Wednesday, November 17, 2010

№4

ძალითპროლოგი:

- თემქაზე ცხოვრობ?
- კი
- რომელ მიკროში?
- მეოთხეში
- და ისე, რომელი მიკროებია თემქაზე?
- მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე.


***
მგონი, ამერიკის ერთ-ერთ, მნიშვნელობა რომ არა აქვს ისეთ კოლეჯში, ტრადიცია ჰქონდათ - გამოსაშვებ წელს მოწაფეები (კოლეჯელები?) რაიმე ოინს, ოხუნჯობას იგონებდნენ. ეს ერთგვარი შეჯიბრი იყო, სხვადასხვა წლის ნაკადებს შორის (ოღონდ ყოველგვარი "ლაიკების" დაგროვების გარეშე).

ერთ წელსაც შემდეგი რამ მოხდა. კოლეჯის მოწაფეებმა კამპუსის ეზოში რამდენიმე გოჭი გაუშვეს. ბუცები და მაისურები არა, მაგრამ, ფეხბურთელების მსგავსად, გოჭუნიებს ზურგზე ნომრები ჰქონდათ მიწერილი.

მოკლდ, ჩემი მაღლიველი კურსელი გოგონასი არ იყოს, ფიზ.კულტურის "ლექციაზე" სარბენლად რომ ჩაგვიყვანეს და ისტერიული კივილი მორთო - "ვაიმე ძროხაო" (ვაკელი იყო) და სულ ქუსლიანი ბოტასებით აქანდა აუდიტორიაში, კოლეჯშიც დაახლოებით იგივე მომხდარა.

ნომრიანი გოჭები კი "იურული პარკის" პირველ, მეორე და მესამე სერიებნანახი კოლეჯელებისთვის ნამდვილი ტირანოზავრებივით დააბოტებდნენ თურმე კამპუსის ეზოში.

ზუსტად არ ვიცი რამდენი ადამიანის შეჭმა მოასწრეს გოჭებმა, მაგრამ ვიცი რომ 1, 2, 3, და 5 ნომერი გოჭები პირველსავე დღეს იქნენ ლიკვიდირებულნი.

რაც შეეხება გოჭს №4, მეტად ვერაგი და ცბიერი გამოდგა. ფეხზე დამდგარა კოლეჯის მთელი ადმინისტრაცია _ გაუკრავთ ფოტორობოტით შედგენილი გოჭის სურათები, გაუვრცელებიათ ვიდეო მიმართვები, შეშფოთება გამოუთქვამს ნატოს გენერალურ მდივანს, მოუწვევიათ დამხმარე ძალა მეზობელი კოლეჯებიდან და ჭორად, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ პოლიციაც ჩაერთო საქმეშიო.

გოჭი ნომერი ოთხი, ორი კვირის განმავლობაში იძებნებოდა...


***
ზოგჯერ მეჩვენება, რომ საქართველო ერთი დიდი კამპუსია, რომლის 20% ოკუპირებულია (პროცენტებში თუ ვერ ერკვევით, ეს იგივეა, რაც ხუთ ნაჭრიანი პიციდან ერთი სხვამ აგახიოს), კოლეჯის დამამთავრებელი კურსის მოწაფეები _ ხელისუფლება, ხოლო ქართველი ხალხი (ერი!) _ კოლეჯის ადმინისტრაცია.

აჰ, გოჭები ვინ არიან? გოჭები შეცდომებია "ნებსითნი და უნებლიეთნი", რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა, გადანომრა და კამპუსის ეზოში გაუშვა.

გაუშვა თუ გაექცა, მარა ქართველ კაცს შენ გოჭს გამოაპარებ? ჰაერში მოხსნის, თონეში ისე შეაპიწკინებს, კანი რომ ტკაცუნებს და ახლადშეკმაზულ, კაი მწვანე ტყემალთან ერთად შეჭამს.

მეტაფორები იქეთ იყოს, მარა სანამ აქეთაა, ბარემ ვთქვათ - კოლეჯელი გოჭისგან განსხვავებით, სახელისუფლებო გოჭების რაოდენობა _ ოდნავ მეტი, გაშვების/გაქცევის პერიოდულობა _ გაცილებით ხშირი და კამპუსის ტერიტორია უფრო დიდი და არც ისე ხასხასა მწვანე ბალახით მოიალაღებულია.

მოკლედ, სათითაოდ რომ ყოფილიყო კიდე ჰო, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე გოჭი ერთად გარბოდა კანცელარიის და პარლამენტის შენობიდან. სანამ მთლად ელექტრონული გახდება ეს ქვეყანა და პაპკები წერწერით "Дело №" მთლიანად აღმოიფხვრება, ნუმერაციის ამბავიც მთლად დალაგებული ვერ გვაქვს. ხოდა, მეოთხე გოჭის არ იყოს, ქართველმა ხალმაც აღმოაჩინა, რომ სათვალავს შიგადაშიგ სხვადასხვა ნომერი გოჭები აკლდებოდა.

გოჭი აკლიაო? - აღშფოთდა ერი:
- საქართველო თავის გოჭებს არ დაივიწყებს!
- საქართველოს განა სადაყავს გოჭი დასაკარგავი!
- ქართველი გოჭი, ყველაზე ჭყვიტინა გოჭი მთელს მსოფლიოშიო - გაჰყვიროდა აჟიტირებული ერი.

დაიწყო გულმოდგინე ძიება ქართველმა ერმა. ეძებდნენ ყველგან, კამპუსის ყველა კუთხე-კუნჭულში: ქალიშვილობის ინსტიტუტის ქვეშ, ქართლის დედაში, ქართულ სუფრაზე, სიყვარულში და ჩახუტებაში, მოძრავი დავით აღმაშენებლის ქანდაკების ცხენის ყვერებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ სტუდენტებს შორის.

ეხლა დაკარგვაცაა და დაკარგვაც. შეიძლება დაკარგო სინდისი, ნამუსი, ღირსება, ქალწულობა, სამშობლო, მიწა, მეხსიერება და პოტენცია, მაგრამ გოჭი? უფრო სწორად გოჭები???

არა, ამას ქართველი ერი ვერ დაუშვებს _ ვერასოდეს! ხოდა ქართველი ხალხიც ჩაიციკლა გამოტოვებულნომრიანი გოჭების ძიებაზე, ძიებაზე, ძიებაზე, ძიებაზე...

ხელისუფლების ყოველ ნაბიჯზე, ცხელი თონე და მწვანე, ახლადშეკმაზული ტყემალი ახსენდებათ და პირზე ნერწყვმომდგარნი ახალი გოჭის გამოჩენას ელოდებიან. ყოველ ქმედებაში ვეძებთ გოჭს , რომელიც, ქართველი კაცის ღრმა და ღიპისეული რწმენის თანახმად, აუცილებლად უნდა არსებობდეს.

- გზები დააგეს
- და გოჭი? გზები ვჭამოთ ჩვენ?
- ხიდი ააშენეს
- და გოჭი? ხიდი ვჭამოთ ჩვენ?
- პოლიციის რეფორმა გატარდა
- და გოჭი?


მოკლედ, ვეძებთ გოჭებს ყველგან და ყველაფერში. ვეძებთ ერთსულოვნად. ვეძებთ ქვეცნობიერად. ვეძებთ პირზე ნერწყვმომდგარი და გოჭის პიწკინა ხორცს მონატრებულნი. ვინც ეძებს, ის პოულობსო. ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც _ მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერა!

ძალითეპილოგი:

კამპუსის ადმინისტრაცია მოუხელთებელ გოჭს ორი კვირის გამავლობაში ეძებდა. ორი კვირის შემდეგ კოლეჯის მოსწავლეები გამოტყდნენ, რომ გოჭი #4 უბრალოდ არ არსებობდა.

4 comments:

  1. Zalian momecona tqveni enamaxvili proza. didi siamovnebit gadavikitxe sxva postebic. axlebsac ar gamovtoveb.

    ReplyDelete
  2. მადლობა. ინიციალებს თუ მიაწერთ უფრო კარგი იქნება.

    ReplyDelete
  3. მადლობა. ინიციალებს თუ მიაწერთ უფრო კარგი იქნება.

    ReplyDelete