რატომღაც, რამდენიმე ადამიანმა, უბრალოდ, ყოველგვარი "გამორჩენის" გარეშე, გადავწყვიტეთ, გამოგვეთქვა საკუთარი პროტესტი, უხარისხო ტელეგადაცემების მიმართ, ოღონდ... არა ციფრულად და არა ვირტუალურდ, არამედ რეალურ სივრცეში და რეალურ დროში.
გაჩნდა უამრავი შეკითხვა:
- რას ნიშნავს უხარისხო გადაცემა?
- რატომ რეალურ სამყაროში და არა აქვე _ ინტერნეტში?
- რას შევცვლით ამით?
- რას ვითხოვთ?
- კარგით რა, არ მოგბეზრდათ ეს "აქციები"?
- და მრავალი სხვა
ძალიან მარტივად (რადგან ძალიან დაღლილი ვარ) და მოკლედ, შევეცდები შემაჯამებელი პასუხები დავაფიქსირო, შემდეგ დავწვე და ტკბილად დავიძინო.
- უხარისხო? - ყველაფერი რაც არ არის ხარისხიანი :)
- მოგვბეზრდა ლამაზად დაწერილ სტატუსებში, პოსტებში და კომენტარებში ვირტუალური ონანიზმი, რადგან მათ არავინ ყურადღებას არ აქცევს _ "რას უყურებ, რაც უნდა ის წერონ" არგუმენტით.
- მინიმუმ დავრწმუნდე (მე პირადად), რომ ეს არ არის მხოლოდ ლამაზი "სტატუსის", "პოსტის", "კომენტარის" გამო გამოთქმული პროტესტი.
- ძირს აქციები, მიტინგები, პლაკატები, საყვირები და უნისონში შესრულებული შეძახილები დაბოლოებით "ჯოს, ჯოს, ჯოს...". მივესალმოთ კრეატივს, პროტესტის საინტერესო გამოხატვის ფორმას, ბამბის ნაყინს და შაურმას _ ხახვის გარეშე, მაიონეზითა და წიწაკით.
ასე, რომ რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ შევიწუხოთ თავი, გამოვნახოთ დრო და გავუკეთოთ ორგანიზება არტ-აქციას, რომლის მიზანია:
- ა) აჩვენოს ტელევიზიებს, რომ ხალხი რომელიც აქტიურად აკრიტიკებს მათ, არ არის ვირტუალური, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროტესტს გამოხატავენ ვირტუალურ სამყაროში
- ბ) მოუწოდოს ნებისმიერ ტიპს, რომელიც ენერგიას და ძალ-ღონეს არ იშურებს რიგით არვიციმერამდენე "ენამოსწრებული" ესსე დაწეროს უხარისხო ტელევიზიებზე და ტელეგადაცემებზე მოვიდეს ხვალ, რუსთაველის ძეგლთან და თქვას: "მე ვარსებობ, მე რეალური ვარ!", ისევე, როგორც ნებისმიერი ტიპი, რომელიც კვირის რომელიღაც დღეს, რომელიღაც საათზე, კომფორტულად მოკალათდება სავარძელში და რომელიღაც ყვითელ გადაცემას "ჩაუჯდება".
აქციისთვის მზადება ფეისბუქის საშუალებით მიმდინარეობდა და ჩართული იყო სხვადასხვა ინტერესების, შეხედულებების, გემოვნების, გაგიკვირდებათ და სხვადასხვა სქესისა და რელიგიური მრწამსის ან უმრწამსობის ადამიანები, რომლებიც ერთადერთმა იდეამ გააერთიანა - ჩვენ გვინდა უკეთესი პროდუქცია.
მზადებაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. გავარკვიეთ როგორ უნდა შევიტანოთ განაცხადი თბილისის მერიაში, როგორ უნდა დაველოდოთ პასუხს, რომელსაც მერიის კურიერი "ოქროსფერი" ოპელით მოგვაწვდის, როგორ უნდა მოვამზადოთ რეკვიზიტები აქცია-პერფომანსისთვის, როგორ უნდა გავაშუქოთ ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი "როგორ?" "როგორ?".
ბევრი პესიმისტურად შეხვდა ხსენებულ აქტივობას, მაგრამ უკვე (ჯერ არ გამართული აქცია) სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა, ჩვენი სათქმელი ბევრ ადამიანამდე მიიტანა (რაც მთავარია - www-ს საზღვრებს გარეთ) და იმედი მაქვს ეს მხოლოდ ნაწილია იმ გამოხმაურებისა, რომელიც ამ პროტესტს მოჰყვება.
რას ველოდები პირადად მე მოცემული არტ-აქციისგან?
უპირველესად, ძალიან მინდა სიტყვა "აქცია" არ ასოცირდებოდეს "პარლამენტთან", "დაქაჩულ თვალებთან", "ექზალტირებულ მასასთან", "რუპორთან", "პლაკატებთან", "სახალხო მღელვარებასთან" და შეძახილებთან "ჯოს...ჯოს...ჯოს...". მინდა დავრწმუნდე, რომ სწორად გამოთქმულ პროტესტს, სწორად მიწოდებულ იდეას, ყოველთვის ექნება რაიმე შედეგი, რაიმე გამოხმაურება.
მინდა დავრწმუნდე, რომ ვირტუალური სივრცე არ არის "ლეგოს" სათამაშო. რომ აქ არის რეალური ხალხი, რომელიც გამოხატავს რეალურ პროტესტს და მზად არის თავისი აზრი ღიად და საჯაროდ დააფიქსიროს ყველას წინაშე (ლაივში!).
ჩვენ არ ვითხოვთ არც რომელიმე "ყვითელი" გადაცემის დახურვას. არც სრულიად ქართული ტელესივრცის "რეორგანიზებას" და "გაკაიტიპებას". აბა რა მინდა? ამ შეკითხვაზე პასუხს ალბათ არტ-აქციის ყველა მონაწილე თავისებურად გასცემს. მე კი შევეცადე პასუხი ჩემს მიერ მომზადებული ვიზუალებით დავაფიქსირო:
დიახ, შეკითხვები არის. არის პასუხებიც, რჩევებიც, მითითებების და რაც ყველაზე მთავარია პროტესტი - რომელიც ძალიან მინდა "გაგონილ იქნას".
რა? - აქცია პერფომანსი.
სად? - რუსთაველის ძეგლთან, მაკდონალდსის წინ.
როდის? - ხვალ, 26 მარტს
რისთვის?
მოდი, ამ შეკითხვას აქ პასუხგაუცემელს დავტოვებ... ხვალ კი შევეცადოთ ერთად ვუპასუხოთ.
აჰ დადგე ის ღირსშესანიშნავი დღე <3
ReplyDeleteაჰ დადგე ის ღირსშესანიშნავი დღე <3
ReplyDelete