Sunday, October 31, 2010

კიდევ ერთხელ

კიდევ ერთხელ ვდებ ლექსებს პოეტისას რომელიც ძალიან ძალიან და ძალიან მომწონს. მაგრამ ვდებ კონკრეტულ ვიდეოებს, სადაც ორი პოეტი ერთმანეთს ეპაექრებოდნენ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ლექსებით.

გული მწყდება რომ საქართველოში არ ტარდება მსგავსი საღამოები. ხელოვნება არაა ინტერაქტიული. არის გამოკეტილი, ცალკეული და ინდივიდუალური მოსაწყენი საღამოებით, ხელისუფლების დაფინანსებული და ალაფურშეტიზირებული შეკრებებით და სხვა.

ისე, უბრალოდ, შინაურულად, თავისუფლად, სადაც მთავარი ხელოვნებაა და არა "პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი".

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კიდევ ერთხელ და ვიზიარებ მწუხარებას ამოჩემებული პოეტების, კომპოზიტორების, მხატვრების, და ა.შ. გამო.

Saturday, October 30, 2010

სახლი მთაში

მომენატრა შენი მუცელი,
სახლი მთაში,
ბუხარი,
თეთრი ფურცელი

მომენატრა შენი თითები,
როდესაც გძინავს,
როდესაც გწყინს,
როდესაც იღიმი და
ინთები

მომენატრა შენი ნაწერი
თმებში ჩახვეული გვირილა
ყელზე მოხვეული მძივი
ეკალზე გახეული
კაბის ნაჭერი

მომენატრა შენი მუცელი,
სახლი მთაში,
ბუხარი და
თეთრი ფურცელი

Friday, October 29, 2010

აღარ

აღარ მეძინება
აღარც მეცინება
ღამეც შენზე ფიქრში
აღარ მეწილება
რომ არ გაკოცო
გეწყინება

აღარც ალკოჰოლი
აღარც აკორდები
სიგარეტის ბოლი
მაგონდები
აღარც სიტყვები
არასდროს თქმული.
ლექსები აღარც
ბოლოს ჩურჩულით მითხარი
რაღაც

უფრო და უფრო
აღარ და აღარ
დილისთვის სისხამ...
მე მშვიდად მძინავს
შენ ფეხზე დგახარ
და ყავს მისხამ

შემოვდივარ ქურდი ზონაში

- შემოვდივარ ქურდი ზონაში, პაპი ვინარის?
- მე ვარ, პაპი!
- შენი კლიჩკა?
- სპიჩკა...და შენი
- ელექტრიჩკა

და მერე თუ ვინმეს გაეცინებოდა, მანამდე ვურტყამდით სანამ სამჯერ არ იტყოდა პეე-პეელას.
მახსოვს როგორ დავუბინიკეთ ჩემს კლასელ ვიტალის გვერდები, რომელსაც ენა ებმებოდა.

თავად ეს თამაში კარგი იყო ჩემი აზრით. მაშინ ლამის წმინდათაწმინდა ცნებებზე, ბავშვობიდან "ვკაიფობდით". თუმცა ქურდული თემატიკის ერთგვარი თამაშობანი არც დიდობაში დამთავრებულა.

გამიმართლა და სწავლა მსოფლის რიგით მეორე სასწავლებელში - მაღლივში, მომიწია. დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად იკითხავს, ნეტავ პირველი რომელი იყოო? - სოხუმის ფილიალი, ჩემო დაკვირვებულო მკითხველო.

და აქ გავაგრძელებდი თხრობას, მაგრამ უფრო დაკვირვებული მკითხველი იტყვის - მოიცა, მოიცა და რითი იყო კი მაგრამ ან სოხუმის ფილიალი პირველი ან მაღლივი მეორეო?

რითი აღარ ჩემო უფრო დაკვირვებულო მკითხველო... რითი აღარ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? "გასხმული" ტოტალიზატორის ბილეთებით, ტკბილი საქმის გარჩევებით, ძველი ბიჭებით და მეგრელებით. ხო, განსაკუთრებით მეგრელებით.

რაღა დაგიმალოთ და პირველ კურსზე მათ.ანალიზი არ მისწავლია ისე მეგრული რო ვისწავლე. კომბინატორიკაზე უკეთესად კიდე ჩემპიონთა ლიგაში გავერკვიე.

- მუჭორექ წიე - მეტყოდა კიაზო
- ჯგირო - ვეტყოდი მე

და მერე მიდიოდა საფეხბურთო მატჩების და გასხმული ბილეთების საფუძვლიანი ანალიზი _ რაღათქმაუნდა მეგრულად.


მოკლედ, მეგრულის ბეისიქ კურსის და ფეხბურთის პარალელურად, ჩემი ცოდნის არსენალი ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაციით ივსებოდა.

- ზონაში რომ შეხვიდე და ცოცხი მოგცენ _ დაუკარიო, რას უპასუხებ? - მკითხა კიაზომ და მაცდურად გადმომხედა
- ვეტყვი, რომ ცოცხია და ამაზე ვერ დავუკრავ
- ეტყვი და გაგიერთიანებენ ცხვირპირს - გამაფრთხილა განსაკუთრებული მეგრული აქცენტით
- რას ქვია გამიერთიანებენ - აღვშფოთდი მე. მომცენ გიტარა და დავუკრავ
- არა წიე, არა. მასე არ უპასუხო იცოდე - ისე გამაფრთხილა კიაზომ, ვიფიქრე აუდიტორიაში ლექტორის ნაცვლად, ქურდი დამხვდება-თქო.
- აბა რა ვუპაუსხო?
- უთხარი, ამიწყვეთ და მე დავუკრავო - ჩურჩულით გამანდო კიაზომ


"ჩამჭრელი" შეკითხვები ბლომად იყო:
- კედელზე ბურთი რო დაგიხატონ, გოლი გაიტანეო?
- პასი მომეცი და გავიტანთქო


- რო გძინავდეს და დაგესიზმროს, წინ ხრამია, მარცხნივ დიდი ცეცხლი, მარჯვნიდან "ძაღლობა" მოგსდევს რასიზამდი?
- გავიღვიძებდი წიე, გავიღვიძებდი - მასწავლიდა კიაზო


კითხვა-პასუხი საფუძვლიანად, რომ შემასწავლეს "ქურდული სამყაროს ზოგადი ისტორიის" კურსი დავიწყეთ. ქურდი, რომ "იამას" არ აცილებს, რადგან თავის გზას არ გადავა, "ზადნიში" რომ არ აგდებს, რადგან არ ზადნავს - მიმიყვანა აზრამდე, რომ ქურდებს მძღოლები ემსახურება და მოვიხიბლე.

თუმცა პომიდორს რომ არ ჭამს, რადგან წითელი ბოზურია, და ბანანს, რადგან ფალოსის ფორმა აქვს - სინანულით განმაწყო, კრიმინალური სამყაროს ლამის სანატრელ, მითიური პერსონაჟების მიმართ (ისე, კიაზომაც კი ვერ ამიხსნა, რატომ ჭამდნენ ქურდები კიტრს, მაშინ როცა უარს ამბობდნენ ბანანზე).

ასე, დღითიდღე მდიდრდებოდა ჩემი ცოდნა ევრისტიკულ მოდელირებასა და ქურდული სამყაროს მსოფლიო ისტორიაში. თუმცა რაც უფრო მეტს ვიგებდი ქურდებზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემს მიერ არჩეული პრფესია - ეკონომიკური კიბერნეტიკა, გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ავტორიტეტობა.

მალევე მივხვდი, რომ ქურდი მხოლოდ წინასწარ გაზეპირებული კითხვა-პასუხით ვერ გახდებოდი. მხიარულთა და საზრიანთა არ იყოს სწრაფად უნდა შეგძლებოდა გარკვეულ სიტუაციებში თავის დაძვრენა, თორემ დარჩებოდი უთაოდ.

ასე მაგალითად, ერთერთმა ქურდმა თავისი უშველებელი სახლი, რკინის გისოსებში ჩასვა. მის "გასაფუჭებლად" მისულმა კოლეგებმა კი ცინიკურად, მაგრამ სერიოზული სახით ჰკითხეს:

- ქურდი ხარ ძმაო და ეს გისოსები რად გინდა, გეშინია არ გაგძარცვოს ვინმემო?

ღმერთმანი. ეს შეკითხვა, რომ მოვისმინე მივხვდი, ამ ქურდის სიკვდილი, რომანის მთავარი გმირის გარდაცვალებასავით აუცილებელი და გარდაუვალი იყო. თუმცა სად ბანაობ _ ერთი ჰოლივუდის რეჟისორს არ გაუჭირდება, უკვე აფეთქებული თვითმფრინავიდან კაცის გადარჩენა, ნაკაწრის გარეშე და მეორე საზრიან ქურდს თავის დაძვრენა:

- გისოსებს რო ვხედავ, ციხე მახსენდება და თავი სახლში მგონიაო _ მიუგო თურმე ბოდლერისეული მზერით ქურდმა.


აი, ჩემო მკითხველო. ასეთი ლამაზი და რომანტიზმით სავსე იყო სამყარო, რომელსაც გულით მივსტირი.

დღე კი ყველაფერი შეიცვალა:

- შემოვდივარ ბლოგერი გრუპაში, ადმინი ვინარის?
- შენი ნიკი - მეკითხება ადმინი და მისს კითხვას თანაგრუპელები უხვად ალაიკებენ.

თუმცა ამაზე შემდეგ მოგიყვებით.

ცოტა რამ სეისმოლოგიაზე ანუ რაზე მაქვს უფლება გამოვთქვა აზრი

ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა "რამდენიღაცბალიანი მიწისძვრა რიხტერის შკალით". რაღაი ყოველ ჯერზე აკონკრეტებენ, რომ ეს რიხტერის შკალით არის, ცელციუსის და ფარენგეიტის არ იყოს, ალბათ სხვა შკალებიც უნდა არსებობდეს-მეთქი _ ვიფიქრე გულში.

ამასწინათ გარკვეულ საკითხზე გამოვთქვი მოსაზრება _ პირობითათ ვთქვათ, რომ საკითხი სეისმოლოგიას ეხებოდა (სხვამხრივ აბა როგორ გავამართლო პოსტის ეპილოგში ნახსენები რიხტერის ხსოვნა). საოცრად არ მიყვარს ეს ალეგორიები და ცვლადებით აღნიშნული მოცემულობა, მაგრამ ეხლავე აგიხსნით რაში დამჭირდა ეს მატრაკვეცობა.

საქმე იმაშია, რომ ჩემი მეგობრის, პროფესიით სეისმოლოგის, ნამდვილი რისხვა დავიმსახურე _ შენ არ ხარ სეისმოლოგიაში კომპეტენტური და წესით და რიგით არ უნდა აფრქვევდე შენს სიბრძნეებს და დასკვნებს ასე თამამად, საკითხზე რომელშიც არაფერიც არ გესმისო. თანაც, მსოფლიო ქალსეისმოლოგთა ასოციაციის, არაკომპეტენტური აზრით გაბრაზებული თავმჯდომარესავით, იქვე დაამატა _ საერთოდ კაცებს გჩვევიათ "პროფესორობა" ყველა სფეროშიო (რთულია არ დავეთანხმო მეგობარს).

თავი ჩავხარე დამწუხრებულმა (მეგობარს ვაწყენინე ბოლობოლო) და ფიქრებს მივეცი. მაგრამ ეშმაკი მწუხარების ჟამსაც რო არ გასვენებს ადამიანს. ჩემი სეისმოლოგი მეგობარი არ ვიცი მაგრამ, გამახსენდა, რომ ჩემი მეგობრის მეგობარი, თავგადამკვდარი ლიბერალია. ყურმოკვრით კი ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის და ყოველი შემთხვევისთვის დავგუგლე (იმედია აქაც გუგლზე ლინკი საჭირო არ არის). აი რა ამოვიკითხე ყველასათვის კარგად ნაცნობ საიტზე:

ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა.

და იქვე:

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეულ ადამიანთა აზროვნების თავისუფლება

ეს ფრაზა წავიკითხე თუ არა, ვიდეო არქივიდან უნებლიედ, რამდენიმე წამიანი კადრი "ამომიხტა" _ "ამათ დემოკრატია ლობიოს ჭამა, გონიათო". რა შუაშია ეხლა ლობიო და ლიბერალიზმითქო _ გავბრაზდი ქვეცნობიერზე და შემოთავაზებულ ვიდეო არქივში, ჯაბა იოსელიანის ნაცვლად ჩემი სეისმოლოგი მეგობარის სახე ჩავსვი, "ლაშას აზროვნების თავისუფლება, სისულეების ლაპარაკი გონიაო" დავადე ხმა და "დავასეივე."

დიახაც, მგონია. აზროვნების თავისუფლება არ გულისხმობს თვის თავში, სწორად აზროვნებას, ან ჭეშმარიტ მოსაზრებებს. ჩემი აზრით ყველას აქვს უფლება გამოთქვას აზრი - თუნდაც არასწორი, თუნდაც მცდარი, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი და შეურაცმყოფელი. ყველას აქვს უფლება გააპროტესტოს ეს აზრი. მიიღოს ან არ მიიღოს, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს, "დაალაიკოს" და არ "დაალაიკოს" ის.

ასე კი ვფიქრობდი მაგრამ ჩემს მიერ მოდელირებული ვიდეო იმდენად რეალისტურად გამოიყურებოდა, ვიცოდი იუთუბზე მოხვედრის შემთხვევაში, Charlie bit my finger-საც კი გადაასწრებდა რეიტინგით. ამიტომაც შევეგუე რეალობას და გადავწყვიტე აზრი არღარ გამოვთქვა ისეთ საკითხებზე, რომლებშიც კომპეტენტური არ ვარ.

მაგრამ მთლად აზრის გამოუთქმელობაც არ იქნება ადამიანისთვის და შესაბამისად დავიწყე ფიქრი თუ რომელ საკითხებში ვარ კომპეტენტური:

1. ვინაიდან მაღლივში გატარებული ოთხი წლიდან არაფერი მისწავლია ნორმალურად, ჩემი პროფესიის - ეკონომიკური კიბერნეტიკის, მხოლოდ დასახელებას ვიყენებ დღემდე (ანუ ვმარიაჟობ).

2. ნუ ეხლა, ხანდახან ჭია რო შემოგიძვრება გულში და არ გასვენებს, ლექსებსაც კი ვწერ _ მაქსიმუმ ოთხკუპლეტიანი ლექსი იყოს და აქედან მეოთხე კუპლეტი პირველის გამეორებაა. ასე რომ დიდი შოთას რეზოლუციის გათვალისწინებით "მოშაირე არა ჰქვია, თუ სადმე სთქვას ერთი-ორი".

3. კიდე, რა ეხლა _ გერმანული პორნოები მიყვარს ბავშვობიდან. ძალიან დიდი ოდენობით მაქვს ნანახი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათი ნამდვილი სპეციალისტი ვარ, მაგრამ რა აზრი უნდა გამოვთქვა და დავწერო გერმანულ პორნოზე? _ ეს უნდა ნახო!!!


აი, ჩემო მეგობრებო. დავრჩი ასე _ თავისუფალი აზროვნებით, მაგრამ აზრის გამოთქმის თავისუფლების გარეშე (სულ მცირე მეგობარს გულს რომ ტკენ შენი აზრებით, ეგეც ხომ ერთგვარი შეზღუდვაა აზრის გამოთქმის).


ხოლო, რაც შეეხება პოსტის ეპილოგს, ლექსების არ იყოს, პროლოგში ნახსენებ პატიოსან ადამიანს _ ჩარლზ რიხტერს მივუბრუნდები.

თურმე, ნუ იტყვით და "რიხტერის შკალა" საერთოდ არასწორი გამოთქმა ყოფილა. საუბარია მიწისძვრის სიმძლავრის საზომ "მაგნიტუდის შკალაზე", რომელიც 1935 წელს შემოგვთავაზა რიხტერმა.

მაგნიტუდას საერთოდ არ ქონია განზომილება. ის მიწისძვრის ზოგადი მახასიათებელი ყოფილა, მიუხედავად იმისა სად იყო ეპიცენტრი, რამდენად იყო დაშორებული მიწის ზედაპირიდან და ა.შ. რაც შეეხება ყველასათვის საყვარელ ხილს - ბალს, ის თურმე "მიწისძვრის სიხშირის" საზომი ერთეულია და აბსოლუტურად განსხვავდება მაგნიტუდისგან.

შესაბამისად შეცდომაა:

"მიწისძვრა 6 ბალიანი მაგნიტუდით" ან "მიწისძვრა 6 ბალიანი მაგნიტუდით, რიხტერის შკალით"

სწორი კი არის:

"მიწისძვრა მაგნიტუდით 6". თუ მაინცდამაინც უკვე დამკვიდრებულ დასახელებას გამოვიყენებთ "მიწისძვრა 6 მაგნიტუდით, რიხტერის შკალით".


იმედი მაქვს მეგობარი არ გამიკრიტიკებს, მცირედ აღმოჩენას სეისმოლოგიაში _ ეს ხომ ჩემი მოსაზრება არ არის. უბრალოდ ლინკებით გამყარებული ინფორმაციაა.

Wednesday, October 27, 2010

როდესაც ვწვები

გიპოვი ცხვირსახოცს
საკუთარს ალბათ
და ორივე ხელით
კისერში გწვდები
დაგახრჩობ!
აი, რას ვფიქრობ
როდესაც ვწვები

შენ ასეთ სიყვარულს
ვერასდროს გაიგებ
ტანზე გადაივლებ
ჩაის დაისხამ და
საწოლს დაიგებ

ძველს და დამტვერილს
თვალწინ დაგიმსხვრევ
ოცნებას ყველას
იცი, მე მიყვარს
როდესაც შენი
ნერვები ღელავს

გიპოვი ცხვირსახოცს
საკუთარს ალბათ
და ორივე ხელით
კისერში გწვდები
მიყვარხარ!
აი, რას ვფიქრობ
როდესაც ვწვები

Monday, October 25, 2010

კონტინენტი

ამერიკაში ახალი ჩასული ვიყავი. დროებით ჩემს მეგობარს - ოთარს მივეკედლე. ოცნების მიწაზე ისედაც არალეგალურად შეპარულმა, ვიცოდი, ენის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი და ინგლისურის შემსწავლელ სწრაფ კურსებზე ჩავეწერე.

რამდენიმე თვის შემდეგ, გატეხილი ინგლისურით კვერცხის, პურის, ჰოლანდიური ყველისა და საპარსი ქაფის ყიდვას თავისუფლად ვახერხებდი.

საქართველოდან ჩამოტანილი და "ნასკებში" საგულდაგულოდ დამალული ორიათასი დოლარი მალევე დამეხარჯა. სხვა გზა არ მქონდა, სასწრაფოდ მუშაობა უნდა დამეწყო.

ოთარმა მშენებლობაზე მომაწყო. ცოტას კი ვღელავდი, სახელდახელოდ ნასწავლი ინგლისურით, ვაი და ვერ შევძლო "რასტვორის" მოზელა-თქო, მაგრამ შფოთვები მალევე გამიქრა _ მუშების უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იყო და, ჩემდა გასაკვირად, "რასტვორს" ისინიც "რასტვორს" ეძახდნენ.

ყველაფერი კარგად მიდიოდა. მე და ოთო ერთ ობიექტზე ვმუშაობდით - მე ცემენტის აპარატი მებარა და ობიექტის ცემენტით მომარაგება მევალებოდა. ოთარი ხარისხის ლაბორატორიაში იყო მიმაგრებული _ ჩემი მოზელილი "რასტვორის" ხარისხს ამოწმებდა.

ცოტახნის შემდეგ ორი კაპიკიც ვიშოვე და ჩემებთან გამოგზავნაც დავიწყე. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კი (დამავიწყდა მეთქვა, ცემენტის აპარატი ყველაფერს თავისით აკეთებდა. უბრალოდ, ღილაკზე უნდა დამეჭირა ხელი) კვირაში ორჯერ ნიუ-იორკის დისტკოტეკებზე გაძრომასაც ვახერხებდით.

მანქანას, როგორც წესი, ერთი დღით ვქირაობდით. ტანსაცმელიც, თქვენ წარმოიდგინეთ და, ნაქირავები გვეცვა. რამდენიმე კოქტეილი და შეგვეძლო საცეკვაოდ ეულად მოსულ გოგოებთან დისკოტეკაზე დაწყებული ნაცნობობა ჩვენს სახლში გაგვეღრმავებინა.

სახლს ვამბობ, მაგრამ სინამდვილეში საერთო საცხოვრებლის მეორე საერთულზე ნაქირავები ოთახნახევრიანი ბინა იყო, ძალიან ღარიბული და უბრალო _ მაგრამ კოქტეილით გაბრუებულ გოგოებს ეს უკვე ნაკლებად ანაღვლებდათ ხოლმე.


თითქოს და დავიჯერე კიდეც, რომ აქ ოცნებები სრულდება, მაგრამ ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო. ადამიანი ბუნებით მაინც მესაკუთრეა, იჯარით აღებული აღარც მანქანა მაკმაყოფილებდა, აღარც ძვირადღირებული პიჯაკი და აღარც ერთი ღამით შეცდენილი გოგოები.

- ახალი სამსახური ვიშოვოთ - ვუთხარი ერთ-ერთ საღამოს ოთოს, კოქტეილი მოვსვი და დისკოტეკას თვალი გადავავლე, რომელიც უკვე ავტოპილოტის რეჟიმში აფიქსირებდა, ათვალიერებდა და აანალიზებდა გოგოებს.
- ვიშოვოთ, მაგრამ რა? - თქვა ოთომ და კოქტეილში ჩადებული "საწრუპავით" დისკოტეკის კიბეებზე ძლივს ჩამოკაკუნებულ თეთრ მოკლეკაბიან და ქერათმიან გოგოსკენ მიმითითა.

არ ვიცი, იმ გოგოს გარეგნობამ შთამაგონა თუ მის გვერდით მდგარმა გულმკერდმოღეღილმა, ღილებჩახსნილ იასამნისფერპერანგიანმა ჭაბუკმა, რომელსაც თმები ნახევარ თავზე აპარსული და ზედ "Kiss me baby" ქონდა ტატუირებული. - პროსტიტუტკებად _ ვუთხარი უნებლიედ ოთარს.

- რააად? - მკითხა აღშფოთებულმა და ინსტიქტურად ჩემს დაცლილ ჭიქას დახედა
- ბოზებად რა - დავამშვიდე მე.
- გამეცინა ჰა ჰა ჰა - თქვა ოთომ ირონიულად, კოქტეილი მოსვა და თეთრკაბიანისკენ დაიძრა.

***
მეორე დღეს ინტენეტში ერთ საიტს მივაგენი. საიტზე ეწერა, რომ ეძებდნენ არტისტებს, რომლებიც კლიენტებს სახლში მისვლით მოემსახურებოდნენ და, მათი სურვილის შესაბამისად.

მუხედავად კორექტული ტექსტისა, საიტის პირველ გვერდზე ბეწვით დაფარული ხელბორკილებითა და ტყავის ტრუსიკში გამოწკეპილი პოლიციელის ფოტო საკმარისი იყო, რომ თეატრალურ ინსტიტუტში წარმატებით ნასწავლი და სცენაზე წარუმატებლად რეალიზებული ჩემი და ოთოს სამსახიობო ოსტატობა მათვის თამამად შემეთავაზებინა.

ოთოს, რათქმაუნდა, არაფერი ვუთხარი, ისე შევავსე ონლაინ განაცხადი. რამდენიმე დღეში დაგვირეკეს და ქასთინგზე დაგვიბარეს.

როდესაც ანაზღაურების მოცულობა გავანდე, ოთოსთანაც დიდი ხვეწნა არ დამჭირვებია.


***
პატარა სცენის შუაში ალაპლაპებული ბოძი იყო დარჭობილი. დაბნელებულ დარბაზში რამდენიმე კაცი ისე იჯდა, რომ მათ სახეებს ვერ ვარჩევდი.


ნაზმა და მგზნებარე კაცის ხმამ დარბაზის სიღრმიდან ჩემი ნომერი წარმოთქვა.

- ალბათ იცით, აქ რისთვისაც ხართ - შემეკითხა ხმა.
- დიახ, ვიცი - ვუპასუხე მე და თველები მოვხუჭე, ენის წვერზე კალამმიდებული, "შავაპრავიანი" და პირსინგიანი "მამრის" სილუეტის გარჩევის იმედით.
- ვის შეგვისრულებთ - ისე წამჩურჩულა ხმამ, რომ ლამის ერექცია დამეწყო.

თეატრალურში როგორც წესი, აქეთ გვაძლევდნენ დავალებებს და ჩვენც ხან ჩაიდნად ვდუღდებოდით და ხან საყინულედან ახლად გამოღებულ სოსისად ვლღვებოდით, ამიტომ არჩევანის ასეთმა თავისუფლებამ ცოტათი დამაბნია.

- შეგიძლიათ ბაჭია იყოთ? - დამეხმარა არჩევანის გაკეთებაში ხმა.
- ბაჭია? - დაცქვიტე ყურები
- დიახ ბაჭია... - ხო, ჩემო გიჟოს-ს ინტონაციით მიკარნახა მისტიურმა რეჟისორმა განწყობა.

- რა გაეწყობა...ბაჭია ...ე.ი. ბაჭია...

რამდენიმე წამი დავფიქრდი, ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ ოთხზე დავდექი და სცენაზე ხტუნვა დავიწყე... ბევრი ვიხტუნე თუ ცოტა წარმოსახვით სოროსაც მივადექი, კუდი ავაქიცინე, ტუჩები გავაცმაცუნე და წვრილი ხმით დავიწყე:

- სოროში ვინარისო? სტაფილო ვის მოვუტანეო, ვის უნდა სტაფილო გაკვნიტოს? პატარა ბაჭია ვინარისო? - და ისევ კუდი ავაქიცინე.

რამდენიმეწუთიანი ეტიუდის შემდეგ, ბაჭიას "ობრაზიდან" ძლივს გამოვედი და ისევ სცენის შუაში დავდექი.

დარბაზიდან სექსუალური ტაშის ხმა შემომესმა. აყვანილი ხარ - მითხრა ხმამ.

მემგონი ასე, თეატრალურში რომ ვაბარებდი, მაშინ არ გამხარებია _ როგორც ჩანს, უცხო მიწაზე წარმატებას მაინც სხვა გემო აქვს. ეტიუდის დასაწყისში ღრმად ჩასუნთქული ჰაერი შვებით ამოვისუნთქე და გასასვლელისკენ დავიძარი. კართან სახემორღვეული ოთარი იდგა, რომელიც როლში სიღრმისეულად შეჭრის გამო სულ გადამავიწყდა.

გვერდით ჩავუარე და მხარზე მოთათუნებით წარმატება ვუსურვე. ოთომ ბეჭი ისე აარიდა ჩემს ხელს, როგორც უბიწო ქალწულმა თვალები მოულოდნელად შემოფეთებულ შიშველ და გაბანჯგვლულ მამაკაცს.

ნასიამოვნები გარეთ გამოვედი და ჰოლში ჩამოვჯექი. ოთო უკან მომყვა.

- რას შვები, შეჩემა, არ გადიხარ?
- მე რას ვშვები თუ შენ რას შვები, შეჩემა? სულ რო გამოყლევდი ამხელა კაცი - გამომლანძღა ქართულად ქასთინგზე მოსული ოცამდე უცხოელის გასაგონად.

ორშაბათს ათ საათზე _ მითხრა იასამნისფერთმიანმა და შავპომადიანმა გოგონამ.

***
ზუსტად ორშაბათს და ზუსტად ათ საათზე შეთანხმებულ მისამართზე გამოვცხადდი.

- გამარჯობა _ მითხრა ნაცნობმა ხმამ და მწვანე ნათურებით განათებულ ვიწრო დერეფანს გაუყვა.

დერეფნის გავლით კედლებზე სართულებად გაყოლებულ "ვეშოვკებიან" დიდ გარდერობში მოვხვდით.

- ჩვენ აქაურობას "გარდაქმნის ოთახს" ვეძახით - დინჯად დაიწყო მონოლოგი სენსეიმ. აქ შეგიძლია გახდე მეხანძრე, ექიმი, მაშველი და დალაილამაც.
- კოსმონავტი - ვკითხე ბავშვობის ოცნებით გულდაწყვეტილმა.
- კოსმონავტიც და თუ გინდა რაკეტაც - დამამშვიდა მაესტრომ და მაცდურად გამიღიმა.

- მთავარი ასეთი თამაშის დროს სიტყვებია. მთელი საიდუმლო ის არის, რომ არც შენი კუბიკებად ქცეული მუცელი და არც ფალოსის ზომა ისე არ სიამოვნებს კლიენტს როგორც სიტყვები. მაგიური ძალა სწორედ სიტყვებსააქვს. როდესაც აქტიურად ვმუშაობდი, ხშირად კლიენტი ძალიან ნასიამოვნები ისე დამიტოვებია, რომ სექსი არც კი გვქონდა _ მთელი ღამე მხოლოდ ვსაუბრობდით. სწორი სიტყვებით შეგიძლია ქალი მოაჯადოვო და არ დაგავიწყდეს _ ნებისმიერ კლიენტს შეუძლია დარეკოს ჩვენთან და შეგაფასოს _ თუ მაღალ შეფასებები გექნება, მსუყე ბონუსს მიიღებ, ასე რომ შეეცადე - გამაცნო ძირითადი პრინციპები არბიტრმა, რომელსაც მონუსხული ვუსმენდი.

წამოდი, ცოტა წავივარჯიშოთ _ მითხრა მთავარმა მაგისტრმა და გარდერობის მოპირდაპირე კუთხისკენ დაიძრა.

- აქ ის კოსტიუმებია, რომლებზეც ყველაზე ხშირად არის მოთხოვნა _ ამიხსნა გულმოდგინედ რეჟისორმა და საკიდიდან რეკვიზიტების ჩამოხსნას შეუდგა.

- მარტივით დავიწყოთ - მითხრა პირველი კლასის მასწავლებელივით თბილი ღიმილით და ხელში მეხანძრის აღჭურვილობა შემომაჩეჩა.

- რას ეტყოდი კლიენტს?
- მეხანძრე რომ ვიყო?
- არა, მეხანძრის კოსტუმში გამოწყობილი სიგიჟე - ენის საოცარი მოძრაობით გადმომცა განწყობა რეჟისორმა
- რას ვეტყოდი და "მოდი ხანძარი ჩავაქროთ"-მეთქი - ვუპასუხე ბევრი ფიქრის გარეშე.
- კარგია. ეხლა იგივე, ოღონდ ემოციურად - განავრცო სექსჯადოქარმა.
ხელში ცეცხლმაქრი მოვიმარჯვე, თავზე ჩაფხუტი გავისწორე და მოხუჭული თვალებით ინსტიქტურად ენას მომდგარი ტექსტი გავიმეორე.

- მოსამართლე - გადმომაწოდა მანტია ახალი დავალების სახით
- ბრალდებულო, მუხლებზე დადექით და გადაიხარეთ, მოსამართლე მობრძანდება - ვთქვი საკუთარი თავით აღფთოვანებულმა.

მაესტრომ მოწნების ნიშნად თავი გვერდულად დახარა, სათვალის ზემოდან ამომხედა და ახალი დავალება მომცა

- ექიმი
- მოდუნდი, დამამშვიდებელი უნდა გაგიკეთო? - მარტივად ავუღე ალღო დავალებებს

- რომეო
- ჩემო ჯულიეტა

- ბეტმენი
- ჩემო ჯოკერო

- პოვარი
- ჩემო ფუნთუშა

- მამალი
- ჩემო ვარია

- პრეზერვატივი
- პრეზერვატივი? - ვკითხე დაბნეულმა დამრიგებელს
- კარგი გეხუმრე. მარგამ იცოდე, ჩვენს ბიზნესში ყველაფერისთვის უნდა იყო მზად


***
რამდენიმე დღეში მთელს ტანზე თმები გამპარსეს, სოლარიუმში გამრუჯეს, თმებზე მსუბუქი მელირება, ენაზე კი პირსინგი გამიკეთეს და სამსახურის დაწყება ოფიციალურად მომილოცეს.


- პირველი შეკვეთა შემოვიდა: მარტოხელა ქალბატონს უცხო ენების სპეციალისტთან სურს ლინგვისტური ღამის საუბრები - მითხრა წითელთმიანმა ოპერატორმა, თვალი ჩამიკრა და გულის ჯიბეში ფურცელზე დაწერილი მისამართი ჩამიცურა.

პირველივე შეკვეთისთვის ცოტა უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ იმ დროისთვის "გარდაქმნის ოთახში" კარგად გარკვეული არ დადვბნეულვარ. ტყავის ტანგა ამოვიცვი, ტანი სპეციალური მაზით ავიპრიალე, თეთრ პერანგზე შავი პიჯაკი ჩავიცვი, მრგვალი სათვალეები მოვირგე, ცილინდრი დავიხურე და იღლიაში ყავისფერი ტყავის საქაღალდე გავიჩრჩე. გარეთ გასულმა ღრმად ამოვისუნთქე და მანქანაში ჩავჯექი.

მძღოლმა დანიშნულების ადგილას სწრაფად მიმიყვანა.

- კარი ღია არის, მეორე სართულზე ამოდი - მითხრა კარებზე მიმაგრებული დინამიკიდან ძალიან სასიამოვნო ხმამ.

კარი ფრთხილად გავაღე და თეთრ რიკულებიან ხის კიბეს ფრთხილად ავუყევი.

მეორე სართულზე ასულმა, ღია კარი შევნიშნე, რომლიდანაც ბაცი წითელი შუქი იღვრებოდა. ძლივს განათებულ ოთახში ფრთხილად შევედი.

- გამარჯობა - მითხრა ოთახის სიღრმიდან ქალბატონმა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოგდა
- გამარჯობათ - მივესალმე მეც და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ცუდი განათების მიუხედავად, კარგად ჩანდა, რომ ქალბატონი სამოცდათხუთმეტი-ოთხმოცი წლის იქნებოდა.

- რამდენ ენას ფლობ? - მკითხა მოხუცმა რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ.
- სამს - ძლივს ვუპასუხე ყბადაღებულმა
- ერთიც მეყოფა - დამამშვიდა საოცრად სათნო ღიმილით. -რომელსაც კარგად ფლობ რათქმაუნდა - დამიკონკრეტა კეკლუცად და მხრებიდან გამჭირვალე მოსასხამი მსუბუქად ჩამოიცურა.
- იცით, მე... მე... - ამოვილუღლუჩე დაბნეულმა
- რა თქვენ? - მკითხა საწოლზე წამოწოლილმა და გადაშლილი ფეხებიდან ისე გამომხედა, თითქოს სამიზნეში ამომიღო
- "დამენძრა" - ამოვიოხრე ქართულად
- რაო პატარა, არ გინდა ჩემთან გაერთო? - არ მომეშვა ბებერი და ენით პროთეზი გაისწორა
- იცით...იცით... მოდით ჯერ ვისაუბროთ - შევეცადე სენსეის ნასწავლები ოინით ფონს გასვლას
- იცი, პატარა, რას აკეთებენ ქალები ჩემს ასაკში?
- არა - გავაქნიე რამდენჯერმე სწრაფად თავი
- დილით იღვიძებენ, პროთეზს ირგებენ და შემდეგ ურეკავენ შვილებს და საუბრობენ... ურეკავენ შვილიშვილებს და საუბრობენ... ურეკავენ მეგობრებს, და კვლავ საუბრობენ. ასე რომ ძალიან გთხოვ, გვეყოფა საუბრები და მოდი დავიწყოთ.
- იცით... მე ენით არ შემიძლია - გავიბრძოლე ბოლოჯერ სასოწარკვეთილმა
- ყმაწვილო, სადმე ხედავთ პოლიციელს დიდი, შავი ხელჯოხით და ხელბორკილებით? შენ ენების სპეციალისტი ხართ ტკბილო, ასე რომ მანახე რა შეგიძლია - არ მეშვებოდა მოხუცი
- არშემიძლია - ამოვიოხრე გულიდან, ქუდი მოვიხადე და სკამზე ჩამოვჯექი.
- იცი, სამსახურიდან დაგითხოვენ? - გაწელილი ბგერებით, სიმღერასავით გადმოაფინა ბებერმა ალქაჯმა
- ვიცი - ვუპასუხე დამწუხრებულმა. კისრიდან ჩამოსული ოფლი მოვიწმინდე და საკუთარივე გადასლასებული კანით შეცბუნებულმა მკვერდზე დვიხედე, რომელსაც ერთი ბალანიც არ შერჩენოდა სამადლოდ.

მოხუცმა ტანზე ხალათი მოიხურა, ფუმფულა ჩუსტები ფეხებზე მოირგო, მოვიდა და ორივე ლოყაზე ერთდროულად მიჩქმიტა _ პატარა უცხო ენების სპეციალისტი ვინ არისო? პატარა მეხანძრე ვინ არისო? პატარა და ბოროტი პოლიციელიო? _ ისე იმეორებდა მოხუცი, ლამის იყო მეფიქრა, გაფანტული სკლეროზის გამო, შვილიშვილი ვგონივარ და მალე კანფეტებსაც მაჩუქებს-მეთქი.

მოხუცს გაშტერებული თვალებით ვუყურებდი, სანამ კარიდან არაადამიანური ხარხარი მომესმა.

- ოხ, ოთო.... შენი კარგი მოვტყან - ამოვიღრიალე დაჭრილი დათვივით და შოკისგან მეც ისტერიული ხარხარი ამიტყდა.

მოხუცის საჩივრის საფუძველზე სამსახურიდან იმავე ღამეს დამითხოვეს _ ყოფილი სტრიპტიზ მოცეკვავე აღმოჩნდა, რომელსაც ოთო ოთხი წელი უვლიდა.


***
ძალიან მალე ქართველი გოგო გავიცანი და ცოლად მოვიყვანე. ოჯახთან ერთად, მეგობრების დახმარებით სწავლასაც მოვეკიდე.

- საკმაოდ რთული სპეციალობა აგირჩევიათ - მითხრა უნივერსიტეტის საბუთების შევსებისას კონსულტანტმა გოგონამ და გამიღიმა.

- იოლი არც ბოზობა იყო - ღიმილითვე ვუპასუხე კონსულტანტს და ხელმოწერილი ფურცლები მაგიდაზე დავუწყვე.

Sunday, October 24, 2010

ლუმინალი

- თავი, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- კბილი, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- კუჭი, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- გული, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- ყელი, ნუნუ ექიმო!- ვუთხარი მე და ყელი გავუწოდე.
- ბაწარი! - მითხრა ნუნუ ექიმმა და მაინც ლუმინალი მომცა.

ერთი შეხედვით ორი ვარიანტი იკვეთება:

ან ნუნუ ექიმი ფეისბუქზე სახელდახელოდ შექმნილ ლუმინალის გვერდზე იყო ფანკლუბში გაწევრიანებული, ან მას სხვა ალტერნატივა არ ქონდა. ვინაიდან იმ დროისთვის ფეისბუქი არ არსებობდა, ლოგიკისა და დედუქციის მეთოდის მოშველიებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნუნუ ექიმს სხვა არჩევანი არ ქონდა.

ნუნუ ექიმთან ყველაფერი გავარკვიეთ, მაგრამ დღევანდელობაში ამოჩემებული რამდენიმე მოვლენა ვერაფრით ვერ ამიხსნია.


- ჰიმნი უნდა ვიმღეროთ
- სოფო ნიჟარაძე
- აფხაზეთის დაბრუნება უნდა შევსთხოვოთ უფალს
- სოფო ნიჟარაძე
- ევროვიზიაზე უნდა გავიდეთ
- სოფო ნიჟარაძე
- ბათუმს უნდა ვუმღეროთ ქათქათას
- სოფო ნიჟარაძე
- მცხეთობას, ბათუმს უნდა ვუმღეროთ ქათქათას
- სოფო ნიჟარაძე
- ერბოკვერცხი უნდა შევიწვა
- ტეფალის ტაფა - მითხრა ნუნუ ექიმმა და მაინც სოფო ნიჟარაძე მომცა


ეხლა, ინტრიგანი რომ ვიყო, ვიტყოდი: "არვიცი ლიმონას ლუმინალზე როგორ, მაგრამ მე სოფო ნიჟარაძე მძაფრ ალერგიას მაძლევს-მეთქი", მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვარ.

მაძლევს და მაძლევს, რა სოფო ნიჟარაძის ბრალი ეგ კი არის, ნუნუ ექიმი მყავს მოსაკლავი.

ისე ნათქვამია, შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო. ბრძენი ქალია მაინც ეს ნუნუ ექიმი, თორე ხედავს, რო ვერ მშველის და დღითიდღე უკუჩვენებებს ვავლენ, მაგრამ დანიშნულებას მაინც არ მიცვლის:

ამოჩემებული კომპოზიტორი: ნიკა მემანიშვილი - დღეში სამჯერ, ჭამის წინ
ამოჩემებული რეჟისორი: დავით დოიაშვილი - დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ
ამოჩემებული პოეტი: დეივიდ დეფი გოგიბედაშვილი - უზმოზე
ამოჩემებული გაურკვევლობა: ზუმბა - თვეში ორჯერ, სულერთია

და ა.შ.


როდესაც ბოლო ვიზიტზე ვიყავი ნუნუ ექიმთან, შევსჩივლე - არ მომწონს, ნუნუ ექიმო, ეს წამლები _ ამდენი წელია ვმკურნალობთ და ისიც კი არ ვიცით ბოლომდე, რა მჭირს-მეთქი. აკი გეუბნებით ბრძენია ნუნუ ექიმი:

- რა კარგი იქნება, ცხოვრება ტელევიზორივით რომ იყოს, არ მოგწონს და გადართე
- ცხოვრება ტელევიზორივით არის, არ მოგწონს? გამორთეო

მითხრა ტარიელ ჭანტურიას სიტყვები ნუნუ ექიმმა და მაინც სოფო ნიჟარაძე გამომიწოდა.

Friday, October 22, 2010

მისი აღმატებულება იმიჯი

იტალიელები ამბობენ: მთავარია იმიჯი და შემდეგ შეგიძლია ჩაიფსა, დილით კი თქვა რომ უბრალოდ გაოფლიანდი - მაინც ყველა დაგიჯერებსო.

შემდეგ ვიღაც ადგება და ფურცელზე შავ კვადრატს დახატავს ან დასვამს წერტილს, რომელსაც მილიონებად შეაფასებენ და ხელოვნების ნიმუშად აღიარებენ.

სწორედაც რომ მილიონებად შეაფასებენ - გვიპასუხებდა ნებისმიერი მარკეტოლოგი  და იქვე გააგრძელდებდა - სხვამხრივ ინტელის პროცესორი არ ეღირებოდა სამჯერ ძვირი, ვიდრე იმავე სიმძლავრის AMD-ს ფირმის პროცესორიო. ამას ბრენდის ღირებულება ეწოდებაო. კარგი ბატონო - საფასურთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შეფასებებთან დაკავშირებით მაწუხებს შეკითხვები - მხოლოდ იმის გამო რომ წერტილი, რომელიმე "ბრენდ" მხატვარმა დასვა, ამის გამო ნახატი შედევრია?

...დიახ ბატონებო, თეთრი ზოლები თეთრ ფონზე.

შემდეგ კი იწყება მსჯელობა - რატომ რვა ნახევარი? რატომ ნომერი ხუთი? რატომ იისფერ თოვლის? რატომ თამაშობდა ჰამლეტს ქალი?  და ის რასაც "იმიჯმოხვეჭილი" ხელოვანის შესრულებით "გენიალური გადაწყვეტილება" უწოდეს, უცნობი ავტორის შესრულებით თავისუფლად მონათლავდნენ სისულელედ.


რათქმაუნდა იმიჯი ქუჩაში დაგდებული ოცთეთრიანი არ არის, რომ შემთხვევით იპოვო. ის ვინც მსგავსი იმიჯი მოიხვეჭა, განსაკუთრებულია (თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი იმიჯის დამკვიდრება შეძლო) და ძალიან ნიჭიერი. მას შეუძლია თავს უფლება მისცეს და წავიდეს მსგავს ავანტურაზე.


რისი თქმა მინდოდა? ნამდვილად არ ვიცი. პოსტსაც რამენაირად დასასრული რომ მოვუფიქრო ვიტყვი - ვიცი რომ მსგავს იმიჯს ვერასოდეს შევიქმნი, ამიტომაც ვცდილობ უბრალოდ არ ჩავიფსა.

ლექსი რომელიც მუზას არ ეძღვნება

ჩემი მუზა არის ნაზი
ჩემი მუზა არის ზღვა
არის ჰორიზონტის ხაზი
ჩაი დღეს რომ დამისხა

ჩემი მუზა არ დაფრინავს
ჩემი მუზა მუშაობს
ჩემი მუზა ლამაზია
ოღონდ არის უშუალო

იცის კაზუსი რას ნიშნავს
და ექსპროპრიაცია
პირსინგი არ უკეთია
ჯინსები კი აცვია

ჩემი მუზა არის ნაზი
ჩემი მუზა არის ზღვა
გავაბრაზე დილით მაგრამ
ჩაი მაინც დამისხა

Thursday, October 21, 2010

დილის ყავა

ეხლა რომ თბილად
გაკოცო თმებზე,
მოგხვიო ხელი,
მოგიძღვნა ლექსი...
დაგისხა ყავა
შენს დიდ ჭიქაში,
რომელასც დილით
ბოლომდე ვერ ცლი

გაჩუქო დილა,
ნამი ფოთლებზე,
თეთრი ღუბლები,
კამკამა წყარო
შენ ხომ მზეს დილით ესაუბრები
და რომ წამოცდეს
ლამაზი ხარო

ეხლა რომ თბილად
გაკოცო თმებზე
მოგხვიო ხელი,
დაგისხა ყავა...
ჩავიცვამ პიჯაკს
შევიკრავ ჰალსტუხს
და სამსახურში
ღიმილით წავალ

Wednesday, October 20, 2010

და...

შენი სუნთქვა ვიგრძენი
უცებ მომენატრე და
გარეთ გაბრაზებული
ქარი ტოტებს ამტვრევდა

დედამიწა ბრუნავდა
ზღვა კი უკან იხევდა
მთვარე ძალით მოხვეულ
ღრუბლებს ტანზე იხევდა

მე კი მენატრებოდა
ჩვენი მთა და ნისლები
შენი გაშლილი თმები
შენი ძველი ჯინსები

მთვარე ტანზე იხევდა
ქარი ტოტებს ამტვრევდა
არაფერი ისეთი
უცებ მომენატრე და...

Tuesday, October 19, 2010

ისევ დროზე


მიდის ნელნელა
თანაბრად მიდის
მალე თხუთმეტი
გახდება ოცის
დრო მონატრებას
გადაახტება
და ჩემს მაგივრად
ტუჩებში გკოცნის

მიდის ნელნელა
თანაბრად მიდის
წუთებს წამები
მიდის და მიჰყავს
როგორც მათარა
ბებერი გიდის...
და არ ანაღვლებს
მეგზური ვინ ჰყავს

მიდის ნელნელა
თანაბრად მიდის
მალე თხუთმეტი
გახდება ოცის
დრო მონატრებას
გადაახტება
და ჩემს მაგივრად
ტუჩებში გკოცნის

Monday, October 18, 2010

თანამედროვე სადღეგრძელოები

ადრე ვთქვი: ყველაფერი არა მაგრამ, ძალიან ბევრი რამ ძველდება ამ ქვეყნად და განახლება ჭირდებათქო. ხოდა, თანამედროვე სიზმრების ახსნა თუ შემოგთავაზეთ, თანამედროვე სადღეგრძელოებმა რა დააშავა?

ვიცი, ღიპიანი ძია _ ჩაცლილი ყანწი ახალი მოხსნილი რომააქვს ტუჩიდან და ჩარჩენილ წვეთებს ღიპზე იფერთხავს, ჩემს ბლოგს არ კითხულობს. ამიტომაც ცოტას გავთამამდები და დავიწყებ:

(იკითხება ყარაჩოღელების სტილში)

- ეს იმ ფრენდს გაუმარჯოს, ლინკს ისე რომ არ დააშეარებს "მიმაქვსო" რომ არ მიგიკომენტაროოოს.

- ეს იმ ფრენდს გაუმარჯოს, "გავცივდი ვკვდებიო" რო გაასტატუსებ და "დაგილაიკეეეეეეებს".

(აქ უკვე ვგრძნობ რომ ბრჭყალების გარეშე უნდა ვწერო, თორემ დავიტანჯე)

- ეს იმ ფრენდს გაუმარჯოს, რომელსაცა რომა, შენს ლაიკზე, ლაიკი უნდა გააკეთოოოოოოს.

- ეს იმ მუჩუალ ფრენდს გაუმარჯოს, რომლის ვოლზეც გულის სწორის კომენტარები შემოგეფეთებაააა

- ეს იმ მტრედს გაუმარჯოოოოოს, ფრენდ რექვესტს რომ გაუგზავნი, ფენდინგში ჰყავხარ და არ გაექსეპტეეეებს.

- ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიცა რომა, შენს ათასს სისულელეს უყურებს მთელი დღე და არ დაგაჰაიდეეეეებს

- ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ფრენდ ლისტში პალიკო კუბლაშვილიც რომ ყავს და გუბაზ სანიკიძეეეეეც.

- ეს იმ გრძნობას გაუმარჯოოოოს, სკაიპში მწვანედ რომ აგაბიბინებს, იქნება და გულის სწორმა შემამჩნიოსოოოოოოოოოოო

- ეს იმ კაცს გაუმარჯოს, მოამბეს განმეორებით ინტერნეტში რო უყურეეეებს


- ეს იმ კაცს გაუმარჯოოოოს, რომელიცა რომა, ამ პოსტზე იტყვის "ნეტაი შენ არ აწვალებდე ლაშარელაოოო"

(აქ უკვე მასა აძლევს ბანს)

გაუმარჯოოოოოოოოოოოოოს

Sunday, October 17, 2010

ნამგალი და ურო, უნდა...?

იმედი მაქვს, ვახო ელერდაშვილი არ მიწყენს მიმბაძველობას და მეც ჩემს სტატიას შეკითხვით დავიწყებ: თქვენ თუ იცით რა განსხვავებაა ონანიზმსა და მასტურბაციას შორის?

სიტყვების ლინგვისტურ წარმომავლობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, არანაირი.

ონანიზმზე გამახსენდა: გასულ კვირას ყველასათვის საყვარელმა მთამსვლელმა და ხალხის მიერ არჩეულმა (სახალხომ - მიყვარს ეს სიტყვა) პოლიტიკოსმა _ გია თორთლაძემ _ არაჩვეულებრივი და ძალზედ აქტუალური თემა გააცოცხლა - საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა საქართველოში.

გააცოცხლა-მეთქი_ შემთხვევით არ მითქვამს. უბრალოდ კი არ გააცოცხლა - ჯერარნახული ინტუიციით მიაგნო საფლავს, შემდეგ ამოთხარა ღრმად ჩაფლული საბჭოთა განსასვენებელი, რკინის სარკოფაგზე დატანილ ნამგალს და უროს მტვერი სათუთად გადაწმინდა და აღმოჩენილი არტეფაქტებით აღფრთოვანებულმა თქვა - ეს არის ჯადო, რომელიც ჩვენს ქვეყანას ხელს უშლის განვითარებაში, ჩვენ უნდა ავკრძალოთ ეს სიმბოლიკაო.

არიქა _ აფუსფუსდა პარლამენტი, შეიკრიბა კომიტეტი, შემუშავდა კანონპროექტი, გავიდა განსახილველად.

კანონპროექტში დეტალურად უნდა გაიწეროს ყველა ის სიმბოლო, რომელიც უნდა აიკრძალოს, ეროოო _ იყვირა ათრთოლებული ხმით გიამ.

- რომელი სიმაბოლოები, ბატონო გია? - კითხა თავდარზარდაცემულმა ერმა ერთადერთ მხსნელს.

- "ნამგალი და ურო", "ვარსკვლავი" და "სტალინის ულვაშები" - დაიჩურჩულა მისტიური ხმით თორთლაძემ, დაქაჩული თვალებით სანთლებით განათებულ ქვის დარბაზში შეკრებილთ გადახედა და მაგიდაზე თბილისის გრაგნილად დახვეული, ჩაყვითლებული რუკა გაშალა. - მე დავიტანე რუკაზე აღნიშნული სიმბოლიკების მდებარეობა. ესენია: ვარსკვლავი კინოს სახლის თავზე, ბარელიეფი პარლამენტის შენობასთან, ხიდის მოაჯირი ზაჰესის წინ, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედხედი - აგრძელებდა მისტიური ხმით ჩურჩულს მთასვლელ-პარლამენტარი. თუ ამ წერტილებს შევაერთებთ, ვიპოვით ხუთქიმიანი ვარსკვლავის მეხუთე ბოლოს. ჩვენ უნდა გავანადგუროთ ამ ვარსკვლავის ხუთივე ბოლო, რომელიც წყევლად და ჯადოდ აქვს გადაკრული ჩვენს დედაქალაქს და ხელს უშლის მის და მთლიანად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირებას. წინ შეუპოვარნო რაინდნო!

წიიიიინ, დაიშხუვლეს რაინდებმა და დაეშვნენ ავ ძალებთან შესარკინებლად.

არის, ბატონო გია, პირველი ვარსკვლავი კინოსახლის თავზე დამარცხებულია! მოვახდინეთ მისი სრული დემონტაჟი, ინებეთ _ უპატაკა შიკრიკმა პირველი წარმატება.

ბატონო გია, ბარელიეფი პარლამენტის თავზე მთლიანად განადგურებულია. ახლა პარლამენტიდან შადრევანი ასხამს და პარლამენტის ქვემოთ განთავსებულ შადრევნებს უერთდება - ეს ყველაზე მაღალი შადრევანია მთელს მსოფლიოში.

წარმატებას წარმატება მოსდევდა. მთასვლელ-პარლამენტარს სახეზე ნეტარება მთის მწვერვალიდან ამომავალი მზის სხივებივით ეფინებოდა. მხოლოდ მეხუთე წერტილის პოვნის სურვილი უღრღნიდა გულს.

დრო თითქოს გაჩერდაო. დარბაზი მეხუთე წერტილის პოვნას სუნთქვაშეკრული ელოდებოდა. კუპრივით შავი ღამე ჩამოწვა. ქვის კედლებს მოლივლივე ჩირაღდნები ანათებდა.

ვიპოვეეეეეეეთ, ბატონო გია... ვიპოვეთ. ეს ხუთქიმიანი ვარსკვლავებით დაფარული დროშაა - ამოიღნავლა ხის კარებში შიკრიკმა და ადგილზე უსულოდ დაეცა. მთასვლელ-ტამპლიერი ჩუმი ნაბიჯით მიუახლოვდა შიკრიკს და ხელებში ჩაბღუჯული ნაჭერი ამოგლიჯა.

იდიოტებოოოოოო - ექოდ გაისმა ქვის დარბაზებში გია გულუხვის ხმა. ჯორჯ ბუშ უმცროსის სახელობის ქუჩიდან ამერიკის სახელმწიფო დროშა ჩამოხსენით? _ და ანთებული თვალებით რაინდებს გადახედა.

- კი მაგრამ, მილორდ, ეს დროშა რუკაზე დატანილი მეხუთე წერტილში ვიპოვეთ, თანაც დახედეთ, ვარსკვლავებით არის გადაჭედილი.

- ვარსკვლავებით ზეცაც არის გადაჭედილი, იდიოტებოოოოო...

- გავუკეთოთ დემონტაჟი, სირ?

***
რა უცნაურია ეს ბლოგი. სად დაიწყებ წერას და საით წაგიყვანს. მოკლედ, "ნამგალი და ურო, უნდა ვიხმაუროო" _ განაცხადა ჩვენმა (ა)რჩეულმა დეპუტატმა და კვაზისუბლიმაციის არაჩვეულებრივი ნიმუში გვაჩუქა. თქვენი არ ვიცი და როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, სურვილი გამიჩნდა, პარლემენტი წინ წითელ მაისურზე შავად დაწერილი CCCP წარწერით მივიდე და საჯარო მასტურბაციით აღშფოთებულმა ხმამაღლა ვიყვირო:

ნამგალი და ურო - უნდა ვიტყნაურო!!!

Friday, October 15, 2010

ა ლა ფურშეტ

დღე უშენოდ გასული
ღამე მომიახლოვდა
ჩემი უხმო წარსული
მე არასდროს მახსოვდა

შენ ნაყინი მარწყვის და
მე ნაყინი ვანილის
ეხლა ვიცი არ წვიმს, თან
ეს მოწყენაც გაგივლის

დღე უშენოდ გასული
შთაგონებავ უშრეტო
მომშივდა და მინდა რომ
წავუალაფურშეტო

Thursday, October 14, 2010

საღამოსპირი

დახუჭე თვალები
მზეა და ჰაერი
თმებზე გეფერება
ურცხვი და შიშველი
შენ აღარ ცურავ და
ზღვამაც მოიწყინა
თუკი გაიღიმებ
ორივეს გვიშველი

დახუჭე თვალები
შეხედე ამ მინდვრებს
ფეხზე გაიხადე
წამოდი, ვირბინოთ
მერე დაველოდოთ
სუსხიან ამინდებს
და სადმე კოცონი
ავაგიზგიზოთ

დახუჭე თვალები
შეხედე ნისლია
შორიდან მოგესმის
გუგუნი მდინარის.
წავიდეთ მთის იქეთ
ფიქრები გვიცდიან
მათ ხომ არ იციან
მთის აქეთ ვინარის

ჩემი საშინელი ხმა

დილა, დილის განწყობა
მზე შენსავით გრძელი თმით
დილა, დილის დაწყება
შენი დაკარგული ხმით

ცივა, ცივა ძალიან
ოღონდ შენ არ გაცივდე
თანახმა ვარ ჩემს ლექსებს
სამუდამოდ დავცილდე

დილა, დილის განწყობა
ცა საშლელით ღრუბლებს შლის
მზესაც გული დაწყდება (და)
თმებს შენსავით გაიშლის

Wednesday, October 13, 2010

რა იმალება პრეზიდენტის ტრიბუნის უკან და რა აქვს პრეზიდენტს ტრიბუნაზე დიდი

გეთანხმები, სათაური მთლად ვერ გამომივიდა. რაღაც წაუყვითელპრესული მინდოდა, მაგრამ ისინი ნამდვილი ხელოვანები არიან _ როგორც ჩანს, შექმნა სრული სისულელე, ესეც დიდი ხელოვნებაა.

გვეყოფა ეხლა ლაზღანდარობა, საქმეა საკეთებელი. (ქმ...ქმ...)

(იკითხება წვრილი, 35-40 წლის მანდილოსნის, ოდნავ გოიმური ხმით)

ალბათ ჩვენი ჟურნალის მკითხველს კარგად ახსოვს, გასულ ნომერში დაბეჭდილი სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, არ მოეწონა ენდი გარსიას მიერ განსახიერებული საკუთარი თავი.

"ტრიბუნაზე ყოფნის დროს, როდესაც ხალხს მივმართავდი, ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდი, ვიდრე გარსია - ამ ეპიზოდში" - განაცხადა მან.

თემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, ის განგვევრცო.

ამჯერად ჟურნალი "ფეისბუქის ამბები", არც მეტი და არც ნაკლები, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ტრიბუნას ეწვია.

ჟურნალისტი: გვიამბეთ, როგორ გაიცანით პრეზიდენტი.

ტრიბუნა: სიმართლე გითხრათ, მე ბატონ პრეზიდენტს მანამდე ვიცნობდი, ვიდრე ბატონი პრეზიდენტი გახდებოდა.

ჟურნალისტი: უფრო კონკრეტულად?

ტრიბუნა: მოგეხსენებათ, მე მაკაგონისგან ვარ დამზადებული. სანამ ტრიბუნა გავხდებოდი, გაზეთების მაგიდად ვმსახურობდი ბატონ პრეზიდენტთან სახლში.

ჟურნალისტი: როდის გადაწყვიტეთ ტრიბუნობა?

ტრიბუნა: იცით, მე არ გადამიწყვეტია. იქ ბევრნი ვიყავით, ტყავის "დივან-კრესლო", მუხის "სტენკა", ბამბუკის სავარძელი...

ჟურნალისტი: უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ბამბუკის სავარძლის ხსენებაზე ძალიან მოიწყინეთ. მასთან რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა ხომ არ გაკავშირებდათ?

ტრიბუნა: ძალიან დაკვირვებული ბრძანდებით. მე ის მიყვარდა. როდესაც პრეზიდენტი მასში ჯდებოდა, საწყალს ისეთი ჭრიალი გაჰქონდა, რომ გული მიკვდებოდა (ტირის).

ჟურნალისტი: შეკითხვას რომ მივუბრუნდეთ, ანუ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით პრეზიდენტის ტრიბუნა.

ტრიბუნა: უჰ, უკაცრავად. იმას ვყვებოდი, რომ პრეზიდენტი ყველაფერს ჩვენ ნაცვლად წყვეტდა. ჩვენ უბრალო ნივთები ვიყავით, რათქმაუნდა ერთგულები და მას ვემსახურებოდით, მაგრამ მაინც. ბატონი პრეზიდენტი ბრძენი კაცია.

ჟურნალისტი: უკაცრავად, ჩაგეძიებით _ანუ თქვენ არ გსურდათ ტრიბუნობა?

ტრიბუნა: მე არ მითქვამს, რომ არ მსურდა, მე გითხარით რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ჩემს სანაცვლოდ. ისე, რაღა დაგიმალოთ და, მსურდა. მაგიდობისას ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს. ტელევიზორს ჩართავდა და იქვე უამრავ რბილ და ფუმფულა დივანზე დაჯდომის ნაცვლად, ჩამომაჯდებოდა ხოლმე. სწორად გამიგეთ, ბატონი პრეზიდენტია და რაზეა ლაპარაკი, მაგრამ მაინც ადრე თუ გვიან ყველას ბეზრდება, თავზე რომ აზიან. ამიტომაც ტრიბუნობაზე შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი, უფრო სწორად, ბატონი პრეზიდენტის ჩემთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამიხარდა.

ჟურნალისტი: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ბრძანდებოდით გორში რვა აგვისტოს ღამეს.

ტრიბუნა: სამწუხაროდ, ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ.

ჟურნალისტი: ჩვენი ჟურნალისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ თქვენ მონაწილეობდით ფილმში "აგვისტოს 5 დღე".

ტრიბუნა: მართალია, მე ვესწრებოდი გადაღებებს, მაგრამ ფილმში მე არ ვარ გადაღებული. ტრიბუნა, რომელიც ფილმში თამაშობს, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჰოლივუდში დამზადებული, ჩემი ზუსტი ასლი გახლავთ.

ჟურნალისტი: გასულ კვირას, ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როდესაც თქვენს წინ იდგა, გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ოსკაროსანი მსახიობი ენდი გარსია.

ტრიბუნა: რაღა დაგიმალოთ და მარტო პრეზიდენტი კი არა, მეც ვარ უკმაყოფილო ტრიბუნით _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ირყეოდა. ეს როგორ შეიძლება, სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს ხალხი უყურებს ამას.

ჟურნალისტი: თქვენი ემოცია გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტსა და ენდი გარსიას როგორ დაახასიათებდით.

ტრიბუნა: რასამბობ დაია, სად ბატონი პრეზიდენტი და სად ვინცხა გარსიე. ბოდიში აქცენტიზა _ ბოლოს ქუთეისში გავყევი ბატონ პრეზიდენტს და უნებლიედ დამჩემდა.

ჟურნალისტი: ანუ თქვენ ეთანხმებით პრეზიდენტს, რომ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.

ტრიბუნა: ჯერ ერთი _ მე და პრეზიდენტი ვართ რაფერაც ყველი და პური. ბატონი პრეზიდენტის ზომაზე ვარ გადაჭრილი, აპაა... მერე _ ჩვენს პრეზიდენტს ქე რო თამაში შეუძლია, რასამბობ დაია. ოსკარზე არ ყოფილა წარდგენილი თვარა, რომელი გარსია და პაჩინო აჯობებს მაგას?

ჟურნალისტი: რთულია იყო პრეზიდენტის ტრიბუნა?

ტრიბუნა: ეხლა, არ შეიძლება ამის ხმამაღლა თქმა თვარა, რთული რავა არაა? თვითონ ბატონი პრეზიდენტი კი დაფრინავს "ვერტალიოტით" ერთი თავიდან მეორეში, მარა მე კი დამაპორწიალებენ "მაშინებით". ბათუმში ჩასვლა კიდე არაფერი, მარა სვანეთში რო ამარიხრიხებენ კვირაში სამჯერ, ცოტა კი მიჭირს მაგი... მარა რავა დევიწუწუნებ მაგაზე? ბატონი პრეზიდენტი იყოს ოღონდ დიდხანს და ჯანმრთელად და გამოსვლები არ მოშლოდეს


მაყვალა ბრტყელტუჩა
ჟურნალი "ფეისბუქის ამბები"

ერითროციტებს

წინა ლექსზე მომწერეს, "...გადაეცი შენს მუზასო".
 მე კი მინდა ჩემმა მუზამ გადასცეს, თავის ერითროციტებს.

შენი თითეული უჯრედი
და თითეული უჯრედის
ბირთვი თუ გარსი,
ჩემთვის სამყაროს ერთადერთი
აღმოჩნდა არსი.
და შენს თბილ სისხლში
მიმობნეულ ერითროციტებს
გადაეცი, რომ თითეული
ჩემს ღიმილს იტევს

Tuesday, October 12, 2010

შენი სამყარო

ტყე ივარცხნის ფოთლებს _ თოვს
მზე ღრუბლების საყურეს...
მთვარე სტუმრად მოსვლას გთხოვს
კარზე დააკაკუნებს

შენ უცხადებ ფიქრებს ომს
ხომ იცი რომ გამოვა
ბებო ამოზილავს ღომს
ბაბუ ადრე არ მოვა

ზღვა ქვიშის მძივს იკეთებს
მზე ღუბლების საყურეს
ღამით მთვარე მოვა და
კარზე დააკაკუნებს

Monday, October 11, 2010

ცხოვრების ნაწილაკები

შეგრძნება - დეჟა ვიუ.
საათი - 2:20
სივრცე - ინტერნეტი
განწყობა - ფილოსოფიურად მშვიდი და მყუდრო

ყველაფერი ძვირფასი წვრილმანებისგან შედგება. დაწოლილს ფეხის ფეხზე გასმა უყვარდა - წვრილმანია, მახსოვს. როდესაც იღიმება ლოყა ხალთან ეკეცება - წვრილმანია. მაგიდასთან ყოველთვის სამხრეთის მხრიდან, მარცხენა მხარეს უყვარს დაჯდომა _ სხვაგან გემრიელად ვერ ვჭამო ამბობს - წვრილმანია. ამასწინათ თაროზე დადებულ ბავშვობის სათამაშოს დავაკვირდი. გადაქექილი ისეთი მეტყველი თვალებით მიყურებდა... ამდენი წელია თაროზე დევს და მე მხოლოდ ეხლა მივაქციე ყურადღება - როგორი წვრილმანია. კარებს რომ გადაკეტავს, ყოველთვის ორჯერ ჩამოწევს სახელურს _ ერთნაირი ინტერვალით - წვრილმანია თან რა უბრალო. მაგიდას რომელსაც მთელი ბავშობა ვეჯექი და ვმეცადინეობდი, შუა გულში ამომწვარი ქონდა - ესეც...

ვფიქრობ ყველაფერი ძვირფასი წვრილმანებისგან შედგება. ყველაზე ძვირფასი მოგონებებიც, კადრებად რომ ჩაგვირბენენ და სახელზე ღიმილს დაგვიტავებენ, ხომ წამებია და არა წუთები ან საათები? უბრალო ჩვევები. უბრალო ნივთები. უბრალო ნაკაწრები. ჩვეულებრივი შრამები. უნებლიე ღიმილი. განუმეორებელი სურნელი. უბრალო წვრილმანები - ცხოვრების უბრალო ნაწილაკები.

როგორ გავიგოთ რომელი პოსტი რამდენჯერ "დაშეარდა"?

გაინტერესებთ, ამა თუ იმ საიტის, რომელიმე პოსტი (გენებოთ ლინკს ვიტყვი) რამდენჯერ "შეარდება" ფეისბუქზე?

რა პრობლემაა?

ნაბიჯი 1.
შედით მისამართზე http://developers.facebook.com/docs/reference/plugins/recommendations


ნაბიჯი 2.
ველში Domain ჩაწერეთ, თქვენთვის საინტერესო საიტის მისამართი, და დააჭირეთ Get Code - ღილაკს.




ნაბიჯი 3.
ფანჯარა რომელიც ამონათდება, მოცემულია გარკვეული კოდი. კოდში უნდა დააკოპიროთ src="(ის რაც ბრჭყალებს შორის წერია)" ბრჭყალებს შორის მოქცეული სრული მისამართი. ჩააკოპიროთ ლინკი ბროუზერში (თუ ვერ მიხვდით ლინკის რა ნაწილი უნდა ჩააკოპიროთ ბროუზერში, მთლიანი კოდი მიწერეთ სკაიპში იმ მეგობარს, რომელსაც ყველაზე მეტად გსურთ ნერვები რომ მოუშალოთ - ლინკი მისით გამოჩნდება)



და...ვუალა. ესეც შედეგი:




იმედი მაქვს გამოგადგებათ. გაამოთ.

ვესტუმროთ მთვარეს

შენი ბედნიერება
ბალახივით მედება
მე არ გამებედება
შენზე რომ ვიოცნებო

ამ ლექსებსაც რომ გიძღვნი
შენ არ იცი საერთოდ
წამო მთვარეს ვესტუმროთ
მასთან ერთად გავერთოთ

ასე ნაბიჯნაბიჯ და
წვეთწვეთ შენი წამწამით
გული თითქოს გაგიჟდა
ქუჩაქუჩა წანწალით

შენი ბედნიერება
ბალახივით მედება

Sunday, October 10, 2010

გვიკურთხე მამაო. შემიწყალე მე ცოდვილი

უკვე იმდენი სტატია დაიწერა საპატრიარქოზე, გარყვნილ მღვდლებზე, ნომრებზე სერიით EKL, ნაკურთხ მანქანებზე და ა.შ. რომ ერთ სქელყდიან კრებულს გამოსცემდა კაცი.

ლინკებსაც მრავლად უნაწილებდნენ თვალებანთებული, გახარებული და აჟიტირებული მომხარებლები ინტერნეტში ერთმანეთს.

ნებისმიერმა იცის, რომ თუ შემოგელევა აქტუალური თემა, შეგიძლია საპატრიარქოზე, გარყვნილ მღვდლებზე, ნომრებზე სერიით EKL და ნაკურთხ მანქანებზე დაწერო. მერე რა რომ რიგით მილიონსამასიათასხუთასოთხმოცდამეხუთე ნაწერი იქნება? მკითხველი მას მაინც არ მოაკლდება. ბევრიც "დაალაიკებს" და "დააშეარებს" შენს ნაწერს თვალებანთებული, გახარებული და აჟიტირებული. ეს კი უმთავრესია, ასე ვფიქრობ _ სხვამხრივ მიზეზს ვერ ვხედავ რიგით მილიონსამასიათასხუთასოთხმოცდამეხუთე ნაწერის არსებობისა.

ამ სტატიებში ბევრიც სიმართლეა, ბევრიც _ თითიდან გამოწოვილი თემა, მაგრამ ჩემთვის სამწუხარო სხვა რამეა _ შევნიშნე, რომ მსგავსი სტატიების არც ავტორები და არც აღფრთოვანებული მკითხველი ოდნავ მწუხარებასაც არ გრძნობს. პირიქით, უხარიათ, თვალები უნათებთ და რაც შეიძლება ცინიკურები ხდებიან _ "ესეც თქვენი წმინდა ეკლესია. ესეც თქვენი სიწმინდეები. თავი გაგვანებეთ, მოგვეშვით თქვენი შეგონებებით, მორალის კითხვით, რჩევა-დარიგებებით, აღსარებებით და ზიარებებით. საკუთარ თავს მოუარეთ. მე უამრავ გოგოსთან მაქვს სექსი, წმინდაობას მაინც არ ვიბრალებ; მე ვისთანაც მინდა, ვწვები და რამდენიც მინდა, იმდენი კაციც მყავს, მაგრამ მონაზვნობას მაინც არ ვიბრალებ; მე ნარკოტიკებს ვიკეთებ და ვიცი მაინც ჩემი გასაჭირი, მაგრამ უბიწოდ თავი არასოდეს მომიტანია".

ადრე დავწერე და ეხალც გავიმეორებ (ასე ვთქვათ, ერთგვარ ფარს მოვიმზადებ თავდაცვისთვის, რადგან მეც ხომ ერთი რიგითი და ხორციელი ადამიანი ვარ, რომელსაც ასე ძალიან ეშინია არ გააკრიტიკონ, დასცინონ, ან წამოაძახონ _ შენ, თავს მიხედე, სანამ ჩვენ გადმოგვწვდები ცოდვილებსო), მეც ტეკილა ბუმითა და სექსით გაჟღენთილი ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდა ვარ. მეც თქვენთან ვარ. თქვენიანი ვარ. მაგრამ მინდა, რომ წამით შევჩერდეთ, წამით დავფიქრდეთ.

***
მახსოვს, მამაჩემს და რამდენიმე ადამიანს სამეზობლოში იდეა გაუჩნდათ _ მოდი ძველი ტრესტის ნანგრევებზე ეკლესია ავაშენოთო. მამაჩემი ინჟინერი იყო, ხის ეკლესიის პროექტი შეადგინა, საპატრიარქოში გააგზავნა შესათანხმებლად. იქ აუხსნეს ეკლესიის მშენებლობის უარმავი სპეციფიკა. საპატრიარქო დაეხმარა ჩემებს არქიტექტორის მოძებნაში. არქიტექტორიც ძალიან კეთილშობილი აღმოჩდა. სრულიად უფასოდ დათანხმდა ეკლესიის მშენებლობაზე მუშაობას.

უფასოდ ვმუშაობდით ჩვენც _ უბნის ბიჭები. უამრავმა პლანითა და ლარნახევრიანი არყით გაჟღენთილმა ბიჭმა ხელები დაიკაპიწა და მშენებლობას შეუერთდა. ისიც მახსოვს, სამეზობლოში ფული ავკრიფეთ ისევე ნებაყოფლობით, როგორც დღეს (კიდევ კარგი, ნინია კაკაბაძეს ადგილობრივ პრესაზე ხელი არ მიუწვდებოდა, თორემ, დარწმუნებულივარ, რეკეტად მონათლავდა ამ ქმედებას) ხდება სხვადასხვა ტაძრების მშენებლობისას.

ტაძარი აშენდა. პატარა, ძალიან ლამაზი. უამრავი ბიჭი, რომელიც მშენებლობის განმავლობაში ახლოც არ მიკარებია სასმელს და სხვა უბედურებას, ეკლესიის წიაღშივე დარჩა, მოიყვანეს ცოლები და ჯვარი დაიწერეს ამავე ტაძარში. გაუჩნდათ შვილები და იქვე მოინათლეს. დღეს, როდესაც შაბათის ღამენათევი კვირა დღეს თორმეტისთვის ვფხიზლდები, აივანზე ყავას ვსვამ და ამინდის მიუხედავად ეკლესიის კარებთან შეგროვებულ უამრავ ადამიანს ვხედავ, რომელიც ტაძარში ვერ ეტევა, მინდა რომ გვერდით მეორე ეკლესია მივუდგა და შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი, სანამ ყველა მსურველს არ ექნება შესაძლებლობა, ღვთის სახლში შეივსოს სული და იპოვოს ის სიმშვიდე, რომელსაც იქ ეძებს (განა მხლოლოდ ჩვენს მობილურებს ჭირდება დატენვა _ სულიც იცლება, ჩემო ნინია).

რა არის ამაში ცუდი?

ბათუმიდან მომავალი ისე ფხიზლობდა, რომ ჯვრები დაუთვლია. რა საჭიროა ამდენი ჯვარი (ჯვარი, თორე არ იყოს როკ სიმბოლიკა, რომლითაც სამოცდაათიანებში მთელი ევროპა იყო აჭრელებული), ნეტავ ვინ დგამსო ამ ჯვრებს _ იკითხა ნინიამ. ორმოცდაორივე არ ვიცი ნინია, მაგრამ ერთი _ კიროვის ქუჩას რომ გაცდები, არ მისული ახალსოფლამდე, რკინის ჯვარი რომ დგას _ დანამდვილებით ვიცი, ვინც დადგა.
ჩემს თანაქალაქელ სოსოს "ოციანი "ტრუბები" აღმოაჩნდა, "სვარშიკმა" ანზორმა, ისე შეადუღა, ნებისმიერ ქირურგს შეშურდებოდა. ბიჭებმა ქუთაისიდან მანათობელი ნეონის მილები ჩამოიტანეს (არ ჯდება თურმე ძვირი) და ერთი "ვედრო" ცემენტი ჯვრის მიწაში ჩასამაგრებლად იქვე გამოურთმევიათ ზაურისთვის (სახლს არემონტებდა მაშინ თავისი ბიჭის ქორწილისთვის).

ეხლა მეც "ბლოგერული" ჩამერთო და მომიტევეთ. სინამდვილეში სულ სხვა რამის თქმა მინდოდა. ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის და საქართველოსთვის. ის დღესაც უამრავს აკეთებს და ცდილობს. თუმცა სამწუხაროა, რომ მის ნებისმიერ ინიციატივაში მხოლოდ ცუდს ვხედავთ. მიწები გადასცა ხალხს _ ვერ უვლიდა იმდენი ქონდა და იმიტომო (ან მიწას რა მოვლა უნდა?), სამონასტრო კომპლექსი შენდება ნარკომანების რეაბილიტაციისთვის _ სამედიცინო ცენტრებს ვერ აღადგენენო (ნინია, ნარკომანი უპირველესად სულიერად არის ავად და ამას გადასხმებით ნამდვილად ვერ განკურნავ), ბევრი ახალგაზრდა დარჩა უნივერსიტეტის გარეშე და მოდით ხელსაქმე და სხვადასხვა ხელობა ვასწავლოთ, რომ სამშობლოს და თავის თავს გამოადგესო _ აქაც რაღაც სისულელეს აბრალებდნენ, მახსოვს.

და გინდათ თუ არ გინდათ გახსოვდეთ, რომ "საპატრიარქო" არ არის ცათა სასუფეველი, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. რომელიმე თქვენგანს გქონიათ გამოცდილება, გემართათ თუნდაც 2-კაციანი ჯგუფი? 100-კაციანი? 1000-კაციანი? 10 000-კაციანი? საპატრიარქო უზარმაზარი სტრუქტურაა და, ამასთან, არ არის კომერციული დაწესებულება, რომ ადამიანი, რომელსაც ღვთის მსახურებაში სურს ყოფნა, შევამციროთ და საკადრო რეორგანიზაცია მოვახდინოთ. როგორ შეგვიძლია, უკმაყოფილო ვიყოთ პატრიარქის, რომელიც მძიმე ავადმყოფობის და ასაკის მიუხედავად ძალ-ღონეს არ იშურებს ჩვენი ქვეყნისათვის და ქართული ეკლესიითვის?

რატომ გაღიზიანებთ ის, რომ ვიღაც ისტერიულად აკურთხევს სახლს, კომპიუტერს და მანქანას? ნაკურთხ მანქანას რა გაწევა ემატებაო? მაშინ მიპასუხეთ _ ნაკურთხ (მონათლულ) ადამიანს ინტელექტუალური შესაძლებლობები ემატება თუ უფრო მალე დაფარავს კროსით ასმეტრიან დისტანციას? რატომ იწერთ ჯვარს? რატომ ნათლავთ პატარებს ეკლესიებში? რატომ გიხარიათ, დაცემული და ცოდვილი მღვდლების ხილვა პრადოს ჭიპებზე და EKL ნომრებით? თქვენ გგონიათ, ეს რაიმე ახალია? ბიბლიის ბოლო წიგნი _ "აპოკალიფსი" _ პირდაპირ ამბობს, რომ მეორედ მოსვლის მოახლოების პარალელურად სამღვდელობა დაეცემა და ცოდვებში ჩაეფლობაო. მე არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი (არ ვამბობ უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვიცი ეს ბევრს აღიზიანებს), რომელიც ერთ-ერთ საზეიმო ქადაგებაზე მთელი ერის გასაგონად ამბობს _ "მე უფრო მეტი ცოდვა მაწევს, ვიდრე ყველა ქართველის ცოდვა ერთად შეკრებილიო".

არა არის ეს ყველაფერი ახალი. ყველაფერი ძალიან ძველია. უბრალოდ, ადრე ამას წმინდა წიგნებში წერდნენ, ეხლა ბლოგებზე იწერება.

პოსტის დასასრულს განვაგრძობდი პათოსით გამსჭვალულ განწყობას, ვიტყოდი, რომ "სანამ სხვის თვალში ხიწვს დაინახავთ, საკუთარში დირე იპოვე-თქო". იმასაც ვიტყოდი, რომ "არ განიკითხოთ და არ განიკითხები-თქო", მაგრამ აქ უკვე გამახსენდა, რომ ჯერ საკუთარში დირე უნდა მეპოვნა და თავად არ უნდა განმეკითხა არავინ (მათშორის გარკვეულწილად ნინიაც, რომლის სტატიებიც ყოველთვის მომწონს). ასეც რომ არ იყოს, მიპასუხებდნენ _ რა გვაქვს დასამალი, ჩვენ ისედაც ყველაფერს ვწერთ ღიად, საჯაროდ, პირდაპირ ინტერნეტში, მთელი მსოფლიოს დასანახად და სულ კომენტარებად განგვიკითხავენ, ასე რომ, რა გვენაღვლებაო _ და მართალიც იქნებოდა.

ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ჩემი ცოდვილი სულის ამოძახილი "არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი) კითხვა - პასუხი რწმენისა და გადარჩენის ცხოვნების შესახებ" წიგნიდან, ამოწერილი ერთ-ერთი კითხვითა და პასუხით დავასრულო:

რა ვქნათ, თუ მღვდელი არ ეწევა წმინდა ცსოვრებას? როგორ დამოკიდებულებაში ვიყოთ მასთან?

ჩვენ ყველა ვცნობთ მედიცინას, მაგრამ ექიმები არიან სხვადასხვანაირი. ასევეა მღვდლებიც. ქრისტე ჩვენ გვაფრთხილებდა, ის ამბობდა, რომ მწყემსნი იქნებიან სამი სახის: კეთილი მწყემსი, რომელიც თავისი სამწყსოსთვის თავს დადებს; დაქირავებულნი - რომლებიც ეკლესიაში მოვიდნენ უბრალოდ სამუშაოდ და მესამენი - მგლები ცხვრის ტყავში(იოანე.10). ჩვენშიც მუდამ ასე ყოფილა... ახლა ქვეყნად ბევრი ტაძარი შენდება, ხოლო სასულიერო სკოლებს, სემინარიებს არ შეუძლიათ ყველას უზრუნველყოფა, ამიტომაც ხდება ხოლმე მორწმუნე ადამიანის ხელდასხმა, მაგრამ არ აქვს სულიერი და ცხოვრებისეული გამოცდილება. ასე რომ, შეიძლება ის დაეშვას.

რევოლუციამდე იყო ასეთი შემთხვევა. ფინანსური დანაშაულისთვის, ასამართლებდნენ მღვდელს, ხოლო იცავდა მას ცნობილი ადვოკატი პლევაკო. მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
- ბატონებო! თქვენ იცნობთ ამ მღვდელს?
- დიახ, ვიცნობთ.
- თქვენ მასთან აღსარებაზე დადიოდით?
- დავდიოდით.
- ის თქვენ გპატიობდათ ცოდვებს?
- გვპატიობდა.
- თქვენ ალბათ არაერთხელ მისულხართ მასთან?
- დიახ, მრავალჯერ.
- ინანიებდით, და ის გპატიობდათ. ნუთუ მღვდელი ერთხელ შეცდა და თქვენ, ასეთი მკაცრნი, არ აპატიებთ ცოდვას? უფალმა თქვა: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ(მათე, 7,2). და მან მიაღწია მღვდლის გამართლებას. ასე რომ, არავინ უნდა განსაჯო.

Saturday, October 9, 2010

შენთან

არაფერი მინდა
შენთან ყოფნის გარდა
დაგეძებდა წვიმა
ყველგან, კარდაკარ და
ვერ გიპოვა ვერსად
ვერ მოგხვია ხელი
ვერ გაკოცა თმებზე
ვერ გაგიშრო ყელი.
არაფერი მინდა
ახლა ერთი ღამის
ჩუმი სანაპიროს
მზის - ჩასულის ლამის
შენი მხრების სითბო
შენი კაბის კალთა
არაფერი მინდა
მეტი
ოღონდ მართლა

Friday, October 8, 2010

ნატვრები

ჩემს სახლისკენ რა მიდის?
ალბათ ოთხი ნომერი
წვიმიანი ამინდის
არ ვარ წინააღმდეგი

დავიხურავ კაპიშონს
გავუყვები ტროტუარს
სახლამდე მიგაცილებთ
რატომ მეუბნებით უარს?

არ ვარ წინააღმდეგი
წვიმიანი ამინდის
ისე შემიყვარდი რომ
ვიცი აღარ გამივლის

ჩემს სახლისკენ რა მიდის?
ალბათ ოთხი ნომერი
ნეტავ ამ სახლებიდან
შენი არის რომელი

მეტროში დაწერილი ლექსი

წვიმაში ქოლგით
ჯებირებს მიღმა
გიყურებ ჩუმად
თმასველს და ბავშვურს
მეც შენთან ერთად დავსველდე მინდა
არცერთი მშრალის
ოდნავაც არ მშურს

ისევ და ისევ
ვიგონებ შენს თმებს
არ ვიცი სად ვარ
და სად რა მელის.
მე უკვე გნახე,
უბრალოდ გნახე,
და რახან გნახე...
უკმაყოფილო აღარ ვარ ბედის

Thursday, October 7, 2010

სექსი და ჰოროსკოპის თორმეტი ნიშანი

ჩემმა მეგობარმა ლინკი "დააშეარა". ნუ იტყვით და, გარდა იმისა რომ ვენერა ნეპტუნის ეტლში შედის (ისე, რატომ ეტლით არ შდის - ეგ ვერ გავიგე), განსაზღვრავს არამხოლოდ ჩვენს ბუნება-განწყობილება-ბედ-იღბალს, არამედ ჩვენს სექსუალურ შეუთავსებლობასა თუ შეთავსებადობაზეც მოქმედებს თურმე.

ბევრი ვიფიქრე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ბოლოს აღმოვაჩინე გარკვეული კანონზომიერება და ყველაფერი თვის ადგილას დადგა.

სანამ უშუალოდ დაწყვილებაზე გადავიდოდეთ, მოდით ჰოროსკოპის ცალკეული ნიშნების ის გარკვეული თვისებურებები აღვნიშნოთ და გამოვყოთ, რომელსაც სექსის დროს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ქონდეს. უმორჩილესად გთხოვთ, ვინაიდან ჰოროსკოპებში მოვიკოჭლებ, დარღვეული კალენდარული თანმიმდევორბაც მომიტევოთ.

ვერძი - ტრადიციული პოზების მოყვარულია. მასიური რქების გამო ის პრაქტიკულად ვერ ახერხებს, პარტნიორს ასიამოვნოს მინეტით ან ლანეტით.

ტყუპები - ჰოროსკოპის ეს ნიშანი ყოველთვის ემხრობა ჯგუფურ სექსს (ჩვენში დარჩეს და, სხვანაირად პრაქტიკულად არც გამოსდის).

კირჩხიბი - მოცემულ ნიშნას ძალიან უყვარს სექსის დროს კირჩხიბად ყოფნა (любит быть раком). მრავალი ფეხი კი საშუალებას აძლევს, რამდენიმე პოზა ერთდროულად მოირგოს.


მშვილოდოსანი - არ უყვარს სექსი საწოლში, კარადაში, აბაზანაში და სხვა შეზღუდულ სივრცეში, რადგან მშვილდი და ოცდაათამდე ისარი ძალიან უშლის ხელს. გაშლილ სივრცეში კი ნამდვილი დიდოსტატია _ ისარს ისარში არტყამს.

ღრიანკალი - ჰოროსკოპის მოცემულ ნიშანთან სექსის ისეთი ნაირსახეობებით დაკავება, როგორიც არის ლანეტი და მინეტი, სასტიკად არარეკომდირებულია, რადგან აქტის დროს უნებლიედ იკბინება. ღრიანკალი დაუვიწყარი ორგაზმის შემდეგაც გესლავს პარტნიორს ("რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო.")


თხის რქა - აქ მგონი ყველაფერი გასაგებია.

ლომი - ის სექსის ნამდვილი მეფეა, მაგრამ რამდენადაც ველური და მედიდურია თავის ბუნებრივ გარემოში, იმდენად ნაზი და დამყოლია საწოლში. სექსის დროს უყვარს, როდესაც სხვადასხვა ეპითეტებით ამკობენ, როგორიც არის "მიბრძანე, მეფეო", "დამიპყარი, ჩემო უძლეველო", "ჩემო ნადირო და ნადირთა ხელმწიფევ" და ა.შ.

კურო - სექსამდე პარტნიორმა ის აუცილებლად უნდა გააღიზიანოს ეროტიული ცეკვებით (თუ პარტნიორს ცეკვა არ გამოსდის შეუძლია ჩაიცვას წითელი ლიფი და ტრუსები). სექსამდე უყვარს, როდესაც ცალი ნესტოთი ქშინავს.

მერწყული - მასთან სექსის შემდეგ შეგიძლიათ, ტანი აღარ დაიბანოთ (პრინციპში არც მანამდე).

თევზები - ტყუპების მსგავსად უყავრთ ჯგუფური სექსი. არ უყვართ სექსამდე, სექსის დროს და სექსის შემდეგ საუბარი - თითქოს პირში წყალი აქვს ჩაგუბებულიო.

სასწორი - ის ყოველთვის დაბალანსებული და ზომიერია. იშვიათად ეძლევა თავდავიწყებას, ყველაფერი გამოზომილი აქვს _ ორგაზმიც კი.

ქალწული - ერთადერთი ნიშანია, რომლის სექსუალურ ქცევას მხოლოდ ვარსკვლავები არ განსაზღვრავენ. ქალწულის ზოდიაქოს მატარებელი ადამიანების სექსუალური ასპექტების განხილვისას უმნიშვნელოვანესია მისი ეროვნება და წარმომავლობა.


აი, ჩემო მეგობრებო. ასეთი სურათი მივიღე როდესაც ზოდიაქოს ნიშნები გავაანალიზე. დასკვნები და სასურველი ზოდიაქოს პოვნა თქვენთვის მომდინდია. როგორც ნამდვილი ვერძი მხოლოდ ერთს დავამატებ _ გული გულობდეს და ლანეტი ორი რქითაც კი კეთდება.

Wednesday, October 6, 2010

თეთრი კაბით და ჭრელი შორტებით

რაღაც უცნაურ ფიქრთა გროვაში
ჭრელი შორტებით ვდგავარ თოვაში
ხელებ გაშლილი, გახარებული
და გათოვებას დახარბებული
მოულოდნელი, შეურაცხადი
ჭაჭის არყივით, ორჯერ ნახადი
გთხოვ შენს ოცნებებს, ჩემს თავს ნუ აცნობ
თავისუფლებას ჩემსას თუ არ ცნობ
რაღაც უცნაურ ფიქრთა გროვაში
აღელვებული შენი თვალებით
ვადაგასული ყვავილებივით
როდესაც ღრუბლებს ჩამოვშორდებით
(დავქორწინდებით ყველას ჯინაზე)
შენ თეთრი კაბით და მე შორტებით...

წუწუნი

ხალხი წუწუნებს. ხალხს არ უყვარს ერთფეროვნება. რა უბედურებაა გადაუღებელი წვიმები. წაგვლეკა წყალმა.ნეტა არ გაწვიმდება, გადახმა არემარე? დავიხრჩვი, ვეღარ ვსუნთქავთ. აღარ შემიძლია ეს აუტანელი სიცხეები. აუჰ, გათოვდა, მე კიდე ზამთრისთვის ფეხსაცმელიც არ მიყიდია. რა ივლის ამ ატალახებულ თოვლში. რა ჩაწვება ამ გაყინულ საწოლში _ ცოტაც ვისაუბროთ.

ხალხი წუწუნებს. არუყვარს ერთფეროვნება. არ უყვარს როდესაც არიან ჯანმრთელები და უცოდველები. ოდესღაც ცხოვრება, ერთადერთი აკრძალული ვაშლით გაიმრავალფეროვნეს. წარმოშვეს, უამრავი ცოდვა, ავადმყოფობა, გასაჭირი. ცხოვრება საინტერესო გახდა, გამრავალფეროვნდა, გართულდა.

ხალხი წუწუნებს. მათ მობეზრდა ერთფეროვანი მრავალფეროვნება.


- "რისთვის ღმერთო?" - კითხულობენ ათასი უბედურებით დანაყრებულნი.
- ცოტაც მოითიმნეთ, ყველაფერი მალე დასრულდება.

Tuesday, October 5, 2010

არ გაცივდე

ცა შენს ფილტვებში ნამყოფი
ზღვა შენს ტანზე ჩანაცვამი
შემოდგომის ფოთოლცვენას
შენი თმები ვანაცვალე

დღეს ნაყინი ვერ შევჭამეთ
ანუ შენთან არ ვიყავი
გამომშრალი საათები
შენზე ფიქრში გავიყვანე

მხრებზე ძველი ოცნებები
მოიხურე არ გაცივდე
ნეტავ შენთვის შემოდგომის
ფოთლებივით ჩამოვცვივდე

ცა შენს ფილტვებში ნამყოფი
ზღვა შენს ტანზე ჩანაცვამი...

Monday, October 4, 2010

უბრალო ფრაზები

გვიანია, მეც მეძინება და ლექსად არა, მაგრამ, პირობას ვდებ, სათქმელს მოკლედ ვიტყვი.

ეხლა დავფიქრდი - ბავშვობაში ჩვენთვის ნათქვამ უბრალო ფრაზებს როგორ შეუძლია ჩვენი შეცვლა. თითქოს ისინი გონების სიღმეში გვებეჭდება და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მოგვყვება მთელი ცხოვრება.

მახსოვს, სიბნელის ძალიან მეშინოდა _ უფროს წორად სიბნელეში მარტო ყოფნის. სადღაც 4 წლის ვიქნებოდი, მამამ რომ მთხოვა, შეამოწმე, ეზოს უკანა კარი ჩაკეტილი თუ არისო (არადა საკმაოდ გრძელ ეზოს მისტიური საქათმეები და ხეები ამრავალფეროვნებდა). დედაჩემმა არ დააყოვნა - ბავშვს სად უშვებ შეეშინდებაო. რაღა ბავშვი, უკვე დიდია, რა შეაშინებსო - უპასუხა მამამ.

მაშინ პირველად დავძლიე შიში. მას შემდეგ კი, თუ რაიმეს მიმართ შიში მეუფლება, იქვე დაუოკებელი სურვილი მიჩნდება რომ ეს შიში გადავლახო და თან რაც შეიძლება მალე (სხვათაშორის ასე აღმოჩნდა ერთხელ ჩემს ხელში სამმეტრიანი პითონი).

მეორე ისტორიის გმირი ჩემი გურული ბებიაა. მას ქონდა ვენახი, რომელსაც თავად უვლიდა, თავადვე აყენებდა საოცარი არომატის მქონე ღვინოს და თავადვე ხარშავდა ჭაჭის არაყს. ზოგ-ზოგჯერ და ცოტა-ცოტას ყველაფერში ვეხმარებოდი.

ერთხელაც ჭაჭის არაყი უნდა გამოეხადა. მახსოვს, არყის ოთხფეხა ქვაბი ირყეოდა (აბა, სამფეხა რომ ყოფილიყო, რა მოარყევდა _ ყოველ სამ წერტილზე ხომ შეიძლება გაივლოს სიბრტყე და მასთან მხოლოდ ერთი?!). მეც მარტივი გამოსავალი ვნახე, იქვე დაგდებული "კრამიტის" ნატეხი შევუკვეხე ერთ-ერთ ფეხს და, ჩემი ჭკუით, გავამაგრე. - ბებია, თუ რამეს აკეთებ კაპიტალურად (ანუ ხარისხიანად) უნდა გააკეთოო - მისაყვედურა და რკინის სადგამი მომატანინა სახარშის გასამაგრებლად.

თითქოს არაფერი, მაგრამ მას შემდეგ რასაც არ უნდა ვაკეთებდე და როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, როდესაც რაიმეს მიფუჩეჩებას დავაპირებ, ბებიის სიტყვები მახსენდება, ძალას ვიკრებ და ვცდილობ, ბოლომდე ხარისხიანად დავასრულო დაწყებული საქმე.

უცნაურია. უბრალო ფრაზები, რომლებიც მთელი ცხოვრება მოგვყვებიან , შეუმჩნევლად, უჩუმრად და ძალიან გვცვლიან

ბრტყელი სიყვარული

ბარი სახელად - Success, კედლებზე გაკრული ძველთაძველი ფოტოებით, გაზეთის ნაგლეჯებით, შიგადაშიგ ანტიკვარული ნივთებით და ჭერზე ჩამოკიდებული ძველი ფირფიტებით მალევე გახდა პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ბარის კედლები სიძველეებით იყო დაფარული, დროთა დინებამ ისინი მაინც დააძველა - ოღონდ უკვე სხვანაირად. არააქტუალური, ძველი და შესაცვლელი გახადა.

ახალი დიზაინის დამზადების პატივი მე მვხვდა წილად. მიუხედავად იმისა, რომ ძველი დიზაინი უზომოდ მომწონდა და ჩემთვის "ჰენდმეიდის" შედევრი იყო, საქმეს დიდი ენთუზიაზმით შევუდექი.

ახალი დიზაინის თანახმად, კედლები უამრავი ცნობილი ადამიანის ფოტოთი უნდა დაფარულიყო. მეც დავიწყე ცნობილი ადამიანების მაღალი რეზოლუციის ფოტოების შეგროვება. შემდგომ ეტაპზე ცნობილი პიროვნებები ფოტოდან უნდა ამომეჭრა. ვისაც ფოტოშოპში უმუშავია, კარგად ეცოდინება, რომ ეს არც ისე სახალისო საქმიანობაა. მითუმეტეს როდესაც შენ მიერ გამოჭრილი ფოტო სამმეტრიან კედელზე უნდა გააკრან, რომელსაც ადამიანი ოცი სანტიმეტრით დაშორებული მაგიდიდან უყურებს, მცირედი ხარვეზიც კი მკვეთრად ჩანს. ამიტომაც მივყევი და მივყევი...

ორი კვირის განმავლობაში ვჭრიდი მადონას ლიფის „ზორტებს”, ნაომის ბიკინის ბაფთას, ელვისის მოტოციკლის "სპიცებს", ვიღაცის სხეულზე შესრულებულ ბოდიარტს, რომელზეც ვიღაცის ლურჯად შეღებილი ფალოსი საყვარელი სპლიყვის ხორთუმი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ორი კვირის განმავლობაში უამრავ ცნობილ ადამიანს შემოვაცალე ფოტოზე ფონი და მათი ინტიმური ადგილები, ოთხასჯერ გადიდებული, სულ პიქსელ-პიქსელ მოვიარე. ამასთან, არ მეძინა _ საქართველოში ხომ ყოველთვის "წუხელ" გვინდა, რომ დასრულდეს.

როგორც იქნა დიზაინის აწყობა დავასრულე. ბარის კედლებში უამრავი ამოჭრილი ნიშა და ბევრი მრავალკუთხოვანი გადასვლა იყო. კედლების ეს თავისებურება, რა თქმა უნდა, წინასწარვე მქონდა გათვალისწინებული ,მაგრამ ძალიან ვღელავდი. ჩემი პირველი დიზაინი იყო ინტერიერისთვის და ვინიცობაა, რაიმე სწორად ვერ გავთვალე-მეთქი, ვნერვიულობდი.

უზარმაზარი ფურცლების ბეჭდვის პროცესი ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. ორი მეტრის სიგანის ფურცელი მილიმეტრიანი ბიჯით მოჩოჩავდა წინ. ვუყურებდი სხვადასხვა ფრაგმენტს და ვცდილობდი, გამომეცნო, კედლის რომელი ნაწილი იბეჭდებოდა - ჯონი დეპის უკანალი თუ მონიკა ბელუჩის მკერდი (ვითომ ხომ არ გაქვს, მაგრამ სამჯერ შევცდი).

ბეჭდვას მოვრჩით თუ არა, ბარში გავქანდი, სადაც ორი, ასე ორმოცდაათ წელს გადაცილებული, „მალიარი“ გველოდებოდა.

იმერეთში ვიზრდებოდი, გურიაში, აჭარაში და რაჭაში ვისვენებდი, მეგრულის Basic კურსი მაღლივში გავიარე და ასე თუ ისე ყველა კილოს ჟღერადობა მქონდა ათვისებული და ვასხვავებდი, მაგრამ მოცემული მუშების წარმომავლობა, აქცენტისა და დიალექტის უცნაური სინთეზის გამო, რომელიც კედლებზე გასაკრავ ფურცლებზე ჭრელი იყო, ვერაფრით დავადგინე და გამოვიცანი.

მუშებმა სპეციალური მასა ისე ათქვიფეს, ვიფიქრე ბისკვიტიც ექნებათ სადმე და გადაუსვამენ-მეთქი. „მალიარები“ საქმეს შეუდგნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთი ფურცელი მეორეს მილიმეტრების სიზუსტით ებჯინებოდა, რაც საბოლოოდ მთლიანი ფოტოს შეგრძნებას ტოვებდა.

იმისათვის რომ კედლებში ჰაერი არ ჩარჩენილიყო, „მალიარები“ დახეთქილი ხელებით ისე დინჯად და გულმოდგინედ სრესდნენ, „კრახმალით“ დარბილებულ ფურცლებს, თითქოს ტაილანდურ მასაჟს უკეთებენო.

ერთ-ერთი კედლის შემოსვის ჯერიც დადგა, რომელზეც ჩემი რჩეული ფრაგმენტი _ მერლინ მონრო აფრიალებული კაბით იყო გამოსახული.

„მალიარმა“ დიდი მოწიწებით აიღო „გაკრახმალებული“ ფურცელი და კედელზე გააკრა. მერლინის თეთრმა კაბამ და ჯადოსნურმა ღიმილმა თითქოს კედელზე სახელდახელოდ ჩამოკიდებულ, ორმოცდაათვატიან ნათურაზე მეტად გაანათა.

„მალიარი“ ცოტა ხნით გაშეშდა. კედელს შორიდან უყურებდა. შემდეგ ნელ-ნელა მიუახლოვდა. მზერა ერთ წერტილზე ქონდა გაშეშებული. ახლადგაკრულ საოცრებას ფრთხილად შეეხო და ნაზად, ძალიან ნაზად, თითქოს ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს ეფერებაო, ხელი ისე გაუსვა.

მეც იქვე ვიდექი და ფრაგმენტს აღფრთოვანებული და უძილობისგან დადებილებული იერით ვუღიმოდი.

- მოგწონს? - ვკითხე „მალიარს“ და როგორც ჭეშმარიტმა ეგოისტმა, შეკითხვაში უპირველესად ჩემი "გენიალური" დიზაინი მოვიაზრე.
- რა ქვია? - ისე წამჩურჩულა „მალიარმა“, თითქოს ეშინოდა კედელზე არ გაეგონათ მისი.
- ა, ამას? მერლინი. ოღონდ მკვდარია _ ვიძიე შური.

ის კი იდგა კედელთან ძალიან ახლოს და თითებს ფრთხილადატარებდა ფურცელზე _ სათუთად და დაკვირვებით.

დაღლილი იქვე ჩამოვჯექი და თვალები მოვხუჭე. ის იყო უნდა ჩამძინებოდა, მაღალი „მალიარის" მკვახე ხმა შემომესმა

- ებიჯო, სანამ არ გადაქექავ მაგ კედელს, არ მეეშვები ახლა?...
- საცოდაობა არაა, ამისთანა ქალი მიწაში იწვეს?! - ნაღვლიანი თვალებით ახედა დაბალმა მეგობარს.

***
ორ დღეში კედლები მთლიანად შეივსო ცნობილი ადამიანებით. ალბათ, რთულად თუ მოიძებნება ბარი, სადაც ორმოც კვადრატულ მეტრზე ამდენი ცნობილი ადამიანი არის თავმოყრილი.

„მალიერებმა“ თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულეს. ფული გადავუხადეთ, ხელი ჩამოვართვით და დავემშვიდობეთ.

ბარის ბოლოდან, გასასვლელი კარიდან შემოსული შუქის გამო, „მალიარები“ შავ სილუეტებად ჩანდნენ; პირველი _ მაღალი და გამხდარი, ხელში ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილი დიპლომატის ჩანთით, ხოლო მეორე _ დაბალი და მსუქანი.

სილუეტები ნელ-ნელა დაიძრნენ გასასვლელისკენ. ერთგან დაბალი სილუეტი შეჩერდა, კედლისკენ შეტრიალდა. რამდენიმე წამ გაუნძრევლად იდგა. უზარმაზარ ღიპზე დაკრული აჭიმები გაისწორა, ღრმად ამოისუნთქა და ბარიდან გავიდა.



***
მას შემდეგ Success-ში ხშირად დავდიოდი. გემრიელი ლუდის პარალელურად ჩემი ნახელავით ვტკბებოდი და მეგობრებთანაც წარმატებით ვმარიაჟობდი. მზერას კი შიგადაშიგ მერლინის წინ დადგმული მაგიდისკენ ვაპარებდი იმედით, რომ ერთხელაც ორმოცდაათსგადაცილებულ, წითელაჭიმებიან კაცს მოვკრავდი თვალს, რომელიც თავისთვის ზის, ყველაზე დაბალფასიანი არყით სვამს სიყვარულის სადღეგრძელოს და ნაღვლიანი კედელს მისჩერებია.

P.S. Success. Design v2.0 - მერლინი

Saturday, October 2, 2010

თარო

შენგან გამომყვა სურნელი
და ძილში ჩამყვა ღიმილად
შენი კოცნა კი შემოვდე
წიგნების გვერდით - თაროზე

შენი დაშლილი თმებიდან
ამოხეთქილი ლიბიდო
პურეულივით დავლეწე
ძველი რითმების კალოზე

ტანზე ჩაცმული ღრუბლებით
მთვარე მიყურებს გუბედან
თაროზე დატოვებული
შენი კოცნა და მარკესი

არაფრით განსხვავებულად
მზის სხივი გიჩანს უბიდან
მიყვარს თვალებს რო მოხუჭავ
შენი ყოველი ნაკეცი

შენგან გამომყვა სურნელი
და ძილში ჩამყვა ღიმილად
შენი კოცნა კი შემოვდე
წიგნების გვერდით - თაროზე

არხეინად ანუ ნა ნა ნანაა ნააააააა

რატომ ხდება ისე, რომ მსუბუქად რომ ვთქვათ, უხარისხო და მდარე პროდუქცია უფრო ხშირად შთაგვაგონებს ხოლმე ბლოგერებს, ვიდრე დავითის ქანდაკება ან რევოლუციური ეწიუდი?

ის, ვისი სახელის სხენებაც არ შეიძლება, ეხლა არ გავიმერორებ ნამდვილად, მაგრამ მასზე და მის გადაცემაზე დაწერილი პოსტები რაოდენენობით პირველ ადგილზე თუ არა, ჩემი აზრით, წლის ათეულში ნამდვილად მოხვდება.

ბლოგი ხომ მაინც დღიურია. დღიური კი, თუნდაც მსოფლიო ობობის ქსელში საჯაროდ გაბმული, რაღაც პირადია. ვფიქრობ, ბლოგზე ემოციებისგან ვიცლებით. დაცლა კი უპირველეს ყოვლისა ცუდი ემოციისგან სურს ადამიანს (ბლოგერიც ხომ ადამიანია?!).

ალბათ ფიქრობთ _რას გვივლი, შე კაცო, შორიდან, თქვი, რა გინდაო.
რა მინდა?

ნა ნა ნანაა ნააააააა

- რა უნდა მინდოდეს, თუ არა "მაკლავაში"?

ისე, ეს დალოცვილები თუ აქართულებდნენ, ბარემ ბოლომდე გაექართულებიათ - ამერიკული რეპის ერთგვარი სუბსტიტუტი ხომ ქართული შაირია?

მეც დავფიქრდი, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მაკდონალდსის გენიალური მიგნება ქართულ რეალობაში.


- ნა ნა ნანაა ნაააააა; მინდა ქვეყანა ყვაოდეს, განვავითაროთ ტურიზმი, ხალხის აქ ჩამოსაყვანად რამე კარგი გზა თუ იცით?
- გზები დავაგეთ, დავნიშნეთ ქალთვალწარბა მინისტრები, ქალაქი რომ გალამზდეს, ავლაგმოთ ბუკინისტები; ნა ნა ნანაა ნაააააა


- ნა ნა ნანაა ნაააააა; ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება, სილამაზით რომ აჯობოს ნესტანს, და შადრევანი ცელქად ცეკვავდეს პოსეიდონის ოქროსფერ ყ@ესთან.
- ნესტანსაც და თინათინსაც ჯობია და ფატმან ხათუნს, ვიცი გაგიკვირდებათ და შემოგთავაზებთ ბათუმს. ნა ნა ნანაა ნაააააა


- ნა ნა ნანაა ნაააააა; რაიმე ისეთი მინდა, ფქვილი აქ იყოს, იქ _ ქატო, და ღია კარში შესვლას გვეხვეწებოდეს ნატო.
- გვაქვს ჯადოსნური ლამპარი და ცაში მფრინავი ნოხი, კიდევ გვაქვს დღეში ერთ ლარად ჰარი პოტერის ჯოხი;


ნა ნა ნანაა ნაააა, მრავალჟააამიიიიეეეეეეეერ....