Friday, August 6, 2010

აზიმუტი

- თქვენ ლაშა გქვიათ? - ძლივს მომაწვდინა ხმა ნანკამ, ტექნო მუსიკის ფონზე.
- კი ლაშა - თავის დაქნევით გავიმარტივე საქმე.
- თქვენს ბლოგს ვკითხულობ, ძალიან რაღაცნაირია - მომაყვირა ნანკამ და კოქტეილი მოსვა
- მადლობთ - ნათქვამს უნებლიედ კომპლიმენტის კვალიფიკაცია მივანიჭე და შევიშმუშნე
- რა უბნელიხარ?

***
ნანკა 22 წლის იყო როდესაც ერთერთ სვეცკ ტუსოვკაზე გავიცანი. ის ერთერთი იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებოდა რომელიც დღისით ვაკელი იყო, სანამ მშობლების სამსახურიდან დაბრუნებას ბებიასთან და ბაბუასთან ელოდებოდა, ხოლო საღამოს ვერელი - როგორც კი კეკელიძეს გადაკვეთდა და სახლში ავიდოდა.

ნანკას ყოველთვის უჭირდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე "რა უბნელიხარ". - უფრო ვაკელი, პასუხობდა ხოლმე თვალებ მოჭუტული, ცოტახნის შემდეგ.

მას ხელოვნების დონეზე ქონდა აყვანილი ტუჩებში გამოთქმული ბგერები და წმინდა რიტუალად გადაქცეული კვირაში ერთხელ სალონში მისვლა. უყვარდა დედამისის გამომცხვარი ვაშლის პეროგი და მარტინი ბიანკო. მასთან სექსიც კი ურბანული სპეციფიკაციით გამოირჩეოდა.

- რესტორანი რომელ სანაპიროზეა - გვკითხა მოულოდნელად მძღოლმა.
- იქეთა - დაუფიქრებლად უპასუხა ნანკამ.

კუთხეს ჩრდილოეთის მიმართულებას, დამკვირვებელსა და რაიმე საგანს შორის აზიმუტი ეწოდება - აგვიხსნა ციცინათელა მასწავლებელმა და იქვე მიაყოლა - იმისათვის, რომ მდინარის სანაპიროები დაადგინო უნდა დადგე მისი დინების მიმართულებით, შესაბამისად უნდა განსაზღვრო მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. მას შემდეგ ჩემს სამგანზობილებიან მოდელს მდინარის თავზე, ჰაერში მოფარფატეს წარმოვიდგენ ხოლმე და ვადგენ, რომელია მარცხენა და რომელი მარჯვენა სანაპირო.

ნანკას გეოგრაფია დიდად არ უყვარდა მაგრამ რომც ყვარებოდა სანაპიროებს მაინც იქეთა და აქეთა ნაწილებად დაყოფდა.

ის აქეთა სანაპიროზე გაიზარდა. აქეთ იყო ვერა, ვაკე, მთაწმინდა და პიცერია "ელპასო", ხოლო იქეთ გლდანი, მუხიანი და თემქა.

***
ისე მოხდა, რომ ჩემი ბიძაშვილი - გია, ატლანტაში სწავლობდა. ის დრო იყო, როდესაც საქართველოში მხედრიონის განვითარების პროპორციულად ქართველების მიგრაცია იწყებოდა. იმ დროისთვის "ქართველი-საზღვარგარეთ" არც ისე ხშირი მოვლენა იყო.

რამდენიმე წლის სწავლის შემდეგ, დასასვენებლად ნიუორკში ჩასულმა გიამ, ერთერთ სავაჭრო ცენტრში, დანატრებულ ქართულს მოჰკრა ყური. სიხარულისგან თვალებანთებული სულმოუთმელად მიჰყვა "ვიდრედ მეორედ მოსვლამდე" დამარხულ ენას, რომელმაც ორ ახალგაზრდა ბიჭთან მიიყვანა.

- გამარჯობათ, როგორ გამიხარდა რომ ქართული გავიგონე. სამი წელია ამერიკაში ვარ და ქართველი არ მინახავს...
- ქართველი ხარ? - მიაგებეს გახარებულს პასუხად.
- კი, ქართველი ვარ- დაბნეულმა მაგრამ მაინც უპასუხა გიამ.
- რომელი ქალაქიდან?
- თბილისიდან - ღიმილი ზამთარში აივანზე გაფენილი სარეცხივით ნელნელა შეეყინა სახეზე.
-...და რა უბნელი ხარ?

***
ნანკას ყოველთვის უჭირდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე "რა უბნელიხარ". - უფრო ვაკელი, პასუხობდა ხოლმე თვალებ მოჭუტული, ცოტახნის შემდეგ.

მას ხელოვნების დონეზე ქონდა აყვანილი ტუჩებში გამოთქმული ბგერები და წმინდა რიტუალად გადაქცეული კვირაში ერთხელ სალონში მისვლა. უყვარდა დედამისის გამომცხვარი ვაშლის პეროგი და მარტინი ბიანკო. მასთან სექსიც კი ურბანული სპეციფიკაციით გამოირჩეოდა.

- თქვენ ლაშა გვიათ? - ძლივს მომაწვდინა ხმა ნანკამ, ტექნო მუსიკის ფონზე.
- კი ლაშა - თავის დაქნევით გავიმარტივე საქმე.
- თქვენს ბლოგს ვკითხულობ, ძალიან რაღაცნაირია - მომაყვირა ნანკამ და კოქტეილი მოსვა
- მადლობთ - ნათქვამს უნებლიედ კომპლიმენტის კვალიფიკაცია მივანიჭე და შევიშმუშნე
- რა უბნელი ხარ?...

9 comments:

  1. კარგია, ძალინ მომეწონა! აი, ძალიან, ძალიან :)
    და მეც ეგრე ვარჩევ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს ;)
    რა უბნელი ხარ? - რა კითხვაა, რა გჭირთ ხალხნო?!...:(
    მგონი, პროზას უფრო უხდება შენი იუმორი და გამჭრიახობა ;)

    ReplyDelete
  2. მართლა ციცინათელა ერქვა შენს მასწავლებელს? ადრე მეც გავიცანი ერთი გოგო, ოღონდ სადღაც ფორუმში. პირველი, რაც მითხრა, დედისერთა ვარ და ვაკეში ვცხოვრობო, მართლა ეგრე მითხრა. მე ვუპასუხე ორი და მყავს და ნახალოვკაში ვცხოვრობ მეთქი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემთან დამეგობრების სურვილი აღარ ჰქონია. ოჰ ეს არაპრესტიჟულუბნელები რა კომპლექსიანები ვართ რა :)

    ReplyDelete
  3. სიამოვნებით წავუკითხავდი ამას ჩემს რამდენიმე მეგობარს, მაგრამ მაინც არ გაჭრის, ვიცი ;)

    ReplyDelete
  4. ანონომუებთან ჭიდილზე ძაან მეცინება:))) პრინციპული ანონიმუსები:)))))

    ReplyDelete
  5. კატიე
    შენს ადგილას არ გავრისკავდი :)

    ketketa
    პიტალო კლდეზე - როგორ იყო ეგ ლექსი? :D

    ReplyDelete
  6. :))
    არ ვიცი ლექსი პიტალო კლდეზე
    ალირიული გახლავარ ფრიად:))))

    ReplyDelete
  7. კარგი იყო : ))) რეალობაც ასეთია ვგონებ :))

    ReplyDelete
  8. :))
    არ ვიცი ლექსი პიტალო კლდეზე
    ალირიული გახლავარ ფრიად:))))

    ReplyDelete
  9. კატიე
    შენს ადგილას არ გავრისკავდი :)

    ketketa
    პიტალო კლდეზე - როგორ იყო ეგ ლექსი? :D

    ReplyDelete