ბანკ A-დან ბანკ B-ში ახალი გადასული გახლდით. B- ბანკი, რომ რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი როცა გასაუბრებაზე, ჩემმა მომავალმა მენეჯერმა გოგონამ, გულიდან ამოღებული ბგერებით დამიყვირა A-ბანკის შემოთავაზებაზე - Похуй тебе тот банк...иди к нам-ო. (აქვე ვიტყვი რომ ეს გოგო ერთერთი კარგი მენეჯერი და ადამიანი აღმოჩნდა ჩემს მწირ საოფისე კარიერაში).
B ბანკის განსხვავებულობა პირველივე საფეხურებზე (ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით) ვიგრძენი, როცა კედელზე მიმაგრებულ ჩიპი ვერ დავინახე, რომელზეც A ბანკში ელ. საშვს ვადებდი და მისვლას ვაფიქსირებდი - როცა გინდა მოდი და წადი, მთავარია საქმე გააკეთოო - განმიმარტეს მოგვიანებით. განსხვავებული იყო მეილიც - A ბანკში lashak@... თუ ვიყავი, B ბანკში lkvantaliani - გავხდი. მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ მელოდა.
როგორც იქნა გამიწერეს ჩემი განსხვავებული მეილი, მომიწყვეს განსხვავებული მაგიდა, დამიდგეს განსხვავებული კომპიუტერი, გვერდით განსხვავებული ტელეფონი მიუდგეს და ეს ყველაფერი განსხვავებულ ხალხით სავსე დიდ ოთახში ხდებოდა. ერთადერთი რაც გულს მიმშვიდებდა შავი ფერის სტეპლერი იყო - რომელიც ტყუპისცალივით გავდა ჩემი A ბანკის საკანცელარიო საშუალებას, ჩინური წარმოების რაციონიდან.
მოკლედ ერთ დიდ განსხვავებაში ამოვყავი თავი. ძალღონე მოვიკრიბე, ნაცნობ სტეპლერს სევდიანი თვალებით გავხედე და მეილი შევამოწმე.
FYI- ეწერა მეილის თავში დიდი ასოებით. არიქა, ვეცი ბროუზერს - ჯერ წვდომა არ მაქვს ინტერნეტზე. ლინგვოც არ მიყენია. მმმმ... დამენძრა?
IMHO - უპასუხა ვიღაცამ FYI -თი დაწყებულ მიმოწერას, რომელშიც ასამდე კაცი მაინც იქნებოდა.
ASAP - მოვიდა შემდეგ პასუხი და ის იყო, სტეპლერისთვის ხელი უნდა ჩამევლო და ოფისიდან გავქცეულიყავი, მომდევნო მეილმაც მომისწრო.
agree... - მოიწერა ვიღაც მადლიანმა, რომლის "სიგნაჩაშიც" (Signature) ამოვიკითხე, რომ ერთერთი დეპარტამენტის "Head of"-ი ყოფილა. "აგრეე???" ...ვაჰ... ანუ "ასე, მაშ ასე?" - ოღონდ ქართლური დიალქეტით?.. ანუ ყევლაფერი ჯერ დაკარგული არ არის? იმ მომენტში ჩემთვის ამ ადამიანზე მხიარული და დახვეწილი იუმორის პატრონი არ მეგულებოდა, რადგან მან გაბედა და ლათინური აბრევიატურების წვიმაში ნამდვილი ეთნოგრაფიული სასწაული მოახდინა.
მოგვიანებით, ლინგვოც დამიყენეს და ისიც ვნახე რომ "აგრეე" სინამდვილეში "ეგრიი" იყო, თანხმობის ნიშნად მოწერილი, მაგრამ ამ სიტყვის წყალობით B ბანკთან ადაპტაცია დავიწყე და დავრჩი.
სულ მალე, აბრევიატურების ოსტატიც გავხდი და ხუთას-ხუთას კაციანი მიმოწერების უწყვეტ ნაკადს ჩემს აუთლუქში, იმაზე იოლად ვამუშავებდი და ვინელებდი ვიდრე შესვენებისას ნაჭამ ფენოვანს და დამწვარ კატლეტებს.
ერთ-ერთი მიმოწერა რომელიღაც პლასტიკური ბარათის სარეკლამო ტექსტს ეხებოდა, სადაც ისეთი გაურკვეველი სიტყვა იყო ნახსენები Google-საც კი გაუჭირდა მნიშვნელობის მოძებნა.
- ეს სიტყვა ამოვიღოთ - მოიწერა ვიღაც გულუბრყვილომ
- არ ამოვიღებთ -Sounds professional - მიაყოლა "არ ამოღების" არგუმენტიც ჩემმა გასაუბრების დროიდან მოყოლებულმა მენეჯერმა იქვე და მიმოწერაც შეწყდა.
რატომღაც უცებ გურჯაანის ნაყინის რეკლამა გამახსენდა - "...ეხლა უკვე ISO რომელიღაც ნომრიანი სერთიფიკატით"... ნეტა გურჯაანის ნაყინის რამდენმა მომხარებელმა იცის რა არის ISO სერთიფიკატი ზოგადად, მის კონკრეტულ "რომელიღაც" ნომრიან შემთხვევას თავი რომ გავანებოდთქო - წავედი ფიქრებში.
- ხო მაგრამ, ვიღაც იმას მაინც მიხვდება, რომ სერტიფიცირებულია - გავუმართე ჩემს თავს პოლემიკა და უმწიკვლო რეპუტაციის ქართულ მარკეტინგს ადვოკატად დავუდექი.
უფრო წინ წასულები კი იმასაც მიხვდებიან, რომ ლათინური ასოებით დაწერილი ISO - "იმპორტული" სერთიფიკატია და აბა მის ბაღანას, რაცხა ქართული და უვარგისი სერთიფიკატის მქონე ნაყინს ხომ არ აჭმევს?
კიდევ უფრო წინ წასულებს კი ეცოდინებათ რას ნიშნავს ISO სერთიფიკატი და იტყვიან - ყოჩაღ გურჯაანის ნაყინსო. ხოლო თავად გურჯაანის ნაყინის დირექტორს (უკაცრავად მენეჯერს) კი ზედმიწევნით ეცოდინება რას ნიშნავს ISO სერთიფიკატი "რომლიღაც ნომრით" და კმაყოფილი მოიფხანს მუცელს ეკრანის წინ - გამანადგურებელი სიტყვით გამოვედი ნაფიცმსაჯულების წინაშე ქართული მარკეტინგის შესარცხვენად გამართულ სასამართლო პროცესზე.
მოკლედ ასე იყო თუ ისე, მაშინ პირველად დავფიქრდი რას ნიშნავს - Sounds professional, რა დანიშნულება აქვს მას, ვინ როდის როგორ იყენებს და etc.
იქვე აღმოვაჩინე, რომ ერთი პროფესიის ხალხს აუცილებლად უყალიბდებათ გარკვეული "ჟარგონული Sounds professional" ლექსიკონი. როგორც პროფილაქტიკაში ხადავშიკი გადასძახებს ხოლმე კოლეგად, "სტუპიცის პაჩებნიკები დამიძებნეო", იმავე წარმატებით ოფისში იტყვიან "დამირემაინდერე", "დააბისისივე" ან "დაარეფლაიოლეო".
მაგრამ ამ პოსტის დაწერის მიზანი და მთავარი აღმოჩენა სულ სხვაა. მე დავაკვირდი ხალხი, რომელიც იეყენებს გინდ უბრალო, გინდ ჟარგონულ Sounds professional-ს ოთხ ჯგუფად იყოფა:
1. ტიპები, რომლებსაც ნასწავლი აქვთ ინგლისურად და მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურად და ქართული შესატყვისი მათი თავის ტვინის ნაცრისფერს გარსში ფიზიკურად არ ინახება (ასეთი "ტიპები" სინამდვილეში "B" ბანკში იყო ერთი ტიპი - ოღონდ კოლმეურნეობის თავჯდომარის სახელის და გვარის დასახელება არ მოსული პონტია - ვიცით ყველამ)
2. ტიპები, რომლებიც ბაძავდნენ იმ ტიპებს, რომლებსაც ნასწავლი აქვთ ინგლისურად და მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურად, თუმცა მათი ტვინის ნაცრისფერ გარსს, სხვა სისულეებთან ერთად, ამ სიტყვების "მაღლივში" ნასწავლი ან სადმე ყურმოკრული ქართული ანალოგები მრავლად მოეპოვება.
3. ტიპები რომლებიც საუბრობენ ასე რადგან სხვანაირად კოლეგები მათ ნათქვამს "თითქოს" და ვერ გაიგებენ კარგად ან კორექტულად.
4. ტიპები, რომლებიც ძალიან უნიჭოები და დებილები არიან და ცდილობენ ამერიკის რომელიღაც "ადიბას" კოლეჯში ნასწავლი და გაზუთხული Sounds professional - ით მოახდინონ შთაბეჭდილება.
მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მეორე და მესამე კატეგორიებს ერთდროულად მივეკუთვნებოდი, მეოთხე კატეგორია ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებდა ჩემს ნეირონულ ნერვულ ბადეზე.
საქმე იმაშია, რომ უცხო სიტყვების უაზრო რახარუხი, მხოლოდ ამერიკის ან ლონდონის რომელიღაც "ადიბასში" განსწავლულობის (რაც ავტომატურად გათმქევინებს გულში ეს რა საუნდი ქონია და ეს რა პროფესიონალიაიო) მანიშნებელი კი არაა, ასეთ საუბარს ტაქტიკური დანიშნულებაცააქვს - სანამ შენ შიფრავ რა სახის ინფორმაცია გადმოგცა ქალაქის თავზე დაკიდებულმა ზეგანვითარებულმა უცხყოპლანეტელების ხომალდმა, ისინი მორიგი შეტევისთვის ემზადებიან.
მე პირადად საკუთარი - ქვის ხანის - დაცვა მქონდა უცხოპლანეტელების მომავლის ტექნოლოგიებისაგან. როდესაც რიგით შეხვედრაზე მარწმუნებდნენ, რომ რომელიღაც "რეიშიო" არ შიეძლება "რომელიღაც ტოტალში" ყოფილიყო "რაღაცნაირად დაინქლუდებული", ზრდილობიანად ვაწყვეტინებდი - განვმარტავდი, რომ მაღლივის იქეთ თრეინინგზეც არ ვარ ნამყოფი და იქაც მე უბედურმა რამდენიმე უმაღლესი მათემატიკა და ევრისტიკული მოდელირება ვისწავლე მხოლოდ.
ამის შემდეგ მარტივად დგინდებოდა, რომელიღაც რეიშიო - რომელიც ორი რიცხვის პროპორციული დამოკიდებულება ყოფილა, იმიტომ ვერ იქნებოდა მათი აზრით რომელიღაც ტოტალში ანუ გარკვეული რიცხვთა სიმრავლის ჯამში, დაინქლუდებული - რომ ელემენტარულ შეცდომას უშვებდნენ ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნისას.
ასე, რომ თუ მყარად გაქვს გადაწყვეტილი ოფისში მუშაობა გაარკვიე ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებიდან შენს თავს რომელს მიაკუვნებ და თუ მეოთხე კატეგორიას არ მიეკუთვნები Please RTFM.
ISO-ზე საშინელი მოგონებები მაქვს. ტრეინინგებზე ავტოტრეინინგს ვიტარებდი ხოლმე რომ არ ჩამძინებოდა :–)))
ReplyDeleteდა ერთხელ, გამოფენაში მონაწილე ერთ–ერთმა ტიპმა, შეხვედრაზე ძაან ამაყად გამომიცხადა, მე გენაცვალე იესოს სერთიფიკატი მაქვს, ისე კი ნუ მიყურებთო.
რაც მე იქ დამემართებოდა, ამას ნუ დამაწერინებთ :–)))))
მე-ზეცაა ეს , ვაღიარებ :D
ReplyDelete"ინბოქსი ნახე, რაღაც დაგიიმეილე, მერე შენი დოკუმენტიც მიაეთეჩმენტე და დააფორვარდე ადმინთან" - ჰა, რავალი ქორთულია? :D
აი ახლა მაქვს ზუსტად ფბ-ზე სტატუსი, სადაც ვარკვევ, რა არის field manager-ი, რომა რ ითარგმნება, ასეთი სიტყვები საიტან მოვიტანო?
ან ისეთები, რომლებიც უკეთესად ჟღერს ინგლისურად და უფრო მოკლედ ითქმის, ვიდრე ქართულად. მათ შორის FYI, IMHO & ASAP აბრევიატურები.
აბა წარმოიდგინე, რამდენი სიტყვა უნდა დაწერო ქართულად:
თქვენი ინტერესისთვის (ძალიან სასაცილოა)
ჩემი მოკრძალებული აზრით = ჩმა = ჩ.ა. (me ამ უკანასკნელს ვიყენებ ხოლმე და ისეთივე დამაბნეველია ბევრისთვის, როგორც IMHO)
და
asap
რაც შეიძლება მალე, რაც უფრო უხეშად და მავალდებულებლად ჟღერს, ვიდრე ინგლისური შესატყვისი.
მოკლედ,
არ ვამართლებ,
მაგრამ ცხოვრებას აიოლებს ზოგჯერ ნაწილი ბარბარიზმები :)