Saturday, March 12, 2011

სიზმარი

საკნების აქცია პიკში იყო. ხალხის მღელვარებამ კულმინაციას მიაღწია. სამშობლოს სიყვარულით ანთებული და თმიდან კოჭებამდე გამსჭვალული ერი ფეხზე იდგა, უკლებლივ ყველა _ დიდიც და პატარაც. დედაქალაქის ქუჩები მღელვარებას მოეცვა. პარლამენტის წინ აღემართათ დიდი კარცერი საიდანაც მომიტინგეები მიმართავდნენ აბობოქრებულ და ემოციებამღვრეულ ერს. ქართველი ერის კარგახნის ავსებული ფიალა, ემოციებად და საკნებად გადმოღვრილიყო პარლამენტის წინ.

ქვეყანაში მრავლად იყვნენ ჩამოსული უცხოელი დამკვირვებლები. უშიშროებამ რამდენიმეჯერ სცადა მომიტინგეების დაჭერა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ _ მათი მზაკვრული გეგმა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ისინიც უკვე საკნებში იყვნენ გამომწყვდეულები. ციხე შიგნიდან ტყდებოდა!

ხელისუფლება ვეღარ უძლებდა ხალხის მღელვარებას. ხალხი მოვარდნილი ღვარცოფივით დასტყომოდა თავს "ძლიერთა ამა ქვეყნისა". ეს დასასრულის დასაწყისი იყო.

შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია და თავის ერთერთ ფეშენებელურ ვილაზე _ ნიცაში გაემგზავრა (სადაც სხვათაშორის, ტენიანობა უფრო მეტი არის, ვიდრე ბათუმში). ეს პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა.

სიხარულმა, საფეხბურთო მოედანზე აგორებულ ტალღაზავით გადაურბინა ერს _ წითელი ხიდიდან ფსოუმდე. გამარჯვებული ხალხი ქუჩაში, სიგნალებჩართულ ავტომობილებს დააგელვებდა. ყველას უხაროდა. მოხუცებს, ახალგაზრდებს, აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს და კურიერის წამყვანებსაც კი. ეს იყო ნამდვილი, ქართული ბედნიერება.

მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: სახელდახელოდ შეკრებილმა პარლამენტმა ერთი მოსმენით სცნო საქართველო კონსტიტუციურ მონარქიად. გაუქმდა პრეზიდენტის პოსტი. ქვეყნის მმართველად მეფე გამოაცხადეს, რომელიც კანონპროექტის პირველ ვარიანტში არჩევითი იყო. რამდენიმე დღეში გამართულ არჩევნებში, ხმების ასივე პროცენტით, რევოლუციური ფრონტის ერთპიროვნულმა ლიდერმა - ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა.

ინაუგურაცია გაიმართა დადიანების სასახლეში. მეფეს მხარს უმშვენებდა დედოფალი. იქვე იყვნენ შეკრებილნი, რევოლუციის გულები და სულის ჩამდმგელნი, რომლებიც მეფეს ნაზირვეზირებად გამოეცხადებინა.

კურთხევის ცერემონიის შემდეგ, მეფის ცხენზე ამხედრებული ამალა გაემართა ენგურისკენ, სადაც მშვიდობიანი აქციის სახით გამართეს სრულიად სახალხო ზეიმობა და სამეფო ნადიმი.

მეფემ მთავარ მრჩევლად გუბაზ სანიკიძე დაისვა. მეჭურჭლეთუხუცესად კობა დავითაშვილი გამოაცხადეს. სამეფო კარის მთავარსარდლად - ზვიადი იგი, ძიძიგური გამოცხადდა. ხალხს დაუბრუნდა დიდებაი იგი ძველი და სიამისმომგვრელი.

ოსეთისა და აფხაზეთის მისადგომეთან, მეფის ბაზიერთუხუცესებმა ასი რჩეული თეთრი მტრედი გაუშვეს ფრენად.

ტელეკომპანია კავკასია "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად", გამოცხადდა და მეფის მიერ სიტყვათუხუცესად იქნა ხელდასმული.

და სუფევდა ქვეყანასა ჩვენსა მშვიდობაი იგი სანატრელი. ხალხს ემოსა "სამოსელი იგი პირველი". ლამაზად მოკაზმულ ჩოხებსა და ჩიხტიკოპებს ვერცხლის სატეურები ამშვენებდა. აღარავინ იჯდა მანქანასა მას ზედა და ყველანი ბედაურებზე ამხედრებულნი დაიარებოდნენ. ამ ფაქტმა უნებლიედ, მაგრამ მაინც გამოიწვია ის, რომ ქვეყანაი იგი მშვენიერ და საკვირველი გამოცხადდა კარბონეიტრალურად და აღიარებულ იქნა მსოფლიოთა ბუნების მცველთა მიერ.

და თითქოს ამას ელოდებოდაო, დაინახეს რა, თეთრ რაშებზე, ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილნი ყმაწვილნი, ქართველი მანდილოსნები მიეცნენ ნეტარყუჩობას მათ ზედა. და გამრავლდა ქუეყანა იგი და გაბედნიერდა.

ყველა სადღეგრძელო უხდებოდა ქართველ ხალხს. უბრალო სუფრაზე, უბრალო სასმისით ნათქვამიც კი საკმარისი იყო, რომ სიტყვანი საკვირველნი განცხადებულიყვნენ.

მეფე ამალითურთ სტუმრობდა ქვეყნებს მათ უცხოთა და სანატრელს და სთავაზობდა მათ გულსა და სულს თვისსა. ასე აშენდა ქვეყანაში უამრავი ციხე და სიმაგრე - ტრამპის ციხე, შუატრამპი და სხვანნი.

უცხოეთში სტუმრად მყოფნი ვეზირნი და ნაზირნი მეფესანი საუბრობდნენ ძუელქართულად. "დამახრული არს ენაი ქართული" - სიტყვანი ესსე ხშირად ისმოდა ეთერსა BBC-სა, NBC-სა და CNN-სა შინა.

***
მიუხედავად იმისა, რომ სრული იდილია სუფევდა, გაოფლილს და ნატანჯს გამომეღვიძა. ჩართულ ტელევიზორს გავხედე, სადაც ჩვენი პრეზიდენტი ერთერთ ამერიკულ ტელეკომპანიას ინტერვიუს აძლევდა.

შუბლზე შეციებული ოფლი მოვიწმინდე, გადავბრუნდი და ტკბილად რომ ჩამძინებოდა ჩემთვის ჩავილაპარაკე:

მიშა მაგარია!

2 comments:

  1. არ მინდა შენი ნასიზმრი საქართველო :/ კითხვის დროსაც ლამის გული გამისკდა და ეგ რომ მენახა ცივ ოფლს არ ვიკმარებდი :დ

    ReplyDelete
  2. არ მინდა შენი ნასიზმრი საქართველო :/ კითხვის დროსაც ლამის გული გამისკდა და ეგ რომ მენახა ცივ ოფლს არ ვიკმარებდი :დ

    ReplyDelete