Sunday, March 20, 2011

გადავრთოთ? - კრიტიკა, რჩევები, აკრძალვები

ჩემს მიერ წუხელ დაწერილ პოსტს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მრავალი ნოუთი, ვიდეო მიმართვა თუ კომენტარი სამ ძირითად ჯგუფად _ "რჩევები", აკრძალვები" და "კრიტიკა" დავყავი.

ერთერთი (და არა ერთადერთი) სწორხაზოვანი და ბრტყელი გადაცემის მესვეურებისგან განსხვავებით, სადაც ყველა და ყველაფერი, "სულ სხვა კუთხით" წარმოგვიდგება",  მე არ ვაპირებ თავი მოვიმკვდარუნო, დავიბრმავო და დავიყრუო. შესაბამისად შევეცდები მეტნაკლებად შევაჯერო, გასული ღამის სოციალური-აქტივობა და გამოვეხმაურო მას.

რჩევა #1 - პულტი
ფეისბუქზე გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო სადაც განმარტებული იყო, რომ არსებობს ასეთი მოწყობილობა სახელად "პულტი", რომელსაც უამრავი ღილაკი აქვს და მათ შორის "გამორთვის" ღილაკი. სწორედ ამ გენიალური ღილაკის გამო, ნებისმიერი ტელეშოუს წინააღმდეგ პროტესტის გრძნობის არა თუ გამოხატვა, არამედ გაჩენაც კი არის სრული აბსურდი. სამწუხაროა, რომ ამ აზრს არ ვიზიარებ თორემ მოცემულ მიმართვას ვიდეოგაკვეთილით _ "პულტი დამწყებთათვის" კი არა, ტარიელ ჭანტურიას ლექსით დავიწყებდი:

- კარგი იქნებოდა ცხოვრება ტელევიზორივით რომ იყოს... არ მოგწონს გადართე.
- ცხოვრება ტელევიზორივით არის. არ მოგწონს? _ გამორთე!

ეს ლექსი ერთი შეხედვით, პირდაპირი რეცეპტია ჩემისთანა გზააბნეულებისთვის, რომლებშიც "პროფილი" და მისთნაირები პროტესტის გრძნობას აღძრავს, მაგრამ რა დასანანია, რომ არ ვარ მიდრეკილი სუიციდისკენ. თუ რაიმე არ მომწონს ვამბობ ამის შესახებ, ხოლო თუ შემიძლია ვცდილობ რაიმე შევცვალო.

დასასრულს ვიტყვი, რომ ვიდეო პოსტის ჩაწერა მეზარება თორემ გაჩვენებდით რომ არსებობს ასეთი მოწყობილობა "მაუსი", რომლითაც ძალიან მარტივად შეგიძლია დახურო ნებისმიერი ფანჯარა, დააჭირო ხელი ღილაკს "No", "Close" და მრავალი სხვა.

თემა რომ არ განვაგრძო მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ, ჰექსეს პოსტიდან:

"მე მაღიაზიანებს როდესაც მორიგი გადაცემის კრიტიკისას ვიღაც მოდის და დეტალურად მიხსხნის რა არის და რა სარგებლობა მოაქვს პულტს, რადგან ისევე როგორც ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში პულტსაც ფუნქცია აქვს დაკარგული, როგორც "ცისფერი მთების" სცენარშია - "გინდა ზევით ადით, გინდა ქვევით ჩადით" აზრი?"

რჩევა #2 - მეწაღე პრეზიდენტი
ერთ-ერთი მოაზროვნისგან (პირადაპირი გაგებით "ინტელექტკლუბის" მოაზროვნისგან) ასეთი შინაარსის შემცველი რჩევა მივიღე: თუ არ მოგწონს, გადაცემა ან რაიმე სხვა, ადექი და უკეთესი გააკეთეო.

ჩემს კორპუსთან რომ "ზაპოჟნიკია", იმის შეკეთებული ფეხსაცმელი ძალიან არ მომწონს და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკას არ ვიზიარებ დიდად, ხოდა ახლა ვფიქრობ: ნეტა "მეწაღე პრეზიდენტი" ხო არ გავხდე ?

კრიტიკა #1 - "ოდეს ყოფილ არს"
საკმაოდ ვრცელი პოსტი დაწერა "დოდკამ", რომელიც იწყება მსუბუქი ირონიით ჩემს "სამტრედიულ-სოფლურ" წარმომავლობაზე და შემდეგ არგუმენტირებული მსჯელობით გრძელდება.

დოდკას აზრით, უმჯობესია პროტესტი გამოითქვას ინტერნეტში, სადაც მას გაცილებით მეტი ადამიანი წაიკითხავს, ვიდრე რუსთავი2-ის შენობასთან. რადგან ინერნეტში დაწერილ 1 პოსტს, უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს ვიდრე ქუჩაში ყვირილს გაიგონებს.

ალბათ თავიდანვე უნდა განგვემარტა, რას გულისხმობს თავის თავში ეს "აქცია" და რატომ არის მისი მნიშვნელოვანი ნაწილი - რეალურ სამყაროში გასვლა.

აქ ერთი მარტივი პასუხი მაქვს - რეალურ სამყაროში გასვლა, რომ არაფერს ცვლიდეს ის ამხელა აჟიოტაჟს არც გამოიწვევდა.

მაგრამ უფრო ვრცელი, არგუმენტირებული პასუხიც მომეპოვება სადღაც C:/ დისკზე:

ალბათ თითეული ჩვენგანი (ვგულისხმობ "ინტერნეტმოსახლეობას") ისე ველოდებით ყოველი შოუს შემდეგ, ცინიკურ, ღიმილის მომგვრელ, კრიტიკულ, აღშფოთებულ, ინტელექტუალურ და სხვა სახის პოსტებს, როგორც მზის ამოსვლას ყოველ უბრალო დღეს. ვწერთ, ვაშეარებთ, ვაკომენტარებთ, ვილანძღებით და შემდეგ ისევ ვწერთ, ვაკომენტარებთ, ვილანძღებით და მომდევნო გადაცემას ველოდებით. დიახ, "ხმა მღაღადებელთა, ინტერნეტსა შინა". მე არ მახსოვს, რომ კონკრეტულად მოცემული გადაცემის მესვეურებს, ნებისმიერი სახის მედია საშუალებით, რაიმე სახის კომენტარი გაეკეთებინოთ კრიტიკის საპასუხოდ.

იმის ილუზია არავის აქვს, რომ ჩვენი მცირედი მცდლობით, ყველას პროფილში მიგვიწვევენ და გვკითხავენ _ "მოგვიყევით, როგორ გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობაო", უბრალოდ ჩვენ ამ აქციის რეალურ სამყაროში გატანით, გვინდა ვთქვათ _ "კრიტიკა, რომელიც ვირტუალურ სამყაროში ისმის, რეალურ დამიანებს ეკუთვნის"!

ხოლო რაც შეეხება არგუმენტს, "ამას ონლაინში უფრო მეტი გაიგებს და წაიკითხავს, ვიდრე ქუჩაში შემთხვევითი გამვლელი, ან რუსთავი 2-ის ფანჯრიდან მომზირალი თანამშრომლები", ვუპასუხებ _ "ეს" აუცილებლად მოხვდება ინტერნეტშიც. ბლოგერებს დახმარება სწორედ იმიტომ ვთხოვე, რომ ეს ყველაფერი სოციალური მედიის საშუალებით გაეშუქებინათ.

ნებისმიერი აქციის ერთერთი მიზანი ის არის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და ინტერესი გამოიწვიოს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს (რაც პრინციპში უკვე მოხდა, "ჯერარშემდგარი" აქციითაც კი).

ასე რომ "ოდეს ყოფილა არს აქამომდე - ბლოგერთა და ფეისბუქ იუზერთა, ერთად გაემართოთ აქცია რეალურ სამყაროში", ჩემი მოკრძალებული აზრით, საფუძველს მოკლებული კრიტიკაა.

ამასთან ეს ერთგვარი გამოწვევაა, უპირველესად საკუთარი თავის და შემდეგ სხვა "ვირტუალური" ადამიანების მიმართ, რათა გავაღწიოთ მატრიციდან.

აღნიშნული თემა ვფიქრობ საინტერესოდ წარმოგვიდგინა ვასასიმ, ამიტომ მე თავს აღარ შეგაწყენთ:

"ადამიანის ბუნება, ზოგადად, ასეთია. სწამს, სჯერა და შეიგრძნობს იმას, რაც ხელშესახებია. :ურწმუნოთომასსმაილი: უნდა დამეთანხმოთ, რომ კლავიატურას ამოფარებულები გაცილებით კომფორტულად ვგრძნობთ თავს კრიტიკისას, უფრო გაბედულად ვებმებით კამათში, ვიდრე პირისპირ."


კრიტიკა #2 - ფორმულა_ რეიტინგი=შემოსავალს
ციტატა: "რუსთავი2 არის კომერციული ტელევიზია. მისი მიზანი არ არის საზოგადოების ინტელექტისა და ზნეობის ამაღლება. მისი მიზანი არის გააკეთოს რაც შეიძლება უფრო რეიტინგული გადაცემა, რომელიც შემოიტანს რაც შეიძლება მეტ ფულს..."

საპასუხო ციტატა: "მესმის რომ არის კომერციული ტელევიზია და არ არის ვალდებული იზრუნოს საზოგადოების მორალის ამაღლებაზე, მაგრამ იმის უფლებაც არ აქვს, რომ საზოგადოების დეგრადირება მოახდინოს, რადგან ტელევიზიას ვინმეს უნდა თუ არა, მაინც უზარმაზარი ძალა აქვს და დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე."


კრიტიკა #3 - "კუკლუქსკლანი"
ძალიან მწყდება გული რომ საქართველოში სიტყვა "აქცია" ასოცირდება "პარლამენტთან", "რუპორთან", "ყვირილთან", შეძახილთან "ჯოს, ჯოს, ჯოს" და ა.შ.

პოსტი რომ არ გამიგრძელდეს, თავად აქციაზე და მის შინაარსზე მოგვიანებით დავწერ. ახლა უბრალოდ გეტყვით რომ ეს იქნება (ვფიქრობ) საინტერესო ფორმით გამოხატული პროტესტი გადაცემა "პროფილის" და სხვა უხარისხო TV-შოუების მიმართ. არ იქნებიან ადამიანები ჩირაღდნებით, დიდი პლაკატებით, დროშებით და სხვა ატრიბუტებით.

მშვიდად, წყნარად, ალბათ არც თუ ისე ბევრი ადამიანი მივალთ რუსთავი2-ის შენობასთან, დავაფიქსირებთ პროტესტს, დავიშლებით და შემდეგ აუცილებლად გავაშუქებთ ამ ყველაფერს, სოციალური ქსელების საშუალებით.


აკრძალვა #1 - "ნუ!"
მიუხედავად იმისა, რომ "ბლოგერებს" მხოლოდ დახმარება ვთხოვე, ისიც ფორმულირებით "თუ იზიარებთ პროტესტს", მაგრამ ზოგიერთმა აღიქვა ისე, რომ მე "ბლოგერების სახელით" გამოვთქვამ აზრს.

მინდა აქვე დავაზუსტო და დაგამშვიდოთ, რომ ეს არის სრული აბსურდი და ვერავინ ვერ ილაპარაკებს ბლოგერების სახელით მანამდე, სანამ არ ავირჩევთ ქართული ბლოგსფეროს "მეფეს და დედოფალს".


დასასრულს ვიტყვი: თავიდან არ მქონდა გათვალისწინებული მაგრამ "კრიტიკა, რჩევები, აკრძალვები"-ის ტრიპლეტში აუცილებლად უნდა დავამატო მეოთხე _ "სიბრძნე":

"პროფილი" არ ქმნის საზოგადოებას, პირიქით, საზოგადოებაშია "პროფილის" მოთხოვნილება".

რთულია "სიბრძნეს" არ დაეთანხმო.

2 comments:

  1. წინა პოსტზეც დავწერე და ახლაც ვიტყვი: მივესალმები ამ აქციას. ცუდია თუ ადამიანები ფიქრობენ რომ სამყარო ფეისბუქის პროფილშია ჩაკეტილი, პროფილში, რომელსაც ლოგაუთი აღარ აქვს.

    კარგია რომ ამ აქციას აკეთებთ. 5 ადამიანიც რომ მოვიდეს, ვფიქრობ მაინც კარგი იქნება. წარმატებები.

    ReplyDelete
  2. ჯიგარ ...

    ReplyDelete