Thursday, March 3, 2011

მარადიული ქრონიკები

უცნაურია, მაგრამ ყველაზე დიდი და დიადი საქმეები, შესაძლოა სრულიად უბრალო ამბით დაიწყოს.

გაზაფხულის მშვიდი და გრილი საღამო იყო. იტალიური ეზო, რომელშიც ეს ამბავი დაიწყო, ცნობილი იმით გახდა, რომ სამშობლოს არაერთი ცნობილი ჯოკერის მოთამაშე აღუზარდა და მოგვიანებით აჩუქა. გარდა იმისა რომ ეზოს ოდითგანვე არაჩვეულებრივი ჯოკერის სკოლა გააჩნდა, არც ნიჭიერი თაობის ნაკლებობა განუცდია ოდესმე. თითქოს ბანქოს თამაშის, და კერძოდ ჯოკერის ნიჭი თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. თავად ბუნებას დაეჯილდოვებინა ეზოს უკლებლივ ყველა წევრი კარტის სიყვარულითა და თამაშის ნიჭით.

კოჭო, როგორც მას უბანში უწოდებდნენ _ კოჭოია, ამ ეზოს ერთ-ერთი საამაყო და წარმოსაჩენი წარმომადგენელი იყო. კარტის თამაში ორი წლის ასაკიდან დაიწყო. სიარულიც კი არ შეეძლო, მაგრამ "მანეჟში" უყურადღებოდ დატოვებული იჯდა და კარტით ერთობოდა. კოჭო განსაკუთრებულად გრძნობდა და აფასებდა კარტს. ალბათ კარტიც გრძნობდა ასეთ სიყვარულს და ისიც აფასებდა კოჭოს. რომ არა ეს მისტიური კავშირი, სხვამხრივ რთულია ახსნა, რატომ მოსდიოდა კოჭოს ყოველ თამაშში საჭირო კარტები.

როგორც უკვე მოგახსენეთ, საღამო მშვიდი, საამო და თანაც საგაზაფხულო იდგა. განსაკუთრებული თითქოს რა უნდა მომხდარიყო _ დასხდებოდნენ ბიჭები ჭადრის ძირს მოწყობილ სატურნირო მაგიდასთან, ითამაშებდნენ, წაგებული იკისრებდა, გამარჯვებული კიდევ ერთ ნაკაწრს დატოვებდა ეზოსთან მდგარ ისტორიულ ჭადარზე, თუმცა ამჯრად რაღაც შეიცვალა _ მოგეხსენებათ, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო.

მოულოდნელად მაგიდასთან ახალი მეზობელი _ ტარიელი, როგორც მას მეზობლებმა შეარქვეს _ ტარო, გამოჩნდა. ის სულ ახლახან გამხდარიყო სახელგანთქმული ეზოს საპატიო მკვიდრი. ტარო არ იყო თბილისში გაზრდილი. დედა ადრე გარდაცვლოდა და მამასთან ერთად სოფელში იზრდებოდა. მამამისს სიმინდის ყანები ჰქონდა, დღე და ღამ მათ ამუშავებდა და უვლიდა. წლების განმავლობაში კაპიკს კაპიკზე აგროვებდა, რომ თავისი ერთადერთი შვილის მომავალი უზრუნველეყო. ტარო განსაკუთრებულად ჭკვიანი ბავშვი იყო. მამას მისთვის არ ეცალა და სხვაც არავინ ყავდა, ის კი თავისით ახერხებდა სწავლა-განათლების მიღებას. ყველა მასწავლებელი ხაზგასმით აღნიშნავდა ტაროს გახსნილ გონებას და ზედმეტ ნიჭიერებას, რომელიც რამდენიმე წლით უსწრებდა თანატოლებს. ამიტომაც მამამისს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ტარიელს თბილისში მიეღო უმაღლესი განათლება. აი ასე აღმოჩნდა ტარო და მამამისი იტალიური ეზოს ერთოთახიანში.

- თამაში იცი? - ტუჩისბოლოებში ძლივსშესამჩნევი ცინიზმით კითხეს უბნელებმა
- გააჩნია რისი
- ჯოკერი?
- ჯოკერი კი - მოკლედ მოუჭრა ტარომ
- დავცხეთ?
- დავცხეთ

რვა პარტია ითამაშეს ზედიზედ. აქედან ტარო რვავეჯერ პირველ ადგილზე გავიდა. თან უბრალოდ კი არ გაიმარჯვა, მან შეძლო პრემიებით გაეღწია 4 დარიგებაზე და სამჯერ გაეხიშტა მაგიდის საუკეთესო მოთამაშე ჯაბა.

სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ჯაბამ საკუთარი ხელით ამოჩიჩქნა ჭადარზე ასო "ტ" და მის ქვემოთ რვა ნაკაწრი დაუტოვა სახსოვრად ნატანჯ ხეს.

იქ მყოფთათვის სრულიად ნათელი იყო, რომ საფრთხე არა მხოლოდ იქ მყოფთა რეპუტაციას ემუქრებოდა, არამედ მთელი ეზოს პრესტიჟი იყო გადასარჩენი.

- ნეტა კოჭო თუ არის სახლში, გავძახებ ერთი _ კარგად დამალული სირცხვილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ჯაბამ.

რამდენიმე წუთში მაგიდას, ბრძოლის ველზე საგანგებოდ მოწვეული აქილევსივით კოჭო მიუჯდა.

თამაში იმთავითვე დაძაბულად დაიწყო. ატუზვა ისე მოუწია რომ კოჭო "ვინუჟდენი ერთიანი" იყო და გაიხიშტა კიდეც. და ეს ისეთი გამოცდილი მოთამაშისთვისაც კი, როგორიც კოჭო გახლდათ, საკმაოდ მძიმე და რთულად გამოსასწორებელი დარტყმა იყო.

კოჭომ თითქოს პირველივე დარიგებაზე იგრძნო, რომ მისი და კარტის უნაკლო ურთიერთობაში შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც ბზარი გაჩენილიყო. ვინ, ვინ და კოჭო ნამდვილად არ იყო მშიშარა ადამიანი. პირიქით - ოცდათექვსმეტივე კარტს ერთდროულად რომ შეექცია მისთვის ზურგი, ის მაინც ბოლომდე და მედგრად იბრძოლებდა საკუთარი და უბნის ღირსების გადასარჩენად.

თამაშმა ნელნელა აკრიფა ტემპი. ტემპი-მეთქი ვამბობ, მაგრამ არ ვგულისხმობ, რომ თამაში სწრაფად მიმდინარეობდა _ პირიქით! მოთამაშეები აუჩქარებლად თამაშობდნენ. მათი ყოველი მოძრაობა იყო დინჯი და დაღვინებული. თითეული მოძრაობა თითქოს გააზრებული იყო და სიამოვნებას ანიჭებდა არა მხოლოდ მოთამაშეებს, არამედ ხალხსაც, რომელიც ამასობაში მაგიდის ირგვლივ შექუჩებულიყო.

მესამე "პულკის" შემდეგ მწვანე ყდიან და თორმეტ ფურცლიან რვეულში ოღროჩოღრო ჩამოსმული ხაზების ქვემოთ დაჯამებული ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ჯაბა - 9,5
ვატატო - 8,4
ტარო - 10,3
კოჭო - 9,8

წინ კი მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი გველოდა. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. იტალიურ ეზოსთან ჭადრის ძირას მოწყობილ უმაღლესი ლიგის ტურნირს ოთხი პროფესიონალი მისჯდომოდა. მოთამაშეების ირგვლივ კი ხალხის უზარმაზარი მასა შეგროვებულიყო.

ხალხი ორ ნაწილად გაყოფილიყო : ერთნი _ იტალიური ეზოს სკოლის ტრფიალნი და თაყვანისმცემელნი, რომლებიც კოჭოს ქომაგობდნენ და მეორენი _ რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ სოფლიდან ჩამოსული ბიჭის ნიჭიერებითა და თამაშის ოსტატობით. ისე კაცმა რომ თქვას, მთლად ტაროს ნიჭიერებაც არ იყო მათი აღელვების მიზეზი _ უბრალოდ მათ უმეტესობას არაერთხელ წაუგია სამარცხვინოდ, ყველასათვის და ჩვენთვისაც კარგად ნაცნობ ეზოს მაცხოვრებლებთან და ახლა გულს იფხანდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ უგებდა სოფლიდან ჩამოსული უბრალო ბიჭი თბილისში, ჯოკერის ტრადიციებით მდიდად ეზოში აღზრდილ, გამოცდილ მოთამაშეს _ კოჭოს.

ყველაფერი კი ბოლო დარიგებაზე გადაწყდა. ტაროსა და კოჭოს შორის სხვაობა არც მეტი და არც ნაკლები 10 ქულა იყო. თამაში იმდენად დაიძაბა რომ ქულებს ტურის ბოლოს კი აღარ ითვლიდნენ, როგორც ზოგადად მიღებულია, არამედ ყოველი ჩამორიგების შემდეგ, ჭადარზე ამძვრალი ტულიკა საზეიმო ხმით ამცნობდა იქ შეკრებილთ. ხალხიც იმდენი მოგროვილიყო მაგიდას ვერ ხედავდნენ. ხალხი ღელავდა. ვისაც გაუმართლა და წინა რიგებში აღმოჩნდნენ, ყოველი დარიგების შემდეგ ოპერატიულად აწვდიდნენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე უკანა რიგებში მყოფთ. ისინიც, შესაბამისად, _ თავიანთ უკანა რიგებში მყოფთ. ასე ოპერატიულად და ხელიდან ხელში ვრცელდებოდა ინფორმაცია თამაშზე, რომლის მნიშვნელობა და დატვირთვაც უკვე გასცდენოდა ჩვეულებრივი ჯოკერის თამაშის ფარგლებს და სულ სხვა, ბევრად უფრო და მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობაც კი მიეღო თავისი არსისა და მასშტაბებიდან გამომდინარე.

შექმნილი ვითარება, რომელმაც არა მხოლოდ ამ მატჩისა და ჩვენი სამშობლოს _ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ბედი განსაზღვრა, შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

კოჭოს, რომელსაც ხელში ჯოკერი ეჭირა, უნდა მიეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცხოვრებაში, მე ვიტყოდი საბედისწეროც კი _ მოეჯოკრა თუ გაეკეთებინა "ნიჟე", ტარიელის ჩამოგდებული აგურის ტუზიანზე. გადაწყვეტილების მიღებას, რა თქმა უნდა, შექმნილი ვითარებაც ართულებდა _ უზარმაზარი მასა ხალხისა, რომლიც, როგორც ერთი მთლიანი, ისე სუნთქავდა, ახამხამებდა თვალებს და გაუაზრებლად იჭეჭკავდა სარძევე კბილებს შორის მოქცეულ ქვედა ტუჩს.

- ნიჟე _ თითქმის უხმოდ. ჩურჩულზე უფრო ხმადაბლა. თითქოს და გულში, არავის რომ არ უნდა გაეგო ისე ჩაილაპარაკა ხეზე მაიმუნივით ახოხებულმა ტულიკამ (რომელიც სხვათაშორის, მხოლოდ კოჭოს კარტებს ხედავდა და არჩევდა, ისიც იმიტომ რომ თვალი ქონდა კარტზე შეჩვეული). წვრილი, სრულიად უმნიშვნელო წაჩურჩულება, ფარფატა პეპელასავით აიტაცა ნიავმა, ხალხის თავზე გადაატარა და სადღაც შორს წაიღო.

- ნიჟე, გაიმეორა მეორე ხმამ. ოდნავ უფრო ხმამაღლა. ოდნავ უფრო თავისუფლად, სულ მცირედით, მაგრამ ოდნავ უფრო გარკვევით.

- ნიჟე - ახლა უკვე სხვა ხმამ გაბედა იგივე.

ხმები ელვის სისწრაფიდ მრავლდებოდა. ჩნდებოდა ახალი ხმები. განსხვავებული _ ზოგი წვრილი, ზოგიც მსხვილი, ბოხი, ხმადაბალი, უხმო, ძლიერი, ელეგანტური, ემოციური, ქალური, შეპარული, ირონიული, ლატენტურად სექსუალურად უმცირესობაში მყოფი, გაბერილი, გაგრძელებული, მოშიებული, მწყურვალე, გამოხუნებული, კაშკაშა, გაფრთიანებული, გონებამახვილი, მორცხვი, არაფრისმთქმელი, მკაფიო, სევდიანი, იდუმალი, მელანქოლიური, ულტრაიისფერი, მსუქანი, გამხდარი, ზეციდან ჩამოშვებული და მიწიდან ამოხეთქილი.

ხმები ჰაერში ერწყომდა ერთმანეთს. ეჯახებოდა, ფეთქებოდა, იშლებოდა აკორდებად, ნოტებად, სტროფებად, რითმებად, მარცვლებად, ასოებად, რთულ ქვეწყობილ წინადადებებად, გარდამავალ და გარდაუვალ ზმნებად, ბედისწერად, ქვიშის საათში მომწყვდეულ ნამცეცებად, მეტროს სალაროში დაშლილ ქაღალდის ფულად, გრძნობებად და ემოციებად, საუკუნეების მანძილზე ნაგროვებ გენეტიკურ ჯაჭვად, იმედად და სასოწარკვეთილებად.

ერთი მთლიანი ორგანიზმი, როგორც ერთი ცოცხალი. ხმები გუგუნებდნენ რითმულად და წრფივად უმატებდნენ ტემპს. ხმები ნელ-ნელა მოედო ჰაერს, ელექტრო გაყვანილობის მავთულებს, დაჟანგულ სახურავებს, ყველასაგან მივიწყებულ სატელევიზიო ანტენებს, ქუჩის კუთხეში ვიღაცის დაგდებულ სიგარეტის ნამწვავს, ფანჯრებს, კედლებს, ტროტუარებს და მათ თანმდევ ბორდიურებს.

- ნიჟე, ნიჟე, ნიჟე, - თავდავიწყებით სკანდირებდა ხალხი, თითქოს რამდენიმე საათის ნაგროვები დაძაბულობა ერთიანად მოსწყდათ გულიდან და ახლა ცდილობდნენ ძლიერად ეყვირათ, რადგან დაცლილიყვნენ ამ სიმძიმისგან. რადგან ცხელ ჰაერს, გულზე მომწყდარი და ყელში გაჩხერილი დაძაბულობა ამოჰყოლოდა.

მასამ იტალიური ეზოს ქუჩაში ვეღარ ეტეოდა. ის ნელ-ნელა დაიძრა. ვიწრო, ბევრისთვის უცნობი ქუჩიდან შეუერთდა, შედარებით დიდ ქუჩას. თითქოს გამდნარ ლავასავით ბლანტად, მაგრამ მაინც გაუყვა ქუჩის ბუნებრივ კალაპოტს. ახლა მასამ კიდევ უფრო დიდ ქუჩაზე გადაინაცვლა. ის ნელ-ნელა იზრდებოდა, მძიმდებოდ და ქუჩაში მიცურავდა, სანამ საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ სივრცეში არ დაიწყო დაგროვება.

- ნიჟე, ნიჟე... - სკანდირებდა თავდავიწყებას მიცემული და ექსტაზში შესული მასა.

იტალიური ეზოს წინ მდგომ ჭადართან, საჭადრაკო მაგიდასთან ხუთი კაცი დარჩა:

ტულიკა - რომელსაც ჭადრის ტოტმა ვერ გაუძლო და პირდაპირ მაგიდაზე ხეთქა მწიფე კარალიოკივით.
ტარო - რომელიც უკვე გამარჯვებული და ამაყი იყო, როგორც არ უნდა დასრულებულიყო ეს ისტორიული შეკრინება.
ჯაბა, ვატატო და რაღა თქმა უნდა კოჭო - რომელსაც ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, მოეჯოკრა თუ არა ტარიელის "შემოგდებული" აგურის ტუზი.

გაგრძელება იქნება...

1 comment:

  1. ჯოკრის თამაშის მიღმა სხვა საინტერესო ცხოვრებისეული, ყოველდღიურობით დაღლილი მომენტებიც ჩანს...
    მომეწონა :) გაგრძელებას ველი :)

    ReplyDelete