Tuesday, March 8, 2011

Made in Georgia

წუხელ დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი, რომელიც რამდენიმე წელია პარიზში ცხოვრობს. როდესაც მრავალწლიანი ემიგრანტობის შემდეგ დაბრუნებულ ქართველს ვხვდები, ყოველთვის ვეკითხები, რა შეიცვალა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. რა მოხვდა თვალში და სხვა.

კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს (ესეც კარგი გამოთქმაა) - თვალი შეეჩვიაო. თუ ამ კუთხით განვიხილავთ ადამიანის ორგანოებს, თვალი ნამდვილი "პუნტანკაა", სხვა ორგანოებს შორის. ის რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, ვეჩვევით და ან საერთოდ ვეღარ აღვიქვამთ, ან ჩვენი აღქმა ადეკვატურობას (ვიტყოდი სიმძაფრეს) მოკლებულია.

სწორედ ამიტომაც არ ვუშვებ ხელიდან შესაძლებლობას, "საზღვარგარეთიდან" მრავალი წლის შემდეგ დაბრუნებულ "უცხო თვალს" ვკითხო: რას ხედავს და როგორ.

გაუფილტრავი თეთრი ლუდისა და ლიმონით შეზავებული კალმარების თანხლებით, რთულია ერთ საკითხზე შეჩერდე. ჩვენც უამრავ თემას მოვედეთ. მართლა უამრავ თემას შევეხეთ მაგრამ მათ ერთი საერთო ხაზი, უფრო სწორად კი შეკითხვა აერთიანებდა _ რატომ არის ქართული ყველაფერი უხარისხო?

ამ შეკითხვის გაჟღერებისას, თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი და მანქანა-დანადგარები ყველაზე ბოლოს უნდა მოვისაზროთ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია "დიდი ქართული უხარისხობისა", რომლის მიზეზი ღრმად, უფრო სწორად კი ზემოთ უნდა ვეძებოთ.

და მაინც, რატომ ვერ იქმენბა საქართველოში ხარისხიანი პროდუქცია? რატომ არის ქვეყანაში ტოტალური უხარისხობა? რატომ გვყავს უხარისხო ხელისუფლება და კიდევ უფრო უხარისხო ოპოზიცია? რატომ გვიწევს ვუყუროთ "მაიას" და "ნანუკას" შოუებს, შემდეგ ვიწუწუნოთ რა "გოიმობა" და "ქაჯობა" იყო ეს ყველაფერი და შემდეგ ისევ ვუყუროთ, რომ ისევ გვქონდეს საწუწუნო? და ყოველივე ზემოთთქმულს თუ დავეთანხმებით, დავსვათ მთავარი შეკითხვა - რატომ ვართ, თავად ჩვენ ასეთი უხარისხოები?

***
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობის მანიაკალურ-მალიარული მიდრეკილება ფასადების ღებვის მიმართ. "ბათუმს ქათქათამდე" პირველი სახელგადარქმეული და განახლებული "სიყვარულის ქალაქიც" არამგონია დაგვიწყებოდათ, დაბზარულ კედლებზე გადაკრული, გაპრიალებული ფასადებით, თავისი არაბუნებრიობით კინო-პავილიონს რომ მოგაგონებდათ. საბჭოთა კავშირის გარდამავალი წითელი დროშა თუ გახსოვთ, საბჭოთა რესპუბლიკები რომ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და შედეგად 500%-ით გადაჭარბებულ გეგმებს და უსაშენლესი ხარისხის პროდუქციას ვიღებდით?

ახალი დღესაც არაფერი ხდება _ ფასადიზაცია გრძელდება! საბჭოთა კავშირის დროს, შესრულებული სამუშაო თუ ქვეყნის ბელადისთვის თავის მოსაწონებლად სრულდებოდა 500%-იანი გადაჭარბებით, დღევანდელი ხელისუფლება იგივეს აკეთებს, ოღონდ ახალი ბელადის _ ხალხის მოსაწონად.

და მართლაც - ძალიან იოლია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. ამისათვის საკმარისია კარგი სტენდი პრესკონფერენციისათვის და ჟურნალისტები. შემდეგ იტყვი რომ "ერთი ფანჯრის პრინციპით", იტყვი რომ "უნიკალური სისტემა..." და "სახლიდან გაუსვლელად..." რაც სინამდვილეში საიტზე სკაიპის მისამართის განთავსებას გულისხმობს მხოლოდ დამხოლოდ... და ასე ყველა სფეროში (მაგალითად ის სფერო მოვიყვანე რომელთანაც თავად მაქვს უშუალო შეხება).

შემდეგ იტყვი რომ "იწყებ სტარტაპ პროექტების დაფინანსებას...", რომ "უცხოელი ინვესტორები..." ფეიფალი რომ დააპირებს შემოსვლას საქართველოში ცოტა ხნით ადრე გამოხვალ და იტყვი რომ საქართველოს მთავრობამ "იმუშავა" მის შემოსაყვანად. მოკლედ პრინციპი მარტივია - არაფერს გააკეთებ ხარისხიანად, მაგრამ ამავდროულად ყველაფეს გააკეტებ იმისათვის, რომ ის ასეთნაირად გამოიყურებოდეს.

ხელისუფლება იმდენად დაოსტატდა თავისი "ნაღვაწის" შეფუთვა-გაპიარებაში, რომ ომის წაგებიდან რამდენიმე საათში, "ბრწყინვალე გამარჯვება" მზად ჰქონდა, პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისთვის "გამოსატანად".

როდესაც "შეფუთვაზე" ორიენტირებული ხარ, ნაკლებად გაღელვებს პროდუქტის ხარისხი. გაღელვებს პროდუქტის შეფუთვა და სანამ მომხარებელი ბრჭყვიალა ქაღალდების ქვეშ, აღმოჩენილი ნაგავით არის შოკირებული, შენ ახალი, ჯერ კიდევ გაუხსნელი ყუთუ გაქვს ამ დროისთვის მომზადებული და იმას აწვდი ხელში. აი ამას გვიშვება წარმატებით ხელისუფლება, უკვე რამდენიმე წელიწადი. შესაბამისად ჩვენს ირგვლივ უამრავი გახსნილი ყუთი, პრიალა ქაღალდები და ნაგავია. ხელში კი ღირებული არაფერი გვიჭირავს და ვაგრძელებთ ცხოვრებას ილუზიით რომ ერთხელაც, ერთერთ ყუთში ნაგავი კი არა, რაიმე მართლა ხარისხიანი დაგვხვდება.

რატომ ვართ, თავად ჩვენ ასეთი უხარისხოები? - იმიტომ რომ ხელისუფლება, ჩვენივე არჩეული თუ არა ვაღიაროთ რომ მინიმუმ ჩვენი მოყვანილი არის ("...ამისთვის ვიდექი იმ წვიმაში?"), ანუ ის ჩვენ მოგვწონდა. მოგვწონდა რადგან მას შეფუთვა იმთავითვე შეეძლო. ანუ თავად ჩვენ მოგვწონს ხარისხიანი შეფუთვა და არა ხარისხიანად შესრულებული საქმეს. ჩვენთვის არის მთავარი შვილს "დიპლომი ქონდეს" და არა "ცოდნა", გოგოს "მთელი საქალწულე აპკი" და არა შინაგანი უმანკოება, რომ არგუმენტით "რა ისყტვის ხალხი" არ დავშალოთ "იდეალური ოჯახები".

...ბოლოს და ბოლოს _ ჩვენ ვართ ხალხი, რომლის უძველესი დროიდან მოყოლებული "ფასადნიკური" ბუნება, კარგად ჩანს ჩვენსავე შექმნილ ანდაზაში _ "თვალი სვამს და თვალი ჭამსო", არა და ქართველებს სმა-ჭამა როგორ გვიყვარს, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ!


მოხეტიალე კუ
გაზეთი "სარვამარტო მილოცვანი"

No comments:

Post a Comment