Thursday, November 11, 2010

უცნობი ველვეტის ქურთუკით

მაღვიძარას რამდენიმე წუთით დავასწარი. სამსახურში უნდა წავიდე. ცხრა საათია. ქუჩაში მწვანე ავტობუსები შევნიშნე - ახალი ავტობუსები ჩამოუყვანიათ, ვიფიქრე გულში.

ოფისის კარი ოდნავ შეღებული დამხვდა, დაცვის ოთახი _ ცარიელი. ოფისში ლამინირებულ დერეფნებში "კორპორატიული" ფეხსაცლის ხმა სასიამოვნო ექოდ მესმოდა. საათს დავხედე. მგონი წესრიგშია.

ქვემოთ ჩასულს ტაქსმა გამიჩერა - ოთხ ლარად თავისუფლებაზე გამომყვები? - მკითხა მძღოლმა.

- უკაცრავად
- ოთხი ლარი. თავისუფლება - შეამოკლა მძღოლმა.
- არა, მე მეტროთი ვაპირებ.
- კარგი ხუთს მოგცემ და გავედით.

კარი გამიღო. დაბნეული ჩავჯექი მანქანაში.

- აქ გაგიჩერებ თუ შეძლება - გამომაფხიზლა ფიქრებში წასული მძღოლმა და ხუთლარიანი გამომიწოდა. ფულს გაკვირვებულმა დავხედე. ენაგადაყლაპულმა გამოვართვი და მანქანიდან გადმოვედი.

კინოთეატრთან ერთადერთი პლაკატი იყო გაკრული - "მაგდანას ლურჯა. ეხლა უკვე 3D-ში" - ეწერა პლაკატს წითლად. გულდამძიმებულმა ღრმად ამოვისუნთქე. ვერც ვაზროვნებდი და სხეულს ინსტიქტურად მივენდე.

გულის წასვლისგან პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ჩოჩქოლმა მიხსნა. მიტინგს ნელი და ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი.

სახელდახელოდ მოწყობილ ხის სცენის კიდეები წითელი ვარდებით მოერთოთ. კიდეებს ხის ძველი დინამიკები ამშვენებდა. სცენის შუაში მორიდებულად მდგარ შტატივზე, რამდენიმე საიზოლაციო ლენტით გადაბმული მიკროფონი იყო ჩამაგრებული.

მიკროფონს ყავისფერ ველვეტის "კურტკაში" გამოწყობილი მაღალი მამაკაცი მიუახლოვდა.

- მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო. უპირველეს ყოვლისა გულითად მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო და აქ მობრძანდით. დღეს მსურს გითხრათ სრული სიმართლე. მე გულით ვცდილობდი, გამეკეთებინა მაქსიმუმი ამ ქვეყნისთვის. უნდა ვაღიარო, რომ უპირველესი მიზეზი ამისა სამშობლოს სიყვარული არ ყოფილა. არა, ისე არ გამიგოთ, რომ მე ეს ქვეყანა არ მიყვარს. უბრალოდ, პირველ რიგში საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ვცდილობდი.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესმე განგებ, მიზანმიმართულად ცუდი მინდოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

დადგა დრო, როდესაც მივხვდი, რომ მე ჩემი თავი ამოვწურე.
დადგა დრო, როდესაც სხვას უნდა გადავაბარო ქვეყნის საჭე
დადგა დრო, სათავეში მოვიდეს ახალი ცოცხი - მოულოდნელად გამომსვლელს უცნაურ ბგერად სიცილი წასკდა. მაგრამ მალევე დასერიოზულდა და სერიოზული სახით განაგრძო.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს მოთმინებისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომ ოდესღაც სწორედ ამ ადგილას იდგა ჩემთან ერთად წვიმაში
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომ მეკითხებოდით - "ასფალტი ვჭამოთ ჩვენო?"

მადლობა, რადგან სწორედ ამ შეკითხვამ მაიძულა, გამომეცა შოკოლადის ბრენდი "ტრასა", რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია მთელს მსოფლიოში.

მადლობა თითოეულ თქვენგანს და მსურს გითხრათ, რომ მე გადავდექი!

ადამიანი ყვისფერი ველვეტის "კურტკით" იმდენად გულახდილი იყო, რომ თვალი უნებლიედ ამიცრემლიანდა.
უცებ შევკრთი - მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არა თუ მიტირია - ვიფიქრე გულში და უბრალოდ ქარისგან აცრემლებულივით, ისე სხვათაშორისავით მოვიწმინდე თვალები  - სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იდგა.

პრეზიდენტმა სიტყვა დაამთავრა. ხელები უსიცოცხლოდ მოაშორა მიკროფონს და თითქოს ასიათასობით ნაფიც მსაჯულთა საბოლოო განაჩენს ელოდებაო, თავი ჩახარა.

ხალხი სუნთქვაშეკრული უყურებდა პრეზიდენტს.

არ-გა-და-დგე! - ჩურჩულით დამარცვლა, ვიღაცამ ხალხის სიღრმიდან.
არ-გა-და-დგე! - ჩურჩულითვე აყვა რამოდენიმე ხმა.
არ-გა-და-დგე!
არ-გა-და-დგე!
არ-გა-და-დგე!

- ბოლო ხმაზე სკანდირებდა ხალხი.

უნებლიედ ორივე ხელი შუბლზე წავიჭირე. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. მე გავრბოდი. შეშინებული, მთელი ძალით.

მიტინგს არც ისე დიდი მანძილით ვიყავი გარიდებული, მანქანა წამომეწია - რამდენად გამომყვები, მომაძახა შეუჩერებლად.
- უფასოდ, ჩავძახე მძღოლს შეშლილი სახით და მანქანაში ჩავხტი.

წინა სავარძელზე ნერვიულად ვირწეოდი წინ და უკან. შარვალი ორივე ხელით ინსტიქტურად ჩამებღუჯა და ჩავჭიდებოდი.

- რას ვუშვებით ეს ხალხი ამ საწყალ პრეზიდენტს!
- ... - თვალებდაქაჩულმა გადავხედე მძღოლს.
- იცი, მე არცერთი ინსტიტუტი არ მაქვს დამთავრებული - მითხრა ამაყად მძღოლმა, იმ იმედით რომ საუბარს გავუბამდი.
- ცუდია - ნაძალადევად ვუპასუხე უხერხულობის გამო.
- რატოა ცუდი? არც ტრესტის მართველად მიმუშავია არასოდეს. ასე ვარ ტაქსის მძღოლი რამდენი წელია უკვე, ვინ მოთვლის.

ამასობაში კიდევ ერთ მწვანე ავტობუსს ჩავუარეთ.

სახლში გულგახეთქილი ავვარდი. ოთახი ჩემია. ყველა ნივთი ადგილზეა. არც ლუდოვიკ მერომელიღაცე დამხვედრია სამზარეულოში. ამოვისუნთქე. მგონი გადავრჩი. არ გავგიჟებულვარ.


სული დივანზე მოვითქვი. ცოტა დავმშვიდდი. რაც ვნახე, არაფრის გახსენება არ მინდოდა. ხელში უნებლიედ ტელევიზორის პულტი ამითამაშდა. ჩავრთე.

"პროფილი" დაიწყო. მაიას დანახვაზე გული გამინათდა.

- გამარჯობათ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა "სამოქალაქო აღზრდის" პრობლემატკაა. სტუდიის სტუმრებთან საუბრის შემდეგ კი ჩვენ ვიხილავთ ჩარლზ ლოუტონის ფილმს "მონადირის ღამე".

პულტი და ღიმილი ერთდროულად შემახმა სხეულზე. ნერვიულობისგან ძალგამოცლილმა ძლივს გადავრთე მომდევნო არხზე.

- ახლა კი, ჩვენი ჰიტ ათეულის გამარჯვებული სიმღერა, რომელიც უკვე მესამე თვეა მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს - ლექსენი და თიკო ჩხეიძე, სიმღერით "სანთელი" - მახარა გაღიმებულმა გოგი გვახარიამ.

არ მახსოვს, პულტი როგორ მივაგდე. კომპიუტერს ვეცი. ვინდოუსის ჩატვირთვის პარალელურად მაჯვენა ფეხი ნერვულად მიხტუნავდა.

ჩაირთო. ფეისბუქში არცერთი მეგობარი არ მყავს. არცერთი შეტყობინება არ ჩანს. ჩემი "კედელიც" ქაღალდივით ცარიელია.

ავნერვიულდი.

ბლოგი გავხსენი. ბოლო პოსტი 1876 წლით თარიღდება. ბოროტი ხუმრობაა - ვიფიქრე ატირებულმა. თქვენ ყველა მე მაგიჟებთ. გინდათ, რომ გავგიჟდე - ვყვიროდი ხმამაღლა.

ბლოგის სტატისტიკის გვერდი გამახსენდა. ბოლო ვიზიტორები როდის იყვნენ, ვნახავ - ყველაფერს ვერ შეცვლიდით!

ვხედავ, ბლოგს ყოველ წამში თითო ვიზიტორი აკლდება.

იკლებს... ჩავილაპარაკე ჩემთვის.
არა იმატებს - მომესმა პასუხად ოთახის სიღრმიდან.
იკლებს - გავიმეორე ოდნავ ხმამაღლა  და იმ ადგილისკენ გავიხედე, საიდანაც ხმა ისმოდა.
იმატებს, იმატებს - გამიმეორა ხმამ და საოცრად გამათბო.
იკლებს, იკლებს, იკლებს...დამიჯერე იკლებს - ვიმეორებდი უნებლიედ და ვცდილობდი მივმხვდარიყავი მთელი ამ სიგიჟის შინაარს.

ბოდავს - თქვა აუღელვებლად ხმამ.

ნუ გეშინია დედიკო, ძმრით დაგზილავთ და სიცხე დაგიკლებს....ნუ გეშინია.

შუბლზე საოცრად გრილი და საამო ხელი ვიგრძენი. სიგრილე სითბოსავით გადმომეღვარა შუბლზე. ჩამეძინა.

5 comments:

  1. არაფერი ისეთი, სისულელე წავშალე, მაპატიეთ როგორმე.
    კარგი პოსტია :)

    ReplyDelete
  2. კადრებიც რომ ჰქონოდა დართული არაჩვეულებრივი პოსტია =))

    ReplyDelete
  3. არავითარი ფოტო მასალა!
    კინოკადრივით გაირბინა ჩემ თვალწინ ყველაფერმა :)

    ისე კი გადაიღებდა კაცი :)

    ReplyDelete
  4. არავითარი ფოტო მასალა!
    კინოკადრივით გაირბინა ჩემ თვალწინ ყველაფერმა :)

    ისე კი გადაიღებდა კაცი :)

    ReplyDelete
  5. კადრებიც რომ ჰქონოდა დართული არაჩვეულებრივი პოსტია =))

    ReplyDelete