Tuesday, August 3, 2010

ფანჩუსრი

- სანამდე ვთამაშობთ?
- გაპურტყვნამდე
- სესხება?
- სესხებებს ვართ?
- გადაყოლებას?
- გადაყოლებებს არ ვართ...
- რამდენს ჩამოდიხარ?
- ხუთს
- დავიწყეთ?
- დავიწყოთ

- ფან ჩუ სრი...
- ნიჩია
- ფან ჩუ სრი...
- კიდე ნიჩია...
- ფან ჩუ სრი... ჩავარდი. ვარტყამ.


საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. უახლოეს ევროპული წარმონაქმნის მთლიანად აზიურ ქვეყანასთა - თურქეთთან საზღვრები ახალი გახსნილი. თითქოს ამოტუმბულ ჭურჭელს გერმეტულობა ერთბაშად დაერღვა და ჰაერი ცოფიანივით შევარდა შიგნით. იმავე სისწრაფით ქვეყნიდან საბჭოთა უთოების, ჭურჭლის და ათასი ხარახურის, ჩანთის ფსკერზე ჩახვეული სპილენძის მავთულებთან ერთად გადინება დაიწყო. თუმცა ცირკულაცია ამაზე არ დასრულებულა - უთოების და სპილენძის სანაცვლოდ უხვად დაგვიბრუნდა თურქული ბოტასები, ფერადი ტანსაცმელი სხვადასხვა წარწერებით, ცისარტყელა ზამბარები და რაც ყველაზე მთავარი იყო ჩემთვის მაშინ - საღეჭი რეზინები.

ფიჭვის, ვარდისფერი სიგარეტების და დონალდოს კევები მანამდეც იყო. თუმცა თურქეთიდან "ბლოკებად" შემოდინებულ კევებს ერთი განსაკუთებული თვისება ქონდა - "ნაკლეიკები"...

კევები ბევრი იყო მაგრამ პოპულარული რამდენიმე მათგანი გახდა - "ლაზერი", "ოტო-მოტო", "ტურბო"...კიდევ იყო "ლოვე" მაგრამ ბიჭებისთვის ის ნაკლებ ინტერესს წარმოადგენდა.

ჰერმეტულობა დარღვეული ჭურჭლისთვის სადაც ბრიუს ლის კინო დარბაზში ეკრანზე გადაღებული და შემდეგ შავთეთრ ფოტოდ დაბეჭდილი მანეთიანი სურათი ყველაზე საოცნებო პოლიგრაფიული მასალა იყო, ფერადი ნაკლეიკები ნამდვილ სოციალურ მოვლენად იქცა.

სხვადასხვა სუპერ მანქანებიან, ტანკებიან, სამხედრო თვითმფრინავებიან პრიალა ფურცლებს დიდი მონდომებით ვაგროვებდით. ბებიის ბლოკით ჩამოტანილი "ზუვაჩკებიდან" ერთდროულად რამდენიმეს ვიტენიდით პირში და ყბების დაგლეჯვამდე ვაღლაჭუნებდით ნაკლეიკების ხათრით. რათქმაუნდა ნაკლეიკები მეორდებოდა კიდეც და მათ მეგობრებს ვუცვლიდით. იშვიათი მარკების მსგავსად იყო იშვიათი ნაკლეიკებიც. რათქმაუნდა ისეთ ფურცლებს როგორიც ნაკლეიკა იყო მალევე დაედო ფასი. ალბათ ყველა ლენინის თავიან წითელ თუმნიანს (რომელიც ჯერ კიდევ იყო მგონი ბრუნვაში) ეს ფასეული ქაღალდი მერჩივნა.

რახან ნაკლეიკები ღირებულების მატარებელი გახდა მათზე თამაშიც დავიწყეთ. ამ დროისთვის სადღაც პირველ-მეორე კლასში ვიქნებოდი. თამაშის წესები მარტივი იყო: არსებობდა ერთგვარი გათვლა, რომლის პარალელურად მარჯვენა ხელს (თუ მემარცხენე არ იყავი) ისე იქნევდი, როგორც მშობლები თერმომეტრის დაფერთხვისას - "ფან, ჩუ სრი". ორი თითი (ვიქტორია) იყო მაკრატელი. მთლიანად გაშლილი ხელი (როგროც ნაციონალური 5 ნომერი კლიპებში) იყო ქაღალდი, ხოლო შეკრული საჩვენებელი და ცერა თითი (როგორც "OK") იყო ჭა.

მგონი რთული მისახვედრი არ არის, რომ თუ მაკრატელი იყავი ჭაში ჩავარდებოდი ხოლო ქაღალდს გაჭრიდი. თუ ქაღალდი - ჭას "დააფარებდი" როგროც ჩემი მეზობელი ეთერი მრგვალად გამოჭრილ "ჟეშტს" რომ ფოთლები არ ჩაყრილიყო სუფთა წყალში.

მოთამაშეები წინასწარ ჩამოდიოდნენ ნაკლეიკებს (რამდენ-რამდენს შეკრინების წინ თანხმდებოდა). თერმომეტრის დაფერთხვის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულს უფლება ეძლეოდა გაშლილი ხელი დაერტყა პირქვე დადებული ნაკლეიკებისთვის. ტყლაშაააააან და ჰაერში ნაკლეიკები ფარფატებს. რომლებიც ამოპირქვავებული დაეცემა გამარჯვებულს რჩება. რომლებიც არა შემდეგი დარტმის უფლებით გადადის მოწინააღმდეგესთან.

ტყლაშაააან - ეს გავამარტივე თორე კუნ-ფუს ოსტატებს არ ექნებოდათ იმდენი ილეთი შემუშავებული რამდენიც ჩვენ გვქონდა ნაკლეიკების გადმოსაბრუნებლად. ყველაზე მაგარი მაინც ამ საქმეში ჩვენი კლასელი - წრუწუნა იყო. დარტყმის წინ ის ისეთივე მობილიზებას ახდენდა როგორც კარატისტები რამდენიმე აგურის ხელით შუაში გადასალეწად... დიდხანს უყურებდა ნაკლეიკებს. არ ვიცი ამ დროს რას ფიქრობდა. შემდეგ წამი და ... მისი დარტყმა არ იყო ძალისმიერი. ის მსუბუქად და ძალიან სწრაფად მიიტანდა ხელს ნაკლეიკებთან, შემდეგ ვირტუოზივით გაწევდა გვერდით და ოპლაც - ჰაერის ნაკადს ყველა ნაკლეიკა ისე ქონდა გადმობრუნებული და გაშლილი, რომ ნებისმიერ კრუპიეს და ილუზიონისტს შეშურდებოდა.

აქ შემეძლო მომეყოლა, ერთხელ როგორ გამაკოტრა ანუ გამპურტყნა არდადეგებზე თბილისიდან ჩამოსულმა ჩემმა ბიძაშვილმა, რომელმაც მეორე დღეს რევანშის ასახებად ნაკლეიკები არც კი მასესხა. შემეძლო ამეხსნა ვინ იყვნენ "გამტაცებლები", რომლებიც სკოლაში თითქოს თვალს ადევნებდნენ თამაშს და ყველაზე დიდი ფსონის დროს უეცრად ხელს სტაცებდნენ ნაკლეიკებს და გარბოდნენ, მთელი სკოლა კი უკან მისდევდა და თუ თუ დაიჭერდნენ იმ უბედურს ისე სცემდნენ ნაკლეიკასავით გააბრტყელებდნენ, მაგრამ ამჯერად სხვა რამ მინდა გითხრათ...

მთელი თამაშის მაგიური ფრაზა რომელსაც დღეში ალბათ რამდენიმე ასეულჯერ წარმოვთქვამდით - ფან ჩუ სრი - იყო. პირველი შოკი მაშინ მივიღე როცა იმავე თამაშს სტუმრად ჩამოსულმა ქუთაისლებმა "ჯეირანი" უწოდეს და გათვლასაც ამ იდუმალი სიტყვის დამარცვლით აკეთებდნენ. იმდენად ვერ შევიგუე ეს სახელი რომ სერიოზულად ვეჩხუბე "ფანჩუსრის" სახელის შეურაცხყოფისთვის. ხოლო უფრო სერიოზული ტრამვა რამდენიმე წლის შემდეგ მივიღე, როცა "ჟიგულიას ვიდეოზე" (ადგილობრივი ტელევიზია - ტვ სამტრედია, რომელზეც მოგვიანებით მოგიყვებით) ვნახე ფილმი. ფილმში სამი ამერიკელი ბავშვი ბაბუასთან ჩავლენ ზაფხულში დასასვენებლად - რომელიც კუნგ-ფუს უბადლო ოსტატია. რათქმაუნდა ბაბუა ცდილობს რომ გოგლიმოგზე გაზრდილი ამერიკელ ბავშვები კეჟერა ფხალზე და ამოლესილ ლობიოზე გადაიყვანოს და კარატეშიც ავარჯიშოს. გარდამტეხი მომენტის შემდეგ კი ასეც ხდება - ისინი იწყებენ კარატის ათვისებას და ფილმის ბოლოსკენ მიწაზე დაგდებული "დიმაუშკებით" გაქრობასაც კი სწავლობენ. მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მთავარი ის იყო რაც ფილმის შუაში მოხდა. ერთერთმა ფუმფულა კარატისტმა შვილიშვილმა, თავის ძმასთან რაღაც საკითხის გადასაჭრელად, ჩვენი "ფანჩუსრი" ითამაშა. ყველაფერი იგივე იყო, მხოლოდ სიტყვები იყო განსხვავებული. სიტყვები რომლებიც მაშინ კარგად გავარჩიე, ეხლა ვიცი რომ იწერება როგორც One, Two Three. Раз, Два, Три - თარგმნა ცხვირზე "შპილკა" მოჭერილმა დიქტორმა.

უცებ მივხვდი რა სისულელეს ვიძახდი მთელი ეს პერიოდი. მივხვდი რომ სულ ტყუილად ვეჩხუბე ქუთაისელ სტუმრებს "ფანჩუსრის" ქართული ვერსიის გამო... მაშინ პირველად მივხვდი რომ მალინა მასწავლებლის ფრანგული დიდად არ გამომადგებოდა ცხოვრებაში და დავიქრდი რა სისულელე იყო "ფანჩუსრი".

თუმცა მეორე დილით ადრე ავდექი, გეოგრაფიის წიგნში ნაკლეიკები თანაბრად გადავანაწილე და სკოლაში გახარებული გავვარდი.

- სანამდე ვთამაშობთ?
- გაპურტყვნამდე...

3 comments:

  1. ჩვემც ვთამაშობდით ხოლმე ნაკლეიკებზე
    მერე რა რო გოგოები ვიყავით

    აუ რა მაგარი იყო ტურბოები
    იქ ამოსულ მანქანებს ჩვენ ერთმანეთს ვახარბებდით და იმედს ვიტვებდით რომ ჩვენს ქმარს ოდესმე ესეთი ეყოლებოდა

    მახსოვს ყველაზე მეტად წითელი კაბრიოლეტი ბეემვე მომწონდა ხოლმე
    გორაკზე იდგა ხოლმე ცის ფონზე :)

    იმდენად ვერ შევიგუე ეს სახელი რომ სერიოზულად ვეჩხუბე "ფანჩუსრის" სახელის შეურაცხყოფისთვის.
    :დ :დ :დ :დ

    ReplyDelete
  2. დურუ გაიხარე :)
    კაკლები ჩემი წინა თაობა იყო ძმაო :) ჩვენ - ახალი თაობა მაგას ნაკლებად :)

    ReplyDelete
  3. :))))

    მე ჩემი საბჭოთა ბავშვობის ბნელ პერიოდში გატაცებით ვმღეროდი 'აჯესკოოოო ჯუსეეეიიიი, აი ლავ იუუუ':))))

    ფანჩუსრი:))) ძაან მაგარია:))
    და მალინა მასწავლებლის ფრანგული:))

    ReplyDelete