Friday, March 4, 2011

ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა ანუ Happy Island

დიახ 10 წლიანი!

როდესაც ამ გეგმას პრეზიდენტისთვის შესათავაზებლად ვადგენდი, დიახ ვიცოდი, რა თქმა უნდა კარგად ვიცოდი, რომ ოფიციალური ვადა პრეზიდენტს 2013 წელს ეწურება, მაგრამ ეგ არაფერი _ რამეს მოვიფიქრებთ.

აღნიშნული გეგმის შედგენა ქვეყანაში ბოლო დრო განვითარებულმა მოვლენებმა მაიძულეს. გაძვირებული ფასები პროდუქტებზე, ბენზინზე, სამადლოდ მოსული თოვლი, აღარც ვიცი რამდენპროცენტიანი ინფლაცია და ქვეყნის გადამრჩენელი ამერკული სიმინდი. არა, სიმინდი რომ ამერიკის კონტინენტიდან შემოსული კულტურაა ამას არ ვგულისხმობ _ ახალი, ბრენდირებული, Made in USA ტურბო სიმინდი მაქვს მხედველობაში.

ეკონომიკური განსწავლულობით არა, მაგრამ ოცლარიანი შუქისა და ოცდაათლარიანი საკვები პროდუქტების ვაუჩერებით ვხვდები, რომ ჩვენი საქმე არ არის მთლად კარგად. მეორეს მხრივ, ვერც ბოჩელის წვიმაში შესრულებულმა არიებმა დაატეხეს ბათუმს ტურისტების ქარტეხილი და არც შვეიცარიის  მოსაწყენ და ევროსტანდარტების შესაბამის სასტუმროებში მიუყრია ხალხს თხილამურები და სვანეთის ახლადაშენებული აეროპორტის გავლით გამოუტენიათ კოშკები.

მეტიც _ ისიც კი გავიგე მესტიელებისგან, რომ ტურისტულ ზონებში (?) ძროხების უნებართვო თარეში აუკრძალიათ _ ტურიზმისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არისო. გაძვირებული პროდუქტების დედა ვატირე თორე, რად უნდა თანამედროვე სვან კაცს მსხვილფეხა პირუტყვი, კოშკში მოწყობილი სასტუმრო, უამრავი უცხოელი და უკაბელო ინტერნეტი საკმარისი არ უნდა იყოს?

თითქოს და ყველაფერი გაკეთდა. არა და ფეისბუქზე "ჰეპი აილენდის" თამაშისას ყველაფერი გამოდიოდა - ჩადგამდი დეკორაციებს და ტურისტები ან გემებით იცლებოდა კუნძულზე, ან თვითმფრინავებით ჩამოდიოდნენ ახლად "ჩადგმულ" აეროპორტებში, თუ არადა უკიდურეს შემთხვევაში მფრინავი თეფშიდან ეშვებოდნენ პირდაპირ ბედნიერების სავანეში. მერე ისღა დაგრჩენია, ჩამოუარო სასტუმროებს, ატრაქციონებს, პლაჟებს და ხელის მარტივი დაწკაპუნებით აკრიფო ფული. აკრეფილი ფულით იყიდო კიდევ ერთი ახალი კუნძული და ა.შ. თან სახელიც რა კარგი აქვს - ბედნიერების კუნძული.

უუუჰ, უკაცრავად.... პრეზიდენტის არ იყოს ფიქრებში წავედი და ცოტა გავერთე. რეალობას დავუბრუნდეთ.

ფაქტია, რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. რაღაც არ გამოდის. ალბათ ერთერთი უძველთაგანესი სიბრძნე თუ არა ლოგიკური დასკვნა მაინც არის _ როცა რაღაც ისე არ მიდის როგორც გსურს, რაიმე უნდა შეცვალო!

სწორედ ამ განზრახვით მე შევადგინე ქვეყნის მდგრადი განვითარების, გადარჩენისა და აყვავების ათწლიანი სამოქმედო გეგმა. თანაც, ვიღაც ვიგინდარა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, პოპულისტური და ზოგადი იდეები კი არა - კონკრეტული ნაბიჯები და მათი განხორციელების გზები ჩამოვაყალიბე და ეტაპებად გავწერე.

მსურს აღნიშნული გეგმის მოკლე შინაარსი შემოგთავაზოთ:

1. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჩამოვიტანოთ ამერიკული სიმინდი, ჩინური ბრინჯი, აფრიკული კაკაო, ბრაზილიური ყავის მარცვლები, ავსტრალიელი კენგურუები და ანტარქტიდელი პინგვინები _ ხო იცით, "რადნოი" მაინც ყველაფერი ჯობია.

2. მესტიაში ავაშენოთ 100 უფასო კოშკი.

3. ბათუმში, დავდგათ ზეზვას და მზიას მოძრავი ქანდაკებები, რომლებიც აჩვენებენ ალის და ნინოს როგორია ნამდვილი, ვნებიანი და ველური კოცნა ტუჩებში.

4. ღრუბლების დასაშლელი ჭურვები გავავსოთ კაპარაოლის ფერადი საღებავებით და ავაფეთქოთ ცაში _ ამგვარად მსოფლიოში ისედაც უნიკალური, იონიზირებული და იოდით გამდიდრებული თოვლი, გუდაურში და სვანეთში მოვა ფერადი სახით, რაც რა თქმა უნდა დამატებით მოიზიდავს ტურისტებს.

5. შევიგნოთ ბოლოს და ბოლოს რომ მდინარეებზე აშენებული შუშის ხიდები არის არაეფექტური! მდინარეები მთლიანად დავფაროთ შუშის კონსტრუქციებით და მათზე მოვაწყოთ გასასეირნებელი ბულვარი, სკვერები და ვერანდები.

6. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ ავაშენოთ მილიარდოლარად შეფასებული პრეზიდენტის სასახლის ზუსტი ასლები, ბათუმში, სვანეთში, სიღნაღში და რატომაც არა სამტრედიაში (რესპუბლიკის ქუჩა 124-თან სადმე ახლოს _ იქ ჩემი სახლია). ეს დამატებით პრესტიჟს შეძენს აღნიშნულ ადგილებს. თანაც უნდა გვახსოვდეს რომ "ჩვენ ვართ მობილური ქვეყანა". ასეთ მოძრავ და ენერგიულ პრეზიდენტს კი ღამის გასათევი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საძებნი მთაში იქნება ეს თუ ბარად.

7. სინგაპურიდან ჩამოვიყვანოთ 10 000 სინგაპურელი მასწავლებელი (აი, ეს ნამდვილად ვერ მოვიფიქრე რაში გამოგვადგება, მაგრამ იყოს - ქვეყანა ხრამია).

8. სპეციალურად ბათუმისთვის, შევთავაზოთ მსოფლიო თანამეგობრობას ახალი წელი გადმოიტანონ ზაფხულში - სეზონზე!

9. მოვეშვათ ამ კარერასებს, ბოჩელებს და მაიმუნობას _ ჩამოვიყვანოთ ჩაკ ნორისი და ზაფხულში გამართულ საახალწლო კონცერტზე ვაჩხუბოთ ზურაბ ზვიადაურთან ( ისე, ნეტა ზვიადაური მოერევა თუ ჩაკ ნორისი?).

10. კოსმოსში რომ თანამგზავრი გავუშვით, "ჩაკრულო" რომ გააყოლეს დიდის ამბით, გადავამოწმოთ ერთი ვინმეს ხო არ მიუღია უკიდეგანო გალაქტიკაში. ეგება ისინიც მოხიბლოს ჩვენმა ფოლკლორმა და მთლად "პერპეტუმ მობილს" და "ანტიგრავიტანტს" თუ არა გადმოგვცემენ, იქნებ ღრმა შეშფოთება მაინც გამოთქვან, შექმნილი ვითარების გამო.


მოკლედ ასე. ვფიქრობ ეს გეგმა უპირობოდ გაამართლებს. ახლა კი უნდა დაგტოვოთ _ ნამდვილი იტალიური სიმღერები ჩამომივიდა და საბაჟოზე ვარ გასაქცევი _ ერთი ფანჯრის პრინციპით და სახლიდან გაუსვლელად უნდა განვაბაჟო.

5 comments:

  1. ეჰ,
    სოფლის მეურნეობის განვითარებაც ფერმის თამაში ჰგონიათ ზოგიერთებს :|

    ReplyDelete
  2. ეჰ,
    სოფლის მეურნეობის განვითარებაც ფერმის თამაში ჰგონიათ ზოგიერთებს :|

    ReplyDelete