Tuesday, August 24, 2010

პარიკა, ინგმარ ბერგმანი, რემბო და სხვა

მაშინ როცა მავანნი ინგმარ ბერგმანს უყურებდნენ, მე "რემბოს", "პიანი მასტერს" და "ამერიკანსკაია ნინძას" ვიზეპირებდი. კედლებზე სკოლის ცხრილთანაც, ილოია ზაპოჟნიკთან მოპარული ქალის სურათის ნაცვლად, ბრუსლის შავთეთრი ფოტოები მქონდა გაკრული.

ოცნებებში როცა შეყვარებულს თავს ცუდი ბიჭები ესხმოდნენ, მე სიბნელიდან შავი ნინძის ტანსაცმელში გადაცმული გამოვრბოდი, ორს "ზვიოზდოჩკებით" ვანეიტრალებდი ხოლო დანარჩენს ჩემი "სუპერ დარტყმით" ვანადგურებდი. შემდეგ შეყვარებულს ირიბად გავხედავდი, "დიმაუშკას" მიწაზე ვაგდებდი და ვუჩინარდებოდი.

კარატე იყო ნოყიერი ნიადაგი რომელზეც ჩემი ოცნებები იზრდებოდა. მასზე ვფიქრობდი დღისით - კბილების ხეხვისას და ღამითაც - როცა კბილების გახეხვა ქუჩაში ფეხშიშველა სირბილით დაღლილს უკვე მეზარებოდა.

თუ ვინმეს წამოცდებოდა რომ კარატეზე დადიოდა, შეკითხვებით გულს და ტვინს ვუჭამდი - პირველ გაკვეთილზე რა გასწავლეს? დიმაუშკით გაქრობა უკვე იცი? მიწაში ჩაძრომას ბოლოს გასწავლიან?

და მოხდა ასეთი სასწაულიც. მხედრიონმა, რიგების ახალი თაობით შესავსების მიზნით, "კიოკუშინკაის" სკოლა გახსნა. გეფიცებით მაღლივის წინ, მისაღებ გამოცდაზე თუ ყოფილიყო იმდენი ხალხი რამდენიც კარატის სკოლის გახნის დღეს შესარჩევ ტურზე მოვიდა.

მე ერთი გამხდარი და დალეული ბავშვი ვიყავი. ჭადრაკზე და ფორტეპიანოზე დავდიოდი და პერიოდულად სამი კვერცხის გულისგან და ოთხი კოვზი შაქარით, ბებიაჩემის მომზადებულ გოგლი-მოგლს ვჭამდი. სკოლაში მსურველებს შორის კი - კეჟერა ფხალზე და ლობიოზე გაზრდილი ნამდვილი მოჯახედები იყვნენ.

ხანმოკლე ვიზუალური სელექციის შედეგად, მხედრიონის ლიდერებმა ოთხასამდე სულელური გამომეტყველების ჩაფსკვნილი ჯეელი შეარჩიეს. დანარჩენებს მადლობა გამოგვიცხადეს მისვლისთვის და დაგვემშვიდობნენ.

სახლში როგორ მოვედი არ მახსოვს. ასეთი ღრმა დეპრესია მგონი მას შემდეგ არც მქონია - მშვიდობით კარატე, დიმაუშკებო, ზვიოზდოჩკებო...მშვიდობით ბრიუს ლი...მშვიდობით ჩემო წარმოსახვითო შეყვარებულო. ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი და რაც ჩემი მამოძრავებელი ძალა იყო ერთბაშად გაქრა.

როდესაც ორი კვირა ზედიზედ ხმას აღარ ვიღებდი და ოთახში მოულოდნელად წამობღავლებებსაც მოვეშვი, მოშბლები მიხვდნენ რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო ვიდრე თვიდან ეგონათ. თურმე ნუ იტყვით და მთავარი მხედრიონელი, სკოლის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, სენსეი ზედმეტსახელად "პარიკა" ჩვენი მეზობელი ყოფილა ბინებში.

ვფიქრობ მამაჩემმა ვერ გაუძლო ჩემს ტანჯვას და უთხრა "პარიკას" რაშიც იყო საქმე (ან სენსეის სულმა ტელეპატურად იგრძნო "პრირაჟდიონი" ნინძის არსებობა და გასაჭირი) - "ლაშა, ხომ იცი ყველაფერი ხდება, ბევრი ხალხი იყო, შეცდომა გაგვეპარა, მაგრამ შენნაირები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩვენს სკოლაში" - გამანდო მისტიური ხმით ოსტატმა. მიუხედავად იმისა რომ იმ დროისთვის, ბრიუს ლისა და ვანდამის შემდეგ ჩემთვის ყველაზე დიდ ავტორიტეტს ვესაუბრებოდი, სიამაყემ მაინც მძლია და ტელეფონი უარით გავუთიშე - თუ გჭირდებოდით იქ ვიყავი და აგეყვანეთქო.

მეორე დღეს, არც მეტი არც ნაკლები სახლში სენსეიმ მომაკითხა, თავისი ნოლშესტით - "წამოდი, უბრალოდ განახებ ბიჭები როგორ ვარჯიშობენო".

ერთ მწკრივზე მუხლებში მოხრილი (როგორც შემდეგ გაირკვა "სუპადაჩის" პოზაში) ასობით ბიჭი, როგორ ყვიროდა - "ინ, ჩი, სან, სი, გო, რო, სიჩ, აძ, კიუ, ძიუ"-ს მართლა შთამბეჭდავი სანახავი იყო. შემდეგ ერთ ორ ბიჭს მასპარინგეს ( ალბათ გააფრთხილეს რომ ძალიან არ ვეცემე, თორე ეხლა რო მახსენდება ის ბიჭები უპრობლემოდ გამიბიგვინებდნენ გვერდებს) და მითხრეს "ხვალაც გამოგვიარე - გაგვიხარდებაო".

ასე და ამგვარად,თავი მოვიტყუე, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და "კიოკუშინკაელ მხედრიონელთა" რიგებში ჩავეწერე.

აჯიმანიები თითებზე, მუჭებით პირველი საშუალოს შუშის ნამსხვრევებით სავსე ეზოში სიარული და ყოველ დილით პირველი, მეორე და ზოგჯერ მესამე კატის გაკეთება, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ვვარჯიშობდი ყოველ დღე. ვვარჯიშობდი მთელი მონდომებით. "პარიკას" ყოველ სიტყვას ჰაერში ვიჭერდი და როგორც ძვირფას მონაპოვარს ისე ვუფრთხილდებოდი.

გაგიკვირდებათ და შედეგიც მქონდა. საკმაოდ კარგად "ვსპარინგობდი". კინგერის და მავაშიგერის გარდა ურამავაშიც ძლიერი მქონდა. სენსეის ვემორჩილებოდი და მუჭზე გაუხეშებული კანის კვალდაკვალ, მოთმინებით ველოდი იმ დღეს როცა "პარიკა" დიმაუშკების სროლად და მიწის ქვეშ გაქრობას გვასწავლიდა.

***
- ინგმარ ბერგმანის "მარწყვის ველი" ნანანხი გაქვს? - მკითხა მარიკამ და კვამლი პირდაპირ მთვარისკენ გაუშვა.

რამდენიმე წამი ვქექე, ჩემი მწირი "ინტელექტუალური" კინო არქივი მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.

- არა - ვუპასუხე მე და მთვარისკენ მის გასტყორნიცლ კვამლს გზად ჩემი დავადევნე და რატომღაც წარმოსახვითი შეყვარებული გამახსენდა, რომელსაც ნინძის ნიღაბის გარეშე ცოცხალი თავით არ ვენახვებოდი.

რა მოხდა მერე. მაშინ როცა მავანნი ინგმარ ბერგმანს უყურებდნენ, მე "რემბოს", "პიანი მასტერს" და "ამერიკანსკაია ნინძას" ვიზეპირებდი.

7 comments:

  1. და რამდენი წლის იყავი მაშინ? :)
    ისე გემრიელია, შენს ნაწერებს ყავას დესერტად ვაყოლებ ;)

    ReplyDelete
  2. კარგად იკითხება...

    ReplyDelete
  3. ჰოოო, მართალია ჩემთვის ეგ არაფრისმთქმელია, მაგრამ არაუშავს ;)
    ალბათ მაგ დროს მე 'Love is' ანუ როგორც მაშინ ვეძახდი "ლოვესის" ნაკლეიკებს ვაგროვებდი :)

    ReplyDelete
  4. მაგ დროს მეც დავდიოდი კარატეზე (როგორც ჩანს, ცუდმა პერიოდმა უბიძგა ოჯახს, ჩემთვის თავდაცვის ჩვევები გამოემუშავებინა;D), ჩვენც 400მდე ბავშვი ვიყავით, რა თქმა უდნა უმრავლესობა ბიჭი იყო.
    ასე, 6 თვე კი ვიარე, კატა და აგურის გატეხვა არა, მაგრამ ილეთები კი ვიცოდი და შპაკატსაც ვაკეთებდი :D
    მერე ზამთარი დადგა და ისე გაიყინა სკოლის დარბაზი, + შუქი ნახევარჯერ არ იყო და სიბნელეში 400 ბავშვის გადათვლა და მშობლებისთვის ჩაბარება არ გინდა?
    მოკლედ, გადაიტანეს ჩვენი სკოლის კარატეს ჯგუფი სხვა სკოლაში, შორს და მორჩა ჩემი ”კარატაობაც”... დავუბრუნდი ”ლოვე” კევას არა და მეორეს, მსახიობების სურათები ამოდიოდა, სახელი არ მახსოვს :D

    ჰოდა კიდე,
    მე ამ შენი თავმდაბლური პოსტების არ მჯერა მაინცდამაინც :D

    ReplyDelete
  5. ძალიან ვიხალისე, ძალიან მომეწონა:)

    ReplyDelete
  6. ვაიმე, ინგმნარ ბერგმანი და რემბო :–)))))))))))))რა მშობლიურია ორივე ჩემთვის :–)))))

    ReplyDelete
  7. ვიხალისე, კარგი იყო :)

    ReplyDelete