართლა გახვედი მარილზე თუ არა, უნდა აირჩიო 5 ადამიანი. როდესაც ციფრული სამარის მცველებს აირჩევ აპლიკაციაში, მათ მისდით მეილი, სადაც მითითებული არის ლინკი რომლითაც შეძლებენ შენი სიკვდილი, ასე ვთქვათ, "დააკონფირმონ".

მეორეს მხრივ ანალოგიური მეილი გაეგზავნებათ მაშინაც, რომელიმე მეგობარი მოცემულ აპლიკაციაში თქვენს ნაანდერძევის წაკითხვას თუ შეეცდება.

ისე ხომ შეიძლება, "ფეისბუქ-სამარის მცველებს" ღრმა მწუხარებისას დაავიწყდეთ ლინკის მოძებნა და გადასვლა? _ სულ თავისუფლად. ამიტომაც აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული პერიდში, მეგობრებს ავტომატური მეილები დაუგზავნოთ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის შეახსენოთ _ "თუ მე ცოცხალი აღარ ვარ, გთხოვ დააჭირე აქ".

სხვათა შორის, არანაკლებ საინტერესო აპლიკაცია შექმნა რუსულმა არყის კომპანიამ "რუსკი სტანდარტ"-მა.

ეს არის "რუსული რულეტკის" ციფრული ვერსია, სადაც წაგების შემთხვევაში ნამდვილს არა, მაგრამ ვირტულურ ცხოვრებას კი ემშვიდობები _ აპლიკაცია, შენს მიერვე დაშვებული უფლების საფუძველზე, ფეისბუქ ანგარიშს წაგიშლის.


ფეისბუქ-პარანოიის რა მოგახსენოთ და მე უკვე დავრეგისტრირდი აღნიშნულ საიტზე _ ამბობენ ბოლო სტატუსზე 500-ზე მეტ ლაიკს თუ ვერ დააგროვებ, ჯოჯოხეთი არ აგცდებაო.

Saturday, June 18, 2011

მერი, მზია და ცისკარა ანუ იყო და არა იყო რა

[youtube http://www.youtube.com/watch?v=pju1pagV4Y8]
არა, ცისკარას რას ვერჩი, აი თბილისის მერს კი, რომელსაც ძალიან უყვარს თბილისი, კი უნდა მივადგე ახლა დიდი სიამოვნებით.

პირველ დღეს არ გავიკვირვე - ნუ, რა მოხდა ახლა. დაზიანდა რაღაც. ადრეც ყოფილა. შუქიც წასულა. შევარდნაძის დროს მაინც ხო ჯობია _ ინტერნეტი მაინც მაქვს-მეთქი ვიფიქრე და დავმშვიდდი.

მეორე დღეს აივანზე მომარაგებული წყლის მარაგი ჩავუშვი საქმეში. რაღა დაგიმალოთ და ცუდად ვხარჯე. ავდექი და უნიტაზიც კი ჩავრეცხე იმ წყლით - თურმე რას ვაკეთებ?

მესამე დღეს მეგობარს ვთხოვე, წყალი აღარ მაქვს საერთოდ, მთელს მუხიანში და გლდანში არაა (არც თემქაზე) და თბილისის ზღვიდან ამის ჩამომზიდი მე არ ვარ-მეთქი. შენთან თუ მოდის გამოვალ, შევალ, ცოტა "ვანა-ტუალეტს" წავეთამაშები-მეთქი. არა, არ გეგონოთ რომ გავკადნიერდი და ტანის დაბანა მოვინდომე. ქჰმ... მიმიხვდით ალბათ.

მეგობრისგან დაბრუნებულმა, აირწინაღი მოვირგე, გული გავიმაგრე და სახლში შევედი. შემდეგ რაც მე ჩავიდინე, არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა ამის დაწერა, რადგან ვიცი, გავა დრო და ამის შემრცხვება.

ტოქსიკურად მომწამვლელი ჰაერით დამუხტულ ბინაში ძილი შეუძლებელია. გასულ დღეს (ანუ მეორე დღეს), რომ წყურვილის მოსაკლავად ლიტრიანი ბოთლით ლიკანი ვიყიდე ჩავცალე "ვედროში", ჩავამატე უნიტაზის საწმენდი სურნელოვანი საშუალება (იხვებს რომ ეძახიან), ეს არ ვიკმარე და ზედ ორი პეშვი არიელიც მივაყოლე _ აი, მაშინ კი მოხდა ნამდვილი სასწაული. ლიკანი თუ არიელთან ასე შევიდოდა რეაქციაში ნამდვილად არ მეგონა. ძლივს მოვასწარი ამ ჯადოსნური მასის უნიტაზში გადატანა. აქაფდა, აფორიაქდა _ ვეღარ ვაკავებ ქაფს. ჰა, ჰა და გადმოვა უნიტაზიდან. ჯანდაბას გადმოვიდეს, ლიკანია ბოლოსდაბოლოს.

ყველაფერი კარგად არის. სახლში სურნელება ტრიალებს. ჰაერი გაიწმინდა. ვიფიქრე, ჩავალ, ვიყიდი წყაროს წყალს, მოვიმარაგებ. ჩავდივარ _ თქვენ გგონიათ 2 კვარტალის ფარგლებში სადმე წყალი მოიპოვებოდა სადღეღამისო "სუპერ" მარკეტში? როგორც ჩვენი ერთი ლიდერი იტყვის ხოლმე, "ნურას უკაცრავად".

სხვა რა გზა მქონდა _ საქმეში 2 ლიტრიანი კოკაკოლა ჩავუშვი. გამახსენდა ჩემს ბავშვობაში, კოკა-კოლა როდესაც ახალი შემოსული იყო, მასზე ათასი ლეგენდა მოიფიქრეს. ხორცს თუ ჩააგდებ კოკა-კოლაში, ისე დაპატარავდება, ვერც იპოვიო (ვის მოუვიდა ისე აზრად, კოკა-კოლაში ხორცის ჩაგდება? არა, რა _ გვიყვარს ქართველებს ექსპერიმენტები). აბაზანაში კიდე თუ ჩაასხამ, ისე გააქათქათებს, ნებისმიერი სახეხი საშუალების დედაც ვატირეო (ეს, კიდევ უფრო გენიალურია _ ყველაფერს მივცემდი, რომ მენახა, როგორ წარმოიშვა იდეა აბაზანის კოკა-კოლით გახეხვისა. სხვათა შორის რამდენიმე სიუჟეტი მოფიქრებული მაქვს).

მოკლედ, ამ ფიქრებში ვიყავი გართული და დამატებით ქიმიურ ინგრედიენტებზე ვფიქრობდი, რომელსაც ჩემს მორიგ ჯადოსნურ ხსნარს გავურევდი. სანამ "კომეტი ოჯახურ პირობებში" ხსნარის კოკა-კოლასეულ ვერსიას ვამუშავებდი, გამწარებულმა ინტერნეტს მივაშურე. ინტერნეტი ხო ისეთი რამ არის _ "ყოვლისშემძლე". მამენტ შეიძლება წყალიც კი ვიპოვო სადმე და გადმოვქაჩოთქო, წავიოცნებე ისე, ჩემთვის _ უწყინარად.

ჯერ იყო და გუგლთან ჩემი ძველი და კარგი ნაცნობობის წყალობით, ძლივს ვიპოვე კომპანია "თბილისის წყლალი და ენერგიის" საიტი (ისე ძველი სახელწოდებიდან, საკანალიზაციო გაყვანილობებმა როგორ განიცადეს ტრანსფორმაცია  power-ში ეს ცალკე მსჯელობას საჭიროებს).

თქვენ ფიქრობთ, საიტზე სადმე ეწერა რა ხდება ქალაქში? რომელი ნაბოზარი დევი დაჯდა თბილისის წყალსაცავთან და იყვირა _ სირზე მკიდიხართ მერიან-პრეზიდენტიანად, წყალს არ მოგცემთ, მზიას თუ არ მომიყვანთო? ან, იქნებ იმას ფიქრობთ, რომ სადმე, საიტის ქვედა მარჯვენა ან თუნდაც მარცხენა კუთხეში, წვრილი ფონტით ბოდიშის ტექსტი იყო მიწერილი?

სამაგიეროდ რა არის ბოლო სიახლე,  მე ლიკანით უნიტაზს რომ ვრეცხავდი , თურმე იმ დღეს რომ გამოქვეყნდა? ის რომ, თბილისის წყალი ფიქრობს რომ მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანობა არის სუფთა ტექნიკური პროცესი და მისთვის პოლიტიკური სარჩულის მითითება, ყოვლად დაუშვებელია! იქვე კი წერია, რომ თბილისის წყალი არის საუკეთესო კომპანია საქართველოში!!!




ჰუუუუუუუუუუუ, ღრმად ამოვისუნთქე, ლოტოსის ფორმა მივიღე, დამშვიდდი ლაშა-მეთქი, თავს შთავაგონე და ამჯერად თბილისის მერიის საიტს მივაშურე.

თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს საიტი კი არა, გიგი უგულავას პირადი ბლოგია. ანუ რა გამოდის? რომ გიგი პრაქტიკულად ბლოგერია?! ხო და თუ ბლოგერია, აქვე დავთაგავ ბარემ  თამაშში "როგორ ჩავრეცხე უნიტაზი".

სანამ გიგი მორიგ პოსტს დაწერს, ორიოდ სიტყვით მის საიტსაც შევეხოთ. ბოლო სიახლე გვახარებს, რომ გიგი უგულავამ თბილისის ზღვაზე მიმდინარე მორიგი გრანდიოზული მშენებლობა დაათვალიერა. კადრში რა თქმა უნდა ჩანს გიგი, ფონზე კი ჩვენი მთავრობის უსაყვარლესი 3D-ში აწყობილ-ამობეჭდილი ბილბორდები.

და ცხელი ხაზი? სადაა ცხელი ხაზის ნომერი? და აქ, ისევ ჩვენი ერთი საყვარელი ლიდერის არ იყოს, ფრაზა გამახსენდა: "ვერ მოგართვით".

მერიის საიტზე ცხელი ხაზის ნომერი მითითებული არ არის! არა და მახსოვდა რომ იყო. ეტყობა მერიაც შეწუხდა ზედმეტი ზარებით!

სხვათა შორის GWP-ს საიტზე ეწერა დიიდი ციფრებით, მაგრამ რომ დავრეკე რიგში სამიათასოთხასმეთორმეტე ვიყავი და დიდად აღარ დავლოდებივარ _ კოკა-კოლით უნიტაზი მქონდა ჩასარეცხი.

დღეს მეოთხე დილა გათენდა _ წყალი ისევ არ არის!

P.S. ახლა პოსტისთვის ცისკარას ვიდეოები დავსერჩე იუთუბზე _ "თუ გსურთ დალიოთ წყაროს წყალი, მიმასწავლეთ სად იმყოფება თქვენი მზია". "მზია, მზია, არ მოტყნა ტვინი. ამაზე უკეთესი ქალი არ გენახოს. აჰა, შენ მზია და წყალი გამოუშვი ერთი თუ ძმა ხარ" - უნებლიედ ამომიტივტივდა თანამედროვე ცისკარას "ობრაზი".

იცანი ბლოგერი

არც არავის ვთაგავ და არც სრულიად ქართული ბლოგოსფეროს მასშტაბით ვაცხადებ ახალ "თამაშს".

უბრაოდ წუხელ ხელი წამიცდა და პრეზიდენტის ფოტოს "წავეთამაშე" და ვიფიქრე, სადაც პრეზიდენტი, ბლოგერებმა რა დააშავესთმეთქი. ხოოოდაა... ვისი ფოტოც აღმომაჩნდა თუ მომეპოვა (ვისიც არა და ნუ დამზარდებით, მომაწოდეთ მაღალი რეზოლუციის ფოტო, ჩემი ბლოგის ზედა მარჯვენა კუთხეში რო მეილია, იქ), არ დამეზარა და წავუექსპრომტე (ctrl+shift+x _ სიცილი ოთახი 1 წუთში).

იმედია არავის გადავიკიდებ სამკვდრო-სასიცოცხლოდ. მაშ ასე, ჩემი ახალი გასართობი _ ამოიცანი ბლოგერი!

ბროლის ბუ:






უბრალოდ ბუ:







Wanted:





თვალებში მიყურე. თვალებში-მეთქი:





მეგატვინი:





რეკვიზიტი:





ჩოლკა:






ხერხი 2:





ჩემო ფიურერო:





გოლიათი:






Made in China:


იდეალური ქალი:

Friday, June 17, 2011

დეპრესია

არ ვიცი, ვის როგორ და მე დეპრესია შემდეგნაირად მეწყება: მთელი სამყარო, ერთი უზარმაზარი კბილანებიანი მექანიზმივით ამოძრავდება საოცრად შეთანხმებულად და სინქრონულად ოღონდ ამჯერად შენს საწინააღმდეგოდ. ზოგადად, არაფერი არ აღვივებს ადამიანის მებრძოლ სულს ისე, როგორც მთელი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა, თუ ამ სამყაროს თუნდაც ერთი ნაწილი შენსკენაა, შენიანია. ის ერთადერთი ნაწილი, რომელიც გაგრძნობინებს რომ მარტო არ ხარ, რომ შენ და ის გუნდი ხართ.

არა, სულ ტყუილად ფიქრობთ რომ აქ ბონი და კლაიდისეულად, მხოლოდ "მეორე ნახევარს" მოვიაზრებდე. "ის" შეიძლება იყოს თუნდაც მეორე ნახევარი, მეგობარი, სულაც მეგობარი გოგო, მშობელი, უბრალო გამვლელი ქუჩაში ან თუნდაც შენი ერთგული კომპიუტერი (ჰმ, რატომაც არა?).

მოკლედ ფაქტი, რომ არ ხარ მარტო აბსოლუტურად ცვლის ყველაფერს. ახლა უკვე ხართ "შენ" და "ის" და თქვენს წინააღდმეგ არის მომართული მთელი სამყარო. იბრძვით მხარდამხარ, ერთად. შენ არ გაქვს უფლება ხელები ჩამოყარო და დანებდე _ მარტო რომ იყო, ალბათ მარტივად იზამდი ამას, მაგრამ ახლა ეს აზრადაც არ მოგდის.

სინამდვილეში გულზე ხელი რო დავიდო,ყველა ჩემი ღმა დეპრესია (большая безработица), რომელიც საშუალო-სტატისტიკურად წელიწადში ერთხელ მსტუმრობს ხოლმე (...თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა), სრული წვრილმანებით იწყება. მაგალითად: არ მოდის წყალი შენ კი ხვალ სტუმრებს ელოდები და ჭურჭელსაც კი ვერ რეცხავ, სახლის მცირედ დასუფტავებაზე რომ აღარაფერი თქვა, ყველაზე ბევრი საქმე რომ გაქვს და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოსაქოქი გეწვება კომპიუტერი (აკი ვთქვი, თუნდაც კომპიუტერითქო), უცებ აგეშლება კუჭი, დაგიჯდება მობილური, გამოგელევა ფული (ამ მიზეზით ცხოვრებაში უხასიათოდ არ გავმხდარვარ), კომპანია დელი რიგით მესამედ არ იღებს შენს შეკვეთას არც თუ ისე იაფფასიან ნოუთბუქზე, რომელიც მოგცემდა საშუალებას შენი სახლის მოსაწყენი ოთხი კედლიდან კი არა, საიდანაც გინდოდა იქედან გემუშავა (Dell-ის საიტზე, ნოუთბუქს კი არა პრაქტიკულად "სვაბოდას" ვყიდულობ - კარგი სახელი იქნებოდა, საბჭოთა წარმოების ნოუთბუქისათვის).

ამ დროს კი, იღებ მობილურს რომელიც ახალი შეერთებული გაქვს დასატენად, მაგრამ შუქის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, გაწითლებული ელემენტით გაფრთხილებს _ თუ რამე გინდა, დროზე მიქენიო. კრებ ვინმეს ნომერს (სიტუაციიდან გამომდინარე).

მაგლითად, ურეკავ დას - იცი, დელის საიტიდან წერილი მივიღე, რომ შეკვეთა გააუქმეს. გაყიდვების მენეჯერის ტელეფონია მითითებული და მაინც ტოეფელის-სერტიფიკატ გავლილი ქალი ხარ, რომელიც ლონდონში აპირებს სწავლის გაგრძელებას და იქნებ მიშველო რამე _ დაურეკოთქო. ის კი გპასუხობს, რომ ახლა კინოში გარბის (იმედი მაქვს აგვისტოს 5 დღე არ უნდა ნახოს განმეორებით) და ღამის პირველზე აუცილებლად დაურეკავს გაყიდვების მენეჯერს (რომელიც დარწმუნებული ვარ, მაინც არ მაყიდინებს ონლაინით იმ ნოუთბუქს). აი, განა რამეს აშავებს ჩემი და - რა იცოდა ახლა, შენ რო დაურეკავდი კინოში გასვლის წინ 5 წუტით ადრე და ამერიკაში მოთხოვდი დარეკვას? მერე რეკავ სხვასთან, მერე სხვასთან, მერე სხვასთან.

მერე უცებ ჩერდები... და ბრაზდები ყველაზე და ყველაფერზე. სამყაროზეც, რომელმაც უცებ პირი შეიკრა და გასული დღის ღვარცობის დამსახურებით წყალიც კი არ გაქვს, ყველა ნაცნობზე, მეგობარზე. მოკლედ ყველაზე და ყველაფერზე და უბრალოდ მარტო ყოფნა გინდა. იკიდებ ყველაფერს და ჩადიხარ უბნის "მინი-სუპერ-მარკეტში", რომ იყიდო დახლზე შემოდებული სითბოსგან გვარიანად მდნარი "პლიტკა შიკოლადი".

ან არა და ერთ მშვენიერ დღეს ფიქრობ - ერთი ამის დედაც ვატირე, ავდგები და დავწერ ბლოგზე. ესეც ხო თერაპიაა, იქნებ მიშველოს და რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იფიქრებს, ვინ რას იტყვისო? ხო და წერ კიდეც.

შემდეგ კი დგები და პოსტს ისე ამთავრებ, როგორც ნებისმიერი დეპრესიაში მყოფი დაასრულებდა.

ჩვენ ყველანი ბედნიერი საქართველოს შვილები ვართ


"ჩვენთვის წმინდათა წმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებ პირადად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც აქვს კანონიერი მოთხოვნები, ან უკმაყოფილება, ჰქონდეთ საშუალება თავის აზრი და პროტესტი გამოხატონ საქართველოს ხელისუფლებასთან... ვერაფერი ვერ ჩაშლის დღევანდელი დღის აღნიშვნას. ასე იყო აქამდე და ასე იქნება აწი მუდმივად. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტების ყველანაირ პროვოკაციას ყოველთვის გავცემთ საკადრის პასუხს".

ეს სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 26 მაისს, აღლუმზე წარმოსთქვა. რუსთაველის პროსპექტი ბზინავდა, მთავრობის საგულდაგულოდ გამოწყობილი წევრები ბრწყინავდნენ, ქვეყნის მთავარსარდალი პატაკს იბარებდა და მის წინ ჩავლილ სამხედრო ტექნიკას გაჰყურებდა, ჰიმნს ახალგაზრდა გოგონა, ამაყად თავაწეული ასრულებდა. დამსწრე საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ზეიმობდა. ზეიმობდა ღირსეულად. ლამაზად ჩაცმული ადამიანები, ჰიმნის მოსმენისას გულზეხელდადებულები, ოდნავ ჩაფიქრებული გამომეტყველებით – "უჰ, რა არ გადავიტანეთ ამ 20 წლის მანძილზე, ძლივს არ გვეღირსა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება".

აღტაცება, მხიარული მუსიკა, მზე და ბედნიერი სახეები – აი როგორია საქართველო 20 წლის შემდეგ. აშენებული, დამშვენებული, დემოკრატიული და თავისუფალი. 2011 წლის 26 მაისის შუადღეა და ყველაფერი გენიალურადაა.

მართალია წინა დღეებში მოღალატე ხალხის ჯგუფი, რაღაც აბსურდული მოთხოვნებით და აგრესიული ქმედებებით საზეიმო განწყობის გაფუჭებას შეეცადა, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. მოხერხებულად გაწმინდეს ტერიტორია ამ არამზადებისგან და მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება მისცეს ლაღად აღენიშნათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეს მრგვალი თარიღი.

აღლუმის შემდეგ ბედნიერი თბილისელები ახლად გახსნილ პარკში გაისეირნებენ – რიყეზე. სულ პრიალებს იქაურობა – ბეტონი, ცემენტი, პარკეტი, "ციკლოვკა". ერთ ღერ ბალახს ვერ ნახავ, ერთ სარეველას. ყველა აღნიშნავს, რომ ასე არცერთ მთავრობას არ უზრუნია თავის ხალხზე. თითო მოსეირნეზე თითო პოლიციელი მოდის. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, არც არავის გადამეტებული სიცილი შეგაწუხებთ, არც უზრდელი ახალგაზრდების უშნო კოცნაობა.....ჩამოჯექით ქვისგან გამოთლილ, კოხტა, კომფორტულ სკამებზე და დატკბით სამგანზომილებიანი შადრევნის ცეკვა–თამაშით, ისაუბრეთ აქეთურზე, იქითურზე...... გამოხატეთ მადლიერება. ხომ იცით, ადამიანს ისე არაფერი ახარებს, როგორც მადლობის მოსმენა.

–წარმოვიდგენდით კი 20 წლის წინ, რომ ასეთ გაბრდღვიალებულ ქუჩებში, ასე თამამად, ასე უსაფრთხოდ შევძლებდით სიარულს? –მოდი და ნუ დააფასებ. მოდი და ხმას ნუ მისცემ კიდევ ასჯერ და ათასჯერ. –მოდი და ნუ გაბრაზდები იმ "ბომჟებზე", მიტინგებს რომ აწყობენ. –უმადურები. ნამდვილი უმადურები. –ყველა უნდა დაიჭირო და სამაგალითოდ დასაჯო.

მალე, ახალი, საფრანგეთში დაბეჭდილი პასპორტები გამოვა. ევროპაში დაბეჭდილი მაინც სულ სხვაა. ჩვენც ევროპა ვართ ფაქტობრივად, მაგრამ პასპორტების ბეჭდვაში ჯერ მაინც საფრანგეთი გვჯობია. შეგვიმოკლებენ ამ გვარებს და ამოვისუნთქებთ. დროის დაზოგვაა ბოლოს და ბოლოს და ქაღალდის. სად მაგალითად, კუტუბიძეს ბოლომდე რომ იტყვი და სად, შემოკლებულად, უცებ, ერთი ამოსუნთქვით რომ წამოიძახებ.
მერე ეს პარლამენტი? როგორი სიმშვიდეა, სიწყნარე, ბუზის გაფრნის ხმას გაიგონებ, თუ მოინდომე. ამას მარტო ჩვენ კი არა, მთელი ევროპა აღნიშნავს უკვე.

ამასობაში ზაფხულიც მოვიდა. ბათუმში წასვლას რა სჯობს. საკანალიზაციო მილები უკვე მთელს ქალაქში გამოცვალეს. ზღვაა და კამკამებს ზურმუხტისფრად, პლაჟია და შეეჯიბროს კანი და სენ–ტროპე. სასტუმროებს არ იკითხავთ? სუპერთანამედროვე, ხარისხიანი, ახალი, საუკეთესო პირობებით და მომსახურებით. დროზე თუ არ დაჯავშნეთ ადგილები, გადაივსება ტურისტებით და დარჩებით პირში ჩალაგამოვლებულები.
მაგრამ ზღვაზე წასვლამდე, გირჩევთ ახალი ქართულ–ამერიკული ფილმი ნახოთ – კერკეტი კაკლის შემქმნელებისგან. მთელი მსოფლიო გადარეულია. კანის კინოფესტივალზე დარბაზების შესასვლელებთან რეანიმობილები იდგა, შოკირებული მაყურებლის მოსასულიერებლად. ფილმი ისეთი მძიმეა და შთამბეჭდავი,ბევრს დასჭირდა მათი დახმარება. პრემიერა თბილისშიც იყო ცოტა ხნის წინ. პომპეზური, ელიტარული, თავის ენდი გარსიებით და შერონ სტოუნებით. კიდე იტყვიან ეს კაცი არაფერს არ აკეთებსო. შერონ სტოუნი ჩამოგიყვანათ თქვე მამაცხონებულებო. ენდი გარსია გაატარა რუსთაველის პროსპექტზე. მეტი რაღა გინდათ? ყველაფრით უკმაყოფილოები როგორ ხართ? ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ეს ფილმიც მოეწონება. ვისაც არა, ბოდიში და მოღალატეები ყოფილხართ, სხვა რა უნდა გითხრათ, აბა?

ჯანმრთელი და ახალი ხორცის ყიდვა გნებავთ? აგერ ბატონო, ნატახტარის სასაკლაო – ცხოვრობ ბახმაროში? მოკიდე ხელი შენს ძროხას, ჩამოიყვანე. დაგიკლავენ, გაგიტყავებენ, მოგემსახურებიან, ბეჭედსაც დაგირტყამენ და გაყიდე მერე, მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე. შენც კმაყოფილი დარჩები და მყიდველიც.
ზრუნვას ყოველ ნაბიჯზე გრძნობ. აბა ვინმემ გაბედოს და ტელეფონში რამე გადაბრუნებული სიტყვა გითხრას – წამში გაჩნდებიან შესაბამისი სამსახურის მესვეურები და იმას უჩვენებენ სეირს. მოქალაქე ყოველმხრივ დაცულად უნდა გრძნობდეს თავს, აბა?

ეს მიტინგები და მაიმუნობებიც იმიტომ აიკრძალა, რომ ხალხმა თავისუფლად იაროს, არ შეწუხდეს. ნორმალური ცხოვრების რიტმი არ დაირღვეს და ქვეყნის ეკონომიკას (რომელიც აღმავლობის გზაზეა) საფრთხე არ შეექმნას, ტურისტები არ დააფრთხოს, მთავრობის წევრებს ფიქრსა და მუშაობაში ხელი არ შეუშალოს. იმ პარლამენტში სიჩუმეაო რომ ამბობთ, ფიქრობენ ბატონო და იმიტომ. ქვეყანაზე და ხალხზე ფიქრობენ.
ზამთრის კურორტის კეთილმოწყობა რომ დამთავრდება მესტიაში, მერეც არ იტყვით, რომ აღმშენებლობაა დაწყებული ქვეყანაში? იქნებ მერეც თქვათ, ალპებში ჯობია სრიალიო?

მადლიერება არაა მათი მხრიდან, გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპულთა პატივსაცემად დიდი ობელისკი რომ დადგეს? ღამით ფერადად გასხივოსნებული, დღისით ჟანგისფერი. ასეთი იშვიათი დიზაინის და შეფერილობის "მემორიალი" რომელ ქვეყანაში გინახავთ? ჰოდა, დაფიქრდით, სანამ კრიტიკას დაიწყებთ.
პირველკლასელებს, უკლებლივ ყველას, ლეპტოპები რომ აქვთ, 20 წლის წინ ამას ვინმე ოცნებაში მაინც წარმოიდგენდა?
და გზები? ყოველ წელს ახალ–ახალ გზებს გვიგებენ. უმადურებო, უმადურებო!
გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო – ამაზე მეტი თავმდაბლობა რაღა გინდათ? ამას ამბობს, გუნდი, რომელმაც წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და არც მომავალში აპირებს გაჩერებას.
დამოუკიდებელ და თავისუფალ ტელევიზიებზე არაფერს აღარ ვიტყვი. ცოტა თქვენც გაანძრიეთ ტვინი.
Fashion TV გვექნება მალე ჩემო ბატონო. პირადად პრემიერ მინისტრი ზრუნავს ამაზე. რომელი ქვეყნის პრემიერი გინახავთ ასეთი მონდომებით ცდილობდეს თანამედროვე მოდის ტენდენციები გააცნოს თავის ერს?
რომელი ერთი ჩამოვთვალო???

ჩვენ ყვავილების ქვეყანა ვართ, ჰოლანდიელები გვბაძავენ. ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ, ფრანგებმა რა იციან, ჩვენთან ყველა მღერის და ცეკვავს (ეს ფიმშიც ჩანს და მსოფლიომაც დაინახა უკვე), ჩვენ ზეზვა და მზია გვყავს – პირველი ევროპელები.

ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა. რაც გინდა თქვი, ვინ გიშლის.
აკი ვამბობთ კიდეც: ჩვენი პრეზიდენტი ყველაზე მაგარია, ჩვენმა პრეზიდენტმა ინგლისური იცის კარგად (სხვა უცხო ენებიც), ჩვენი პრეზიდენტი თხილამურებზე დგას, ცურავს კიდეც და სულ ფერად–ფერადი პერანგები აცვია (ამ პატარა შტრიხიდანაც ჩანს მისი პოზიტიური ნატურა), ჩვენი პრეზიდენტი ენერგიულია და სამართლიანი, ჩვენი პრეზიდენტი უშუალოა, როგორც კუმეო, ჩვენი პრეზიდენტი კრეატიულია (მის გარდა ვინ მოიფიქრებდა მთავრობის სხდომა სათაფლიას მღვიმეში ჩაეტარებინა? ან ზღვის პირას, მსუბუქი ბრიზი რომ უფრიალებს თმას, სიტყვით გამოსულიყო), ჩვენი პრეზიდენტი უშიშარია, ფრონტის წინა ხაზზე დგას, როცა ქვეყანას ჭირდება, ჩვენი პრეზიდენტი სამართლიანია, ჩვენს პრეზიდენტს ხალხი უყვარს, კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო დონის მომღერლებს დაადგმევინა ფეხი ქართულ მიწაზე, ჩვენი პრეზიდენტი მოწყალეა (ამდენი ამნისტია აბა სხვა რაზე მეტყველებს?), აღმშენებელია და ქველი, მუდამ ფხიზლადაა და თუ საჭირო გახდა, ყველას საკადრის პასუხს გასცემს.

ჩვენი ქვეყანა თავისუფალია.
ჩვენ ყველანი ბედნიერი საქართველოს შვილები ვართ.
მუსიკა, მუსიკაა საჭირო, უფრო კარგად რომ შევიგრძნოთ ეს სიხარული.
და აი ისიც:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ZUcvtwifo0U]

მღერის ყველა. სავალდებულოა, რამე არ შეგეშალოთ.

Thursday, June 16, 2011

(არც ისე) უცნობი პოეტები

გინდათ ერთი კარგი თამაში გასწავლოთ? თამაში რა, პრევენციული მეთოდი, ლექსის რენტგენი, იუთუბის ნამდვილი მხსნელი _ სტროფის ის სიტყვები ამოიწერეთ, რომლებიც (იდეაში) ერთმანეთს ერითმება.








[youtube http://www.youtube.com/watch?v=8KdrbE4FVdA]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=o_WzpAG69Ks]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=jw2ECaWME1E]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=jRslgxcUubg]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=aA__JfI9kd4]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=xwqnHPm4WhU]
(ნეტავ ვისი ლექსია? უბრალოდ კარგად კითხულობს. ამის არ დადება არ იქნებოდა)


[youtube http://www.youtube.com/watch?v=x5T6IzwOtYQ]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=jdJSDtbZA08]

და ჩემი რჩეული _ (არ ვიცი რატომ მაგრამ) ტელეკომპანია იმედის რჩეულიც:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=w8yfSj_xiGU]

ვაგონი... გამგონი... ვაგონი...გამგონი... და ისევ ვაგონი

(ესეც, ესეც - სკანდირებს ხალხი)
[youtube http://www.youtube.com/watch?v=fKD3nRXy6TI]

პანდორას ხუთი დღე - ნერგაძისეულად


ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯეიკ სალი, პლანეტა პანდორაზე ჩადის.

საგალაქტიკაშორისო ზეკომფორტული ჰომალდიდან, დედამიწა-პანდორა დამღლელი რეისის შემდეგ, ამერიკელ ჯარისკაცებს, რუსეთიდან დეპორტირებული ქართველებივით ცლიან სატვირთო განყოფილებიდან.

ნუ ახლა, აეროპორტი როგორც აეროპორტი _ ბეტონის დასაფრენი (თუ ასაფრენი) ბილიკით და ზედ დატანილი თეთრი ზოლებით, რომელთა დანიშნულებაც სავარაუდოდ საპლანეტაშორისო ჰომალდების მოძრაობის წესების რეგულირებაა.

მაყურებელი მალევე ხვდება, რომ ბეტონი, პანდორაზეც ბეტონი სულაც არაა, რადგან ზედ უზარმაზარი ნახევარ-რობოტები დაბაჯბაჯებენ.

ფილმის დასაწყისში ჯეიკი, თავისი ძმისთვის შექმნილ ავატარს ირგებს, თუ თანამედროვე ენაზე გნებავთ უკონექტდება, რის შემდეგაც გახარებული ჯეიკი, სოფლის უნახავი ქალაქელი ბავშვივით, ფეხშიშველი და ტიტლიკანა გარბის გარეთ და სიხარულისგან რა ქნას არ იცის.

დასაწყისი ურიგო არ არის - მეცნიერული ფანტასტიკაა და იმედს გაძლევს, რომ ფილმს არა უშავს. იმედი მალევე გიცრუვდება.

როგორც ჩანს, კინოს დამკვეთებმა გადაწყვიტეს, რადგან დედამიწამ უნდა ნახოს ეს ფილმი, ბარემ პანდორაც კარგად გავაცნოთ და პლანეტას რეკლამაც გავუკეთოთო.

იდეა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ შესრულებაა სუსტი. სუსტი იმიტომ არის, რომ პლანეტები რომლებიც პანდორას ატმოსფეროდან გადაშლილ კოსმოსურ ხედში ილანდება, არაფრით არ განსხვავდება მზისგან და მთვარისგან - უბრალოდ მათი რაოდენობაა ბევრი, ამით კი "მზეო, მზეო ცხრათვალა"-ზე გაზრდილ თაობას ნამდვილად ვერ გააკვირვებ. გამუდმებული ლირიული გადახვევები კი სურვილს აღგიძრავს, ტუალეტში გახვიდე და ქართულად დამერილებული პოპკორნის წყალობით ყანწით შესმული ლიტრანახევარი კოკაკოლა, 3D სათვალის მოუხსნელად ჩაცალო უნიტაზში.

სამეცნიერო ექსპედიციის შუა გზაზე, ფილმის მთავარი გმირი დაიკარგება (ოღონდ კარგად ვერ გავიგე როგორ). აი აქ კი იწყება ნამდვილი საოცრება. რეჟისორის უსაზღვრო ფანტაზიაზე ისიც მეტყველებს, რომ ფილმში ტყიდან (და არანაირი ელექტრო-მაგნიტური ციალიდან) გამომხტარი მხეცი, საოცრად გავს დობერმანის ჯიშის ძაღლს. ხოლო, ცხოველი რომელიც დობერმანს შეაშინებს _ მარტორქას, უბრალოდ ორი რქით... ნუ რქით რა, დინგით.


აი აქ კი, ნამდვილი კაპიტანგრატისეული მოგზაურობა იწყება პანდორას გარშემო. თავგადასავლის პირველივე ეპიზოდში, ნაცვლად იმისა რომ ვაჩვენოთ ადამიანთა აგრესია და პანდორის მკვითრთა გენოციდი, რეჟისორი ახერხებს და ისე გამოყავს, რომ პადორელი ლამაზმანი _ ნეიტირი, საკუთარი პლანეტის ფლორას და ფაუნას ანადგურებს.

რეჟისორის დაუშრეტელი ფანტაზია აქაც უდავოდ სცდება დედამიწისეულ ფარგლებს _ პანდროელ ქალებსაც ორი ძუძუ აქვთ.

მალე, იქაური, ანუ პანდორელი ციცინათელების წყალობით ჯეიკობი ეთნიკურად ნაიველი ხალხის მიწაზე აღმოჩნდება.

ფილმის ძირითადი ნაწილი (როგორც ამერიკელებს სჩვევიათ) ეთმობა, დედამიწელი ჯეიკობის, უფრო სწორად კი, დედამიწელი ჯეიკობის ავატარის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას. რა თქმა უნდა თავიდან, როკი ბალბოასი არ იყოს, ჯეიკობსაც არაფერი გამოდის _ არც თმებზე მიმაგრებული Universal Serial Bus-ით (USB) ექვსფეხა ცხენებზე დაკონექტება და ჯირითი, არც მშვილდ-დისრის სტყორცნა, არც უზარმაზარი ხის ტოტზე მიმაგრებულ ტუალეტით სარგებლობა და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც პანდორული ელარჯის ამოზილვით დაიკვეხნის დიდად. მაგრამ ჰოლივუდი რისი ჰოლივუდია და კამერონი რისი ჯეიმსი, რომ ამერიკელ, გულანთებულ ჯეიკს ეს ყველაფერი არ შეაძლებინოს?

მუსიკის აჩქარებასთან ერთად, ცხენსაც უპრობლემოდ უერთებს USB 3.0 თმის კაბელს და ნეონის მანათობლებით გაწყობილ ხეებსაც, სულ ვაირლესით უკონექტდება იქაური მოგონებების გადმოსაქაჩად. ეგ კი არა, კადრებად დაწყობილი წარმატებული ეპიზოდების ბოლოს, ნახევარი პანდორა თეფშით ხელში ელოდება საკუთარ რიგს, ჯეიკობის ამოზელილი ელარჯის გასასინჯად.

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმე განა? არც ჯეიმს კამერონია ამ მხრივ გამონაკლისი და ფილმის დასაძაბად, საქმეში "ცუდები", ანუ ადამიანები ერთვებიან. ამაზონის ტყეებიდან, პანდორაზე გადმოტანილი მძიმე ტექნიკით იწყებენ ასწლოვანი ხეების გაჩეხვას. ბოლოს კი უმოწყალოდ ანადგურებენ რიგით პანდორულ სოფელს... ნუ სოფელს რა _ პრაქტიკულად ხეს.

მომწამვლელი გაზითა და დუბინკებით არაერთხელ რუსთაველზე ნაცემი ქართველებივით, პანდორელებიც (ეთნიკურად ნაიველები) თავჩახრილები ტოვებენ მიწასთან გასწორებული სოფლის (ხის) ტერიტორიას.

მაგრამ ხუთკუნჭულა რისი ხუთკუნჭულაა კი არა და, ჯეიკი რის ჯეიკია, პანდორელ ხალხს თუ ვერ იხსნის ამ დიდი განსაცდელისგან.

აქ იდუმალი მუსიკა შემოდის ფონზე და მთხრობელი, საკუთარ თავში და წარმატებაში დარწმუნებული ხმით ყვება:

"ის დაფრინავს ყველაზე მაღლა. მასზე მაღლა არავინ არ დაფრინავს. ამიტომაც ის ზემოთ არასოდეს იხედება. მეც სწორედ ამით ვისარგებლე" - და მართალია იდეაში და პანდორულ ბუნებაში ის ყველაზე ზემოთ დაფრინავდა, მაგრამ რეჟისორისა და 3D Max-ის დახმარებით, ჯეიკობი თავისი "მალალიტრაჟკა" დრაკონით მის თავზე აღმოჩნდება, მოქნილად ისკუპებს და წითელ დრაკონს ზურგზე დაახტება.

მაგრამ, ზურგზე დახტომაც არის და ზურგზე დახტომაც - ცხოველს კაბელი თუ არ შეუერთე რა ხერირი?! ჯეიკობმაც შეუერთა თმები დრაკონს. შეუერთა კი არა და შეთხარა პრაქტიკულად.

წითელ დრაკონზე ამხედრებული ჯეიკი, ამაყად გამოცხადდა (იქაური) პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან. თვალსმომდგარი კურცხალი მაჯით შეიწმინდა, მეგობარი ხალხების (და არა ხალხის) ლიდერებს ხელები ჩასჭიდა და ცისკენ აღაპყრო.

ვაშააააააა იქუხეს პანდორელებმა და ამაღლებული სულისკვეთებით გადაწყვიტეს ადამიანებთან შებრძოლება.

200 რჩეული ვაჟკაცი იმერეთიდან, 300 რჩეული ექვსფეხა ცხენოსანი ქართლიდან, რვაასამდე მფრინავი გველეშაპი კახეთიდან და 30 ყურებდაჭრილი დობერმანი ჰერეთის თავადისაგან.

ადამიანების შეიარაღება: უცნაური ვერტყმფენები, ანტიგრავიტულ ძრავებზე დაფუძნებული თვითმფრინავები, ლაზერები, პულიმიოტები, გრანატამიოტები, რობოტექნიკა.

პანდორელების შეიარაღება: მშვილდისრები, მფრინავი დრაკონები, ექვსფეხა ცხენები, ტყავის ტრუსები და ბუნების ძალა!

გული გულობდესო და ბრონირებული შუშა, უბრაოდ ისრითაც იმსხვრევაო - ნათქვამია. ერთ პანდორელზე 10 ადამიანი მოდიოდა. სტოპ, სტოპ, სტოპ... პულიმიოტი პულიმიოტია. როგორ უნდა მოერიოს მშვილდისრიანი კაცი, რკინის რობოტში ჩამჯდარ, გრანატამიოტიან ადამიანს? ვერც ვერანაირად. ხო და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა რეჟისორმა, სცენარში ბუნების ძალა ჩარია (აი ის _ "რაც მე ვერ დაგლოცო, ბუნების ძალამ დაგლოცოსო").

ხო და ძმაო, ეგ ბუნების ძალა ყოფილა რაც ყოფილა. ერთი ორი ეგეთი ჩვენც რო მოგვცა (ქართველებს) ვაბშე თავისუფლად დავიბრუნებთ ოსეთსაც, აფხაზეთსაც და რუსეთის ნაწილსაც მივაყოლებთ ალბათ ზედ.

ხო და ახლა ვფიქრობ _ ხო არ ვთხოვოთ კობა ნაყოფიას, გვიშუამდგომლოს ჯეიმს კამერონთან და ერთი კაი 3D ფილმი ხო არ მივცხოთ ჰა? იდეები არის სხვათაშორის.

ისე დამატებით იდეებს თუ შევეხებით... მოდი ნუ შევეხებით _ ჭორად გავიგე, შენს ბლოგს პრეზიდენტი კითხულობს ჩუმად და ანონიმუსით ეგ გიტოვებს კომენტარებსო. ხო და რავიცი, რამეს მართლა არ მოკრას თვალი...

სველი სიზმარი

წამოვიდა საყვარელი წვიმა
აშხაპუნდა აივანთან ახლოს
ფანჯარასთან დგას მეზობლის ბიჭი
საკუთარი თვალებით რომ ნახოს
სველი კაბით, გრძელთმიანი გოგო
როგორ მირბის სველი ქუჩის გვერდით
ქუსლიანი ფეხსაცმლებით ხელში
სველ ტანსაცმელს მორგებული მკერდით
როგორ ცდილობს შეაფაროს თავი
რომელიმე ხეს ან სულაც ვინმეს
და მიეკრას გულზე სველი მკერდით
ოღონდ დიდხანს, კიდევ დიდხანს წვიმდეს

წამოვიდა, აშხაპუნდა წვიმა
თქეშით მოდის აივანთან ახლოს
ფანჯარასთან დგას მეზობლის ბიჭი
კიდევ ერთ სიზმარი რომ ნახოს

Wednesday, June 15, 2011

თავისუფალი

თავისუფლება რომ მისით არ მოდის და თავისუფლება რომ ლომთა ხვედრია, ეგ ადგილი გავიარეთ.

ამ ბოლო დროს (განსაკუთრებით სანამ ფეისტყავოსანი ვიყავი) იცით რა მჭირს? თითქოს ახალი გაღვიძებული ვარ და სიზმრის ძირითადი თემატიკა, თუ თემატიკები წვრილი ქინლებივით მახვევია გარს. ეს მხატვრული ეიფორია რა იყო და  აი როგორ იცით? ბევრი სისულელე რომ ნახე სიზმარში, რომლებსაც ერთი ძირითადი ხაზი გააჩნიათ.

მეც ასეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს სიზმარი (არეული _ ბოდიალა სიზმარი რო ეთქმის) ვნახე: არასრულფასოვნების კომპლექსი, ლიბერალიზმი, ქართველი ღიპერობა, სექსუალური უმცირესობის, რელიგიური უმცირესობის და ა.შ. უმცირესობის დაცვა, უკითხობა, ნაკითხობა, კაი ტიპობა, გოიმობა, სნობობა და  ფსევდო-რაღაცნაირობა.

საერთო კი მოცემულ სიმრავლეს ის ჰქონდა, რომ ყველაფერი ფსიქოლოგიით, კომპლექსებით და ქვეცნობიერით აიხსნებოდა.

ამავე სიზმარში, ვითომ სამუშაოთი დაღლილს, მაინც ბევრი სამუშაო დამრჩენოდა და ღამის სადღაც  სამ საათზე ("იქნებ სამის იყო მაშინ მესამედი") ერთმა მეგობარმა მომწერა.

დიალოგის დასაწყისში საუბარი შეეხო იმას რომ, მას საზღვარგარათიდან (მგონი პოლონეთიდან) სტუმრები ეწვივნენ, მაგარი მთვარლი იყო, ხოლო მანამდე კი ცოლთან და სტუმრებთან ერთად გოგირდის აბაზანაში იცურავა. ამ ამბავზე რუსების პასუხი გამახსენდა: შეშფოთებული ინგლისელები, თურმე გაკვირვებულები აღნიშნავდნენ რუსულ აბანოში _ "ქალები და კაცები ერთად (in team) ბანაობენო?!" ("ოდეს ყოფილა..." არა?!), ხოლო რუსებს ინგლისელების შეშფოთებაზე არანაკლები აღშფოთება გამოუხატავთ _ "ვისთვის ინ-ტიმი და ვისთვის კიდე ბანაობაო".

მოკლედ მე კი რუსული მეგონა ეგ ამბავი, მაგრამ ჩემმა ნასვამმა მეგობარმა, თვის უცხოელი სტუმრების სამშობლოს მიაკუთვნა და "ძირძველი" გოგირდის აბანო, დედიშობილად გოგონებთან ერთად ცურვის წყალობით, პოლონურად (მგონი-მეთქი) გამოაცხადა.

შემდეგ საუბარი კი იმით გაგრძელდა, ვიცურავებდი თუ არა მეც ანალოგიურად. მე სრულიად გულახდილად ვთქვი რომ ნამდვილად არ მანიჭებს სიშიშვლე სიამოვნებას, განსაკუთრებით სხვა ხალხთან ერთად და უფრო განსაკუთრებით კი თუ სხვა ადამიანები, ჩემს შიშველ ცოლს (რომელიც არ მყავს) აკვირდებიან-მეთქი.

- აუ, შენ ხარო გოიმიო. ღიპიანი გრუზინიო. კომპლექსებიანიო. მოიხსენი ეგ კომპლექსებიო- სიმართლე გითხრათ, არც კომპლექსის ჩემი მეგობრისეულ დეფინიციას ვასაჩივრებ და არც ვეწინააღმდეგები. როგორც უნდა ისე მომიხსენიოს და რაც უნდა ის თქვას. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი, მე ვაკეთებ იმას რაც მომწონს ან მინდა რომ გავაკეთო.

საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა ამეხსნა მეგობრისთვის, რომ მე ასე ვხედავ თავისუფლებას _ ვაკეტო ის რაც მისწორდება, როცა მისწორდება და სადაც მისწორდება.

თუ მე შემიპყრობს დაუოკებელი სურვილი ვიარო რუსთაველზე შიშველმა (ცოტა ალბათ გამიჭირდება "კომპლექსების" გამო) მაგრამ ასეც მოვიქცევი.

კიდევ ერთხელ, არ ვიცი ნამდვილად, რა დეფინიციას აძლევს ჩემი მეგობარი სიტყვა კომპლექსს, მაგრამ გარკვეული ზნეობრივი შეზღუდვები, გარკვეული საზღვრები, აკრძალვები (ყველა სიტყვა ბრჭყალებში) ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის ნამდვილად და უპირობოდ საჭიროა (და ეს ყველაფერი "გიჟი თავისუფალია" იდიომური ფრაზის გამო არ ნამდვილად დამიწერია).

მე პირადად უფრო დიდ კომპლექსად მიმაჩნია გავიხვრიტო წარბი და გავიკეთო პირსინგი, იმის დასამტკიცებლად რომ მე უკომპლექსო ან თანამედროვე ან "რაღაცნაირი" ვარ. არანაირი სურვილი არ მაქვს პირსინგის გაკეთების _ მორჩა! მარტივად არის საქმე.

ანალოგიურად საკითხავია ვინ უფრო თავისუფალია _ ადამიანი რომელიც იმის გამო რომ მეგობრებთან და ცოლთან (რომელიც არ გყავს) ერთად არ იხეხები გოგირდიანი წყლით ჩაგთვლის გოიმად ან/და კომპლექსიანად, თუ ადამიანი რომელსაც მაგრად კიდია სხვებთან შიშველი ბანაობა და ისიც, ვინმე (ამ შემთხვევაში ჩემი მეგობარი) მიიჩნევს თუ არა ამის გამო გოიმად, ან კომპლექსიანად ან ა.შ.

სწორედ ამიტომაც, ამ მრავალგვერდიანი ტრიბუნიდან მინდა მოგიწოდოთ: დაიკიდეთ რას იფიქრებენ თქვენზე, დაიკიდეთ წინასწარ გამოჭრილ რომელ კლიშეს მოგარგებენ, დაიკიდეთ ვინ როგორ იფროიდებს თუ იბანდურებს. ისიც მაგრად დაიკიდეთ, რომ თქვენს ამ დაკიდებასაც კომპლექსად, არარეალიზებულობად, თქვენს სექსუალური დაუკმაყოფილებლობით გამოწვეულ პრობლემად ჩათვლიან. უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც გინდათ და რისი გაკეთებაც მაგრად "გი" ან "არ" - გისწორდებათ.

სანამ რუსტაველზე შიშველი ივლიდეთ, კარგად დაფიქრდით _ რაიმეს გაკეთებით ან არგაკეთებით, გახდებით თუ არა, თუნდაც ერთი ნაბიჯით თავისუფალი.

P.S. ახლა დავფიქრდი: რატომ უნდა არსებოდეს ზნეობრივი შეზღუდვები, გარკვეული საზღვრები და აკრძალვები? _ თუნდაც იმიტომ რომ ყველა ადმიანი ერთნაირად თავისუფალი და ერფეროვანი არ იყოს. ეს "თუნდაც", ისე კი სხვა არგუმენტებიც მაქვს.

Sunday, June 12, 2011

შაირი

წინასიტყვაობის ნაცვლად:
შაირი შარა კუტელი...

***
დღეს დავუბრუნდი დედაქალაქს, მშობლიური ანუ შესაბამისად მამა-სამტრედიიდან.

ქორწილზე  ნათესავები, უბანში მეზობლები, სუპერმარკეტ "ლელაში" ნიკორას ძეხვი,  ჩასვლისთანავე მოვინახულე. ყანწიდან პერანგზე ჩამოღვრას გადარჩენილი ღვინის წყალობით მომსპარმა და ნაბახუსევმა, ჩემი საყვარელი გურული ბებიისთვისაც (დედის მხრიდან) მოვიცალე.

სიბერე,  ათას ჭირვარამნანახ, შეუდრეკელ ბებიაჩემსაც კი მისწვდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყანაში სამუშაოდ გასვლის თუ ტალავერის გასხვლის წინ, ყოველ ცისმარე დილას, ნახევარ ჭიქა (საკუთარ გამოხდილ) არაყს ხუხავდა ხოლმე _ ბებია, ესაა რო მაცოცხლებსო.

სხვათა შორის და მეცნიერებმაც დაადგინეს (ან უბრლაოდ ბებიაჩემს დაუდასტურეს), რომ  უზმოზე სუფთა არყი, ნამეტანი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ბებიაჩემის სიმხნევე ვფიქრობ უფრო მისი ხასიათის დამსახურება არის. ახლაც კი, როდესაც უამრავმა, სიბერითგამოწვეულმა ჯანმრთელობის პრობლემამ ერთდროულად შეუტია, ბებია მაინც მხრიარულია და ჩვეულ გურულ იუმორს და სახეზე ღიმილს მაინც ინარჩუნებს.

გარდა იუმორისა, ბებიჩემი იმითაც არის გამორჩეული სხვა (სულ ცოტა იმერელ) ბებიებისაგან, რომ მან უამრავი შაირი იცის. იცის და არც სხვებისთვის იშურებს ზეპირსიტყვიერი ხალხური "საგანძურის" გაზიარებას.

სტუმრებით სავსე ოთახში, როცა ამაყად შემომაყენეს სკამზე და იმ იმედით, რომ ბაბუაჩემის ნასწავლ:


летят самолеты
летят как птицы
они зашишют
наши границы-ს ვიტყოდი, ბებიის ნასწავლი:

ბიჭი ვიყავ ბიჭანჭური
ღვინო მქონდა ცხრაი ჭური
გადავხადე ორგოები და
მივსტყან-მოვსტყან გოგოები-ო, დამიმღერებია ბოლო ხმაზე.

ვთვლი, რომ ლექსი რომელიც ბავშობაში მასწავლა ბებომ და დღემდე მახსოვს (ისე, საკმაოდ პრაქტიკული ლექსი კი არის თუ კარგად დააკვირდებით), ყველაზე ნაკლებად უცენზუროა (თქვი რა "პახაბნი", არ გაატრაკეს ამ ბარბარიზმებით და ქართული ენის სიწმინდით საქმე?!)  პოეზიის სხვა "შედევრებთან" შედარებით.

ბებიას შაირი არც ამ ნახვაზე დავიწყებია  (უფრო სწორად კი, მე ვახდენ ყოველთვის პროვოცირებას, რადგან ყოველ ჯერზე ახალ-ახალ შაირებს ვისმენ). რამდენიმე სხვისი ცოლის სამაგალითოდ "დასჯისა", ულვაშებში არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურების შესრულებისა და ბათუმში ნაყიდი კარტოფილის (რომელსაც ნამდვილი გერმანული პორნოგრაფია ერითმებოდა) შემდეგ, ბებომ ღრმად ამოისუნთქა და მითხრა: "ეჰ, იცი რა იყო? ადრე არც შუქი იყო, არც სხვა რამ გასართობი, ხალხიც ასე იკრიბებოდა საღამოობით და ერთმანეთს შაირობაში ეჯიბრებოდაო".

ერთი კი ვიფიქრე გულში, რაღა ერთმანეთის გინებაში და გაკვრა-გამოკვრაში, სატრფიალო ლექსებში გაჯიბრებოდნენ ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ჯერ ჯერთი, მსგავსი პოეზია, ტკბილეულობის არ იყოს ძალიან მალე გიმყაჭებს გულს და აუტანელი ხდება. მეორეც _ ეტყობა ქართველები ყოველდღიურობაში (თუნდაც სუფრაზე) იმდენნაირად და იმენს გამოხატავენ ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულს და ჩახუტებას, რომ საღამოს  გასართობ "ფართიზე" შეკრებილებს, რაიმე რადიკალურად განსხვავებული სჭირდებოდათ.

ასეც რომ არ იყოს, მსგავსი "კბენა" უფრო "დაზამასკებულს" გტოვებს კაცს. წარმოიდგინე, ვინმემ მასაჟი რომ გაგიკეთოს (სხვა რამე ვიფიქრე, მაგრამ დედაჩემი გულგახეთქილი დამხვდა სამტრედიაში _ სულ ნუ გადარიე ხალხი, რას წერ ბლოგზეო), მარტივად შესაძლებელია და სავარაუდოც, რომ შენც იგივეს სურვილი კი არ გაგიჩნდეს, არამედ გადაბრუნდე და ტკბილად მიგეძინოს. აი, პანჩურს (და არანაირი "პანღურს") თუ ამოგარტყამს (არანაირი "გითავაზებს") ვინმე, ან კეფაში კარგად თუ წამოგითაქგუნბს, სამაგიეროს გადახდის სურვილი არ მოგასვენებს.

ალბათ შაირობაც, ამ მარტივ პრინციპზე არის აგებული _ შენ მას მწარეს ეტყვი, გაუტყდება და ეცდება  დაგიბრუნოს, შემდეგ შენ გაგიტყდება და ა.შ. და ასე დაუსრულებლად.

***
როდესაც მოსაღამოვდა და ისედაც ნოტიო ცხელი ჰაერი, ბაყაყების ყიყინით გაიჟღენთა, შაირის წარმომომავლობაზე ბებიაჩემის მოყოლილი ამბავი გმახსენდა.

შუქი ნამდვილად იყო,  მაგრამ უინტერნეტ-ფეისბუქ-ბლოგო ოთახი, ისევე მოსწყენი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ყანიდან და ჩაის პლანტაციებიდან დაბრუნებული გრულებისთვის უშუქობა და უტელევიზორობა.

ცუდი ის იყო, რომ მოშაირეც კი არ მყავდა გვერდით, მეც სხვა რა დამრჩენოდა: პასტა (არავითარი "კალამი") და ფურცელი ავიღე და შაირი დავიწყე (იკითხება, საშაირო აკომპანიმენტის თანხლებით) :

მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
თვალებს ქაჩავს და ღლოფინებს
მივცემ ნახევარ სამეფოს
ახლა ვინც შემაყოფინებს

მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
მე შადრევნები მომწონს
მივცემ ათას აკრ მიწა-წყალს
ახლა ვინც მაგრად მომწოვს

მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
რა ხდება, what's up, ვონცეს
ვაჩუქებ ოქროს უთვალავს
ახლა თუ ვინმე მომცემს

მისმინეთ ყველამ, მისმინეთ
თუ ვინმე პატივს ვერ მცემს
ერთი-ორი დრე მაცადოს
ოღონდ ახლა ნუ შემცემს

როგორც ხედავთ, არც ისე მაგარია. ყოველ შემთხვევაში ბებიაჩემისგან მოსმენილი ხალხური შაირები ნამდვილად მირჩევნია. სანამ შაირით "დაზამასკებული" ადრესატი საკადრის პასუხს "გამირითმავდეს", კიდევ ერთ ლექს მოგიყვებით  სკამზე შემდგარი _ როგორც ბავშვობაში ვაკეთებდი თურმე:

რიკი, რიკი ყლეო
ფიჩხი მოხიკეო
სადაც კარგი გოგო ნახო
ყველა მოჩიჩლეო

...ოღონდ ძალიან გთხოვთ, როგორც ბავშვობაში იცოდნენ, არ მთხოვოთ ახლა: "აბა, პასპორტი გვაჩვენეო".

Tuesday, June 7, 2011

აბსოლუტური შემთხვევითობა

რა მოხდება ნბისმიერი მომენტიდან, სამყარო რომ ავიღოთ და დავაკოპიროთ?

განვითარდება  სამყაროს ორივე კოპია ზუსტად ერთნაირად თუ არა? თუ კი, მაშინ გამოდის რომ ყველაფერი მართლაც წინასწარ არის განსაზღვრული. თუ არა, მშინ რა არის ის, რაც  აბსოლუტურად ერთნაირ სამყაროს სხვადასხვა განვითარებას მისცემს?

წარმოიდგინეთ კვადრატი (კუბიც კი არაა საჭირო _ 2D მოდელი საკმარისია). ამ კვადრატში წარმოიდგინეთ წერტილი, რომელზეც არანაირი ძალა არ მოქმედებს გარდა უკუგებისა. მას თუ გარკვეულ სიჩქარეს მივანიჭებთ ის კვადრატის კედლებზე დაიწყებს ასხლეტვას, წინასწარ განსაზღვრული წესებით, სადაც დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლი იქნება და ა.შ.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ კვადრატში უამრავი წერტილია. ყოველი მათგანი მოძრაობს: ერთმანეთს ეჯახებიან, ისხლიტავენ, ეჯახებიან კედლებს და ა.შ. თეორიულად შესაძლებელია, მოცემულმა წერტილებმა, უსასრულოდ შეასრულონ უნიკალური მოძრაობები (თუმცა ინტუიცია მკარნახობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ალბათ გარვეული ციკლი შეიკვრება და განმეორდება), მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩემი გონებრივი ექსპერიმენტისთვის წარმოიდგინეთ, რომ ეს კვადრატი ზუსტად დავაკოპირეთ დროის გარკვეულ მომენტიდან.

ბუნებრივია და ფაქტია, რომ მკაცრად განსაზღვრული წესების თანახმა მოძრავი წერტილები, აბსოლუტურად ერთნაირად გააგრძელებენ ორივე კვადრატში მოძრაობას. არცერთ მათგანში არაფერი არ შეიცვლება. რაგან წინასწარ მკაცრად (მათემატიკურად) განსაზღვრულია წერტილის სიჩქარე, არეკვლის წესი და ა.შ.

იდეაში სამყაროს რომ შეხედოთ, ისიც უამრავი წერტილის ურთიერთქმედებაა. მატერიალური და არამატერიალური ერთეულების განუწყვეტელი ურთიერთქმედება, სამყაროში განსაზღვრული წესების თანახმა. უბრალოდ წერტილებისგან განსვავებით აქ იმდენად ბევრი ობიექტი ურთიერთქედებს, რომ რაიმეს დაანგარიშება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა თეორიულად თუ სამყაროს ნებისმიერ მომენტში დააკოპირებ, წესით ორი ატომი ზუსტად ერთნაირად უნდა დაეჯახოს ერთმანეთს, ზუსტად ერთნაირად უნდა დაეცეს ორი კამათელი. მოკლედ ყველაფერი ზუსტად ერთნაირად უნდა მოხდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ არსებობს გარკვეული ალგორითმი, გარკვეული მათემატიკური მოდელი, რომელიც ზუსტად ერთი და იგივე საწყისი პარამეტრებით ორ სხვადასხვა შედეგს იძლევა. ანუ წარმოიდგინთ ერთი და იგივე განტოლება, ბევრჯერ რომ ამოხსნათ, აბსოლუტურად ერთნაირად, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი შედეგი მიიღოთ. ანუ გარკვეულ მომენტში კვადრატში მოქცეული წერტილი თავად წყვეტს მარჯვნივ აისხლიტოს თუ მარცხნივ.

ამ თემებით და ფილოსოფიური მსჯელობით ვიყავი ჩაფიქრებული, როდესაც ლინგვისტუსმა მათემატიკოსის (და თურმე არამარტო) ჯონ ფონ ნოიმანის მიერ შემუშავებული ფსევდოშემთხვევითი რიცხვების გენერაციის მათემატიკური მოდელი მაჩვენა, რომელიც კომპიუტერულ სისტემებში გამოიყენება. სხვათა შორის აღმოვჩინე, რომ რიცხვები, რომლებიც მათემატიკური მოდელებით გენერირდება, ფსევდოშემთხვევით რიცხვებად მოიხსენიება. "ფსევდო" რადგან, საწყის რიცხვს მაინც ადამიანი (ან რაიმე მოწყობილობა) ანიჭებს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რიცხვბები შეგიძლია გამოიყვანო, მაგრამ პირველი რირცხვი თუ განმეორდა არაფერი შეიცვლება.

სწორედ ამიტომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში საწყის რიცხვს იღებენ, ან კურსორის პოზიციიდან, ან "ვიდეო-კარტაში" გამავალი სიგნალებისგან (ეკრანზე ხომ ყველაფერი იცვლება უმეტესწილად), ყველაზე ხშირად პროცესორის რხევებისგან. აგრეთვე თურმე ყოფილა მოწყობილობები, რომლებიც გარკვეულ კოსმიურ რხევებს ზომავენ, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებელი წყაროდან მიიღონდ შემთხვევითი რიცხვი. თუმცა აბსოლუტური შემთხვევითობა (ეს დასახელება მე დავარქვი და თუ არაა მორგებული მომიტევეთ) ჯერ-ჯერობით ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია.

მათ შორის თავად ნეიმანს უთქვამს: "ადამიანი რომელიც ცდილობს მიაკვლიოს შემთხვევითი რიცხვების მიღების მათემატიკურ მოდელს, უდავოა რომ ცოდვილი გახლავთო".

მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი მათემატიკური მოდელი სამყაროში არსებობს. ალბთ სწორედ ის არის გასაღები ხელოვნური ინტელექტის მისაღებად, სადაც მათემატიკური ალგორითმი განსაზღვრავს "მარჯვნივ" თუ "მარცხნივ". მსგავს ალგორითმზე დაყრდნობილი პროგრამა იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი, თვითმყოფადი. ის არ იქნება დამოკიდებული არც გარე სამყაროზე, არც ადამიანის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სწორხაზოვან ალგორითმს გაყვება. ის თავად გადაწყვეტს რა ქნას - არჩევანის თავისუფლება, ვფიქრობ დიდწილად უკავშირდება აბსოლუტურ შემთხვევითობას.

ამ თემებზე რომ ვფიქრობ, შინაგანად ვხვდები რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვეხები, რაღაც მნიშვნელოვანში ვაფათურებ ხელს და სიმართლე გითხრათ არასასიამოვნო შეგრძნება მიპყრობს.

როგორც არ უნდა იყოს, მირჩევნია, რომ ადამიანმა ვერასოდეს მიაგნოს აბსოლუტური შემთხვევითობის მათემატიკურ მოდელს _ E = mc² - ამ მარტივმა ფორმულამ რაც უბედურება დააწია კაცობრიობას ისიც საკმარისია, ახალი რომ არ დაგვემატოს.

Sunday, June 5, 2011

დიდება რენი

არ მიყვარს პაპსა თემები, მაგრამ ახალ გაღვიძებულზე და წუხანდელ თბილისურ "წითელხალიჩობანაზე" რომ არ დავწერო, ისე გემრიელად ვერ დავლევ მწვანე ჩაის, რომელიც ჯერ არ მომიმზადებია.

ვინ არის რენი ჰარლენი? სიმართლე გითხრათ, ყურმოკრული კი მქონდა (ან რატო არ მექნებოდა, რაც მე ბოევიკები მინახავს) მარა ახლა ასე ზედმიწევნით ნამდვილად არ ვიცოდი. თურმე ნუ იტყვით და კერკეტი კაკალი 2 მაგისი გადაღებული ყოფილა. ვერაფერს იტყვი _ კლ'ასიკაა (ბრიუს, კიდევ კარგი შენი თვალებში გამოცრილი მზერა თორე მოუწევდა მაგ კაკალს, მტვრიან თაროზე ყურყუტი).

მოკლედ, გადაიღო ამ კაცმა ეს "აგვისტოს 5 დღე". გადაიღო და გაგიჟდა ხალხი (ისე, პრეზიდენტს არ მოსწონებია). გაგიჟდა ხალხი და გაგიჟდა რენი. ჩამოვიდა თბილისში.  წინა ჩამოსვლაზე, გორთან ახლოს ფეხსაცმელში ჩაყრილი მიწა ამოიფერთხა, შვებით ამოისუნთქა და ქართულ ბეტონს ემთხვია.

რენის ჩამოყვა შერონ სტოუნი - რა შუაში და კიდეში იყო კაცმა არ იცის, მაგრამ პრეზიდენტის სასახლის გუმბათში, გამჭვირვალე შუშის შუაში რომ მოხვდა (მოხვდა რა, მოახვედრეს) მთელმა ერმა ნახა პირდაპირ ეთერში.

ისე არა არის შერონი მშიშარა ქალი და თუ ჭორს დავუჯერებთ, რომ "მა თახსირი ქალი თურმე უტრუსიკოდ დეიარება", გასაკვირი სულაც არ არის, რატომ არ "დანებდა" პრეზიდენტს, შუშის იატაკზე შემდგარიყო.

მოკლედ ჩამოვიდა რენი. რენი, რენი _ სკანდირებენ ჟურნალისტები. რენი, რენი სკანდირებს ოთახში ჩართული ტელევიზორიც.

- რენი ჟურნალისტებთან შეჩერდა და ესაუბრება
- რენი ჟურნალისტებთან არ შეჩერდა და არ ესაუბრება
- რენიმ ქართულ მიწას აკოცა
- რენიმ ქართულ მიწას არ აკოცა
- რენიმ ჩაისუნთქა
- რენიმ ამოისუნთქა
- რენიმ ქართველ ჟურნალისტებთან მუხლი მოიდრიკა
- რენიმ ლობიო გასინჯა
- რენიმ, ჩემი მურადა ასე ამბობდაო...
- რენიმ ივერია გაბრწყინდებაო
- რენიმ რენო რუნის აჩუქაო
- რენიმ მე პას-ო

იმასაც ამბობენ, სახელისუფლებო PR-ის მამებს, ქართულ ენაში ბრუნვის მერვე  პირის _ "რენეობითის", დამატებაც სურდათო, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ თურმე  წოდებითის შემდეგ ყოფილიყო თუ სახელობითამდე და თავიც დაუნებებიათ.

ამასობაში გადაიკეტა რუსთაველი, გაიშალა (არც ისე) წითელი ხალიჩა, დაიწურა საწნახელი...

ჟურნალისტი: და მაინც იქნებ გვითხრათ, როგორი კერძები იქნება წარმოდგენილი (კიდევ კარგი მოწვეულიო რომ არ თქვა) საქველმოქმედო საღამოზე
ვიღაც: იცით, იქნება სხვადასხვა კერძები
ჟურნალისტი: თევზი ქინძმარში იქნება თუ მშრალად
ვიღაც: მშრალად
ჟურნალისტი: და ბადრიჯანზე ნიგოზი ხომ არ მიგაკლდათ...

გადმოდის, გადმოდის ("აფრინდა, აფრინდა..." - გახსოვთ?) ენდია გარსია გადმოდიის. "ნახე მამიკო მოდილიანი" - ისმის კადრში. ენდი ამაყია, თამამია, რუსთაველი გადაკეტილია _ რას იფიქრებს რომ გზას ერთადერთი მანქანა არ დაუთმობს.

- მიდიო _ ეუბნება გარსია
- მაგას რავა ვიკადრებ, სტუმარი კაცი ხარო - პასუხობს ქართველი მძღოლი
- მიდი კაცო, მიდი გეჩქარება ეტყობა შენ სადმეო _ არ იშლის ენდი
- სად ჯანდაბაში უნდა მეჩქარებოდეს, ჩვევაა თორეო...
- კაცო, მიდი მე შენ გელაპარაკები-მეთქი - გაჭიმა ხელი ენდიმ
- ქართველი რო იყო ზედაც გადაგივლიდი, მარა სტუმარს მაგი რავა გაკადროო - გაჭიმა ფეხი მძღოლმა

- რენიმ მარჯვენა ფეხი გადადგა
- რენიმ მარჯვენა ფეხი არ გადადგა
- რენიმ მარცხენა ფეხი გადადგა...

აგრძელებენ ბედნიერებისაგან სახეგაბადრული ჟურნალისტები. რენიც გაგიჟდა - მგონი, ერთი ორი ფილმი და აქ ხალხს ისე ვუყვარვარ, პრეზიდენტადაც ამირჩევენო.

- ხო არ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად _ გადაჩურჩულა ცოლს რენიმ
- საცხოვრებლადს მოგცემ, ის არ გეყოფა აეროპორტში ბეტონი რო დურდღნეო
- რა ვქნა ახლა, გადამიხადეს კაცო ამ ხალხმა და სხვანაირად არ გამოდიოდაო
- გადაგიხადეს და გადაგიხადეს, რამე დაგეფინა მაინც ზედო

- გარსია იღიმის
- გარსია არ იღიმის
- გარსია მომესალმა... არ ვიცი კადრში დაინახეთ თუ არა, მაგრამ ენდი გარსიამ ჩემსკენ გამოიხედა და მომესალმა ...  (ჟურნალისტს გული მისდის და წითელ ხალიჩასთან ეცემა)

- აუუ რა მანქანაა _ ისმის კადრში ბავშვის აღფრთოვანებული შეძახილი. მანქანიდან კი შერონი გადმოდის. ვხვდები, რომ ერთ წამში ლომზე და შიშველ ქალზე ანეგდოტის თანამედროვე ვერსია დაიბადა, რომელაც ყურადღებას არავინ მიაქცევს.

- რენი დარბაზიდან გამოდის
- რენი კიბეებით დაბლა ეშვება
- რენი კინოთეატრის ჰოლს კვეთს
- რენი ტუალეტისაკენ მიემართება
- რენიი....რენიიიიიიიიიიიიიი

***
არა და ხო გულით გთხოვე _ არ ქნა მაგი, ბატონო პრეზიდენტო-მეთქი?

P.S. ახლა მივხვდი რატომ შერონი _ როგორც ჩემი ძველი პოსტი მოწმობს, ის ერთადერთია ვინც პუტინის დაკრულზე არ იცეკვა!

ვარ თუ არა ონანისტი?

არა, ოდესღაც, იმდროისთვის მარაზმში გადასულმა უგულავასეულმა ქალაქის გულიზაციამ პროტესტის გამოსახატად რომ მაიძულა შემექმნა ფეისბუქ-გვერდი სახელად"მე მიყვარს ონანიზმი", არაფერ შუაშია. არც, ქართულ ბაზარზე დარღვეული სექსის მოთხოვნა-მიწოდების კატასტროფულად შეუსაბამო პროპორციების გამო დამისვამს ეს რიტორიკული შეკითხვა (ჩანართი ეკონომისტებისათვის: სხვათა შორის, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ "სექს" საოცრად დაბალი აქვს ელასტიურობა).

საქმე, ჩემს ბანკისშემდგომ ცხოვრებისეულ პერიოდს ეხება, როდესაც ერთ დღეში მივატოვე აუთლუქში ორმოცდაათამდე შემოსული მეილი, პარალელურ რეჟიმში მობილურზე და ოფისის ტელეფონზე საუბრის ტექნიკა და რამდენიმე ჰალსტუხ-გაკვანძული და გამარჯობასთან ერთად, ვიზიტკების გაცვლით დაწყებული შეხვედრა. მივატოვე და აღმოვჩდი მუხიანში, მეოთხე ბ მიკრორაიონში (ბოლო ორი ციფრი საიდუმლოა), ოროთახიან მომცრო ზომის ბინაში _ მარტო (მხოლოდ დღის განმავლობაში, თორემ ღამითაც რომ დეიდაშვილების მრავალსულიანობა არ აღვევდეს "ბაითის" სიმყუდროვეს, ვინ იცის იქნებ ნაშებიც ამომეყარა და ახლა ეს პოსტი საერთოდ არც დამეწერა).

ჩართული კომპიუტერი, ბიზნესი რომელიც მარტომ გსურს რომ აწარმოო, არანაირი საწყისი კაპიტალი და საკმაოდ მოზრდილი (ბინისვე) იპოთეკური სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (სხვა გადასახდელებთან ერთად) ნამდვილად არ გაძლევს საშუალებას, რომ მშვიდად დაიძინო.

მეც სხვა რა გზა მქონდა? დავივიწყე რომ ადამიანი ვარ, სხვათა შორის, ისიც ზედ მივაყოლე რომ კაცი გახლავართ, მოვიმარჯვე მაუსი და მარჯვე ხელებით შრომას შევუდექი. ჩემს ნაცნობებს რომ კითხოთ ლაშა რა კაციაო, გიპასუხებენ: ლაშა ის კაცია, საიტებს რომ თლის და ნეტში აწყობსო.

...ხო და როგორ გინდა ახლა, ოფისის რია-რიას და ბასტი-ბუბუს მიჩვეულს, ყოველგვარი კომუნიკაციის ფორმა უცებ შეგეწყვიტა და არავისთან არ გეკონტაქტა? მითუმეტეს რომ წინ არც მეტი და არც ნაკლები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი გიდგას?

მეც სხვა რა დამრჩენოდა, ავიღე მაუსი და ხელის ნაზი მოძრაობით წინ და უკან დავუწყე სრიალი. ფეისბუქზე ნებისმიერი ფრენდის, ნებისმიერ ლინკსა თუ სტატუსზე, რომ ვაკომენტაერბდი და შემდეგ საპასუხო კომენტარებს  რომ ვალაიკებდი, აი, მანდ მივხვდი რომ დამენძრა. მე რომ დამენძრა, კი მივხვდი, მაგრამ თავადაც თუ იგივეს ჩავდიოდი, ჯერ ეჭვიც არ მქონდა.

გადავწყვიტე რომ ასე არ შეიძლებოდა _ პირადი პროფილი დავხურე, პეიჯი გავხსენი და იქ დავიწყე ჩემი ბრძნული სტატუსების გადმოფრქვევა. ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - გაგონილი გექნებატ თქვენ, ხოდა უის არა მაგრამ 300 ფრენდის ნაცვლას, 1500-ზე მეტ, გვერდის მომხმარებელს ნამდვილად კი შევეყარე. შევეყარე და გულზეც შემომეყარა. შემომეყარა მაგრამ რა მერე _ შეაყარე კედელს ცერცვი, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მართლაც არაჩვეულებრივი და საინტერესო არის, როდესაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს უზუარებ ემოციებს, მუსიკას, განწყობას, ფოტოებს, იცნობ და გიცნობენ, ესაუბრები და გესაუბრებიან, ულაიკებ და გილაიკებენ.

აი აქ კი დაიწყო ნამდვილი საგიჟეთი: რა არ გცალია, ფეისბუქზე ათასხუთას კაცთან სალაპარაკოდ კი გცალია? რა ვერ მომილოცე _ ნახევარ ფეისბუქს კი კარგად ულოცავ დაბადების დღეს? რა, ვერ წამოხვალ?ფეისბუქზე კი კარგად დადიხარ...და ა.შ. და ასე დაუსრულებლად.

მოკლედ ნამდვილი კოშმარი დაიწყო. გარდა იმისა, რომ თვითონაც ვბრაზდებოდი ჩემს თავზე გონების გადართვის მიზნით, ბროუზერის ტაბის ფეისბუქზე რამდენიმე წუთით გარდართვის გამო, ახლა სხვებმაც დამიმატეს (ვითომ თვითონ არ დაბროდნენ კურილკაში ხუთ წუთში ერთხელ). ზოგმა ფროიდობაზე გამოდო თავი და ჩემს ქვეცნობიერში დაუკმაყოფილებელი სექსუალური ვნებების, სოციალურ ქსელებში სუბლიმაციას დაუწყო ძებნა (ძებნა კი არა, პრაქტიკულად მკურნალობა), ზოგმაც აკუპუნქტურის სპეციალისტობაზე გადადო თავი და ჩემსკენ ნემსებით გამოიქცა. "ცოტა ადექი, გადი გარეთ, ვინმეს დაელაპარაკე" - მოკლედ "გადი, ქალებში გაისეირნე" _ პათოსის რჩევები გადმოედინა თავსა ამას ზედა უბადრუკსა. არადა სასამართლოზე მოწმის სტატუსად დაბარებულმა, რომ დავიფიცე იმაზე წრფელად დავიდებ გულზე ხელს და ვიტყვი _ რა, რა და სექსი ნამდვილად არ მაკლიათქო (ნუ, გამონაკლისებიც იყო).

უბრალოდ, "ყველაფერი გენიალური _ მარტივია", ფორმულირების თანახმა, ადამიანი ეტყობა არც ისეთი გენიალური ქმნილებაა, რომ ყველაფერი ასე მარტივად _ სექსის საჭიროებით აიხსნებოდეს. "ჭამა და სექსის" გარდა, არის სხვა თემებიც, რომლებიც თურმე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ადამიანის არსებობისთვის. სხვების რა მოგახსენოთ და ერთ-ერთი კი ნამდვილად არის "კომუნიკაცია" (ჩემი თუ არ გჯერათ, გამოამწყვდიეთ პირასკოჩილი კაცი, ჩაუყარეთ ქალები და დააკვირდით 1 წლის განმავლობაში).

ახლა ვიღაც გონებამახვილი მეტყვის _ სექსიც ხომ ერთგვარი კომუნიკაცია არისო? კი ბატონო, მაგრამ სექსი ერთადერთია სადაც "ენამახვილობა" ნამდვილად არ არის რეკომენდირებული, შესაძლო ტრამვების თავიდან აცილების მიზნით. არასრულფასოვანი და შეზღუდული კომუნიკაცია კი იგივეა, "ვარდს რომ უყნოსო აერწინაღით".

მოკლედ, გადაგიშალეთ გული და სული (გოგო რომ ვიყო აქ არ შევჩერდებოდი), ახლა კი ანონიმუსებო, ფეისბუქ ფრენდებო, რეალში მყოფებო, ნეოებო და მორფეუსებო, ფროიდებო და ოჩოპინტრებო თავად განსაჯეთ _ ვარ თუ არა ონანისტი?


P.S. მახსოვს რომელიღაცა კლასში საკუთარ თავს ხელცქვიტობა ავუკრძალე. რამდენიმე თვე როგორღაც გავძელი, მომდევნო ორი წელი კი, ხელი რა იყო და ენა არ გამიჩერებია!

ცხოვრე-bis-ეული სი,,,,,,

eMuse: doin.ge



გადა-იფრენს _ მტრედის, სახელად გადას, მშობლების ოპ-ты-miss-ტური განცხადება.

სულ 1-ა კაცი ხარ, არა-კაცი თუ დედა-კაცი _ ვა-e-ს თუ გაეყარე, უ-e-ს მაინც შ(2*E)ყრები. მა-გრამ მ-Glee-ს შიშით (ფ)არა არა(ვის) "გაუ"წყვეტ-ია-ო, უთ(ქვა)მს წინა-პარს. თუ(მ)ცა წინა-პრის დანთებულ პარს, დანა პირს რომ© უხს-need-yes, მაინც touch-more-RedBull-ი e-ვლид(и н)ა Ad-ამ-e-or-ი.

100-ე დამ,Bullი ცხოვრე-bis შემდ-egg, სუ-ლაწ არ mean-და მიყ(ვირო)ნ biss.

P.S. back-ა, მაპატიე _ გავა---------ლებდ-e, მაგ(რა)მ &მაწყ& не88888 :)

Saturday, June 4, 2011

მიტინგი სამი თხილი

სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად:
პლაკატი, დროშა და დროშის ტარი
წყალი მავნებელი, ყინვა და ქორშაკი ქარი
ქვეყნის მომავალი, ბრძოლა, აქ და ახლა
სიმღერა, ცეკვა და შეყვარებულის ნახვა
მიტინგი, რუპორი და ტაში
დარბევა, წყლის ჭავლი და დუბინკა ტანში




ანუშ, ჰაიკუშ ეფერანუშ _ მე კიდევ ძილის წინ ვფიქრობ, ნეტა კრიშტიანუ რონალდუმ ის თუ იცის რომ ახალი ოლვეისი 40% მეტ სითხეს იწოვს ვიდრე ადრე? ისე რაც თავი მახოვს და ოლვეისის პროცენტული გაუმჯობესებები, კაი 170% "შეწოვა" მაინც უნდა ქონდეს დღეისათვის. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ თუ არის ლოსკი არ არის ლაქა, კომეტი კი ინარჩუნებს თქვენი ტელევიზორის უნაკლო სისუფთავეს და იცავს მას "სპეციალური რეპორტაჟისაგან" 24/7-ზე. გახსოვდეთ _ ხელისუფლება არასოდეს გიღალატებს. არადა დარწმუნებული ვარ კრიშტიაუნ რონალდუმ ისიც კი არ იცის, რომ ხიშტი მინუს ორასია, ხოლო არიელის აქტიური ნაწილაკები პოულობენ და ანადგურებენ მომიტინგეებს და იცავენ სახელმწიფოს დაბინძურებისაგან. მთავარი კი მაინც არის "კარგი განწყობა" და ის რომ ჩემი საფენი ახლა უფრო კარგად არის დაფიქსირებული. დაფიქსირებული. "და-ფი-ქსი-რე-ბუ-ლი"... გავიმეორო?

ჩემი კოშმარები



სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. თუ ვნახულობ ყოველთვის შავ-თეთრს, რომლებიც უფრო კოშმარებს ჰგავს.

ჩემს ორივე ჰემოსფეროგანვითარებულ ტვინს, სამი ტიპის კოშმარი აქვს შენახული:

1. სახლის ტელეფონი რეკავს და მე მკითხულობენ ან სახლში არავინაა და, იძულებული ვარ, ვუპასუხო (ბავშვობიდან მეშინია ტელეფონზე ზარის, ასეთი შეგრძნება მაქვს, ცუდი ამბავი უნდა შემატყობინონ და სანამ ვპასუხობ, მე ჩემი მემართება. მობილურზეც იგივე მჭირს და, რასაც მელაპარაკებიან/ვლაპარაკობ, იმის 5%-ს თუ ვიგებ, მოსალოცადაა საქმე);

2. პარასკევია, გადაცემა თითქმის მზადაა, საღამოს რეგიონებშია გასაგზავნი, ჩემი სიუჟეტიღა აკლია და მე სინქრონებიც კი არ მაქვს ჩაწერილი (ამ დროს მიცახცახებს ხერხემალი, ჭირის ოფლი მასხამს,  ვნერვიულობ, ისე მრცხვენია თანამშრომლების, სად დავიმალო არ ვიცი და ცოტა მაკლია, არ მოვითხოვო, რომ გამაგდონ სამსახურიდან ჩემი უქნარობის გამო და ა.შ);

3. გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, გაურკვეველი, უცნაური ფორმის მქონე კაცების ამ მონუმენტს დგამენ:



მთელი ქალაქი შეკრებილია, ხმას არავინ იღებს, მე კიდევ ყვირილი მინდა, რას დგამთ ცენტრში, თქვენ ის ხომ არა-თქო, მაგრამ ხმა არ ამომდის. სიტყვები ყელში მჩრია, ვნერვიულობ, ვსხმარტალებ, მაგრამ უცნაურ კაცებს მაინც დგამენ და ოქროს ასოებით აწერენ: "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი".

გვერდით თანამოქალაქეები უკმაყოფილებას ვერ მალავენ, მაგრამ შიშით ხმამაღლა ვერ ამბობენ და ჩურჩულებენ, მოგვჭრეს თავი საბოლოოდო. ამ დროს, ვიღაც მწვანეშარვლიანი, ფოტოაპარატიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა ერთვება საუბარში (რუკზაკი, რუკზაკი დამავიწყდა!) და ამბობს, რომ ეს მონუმენტი ქართველი მეომრების მამაცობის, ვაჟკაცობის,  მეობის, ჩახუტებისა და გმირობის სიმბოლოა და, რადგან სიმბოლოა, 8 აგვისტოს სიმბოლო სწორედ ასე დაინახა პერსპექტიულმა, ესპანური წარმოშობის მქონე ქართველმა მოქანდაკემ და, რადგან ამქვეყნად, ყველაფერი სიმბოლურია, ჩვენც უნდა მივიღოთ ეს სიმბოლო, როგორც განთავისუფლების სიმბოლო და არა როგორც ის სიმბოლო, რაც ამის წინ იდგა და სიმბოლო, სიმბოლო, სიმბოლო..

ამ დროს გამოდის ჩემი პრეზიდენტი, საზეიმოდ ჭრის ლენტს და მთელი გორი ჭყივის და უკრავს ტაშს ხელების გადაყველფასა და ხმის ჩახლეჩვამდე (მეორე დღეს, ვისაც ყველაზე მეტად ექნება ხმა ჩახლეჩილი და ხელები გადატყავებული, ის მიიღებს პრემიას).

მე კი ამ დროს ვდგავარ ბრბოში, ვუყურებ საზეიმოდ გახსნილ გმირობის სიმბოლოს, გამხდარი კაცები თანდათან ჯოხებად იქცევა და ახლა ჯოხებს აწერია "აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი". ისმის ყიჟინა, ჭყივილი, კივილი, ტაში, ალაგ-ალაგ, ჭკვიანი ადამიანები ოხრავენ, მე კი ისევ ბურთი მჩრია ყელში, მინდა ვიყვირო, რას დგამთ, თქვენ ხომ არ ისა-მეთქი, მაგრამ ხმა ისევ არ მაქვს და ცოტა ხანში ვხვდები, რომ ამის ყვირილს აზრი არ აქვს, რადგან ბრბო იმდენად არის ეგზალტირებული რომ ისა.. :/

***

სამივე შემთხვევაში დილა კატასტროფულად იწყება: ვიღვიძებ დაღლილი, დაუსვენებელი ტვინით, თმა და ნერვებგაჩეჩილი და, მთელი დღის განმავლობაში, საშინლად არაპროდუქტიული ვარ. 

მერე დავდივარ და ჩემს კარლსონს დილას და საღამოს სახლში, შუადღისას კი სკაიპში შევჩივი: 
- კარლსონ, როგორ ფიქრობ, მე მიშველის ფამუქი?
პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია.

P.S. სინამდვილეში, ლაშამ სულ სხვა რაღაცის დაწერა მთხოვა, მაგრამ მე იმაზე ჩემს ბლოგზე უკვე დავწერე. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ (რადგან 2008 წელს ბლოგი არ მქონდა), მაგრამ იმ საშინელ დღეებში, როცა გამოთაყვანებული, სახლიდან გამოგდებული და ყურებჩამოყრილი მივჩერებოდი ეკრანს და, რიგითი ობივატელივით, ყველანაირ ინფორმაციას ვყლაპავდი, იმდენი მაინც მოვიფიქრე, რომ მოვლენები და ემოციები ჩამეწერა. ჩამეწერა და მერე გამეერთიანებინა.

არა, დაწერით აქაც კი დავწერდი, მაგრამ, რაღაც, ვერ გადავიყვანე საკუთარი თავი იმ ნოტაზე, 1-დან 22 აგვისტომდე რომ ვდგები ხოლმე. თანაც, აგვისტოს ამბავი  ჩემთვის იმდენად პირადი ტრაგედიად იქცა, რომ ამ თემაზე არავისთვის არაფრის თქმა არ მსურს. არ მსურს იმის მიუხედავად, რომ, იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს (თითქმის ჭეშმარიტი პოეტივით გამომივიდა) თვალწინ მიდგას აგვისტოს ომი. ზუსტად ისე, როგორც ჩემი ჯგუფელი, რომლისთვისაც ძალიან ბევრი რამ უნდა მეთქვა და, ერთი დედააფეთქებული ავარიის გამო, ვერ მოვასწარი...

Friday, June 3, 2011

როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?

წიგნის ფესტივალზე, ამასწინათ ფასდაკლებით ნაყიდ დათო ტურაშვილის "ამერიკულ ზღაპრებს" დიდი სიამოვნებით ვკითხოლობ ხოლმე. ძირითადად როდესაც მეტრო "ახმეტელიდან" (არ მინდა სნობურად გამომივიდეს, მაგრამ ასეა) ქალაქის ცენტრამდე ჩავაღწევ, წიგნს მოვიმარვებ და დრო ისე სწრაფად გადის რომ ვერც კი ვიგებ.

როდესაც ლაშა ბუღაძის დაკოტელი მანდილოსანის გაცნობის შემდეგ გაჩენილი "ეთნო-ისტორიული სურვილი _ კი დაკოტავდა ამას კაციო..." ამოვიკითხე წიგნის ფურცლიდან, ისეთი ხარხარი ავტეხე, ობლობაზე სიმღერით იოგებდაჭიმული მაწანწალას ხმა მთლიანად გადავფარე და აუდიტორიას "გიჟი არ ვარ, მართლა სასაცილოა-მეთქი" მზერით ვუპასუხე.

წიგნი მართლაც რომ გულახდილი, საინტერესო და ძალიან სასაცილოა. თუმცა კითხულობ წიგნს და ნებით თუ უნებლიედ, ავტორთან ერთად, ძალიან ბევრ ამერიკულ-ქართულ პარალელს ავლებ. უფრო სწორად კი სხვისი კარგის ფონზე შენს ცუდს ხედავ და პირიქით. სწორედ ამიტომაც სიცილ-ხუმრობაში ბევრი ისეთი თემაა გახვეული, რომელზეც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებს შორის მოგზაურობისთვის საჭირო დრო ნამდვილად არ არის საკმარისი და მიწისქვეშ წამოწყებული ფიქრი, ზემოთაც გვერდიდან არ მშორდება მთელი დღე.

ერთერთი ასეთი მონაკვეთი, სწორედ იმ "ზღაპარში" ამოვიკითხე, რომელის ბოლოსაც ბუღაძის "დაკოტავდაზე" ავტეხე ისტერიკა:

"მადლობის ნიშნად რომ ვაკოცე, მასაც აფხაზეთის სუნი ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მხოლოდ აფხაზეთის ზღვას შეიძლბა ჰქონდეს. ძალიან მომინდა ამ ზღვაში შესვლა, კიდევ ერთხელ ვაკოცე და, როცა მომეჩვენა, ჩემიწილი აფხაზეთის დაბრუნება უკვე ძალიან ახლოს იყო, მან მითხრა სწორედ ის, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუმალავთ:
- აფხაზეთს მანამ ვერ დაიბრუნებთ, სანამ აფხაზეთი თქვენთვის მხოლოდ კურორტიაო."

სწორედ ამ აბზაცით გამოწვეულ ფიქრებში ვიყავი გართული, katee.ge-ს ბლოგზე, პატრიარქი სამძიმარის წერილის განხილვა რომ წავიკითხე, სადაც აღშფოთებული ფეისბუქ-მოსახლეობის შემაჯამებელი პერიფრაზი, "სამძიმარი გაუგზავნო მტერს" იყო გაბოლდებული, და მხოლოდ მას შემდეგ რაც იქვე მივაკომენტარე: "აფხაზეთს მანამ ვერ დავიბრუნებთ, სანამ მაგ ხალხს მტრად მივიჩნევთ-მეთქი" მივხვდი, რომ მეც ტურაშვილის პერსონაჟვით კიდევ ერთი, დამატებითი და ამჯერად განსხვავებული რჩევა-დარიგება მივეცი "ქართველებს" - როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი.

შემდეგ ისიც გამახსენდა, როგორ შემოათრია ჩემმა კურსელმა სამხედროს ლექციაზე რუკები და "ალექსანდროვის" ფურცლები, რომლებზეც აფხაზეთის, 4 საათში დაბრუნების სამხედრო სტრატეგია იყო წარმოდგენილი.

არც ჩვენი მთავრობა დამვიწყებია, რომელიც არანაკლებ უტოპიური და ბრიყვული ინციატივით გამოვიდა: "ყველა ვინც კი ფლაერს თუ ლიფლეტს დაბეჭდავს, კანონის ძალით ვალდებული იქნება მიაწეროს, რომ აფხაზეთი და ოსეთი ჩვენ გვეკუთვნის და ამჟამად ოკუპირებულიაო" (ერთი "მოწევა კლავს" წარწერამ შეამცირა მწეველთა რიცხვი და მეორე ლიფლეტებზე დაბეჭდილი "გახსოვდეს აფხაზეთი" დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს).

მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ალბათ ყოველი ქართველი ფიქრობს (ან უფიქრია მაინც) _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი? საგულდაგულოდ მოვიფიქროთ შეურაცმხყოფელი სიტყვები: "მარიონეტული", "კარიკატურული" და სხვა, თუ წლების განმავლობაში თავდაცვის გაძლიერებისთვის დახარჯული ფული (რომლის დასაკარგად სხვათა შორის "აგვისტოს 5 დღე"-ც კი საკმარისი აღმოჩნდა) სოფლის მეურნეობის გაძლიერებისკენ მივმართოთ და "მუტირებული" სიმინდით გავუმასპინძლდეთ ოსებს და აფხაზებს? იქნებ კლიპი გადაგვეღო აწ უკვე გარდაცვლილი ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით _ აფახზეთს თუ არა შოუ-ბიზნეს მაინც ხომ დავიბრუნებთ? თუ სულაც, როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა, ავაშენოთ დიიდი კედელი და ვუთხრათ _ "სულ კარგადაც იყავით ხალხო თუ ჩვენთან არ გინდათ", კომფლიქტური რეგიონების თვით-ამპუტაცია გავიკეთოთ, ანთება ჩამცხრალი ორგანიზმი მოვაძლიეროთ და განვავითაროთ, რის შემდეგაც "კარგი ცხოვრება ყველას უნდა" პრინციპით, ავტომატურად მოხდება აფხაზების და ოსების ინტეგრაცია ქვეყანაში. მე კი საერტოდ ვფიქრობ რომ შეკითხვა "როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი"-ც კი არასწორია და "როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში?" ფორმულირება მიმაჩნია პრობლემის გასაღებად.

რომელი გზაა სწორი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია _ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ უფრო აქტიურად ვიდრე დღეს ვფიქრობთ. ამასთან უნდა ვიყოთ უფრო კრიტიკულები საკუთარი თავის, მთავრობის და თუნდაც "შეშფოთება გამოთმული" უცხოელი პარტნიორების მიმართ. უნდა ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ნააზრევი. რადიკალურად თუ არა, გარკვეულ წილად მაინც შევცვალოთ დამოკიდებულება მოცემული ტერიტორიებისა და ხალხის მიმართ. ჩემთვის (და ალბთ თითეული თქვენგანისათვისაც) სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს _ როდესაც ერთი და იგივე მიდგომით არაფერი გამოგდის, რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალო.

... და რას ფიქრობ შენ _ როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?