Monday, November 8, 2010

ბროლის ბუ და შუშის პრეზიდენტი

აი ძილის დროც მოვიდა და უცებ დიდი ილიას სიტყვები გამახსენდა: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგეო". გამახსენდა და გამეღიმა:

მთელი დღე ვიბოდიალე. არაფერი გამიკეთებია. პრინცპში რატომ არაფერი - ფეისბუქზე სამამდე სტატუსი დავწერე, ხუთი სასაცილო ვიდეო დავაშეარე და ორმოცამდე ლაიკით "ვარგე" ნაცნობ თუ უცნობ მეგობრებს (ერთ დღეში მეტი რა უნდა გამაკეთებია?).

ასე, შრომითა და ჯაფით, კლავიატურაგამოცვლილმა, ხელში პულტი მოვიმარჯვე და ტელევიზორი ჩავრთე. ბავშვობაში კევს რომ გავხსნიდი და "ნაკლეიკაზე" საყვარელი მანქანა "ამომივიდოდა", დღემდე ისე მიყვარს და მახარებს ცისფერ ეკრანზე ჩვენს პრეზიტენტს თუ მოვკრავ თვალს. ეს მინიმუმ ორ ფაქტს ნიშნავს: პირველი - რომ გადართვას აზრი არააქვს (აბა, რომელი დემოკრატიული არხი გამოტოვებს პრეზიდენტის გამოსვლას) და მეორე - ძალიან ბევრ და საინტერესო ამბავს შევიტყობ (კარგი, ჯანდაბას, სიმართლეს ვიტყვი - ვიცი, რომ ფეისბუქზე და ბლოგზე დასაწერი არ მომაკლდება მომდევნო გამოსვლამდე).

მიშას (შინაგანად მართლა მეხამუშება სახელს რომ ვწერ, მაგრამ მინდა ეს კომპლექსი გადავლახო) გამოსვლებს ისე ვუყურებ, როგორც "ყველაზე ჭკვიანის" გადაცემაში მიწვეული მონაწილეების მშობელი თავის შვილს _ ანუ მთლად რომ არ ვიცი, უფრო მინდა, რომ მისით ვიამაყო თუ უფრო მეშინია, არ შემარცხვინოს.

გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა (ჟურნალისტი რომ ვიყო, "სტუმრად ბენდუკებთან" ასე "ორიგინალურად" დავასათაურებდი, აღნიშუნლ გამოსვლას).

ვიცი, რომ "გაშლილ" თუ "დაშლილ" საქართველოზე დილის შვიდზე "პახმელიაზე" გაღვიძებულ კუკავაზე, რომელსაც აზრად ხაშის ჭამა მოუვა, ხოლო სამი საათისთვის დემოკრატიული და თავისუფალი მასმედის საშუალებებით ამის შესახებ ყველას ეცოდინება და მეზობელ სამეფოში მცხოვრებ მბრბოლელ მეფეზე, რომელიც ჩვენსას ბაძავს, აუცილებლად დაწერენ.

თან ვიღაც ლაშარელა კი არ დაწერს თავის შავთეთრ ბლოგზე, ამ ამბებზე გამოჩენილი ექსპერტები, კრიტიკოსები, ანალიტიკოსები, მებამბისნაყინეები და უბრალოდ კაი ტიპები ამეტყველდებიან ფერად ინტერნეტ თუ ბეჭდვით ჟურნალ-გაზეთებში _ ამიტომაც მე თავს შევიკავებ.

ფერად გაზეთზე გამახსენდა და სანამ დამვიწყებია, ბარემ ვიტყვი: ერთ-ერთმა გაზეთმა გოგი გვახარიას გაუმხილა გასულ კვირას - საბჭოთა კავშირი დაიშალა და ნუღარ ებრძვიო (არადა გოგის ამ ამბავს დღემდე უმალავდნენ მეგობრები), მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლის დროს დავრწმუნდი, რომ ის გაზეთი იტყუება _ საბჭოთა კავშირი არ დაშლილა! მეტიც, მას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც აქტიურად ებრძვის. თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა "წითელი ძერჟავა", მის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მოყენებული ზიანი და მისი დამარცხების გზები (გოგი, ყოველთვის ვიცოდი რომ გულის სიღრმეში პრეზიდენტის თანამებრძოლი იყავი).

ხო, რა მოსატანი სუფრასთან ეს ამბავი კი იყო, მაგრამ მაინც.

მოკლედ, ვუსმენდი გამოსვლას და პრეზიდენტის აზრები "სტატუსებად" მეყრებოდა გონებრივ ყულაბაში: "ზოგიერთები რომ რუსთაველზე დარბოდა და იქვე ქონდა ყველაფერი..." (უბრალოდ დაავიწყდა, რომ იმ ზოგიერთებამდე თვითონაც იქვე დარბოდა), "ქართული სინგაპური", "ბავშვები ქმნიან ჯგუფებს ფეისბუქზე- არ გვინდა გამოცდები" (ხელიმც კი მოტყდეს ჩემს პრეზიდენტს, ამ გვერდზე რომ გაწევრიანდეს), "აწმყო თუ აღარ გვწყალობს... არა აწმყოც გვწყალობს..." და მრავალი სხვა.

მაგრამ ჩემს ქვეცნობიერს სულ სხვა რამ ეპოტინებოდა, თავისკენ ქაჩავდა და ყურადღების მიქცევას ცდილობდა.

მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სავსე დარბაზს მიმართავდა, უკანა ფონს (ანუ "ბექრაუნდს") ორმწკრივად განლაგებული სტუდენტები უქმნიდნენ. მართალია, კადრში მოხვედრილი სტუდენტების მთქნარების ინტენსივობის და ჰოლმსის დედუქციური მეთოდის გამოყენებით, იოლად მივხვდი, რომ მათ არც წინ მდგომი და არც მისი საუბარი დიდად არ აინტერებდათ, მაგრამ თავი უნებლიედ "უკანა რიგებში" წარმოვიდგეინე და ძალიან შევწუხდი _ პრეზიდენტს ზურგი შეექცია ჩემთვის და ისე მესაუბრებოდა.

ვიფიქრე, ნუთუ მოხდა სასწაული და მცირედი შეცდომა მაინც მოუვიდა ბატონ პრეზიდენტს-მეთქი, მაგრამ პრეზიდენტის უშეცდომობის დამადასტურებელი ფაქტები, ეხლა უკვე სტუდენტების უკან განთავსებულმა ფონმა _ თანამედროვე ქართული არქიტექტურის რამდენიმე მაკეტმა წარმომიდგინა.

შუშის პარლამენტი, შუშის და "ჯერჯერობით" ყველაზე მაღალი სასტუმრო, შუშის მთავრობის სასახლე. რათქმაუნდა _ გამინათდა გონება! შსს-ს შუშის შენობა, შუშის გუმბათი პრეზიდენტის სასახლეზე, შუშის გამგეობები, შუშის პოლიციის განყოფილებები, შუშის სამინისტროები, შუშის სასამართლო დარბაზები, შუშის ხიდი, 40%-ით გამჭვირვალე შუშის საქარე მინები...

საქართველოში ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს - შუშის კედლები, შუშის გზები, შუშის თვალები, შუშის ადამიანები, შუშის მთავრობის წევრები, შუშის პარლამენტალერბი, შუშის პრეზიდენტი. დიახ, უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი (სხვა შემთხვევაში ზურგს არ შეაქცევდა სტუდენტებს :ჩურჩულით: ).

შუშის ქანდაკებები, შუშის დარაბები, შუშის ხეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდება. ამას ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომა სჭირდება. შუშის ვარდები, შუშის ეკლები, შუშის რევოლუციები.

(აქ ირთვება მუსიკა, რომელიც მაყურებელს ნელ-ნელა ამზადებს იმ მომენტისთვის, როდესაც გადამწყვეტ გამარჯვებას მივაღწევთ, ერთმანეთს ჩავეხუტებით, ვიღაც მარცხენა იდაყვში მოკეცილ მარჯვენას ჩაირტყამს და ყველას ერთხმად აღგმოგვხდება _ "Yeeeeeeeeeeeeeeeees")

...და მაშინ, როდესაც ყველაფერი იქნება შუშის.
...და მაშინ, როდესაც ყველაფერი იქნება გამჭვირვალე
...და მაშინ, როდესაც აღარ შეგვრცხვება გაშიშვლების
...და მაშინ, როდესაც მზის სხივებს ელექტრომაგნიტურ სპექტრად დავშლით
...და მაშინ, როდესაც ტანს არა "სეიფგარდით", არამედ "მისტერ მუსკულით" გავიპრიალებთ

ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ აღარ გამოვჩნდებით და ვეღარავინ ვეღარ შეგვამჩნევს.

ასე რომ, ჩემო პრეზიდენტო, იქნებ რაიმე დავტოვოთ ხილვადი, ხელშესახები, მყარი? იქნებ შენობები შუშით კი არა სარკით დავფაროთ, რომ საკუთარ თავს დავაკვირდეთ პირველ რიგში? და იქნებ... ბლოგინგითაც თუ ხართ გატაცებული, მომდევნო პრესკონფერენციაზე როგორმე ეს პოსტიც ახსენოთ.



P.S. პოსტს სანამ "დავაფაბლიშებდი" მეგობარს ვაჩვენე, რომელმაც "შუსის პარლამენტარები" გიწერია და გაასწორეო მირჩია. უცებ კუზიანზე ანდაზა გამახსენდა - "შუშის პარლამენტარს მხოლოდ..." - ვთქვი და სიტყვა პირზე შემახმა _ არც კი ვიცი, "შუშიანს" რა გაასწორებს.

5 comments:

  1. აბა, გამოიცანი :)November 8, 2010 at 10:02 AM

    შავ-თეთრი ბლოგიო... :)

    ReplyDelete
  2. ბოლოს საქართველო იქნება ერთი დიიიიდი სათბური :დ :დ

    ReplyDelete
  3. კომენტარების დალაიქება რომ შეიძლებოდეს, აუცილებლად დავალაიქებდი ჰექსეს პირველ კომენტარს ამ პოსტზე :D
    და მერე მე ვიქნებოდი ლაშას ბლოგზე ჰექსეს კომენტარების დამლაიქებელი :D

    ReplyDelete
  4. litterator
    :)))

    სათბური ცუდი არაა...გააჩნია რას მოვიწევთ ამ სათბურში :))

    ReplyDelete
  5. ეგ დუმბაძისეული დასასრული იყო და რატომ იქნებოდა ცუდი :დ :დ
    სივიში ჩავწერ, პროფესია: ბლოგის სუპერ კომენტატორი თუ დამკომენტატორებელი...

    ReplyDelete