Sunday, March 27, 2011

ძველბიჭური ფოლკი ანუ ამბავი დაკოპირებული მისამართისა

ანბანის პირველი ასო და მაგიური რიცხვი 33. კარგი იყო. ვუსმენდი. მოქონდა. იმ დროს რაღაც ახალი იყო და ყველას გვისწორდებოდა. ნუ ყველას თუ არა ბევრს. ყველაფერი თუ არა რაღაც "ვეშები" მაინც.

მერენდელი ამბების მოყოლა მეზარება. იმაზე წერაც მეზარება ერთი წვერგაუპარსავი ბიჭი, როგორ აღმოჩნდა პარლამენტის წინ მიტინგებზე, როგორ ჩაერთო პარკებისა და სკვერების მოწყობის ბიზნესში, როგორ აღმოჩნდა ვაკის პარკში საკმაოდ მოზრდილი კომპლექსი მისი საკუთრება. მოკლედ მეზარება...

მაგრამ დრო გავიდა და ის რაც მაშინ ახალი იყო (მაშინ ანუ დიდი ხნის წინ, როცა შუქი ქრებოდა და პურის რიგში ვიდექით) ახლაც ახალია. იმიტომ კი არა რომ ეს რაღაც მაგარი არის. უბრალოდ ქართულმა მუსიკალურმა სივრცემ ცარცი აიღო, საკუთარ თავს მაგიური წრე შემოავლო და ხმამაღლა თქვა: "ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ 33ა".

და ასეც მოხდა. ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც არნახული სიზუსტით აკოპირებდნენ მოცემულ სტილს, ხმას, ტემბრს, მელოდიებს, ტექსტების პათოსს, ჯდომის მანერას და რა ვიცი კიდევ რას აღარ.

სიმღერები რომელიც H1N1 ვირუსივით მოედო ქალაქს იმდენად გავდა ერთმანეთს რომ დაბნეული ხალხი ერთმანეთს ეკითხებოდა: ეს ფრანია, არა მგზავრები, დაგენიძლავები ფრანი, დავიგინები მგზავრები, არა კუნინძები და ა.შ.

იდეაში, მიუხედავად იმისა რომ ჩემის მოკრძალებული შეფასებით ისინი მხოლოდ ხარისხიან დუბლიკატებს წარმოადგენდნენ მიმდინარეობისა რომელსაც ჩემმა ძმაკაცმა "ძველბიჭური ფოლკი" შეარქვა, მათ მაინც ქონდათ რაღაც პეწი: იყვნენ თმაგაბურძგლულები და წვერგაუპარსავები. ეცვათ დახეული კედები და უფულობის გამო ფეხით ადიოდნენ კუს-ტბაზე, ეთნოგრაფიულის ეზოში დასაკრავად.

ახლა კი ვხედავ როგორ აკოპირებენ, თავისი წინამორბედის არა მხოლოდ მუსიკას, არამედ განვლილ გზასაც: ზოგი სადიდებლებს აღავლენს პატრულისთვის სამშობლოს სიყვარულით ანთებული, ზოგიც ქვეყნის სიყვარულს გვეფიცება. მე რომ ძალიან მიყვარს, ისეთ ყვითელ გადაცემებშიც ექიმის გამოწერილი წამალივით არიან კვირაში ერთხელ და სხვა.

დღეს ერთი ვიდეო ვიპოვე, ჯგუფისა რომელიც აივანზე მღერის. ღიად უნდა ვთქვა "შავღვინოში ალუბლები ბანაობენ" სტილი მე პირადად არ მიყვარს. ტექსტებით რომელიც "მზითგამთბარი და დამთვრალი", ფუმფულა პლუშის ბალიშზე ამოქარგული სიტყვით _ "მიყვარხარ"-ით არის განოყიერებული, რბილად რომ ვთქვა გული მაქვს მოყაჭული (ისე კი იმდენი ვჭამე რომ უკვე გული მერევა). ამიტომაც "ტამტამ-საჩხაკუნო-გიტარით" შესრულებული, არაფრით ქოფიფეისტისგან გამორჩეული მუსიკა რატომ უნდა მომწონდებოდა?

ერთხელ მეგობარმა მომიყვა სკაიპით: "მგზავრების ეგ სიმღერა, შეიძლება იმიტომ მომეწონა, რომ პირველად როცა მოვუსმინე, საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყავი ოთახში, გემრიელად, მზე იყო გარეთ და ა.შ. მოკლედ განწყობას დაემთხვა"_ო. სიმართლე რო გითხრათ, ასეთ დროს მგზავრებს და კობა ხაბაზსაც რომ მოვუსმინო ერთად, გუბაზ სანიკიძის ჩანართებითურთ, მაინც ძალიან მომეწონება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზემოთხსენებული ჯგუფის _ "შანსონის" მოსმენისას, შავი მონიტორის წინ ვიჯექი და შესასრულებელ სამუშაოს ზარმაცად ვუყურებდი.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ: ნეტა რა მომეწონა ამ სიმღერაში (ან იქნებ შესრულებაში უფრო სწორად ნათქვამი იყოს).

ალბათ ის რომ ახალგაზრდები არიან, ჯერ ყველასთვის უცნობები, უბრალოები. რასაც მღერიან მღერიან ძალიან გულახდილად და ჩემი აზრით ეს ყოველთვის გადამწყვეტია ნებისმიერი სახის შემოქმედებაში. თვალებიც გულახდილად უღიმით და ვფიქრობ სისხლის ჯგუფი და აურაც რეზუს დადებითი აქვთ.


ნეტა როდის და ვინ დაარღვევს მაგიურ წრეს სახელად "ძველბიჭური ფოლკი". როდის იქნება ბლომად დერვიშების, პორნოპოეზიის, აუთსაიდერის და სხვა (ეს "და სხვა" ძალიან ფორმალურად დავწერე თორე მეტი არ მეგულებ) კოლექტივების მსგავსი საინტერესო ჯგუფები. რომლებიც შეეცდებიან არ გავდნენ ერთმანეთს. რომლებზეც არასოდეს არ იკითხავენ და დააკონკრეტებენ პირველი მღერის თუ მეორე.

"შანსონს" კი მინდა წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა: გთხოვთ, ნუ იქნებით "ფუმფულა პლუშის ბალიშების" მოყვარულები, "გაუთოვებულები" და "ფრაკებში გამოწკებილები". იყავით განსხვავებულები და ისეთივე ლაღები როგორიც ახლა ხართ.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ZS_MU5LEW1s&w=640&h=390]


დასასრულს კი სიმღერა განწყობისთვის:

[soundcloud width="100%" height="81" params="" url="http://api.soundcloud.com/tracks/6717085"]

1 comment:

  1. არის ერთი ჯგუფი, განსხვავებული, მე რომ მკვდარი მეგონა და თურმე ცოცხალი ყოფილა: ))

    დრაფტი მაქვს იმ ჯგუფზე და გავბლოგავ დღეს :)

    ReplyDelete