Thursday, November 11, 2010

ოფისი

დილაა. რაღა დილა, თერთმეტი გამხდარა.

- ათთეთრიანი ხომ არ გაქვს?
- ყავაზე თუ ადიხარ, მეც ჩამომიტანე რა

ერთი ესპრესო. ერთი ამერიკანო.

ჩართვის ღილაკს რომ ვაჭერ, ნოუთბუქის კორპუსი ყრუდ ტოკდება - თითქოს აღგზნებულ სხეულს მკერდზე შევეხე.

შავი ეკრანი...
წარწერები...
სისტემა იტვირთება....
აკრიფეთ პაროლი...
ქვიშის საათი...
რამდენიმე წამი ისევ ქვიშის საათი...

ყავის გემრიელი ყლუპი. ყველაზე გემრიელი, დილის პირველი მოსმა. აუთლუქი.

ორმოცდარამდენიღაც წაუკითხავი მეილი. ისევ ყლუპი. კითხვას ნელ-ნელა ვიწყებ - ვხურდები. ტემპი ნელ-ნელა მატულობს.

ახალი მეილი.
ისევ პრობლემაა? - მოკლე ყლუპი
ახალი შემოთავაზება - ჭიქა პირთან მიმაქვს და ვაბრუნებ.
ეს რა უსამართლობაა...
რეპორტი მოსამზადებელია. ჩავინიშნეთ - ჭიქაზე თითები სრულ მზადყოფნაშია
ჩემი დის გადმოგზავნილი სახალისო ფოტო - ღიმილი
დღეს შეხვედრაა ახალ პროექტთან დაკავშირებით - ფიქრებში წასული ყლუპი.

კითხვის ტემპი მატულობს. ოფისი ამოიქოქა. ორთქმავალივით ნელ-ნელა და დინჯად აგუგუნდა. ფურცლები აშრიალდნენ მაგიდებზე. ელმავალს დგუში ნელ-ნელა ცხელი ორთქლით ევსება. პირველი ზარი ისმის მეზობელ ოთახში. მთვარიან და სუსხიან ღამეს აყეფებული ძაღლებივით მეორე ტელეფონი რეკავს. ელმავალმა უკვე სიჩქარე აკრიფა. ტორეადორის წინ მდგარი დაჭრილი ხარივით უშვებს ორთქლს დაბერილი ცხვირის ნესტოებიდან.

ხელით ვგრძნობ _ ჭიქა ისე ამსუბუქდა, სამამდე ყლუპი თუ მექნება შემორჩენილი.

ჩემი ძაღლიც აყეფდა. მნიშვნელოვან წერილს ვკითხულობდი, არ ჩამიმთავრებია. ერთი წინადადებაც და... ჯობია ვუპასუხო, არ გამითიშონ.

- უკაცრავად, მეორე ზარი შემოდის (ჩემი უფროსია), ეხლავე გადმოგირეკავთ
- დიახ, გისმენთ...

უფროსმა ახალი დავალება მომცა. სად გავჩერდი? ყავა უნდა მომესვა. არა, ბოლო აბზაცის მესამე წინადადებაზე გავჩერდი. აი მომინიშნავს კიდეც, რათა იოლად გამეგრძელებინა კითხვა. ერთი წინადადებაც და...

მობილი რეკავს - ჩვენი ახალი პარტნიორი. ჭიქას თითებით ვატრიალებ. ძაღლი ისევ აყეფდა _ ვხედავ უფროსია, მაგრამ ტელეფონს ხმას ვუთიშავ (გადავურეკავ). ახალი მეილი მოვიდა. ვიღაც შიდა ჩეთში მწერს...


- ბავშვებო, მე სასწრაფოდ უნდა გავიდე, რაღაც შეხვედრა დაინიშნა. კურიერი თუ გამოჩნდება, მაგიდაზე რომ კონვერტია კანცელარიამდე მიიტანოს.

საკიდიდან პალტოს ვხსნი და, დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიმავალი, ფართხაფურთხით ვიცვამ.

- კი, უკვე გამოვედი, აი კიბეზე ჩამოვდივარ.


მაგიდაზე ზუსტად სამი ყლუპი ყავა ცივდება...

No comments:

Post a Comment