Thursday, March 10, 2011

ერთი ფანჯრის პრინციპით

მე რომ ქართულ e-დიოტობებზე დამიწერია ალბათ, იმდენი მერაბ კაშიას სიმღერაც არ ექნება დაწერილი.

ამჯერადაც არ მოვყვები იმაზე წუწუნს, რომ სერვისების უმეტესობა, რომელსაც აპიარებენ და არეკლამებენ სახელისუფლებო წრეები, არის ფასადური და სიღმეში არის უხარისხო, უვარგისი და ფუჭი.

***
ბინიდან ძველი მეპატრონის ამოწერა დამჭირდა. იმისათვის, რომ წყალმა და დასუფთავებამ დავალიანება ახალი სულადობით გამომიგზავნოს, საჭიროა:

1. მივიდე საჯაროში და ავიღო ცნობა, რომ ვარ ბინის მეპატრონე ;
2. მივიდე სამოქალაქო რეესტრში. თუ იმავე დღეს მომინდება ცნობა, თითოში უნდა გადავიხადო 10 ლარი (წყლისთვის და დასუფთავებისთვის 2 სხვადასხვა ცნობაა საჭირო) თუ არადა 10 დღის შემდეგ ისევ უნდა ვეწვიო ;
3. შემდეგ მივიდე წყლის ოფისში ;
4. შემდეგ დასუფთავების ოფისში


რა თქმა უნდა, გადასახადი მიმცირდება და მოტივაცია მაქვს ასეც მოვიქცე, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ თანამედროვე სინგაპურის კვალობაზე საშინელი პროცედურაა. ამასთან, მე ვიმცირებ გადასახადს და თავს შევიწუხებ, მაგრამ იქნებ მომემატა სულადობა _ ასეთ შემთხვევაში წყალი და დასუფთავება ხომ კარგავს თანხას?

რატომ, როცა მარტივად შეიძლება, ნებისმიერი სახის ცვლილება სამოქალაქო რეესტრში, ავტომატურად იგზავნებოდეს თვის ბოლოს, ზემოთაღნიშნულ (და არავმხოლოდ) კომპანიებში, რათა მათ მოახდინონ ინფორმაციის კორექცია და ცვლილებების შეტანა?

ეს კიდევ ნაწილია იმ დიდი ქაოსისა, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვაწყდებით, 21 საუკუნის საოცრებაში - ქართულ სინგაპურში. რამდენიც არ უნდა გადავღებოთ ცალკეული სერვისი, რამდენიც არ უნდა დავსვათ ახალ შენობაში სხვადასხვა სამსახურები, თუ საძირკველი მოძველებულია, ზედ ცათამბჯენი ვერ აშენდება.

***
რამდენიმე თვის წინ ერთერთ სამინისტროში მიმიწვიეს. მოგეხსენებათ "ერთი ფანჯრის პრინციპით" სურთ მუშაობა და ამისათვის უზარმაზარი შენობა შენდება. ასევე ესაჭიროებოდათ საიტი, სადაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იქნებოდა გაერთიანებული (აქაც "ერთი ფანჯრის პრინციპი" ოღონდ ამჯერად ბროუზერის).

თავიდან უამრავი შეკითხვა გამიჩნდა. მერე აღმოვაჩინე, რომ საკითხი სრულიად გაუაზრებელი ჰქონდათ. არ იცოდნენ, როგორ გაივლიდნენ მომხმარებლები იდენტიფიცირებას, როგორ გადაიხდიდნენ სერვისის საფასურს და ა.შ.

ბოლოს ავუხსენი, რომ ეს საიტი კი არა უზარმაზარი სისტემაა. კიდევ შევეცადე ამეხსნა რომ რაც არ უნდა მაგარი იყოს "საიტი", ჯერ პროცედურები უნდა იყოს დალაგებული. ბექში უნდა გავამარტივოთ ყველაფერი, შემდეგ "დავასტანდარტიზიროთ" ეს პროცედურები და აი მაშინ (თუ ძირიდან დავიწყებთ ცვლილებებს) შევქმნით ნამდვილად მოსახერხებელ და მაგარ სისტემას.

როდესაც შევატყვე, რომ "ახსნებით" ტყუილად ვირჯებოდი, ერთი ღამეც გავათენე (ფინანსური დაინტერესება არ მქონდა - პროექტზე თავიდანვე ვთქვი უარი) და პრეზენტაცია გავაკეთე, იმ იმედით, რომ ვინმე გონიერი მიხვდებოდა, რაზე მქონდა საუბარი, რა კონცეფციას ვთავაზობდი მათ. თუმცა ვიცოდი რომ, ეს პრეზენტაცია, რომელიმე უწყების "რისაიქლ ბინში" იპოვიდა საუკუნო განსასვენებლს.


***
გადავწყვიტე ეს დოკუმენტი საჯაროდ განვათავსო და თან ორიოდე სიტყვით აგიხსნათ რაზეა მასში საუბარი.

კონცეფციის თანახმად უნდა მოხდეს კერძო და სახელმწიფო ორგანოების გაერთიანება, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოს მოქალაქეებზე ვიქონიოთ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციული ბაზა, რომელიც იქნება ერთ ადგილას, არ მოხდება ინფორმაციის დუბლირება და არასწორი ინფორმაციის შენახვა. მოცემულ ბაზას გამოიყენებდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორი (შესაბამისად, ყველგან არ დაგჭირდებოდათ ხელახლა შევსება მოსაწყენი ანკეტის: სახელი, გვარი, მამის სახელი...). პირადი ნომრი და თქვენი ხელმოწერა _ რომელიც გამოხატავს თანხმობას მოცემულ ინფორმაციაზე წვდომის მისაცემად, საკმარისი იქნებოდა, რომელიმე კერძო თუ სახელმწიფო უწყებაში თქვენს დასარეგისტრირებლად.

ამასთან, ერთიანი იდენტიფიკაცია. რატომ უნდა გვქონდეს ბრელოკზე 1000 გასაღები, როდესაც შესაძლებელია არსებობდეს 1, რომელიც გააღებს სახლსაც, დაქოქავს ავტომობილსაც და ა.შ.

ანუ მომხმარებელი ერთი იუზერით და პაროლით შევიდოდა დეკლარირების სისტემაშიც და რომელიმე ბანკის (ან ბანკების) ინტერნეტ ბანკშიც.

თემას ებმოდა სხვა საკითხებიც.

რა თქმა უნდა აქ ჩნდება უამრავი შეკითხვა. უამრავი რამე წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ერთი შეხედვით, მაგრამ ეს არის მხოლოდ კონცეფცია და პრეზენტაცია, დეტალები კი არის მუშა პროცესი, რომელსაც კეთილი ნება და პროფესიონალები ჭირდება ხელისუფლების მხრიდან.

მსგავსი სისტემის სხვა ქვეყნებში რეალიზების მაგალითები პირადად მე, არ მეგულება. ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში კი რთული, მაგრამ მაინც განხოციელებადი იდეაა, რაც ჯამში უამრავი პროცესის გამარტივებას გამოიწვევს და ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგვცემს.

იდეას ვდებ ღიად, ბლოგზე, რადგან იქნებ ვინმემ წაიკითხოს, დაინტერესდეს და გაიგოს რაზე არის საუბარი და სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაუკეთოს რეალიზება.

P.S. არავითარი პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული _ უბრალოდ დაუსრულებელ რიგებში დგომა ძალიან არ მიყვარს!

1 comment:

  1. დავულინკე ვიღაცეებს, ვინც მართლა ორიენტირებულია სასიკეთო ცვლილებებზე. ვნახოთ, რა იქნება :))

    ReplyDelete