Tuesday, August 31, 2010

კოინე ანუ სოციოლექტი

ეძღვნება ყველა პუტანას დედამიწის
ზურგზე რომელსაც უყვარს

მე მიყვარს შენეული კოინე
მე მომწონს ღამის რომ ხარ ფარვანა
ოდესღაც შენ მე დამაგოიმე
და ვაგონმშენებელი ქარხანა

მე მომწონს მთელი ღამე რომ შრომობ
გადაქექილი ჩულქის სათავით
თავგანწირული იბრძვი და ომობ
და დილით მაინც ჩემთან ათავებ

დაღლილი პერანგს რომ მიუთოვებ
როცა ისტუმრებ ბავშვებს სკოლაში
შემდეგ კი დგება ღამე უთუო
მობეზრებული შავი კოლაჟით

მე მიყვარს შენეული კოინე
მიყვარს სიტყვები რომლებსაც ხმარობ
ღამით სხვადასხვა კაცებთან იწყენ
და დილით ჩემი დანახვით ხარობ

პოეტური ზოლები

ჩემს კედელზე სარეცხის პოეტური ზოლები
მთვარეზე არეკლილი მზის სხივების ბრალია
მომდევნო ცხოვრებაში ალბათ გემახსოვრები
ღამე ერთი ნაცნობის ძველი მეგობარია

აივნის იარუსზე გაფენილი ზეწრები
განაბული უსმენენ კალიების არიას
საწოლი შენს დალალებს მაგონებს და ვერ ვწვები
თითქოს მთელი სამყარო ცარიელი არეა

ჩემს კედელზე სარეცხის პოეტური ზოლები
მოწყენილი ვუყურებ ალბათ მთელი ცხოვრება
და როდესაც გავა დრო თუ არ გემახსოვრები
თეთრ ზეწრების ფარდები მაინც გემახსოვრება

ვიცი რო გიყვართ - გიორგი ზანგური

[youtube http://www.youtube.com/watch?v=zI_QVJWcb7A&fs=1&hl=en_US]

ISO სერტიფიკატი ანუ Read The Fucking Manual

ბანკ A-დან ბანკ B-ში ახალი გადასული გახლდით. B- ბანკი, რომ რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი როცა გასაუბრებაზე, ჩემმა მომავალმა მენეჯერმა გოგონამ, გულიდან ამოღებული ბგერებით დამიყვირა A-ბანკის შემოთავაზებაზე - Похуй тебе тот банк...иди к нам-ო. (აქვე ვიტყვი რომ ეს გოგო ერთერთი კარგი მენეჯერი და ადამიანი აღმოჩნდა ჩემს მწირ საოფისე კარიერაში).

B ბანკის განსხვავებულობა პირველივე საფეხურებზე (ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით) ვიგრძენი, როცა კედელზე მიმაგრებულ ჩიპი ვერ დავინახე, რომელზეც A ბანკში ელ. საშვს ვადებდი და მისვლას ვაფიქსირებდი - როცა გინდა მოდი და წადი, მთავარია საქმე გააკეთოო - განმიმარტეს მოგვიანებით. განსხვავებული იყო მეილიც - A ბანკში lashak@... თუ ვიყავი, B ბანკში lkvantaliani - გავხდი. მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ მელოდა.

როგორც იქნა გამიწერეს ჩემი განსხვავებული მეილი, მომიწყვეს განსხვავებული მაგიდა, დამიდგეს განსხვავებული კომპიუტერი, გვერდით განსხვავებული ტელეფონი მიუდგეს და ეს ყველაფერი განსხვავებულ ხალხით სავსე დიდ ოთახში ხდებოდა. ერთადერთი რაც გულს მიმშვიდებდა შავი ფერის სტეპლერი იყო - რომელიც ტყუპისცალივით გავდა ჩემი A ბანკის საკანცელარიო საშუალებას, ჩინური წარმოების რაციონიდან.

მოკლედ ერთ დიდ განსხვავებაში ამოვყავი თავი. ძალღონე მოვიკრიბე, ნაცნობ სტეპლერს სევდიანი თვალებით გავხედე და მეილი შევამოწმე.

FYI- ეწერა მეილის თავში დიდი ასოებით. არიქა, ვეცი ბროუზერს - ჯერ წვდომა არ მაქვს ინტერნეტზე. ლინგვოც არ მიყენია. მმმმ... დამენძრა?

IMHO - უპასუხა ვიღაცამ FYI -თი დაწყებულ მიმოწერას, რომელშიც ასამდე კაცი მაინც იქნებოდა.

ASAP - მოვიდა შემდეგ პასუხი და ის იყო, სტეპლერისთვის ხელი უნდა ჩამევლო და ოფისიდან გავქცეულიყავი, მომდევნო მეილმაც მომისწრო.

agree... - მოიწერა ვიღაც მადლიანმა, რომლის "სიგნაჩაშიც" (Signature) ამოვიკითხე, რომ ერთერთი დეპარტამენტის "Head of"-ი ყოფილა. "აგრეე???" ...ვაჰ... ანუ "ასე, მაშ ასე?" - ოღონდ ქართლური დიალქეტით?.. ანუ ყევლაფერი ჯერ დაკარგული არ არის? იმ მომენტში ჩემთვის ამ ადამიანზე მხიარული და დახვეწილი იუმორის პატრონი არ მეგულებოდა, რადგან მან გაბედა და ლათინური აბრევიატურების წვიმაში ნამდვილი ეთნოგრაფიული სასწაული მოახდინა.

მოგვიანებით, ლინგვოც დამიყენეს და ისიც ვნახე რომ "აგრეე" სინამდვილეში "ეგრიი" იყო, თანხმობის ნიშნად მოწერილი, მაგრამ ამ სიტყვის წყალობით B ბანკთან ადაპტაცია დავიწყე და დავრჩი.


სულ მალე, აბრევიატურების ოსტატიც გავხდი და ხუთას-ხუთას კაციანი მიმოწერების უწყვეტ ნაკადს ჩემს აუთლუქში, იმაზე იოლად ვამუშავებდი და ვინელებდი ვიდრე შესვენებისას ნაჭამ ფენოვანს და დამწვარ კატლეტებს.

ერთ-ერთი მიმოწერა რომელიღაც პლასტიკური ბარათის სარეკლამო ტექსტს ეხებოდა, სადაც ისეთი გაურკვეველი სიტყვა იყო ნახსენები Google-საც კი გაუჭირდა მნიშვნელობის მოძებნა.

- ეს სიტყვა ამოვიღოთ - მოიწერა ვიღაც გულუბრყვილომ
- არ ამოვიღებთ -Sounds professional - მიაყოლა "არ ამოღების" არგუმენტიც ჩემმა გასაუბრების დროიდან მოყოლებულმა მენეჯერმა იქვე და მიმოწერაც შეწყდა.

რატომღაც უცებ გურჯაანის ნაყინის რეკლამა გამახსენდა - "...ეხლა უკვე ISO რომელიღაც ნომრიანი სერთიფიკატით"... ნეტა გურჯაანის ნაყინის რამდენმა მომხარებელმა იცის რა არის ISO სერთიფიკატი ზოგადად, მის კონკრეტულ "რომელიღაც" ნომრიან შემთხვევას თავი რომ გავანებოდთქო - წავედი ფიქრებში.

- ხო მაგრამ, ვიღაც იმას მაინც მიხვდება, რომ სერტიფიცირებულია - გავუმართე ჩემს თავს პოლემიკა და უმწიკვლო რეპუტაციის ქართულ მარკეტინგს ადვოკატად დავუდექი.

უფრო წინ წასულები კი იმასაც მიხვდებიან, რომ ლათინური ასოებით დაწერილი ISO - "იმპორტული" სერთიფიკატია და აბა მის ბაღანას, რაცხა ქართული და უვარგისი სერთიფიკატის მქონე ნაყინს ხომ არ აჭმევს?

კიდევ უფრო წინ წასულებს კი ეცოდინებათ რას ნიშნავს ISO სერთიფიკატი და იტყვიან - ყოჩაღ გურჯაანის ნაყინსო. ხოლო თავად გურჯაანის ნაყინის დირექტორს (უკაცრავად მენეჯერს) კი ზედმიწევნით ეცოდინება რას ნიშნავს ISO სერთიფიკატი "რომლიღაც ნომრით" და კმაყოფილი მოიფხანს მუცელს ეკრანის წინ - გამანადგურებელი სიტყვით გამოვედი ნაფიცმსაჯულების წინაშე ქართული მარკეტინგის შესარცხვენად გამართულ სასამართლო პროცესზე.

მოკლედ ასე იყო თუ ისე, მაშინ პირველად დავფიქრდი რას ნიშნავს - Sounds professional, რა დანიშნულება აქვს მას, ვინ როდის როგორ იყენებს და etc.

იქვე აღმოვაჩინე, რომ ერთი პროფესიის ხალხს აუცილებლად უყალიბდებათ გარკვეული "ჟარგონული Sounds professional" ლექსიკონი. როგორც პროფილაქტიკაში ხადავშიკი გადასძახებს ხოლმე კოლეგად, "სტუპიცის პაჩებნიკები დამიძებნეო", იმავე წარმატებით ოფისში იტყვიან "დამირემაინდერე", "დააბისისივე" ან "დაარეფლაიოლეო".


მაგრამ ამ პოსტის დაწერის მიზანი და მთავარი აღმოჩენა სულ სხვაა. მე დავაკვირდი ხალხი, რომელიც იეყენებს გინდ უბრალო, გინდ ჟარგონულ Sounds professional-ს ოთხ ჯგუფად იყოფა:

1. ტიპები, რომლებსაც ნასწავლი აქვთ ინგლისურად და მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურად და ქართული შესატყვისი მათი თავის ტვინის ნაცრისფერს გარსში ფიზიკურად არ ინახება (ასეთი "ტიპები" სინამდვილეში "B" ბანკში იყო ერთი ტიპი - ოღონდ კოლმეურნეობის თავჯდომარის სახელის და გვარის დასახელება არ მოსული პონტია - ვიცით ყველამ)

2. ტიპები, რომლებიც ბაძავდნენ იმ ტიპებს, რომლებსაც ნასწავლი აქვთ ინგლისურად და მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურად, თუმცა მათი ტვინის ნაცრისფერ გარსს, სხვა სისულეებთან ერთად, ამ სიტყვების "მაღლივში" ნასწავლი ან სადმე ყურმოკრული ქართული ანალოგები მრავლად მოეპოვება.

3. ტიპები რომლებიც საუბრობენ ასე რადგან სხვანაირად კოლეგები მათ ნათქვამს "თითქოს" და ვერ გაიგებენ კარგად ან კორექტულად.

4. ტიპები, რომლებიც ძალიან უნიჭოები და დებილები არიან და ცდილობენ ამერიკის რომელიღაც "ადიბას" კოლეჯში ნასწავლი და გაზუთხული Sounds professional - ით მოახდინონ შთაბეჭდილება.

მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მეორე და მესამე კატეგორიებს ერთდროულად მივეკუთვნებოდი, მეოთხე კატეგორია ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებდა ჩემს ნეირონულ ნერვულ ბადეზე.


საქმე იმაშია, რომ უცხო სიტყვების უაზრო რახარუხი, მხოლოდ ამერიკის ან ლონდონის რომელიღაც "ადიბასში" განსწავლულობის (რაც ავტომატურად გათმქევინებს გულში ეს რა საუნდი ქონია და ეს რა პროფესიონალიაიო) მანიშნებელი კი არაა, ასეთ საუბარს ტაქტიკური დანიშნულებაცააქვს - სანამ შენ შიფრავ რა სახის ინფორმაცია გადმოგცა ქალაქის თავზე დაკიდებულმა ზეგანვითარებულმა უცხყოპლანეტელების ხომალდმა, ისინი მორიგი შეტევისთვის ემზადებიან.


მე პირადად საკუთარი - ქვის ხანის - დაცვა მქონდა უცხოპლანეტელების მომავლის ტექნოლოგიებისაგან. როდესაც რიგით შეხვედრაზე მარწმუნებდნენ, რომ რომელიღაც "რეიშიო" არ შიეძლება "რომელიღაც ტოტალში" ყოფილიყო "რაღაცნაირად დაინქლუდებული", ზრდილობიანად ვაწყვეტინებდი - განვმარტავდი, რომ მაღლივის იქეთ თრეინინგზეც არ ვარ ნამყოფი და იქაც მე უბედურმა რამდენიმე უმაღლესი მათემატიკა და ევრისტიკული მოდელირება ვისწავლე მხოლოდ.

ამის შემდეგ მარტივად დგინდებოდა, რომელიღაც რეიშიო - რომელიც ორი რიცხვის პროპორციული დამოკიდებულება ყოფილა, იმიტომ ვერ იქნებოდა მათი აზრით რომელიღაც ტოტალში ანუ გარკვეული რიცხვთა სიმრავლის ჯამში, დაინქლუდებული - რომ ელემენტარულ შეცდომას უშვებდნენ ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნისას.


ასე, რომ თუ მყარად გაქვს გადაწყვეტილი ოფისში მუშაობა გაარკვიე ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებიდან შენს თავს რომელს მიაკუვნებ და თუ მეოთხე კატეგორიას არ მიეკუთვნები Please RTFM.

Monday, August 30, 2010

e-სტერია ანუ მე ♥ ...

რებუსის სახის ლოგოტიპი "მე NY" (მე მიყვარს ნიუ-ორკი) თურმე შეადგინა ვინმე Milton Glaser-მა და ის გამოიყენება 1970 წლიდან, სარეკლამო კამპანიაში რომლის მიზანიც, ნიურკში ტურიზმის განვითარება არის.

უახლოეს წარსულში მსგავსი ლოგოტიპი დაუკითხავად შემოიჭრა ჩვენს ქალაქში და გონებაში - ის გამოყენებული იყო ერთერთი მერობის კანდიდატის სარეკლამო კამპანიაში. თუმცა ქართველებს იმპროვიზაცია კარგად გამოგვდის და არამხოლოდ ინტერნეტი და სოციალური ქსელები გაივსო მსგავსი ლოგოტიპის ვარიაციებით, ქარხნული წესით დამზადებული, მობულურზე დასაკრავიც კი მაქვს ნანახი "მე ზუგდიდი" ლოგოტიპით.

არ შემეძლო ნიუორკიდან ზუგდიდამდე გადაჭიმული ჰორიზონტი შეუმჩნევლად დამეტოვებინა.


e-სტერია ანუ მე ♥ ...

მე ♥ სოხუმი
მე ♥ გაგრა
მე ♥ თიკა
მე ♥ მაგრა
მე ♥ ჩემი ლაღი სამშობლო
მე ♥ ჩემი ამაყი მთები
მე ♥ როცა ზამთარი არის
მე ♥ როცა კარმასთან ვთბები

მე ♥ ყველა მოდური ტიპი
მე ♥ ულტრა-ჰელიო-დენტი
მე ♥ ფეშენ თბილისი ვიქი
მე ♥♥ ეს პრეზიდენტი

მე ♥ ქარში
მე ♥ პირში
მე ♥ ცხადში
მე ♥ ძილში
მე ♥ ქალიშვილი მარადი
მე ♥ სივრცე ღია კარამდე

მე ♥ ჩვენი მთავრობა მაგრამ...
მე ♥ როცა ვინმეს ხმას ვაძლევ
მე ♥ ტანგო იო იო მას
მე ♥ როცა ონლაინ ვანძრევ

რახან სიცოცხლე ასე ნავარდობს
ჩემო ფრენდები თუ ვერ გამიგებთ
ფეხი დამადგით გულზე ყოველმან
და ამის შემდეგ დამაჰაიდეთ

Sunday, August 29, 2010

დუშის ქვეშ დაწერილი ლექსი

ნუ მომანატრებ ღიმილს და თმებს
ნუ მომანატრებ ტუჩების კალთებს
გონება ძლიერია - ძლებს
გულია სუსტი და ღამეებს ათევს

ნუ მომანატრებ შენს გვერდით წოლას
ნუ მომანატრებ შენს ქორფა მკერდს
გონება ღამით ისვენებს ცოტას
გული დღე და ღამ, დღე და ღამ ძგერს

ნუ მომანატრებ ყურთან შენს ჩურჩულს
ამოსუნთქვა რომ სულს მიკრავს...მთოკავს...
გონება ათასი წვრილმანით ცოცხლობს
გული კი უსისოცხლოდ ტოკავს.

სიმონ ჩიქოვანი - სამი რჩეული ლექსი

ეხლა დავფიქრდი რომ ბლოგზე, რომლის უმეტესი ნაწილი პოეზიას ეთმობა არსოდეს არაფერი მითქვამს ჩემს რჩეულ პოეტზე - სიმონ ჩიქოვანზე.

რჩეული და ამოჩემებული პოეტი, კომპოზიტორი, შემსრულებელი და ა.შ. - კაცმა რომ თქვას არ მყავს. უბრალო მეგულება ლექსი, მუსიკა, ნახატი და ა.შ. რომელიც ძალიან მომწონს. შესაბამისად ვისაც მიეკუთვნება ეს ნახატი მუსიკა ლექსი და ა.შ. და ა.შ. ის ხდება რჩეული ავტორი ...

(იმედია ტავტოლოგიურ ხუმრობას ა.შ.-ზე კომენტარები არ მოყვება :) )...

მაშ ასე...სიმონ ჩიქოვანი - ჩემი რჩეული სამი ლექსით:


თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს

სინდისს ვფიცავარ,
კურნავდი იარებს.
მიყვარდი, როგორც ზღვა ალბატროსს.
მე შენთან შორიშორს ვიარე
და ახლოს არ მოველ არასდროს.

შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა,
ან მძევლად ვყოლოდი ტაიგებს,
მე ცუდი არა ვარ, იცოდეს ზეცამაც,
თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს.

ეს გული ხომ შენკენ ქარივით ილტვოდა,
არ მსურდა სიწმინდის შელახვაც.
მე შენი ტრფიალი მინდოდა,
და შენი ბავშვობის შენახვაც...


ბარათი მთიდან

სვანეთში მივდივარ მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად,
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამშვილდე
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად.
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.


ცირა
(ჩემი აზრით ცისფერყანწელთა ერთერთი შედევრი)

ბადე ბაიდებს,
ბუდე ბაიდებს,
ცირა მუხლებზე გულფილტვს დაიდებს,

აიდა-ბაიდებს, აიდო ბაიდებს,
ცირა ციბა, ცირა წარბი,
ცირა წაბლი, წარბენილი.
ცაკუთხური, ცაკუთხედი, ხიდბოგირი.
ოდელიოდო ბუდე,
ოდელიოდო ცა,
მდინარის პირას ცხენების მოცდა.
ცირა შინდი,
შორს ბაიდით გადაფრინდი.
უდე ბუდე,
უდევს ბადე
და ბაიდებს
ობადები აბადია.
გადაფრინდნენ, გადმოფრინდენ,
ფრინველები უბინადრო.
ოდელიოდო უმბო ბუდე,
ოდელიოდო უკიბედრო
ხიდბოგირზე ცირა ციბას,
ობობებით შეევედრე.
უბინადრო უძარიდრო
ძარბაიდებს ცისადგამი
ცურავს ზღვაში ცამებული
გემებს მოაქვს
იალქარზე ცაბოკონი,
ტყეს დატვირთავს წამებული
ოდელიოდო ცა,
უდე ბუდე,
უდევს ბადე
ობობამდე.
ფუტი ბუხრის წარბებს მოხრის,
ცირა გულით გამოცრილი
გამოცირა გამოხიდი
ცისბოკონებს გამოხედე.
ოდელიოდო თუთა
თუთა, დო ცაფარი
ნშოგამო და ცაბარი.
ცირა გათხელდა,
როგორც ჩაფარა.
ცირა ციბა,
ტორი ტანზე და ფაფარი.
შარა წარბი წარბენილი,
გამოგული წამოშლილო გამოფიტა
გამოგული შორს ბაიდებს,
რომ მიყევხარ გაბუტული.
გამოგული მზით მდინარე,
დამშრალი და გამარგლილი.
გამოგული მოთუთო და უმბო ბბა,
ბადე ბუდე, მდინარე ბაიდებს.
ცირა შინდი,
ობობებზე გადაფრინდი,
უდე ბუდე,
უდევს ბადე
და ბაიდებს
ობადები აბადია.


სამწუხაროდ ჩემი რჩეული პოეტი იუთუბზე აჟღერებული ვერ ვიპოვე... :) თორე ვიდეოს სახით შემოგთავაზებდით....ინფორმაციით გადაღლილ ოცდამეერთე საუკუნეში, ხომ სე გვეზარება ლექსის წაკითხვა... :)

ფული რომ მქონდეს, რამდენიმე მსახიობს ჩავაწერინებდი სხვადასხვა პოეტების ლექსებს...საინტერესო პროექტი იქნებოდა...

ჩემი უბრალო გოგო

თიკუშა სეიშელზე წავიდა
ლილიკა ჰავაიზე ისვენებს
ჩემი გოგო კი აბაზანაში
ნელთბილი შხაპით სხეულს ისველებს

ანუკის ისეთი რაზნიცა ქონია
ელესაც შებრაწვია კანი
ჩემს გოგოს ძალიან უბრალო თხოვნააქვს -
ვუყიდო ერთი ბოთლი ლიკანი

მარიშა კიპრიდან კანარზე წასულა
ნია გადასულა ბალზე
ჩემი გოგო კი რვა ცხრა ხუთიდან
უბრალოდ გადავიდა ბანზე

ეკომ წელს ხვლიკის ხორცი გასინჯა
მაკოს თქმით ტარაკანის ჯობია
ჩემმა გოგომ კი დღეს დამახვედრა
კეცის მჭადი და ქოთნის ლობიო

ნინჩო თავის კაცს მიყავს კინოში
მანჩო თავისას შტატებში მიყავს
ჩემი გოგო კი მხოლოდ იღიმის და
ისიც ყოფნის რომ ძალიან მიყვარს

Thursday, August 26, 2010

ვეროიანმამელი ანუ გზა კოსმოსური მტვრისგან დადებითი აურის მიღებიდან "სწორი ევოლუციური ხაზის განვითარების" მინისტრობამდე

ვეროიანმამელი, შემოკლებით ვერო, დედამიწაზე სულ ახლახანს ჩამოფრინდა საცხოვრებლად პლანეტა მაკემაკედან.

მიუხედავად იმისა რომ ვერო წარმოშობით ადამიანთა მოდგმას მიუკუთვნება, ის პლანეტა მაკემაკეზე გაიზარდა. იქაურ ატმოსფეროს თუ უატმოსფეროობას დაჩვეულს ძალაინ გაუჭირდა დედამიწის 75% აზოტით 23% ჟანგბადითა, 1% არგონითა და კიდევ ცხრა სხვადასხვა ელემენტით გამდიდრებული ცისფერი საფარის შეგუება.

ვეროიანმამელი გაერთიანებული დედამიწის პრეზიდენტმა აღმოაჩინა მაკემაკეზე ვიზიტის დროს და დედამიწისი "სწორი ევოლუციური ხაზის განვითარების" მინისტრობაც შესთავაზა. მართალია თავის პლანეტაზე ვერო კოსმოსური მტვრისგან დადებითი აურის მიღებით იყო დაკავებული და "სწორი ევოლუციური ხაზის განვითარების" არა გაეგო რა, შემოთავაზებას მაინც დასთანხმდა.

დედამიწელები ჭორად იმასაც ამბობდნენ, გაერთიანებული დედამიწის პრეზიდენტი, მაკემაკელებისთვის დამახასიათებელმა თვალწარმტაცმა გარეგნობამ - განსაკუთრებით კი თვალებმა მოხიბლაო.

***
მოუახლოვდა თუ არა ჩვენი დედა პლანეტის ორბიტას ხომალდი, რომლითაც ვერო მგზავრობდა, დედამიწელებმა მასზე ცნობების შეგროვება დაიწყეს გალტერნეტში*. ხომალდს ნახევარი ატმოსფერო არ ექნებოდა გავლილი, მასზე დედამიწელებისთვის ყველაფერი იყო ცნობილი - რომელ პლანეტას უყურებდა ვერო მაკემაკედან ყველაზე ხშირად, რატომ დატოვა თავის დროზე დედამიწა მისმა მშობლებმა, რა უჯდებოდა კოსმოსური მტვრისგან დადებითი აურის მიღება და ა.შ.

ვიღაც იღბლიანმა მის სამგანზომილებიან პროექციასაც კი მიაგნო სადაც ვერო, მაკემაკეზე მიღებული ტრადიციის შესაბამისად პუკლოიდებთან (მაკემაკეზე არ არსებობს ცნება დედალი და მამალი - ყველას ერთი სქესი აქვს ხოლო პუკლოედიები არის მცირე რიცხოვანი პოპულაცია რომლებიც პლანეტის დანარჩენი მცხოვრებლების განაყოფიერებაზე და გამრავლებაზე ზრუნავენ) ერთად ერთობოდა, სატურნის რომელიღაც ორბიტაზე.

პუკლოიდებთან დაფიქსირებული სამგანზომილებიანი პროექცია, მაკემაკედან გამოყოლილი უცნაური აქცენტი, მაკემაკელებისთვის დამახასიათებელი ლამაზი თვალები, რომელიც დედამიწელი მამლების ქვეცნობიერი ლტოლვის ხოლო დედამიწელი დედლების შურის მიზეზი იყo - სკანდალების, ადამიანთა წუწუნის და ვეროიანმამელის გაუთავებელი კრიტიკის მიზეზი გახდა.

დედამიწელებისაგან განსხვავებით, ისევე როგორც ნებისმიერ მაკემაკელს, ვეროსაც არაჩვეულებრივად ჰქონდა გათავისებული, რომ კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის. მაგრამ ვეროს ის სტკენდა გულს, რომ პროფესიონალები და პროფესიონალური საქმიანობისთვის მას ძალიან იშვიათად ან უხარისხოდ აკრიტიკებდნენ. ძირითადად კი მაკემაკეს რადიაციით შეცვლილი მისი თვალის ფერი, მკერდი, პუკლოიდებთან დაფიქსირებული სამგანზომილებიანი პროექცია და კარგად მივიწყებული დედამიწურად საუბარი იყო.

***
პირველი რასაც მაკემაკელ ბავშვებს ასწავლიან არის ის რომ მთავარია იაზროვნო და სულერთია ამას დედამიწელების, მაკემაკელების თუ ერიდელების ენაზე გააკეთებ.... რომ მთავარია კარგი მმართველი იყო შენი საქმის და მნიშვნელობა არააქვს ხშირად ოფლიანდები თუ არა... რომ პროფესიონალისთვის, პროფესიონალიზმია გადამწყვეტი და თუ პორნოინდუსტრიის მოღვაწე არ არის სულერთია სექსი ვისთან ააქვს, რამდენჯერ, როდის რა პოზაში და ვითარებაში.

მერე რა რომ დედამიწელები დედლებად და მამლებად ვიყოფით და პუკლოედიები არ გვყავს? იქნებ შევეცადოთ და სწორი კრიტიკა მაინც ვისწავლოთ დიდმა დედამიწელებმა ერთი ციდა მაკემაკელებისაგან.

ლაშა კვანტალიანი
ყოველდღიური დღიური - ბლოგი
გამოდის ყოველდღიურად

P.S. დიდი მადლობა შთაგონებისთვის ნინო კვიტაშვილს

*გალტერნეტი - საგალაქტიკაშორისო ციფრული ქსელი. გალტერნეტის დომეინები იწყება მისამართით GGG - გლობალური გალაქტიკაშორისი კარიბჭე (Global Galaxy Gate).

Wednesday, August 25, 2010

ჟიგულიეს ვიდეო

არეულობის ჟამს მამაჩემი გარკვეული ხნით მოსკოვში წავიდა სამუშაოდ. ერთერთ ჩამოსვლაზე ჩამოტანილი "დენდის კომპიუტერი" და იაპონური ვიდეო, ტყემლის ხეებზე ძრომიალისა და სახლის უკან ღელეში კიბორჩხალების დაჭერის ფონზე, ნამდვილი ტექნიკური გადატრიალება იყო.

დენდისთან ყველაფერი გარკვეული მქონდა - ერთი კასეტა 500 თამაშით, რომელიც სინამდვილეში სამი - "მარიო", "სუპერ მარიო" და "ტანკები" იყო, საკმარისი აღმოჩნდა. აი ვიდეოსთან მქონდა ნამდვილი პრობლემები - გაურკვეველი იაპონურ ენოვანი მულტფილმების კასეტის გარდა არაფერი მებადა (თუ არ ჩავთვლით უბნელი "დიდი ბიჭებსი" მოტანილ გერანულ პორნოგრაფიას).

- რა ჩამოგიტანო - ძლივს გამაგონა მამაჩემმა, სამტრედიის დენიკინის დროინდელი ატეესისა და ეზოდან სახლამდე 5-ჯერ გადაბმული კაბელის გავლით მოსკოვიდან.
- ვიდეოს კასეტები მა...
- ფილმები?
- ხო ფილმები...
- როგორი ფილმები გინდა?
- უჟასები და ბოევიკები

მამაჩემმაც ალბათ მაღაზიაში თამამად მოითხოვა "უჟასები" და "ბოევიკები" და კასეტებით სავსე მთელი ყუთი ჩამომიტანა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. "ჭრიჭინათი" და "ბედის ირონიით" გულ მომჭაყებულს, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი, როგორ ხოცავდა ხელზე გასაფენად გამზადებული სარეცხივით, ტყვიებასხმული კაცი "ბოროტებს".

როგორც მოგვიანებით გაირკვა, (სავარაუდოდ რუსი) გამყიდველის ფანტაზიას და შერჩეული ფლმების სცენარებს საზღვარი არ ქონდა.

პირველ ფილმის შინაარსი, რომლის კასეტაზე დაკრულ ქაღალდზე ძლივს იკითხებოდა "Кристал - филм ужасов" შემდეგი სიუჟეტი ქონდა:

დაქალთან ღამით დარჩენილი რამდენიმე ქალი გადაწყვეტს რომ მაგიური კრისტალით სპირიტული სეანსი მოაწყონ. კრისტალიდან კი უნებლიედ, არც მეტი არც ნაკლები, გაბანჯგვლულ თმიანი და წითელთვალება "უჟასი" დაიხსნეს, რომელმაც ზედმიწევნით ყველა ქალი გააუპატიურა.

მეორე ფილმი მთლად საოცრება იყო - რომელიღაც მაგარ ტიპს, ქალიშვილს მოსტაცებენ, რომელსაც სექსუალური თავშეუკავებლობა ჭირს და სანამ მამამისმა ისე გადაცხრილა ხუთასი კაცი, რომ ერთი ნაკაწრიც არ დატყობია, ეს გოგო ბანდის დარჩენილ ასამდე წევრს პრაქტიკულად აუპატიურებდა. მოკლედ "ბოევიკის" რა მოგახსენოთ მარა "პორნო-ბოევიკი", როგორც ჟანრი, ჩემთვის შოკისმომგვრელი და ამავედროს სასიამოვნო აღმოჩენა იყო.

უცხოურ ფილმებს უკვე გემო გავუგე და გაჩერება ძალიან რთული იყო. არადა ეს ფილმებიც არ იშოვებოდა ასე მარტივად. თუ სადმე კასეტას წავაწყდებოდი ზედ ქორწილის გარდა (რომელიც ყოველთვის ხელუხლებელი სუფრის კადრებით იწყებოდა და ორი მთვრალი და გაოფლილი, ყელზე ცხვირსახოც შემოხვეული კაცის ცეკვით მთავრდებოდა) ვერაფერს ნახავდი.

ის იყო იმედი საბოლოოდ გადამეწურა და "აბეზარას" მივუჯექი საყურებლად, სამტრედიაში ნამდვილი კულტურული რევოლუცია მოხდა - გაიხსნა სამტრედიის ტელევიზია - "TV ზარი", რომელსაც ხალხმა ძალიან მალე ზედგამოჭრილი სახელი - "ჟიგულიას ვიდეო" შეარქვა.

"ჟიგულიას" იმიტომ, რომ ტელევიზიის მფლობელი "ჟიგულიჩი" იყო და "ჟიგულიჩი" იმიტომ იყო, რომ მამამისს ოდესღაც "ჟიგული" ყოლია, რაც მაშინ დიდი იშვიათობა ყოფილა.

"ჟიგულიას ვიდეოს" - ეროვნული სახელწოდების პირველი ნაწილი, მგონი კარგად აგიხსენით, მაგრამ რატომ "ვიდეო" ამის ახსნას, მხოლოდ "სატელევიზიო ბადის" ოდნავ დეტალური აღწერით თუ შევძლებ.

გადაცემები 6 საათზე იწყებოდა. ჰო, გადაცემები ოდნავ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ზუსტად ექვს საათზე ჩვენს "იმპორტულ" ტელევიზორს ბებიაჩემ ნელისთან ერთად, მეზობლები - მათიკო, ჯანიკო, ლედი, მაგული და აგრაფინა მიუჯდებოდა, რადგან ზუსტად ამ დროს იწყებოდა "მკვდრების გამოცხადება".

***
ნებისმიერ სამტრედიელს ფილმ "პროფესიონალის" საუნდტრეკი, რომ მოასმენინო, ცუდ ხასიათზე დადგება და თუ სუფრასთან არის შესაძლოა "ხსოვნის" სადღეგრძლოც კი შესვას, რადგან სწორედ მორიკონეს ეს გენიალური მუსიკა ედო ფონად, შავ ეკრანზე გამოტანილ მიცვალებულების ფოტოებს.

"დეიდა შროშანა, მეოზობლები ელმირა, ზაური და ნიკიფორე, ღრმა მწუხარებით იწუყებიან რომ გარდაიცვალა კლარა ვლადიმერის ასული სარდიშვილი" - იტყოდა თუ არა წლების განმალობაში ტელევიზიის უცვლელი "ხმა", ჟიგულიეს მეუღლე - მანანა, ქალები "წასაკითხ" სათვალეზე გაკეთებულ "ტელევიზორის აჩკებს" გაისწორებდნენ და იწყებდნენ:
- დედა გოგო, მაგულიეს სიდედრის რძალი მომკვდარა...
- რომელი მაგულიეს, ჩაიკომბინატში რო მუშავობდა?
- აჰ, არა...მაგი რამდენი ხნის წინ გამოაცხადენ ქალო?!
- აბა რომელი?
- დარეჯანი რომ იყო თუ გახსოვს შენ, რაიკომში, ე მაგის და...
- უი საწყალი - შეიცხადებნენ ერთხმად ქალები და მომდევნო "მკვდრისთვის" ემზადებოდნენ.

***
როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელმა აგვიხსნა - საქართველოში სალდო უარყოფითიაო, ანუ უფრო მეტი კვდება ვიდრე იბადებაო არავის გაკვირვებია. რადგან ტელე-ნეკროლოგების შემდეგ, ყოველგვარი სარეკლამო ჭრისა და ტიხარის გარეშე, იწყებოდა "მილოცვები". ეს უკანასკნელი ყოველთვის გაცილებით ცოტა იყო ვიდრე "გამოცხადებები".

მილოცვებში საქმე სულ სხვაგვარად იყო. სანამ მოგონებებით და ემოციებით დატვირთული მოხუცები ტელევიზორიდან აიშლებოდნენ და ოჯახის საქმეებს მიუბრუნდებოდნე, ეკრანზე ჩნდებოდა ყვითელ ფონზე გამოჭიმული წითელი ვარდების ბუკეტი.

მხოლოდ ტექსტით თუ ულოცავდი ვინმეს, ხარჯი ნაკლები იყო. მილოცვას "კლიპსაც" თუ მიაყოლებდი გაცილებით ძვირი ჯდებოდა.

არვიცი ფანტაზიის სიმწირეს განიცდნენ მაშინ ჩემი თანაქალაქელები თუ უბრალოდ "ჟიგულიას ფლეილისტს" არ იცნობდნენ კარგად, თვის დასაწყისში ვინმე რაიმე სიმღერას თუ აირჩევდა, თვის ბოლომდე ყველა იმ სიმღერას უძღვნიდა იუბილარს. ხშირად ისე ხდებოდა, რომ ერთ იუბილარს რამდენჯერმე ზედიზედ ეძღვნებოდა ერთი და იგივე სიმღერა. ჩვენც ბედნიერი სახეებით ზედიზედ ვუსმენდით იგორ კრუტოის "с днем раждения"-ს, ალიონა აპინას "ბუღალტერს" და ჯგუფ ნანას "ფაინას".

ყველაფერი წესრიგში იყო თუ კი "ეთერში" შემდეგი ტექსტის მილოცვა არ გაიჟღერებდა - "დაბადების დღეს ულოცავენ ეკას. დიდი სიყვარულით თაყვანისმცემელი". ასეთი მილოცვების მერე, როგორც წესი, იყო საჯაროდ შეურაცხყოფილი და გაცოფებული მამების მივარდნები ტელევიზიასთან:

- ვინ მიულოცა ჩემს ქალიშვილს მითხარი, მოვკლავ მე მაგის დედა რო მოვტ@#$ნ".
- არვიცი გეფიცები, კარებთან კონვერტში ჩადებული ტექსტი და ფული დამხვდა მხოლოდ - იმართლებდა ხოლმე თავს ჟიგულიჩი.

ემოციებით სავსე "გამოცხადებების" და "მილოცვების" შემდეგ, ნებისმიერი სამტრედიელი ბიჭისთვის, ნამდვილი ტელეოაზისი იწყებოდა. ზედიზედ რამდენიმე ჰოლივუდური (შიგადაშიგ ინდური) ფილმი - ჩაკ ნორისის, შვარცნეგერის, სტალონეს, ვანდამისა და სხვათა მონაწილეობით.

მერე რა, რომ ჟიგულის ძალიან ცოტა კასეტა ქონდა და კვირაში რამდენჯერმე ერთსა და იმავე ფილმს "ატრიალებდა"? ჩემი არცერთი თანატოლი (ისევე როგორც მე) ფილმს არ ვტოვებდით. ვფიქრობ საშუალო სტატისტიკურად, ჩემი თაობის ნებისმიერ სამტრედიელს, ოცამდე მაინც ექნება ნანახი "ხიშნიკი", "კომანდოსი", "დვაინოი უდარი", "კობრა" და მრავალი სხვა.

***
ეხლა ღამის ხუთი საათია. ფეისბუქის, თვითერის, ვიკის და გუგლის პარალელურად, ოთახს, საკაბელოზე მიერთებული ტელევიზორი მიმშვენებს.

მე კი, მიუხედავად ინფორმაციული საშუალებების მრავალფეროვნებისა, ბებიაჩემი ნელი, მოხუცებული მეზობლის ქალები, მოსაწყენი "გამოცხადებები" და "ჟიგულიეს ვიდეო" მენატრება...

თბილისი. 26 აგვისტო. 2010 წელი.

მიმოქცევა

ტუჩიდან კისრამდე
კისერზე ბაწარი
და შენი სუნამოს სურნელი ძალიან...
იქნება ის ბაღი ეხლა იქ არც არი
მკლავები ძალიან დაღლილნი არიან

კისრიდან ფიქრამდე
ფიქრებში ღიმილი
და ლამაზ წარბებზე სრიალი თითებით
ტუჩებით შენს თვალებს ვიპოვი - მომენდე
თუკი არცერთი წამით დავფიქრდებით

ტუჩიდან კისრამდე
კისერზე ბაწარი
მკლავები თითებზე დაღლილნი არიან
ტუჩების გემო, ხმა, თმები და ღიმილი
და შენი სუნამოს სურნელი ძალიან...

თანამედროვე სიზმრები და მათი ახსნა

ქვეყნად ყველაფერი ძველდება და ჭირდება განახლება. არა, ვიტყუები. ყველაფერი ნამდვილად არ ძველდება მაგრამ ბევრი რამ ძველდება ძალიან - მათ შორის "სიზმრების ახსნაც".

ასე მაგალითად, თურმე ნუ იტყვი და სიზმარში აბრეშუმის ნაჭრის ნახვა ან ყიდვა ნიშნავს სურვილის ასრულება. ანუ ოდესღაც როცა ცოლები გამოქვაბულში ელოდებოდნენ, როდის მოუტანდნენ ქმრები დინოზავრის გაყინულ ბარკლებს, მაშინ აბრეშუმი არ არსებობდა. თუ არ არსებობდა სიზმრებშიც ხომ ვერ ნახავდნენ. შესაბამისად ოდესღაც - როდესაც აბრეშუმი გამოიგონეს ვინმე მადლიანმა დაკვირვება აწარმოა - რამდენი აბრეშუმი ნახა სიზმრად იმდენი სურვილი აუხდა. ასე და ამგვარად დაამატა კარაბადინს ახალი ჩანაწერი.

ჰოდა ბევრი რომ არ გამიგრძელდეს რამდენიმე აღმოჩენა მეც გავაკეთე თანაც ისეთ მოვლენებზე და ცნებებზე რომელიც მაშინ როცა კარაბადინი კარაბადინობდა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ვიფიქრე, რატომ შევინახო ეს ჩემი დაკვირვება ჩემთვისთქო და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ. აქვე ავღნიშნავ, რომ კომენტარებში თქვენი დაკვირვებების მოსმენის დიდი იმედი მაქვს და სურვილი გამაჩნია.

ოღონდ ყველა არალეგალურად ჩამოწერილი პროგრამის ან ქრექის არ იყოს თავშივე გაფრთხილებთ: "საიტზე მოყვანილი სიზმრების ახსნა არის ჩემს მიერ შედგენილი და მე მათ ხარისხზე და კორექტულობაზე პასუხს არ ვაგებ".

მაშ ასე:

სიზმარში ნახო რა ვინმე შენს ლინკს აშეარებდეს
ნაცნობი ფულს გესესხება.

ნახო რა სკაიპში მწვანედ ანთიხარ
ცუდია, ფათერაკი და ხიფათი იცის.

ნახო რა გუგლში სერჩავდი
საკეთილოა და კარგია, სიყვარულის პოვნას მოასწავებს.

ნახო რა უფროსი ვოლზე გიპოსტავს
გაფრხილდი და მეორე დღეს სამსახურიდან ფეისბუქსში შესული დამალულ იყავ.

ნახო რა Windows 98 გიყენია
დიდი ხნის უნახავ მეგობარს გადაეყრები.

ნახო რა ფეისბუქზე ვინმემ დაგბლოკოს
სიმწარისა და სირცხვილის ნიშანია

ნახო რა ფეისბუქზე ვინმე გიფრენდებდეს
ამხანაგებში ამაღლებას და სასიკეთოთ წარმოჩენას ნიშნავს

ნახო ბლოგზე წერდე
ავადმყოფობას და რაიმე ჭირს მოასწავებს.

ნახო რა პორნო საიტი გქონდეს გახსნილი
მეორე დღეს უხასიათობა და სისუსტე დაგჩემდეს

ნახო რაიმეს ალაიქებდე
ახალ ტანსაცმელს იყიდი

ნახო რა ანრიდ მესიჯი გაქვს
უბრალოდ წაიკითხე

ნახო მეილზე რეფლაი ოლი მისცე
რაიმე ჭორს გაიგებ

ნახო მეილზე BCC-ზე დაგსვან
რაიმე ამბავს დაგიმალავენ


ნახო რა ჩემს ბლოგზე სისულელეს კითხულობდე
უბრალოდ ძილი შეიბრუნე და კარგად გამოიძინე

Tuesday, August 24, 2010

ბროუზერი

მიყვარს ჩემს ბროუზერში
მილიონი გახსნილი ტაბი
და შენთვის მილიონჯერ ახსნილი გრძნობა
ჩემი ჯადოსნური ცისფერი აბი
და დისკოტეკაზე შენი გამოცნობა

მიყვარს მილიონი გახსნილი ფოტო
მომწონს მოწერილი მესიჯები
შენი აუდიო არქივი და
ცეკვისას ფეხზე რომ მებიჯები

მომწონს კაბა რომ გაქვს დაბალ ყელზე
შენი არეული ფაილები
უბრალო სამაჯური ვიწრო ხელზე
მოდი და ნუ გადაირევი

მიყვარს ბროუზერში გახსნილი ტაბი
და შენთვის მილიონჯერ ახსნილი გრძნობა...

პარიკა, ინგმარ ბერგმანი, რემბო და სხვა

მაშინ როცა მავანნი ინგმარ ბერგმანს უყურებდნენ, მე "რემბოს", "პიანი მასტერს" და "ამერიკანსკაია ნინძას" ვიზეპირებდი. კედლებზე სკოლის ცხრილთანაც, ილოია ზაპოჟნიკთან მოპარული ქალის სურათის ნაცვლად, ბრუსლის შავთეთრი ფოტოები მქონდა გაკრული.

ოცნებებში როცა შეყვარებულს თავს ცუდი ბიჭები ესხმოდნენ, მე სიბნელიდან შავი ნინძის ტანსაცმელში გადაცმული გამოვრბოდი, ორს "ზვიოზდოჩკებით" ვანეიტრალებდი ხოლო დანარჩენს ჩემი "სუპერ დარტყმით" ვანადგურებდი. შემდეგ შეყვარებულს ირიბად გავხედავდი, "დიმაუშკას" მიწაზე ვაგდებდი და ვუჩინარდებოდი.

კარატე იყო ნოყიერი ნიადაგი რომელზეც ჩემი ოცნებები იზრდებოდა. მასზე ვფიქრობდი დღისით - კბილების ხეხვისას და ღამითაც - როცა კბილების გახეხვა ქუჩაში ფეხშიშველა სირბილით დაღლილს უკვე მეზარებოდა.

თუ ვინმეს წამოცდებოდა რომ კარატეზე დადიოდა, შეკითხვებით გულს და ტვინს ვუჭამდი - პირველ გაკვეთილზე რა გასწავლეს? დიმაუშკით გაქრობა უკვე იცი? მიწაში ჩაძრომას ბოლოს გასწავლიან?

და მოხდა ასეთი სასწაულიც. მხედრიონმა, რიგების ახალი თაობით შესავსების მიზნით, "კიოკუშინკაის" სკოლა გახსნა. გეფიცებით მაღლივის წინ, მისაღებ გამოცდაზე თუ ყოფილიყო იმდენი ხალხი რამდენიც კარატის სკოლის გახნის დღეს შესარჩევ ტურზე მოვიდა.

მე ერთი გამხდარი და დალეული ბავშვი ვიყავი. ჭადრაკზე და ფორტეპიანოზე დავდიოდი და პერიოდულად სამი კვერცხის გულისგან და ოთხი კოვზი შაქარით, ბებიაჩემის მომზადებულ გოგლი-მოგლს ვჭამდი. სკოლაში მსურველებს შორის კი - კეჟერა ფხალზე და ლობიოზე გაზრდილი ნამდვილი მოჯახედები იყვნენ.

ხანმოკლე ვიზუალური სელექციის შედეგად, მხედრიონის ლიდერებმა ოთხასამდე სულელური გამომეტყველების ჩაფსკვნილი ჯეელი შეარჩიეს. დანარჩენებს მადლობა გამოგვიცხადეს მისვლისთვის და დაგვემშვიდობნენ.

სახლში როგორ მოვედი არ მახსოვს. ასეთი ღრმა დეპრესია მგონი მას შემდეგ არც მქონია - მშვიდობით კარატე, დიმაუშკებო, ზვიოზდოჩკებო...მშვიდობით ბრიუს ლი...მშვიდობით ჩემო წარმოსახვითო შეყვარებულო. ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი და რაც ჩემი მამოძრავებელი ძალა იყო ერთბაშად გაქრა.

როდესაც ორი კვირა ზედიზედ ხმას აღარ ვიღებდი და ოთახში მოულოდნელად წამობღავლებებსაც მოვეშვი, მოშბლები მიხვდნენ რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო ვიდრე თვიდან ეგონათ. თურმე ნუ იტყვით და მთავარი მხედრიონელი, სკოლის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, სენსეი ზედმეტსახელად "პარიკა" ჩვენი მეზობელი ყოფილა ბინებში.

ვფიქრობ მამაჩემმა ვერ გაუძლო ჩემს ტანჯვას და უთხრა "პარიკას" რაშიც იყო საქმე (ან სენსეის სულმა ტელეპატურად იგრძნო "პრირაჟდიონი" ნინძის არსებობა და გასაჭირი) - "ლაშა, ხომ იცი ყველაფერი ხდება, ბევრი ხალხი იყო, შეცდომა გაგვეპარა, მაგრამ შენნაირები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩვენს სკოლაში" - გამანდო მისტიური ხმით ოსტატმა. მიუხედავად იმისა რომ იმ დროისთვის, ბრიუს ლისა და ვანდამის შემდეგ ჩემთვის ყველაზე დიდ ავტორიტეტს ვესაუბრებოდი, სიამაყემ მაინც მძლია და ტელეფონი უარით გავუთიშე - თუ გჭირდებოდით იქ ვიყავი და აგეყვანეთქო.

მეორე დღეს, არც მეტი არც ნაკლები სახლში სენსეიმ მომაკითხა, თავისი ნოლშესტით - "წამოდი, უბრალოდ განახებ ბიჭები როგორ ვარჯიშობენო".

ერთ მწკრივზე მუხლებში მოხრილი (როგორც შემდეგ გაირკვა "სუპადაჩის" პოზაში) ასობით ბიჭი, როგორ ყვიროდა - "ინ, ჩი, სან, სი, გო, რო, სიჩ, აძ, კიუ, ძიუ"-ს მართლა შთამბეჭდავი სანახავი იყო. შემდეგ ერთ ორ ბიჭს მასპარინგეს ( ალბათ გააფრთხილეს რომ ძალიან არ ვეცემე, თორე ეხლა რო მახსენდება ის ბიჭები უპრობლემოდ გამიბიგვინებდნენ გვერდებს) და მითხრეს "ხვალაც გამოგვიარე - გაგვიხარდებაო".

ასე და ამგვარად,თავი მოვიტყუე, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და "კიოკუშინკაელ მხედრიონელთა" რიგებში ჩავეწერე.

აჯიმანიები თითებზე, მუჭებით პირველი საშუალოს შუშის ნამსხვრევებით სავსე ეზოში სიარული და ყოველ დილით პირველი, მეორე და ზოგჯერ მესამე კატის გაკეთება, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ვვარჯიშობდი ყოველ დღე. ვვარჯიშობდი მთელი მონდომებით. "პარიკას" ყოველ სიტყვას ჰაერში ვიჭერდი და როგორც ძვირფას მონაპოვარს ისე ვუფრთხილდებოდი.

გაგიკვირდებათ და შედეგიც მქონდა. საკმაოდ კარგად "ვსპარინგობდი". კინგერის და მავაშიგერის გარდა ურამავაშიც ძლიერი მქონდა. სენსეის ვემორჩილებოდი და მუჭზე გაუხეშებული კანის კვალდაკვალ, მოთმინებით ველოდი იმ დღეს როცა "პარიკა" დიმაუშკების სროლად და მიწის ქვეშ გაქრობას გვასწავლიდა.

***
- ინგმარ ბერგმანის "მარწყვის ველი" ნანანხი გაქვს? - მკითხა მარიკამ და კვამლი პირდაპირ მთვარისკენ გაუშვა.

რამდენიმე წამი ვქექე, ჩემი მწირი "ინტელექტუალური" კინო არქივი მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.

- არა - ვუპასუხე მე და მთვარისკენ მის გასტყორნიცლ კვამლს გზად ჩემი დავადევნე და რატომღაც წარმოსახვითი შეყვარებული გამახსენდა, რომელსაც ნინძის ნიღაბის გარეშე ცოცხალი თავით არ ვენახვებოდი.

რა მოხდა მერე. მაშინ როცა მავანნი ინგმარ ბერგმანს უყურებდნენ, მე "რემბოს", "პიანი მასტერს" და "ამერიკანსკაია ნინძას" ვიზეპირებდი.

Monday, August 23, 2010

No martini No party

პირში მარტინის დახვეწილ გემოს
აკლია ერთი პატარა შტრიხი
იყო საღამო, ლექსებიც იყო
მაგრამ ამ ლექსებს არ ჰქონდათ რიხი

და გამოყოლილ მარტინის გემოს
ვგრძნობდი რომ რაღაც დააკლდა - მცირე
თითქოს გაწელილ წინადადებასს
აკლდა წერტილი ან სადღაც ტირე...

პირში ჩარჩენილ მარტინის გემოს
თითქოს ანანურს ან ანაკლიას
როგორც კედელზე წაშლილი ფრესკა
შენი ტუჩების გემო აკლია

Sunday, August 22, 2010

როცა გიპოვე...

დავფრინავ... ცაში - უჰაერო ვაკუმში
მაკოცე... მითხარი... მომთხარე... გაუშვი...
მე გავფენდი შენს ფიქრებს ჩემს ობოლ ზეწრებთან
ოღონდაც ეს თეთრი დროშა გთხოვ დაუშვი...

მაღიმებს, შენი ხმა, თვალები და ლიფი
გინატრე, გინატრე, გინატრე ძალიან....
ხომ იცი არც ისე არავარ არიფი
და შენზე ოცნებაც არ არის გალია...

დავფრინავ...და ვინ ვარ...და ვინ ვარ - არ ვიცი
გზა და გზა მდუღარე ასფალტი დამყვება
ძილის წინ ტუჩებზე გაკოცებ და ვიცი
ტუჩების გემო სიზმარშიც ჩამყვება

Saturday, August 21, 2010

საკუთარი ბიზნესი მაშარაფითა და ჟაშკულამით

აიღეთ ერთი ქვაბი ყოველდღიურობა და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. აიღეთ რამდენიმე თავი იდეა და კარგად დაამუშავეთ. დამუშავებული იდეები გადაარჩიეთ და გახეხეთ. გახეხილ იდეებს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ენთუზიაზმი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.

კერძის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გარნირი. მის მოსამზადებლად აიღეთ სუფთა და ნატურალური რწმენა. ათქვიფეთ მანამდე სანამ არ გაითავისებთ და შეისისხლხორცებთ. ათქვეფილ რწმენას მსუბუქი არომატის მისაცემად ზომიერად დაუმატეთ თვითდაჯერებული განწყობა.

რწმენისგან მომზადებული გარნირის თხელი ფენა თეფშზე მოათავსეთ. ზემოდან დააწყვეთ დაბალ ცეცხლზე მოთუშული იდეები.


აქ მაესტრო თავიდან თეთრ ქუდს იხსნის, კამერისკენ ბრუნდება და ამბობს: საკუთარი ბიზნესი მაშარაფითა და ჟაშკულამით ერთადერთი კერძია რომელიც დასრულებულად მას შემდეგ ითვლება როდესაც მას გასინჯავთ, მოგეწონებათ და ბოლომდე შეჭამთ. გაამოთ.

ლექსის რიმეიქი...

ცისარტყელა კიაფობს და ცისარტყელა კაიფობს
მზე ცის ტალღებს მიაპობს, მაგრამ ეს რომ გაიგოს
გაგიჟდება, გაცოფდება მზე...
არ აცდება ცისარტყელას
წკეპლა ტრაკზე

Friday, August 20, 2010

ქურდი და ალმასი

ერთმა ქურდმა, ძალიან მდიდარი ოჯახის გაძარცვა გადაწყვიტა.

ქურდს სახლში, დიდი ზომის ალმასი ეგულებოდა.

ქურდი მეოზობლებმა შენიშნეს და პოლიციას დაურეკეს.

ხმაურის გაგონებაზე მძარცველი სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

პოლიცია უკან დაედევნა.

ბევრი ირბინა ქურდმა თუ ცოტა... ბოლოს მაინც დაიჭირეს.

გაჩხრიკა პოლიციამ ქურდი მაგრამ გაქექილი საათის გარდა ვერაფერი უპოვა რა.

ქურდი სიხარულით ცას ეწია - ეტყობა რომ გავრბოდი ალმასი ჯიბიდან ამომივარდა და დავკარგეო.

ასე გადაურჩა ქურდი დაჭერას.

მორალი: ზოგი რამ, ჯობია დროულად დაკარგო.

Tuesday, August 17, 2010

ასო

ბიჭს ერთი გოგო უყვარდა. ერთ დღეს ბიჭმა გოგოს წერილი მიწერა:

"ძალიან მინდა რომ ხვალ ერთად ტყეში წავიდეთ სასეირნოთ და სოკო შევაგროვოთ. ხვალინდელი დღისთვის კვერებიც გავამზადეო".

ბიჭი ისე ჩქარობდა ღუმელიდან კვერების გამოღებას, სისწრაფეში "კ" ასოს ნაცვლად "ყ" ასო დაწერა.

გოგომ როდესაც წერილი წაიკითხა სიხარულით ცას ეწია და ბიჭს მიწერა:

"ისე მომინდი, ისე დავიწვი შენი სურვილით, ნეტა ეხლავე მოხვიდოდე, მაგრამ ჯერ ვერ მოხვალ. ჯერ ბინდიაო"...

გოგო, ისე იყო აღელვებული "ბინდიას" ნაცვლად "მინდია" დაწერა და ბიჭს წერილი გაუგზავნა.

ბიჭმა წერილი რომ წაიკითხა ელდა ეცა - ჩემი სიყვარული მინდიას დანებდაო. ადგა და თავი მოიკლა.

მორალი: ერთმა "ასომ" შეიძლება დაგღუპოს და შეიძლება გაგაბედნიეროს.

იგვები

დღეს არ ვიცი ვინ რა ინსეფშენი გამიკეთა მაგრამ სრულიად ანომალურ განწყობაზე ვარ.
ავდექი და გადავწყვიტე იგავ-არაკების წერას მივჰყო ხელი. არ ვიცი რა გამოვა მაგრამ ვამატებ განყოფილებას იგავებზე, ოღონდ მრავლობითში, ოღონდ ებიან მრავლობითში....

ბლოგსთორი

შენს ბლოგზე დაყრილი ღრუბლები სიტყვების
ჩემს ბლოგზე ზღვა მშვიდი ტაგების
ძიება მარტივად სიტყვებით, ფრაზებით
სევდა ფოტოების ლაგების


შენს ბლოგზე წაშლილი ჩემი მონატრება
ჩემს ბლოგზე მოწყენილი "სერჩი"
თერთმეთს ხუთი წუთი როდესაც აკლდება
ოცნებებს რატომ ერჩი?


შენს ბლოგზე დაყრილი ღრუბლები სიტყვების
ძიება მარტივად... ფრაზებით...
ერთმანეთს ვთაგავთ ან ვუპოსტავთ, ვუღიმით
და ერთმანეთზე ვბრაზდებით

Monday, August 16, 2010

დამოუკიდებელი სამუშაო

სექსი შრომატევადი საქმიანობაა. ის დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. ნამდვილ ცხოვრებაში სექსი ისეთი არ არის როგორც ტელევიზორებში აჩვენებენ. ნამდვილ ცხოვრებაში ის უფრო ჩუმია და ოფლიანი.

სექსისგან ჩნდებიან ადამიანები. მე ვიცი, რომ ჩემი პატარა ძმაც სექსისგან გაჩნდა. სექსი მხოლოდ დიდებისთვის შეიძლება. ამიტომაც დედა და მამა მატყუებენ რომ გივიკო კომბოსტოში იპოვეს.

ზოგ ადამიანს სექსი ძალიან მოწონს. ზოგიერთ ადმიანს ის ძალიან ეზარება. ჩვენს მეზობლეს ის ძალიან უყვართ. მათ სამი შვილი ყავთ. ისინი ჩემი მეგობრები არიან. მე ძალიან მინდა რომ ჩემს შობლებსაც უყვარდეთ სექსი. მაშინ მე ბევრი და და ბევრი ძმა მეყოლებოდა. მაგრამ სამწუხაროდ სექსი ძალიან დამღლელი და შრომატევადი საქმიანობაა.

Saturday, August 14, 2010

გრუზინი

ბოლო წუთზე, ბოლო წამს
სხვანაირად მეც არ მწამს...
ძმაკაცებში, ქალებში
მაგრამ მაინც კაცურად
პროცენტიან ვალებში
შორტით - მაგრამ დაცურავს

და მაგარი ნომერი
მანქანის და მობილის
და მაგარი ბაითი
და მაგარი ძმობილი
და ისე რა ცნობილი
მის "კუხნაში" ქალია

ოღონდ განსხვავებული
მაგრამ განსხვავებული
ზომით განსხვავებული
და რა მოკლავს აწი...

საქართველოს სიყვარულში...
და ძმობაში... სიხარულში...
თუ დაცალა ყანწი...

Friday, August 13, 2010

ოტკუწიურ

მე ვიქნები შენი კუწურიე
და შეგიკერავ კაბებს
ნაბახუსევზე არ მოგთხოვ სექსს და
თავის ტკივილის აბებს

მე ვიქნები შენი გაბანა და
ვიქნები შენი დოლჩე
მე მიყვარს შენი დაბანა და
მინდა რომ მალე მორჩე

ვიქნები ლურჯი ფარშევანგი
შენთვის მოვიგლიჯავ პეროს
გთხოვ ეს სახინკლე არ შემარგო
ერთად ვესტუმროთ პეროვს...

მე ვიქნები შენი კუწურიე
და შეგიკერავ კაბებს...
საწოლში მოგართმევ ცივ ყავას და
თავის ტკივილის აბებს

Thursday, August 12, 2010

შეწყვეტილი ლექსი...

მომენატრა სახლი და
ჩვენი სოფლის მდინარე
ჩვენი ეზოს ატამი
შენ ჩემს მკლავზე მძინარე
...

Wednesday, August 11, 2010

როცა გინდა მაშინ

როცა ღამის ოთხზე
ანთებ ლექსის კოცონს
ვარსკვლავებს და მთვარეს
შენთან ყოფნა მოწონს

ღამის ოთხზე როცა
დაუყვირებ ქუჩას
ღამეს ღიმილისგან
ვარსკვლავები უჩანს

როცა ოთხზე ღამის
მოგინდება ცეკვა
აცეკვდება ლამის
მაწანწალა ლეკვი

როცა ღამის ოთხზე
მივუჯდები კოცონს
არა მხოლოდ მაშინ
კოცნა შენი მომწონს

ჰაიკუნნი

გახსოვთ დაგპირდით ჰორიზონტალურ ლექსებს დავწერთქო ხოდა დავწერე კიდეც.... რაღა დაგიმალოთ და ამასწინათ წავიკითხე რაღაცეები და მოდას ავყევი მეტი არაფერი :)

***
მე მას დავპირდი, რომ არასოდეს ვიქნებოდი მისი ერთგული. კარგია, რომ დაპირება ვერ შევასრულე.

***
მოწყენილ აბზაცს მხოლოდ ერთი მძიმე ართობდა.

***
გემს ნელნელა სცილდებოდა მყუდრო ნაპირი. მდუმარე გემი თეთრ იალქანს აფრიალებდა.

***
წვიმის წვეთები თავს დაესხა დამტვერილ ქუჩას. დაღლილი ქუჩა, უბრძოლველად ჩაბარდა წვიმას.

***
ბებერმა მთამ ვერ გაუძლო ხალხის ყურებას და ვულკანი ამოაზიდა

Tuesday, August 10, 2010

მე ქალწული ვარ მრავალჯერადი

ეკამ ფეისბუქზე ერთი დაუჯერებელი და არგაგონილი (მაგრამ თურმე უკვე მომხდარი) ამბავი გაგვიზიარა, რაზეც ერთი ისტორია გამახსენდა.

მახსოვს ერთხელ ექიმების წრეში მოვხვდი. ექიმები ცოტა ხმამაღაილ ნათქვამია მაგრამ ახალი კურს დამთავრებულები ნამდვილად იყვნენ.

ბევრ სასაცილო ისტორიასთან ერთად (ექიმებს კარგი იუმორიაქვთ - ამაზე მერე მოგიყვებით), ერთერთი გამორჩეული ამბავი მოვისმინე.

თურმე კათედრაზე ყოლიათ ერთი ლექტორი, (მოდით ქალბატონი ზოია შევარქვათ) რომელიც სავარაუდოდ გინეკოლოგიას უკითხავდა (რადგან გინეკოლოგი გახლდათ). ასაკში შესული ქალი, საბჭოთა კავშირში აკრაძლულ ოპერაციებს აკეთებდა თურმე - საქალწულე აპკის უბადლო აღმდგენი და გამმთლიალებელი იყო. ზოიას იმდენი ქალი ყოლია გაკერილი, რამდენი ბალიშისპირი და ლეიბი ჩემს ორივე ბებიას ერთად. მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც განსაკუთრებით შემორჩენოდა მის მეხსიერებას. (ისე სად იყო მაშინ ბლოგინგი თორე ხო დაპოსტავდა ზოია ექიმი და დაშეარება მერე გენახათ თქვენ).

ზოიასთან ერთი გოგო მისულა... ძალიან მორიდებულად - იცით მე ესა და ეს ოპერაცია მინდა გავიკეთო, თორე ვერ ვთხოვდები და ცხოვრების სიყვარულს ვკარგავო. რა პრობლემააო იშიშვლა თურმე ზოიამ ნემსი, გაუყარა ძაფი და შეუდგა საქმეს. მშვიდობაშიო უთქვამს ზოიას და გაუსტუმრებია.

რამდენიმე თვის შემდეგ, კარზე ზარია. იცით ის ამბავი ჩაიშალა და იგივე პრობლემა მაქვს კვლავო. ჩემმა საქმრომ, რომ გაიგოს, ქალწული არც აპკით ვარ და არც ჰოროსკოპით თვალით ვერ დავენახვებიო. თურმე დუბლი ზოიას ბევრჯერ ქონია შესრულებული და არც გაჰკვირვებია...რა მოხდა ეხლა, ადგა და გაკერა კიდე ერთხელ, გაუღიმა და წარმატებული პირველი ღამე უსურვა გოგოს.

მაგრამ გამოხდა ხანი და ზოიას სახლში სახელდახელოდ მოწყობილ კაბინეტში ისევ ის გოგო აიტუზა თურმე კართან. ქალბატონო ზოია, იცით ისევ უნდა დამიბრუნოთ ქალწულობაო.

შვილო მომისმინე, თუ თვეში ერთხელ აპირებდი ქალიშვილობის დაკარგვას გეთქვა და ზმეიკას ჩაგიყენებდიო - გაბრაზებულა ზოია ექიმი.

ასე რომ ჩემო კარგებო....არც ბლოგინგი იყო მაშინ, რომ ეს ამბავი ზოიას დაეპოსტა და არც იბეი - თორე დარწმუნებულივარ ქართული სახელმწიფო აუცილებლად იპოვნიდა თავის ნიშას მსოფლიო ბაზარზე.

Monday, August 9, 2010

Я и Ты

მე მიყვარს შენი მარცხენა მკერდი
მე მიყვარს შენში ვაჟკაცი მდედრი

წაწვეტებული ფრჩხილები, კოცნაც
და ალქაჯური წყევალა და ლოცვაც

თეძოსთან გამოყვანილი წელი
გაშლილი კაბა, მუცელი მწველი

მე შენი მიყვარს ღიპიც....
но прошу больше не пить

დიეტა

ყველაფერი ოცდაათ თეთრიანი "პონჩიკებით" დაიწყო. პონჩიკები სამსახურის ქვემოთ, კუთხეში იყიდებოდა. მართალია ვმუშაობდი მაგრამ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და მეტროს სადგურებს შორის ფეხით გავლილი მანძილი იოლად ანეიტრალებდა მაღალ კალორიებს. თუმცა მალე სამსახური შევიცვალე. ახალ სამსახურთანაც იყო "კუთხის საკონდიტრო", მაგრამ აქ უკვე პონჩიკების რაციონს, გამხმარი ფენოვანი ხაჭაპური და ოცდაათ თეთრიანი კოკა-კოლა დაემატა. სასამხურშიც 9-10 საათამდე მიწევდა ჯდომა, ამასთან მაუსის მარჯვენა ხელით "წვალებას" თუ არ ჩავთვლით სრულიად გაუნძრევლად. მოკლედ იდეალური პირობები შევუქმენი ჭარბ წონას, რომ ჩემს ორგანიზმში დაბინავებულიყო.

წონამაც არ დააყოვნა. სტუდენტობისას ნაშიმშილარი, გამოსუფთავებული ოთახები დიდი სიამოვნებით შეავსო.

პირველად მაშინ შევშფოთდი, როცა კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ავირბინე და სხეულზე უცნაური "თანთალი" შევიგრძენი. მახსოვს სასწრაფოდ აბაზანაში შევარდი და ვათვალიერებდი რა მჭირდა. საგანგაშო არაფერი იყო - ცოტა მოვიმატე. მიხდებოდა კიდეც.

***
ბაღში ორი ბავშვი გვყავდა, მარიზა და ფარიზა. ისინი არ იყვნენ ეთნიკური ქართველები და ქართულადაც ოდნავ უჭირდათ საუბარი. რატომღაც დღემდე არ ამომდის თავიდან მათი დიალოგი:

მარიზა: ნახე რა კარგი გაბა მიყიდეს.
ფარიზა: ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს... რომ დაგიპატარავდება ხომ მაჩუქებ?
მარიზა: გაჩუქებ. შენც ხო მაჩუქებ შენს ცისფერ კაბას როცა გაგიდიდდება?

***
არვიცი, გაუდიდდა თუ არა მარიზას ის კაბა მაგრამ აი მე ელვის სისწრაფიტ მიპატარავდებოდა აბსოლუტურად ყველა ტანსაცმელი. კულმინაციას მაშინ მივაღწიე როდესაც მაღაზიაში ვერცერთი შარვალი ვერ მოვირგე.

- ასე აღარ შეიძლება - ამოვიღნავლე გაღიზიანებულმა სახლში მისვლის თანავე.
- რა მოხდა? - მეკითხება დეიდაშვილი.
- ძალიან გავსუქდი.

გასუქდიო? აჩოჩქოლდა სახლი. ორი დეიდაშვილი, ორივე გოგო, ორივე დამსახურებული დიეტოსანი.
ეხლავე, თქვა თამრიკომ, ბლოკნოტში რაღაც მოქექა - "ქოქოსისა და კომბოსტოს დიეტა". "წიწიბურას და შავი ღვინოს დიეტა" - ჩაეცილა ხელში აფრიალებული ფურცლით ნინიკო. არა გოგო, მოდი ჩემი "სუპერ დიეტა" დავაცვევინოთ - იყვირა თამრიკომ და კედელზე მიჭიკარტებულ ფურცელს მიახტა, რომელიც, იმ წამამდე მისი დაწერილი ლექსი მეგონა.

სუპერ დიეტა, არც ისე ცუდად ჟღერდა. კარგი დავიცვათ სუპერ დიეტა გავაკეთე არჩევანი. როგორია?

ეხლავე, თქვა თამრიკომ, ყელი მოიღერა და დაიწყო:

ერთი ცალი კვერცხი
ერთი ცალი კვერცხი
ერთი ჭიქა ბრინჯი
ერთი ჭიქა ბრინჯი

ასი გრამი ყველი
ასი გრამი ყველი
ერთი ჭიქა მაწონი
ერთი ჭიქა მაწონი
რძე

ისე ომახიანად დაასრულა კითხვა ოვაციები ვერ მოვთოკე და კინაღამ ტაში დავუკარი...

- როგორია? - მკითხა აჟიტირებულმა
- ნუ ეხლა, ლექსის პირობაზე არაუშავს, მაგრამ ამის გაკეთება მგონი გამიჭირდება - ვუპასუხე ბოლო ჭიქა რძით შერწუნებულმა.

ოთახში მცირე ხნიანი პაუზა ჩამოვარდა. მე ვწუხდი ყველა იმ შარვალს რომელიც აღარ მეტეოდა და ხელახლა მქონდა საყიდელი, გოგოები კი ყველა იმ დიეტას, რომელიც ვერაფრით ვერ მომარგეს.

ქულების დიეტა - სრულ სინქრონში წამოიყვირეს გოგოებმა, რამდენიმე წამის შემდეგ.

წესები მარტივი იყო. წინასწარ ჩამოწერილი იყო სხვადასხვა საკვები პროექტები შესბამისი ქულებით.

1 კვერცხი - 1 ქულა
100 გრ. ხორცი - 15
სოსისი - ნული ქულა
და ა.შ.

დიეტის თანახმა სოსისი შემეძლო რამდენიც მინდოდა იმდენი მეჭამა, პრინციპშ მთელი სტუდენტობა მეტი არც არაფერი მიჭამია თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ ვიზიტს სამტრედიაში და დედაჩემის შემწვარ წიწილებს, ცხელ, თუფთუფა ხაჭაპურებთან ერთდ.

კარგია ვთქვი გახარებულმა და დიეტის დაცვას გულმოდგინედ შევუდექი. ყოველ ლუკმისას თვალწინ წითლად დაგროვილი, ხოლო მწვანედ დარჩენილი ქულები მენთებოდა.

- შოკოლადი არ გინდა - მითხრა თანამშრომელმა და 100 გრამი ბაუნტი გამომიწოდა
- მინდა - ვუთხარი თანამშრომელს და მშიერი თვალებით ვაკვირდებოდი, ჩემი ყბის ყოველ მოძრაობაზე როგორ იცლებოდა მთელი დღის სამყოფი 45 ქულა.

მაგრამ, როგორც ყოველ დაკლების პროცედურას თუ სიგარეტზე თავის დანებების პროცესს, ქულების დიეტასაც ელოდა წინ ნამდვილი გამოცდა.


- ალო
- ლაშას გაუმარჯოს. დღეს ბიჭები სახინკლეში ვიკრიბებით, ცოტა ლუდი, ცოტა ხინკალი და ცოტა სიყვარული ძმობაში. უარი არ გამაგონო, 9-ზე იქ ხარ ჩვენ რო ვიცით.

სხვა რა გზა იყო, ცხრაზე მივედი "იქ" ჩვენ რომ ვიცოდით. იმ დროს შევედი ახლად მოტანილ ხინკალს, ირაკლი "პერიცას" რომ აყრიდა. პილპილის სურნელში გაზავებულ ხინკლის ცხელ ორთქლს, რომელიც ზანტად ადიოდა ჰაერში, წვრილი ნაკადი გამოეყო და ცხვირის ნესტოებიდან პირდაპირ ტვინში ავიდა.

- როგორ ხარ ლაშა? მკითხა ირაკლიმ, ისე რომ მარჯვენა ხელის ისტერიული მოძრაობა არ შეუჩერებია.
- ეყოფა, ეყოფა - მივაგებე პასუხად, შავად დათოვლილი ხინკლაბის შემხედვარემ.
- რა არის ბიჭო, ასე უნდა დაიკარგო? ვინ არ ვმუშაობთ ერთი ან ვის არ უმუშავია, მარა ძმობა ძმობაა ძმაო -ოთხი ლუდი - მაინც ჩააკვეხა ლუდის შეკვეთა ძმობის ტავტოლოგიური განმარტების ფონზე.

მაგიდას დინჯად მივუჯექი. თვალწინ ანთებულ ციფერბლატს დავაკვირდი - დღის ბალანსი ამოწურული იყო.
გადაიღე, გადაიღე - ძლივს ამოალუღლუღა დათომ და ახლად მოკბეჩილი ხინკლი ისე მოწუწნა, გეგონებოდა შეყვარებულს ტუჩებში კოცნისო.

ცუდად ვარ. რომ არ ვჭამო წავიქცევი. მაგრამ ასეც ხო არ შეიძლება? რა, უნებისყოფო ვარ? რა, მე ეს ვერ შევძელი? სასწრაფოდ მჭირდებოდა გასაუბრება საკუთარ თავთან და მისი დარწმუნება, რომ სანამ ეს ქოფაკები ააპრიალებენ თეფშებს ერთი ხინკალი მაინც გადმოეღო:

ბანკირი მე - ჭამე, ბიჭო....ჭამე... ერთი ჭამით არაფერი მოგივა.
უბრალოდ მე - მასე, ჭამე ჭამეშია რომ გავხდი ასათი კილო.
ბანკირი მე - ასე ჭამე ჭამე და ყოველდღე სახინკლის ფული სად გაქ შე გლახა. მადლისთვის კაცმა დაგპატიჟა, იკისრა. აქ ჭამე და იმ გამხმარ ფენოვანებს მოეშვი კუთხეში რომ იყიდება.
უბრალოდ მე - კი მაგრამ, ხო იცი ქულების დიეტას ვიცავ. ბოლობოლო პრინციპის ამბავია.
ბანკირი მე - რამდენი ქულა გაქვს დღიური ლიმიტი?
უბრალოდ მე - ორმოცხახუთი.
ბანკირი მე - რამდენი ლარი გაქვს სახელფასო ბარათზე?
უბრალოდ მე - ხელმისაწვდომი? - ეჭვიანად გავხედე ბანკირს
ბანკირი - ხო, ხელმისაწვდომი
მე - ხუთასი
ბანკირი - აქედან რამდენია ოვერდრაფტი?
მე - ოთხასი
ბანკირი - ანუ, შენ რეალურად 100 ლარი გაქვს და 400 კიდევ შეგიძლია ოვედრაფტიდან დახარჯო?
მე - გამოდის რომ ასეა.
ბანკირი - და თუ იცი რა საჭიროა ოვედრაფტი?
მე - როგორ არ ვიცი, ძალიან რომ დამჭირდება და სხვა გზა არ მექნება დავხარჯავ.
ბანკირი - ზუსტადაც... დიეტაშიც იგივეა. ეს შენი ორმოცდახუთი ქულა დადებითი ნაშთია, რომელსაც შენი ორგანიზმი ყოველდღიურად იმეტებს სამადლოდ. მაგრამ მე რისთვის გყავარ? გიმტკიცებ უპროცენტო ოვერდრაფტს, შეუზღუდავი მოცულობით....ჭამე რამდენიც გინდა, უბრალოდ შემდეგ აუცილებლად დაფარე. ხო დაფარავ? - მკითხა ეშმაკურად ბანკირმა და თვალი ჩამიკრა
მე- ხოო... დავფარავ... - უპასუხე ოდნავ დაბნეულად

იფ, იფ მოდიიიის, მოდიიიის - ყურებით გამომათრია ბანკირის წარმოსახვითი ოთახიდან გივიკოს ნერწყვმორეულმა შეძახხილმა.

უზომოდ გემრიელ მწვადზე ჩამოღვენთილი ცვარი, უკვე მეტისმეტი იყო. მივხვდი რომ ეს სურნელი ყველა სურნელზე მეტად მიყვარს დედამიწაზე. კარგი მოსაწევივით ღრმად ჩავისუნთქე და სუნთქვა შევიკავე. ჰუუ, გამოვუშვი მწვადის არომატი პირიდან. მოიტანა. თან მაგრააად მოიტანა.

დამშეული ვეძგერე მწვადს და პირისკენ თეფშიდანვე გავაქანე. მწვადით შესრულებული სამქულიანი ჯერ პირამდე არც კი იყო მისული, რომ მარცხენა ხელი ხაჭაპურს შევავლე, პირისკენ გზად ორად გავკეცე და მწვადის ნაჭერთან ერად მოვკბიჩე.

ურაააააააააააა...აყვირდნენ ერთბაჩად ენის რეცეპტორები. ვაშააააააა - მანქანის ფანჯრიდან გადმოწეული დროშებით და სიგნალებით შემოირბინეს ნეირონული ბადე ელექტრო იმპულსებმა. სრულ კაიფში ვარ. მმმმმმმმმ.... ამოვიხვნეშე ისეთი ნეტარებით, ვიზუალური გამოსახულების გარეშე ჩემი ძმაკაცები ნამდვილად იფიქრებდნენ, რომ იქვე ორგაზმი განვიცადე ოცნების ქალთან.

- მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს - ჩამოასხა ირაკლიმ და ნედლი ლუდით აქაფებულ კათხას, ცივი არყისგან კედლებ დაორთქლილი ჭიქა მიუდგა.
- გაგვიმარჯოს...

***
სახლში გვიან მივედი.
- რაქენი დიეტა დაარღვიე? - შემომეგებნენ ჭიშკართან გოგოები
- არ დამიღღვევია - თვის ბოლომდე მაქვს დაფარვის ვადა - ძლივს ავალუღლუღე ენა პირში.
- შენ რა გითხარი ლაშა. ასე გინდა გახდე? - მისაყვედურა ნინიკომ
- მინდა და გავხდები - ბავშვი გააღვიძესეული ინტონაციით ვთქვი ჩემს თავში და სიფხიზლეში დარწმუნებულმა.
- რამე ხომ არ გინდა?
- მინდა!!!
- ნაბეღლავი?
- არა, ნინიკო ნაბეღლავიც მინდა კი.
- აბა?
- ყველაფერი დავთვალე, ხუთიათას ოთხასით ვარ გავარდნილი მინუსში მარა აქ არ შედის არყის ხარჯები და მინახე ერთი 100 გრამი არაყი რამდენი ქულაა - ვთხოვე ნინიკოს და საწოლზე მოწყვეტილი დავეცი.

Sunday, August 8, 2010

Chupa Chups-ის ახალი ბრენდი ქართული ბაზრისთვის

კომპანია Chupa Chups-მა გადაწყვიტა სპეციალურად ქართული ბაზრისთვის გამოუშვას საწუწნი კამფეტები, რომელსაც პრეზიდენტის უკანალის ფორმა ექნება.

პრეზენტაციას დაესწრება ყველა "პრეზიდენტის ღირსების ორდენოსანი" - განაცხადა Chupa Chups-ის PR მენეჯერმა.

Saturday, August 7, 2010

შენ გული და მე ცილა...

გული შენ და მე ცილა
გახსოვს კვერცხს რომ ვიყოფდით
ძაღლიც შემომეცილა
ამ უბრალო სადილზე

გახსოვს შენი კამერა?
ფოტოები შავთეთრი
შენ ლექსები და მე რა?
ალბათ მოგონებები

გახსოვს ღამით ქუჩაში
მოყოლილი ამბები
ქარით მთვრალი ხეები
და წყლით სავსე დამბები...

გული შენ და მე ცილა
ო, როგორ მომენატრე
წუხელ მეც არ მეძინა
წუხელ მეც მომელანდე

Friday, August 6, 2010

აზიმუტი

- თქვენ ლაშა გქვიათ? - ძლივს მომაწვდინა ხმა ნანკამ, ტექნო მუსიკის ფონზე.
- კი ლაშა - თავის დაქნევით გავიმარტივე საქმე.
- თქვენს ბლოგს ვკითხულობ, ძალიან რაღაცნაირია - მომაყვირა ნანკამ და კოქტეილი მოსვა
- მადლობთ - ნათქვამს უნებლიედ კომპლიმენტის კვალიფიკაცია მივანიჭე და შევიშმუშნე
- რა უბნელიხარ?

***
ნანკა 22 წლის იყო როდესაც ერთერთ სვეცკ ტუსოვკაზე გავიცანი. ის ერთერთი იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებოდა რომელიც დღისით ვაკელი იყო, სანამ მშობლების სამსახურიდან დაბრუნებას ბებიასთან და ბაბუასთან ელოდებოდა, ხოლო საღამოს ვერელი - როგორც კი კეკელიძეს გადაკვეთდა და სახლში ავიდოდა.

ნანკას ყოველთვის უჭირდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე "რა უბნელიხარ". - უფრო ვაკელი, პასუხობდა ხოლმე თვალებ მოჭუტული, ცოტახნის შემდეგ.

მას ხელოვნების დონეზე ქონდა აყვანილი ტუჩებში გამოთქმული ბგერები და წმინდა რიტუალად გადაქცეული კვირაში ერთხელ სალონში მისვლა. უყვარდა დედამისის გამომცხვარი ვაშლის პეროგი და მარტინი ბიანკო. მასთან სექსიც კი ურბანული სპეციფიკაციით გამოირჩეოდა.

- რესტორანი რომელ სანაპიროზეა - გვკითხა მოულოდნელად მძღოლმა.
- იქეთა - დაუფიქრებლად უპასუხა ნანკამ.

კუთხეს ჩრდილოეთის მიმართულებას, დამკვირვებელსა და რაიმე საგანს შორის აზიმუტი ეწოდება - აგვიხსნა ციცინათელა მასწავლებელმა და იქვე მიაყოლა - იმისათვის, რომ მდინარის სანაპიროები დაადგინო უნდა დადგე მისი დინების მიმართულებით, შესაბამისად უნდა განსაზღვრო მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. მას შემდეგ ჩემს სამგანზობილებიან მოდელს მდინარის თავზე, ჰაერში მოფარფატეს წარმოვიდგენ ხოლმე და ვადგენ, რომელია მარცხენა და რომელი მარჯვენა სანაპირო.

ნანკას გეოგრაფია დიდად არ უყვარდა მაგრამ რომც ყვარებოდა სანაპიროებს მაინც იქეთა და აქეთა ნაწილებად დაყოფდა.

ის აქეთა სანაპიროზე გაიზარდა. აქეთ იყო ვერა, ვაკე, მთაწმინდა და პიცერია "ელპასო", ხოლო იქეთ გლდანი, მუხიანი და თემქა.

***
ისე მოხდა, რომ ჩემი ბიძაშვილი - გია, ატლანტაში სწავლობდა. ის დრო იყო, როდესაც საქართველოში მხედრიონის განვითარების პროპორციულად ქართველების მიგრაცია იწყებოდა. იმ დროისთვის "ქართველი-საზღვარგარეთ" არც ისე ხშირი მოვლენა იყო.

რამდენიმე წლის სწავლის შემდეგ, დასასვენებლად ნიუორკში ჩასულმა გიამ, ერთერთ სავაჭრო ცენტრში, დანატრებულ ქართულს მოჰკრა ყური. სიხარულისგან თვალებანთებული სულმოუთმელად მიჰყვა "ვიდრედ მეორედ მოსვლამდე" დამარხულ ენას, რომელმაც ორ ახალგაზრდა ბიჭთან მიიყვანა.

- გამარჯობათ, როგორ გამიხარდა რომ ქართული გავიგონე. სამი წელია ამერიკაში ვარ და ქართველი არ მინახავს...
- ქართველი ხარ? - მიაგებეს გახარებულს პასუხად.
- კი, ქართველი ვარ- დაბნეულმა მაგრამ მაინც უპასუხა გიამ.
- რომელი ქალაქიდან?
- თბილისიდან - ღიმილი ზამთარში აივანზე გაფენილი სარეცხივით ნელნელა შეეყინა სახეზე.
-...და რა უბნელი ხარ?

***
ნანკას ყოველთვის უჭირდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე "რა უბნელიხარ". - უფრო ვაკელი, პასუხობდა ხოლმე თვალებ მოჭუტული, ცოტახნის შემდეგ.

მას ხელოვნების დონეზე ქონდა აყვანილი ტუჩებში გამოთქმული ბგერები და წმინდა რიტუალად გადაქცეული კვირაში ერთხელ სალონში მისვლა. უყვარდა დედამისის გამომცხვარი ვაშლის პეროგი და მარტინი ბიანკო. მასთან სექსიც კი ურბანული სპეციფიკაციით გამოირჩეოდა.

- თქვენ ლაშა გვიათ? - ძლივს მომაწვდინა ხმა ნანკამ, ტექნო მუსიკის ფონზე.
- კი ლაშა - თავის დაქნევით გავიმარტივე საქმე.
- თქვენს ბლოგს ვკითხულობ, ძალიან რაღაცნაირია - მომაყვირა ნანკამ და კოქტეილი მოსვა
- მადლობთ - ნათქვამს უნებლიედ კომპლიმენტის კვალიფიკაცია მივანიჭე და შევიშმუშნე
- რა უბნელი ხარ?...

Thursday, August 5, 2010

გინატრე ისევ

გინატრე, ისევ გინატრე
გინატრე შორი ზღაპრიდან
ჩემს გულში დაგაბინადრე
ზღვამ შენი კოცნა დამპირდა
სიომ მაჩუქა სურნელი
შენი გაშლილი თმებიდან
ჩიტმა მომიყვა ამბავი
შენი მთისპირა თემიდან
გინატრე, ისევ გინატრე
ვინატრე შენი სილაღე
დღით შენზე ფიქრებს ვუფთხი და
ღამისთვის შემოვინახე
ცამ ვარსკვლავებით მოგრთო, მთამ
გაპკურა წყარო კამკამა
ზღვამ შენი ტანი ვერ დათმო
და შენზე ფიქრი მაკმარა

Wednesday, August 4, 2010

ვერტიკალური ჩანახატები

დრო და დრო დროც დარდობს, რომ გარბის რომ არ თმობს... რა შუაში არის და დრო და დრო, ჩემი მეგობრები ფეისბუქზე სხვადასხვა ლექსებს "აშეარებენ"... ლექსს იმიტომ ვამბობ რომ ვიზუალურად ლექსის ფორმა აქვს და სხვადასხვა საიტებზეც "პოეზიის" განყოფილებაში არის თორე ისე ვერტიკალურად გაკეთებული პატარა ჩანახატებია. ვგონებ ეს არ არის ვერლიბრი. ვგონებ ახალი მიმართულება იქმნება (თუ კარგახანია უკვე შეიქმნა) - მე მას სახელად, ვერტიკალურ პოეზიას დავარქმევდი.

...და ამ ყველაფრის ფონზე, თითქოს მეხამუშება კიდეც ლექსების კუპლეტებად ერთმანეთზე დაშენება (თან უკანონო მშენებლობებიც აიკრძალა) და ვიფიქრე, ჰორიზონტალური ლექსების წერა ხომ არ დამეწყო?

ლექსი
ჰორიზონტზე ირწევიან თეთრი ჩიტები და ზღვაც ჩუმია მოწყენილი ემბრიონივით, მე კი ვშიშინებ - თითქოს ბოლო გადაცემამ დასტოვა ანძა.

Tuesday, August 3, 2010

ფანჩუსრი

- სანამდე ვთამაშობთ?
- გაპურტყვნამდე
- სესხება?
- სესხებებს ვართ?
- გადაყოლებას?
- გადაყოლებებს არ ვართ...
- რამდენს ჩამოდიხარ?
- ხუთს
- დავიწყეთ?
- დავიწყოთ

- ფან ჩუ სრი...
- ნიჩია
- ფან ჩუ სრი...
- კიდე ნიჩია...
- ფან ჩუ სრი... ჩავარდი. ვარტყამ.


საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. უახლოეს ევროპული წარმონაქმნის მთლიანად აზიურ ქვეყანასთა - თურქეთთან საზღვრები ახალი გახსნილი. თითქოს ამოტუმბულ ჭურჭელს გერმეტულობა ერთბაშად დაერღვა და ჰაერი ცოფიანივით შევარდა შიგნით. იმავე სისწრაფით ქვეყნიდან საბჭოთა უთოების, ჭურჭლის და ათასი ხარახურის, ჩანთის ფსკერზე ჩახვეული სპილენძის მავთულებთან ერთად გადინება დაიწყო. თუმცა ცირკულაცია ამაზე არ დასრულებულა - უთოების და სპილენძის სანაცვლოდ უხვად დაგვიბრუნდა თურქული ბოტასები, ფერადი ტანსაცმელი სხვადასხვა წარწერებით, ცისარტყელა ზამბარები და რაც ყველაზე მთავარი იყო ჩემთვის მაშინ - საღეჭი რეზინები.

ფიჭვის, ვარდისფერი სიგარეტების და დონალდოს კევები მანამდეც იყო. თუმცა თურქეთიდან "ბლოკებად" შემოდინებულ კევებს ერთი განსაკუთებული თვისება ქონდა - "ნაკლეიკები"...

კევები ბევრი იყო მაგრამ პოპულარული რამდენიმე მათგანი გახდა - "ლაზერი", "ოტო-მოტო", "ტურბო"...კიდევ იყო "ლოვე" მაგრამ ბიჭებისთვის ის ნაკლებ ინტერესს წარმოადგენდა.

ჰერმეტულობა დარღვეული ჭურჭლისთვის სადაც ბრიუს ლის კინო დარბაზში ეკრანზე გადაღებული და შემდეგ შავთეთრ ფოტოდ დაბეჭდილი მანეთიანი სურათი ყველაზე საოცნებო პოლიგრაფიული მასალა იყო, ფერადი ნაკლეიკები ნამდვილ სოციალურ მოვლენად იქცა.

სხვადასხვა სუპერ მანქანებიან, ტანკებიან, სამხედრო თვითმფრინავებიან პრიალა ფურცლებს დიდი მონდომებით ვაგროვებდით. ბებიის ბლოკით ჩამოტანილი "ზუვაჩკებიდან" ერთდროულად რამდენიმეს ვიტენიდით პირში და ყბების დაგლეჯვამდე ვაღლაჭუნებდით ნაკლეიკების ხათრით. რათქმაუნდა ნაკლეიკები მეორდებოდა კიდეც და მათ მეგობრებს ვუცვლიდით. იშვიათი მარკების მსგავსად იყო იშვიათი ნაკლეიკებიც. რათქმაუნდა ისეთ ფურცლებს როგორიც ნაკლეიკა იყო მალევე დაედო ფასი. ალბათ ყველა ლენინის თავიან წითელ თუმნიანს (რომელიც ჯერ კიდევ იყო მგონი ბრუნვაში) ეს ფასეული ქაღალდი მერჩივნა.

რახან ნაკლეიკები ღირებულების მატარებელი გახდა მათზე თამაშიც დავიწყეთ. ამ დროისთვის სადღაც პირველ-მეორე კლასში ვიქნებოდი. თამაშის წესები მარტივი იყო: არსებობდა ერთგვარი გათვლა, რომლის პარალელურად მარჯვენა ხელს (თუ მემარცხენე არ იყავი) ისე იქნევდი, როგორც მშობლები თერმომეტრის დაფერთხვისას - "ფან, ჩუ სრი". ორი თითი (ვიქტორია) იყო მაკრატელი. მთლიანად გაშლილი ხელი (როგროც ნაციონალური 5 ნომერი კლიპებში) იყო ქაღალდი, ხოლო შეკრული საჩვენებელი და ცერა თითი (როგორც "OK") იყო ჭა.

მგონი რთული მისახვედრი არ არის, რომ თუ მაკრატელი იყავი ჭაში ჩავარდებოდი ხოლო ქაღალდს გაჭრიდი. თუ ქაღალდი - ჭას "დააფარებდი" როგროც ჩემი მეზობელი ეთერი მრგვალად გამოჭრილ "ჟეშტს" რომ ფოთლები არ ჩაყრილიყო სუფთა წყალში.

მოთამაშეები წინასწარ ჩამოდიოდნენ ნაკლეიკებს (რამდენ-რამდენს შეკრინების წინ თანხმდებოდა). თერმომეტრის დაფერთხვის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულს უფლება ეძლეოდა გაშლილი ხელი დაერტყა პირქვე დადებული ნაკლეიკებისთვის. ტყლაშაააააან და ჰაერში ნაკლეიკები ფარფატებს. რომლებიც ამოპირქვავებული დაეცემა გამარჯვებულს რჩება. რომლებიც არა შემდეგი დარტმის უფლებით გადადის მოწინააღმდეგესთან.

ტყლაშაააან - ეს გავამარტივე თორე კუნ-ფუს ოსტატებს არ ექნებოდათ იმდენი ილეთი შემუშავებული რამდენიც ჩვენ გვქონდა ნაკლეიკების გადმოსაბრუნებლად. ყველაზე მაგარი მაინც ამ საქმეში ჩვენი კლასელი - წრუწუნა იყო. დარტყმის წინ ის ისეთივე მობილიზებას ახდენდა როგორც კარატისტები რამდენიმე აგურის ხელით შუაში გადასალეწად... დიდხანს უყურებდა ნაკლეიკებს. არ ვიცი ამ დროს რას ფიქრობდა. შემდეგ წამი და ... მისი დარტყმა არ იყო ძალისმიერი. ის მსუბუქად და ძალიან სწრაფად მიიტანდა ხელს ნაკლეიკებთან, შემდეგ ვირტუოზივით გაწევდა გვერდით და ოპლაც - ჰაერის ნაკადს ყველა ნაკლეიკა ისე ქონდა გადმობრუნებული და გაშლილი, რომ ნებისმიერ კრუპიეს და ილუზიონისტს შეშურდებოდა.

აქ შემეძლო მომეყოლა, ერთხელ როგორ გამაკოტრა ანუ გამპურტყნა არდადეგებზე თბილისიდან ჩამოსულმა ჩემმა ბიძაშვილმა, რომელმაც მეორე დღეს რევანშის ასახებად ნაკლეიკები არც კი მასესხა. შემეძლო ამეხსნა ვინ იყვნენ "გამტაცებლები", რომლებიც სკოლაში თითქოს თვალს ადევნებდნენ თამაშს და ყველაზე დიდი ფსონის დროს უეცრად ხელს სტაცებდნენ ნაკლეიკებს და გარბოდნენ, მთელი სკოლა კი უკან მისდევდა და თუ თუ დაიჭერდნენ იმ უბედურს ისე სცემდნენ ნაკლეიკასავით გააბრტყელებდნენ, მაგრამ ამჯერად სხვა რამ მინდა გითხრათ...

მთელი თამაშის მაგიური ფრაზა რომელსაც დღეში ალბათ რამდენიმე ასეულჯერ წარმოვთქვამდით - ფან ჩუ სრი - იყო. პირველი შოკი მაშინ მივიღე როცა იმავე თამაშს სტუმრად ჩამოსულმა ქუთაისლებმა "ჯეირანი" უწოდეს და გათვლასაც ამ იდუმალი სიტყვის დამარცვლით აკეთებდნენ. იმდენად ვერ შევიგუე ეს სახელი რომ სერიოზულად ვეჩხუბე "ფანჩუსრის" სახელის შეურაცხყოფისთვის. ხოლო უფრო სერიოზული ტრამვა რამდენიმე წლის შემდეგ მივიღე, როცა "ჟიგულიას ვიდეოზე" (ადგილობრივი ტელევიზია - ტვ სამტრედია, რომელზეც მოგვიანებით მოგიყვებით) ვნახე ფილმი. ფილმში სამი ამერიკელი ბავშვი ბაბუასთან ჩავლენ ზაფხულში დასასვენებლად - რომელიც კუნგ-ფუს უბადლო ოსტატია. რათქმაუნდა ბაბუა ცდილობს რომ გოგლიმოგზე გაზრდილი ამერიკელ ბავშვები კეჟერა ფხალზე და ამოლესილ ლობიოზე გადაიყვანოს და კარატეშიც ავარჯიშოს. გარდამტეხი მომენტის შემდეგ კი ასეც ხდება - ისინი იწყებენ კარატის ათვისებას და ფილმის ბოლოსკენ მიწაზე დაგდებული "დიმაუშკებით" გაქრობასაც კი სწავლობენ. მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მთავარი ის იყო რაც ფილმის შუაში მოხდა. ერთერთმა ფუმფულა კარატისტმა შვილიშვილმა, თავის ძმასთან რაღაც საკითხის გადასაჭრელად, ჩვენი "ფანჩუსრი" ითამაშა. ყველაფერი იგივე იყო, მხოლოდ სიტყვები იყო განსხვავებული. სიტყვები რომლებიც მაშინ კარგად გავარჩიე, ეხლა ვიცი რომ იწერება როგორც One, Two Three. Раз, Два, Три - თარგმნა ცხვირზე "შპილკა" მოჭერილმა დიქტორმა.

უცებ მივხვდი რა სისულელეს ვიძახდი მთელი ეს პერიოდი. მივხვდი რომ სულ ტყუილად ვეჩხუბე ქუთაისელ სტუმრებს "ფანჩუსრის" ქართული ვერსიის გამო... მაშინ პირველად მივხვდი რომ მალინა მასწავლებლის ფრანგული დიდად არ გამომადგებოდა ცხოვრებაში და დავიქრდი რა სისულელე იყო "ფანჩუსრი".

თუმცა მეორე დილით ადრე ავდექი, გეოგრაფიის წიგნში ნაკლეიკები თანაბრად გადავანაწილე და სკოლაში გახარებული გავვარდი.

- სანამდე ვთამაშობთ?
- გაპურტყვნამდე...

Monday, August 2, 2010

ტრაკტორი ხნავს მინდორ ველებს

არაფერი განსაკუთრებული. მუშაობით დაღლილი საწოლზე წამოვგორდი და პულტი ხელში ავათამაშე. მოხუცი კაცი, გადის ახლად "გადახნულ" ველზე, ერთ ადგილს ჩიჩქნის და შიგ მარცვლებს ყრის... მიწიდან 3D-ში ძალიან ცუდად აწყობილი პურის თავთავი წამოყოფს თავს, აღმოცენდება, აყვავდება და აბიბინდება...

გლეხიც კმაყოფილი გადახედავს, ოქროსფერად მობიბინე და ქარზე მონარნარე ყანას, ხელს მსუბუქად გადაუსვამს თავზე (აი ისე გლადიატორში რომ არის) თითქოს პატარა შვილიშვილს ეფერებაო და კმაყოფილი ამოისუნთქავს.

მერე? მერე კადრში შემოდის კომბაინები, ახალი დაზგა-დანადგარები, კოლმეურნეობის მუშაკები, ბედნიერი სახეებით - აი ისეთივე სახეებით იაღოველების წიგნებზე რომ ხატია - არაბუნებრივი მომღიმარი სახეებით და თვალებით, აბიბინებული სამოთხის ფონზე.

აბიბინდა პურის ყანა
ამისთანა სილამაზე
სხვაგან არის სადმე განა?
(ტექსტი არ მახსოვს მაგრამ განწყობას გადმოვცემ)

კამერა ნაცნობი ტემპით, ნაცნობი რაკურსით დასრიალებს პურის ყანაში, დაზგებს შორის. ყველა "კლიპი" აბსოლუტურად იდენტური. ერთნაირი. თითქოს რძის საწარმოში კონვეირული წესით დამზადებული ნულპროცენტიანი ცხიმგამოცლილი უგემური ხაჭო იყოს.


და უცებ ავფეთქდი....უცებ ამომსახა....თურმე აგრესია ნელნელა უნდა დაცალოს ადამიანმა...არ უნდა ჩაახშოს საკუთარ თავში...მითუმეტეს იგნორირება არ უნდა გაუკეთოს, თორე ადრე თუ გვიან ვულკანივით ამოაფრქვევს. მეც ასე მომივიდა.

თითქოს ცნობიერებას მიუპატიურებენ...პრინციპულად გაუპატიურება მეტი რა არის? - იქაც და აქაც რაღაცას ძალით გტენიან. გაუპატიურება ხო ყევლას გამოგიცდიათქო რომ ვიკითხო არ იქნება მთლად პრაქტიკული და კორექტული პარალელი, მაგრამ აი ბავშვობაში საჭმელი თუ დაუძალებიათ თქვენთვის? ბუნებრივ მოთხოვნებს უკვე კარგახანი რომ გადააჭარბა შენმა სიმაძღრემ და მაინც პირში რომ გატენიან კოვზს, რომელიც სულერთია უკვე რითი არის სავსე. არ გინდა...თავს გვერდით წევ, კოვზი მოგსდევს, უცებ თავს ატრიალებ, კოვზი უკევ იქ არის და ბოლოს მაინც მოგიმწყვდევს კოვზი კუთხეში... და ძალით გაგეთხრება კბილებს შორის....არ გინდა...ვერ ყლაპავ...უკვე გული გერევა... მაგრამ ამასობაში მეორე ლუკმა მოდის....

რა საშინელებაა არა? - არჩევნებიდან არჩევნებამდე, პატრიოტიზმიდან პატრიოტიზმამდე, მიტინგიდან მიტინგამდე, ფარული ჩანაწერიდან, ფარულ ჩანაწერამდე.....ზოგჯერ მინდა, რომ ხალხი ისე აღელდეს როგორც ნოეს დროს და როგორც ჰოლივუდში 2012-წელს და გადარეცხოს მთელი ეს სიბინძურე....თავისი იდეოლოგიანად...მეტრაკე ოპოზიციანად...უხარისო ჟურნალისტებიანად... ვადაგასული პატრიოტებიანად.... შუშის კონსტრუქციებიანად, ყველა გაბღენძილი და ღიპიანი ჩინოვნიკიანად, ენერგიული და ხუთი ენის მცოდნე ქარიზმატული პრეზიდენტიანად, ჩემიანად და შენიანად...

მანამდე კი შევეცდები ჩემს ნაცემ და უკვე მერამდენედ ვიღაცის გაჟიმულ, ნახმარ და იქვე ბრაზილიურ სერიალებს შორის მიგდებულ ცნობეიერებას სიბინძურე სველი ნაჭრით მოვაცილო, ჭრილობები დავუმუშავო მაგრად ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება. რომ ჩემთან მას აღარაფერი ემუქრება, რომ მე მას დავიცავ.

ვიცი რომ მოვატყუებ მაგრამ ეს საჭირო და აუცილებელი ტყუილია. "საჭირო" და "აუცილებელი" ტყუილი...