Sunday, March 20, 2011

პროტესტის პროტესტის პროტესტი


გუშინდელმა წამოწყებამ "პროტესტი გადაცემა "პროფილს" და უხარისხო TV-შოუებს" (http://bmu.li/eCY) იმაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე, მაგალითად ბლოგერების შეხვედრამ ვერა ქობალიასთან. ცოტა არ იყოს გამიკვირდა.

შესავალშივე განვმარტავ, რომ წამოწყება საკმაოდ სპონტანური იყო და აქციის იდეა ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაში, როცა event-invitation-ები დაიგზავნა და რისხვის ქარბორბალაც დატრიალდა ნაირნაირი კონტრარგუმენტებით, რატომ არ უნდა გააპროტესტო გადაცემა "პროფილი" და უხარისხო TV-შოუები აქცია-პერფორმანსის ფორმით. მინდა, გამოვეხმაური ძირითად კონტრარგუმენტებს:

1. მმკ და გრეჩიხები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ! (ყველაზე ხმაურიანი არგუმენტი)

მმკ და გრეჩიხები მიტინგებს მართავდნენ, გადაცემის დახურვას მოითხოვნენ, ჩაქოლვით იმუქრებოდნენ. ეს კი, ვგონებ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და აქცია-პერფორმანსის ფორმატს სცდება.

ცივილიზებულ მსოფლიოში აქცია (და არა მიტინგი), გამოხატვის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. მგონი დამეთანხმებით, რომ განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტიც დიდი ხანია აქვთ, ბლოგინგიც ჩვენზე ადრე დაიწყეს და არც წერა-მეტყველების უნარებს უჩივიან მაინცდამაინც. და მაინც, აქცია რჩება გამოხატვის ერთ-ერთ თვალშისაცემ ფორმად. (მაგალითები, იხ. ქვემოთ)

არ მგონია, რომ გრეჩიხებთან და მმკ-სთან შედარების შიშით სამი მაიმუნის პოზაში უნდა დავრჩეთ და მაქსიმუმ კლავიატურის გაცვეთაზე უნდა მივმართოთ მთელი ენერგია. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია.

2. რა უნდათ ბლოგერებს ქუჩაში, როცა არსებობს ვირტუალური სივრცე, ბევრად ფართე აუდიტორიით

როდესაც ყოველ დღე მაჭმევ წიწაკიან საჭმელს, მე ამ სიმწარეს ვიგრძნობ, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვევი და პირსაც აღარ დამწვავს. მაგრამ, თუ ერთ დღეს წიწაკიან ჩაის დამალევინებ, მერწმუნეთ, ჩემს რეცეპტორებს ეს ბევრად უფრო დიდხანს და მძაფრად ემახსოვრებათ.

ასეა ჩვენი ვირტუალური რეალობაც. ჩვენი წუწუნი ყოველთვის ერთსა და იმავე აუდიტორიას, ერთი და იგივე ფორმით მიეწოდება. ეს კი უკვე წყლის ნაყვაა, მეტი არაფერი. 

როდესაც 2008 წლის აგვისტოში საქართველო ტერიტორიულ და ვირტუალურ ფრონტზე ერთდროულად იბრძოდა, პარალელურად ქართული სათვისტომოები სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავდნენ. ერთი პატარა აქცია ჩემს ქალაქშიც გაკეთდა, სადაც რუსეთის წარმომადგენლობაც კი არ იყო. უბრალოდ ერთ მოედანზე შევიკრიბეთ.
რასაკვირველია, ომი არ შეწყვეტილა აქციების გამო. უბრალოდ, ცოტა მეტმა ევროპელმა (რომელიც იქნებ არც ტვ-ს უყურებდა, არც ნეტში სერჩავდა რუსეთს და საქართველოს და საერთოდაც არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ) გაიგო ჩვენი გულისტკივილი, ცოტა მეტმა გერმანელმა გაიგონა, რომ "რუსულ გაზ სისხლის სუნი აქვს" და თუნდაც ის დაინახა, რომ მათივე ქვეყანაში მცხოვრები, გადმოხვეწილი ქართველებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი ამბავი და სულერთი არ არის.

და კიდევ, იყო ბლოგერი, არ ნიშნავს იყო მხოლოდ ვირტუალური და ამიერიდან ბავშვებიც ვირტუალურად აკეთო.

3. გადართე, პულტი რისთვის გაქვს?

ამ ლოგიკით, ჩემს ქვეყანაში რომ რამე არ მომწონს, სხვაგან წავიდე?

მე არ ვარ ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი, არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არც დაუნის სინდრომიანი, არც მამაკაცისგან ჩაგრული ქალი, არც იეღოველი, არც პროტესტანტი, არც სომეხი, არც ზანგი და არც ებრაელი.

ამიტომ, დავიკიდო ჰომოფობების, ქსენოფობების, რელიგიური ფანატიკოსების, რასისტების და ანტისემიტების გამოხტომები, რაც სხვას ვნებს და ხმა არ ამოვიღო? და თქვენ რატომ არ იქცევით ასე? 

4. პროფილი აწვდის იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს

მართალია, მაგრამ პირიქითაცაა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.

ჰექსეს თქმის არ იყოს, გადასართავი აღარსადაა, შესაბამისად, გინდა არ გინდა უყურებ იმას, რაც არის (ყველას არ აქვს საკაბელო არხები, ან არ იცის უცხო ენა, ან უბრალოდ, ვერ გრძნობს პროფილის და მისთანების მავნე ზემოქმედებას, ისევე, როგორც ვერ გრძნობს fast-food-ის მავნებლობას, გენმოდიფიცირებული პროდუქტის საფრთხეს და ა.შ.). 

5. ბოლოს და ბოლოს, რა არის აქციის მიზანი? გადაცემის დახურვა? თუ მაია ასათიანის გამოსწორება?

არც ერთი და არც მეორე.

როდესაც რომელიღაც ქვეყანაში McDonalds-ის რესტორნების ფანჯრებზე აქტივისტებმა მიაწერეს Food Killer, რა თქმა უნდა, ამის გამო, არც მაკდონალდსი დახურულა და მეტიც, ფასთ-ფუდის ხარისხიც კი არ გაუუმჯობესებიათ რესტორნის მეპატრონეებს.

მაგრამ სადღაც აქ, შორეულ საქართველოში, კიდევ ერთხელ მომხვდა ყურში და დამამახსოვრდა, რომ ფასთ-ფუდი მავნეა და სახიფათო ჩემი და ჩემი პოტენციური შვილების ჯანმრთელობისათვის.

აი ესაა აქციის მთავარი მიზანიც. არც მაია გამოსწორდება და არც გადაცემა გაუქმდება, რასაკვირველია.
მაგრამ, იქნებ 10 ადამიანი მაინც დაფიქრდეს, უგემოვნობის გარდა რა ზიანი მოაქვს მსგავს გადაცემებს (და ისე, უგემოვნობის ჩამოყალიბებაც ზიანია!), შვილები არ აღზარდოს მათ ყურებაში და 10 წლის შემდეგ 10 ადამიანით ნაკლები დეგრადირებული, ქსენოფობი, სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩამყოფი და ფსევდო-ღირებულებებით გამოტენილ-ზომბირებული ადამიანი მივიღოთ

თუ ეს ასე მოხდა, მე პირადად, მიღირს ნუცუბიძის აღმართზე (თუ სადაც იქნება) ასვლა, მოცდენა და თქვენი კრიტიკის ატანაც :)

გმადლობთ, რომ ჩანაწერი ბოლომდე წაიკითხეთ.

ასევე გმადლობთ იმ რეზონანსისთვის, რაც ჯერ არ-ჩატარებული აქციის გარშემო გამოიწვიეთ და ირიბად თქვენს აუდიტორიებსაც შეახსენეთ, რომ გადაცემები, პირობითი სახელწოდებით "პროფილი",  "კლავს".

ისე, რომ იცოდეთ, ეგეც ამ ყველაფრის მიზნებში შედიოდა :))


p.s. დანართები - ფოტოები აქციებიდან:


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. საარბრუკენი - აქცია "რუსულ გაზი სისხლის სუნით ყარს"



3 comments:

  1. გამარჯობა ლაშა!
    როგორც გავიგე გინდა თამაშის გადაღება! დამირეკე ნომერზე 899307740

    ReplyDelete
  2. ვერ ვრეკავ :))დაკავება :)
    თქვენი მეილი თუ შეიძლება :)

    ReplyDelete
  3. ვერ ვრეკავ :))დაკავება :)
    თქვენი მეილი თუ შეიძლება :)

    ReplyDelete