Wednesday, August 25, 2010

ჟიგულიეს ვიდეო

არეულობის ჟამს მამაჩემი გარკვეული ხნით მოსკოვში წავიდა სამუშაოდ. ერთერთ ჩამოსვლაზე ჩამოტანილი "დენდის კომპიუტერი" და იაპონური ვიდეო, ტყემლის ხეებზე ძრომიალისა და სახლის უკან ღელეში კიბორჩხალების დაჭერის ფონზე, ნამდვილი ტექნიკური გადატრიალება იყო.

დენდისთან ყველაფერი გარკვეული მქონდა - ერთი კასეტა 500 თამაშით, რომელიც სინამდვილეში სამი - "მარიო", "სუპერ მარიო" და "ტანკები" იყო, საკმარისი აღმოჩნდა. აი ვიდეოსთან მქონდა ნამდვილი პრობლემები - გაურკვეველი იაპონურ ენოვანი მულტფილმების კასეტის გარდა არაფერი მებადა (თუ არ ჩავთვლით უბნელი "დიდი ბიჭებსი" მოტანილ გერანულ პორნოგრაფიას).

- რა ჩამოგიტანო - ძლივს გამაგონა მამაჩემმა, სამტრედიის დენიკინის დროინდელი ატეესისა და ეზოდან სახლამდე 5-ჯერ გადაბმული კაბელის გავლით მოსკოვიდან.
- ვიდეოს კასეტები მა...
- ფილმები?
- ხო ფილმები...
- როგორი ფილმები გინდა?
- უჟასები და ბოევიკები

მამაჩემმაც ალბათ მაღაზიაში თამამად მოითხოვა "უჟასები" და "ბოევიკები" და კასეტებით სავსე მთელი ყუთი ჩამომიტანა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. "ჭრიჭინათი" და "ბედის ირონიით" გულ მომჭაყებულს, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი, როგორ ხოცავდა ხელზე გასაფენად გამზადებული სარეცხივით, ტყვიებასხმული კაცი "ბოროტებს".

როგორც მოგვიანებით გაირკვა, (სავარაუდოდ რუსი) გამყიდველის ფანტაზიას და შერჩეული ფლმების სცენარებს საზღვარი არ ქონდა.

პირველ ფილმის შინაარსი, რომლის კასეტაზე დაკრულ ქაღალდზე ძლივს იკითხებოდა "Кристал - филм ужасов" შემდეგი სიუჟეტი ქონდა:

დაქალთან ღამით დარჩენილი რამდენიმე ქალი გადაწყვეტს რომ მაგიური კრისტალით სპირიტული სეანსი მოაწყონ. კრისტალიდან კი უნებლიედ, არც მეტი არც ნაკლები, გაბანჯგვლულ თმიანი და წითელთვალება "უჟასი" დაიხსნეს, რომელმაც ზედმიწევნით ყველა ქალი გააუპატიურა.

მეორე ფილმი მთლად საოცრება იყო - რომელიღაც მაგარ ტიპს, ქალიშვილს მოსტაცებენ, რომელსაც სექსუალური თავშეუკავებლობა ჭირს და სანამ მამამისმა ისე გადაცხრილა ხუთასი კაცი, რომ ერთი ნაკაწრიც არ დატყობია, ეს გოგო ბანდის დარჩენილ ასამდე წევრს პრაქტიკულად აუპატიურებდა. მოკლედ "ბოევიკის" რა მოგახსენოთ მარა "პორნო-ბოევიკი", როგორც ჟანრი, ჩემთვის შოკისმომგვრელი და ამავედროს სასიამოვნო აღმოჩენა იყო.

უცხოურ ფილმებს უკვე გემო გავუგე და გაჩერება ძალიან რთული იყო. არადა ეს ფილმებიც არ იშოვებოდა ასე მარტივად. თუ სადმე კასეტას წავაწყდებოდი ზედ ქორწილის გარდა (რომელიც ყოველთვის ხელუხლებელი სუფრის კადრებით იწყებოდა და ორი მთვრალი და გაოფლილი, ყელზე ცხვირსახოც შემოხვეული კაცის ცეკვით მთავრდებოდა) ვერაფერს ნახავდი.

ის იყო იმედი საბოლოოდ გადამეწურა და "აბეზარას" მივუჯექი საყურებლად, სამტრედიაში ნამდვილი კულტურული რევოლუცია მოხდა - გაიხსნა სამტრედიის ტელევიზია - "TV ზარი", რომელსაც ხალხმა ძალიან მალე ზედგამოჭრილი სახელი - "ჟიგულიას ვიდეო" შეარქვა.

"ჟიგულიას" იმიტომ, რომ ტელევიზიის მფლობელი "ჟიგულიჩი" იყო და "ჟიგულიჩი" იმიტომ იყო, რომ მამამისს ოდესღაც "ჟიგული" ყოლია, რაც მაშინ დიდი იშვიათობა ყოფილა.

"ჟიგულიას ვიდეოს" - ეროვნული სახელწოდების პირველი ნაწილი, მგონი კარგად აგიხსენით, მაგრამ რატომ "ვიდეო" ამის ახსნას, მხოლოდ "სატელევიზიო ბადის" ოდნავ დეტალური აღწერით თუ შევძლებ.

გადაცემები 6 საათზე იწყებოდა. ჰო, გადაცემები ოდნავ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ზუსტად ექვს საათზე ჩვენს "იმპორტულ" ტელევიზორს ბებიაჩემ ნელისთან ერთად, მეზობლები - მათიკო, ჯანიკო, ლედი, მაგული და აგრაფინა მიუჯდებოდა, რადგან ზუსტად ამ დროს იწყებოდა "მკვდრების გამოცხადება".

***
ნებისმიერ სამტრედიელს ფილმ "პროფესიონალის" საუნდტრეკი, რომ მოასმენინო, ცუდ ხასიათზე დადგება და თუ სუფრასთან არის შესაძლოა "ხსოვნის" სადღეგრძლოც კი შესვას, რადგან სწორედ მორიკონეს ეს გენიალური მუსიკა ედო ფონად, შავ ეკრანზე გამოტანილ მიცვალებულების ფოტოებს.

"დეიდა შროშანა, მეოზობლები ელმირა, ზაური და ნიკიფორე, ღრმა მწუხარებით იწუყებიან რომ გარდაიცვალა კლარა ვლადიმერის ასული სარდიშვილი" - იტყოდა თუ არა წლების განმალობაში ტელევიზიის უცვლელი "ხმა", ჟიგულიეს მეუღლე - მანანა, ქალები "წასაკითხ" სათვალეზე გაკეთებულ "ტელევიზორის აჩკებს" გაისწორებდნენ და იწყებდნენ:
- დედა გოგო, მაგულიეს სიდედრის რძალი მომკვდარა...
- რომელი მაგულიეს, ჩაიკომბინატში რო მუშავობდა?
- აჰ, არა...მაგი რამდენი ხნის წინ გამოაცხადენ ქალო?!
- აბა რომელი?
- დარეჯანი რომ იყო თუ გახსოვს შენ, რაიკომში, ე მაგის და...
- უი საწყალი - შეიცხადებნენ ერთხმად ქალები და მომდევნო "მკვდრისთვის" ემზადებოდნენ.

***
როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელმა აგვიხსნა - საქართველოში სალდო უარყოფითიაო, ანუ უფრო მეტი კვდება ვიდრე იბადებაო არავის გაკვირვებია. რადგან ტელე-ნეკროლოგების შემდეგ, ყოველგვარი სარეკლამო ჭრისა და ტიხარის გარეშე, იწყებოდა "მილოცვები". ეს უკანასკნელი ყოველთვის გაცილებით ცოტა იყო ვიდრე "გამოცხადებები".

მილოცვებში საქმე სულ სხვაგვარად იყო. სანამ მოგონებებით და ემოციებით დატვირთული მოხუცები ტელევიზორიდან აიშლებოდნენ და ოჯახის საქმეებს მიუბრუნდებოდნე, ეკრანზე ჩნდებოდა ყვითელ ფონზე გამოჭიმული წითელი ვარდების ბუკეტი.

მხოლოდ ტექსტით თუ ულოცავდი ვინმეს, ხარჯი ნაკლები იყო. მილოცვას "კლიპსაც" თუ მიაყოლებდი გაცილებით ძვირი ჯდებოდა.

არვიცი ფანტაზიის სიმწირეს განიცდნენ მაშინ ჩემი თანაქალაქელები თუ უბრალოდ "ჟიგულიას ფლეილისტს" არ იცნობდნენ კარგად, თვის დასაწყისში ვინმე რაიმე სიმღერას თუ აირჩევდა, თვის ბოლომდე ყველა იმ სიმღერას უძღვნიდა იუბილარს. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ერთ იუბილარს რამდენჯერმე ზედიზედ ეძღვნებოდა ერთი და იგივე სიმღერა. ჩვენც ბედნიერი სახეებით ზედიზედ ვუსმენდით იგორ კრუტოის "с днем раждения"-ს, ალიონა აპინას "ბუღალტერს" და ჯგუფ ნანას "ფაინას".

ყველაფერი წესრიგში იყო თუ კი "ეთერში" შემდეგი ტექსტის მილოცვა არ გაიჟღერებდა - "დაბადების დღეს ულოცავენ ეკას. დიდი სიყვარულით თაყვანისმცემელი". ასეთი მილოცვების მერე, როგორც წესი, იყო საჯაროდ შეურაცხყოფილი და გაცოფებული მამების მივარდნები ტელევიზიასთან:

- ვინ მიულოცა ჩემს ქალიშვილს მითხარი, მოვკლავ მე მაგის დედა რო მოვტ@#$ნ".
- არვიცი გეფიცები, კარებთან კონვერტში ჩადებული ტექსტი და ფული დამხვდა მხოლოდ - იმართლებდა ხოლმე თავს ჟიგულიჩი.

ემოციებით სავსე "გამოცხადებების" და "მილოცვების" შემდეგ, ნებისმიერი სამტრედიელი ბიჭისთვის, ნამდვილი ტელეოაზისი იწყებოდა. ზედიზედ რამდენიმე ჰოლივუდური (შიგადაშიგ ინდური) ფილმი - ჩაკ ნორისის, შვარცნეგერის, სტალონეს, ვანდამისა და სხვათა მონაწილეობით.

მერე რა, რომ ჟიგულის ძალიან ცოტა კასეტა ქონდა და კვირაში რამდენჯერმე ერთსა და იმავე ფილმს "ატრიალებდა"? ჩემი არცერთი თანატოლი (ისევე როგორც მე) ფილმს არ ვტოვებდით. ვფიქრობ საშუალო სტატისტიკურად, ჩემი თაობის ნებისმიერ სამტრედიელს, ოცამდე მაინც ექნება ნანახი "ხიშნიკი", "კომანდოსი", "დვაინოი უდარი", "კობრა" და მრავალი სხვა.

***
ეხლა ღამის ხუთი საათია. ფეისბუქის, თვითერის, ვიკის და გუგლის პარალელურად, ოთახს, საკაბელოზე მიერთებული ტელევიზორი მიმშვენებს.

მე კი, მიუხედავად ინფორმაციული საშუალებების მრავალფეროვნებისა, ბებიაჩემი ნელი, მოხუცებული მეზობლის ქალები, მოსაწყენი "გამოცხადებები" და "ჟიგულიეს ვიდეო" მენატრება...

თბილისი. 26 აგვისტო. 2010 წელი.

11 comments:

  1. კარგი იყო, გამახალისა და გამომაფხიზლა აშკარად :)
    ეჭვი მაქვს, ტელევიზია რაიონებში ყველგან "ჟიგულიას ვიდეო"-ს პრინციპით მუშაობდა იმ დროს. ან, შეიძლება ახლაც... :)))

    ReplyDelete
  2. მე ყველაზე ძალიან შეურაცხყოფილი მამების ტელევიზიაში მივარდნა და მერე ჟიგულიეს თავის მართლების მეთოდი მომეწონა :–)))))))

    ReplyDelete
  3. ხო ნინიკო....იყო ეგეთი ამბები :))))

    ReplyDelete
  4. ასეთი მილოცვების მერე, როგორც წესი, იყო საჯაროდ შეურაცხყოფილი და გაცოფებული მამების მივარდნები ტელევიზიასთან:

    :D :D :D :D :D

    ReplyDelete
  5. ჩემთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობი სიტუაციის ასხვაა... და ბოლო დასკვნით ნაწილში სრულად გეთანხმები ჩემო უნიჭიერესო ლაშარელა

    ReplyDelete
  6. და შენ რომელი ხარ ჩემო ნიჭიერო ანონიმუსო? :)

    ReplyDelete
  7. ჩემთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობი სიტუაციის ასხვაა... და ბოლო დასკვნით ნაწილში სრულად გეთანხმები ჩემო უნიჭიერესო ლაშარელა

    ReplyDelete
  8. კრუტოი კი არა ნიკოლაევი, იგარ ნიკოლაევ..

    ეგეთი კანალი გვქონდა ჩვენც, დიდ დიღომში...
    ჯერ გვქონდა სადარბაზოს საკაბელო, ანუ ჩემს ბოლოსაერთულელ მეზობელს თავისი ვიდეო ქონდა დაშეარებული... და მთელი სადარბაზო უყურებდა მეექვსეზე მაგის ვიდეოს..

    ხიშნიკი იყო წლის ჰიტი.

    მერე უკვე დიდი საკაბელო გაიჩითა, მარა ძალიან ლოკალური, დიდ-დიღმური მიმართულებებით,

    ახლა საკაბელო ,,დიდგორი'' ქვია.. ისევ არის.

    ReplyDelete
  9. კი, სავარაუდოდ ყველა რაიონში ასეთი ტელევიზიები იყო :)) ჩემთან მაგალითად მასე იყო, ოღონდ ინდურ ფილმებს და რაიონულ ახალ ამბებსაც აჩვენებდნენ, მილოცვისას ზუსტად ყვითელი ფონი იყო, ნეკროლოგის დროს - შავი და სურათი ჰქონდა დართული, კიდევ სახელის გვერდით ფრჩხილებში ზედმეტსახელი ეწერა ხოლმე და მოხუცებზე თუ იყო მეცინებოდა ხოლმე : )) ტელევიზორსაც ასე, სამეზობლო უყურებდა, აი ეგ ახლაც ძალიან მომწონს, ბევრი ბებია ერთად და ფილმის ან სერიალის სიუჟეტს რომ განიცდიან ხმამაღლა :))

    ReplyDelete
  10. სალომე
    თქვენთან სად? :)

    ReplyDelete
  11. საგარეჯოში : )

    ReplyDelete